ძებნის რეზულტატი:
მაროკოდან ათასობით მიგრანტის გადასვლის შემდეგ, ესპანეთმა სეუტაში სამხედროები გაგზავნა
ესპანეთი ჯარებს აგზავნის ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ექსკლავ სეუტაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, 30 ივლისს ათასობით მიგრანტი მაროკოდან ამ ტერიტორიაზე ზღვით შევიდა. „მაროკოდან სეუტაში ბოლო 24 საათში დაახლოებით 60 000 მიგრანტი გადავიდა,“ - განაცხადა სეუტის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო განსხვავებულ მონაცემს ასახელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ხუთშაბათის გამთენიიდან მოყოლებული სეუტაში დაახლოებით 50 000 მიგრანტი შევიდა. ოფიციალური შეფასებით, ბოლო 24 საათში სეუტაში უკანონოდ შესულებიდან სულ მცირე 7 000 არასრულწლოვანია. მიგრანტების ნაკადის ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სეუტასა და მის კიდევ ერთ ექსკლავ მელილიაში ზღვით შეღწევის მცდელობისას დაკავებული მიგრანტების მაროკოში დაუყოვნებლივ დაბრუნება დაუშვებელია. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა Pedro Sánchez შექმნილ ვითარებას „თავდასხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ ყველა უკანონო მიგრანტი რაც შეიძლება მალე მაროკოში დაბრუნდება. რამდენიმე ევროპელმა ლიდერმაც გამოთქვა შეშფოთება და საზღვრების დაცვის ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა. ოფიციალური მონაცემებით, 25 000-ზე მეტი მიგრანტი უკვე ნებაყოფლობით დაბრუნდა მაროკოში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ესპანეთს დახმარება შესთავაზეს. სუეტა, რომელიც მაროკოს ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, გიბრალტარის სრუტით არის გამოყოფილი ესპანეთის მატერიკული ნაწილისგან და უკვე მრავალი წელია, ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ბოლო პერიოდში საზღვრის გადაკვეთის მცდელობების გახშირების გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მადრიდს დახმარებისკენ მიმართა, თუმცა ხუთშაბათს ვითარება ქაოსური გახდა, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო კონტროლი პრაქტიკულად მოიშალა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის კომისარი შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერი უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს ესპანეთთან და მზადაა, კრიტიკულ წერტილებში გაემგზავროს. ის იმუშავებს ესპანეთისთვის დამატებითი ოპერატიული მხარდაჭერის საკითხებზე, მათ შორის Frontex-ის მეშვეობით. ევროკომისარი ხმელთაშუა ზღვისა და დემოგრაფიის საკითხებში დუბრავკა შუიცა კონტაქტზეა თავის მაროკოელ კოლეგასთან. „ადამიანთა კონტრაბანდით დაკავებული ქსელები უნდა დაიშალოს. დაბრუნება სწრაფი უნდა იყოს, როგორც ამის საშუალებას ჩვენი წესები იძლევა. ორ კომისარს დავავალე სიტუაციის კონტროლის მხარდაჭერა,“ - ამბობს ლაიენი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში მიგრაციული კრიზისი ესპანეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევაა. ესპანეთის პრემიერის განცხადებით, შეიქმნება დროებითი მიმღები ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების იდენტიფიცირებას, რეგისტრაციას, პირველადი შეფასების ჩატარებას და იმ პირთა დაჩქარებულ გაძევებას, რომლებსაც ესპანეთში ყოფნის კანონიერი საფუძველი არ აქვთ. მისი თქმით, ესპანეთი ამ საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლებს მაროკოსთან. უახლესი ოფიციალური მონაცემებით, სეუტაში დაახლოებით 83 600 ადამიანი ცხოვრობს. ესპანეთის შსს-ს ცნობით, პარასკევს დილის საათებიდან ადგილობრივი დროით 13:00 საათამდე (11:00 GMT) 25 000-ზე მეტმა ადამიანმა სეუტა დატოვა და მაროკოში დაბრუნდა. სეუტა და მელილია ესპანეთის შემადგენლობაში XV საუკუნიდან შედიან, 1995 წლიდან ორივე ქალაქი შეზღუდული თვითმმართველი სტატუსით სარგებლობს.
ყაზახეთის „თენგიზის“ ნავთობსაბადოს ოპერატორმა მარტის შემდეგ პირველად განაახლა ნავთობის ექსპორტი ბათუმის პორტის გავლით — Reuters
Reuters-ის წყაროების ცნობით, ყაზახეთის „თენგიზის“ ნავთობსაბადოს ოპერატორმა, Tengizchevroil-მა მარტის შემდეგ პირველად განაახლა ნავთობის ექსპორტი საქართველოს ბათუმის პორტის გავლით. ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი Caspian Pipeline Consortium-ის მილსადენით ხორციელდება, რომლის ძირითადი მოცულობა ტენგიზის, კაშაგანისა და კარაჩაგანაკის საბადოებიდან მოდის. თუმცა დრონებით განხორციელებული თავდასხმებისა და არასასურველი ამინდის გამო, Caspian Pipeline Consortium-ის მუშაობა შეფერხდა, რის გამოც Tengizchevroil-ს უფრო ძვირი ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება მოუწია. 30 ივლისს, Caspian Pipeline Consortium-მა შავი ზღვის ტერმინალიდან იუჟნაია ოზერეევკაში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა.როგორც კონსორციუმმა განაცხადა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტანკერებზე ნოვოროსიისკის მახლობლად, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. წყაროს ინფორმაციით, ივლისის დასაწყისიდან ბათუმის პორტში „თენგიზის“ საბადოდან დაახლოებით 20 000 ტონა ნავთობი გადაიტანეს. როგორც სააგენტო წერს, ორივე წყარომ ანონიმურობის დაცვა ითხოვა, რადგან მათ საჯარო კომენტარის გაკეთების უფლებამოსილება არ ჰქონდათ. ნავთობის ექსპორტზე CPC-ის მეშვეობით დაწესებულმა შეზღუდვებმა ბოლო კვირების განმავლობაში ყაზახეთში ნედლი ნავთობის წარმოების მკვეთრი შემცირება გამოიწვია.
აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამა 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის მუდმივად იმოქმედებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა. 2025 წელს ამოქმედებული სავიზო დეპოზიტის პროგრამის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე შეფასებამ უწყებას საკმარისი მონაცემები მიაწოდა, რათა დაასკვნას, რომ პროგრამა სავიზო პირობების დაცვას ეფექტიანად უზრუნველყოფს და ის მუდმივი გახდეს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დეპოზიტის ოდენობა 5000, 10000 ან 15000 დოლარი იყო, თუმცა პროგრამის საბოლოო რეგულაციით 5000 დოლარის ოდენობის დეპოზიტი უქმდება და მისი მაქსიმალური ოდენობა 20 000 დოლარით განისაზღვრება. „საკონსულოს თანამშრომლებმა შეიძლება, არასაიმიგრაციო ვიზებზე განცხადების შემტანებისგან 20 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოითხოვონ ვიზის გაცემის პირობად, როგორც ეს განსაზღვრულია საკონსულოს თანამშრომლების მიერ,“ - ნათქვამია შეტყობინებაში. აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამის საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოს ამოქმედდება. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხსენებული პოლიტიკის მიზანია ვიზების ვადის გასვლის შემთხვევების შემცირებას. უფლებადამცველების შეფასებით კი, ეს დააბრკოლებს შეერთებულ შტატებში კანონიერად მოგზაურობას. ამასთან, მათივე შეფასებით, „იმიგრაციის კანონების გამკაცრების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აგრესიული ზომები არღვევს სიტყვის თავისუფლებას და სათანადო სამართლებრივ პროცედურას, ქმნის არაუსაფრთხო გარემოს ეთნიკური უმცირესობებისთვის და ხელს უწყობს რასობრივ პროფილირებას. ტრამპი იცავს ამ ზომებს და ამტკიცებს, რომ ისინი აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.“ „თავის მხრივ, ტრამპი აცხადებს, რომ არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვა სურს. მისმა ადმინისტრაციამ გაართულა ლეგალური იმიგრაცია, მაგალითად, გარკვეული ვიზების მსურველთათვის ახალი და ძვირადღირებული გადასახადების დაწესებით და ქვეყანაში უკვე მყოფი განმცხადებლებისა და იმიგრანტებისთვის სოციალურ მედიაში შემოწმებების შემოღებით,“ - წერს Reuters-ი. ცნობისათვის, აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი ქართველებისთვის ყალბი სავიზო დოკუმენტების შექმნის საქმეზე ბრალდება გასულ თვეს კიდევ 4 ადამიანს წაუყენეს. მანამდე მსგავს საქმეზე პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის თანახმად, "ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს. აშშ-ის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს $5 000-დან $15 000-მდე დეპოზიტის გადახდა დასჭირდებათ
ანაკლიის მომავალი პორტის აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი შევიდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაო იწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოს ჩასატარებლად, მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შევიდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოსაწყობად მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილ პროცედურებს გაივლის. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი აშენდება „ლენდლორდის“ მოდელით — სახელმწიფო დარჩება ძირითადი ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ
რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სომხეთი საქართველოში თევზის ექსპორტს იწყებს
საქართველოში სომხეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი კვლავ იზრდება, ახალი ტვირთები კი, საქართველოს ბაზარზე 27, 29 და 30 ივლისს შემოვიდა, იტყობინება საქართველოში სომხეთის საელჩო. მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მიწოდების მოცულობა გაიზრდება. კერძოდ, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები სომხური თევზის პროდუქტების საქართველოს ბაზარზე შეტანასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის სომხური თევზის პროდუქტები მალე ხელმისაწვდომი გახდება ქართველი მომხმარებლებისთვის. საელჩოს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, მათ შორის არც ექსპორტიორ კომპანიებზე, თევზის სახეობებზე ან საწყისი პარტიების მოცულობაზე. სომხეთის კალმახისა და ზუთხის მოშენების ინდუსტრია რუსეთის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა დააზარალა. მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსელხოზნადზორი) აკრძალა სომხური პროდუქციის, მათ შორის ბოსტნეულის, ხილის, ყვავილების, მინერალური წყლისა და თევზის იმპორტი. შეზღუდვები გამკაცრდა სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და ერევნის მიერ ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების მცდელობის ფონზე. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის გამარჯვების შემდეგ, ზომები ფაქტობრივად გავრცელდა ყველა რეგულირებად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე. 21 ივლისს, თევზის მწარმოებლებმა ერევანში, სომხეთის მთავრობის შტაბ-ბინის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ დაახლოებით 15 000 ტონა ცოცხალი თევზი, გაყინული პროდუქტების გამოკლებით, თევზის ფერმებში დარჩა, რადგან ექსპორტი შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა ივლისში მოიპოვა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის უფლება, მწარმოებლები ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ, სწრაფად გადაამისამართონ მარაგი ევროპულ ბაზარზე, მკაცრი სერტიფიცირების მოთხოვნებისა და რთული ლოგისტიკის გამო. ამ ფონზე, საქართველო სომეხი მწარმოებლებისთვის ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი ალტერნატიული საექსპორტო ბაზრის როლში გამოჩნდა. სომხეთის საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოებისა და სომეხი ექსპორტიორებისთვის საქართველოს ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც შეზღუდა
გერმანულმა „დოიჩე ველემ“ ქართული სამსახური შექმნა
გერმანიის საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ (DW) 2026 წლის 3 აგვისტოდან ქართულენოვანი სამსახური გახსნა. ქართულენოვანი სამსახური საწყის ეტაპზე 18 თვის განმავლობაში იმუშავებს. DW-ს ქართული სამსახური საქართველოს, ევროპისა და მთელი მსოფლიოს ამბებს ჯერ მხოლოდ ინსტაგრამზე, მოგვიანებით კი, Facebook-სა და „იუთუბზეც“ გააშუქებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და„ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ ნაწილია. ამავე ინიციატივის ფარგლებში, DW-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა ფრანგულმა მაუწყებელმა France Médias Monde-მ და პოლონურმა საერთაშორისო მაუწყებელმა TVP World-მა მაუწყებლობა სომხური და აზერბაიჯანული აუდიტორიებისათვის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც დაიწყეს. ცნობისთვის, 2026 წლის აპრილის ბოლოს პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი სამსახური შექმნა.
ზელენსკი: დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის ყოფნა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობას ნიშნავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას აპირებს. ამის შესახებ მან თავის Telegram არხზე დაწერა. „პუტინის ამოცანაა, დააბრუნოს ის, რაც უკვე დაიშალა. რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი იქნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მით უფრო გაუჭირდება მას ამის გაკეთება,“ — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „აქ მთავარი გასაღები უკრაინაა. მას ჩვენი გატეხვა სურს. ეს რომ შეძლებოდა, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთანაც ბევრად გაუადვილდებოდა მოქმედება — სრული პატივისცემით ყველა ქვეყნის მიმართ. ყველამ იცის და ყველა ძალიან აფასებს უკრაინის წვლილს, რომელიც უკრაინამ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად შეიტანა სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. ჩვენ უნდა ავაშენოთ მყარი ურთიერთობები დამოუკიდებელ აზერბაიჯანთან. მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, წელს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად აღვადგინეთ კონტაქტები სომხეთთან. ეს დაგვეხმარება. დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის არსებობა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის გარანტიაა. მაგალითად, მე მიმიწვიეს მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ურთიერთობების შენარჩუნება და ვამაყობ, რომ მათ ვაშენებთ,“ — აღნიშნა ზელენსკიმ.
ამერიკამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სახმელეთო ჯარებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები დაწესდა ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან დაკავშირებით ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის საფუძველზე. „2026 წლის 24 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ირანის, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან დაკავშირებით ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, უცხოური პირები და ორგანიზაციები სანქცირებულთა სიაში შეიყვანა“, - აღნიშნულია აშშ-ის ფედერალური რეესტრის დოკუმენტში. სიაში შედიან: 1061-ე ლოგისტიკის ცენტრი; სახმელეთო ჯარები; რაკეტებისა და არტილერიის მთავარი დირექტორატი; რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოწინავე სამსახურთაშორისო კვლევებისა და სპეციალური პროექტების დირექტორატი. შეზღუდვები ასევე დაეკისრათ შპს Gideon Alpha-ს, International Invest Company-ს და რუსეთის ხუთ მოქალაქეს : ალექსანდრე პრიხოდკოს, ანდრეი გუსევს, ანდრეი კოსოლაფოვს, ვლადისლავ მოროზიკს და სერგეი ციბარევს. სანქციები აშშ-ის ყველა ფედერალურ უწყებას უკრძალავს, შეიძინოს ნებისმიერი საქონელი, ტექნოლოგიები ან მომსახურება ჩამოთვლილი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისგან. აშშ-ის უწყებებს ასევე ეკრძალებათ მათთვის რაიმე სახის მხარდაჭერა, სამხედრო პროდუქციის მიწოდება ან ლიცენზიების გაცემა. ხსენებული ზომები ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
„თალიბანის“ დელეგაცია მოლდოვაში ჩავიდა — ხელისუფლება აცხადებს, რომ ოფიციალური კონტაქტები არ იგეგმება
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში „თალიბანის“ მთავრობის სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. ამასთან, უწყების განცხადებით, დელეგაციის წევრებთან ოფიციალური შეხვედრები არ გაიმართება. უწყების განმარტებით, დელეგაციის წევრები საერთაშორისო სანქციების სიაში არ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი ადგილობრივ სოფლის მეურნეობის მწარმოებლებსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ დაიგეგმა. განხილვის საგანი იყო ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობა. მოლდოვის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა არ აღიარებს ავღანეთში „თალიბანის“ ხელისუფლებას. ამიტომ, დელეგაციის წარმომადგენლებთან არც ორმხრივი შეხვედრები და არც სხვა ოფიციალური კონტაქტები არ იგეგმება. ამასთან, მთავრობამ დაიწყო იმის გარკვევა, როგორ გაიცა მოწვევები და ვიზები და რამდენად იყო დაცული შესაბამისი შიდა პროცედურები. ვიზიტის შესახებ „თალიბანის“ ხელისუფლების სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნულია, რომ დელეგაციამ „დაიწყო ოფიციალური ვიზიტი ევროპაში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მრეწველობის სამინისტროს ოფიციალური მიწვევით.“ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა „თალიბანის“ დელეგაციის ვიზიტი, მაგრამ უარყო, რომ გაიმართება ოფიციალური შეხვედრები. ცნობისთვის, ევროკავშირი ოფიციალურად არ აღიარებს „თალიბანის“ ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, 2026 წლის ივნისში ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებმა პირველად გამართეს შეხვედრა „თალიბანის“ დელეგაციასთან. დახურულ მოლაპარაკებებზე განხილული იყო საკონსულო მომსახურება და ევროპიდან ავღანეთის მოქალაქეების „ღირსეული დაბრუნების“ საკითხი. 15 აგვისტოს სრულდება ხუთი წელი მას შემდეგ, რაც „თალიბანი“ მმართველობაში დაბრუნდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა სტატია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. „ხუთი წელიწადია, ავღანელები, განსაკუთრებით - ქალები და გოგოები იმყოფებიან რეპრესიებისა და ძალადობის ქვეშ. საერთაშორისო რეაგირება ბოლოსდაბოლოს უნდა მოვიდეს შესაბამისობაში კრიზისის მასშტაბთან და შეწყვიტოს ავღანელების დეპორტაცია, დაიცვას საფრთხეში მყოფი ავღანელები და უზრუნველყოს ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების მდგრადობა,“ - განაცხადა ორგანიზაციის ავღანეთის მკვლევარმა ფერეშთა აბასიმ.
12 აგვისტოს მზის სრული დაბნელება ევროპის ნაწილში ათწლეულების შემდეგ პირველად გამოჩნდება
12 აგვისტოს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სრული მზის დაბნელების ხილვა ათწლეულების შემდეგ პირველად იქნება შესაძლებელი. კერძდოდ, ესპანეთის მატერიკული ნაწილი 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად იხილავს მზის სრულ დაბნელებას, რომელიც 12 აგვისტოს ისლანდიასა და გრენლანდიასაც შეეხება. დაბნელების სრული ფაზა ხილული იქნება ისლანდიის, ესპანეთის, პორტუგალიის ჩრდილო-დასავლეთის, გრენლანდიის და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის გავლით. ნაწილობრივი მზის დაბნელება ხილული იქნება ევროპის უმეტეს ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ რეგიონში, წყნარი ოკეანის ნაწილებსა და აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. NASA დაბნელებას პირდაპირ ეთერში გადასცემს. მზის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარე მზესა და დედამიწას შორის გაივლის.
უზბეკეთმა და ყირგიზეთმა საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ტერიტორიები გაცვალეს
ბათქენის რეგიონული მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ჩონ-გარასა და ტაშ-ტობოს სოფლების უზბეკეთიდან ყირგიზეთისთვის გადაცემის ოფიციალური პროცედურა დაიწყო. პროცესი ყირგიზეთ-უზბეკეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება და მოიცავს მიწის ნაკვეთების გაცვლასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და ტექნიკურ სამუშაოს. 24 ივლისს, კადამჯაის რაიონში გაიმართა ერთობლივი სამუშაო კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილებოდა გაცვლილი ტერიტორიების მცხოვრებლების სამართლებრივი სტატუსის დადგენა, შესაძლო გადაადგილების პროცედურები და ქონებრივი, ეკონომიკური და სხვა საკითხების მოგვარება. 3 აგვისტოს, ორივე ქვეყნის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა ადგილზე მუშაობა განაგრძო და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების შეხვედრები განაახლა. ჯგუფს ბათქენის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ბაქტიბეკ ტოქსონბაევი და უზბეკეთის მიგრაციისა და პერსონალიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბეჰზოდ საიფულაევი ხელმძღვანელობენ. რეგიონული ადმინისტრაციის ცნობით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ჩონ-გარასა და ტაშ-ტობოს სოფლები, რომლებიც ადრე უზბეკეთის ფერგანას რეგიონის ნაწილი იყო, ყირგიზეთს გადაეცა. სოფლები ძირითადად ეთნიკური ყირგიზებითაა დასახლებული, წინასწარი მონაცემებით, იქ დაახლოებით 2500 მცხოვრები ცხოვრობს. ამჟამად რეგისტრაციის პროცედურები მიმდინარეობს. შემდეგ ეტაპზე, მცხოვრებლები მოქალაქეობის მისაღებად ყირგიზეთის კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს გაივლიან. ყირგიზეთსა და უზბეკეთს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ყირგიზეთი სახელმწიფო სასაზღვრო ზონიდან იმავე ფართობის [ორი სოფლის] მიწის ნაკვეთს უზბეკეთს გადასცემს. ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაასრულეს
აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის ელექტრონული ნებართვების სისტემა აამოქმედეს
აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ელექტრონული ნებართვის (e-Permit) სისტემის დანერგვა დაიწყეს. ამის აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (AYNA) იუწყება. შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა პირველ მაისს დაიწყო ტექნიკური ინტეგრაციის სამუშაო, სამუშაო პროცესი წარმატებით დასრულდა. e-Permit სისტემა წარმატებით გამოიყენება თურქეთთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და ყაზახეთთან.
აშშ-მ TRIPP-თან დაკავშირებული ფონდის დაფინანსება გააორმაგა
აშშ-ის მთავრობამ TRIPP+ საინვესტიციო ფონდისთვის გამოყოფილი დაფინანსება 201 მილიონი დოლარიდან 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ Armenpress აშშ-ის მთავრობის ხარჯების ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე (USAspending.gov) დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთი აღნიშნულია, როგორც ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხების ძირითადი მიმღები. ეს დაფინანსება დაკავშირებულია ინიციატივას — Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP) („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“), რომელიც ითვალისწინებს სომხეთის რესპუბლიკის სამხრეთით გამავალი სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას, რათა სამხრეთ კავკასია ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს დაუკავშირდეს. 16 ივლისს ცვლილება ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის მთავრობამ აიღო ვალდებულება, TRIPP+ Enterprise Fund-ს 402 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყოს. თანხა ეტაპობრივად უნდა დაიხარჯოს თითქმის 11 წლის განმავლობაში — 2036 წლის 31 დეკემბრამდე. TRIPP+ Enterprise Fund და TRIPP Development Company სხვადასხვა ორგანიზაციაა. TRIPP Development Company უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო TRIPP Development Company-მ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ეგიდით უნდა იმოქმედოს. როგორც სტატიაში ნათქვამი, აშშ-ის მიერ დაფინანსება იმ პერიოდში იზრდება, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს, გააფართოოს თავისი მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ასევე ხელი შეუწყოს პროექტებს, რომლებიც რეგიონს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანთან დააკავშირებს. ინიციატივის ავტორთა შეფასებით, TRIPP-ის მარშრუტის განხორციელებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ რეგიონულ ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე, არამედ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ გარემოზეც. ვინ არის ინვესტორი, რომელიც TRIPP-ის განვითარების ამერიკულ ფონდს უხელმძღვანელებს
სირია მზადაა, მკვეთრად შეამციროს რუსული ნავთობის იმპორტი — Reuters
ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან ამოღების თაობაზე, აშშ-სთან მოლაპარაკებების ფარგლებში, სირიამ ვაშინგტონთან მზაობა გამოთქვა, მკვეთრად შეამციროს რუსული ნავთობის იმპორტი. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავდროულად, სამივე წყარომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს პირდაპირ არ დაუსახელებია რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება სირიის სასანქციო სტატუსის გაუქმებისთვის ერთ-ერთ პირობად. სააგენტო წერს, რომ მსგავსი ნაბიჯი სირიის ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, რომელიც დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად დამოკიდებულია რუსული ნავთობის მიწოდებებზე. მსგავსი გადაწყვეტილება ასევე შეამცირებდა მოსკოვის ეკონომიკურ გავლენას ქვეყანაში. სირიელი ანალიტიკოსის, ნავარ საბანის თქმით, რუსული ნავთობის სწრაფად ჩანაცვლება საწვავის დეფიციტის რისკისა და იმპორტის გაძვირების გარეშე შეუძლებელია. სტატიაშია აღნიშნულია, რომ სირიისთვის შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, შესთავაზებს თუ არა აშშ დამასკოს ალტერნატიულ მიმწოდებლებს.
ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით გათიშვის შემდეგ, ნაწილობრივ აღდგენილია
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება. ამავე ცნობით, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, "ენგურჰესზე" მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. "ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება," - წერია განცხადებაში. საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა
კასპიის ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ოპტიკურ-ბოჭკოვანმა კაბელმა ყაზახეთის სანაპიროს მიაღწია
კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა — აქტაუ–სუმგაითის მარშრუტზე გაყვანილმა წყალქვეშა კაბელმა ყაზახეთის სანაპიროს მიაღწია. ამის შესახებ ყაზახეთის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით Report-ის ყაზახეთის ბიურო იუწყება. სამინისტროს განცხადებით, პროექტს ახორციელებენ Kazakhtelecom JSC და AzerTelecom International. ახალი მაგისტრალური ქსელი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ციფრულ ინფრასტრუქტურას დააკავშირებს და აზიასა და ევროპას შორის მონაცემთა გადაცემის პირდაპირ, მაღალსიჩქარიან არხს შექმნის. უწყების შეფასებით, ეს გააუმჯობესებს საერთაშორისო კავშირის საიმედოობას და ორივე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გააძლიერებს. წყალქვეშა კაბელის გაყვანის სამუშაო 2026 წლის ივლისში დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამჟამად მიმდინარეობს კაბელის სანაპირო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირება. სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება, ასევე სისტემის ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი. პროექტის მშენებლობასა და შემდგომ ოპერირებას მართავს CaspiLink B.V., რომელიც Kazakhtelecom-ისა და AzerTelecom International-ის ერთობლივი საწარმოა. პროექტი სრულად ფინანსდება კომპანიების საკუთარი სახსრებით და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას არ ითვალისწინებს. კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება
თურქეთმა და ერაყმა ნავთობსადენის ფუნქციონირებაზე შეთანხმება გაახანგრძლივეს
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, თურქეთმა და ერაყმა ორ ქვეყანას შორის ნავთობსადენის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ერთწლიანი შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება ინარჩუნებს ნავთობის ექსპორტის სტრატეგიულ მარშრუტს, რომლის დღიური გამტარუნარიანობა 750 000 ბარელამდე შეადგენს, მხარეები გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. გახანგრძლივდა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი ორმხრივი შეთანხმების ვადა, რომელსაც მოქმედება ამოეწურა და რომელიც ბაღდადის ერთადერთი მოქმედი საექსპორტო ნავთობსადენის — ერაყი–თურქეთის ნავთობსადენის (Iraq-Turkey Pipeline, ITP) ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თურქეთის სახელმწიფო მილსადენების ოპერატორმა BOTAS-მა, ასევე ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა — SOMO-მ (ნავთობის მარკეტინგის სახელმწიფო ორგანიზაცია) და NOC-მ (ჩრდილოეთის ნავთობკომპანია). შეთანხმება ანკარაში, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარსა და ერაყის ნავთობის მინისტრ ბასიმ მუჰამედ ხუდაირს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. ბაირაქტარის განცხადებით, ეს შეთანხმება თურქეთსა და ერაყს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში არსებული კრიზისის ფონზე, სადაც სპარსეთის ყურეში ყოველდღიურად დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი შეფერხებულია, აღნიშნული მილსადენი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მინისტრის თქმით, თურქეთი მილსადენის 1,5 მილიონი ბარელი დღიური გამტარუნარიანობის სრულად გამოყენებას ისახავს მიზნად.
აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ბუნებრივი აირი მიაწოდოს
აზერბაიჯანი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინას ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ბაქო რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავის გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, რომელიც უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. როგორც ბაირამოვმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზ განაცხადა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) უკრაინის ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში იყო წარმოდგენილი, ქვეყანაში აქტიურად ოპერირებდა და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების ფართო გეგმები ჰქონდა. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობისთვის აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის სტრატეგიულ როლს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამჟამად ბუნებრივ გაზს 12 ევროპულ ქვეყანას აწვდის, მათ შორის ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოს. ამ კონტექსტში, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას გაზი მიაწოდოს. ბაირამოვმა განმარტა, რომ უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავების შესაძლო გამოყენება შეიძლება, ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი პერსპექტიული სფერო გახდეს, რაც ხელს შეუწყობს ფართო რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ამ საკითხს მომავალში თანამშრომლობის უაღრესად პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს. თავის მხრივ, სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ენერგომომარაგების დივერსიფიკაციით და კიევმა აზერბაიჯანული მხარისთვის წინადადებების პაკეტიც მოამზადა. სიბიჰამ განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული განზომილება აქვს, როგორც მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული ბიზნესები დიდი ხანია, აქტიურად არიან წარმოდგენილნი უკრაინაში და რომ კიევი აზერბაიჯანული ინვესტიციების შემდგომ გაფართოებას მიესალმება. სიბიჰამ დასძინა, რომ უკრაინამ მოამზადა წინადადებების პაკეტი თავისი აზერბაიჯანელი პარტნიორებისთვის და დაინტერესებულია ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გზით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანს უწოდა ძლიერი და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და რომ ბაქოს ხმას ომის დასრულების მცდელობებში მნიშვნელოვანი წონა აქვს. უკრაინულმა მხარემ აზერბაიჯანს მიაწოდა ინფორმაცია კიევის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ და მშვიდობის ხელშეწყობისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ბაქოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი. სიბიჰამ ასევე „მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს რუსეთ-უკრაინის ომის პირველი დღეებიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარდაჭერა მოიცავდა ირპინში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ენერგეტიკული ობიექტების აღჭურვას და დახმარების სხვა ფორმებს.“ სიბიჰას შეფასებით, აზერბაიჯანის როლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთლიანად ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. მან გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს და კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას. სიბიჰამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა აზერბაიჯანთან თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ მიმართული ფართო ძალისხმევის ნაწილად მიიჩნევს. მისი თქმით, მინისტრებმა ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გაფართოება, მათ შორის შუა დერეფნის პერსპექტივები განიხილეს. სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და რომ ეს სავაჭრო მარშრუტები ასევე დაკავშირებულია ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობასთან. მინისტრების მიერ განხილული საკითხები მოიცავდა: რეგიონულ უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში; ასევე, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მცდელობებს. ორივე მხარემ ასევე განიხილა სატრანსპორტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ 600 მილიონ დოლარს მიაღწია, კიევი დაინტერესებულია, რომ ორმხრივი ვაჭრობის დონე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე არსებულ მონაცემს დაუბრუნდეს.
სასამართლომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას გირაო დააკისრა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს, ოლგა სტეფანიშინას 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოლგა სტეფანიშინა ანტიკორუფციულ ორგანოებში გამოძახების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს. აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩის განცხადებით, ახლა გირაოს გადასახდელად საჭირო თანხას არ ფლობს, თუმცა ადვოკატებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ შეუთანხმდება. მედიის ცნობით, ოლგა სტეფანიშინას ბრალად უკანონო გამდიდრების საქმეში მონაწილეობა და ყალბი დეკლარაციის წარდგენა ედება. გამოძიების განცხადებით, სტეფანიშინამ დეკლარაციაში არ შეიტანა ინფორმაცია კიევში ორი ბინის, ავტომობილებისა და დედის მკურნალობის ხარჯების შესახებ.
„მშვიდობის საბჭომ“ სამხედრო ბაზის მშენებლობაზე პირველი კონტრაქტი გააფორმა — Guardian
დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭომ“, რომელიც ღაზის სექტორის რეკონსტრუქციაზე ზედამხედველობის მიზნით იანვარში შეიქმნა, პირველი სამშენებლო კონტრაქტი გააფორმა. პროექტი მაროკოელი ჯარისკაცების განსათავსებლად 150-კაციან სამხედრო პოსტს ითვალისწინებს. ამის შესახებ ბრიტანული Guardian-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით, ბაზა ისრაელის საზღვრიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით მდებარეობს. The Guardian-მა ივლისში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რეკონსტრუქციის თავდაპირველი გეგმა მთელი ტერიტორიის აღდგენის ამბიციური გეგმიდან, სამხრეთით მდებარე მცირე საპილოტე პროექტამდე მკვეთრად შემცირდა. „მშვიდობის საბჭოს“ ფარგლები ღაზას გასცდება - ტრამპი