ძებნის რეზულტატი:

შვეიცარიის მოსახლეობამ ნეიტრალიტეტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭირა

კვირას, 27 სექტემბერს, შვეიცარიის მოსახლეობამ უფრო მკაცრი ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ინიციატივას „შვეიცარიის ნეიტრალიტეტის დაცვა“ ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა და 26-ვე კანტონმა მხარი არ დაუჭირა. რას ითვალისწინებდა ინიციატივა „Pro Switzerland“-ის მიერ ინიცირებული და მემარჯვენე შვეიცარიის სახალხო პარტიის (SVP) მხარდაჭერილი ინიციატივა ითვალისწინებდა კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას იმის შესახებ, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი არის „მუდმივი და შეიარაღებული“. ინიციატივის თანახმად, შვეიცარიას არ უნდა ჰქონოდა უფლება, გაწევრიანებულიყო ან ეთანამშრომლა სამხედრო ალიანსებთან, მათ შორის NATO-სთან, გარდა პირდაპირი თავდასხმის შემთხვევისა. ასევე, ქვეყანას არ უნდა დაეწესებინა სანქციები, თუ ისინი გაეროს მიერ არ იქნებოდა დაწესებული ან მანდატირებული. ინიციატივა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაზიარებას მოჰყვა. ინიციატივის მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ ეს შვეიცარიის ნეიტრალიტეტს ეწინააღმდეგებოდა. იგივე პოზიცია არაერთხელ გამოუთქვამს მოსკოვსაც. რას ნიშნავს „არა“ შვეიცარია კვლავ ნეიტრალური სახელმწიფო რჩება, ის ნეიტრალურია 1815 წლიდან/ჩანაწერი კონსტიტუციაში 1848 წლით თარიღდება. ამასთან, შვეიცარიას კვლავ რჩება შესაძლებლობა, ნეიტრალიტეტი მოქნილად განმარტოს. მთავრობას კვლავ შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შემოღება და NATO-სთან თანამშრომლობა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა განაცხადა: „შვეიცარია გუშინ ნეიტრალური იყო, დღესაც ნეიტრალურია და მომავალშიც ნეიტრალური დარჩება.“ მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგი თავად ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ მიცემულ ხმას არ წარმოადგენს. მთავრობა, პარლამენტი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, გარდა SVP-ისა, მოსახლეობას ინიციატივის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ. ცნობისთვის, შვეიცარია თითქმის 400 წელია ნეიტრალური ქვეყანაა. შვეიცარიის ნეიტრალიტეტი მუდმივი და “შეიარაღებული ნეიტრალიტეტია”, რაც ქვეყანას გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორ გახდა შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანა? 1647 წელს ნეიტრალიტეტი ოფიციალურად განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად. 1815 წელს ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა ვენის კონგრესზე შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ოფიციალურად აღიარეს და დღევანდელი შვეიცარიის საზღვრებიც დაადგინეს. ნეიტრალიტეტმა შვეიცარიას პირველი მსოფლიო ომის დროს ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებაში შეუწყო ხელი, რადგან ომში რომელიმე მხარის მხარდაჭერას შეეძლო ქვეყანა რელიგიური და ენობრივი ნიშნით გაეყო. 1919 წელს ვერსალის ხელშეკრულებამ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი მშვიდობის შენარჩუნებას დაუკავშირა, ხოლო 1920 წელს შვეიცარია ერთა ლიგის წევრი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ცივი ომის პერიოდში შვეიცარია კვლავ მკაცრად იცავდა ნეიტრალიტეტის პრინციპს: ქვეყანა მხოლოდ 1963 წელს შეუერთდა ევროპის საბჭოს, ხოლო 1975 წელს ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს. ნეიტრალიტეტის სამართლებრივი საფუძვლები 1907 წლის ჰააგის კონვენციებით არის განსაზღვრული, თუმცა დროთა განმავლობაში ახალი კითხვებიც ჩნდება - მაგ. როგორ ვრცელდება ნეიტრალიტეტის პრინციპი ციფრულ სივრცეზე ან, კოსმოსზე. 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის შესახებ დისკუსია კიდევ უფრო გაააქტიურა. ფედერალურ საბჭოს მიაჩნია, რომ ნეიტრალიტეტი შვეიცარიისთვის კვლავ მნიშვნელოვანია. მას სურს, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს როგორც შვეიცარიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტრუმენტი.ამ გზით შვეიცარია ცდილობს, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა და ამავდროულად, ხელი შეუწყოს მშვიდობიან საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას.  

„შუა დერეფანი, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა“ — რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში

28 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში — „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“, მსოფლიო ბანკი ცხრა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას აფასებს. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შუა დერეფანი საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, შუა დერეფანი საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას გამოიწვევს.  „ანგარიში განიხილავს, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ მსოფლიო დონის ვაჭრობა და ლოჯისტიკა შუა დერეფნის მეშვეობით. ანგარიშის თანახმად, ვაჭრობის მოცულობა ოთხმაგად გაიზრდება, დერეფნის გავლის დრო 66%-ით შემცირდება, 2 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო რეგიონის მშპ საშუალოდ, 3.3%-ით გაიზრდება. საქართველოს შემთხვევაში, პროგნოზის თანახმად, 2040 წლისთვის მშპ 3.6%-ით გაიზრდება. ასევე, დასაქმების მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ - განაცხადა როლანდ პრაისმა. ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურაში დაგეგმილმა ინვესტიციებმა "შუა დერეფანში" ტვირთების მოცულობა შესაძლოა, სამჯერ და მეტად გაზარდოს, ხოლო გადაზიდვის დრო დაახლოებით გაანახევროს. თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საზღვარზე, საბაჟოზე, ციფრულ სისტემებსა და ტრანსპორტის მართვაში რეფორმებიც დაემატება, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლისთვის ტვირთბრუნვა შეიძლება, დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდოს, ხოლო გადაზიდვის დრო ორი მესამედით შემცირდეს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ძირითადი ინფრასტრუქტურული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად რეგიონს 2040 წლამდე, სულ მცირე, 25 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ესაჭიროება. დამატებით დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ინვესტიცია — დერეფანთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტივობის ხელშესაწყობად, მათ შორის პორტებთან და მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზებისა და რკინიგზის, ლოგისტიკური ჰაბებისა და ტერმინალებისთვის. ასევე, ისეთ აუცილებელ ლოგისტიკურ აღჭურვილობას, როგორიცაა მოძრავი შემადგენლობა, ტვირთის დამუშავების ტექნიკა და ციფრული სისტემები. საქართველოს საზღვაო პორტები ფოთის პორტი საქართველოს ორი მოქმედი პორტიდან ყველაზე დიდია და ქვეყნის მასშტაბით კონტეინერების გადამუშავების საერთო მოცულობის 85%-ს უზრუნველყოფს. 2023 და 2024 წლებში პორტის გამტარუნარიანობა კონტეინერების კუთხით 600 000 TEU-ს შეადგენდა, ხოლო ფაქტობრივმა გადამუშავებამ, შესაბამისად, 592 589 და 545 297 TEU შეადგინა; შედეგად, სიმძლავრის ათვისების მაჩვენებელი აღნიშნულ წლებში 99% და 91% იყო. 2025 წელს, საოპერაციო ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის გამტარუნარიანობა მცირედით გაიზარდა და 650 000 TEU-ს მიაღწია; იმავე წელს დაფიქსირებულ ფაქტობრივ მაჩვენებელთან (636 466 TEU — რაც პორტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია) შედარებით, სიმძლავრის ათვისების დონემ 98% შეადგინა. ეს მიუთითებს კონტეინერების გადატვირთულობის მაღალ რისკსა და საქართველოში პორტის გამტარუნარიანობის გაზრდის გადაუდებელ აუცილებლობაზე. კონტეინერული და არაკონტეინერული ტვირთების გათვალისწინებით, საქართველოს ორი მოქმედი შავიზღვისპირა პორტის — ფოთისა და ბათუმის — სიმძლავრის ჯამურმა ათვისებამ 2023 წელს 65% შეადგინა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ ათვისების ეს საერთო დონე გაიზარდა. ახალი ბორნებისა და პორტის გადამუშავების ინფრასტრუქტურის დანერგვის შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით გადაზიდვების სეგმენტს უფრო დიდი მოცულობების გატარება შეეძლება, მათ შორის — ყაზახეთიდან დასავლეთის მიმართულებით ლითონის ექსპორტის და სომხეთიდან თუ საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით (აღმოსავლეთით) სპილენძის ექსპორტის. შედარებისთვის, ბათუმის პორტის კონტეინერული გამტარუნარიანობა 200 000 TEU-ს, ხოლო ფაქტობრივი გადამუშავება 109 579 TEU-ს შეადგენდა (ათვისების მაჩვენებელი — 55%, წილი ქვეყნის საერთო მოცულობაში — 15%). იმ ფონზე, როდესაც: (1) მოქმედ პორტებს შორის შესაძლებლობების მხრივ დისბალანსია; (2) ფოთის პორტმა კონტეინერული ოპერაციების კუთხით მაქსიმალურ გამტარუნარიანობას მიაღწია; და (3) მოსალოდნელია TCTC-ის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) კონტეინერული ტვირთნაკადისა და საქართველოს პორტებში შემომავალი გემების საშუალო ზომის ზრდა, — საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული ეს შეუსაბამობა აღმოფხვრას მიზნობრივი გამტარუნარიანობის გაზრდით და, ამავდროულად, პორტების სექტორში კონკურენცია გააძლიეროს. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტს ავითარებს — ეს არის ფოთის ჩრდილოეთით მდებარე ღრმაწყლოვანი პორტი (ე.წ. „greenfield“ პროექტი), რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლისთვის იგეგმება; პორტს ექნება განვითარების ფართო პოტენციალი, შეძლებს შავ ზღვაში მოძრავი ყველაზე დიდი ზომის გემების მიღებას და უზრუნველყოფს მულტიმოდალურ კავშირს მომსახურების არეალთან. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი „ლენდლორდის“ (landlord) მოდელის საფუძველზე შენდება, რაც პორტების სექტორის მართვის ისეთ მიდგომას ნერგავს, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას და პრეცედენტი არ აქვს საქართველოს ზოგადი დანიშნულების ტვირთებზე ორიენტირებულ საზღვაო პორტებში. მოსალოდნელია, რომ ეს მიდგომა მოიზიდავს კერძო სექტორის ინვესტიციებს სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების პარალელურად, უზრუნველყოფს მსოფლიო დონის მომსახურების გაწევას და ხელს შეუწყობს დროთა განმავლობაში ამ პორტში რამდენიმე ტერმინალისა და მათი ოპერატორის განვითარებას; შედეგად, შეიქმნება კონკურენცია არამხოლოდ სხვა პორტებთან (ფოთსა და ბათუმთან), არამედ თავად ანაკლიის პორტის შიგნითაც. შავი ზღვის მიმართულება ამჟამად ორ განშტოებას მოიცავს; ორივე მათგანი საქართველოს სარკინიგზო და საზღვაო-საპორტო ქსელების ნაწილია. მოსალოდნელია, რომ 2030-იანი წლების დასაწყისისთვის ამ ქსელებს მესამე განშტოებაც დაემატება. კერძოდ, ტვირთის გადაზიდვა შესაძლებელია ფოთის (რომელიც ამჟამად წამყვანი პორტია) ან ბათუმის პორტის გავლით; ორივე მათგანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. მომავალში შავი ზღვის მიმართულებით მოქმედი გადამზიდავებისთვის დამატებითი არჩევანიც გაჩნდება, რადგან საქართველო ანაკლიაში ახალ, ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, რომელიც მულტიმოდალური კავშირებით იქნება უზრუნველყოფილი. ანაკლიის პორტის მშენებლობა (მათ შორის, შიდა ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა) სავარაუდოდ, 2030-იანი წლების დასაწყისისთვის დასრულდება და პორტი ბაზარზე ოპერირების საწყის ეტაპზე გადავა.  

კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებმა თბილისში ოფისები დახურეს

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი ავრცელებს. ფონდის ინფორმაციით, 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ უარყო KAS-ის განაცხადები მისი პროექტების დაფინანსების შესახებ, რომლებიც წარდგენილი იყო ახალი „გრანტების შესახებ“ კანონის შესაბამისად. ფონდში აცხადებენ, რომ ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, ახალი ჩარჩოს ფარგლებში მათი საქმიანობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად, წარუმატებელი აღმოჩნდა. “პროექტების დამტკიცება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანდა, თუ ისინი აღარ შეესაბამებოდა ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიას. საქართველოში მხოლოდ ყოფნა, ჩვენი უშუალო მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად-ადენაუერის ფონდისთვის მისაღები ალტერნატივა არ არის. შესაბამისად, ოფისის დახურვა წარმოადგენს გარდაუვალ შედეგს, რომელიც განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი საქმიანობის შეზღუდვით”, - აღნიშნულია განცხადებაში. ფონდი ხაზს უსვამს, რომ კვლავ ერთგული რჩება საქართველოსა და მისი დიდი ხნის პარტნიორების მიმართ. „ის ქვეყანაში იურიდიულ პირად რეგისტრაციას ინარჩუნებს, რათა პოლიტიკური გარემოებების შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს,” - აღნიშნულია განცხადებაში. თბილისში საქმიანობას წყვეტს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც. მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები FNF-ს ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აღარ აძლევს. „მიმდინარე წელს ჩვენმა ფონდმა ახალი კანონის („გრანტების შესახებ“ კანონის) საფუძველზე განაცხადი წარადგინა, რათა ქვეყანაში კვლავ დაგვეფინანსებინა პროექტები და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებისთვის დაგვექვემდებარებინა და ყველა ღონისძიების განსახორციელებლად შესაბამისი ნებართვები მიგვეღო." ფონდის შეფასებით, ეს პირობები მის საქმიანობას აუცილებელ თავისუფლებას უზღუდავს. ფონდმა საქმიანობის გაგრძელების მიზნით განაცხადი შეიტანა, თუმცა ის 2026 წლის 28 ივლისს არ დაკმაყოფილდა. ამის გამო ფონდი აცხადებს, რომ საქართველოში საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ აქვს. "ეს პირობები, თავისი არსით, ლიბერალური ფონდისთვის აუცილებელ სამოქმედო თავისუფლებას საფუძველს აცლის. მიუხედავად ამისა, ჩვენი განაცხადით მაინც ვცადეთ, გამოგვეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რათა საქართველოში საქმიანობა გაგვეგრძელებინა და მხარი დაგვეჭირა იმ ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. თუმცა ეს განაცხადი 2026 წლის 28 ივლისს უარყოფილ იქნა. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვხედავთ შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს შეესაბამება," - ნათქვამია განცხადებაში. FNF საქართველოში 2002 წლიდან მუშაობდა. კონრად ადენაუერის ფონდი კი საქართველოში 2003 წლიდან საქმიანობდა.  

საქართველო NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლებას მასპინძლობს

საქართველო NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლებას “SHARP LYNX 2026” მასპინძლობს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ცნობით, სწავლებას NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) უწევს კოორდინაციას NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში. “SHARP LYNX 2026” NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში (NATO MNMPBAT) მონაწილის სტატუსის (2 წლიანი ციკლი) მიღებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობას, საშტაბო პროცედურების, კოორდინაციისა და მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. სწავლების დასრულების შემდეგ შეფასდება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობები. სწავლებაში ხორვატიის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და საქართველოს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობენ.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველადი შეფასება რუსეთში ჭირის სავარაუდო შემთხვევაზე

ჯანმო: რუსეთში ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო გარდაცვალებასთან დაკავშირებით ტესტირება და მონიტორინგი მიმდინარეობს. გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (ჯანმო) სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთში, ციმბირის რეგიონში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებამ გააჩინა ეჭვი, რომ სიკვდილის მიზეზი შესაძლოა, ჭირი ყოფილიყო; ორგანიზაცია სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ჯანმო თანამშრომლობს შტაბ-ბინასთან, რათა სხვა ქვეყნებსაც მიაწოდოს ინფორმაცია; ორგანიზაცია მზადაა, დაეხმაროს „რუსეთის ხელისუფლებას, თუ ისინი ამას მოითხოვენ.“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ციმბირში მდებარე შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთში ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია. 28 წლის ლაბორატორიის თანამშრომელი, დარია შიპილოვა, ირკუტსკში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამსახურში ყოფნისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს [WHO] წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ სამშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა, რომ ციმბირის ქალაქ ირკუტსკში ჭირის შემთხვევები არ დაფიქსირებულა; აღნიშნულ ქალაქში გასულ კვირას ჭირის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი გარდაიცვალა. მოსკოვს, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო წესების თანახმად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებზე 24 საათის განმავლობაში რეაგირება ევალება, ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება იკვლევდა, ხომ არ გამოიწვია ქალის სიკვდილი ჭირმა. მათ ასევე აცნობეს გაეროს სააგენტოს, რომ დაადგინეს გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი პირები და რომ სახიფათო ინფექციურ პათოგენებზე ჩატარებული ტესტების შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა. სააგენტო Reuters-მა ჯერჯერობით ვერ დააზუსტა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ ტესტირება ლაბორატორიის თანამშრომელსაც ჩაუტარდა და გამორიცხავდნენ თუ არა მის შემთხვევაში ჭირის არსებობას. ჟენევაში გაეროსთან არსებულმა რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კომენტარის თხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთში ეპიდემიის რისკი დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განმარტა, რომ დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელების ნიშნები არ შეინიშნება. „არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ყველა პირი, ვისთანაც პაციენტს კონტაქტი ჰქონდა; მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ამ დროისთვის არცერთ მათგანს დაავადების სიმპტომები არ გამოუვლენია,“ — აღნიშნა კრისტიან ლინდმაიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. ლინდმაიერმა განაცხადა, რომ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რისკების პირველადი შეფასებით, „ირკუტსკისთვის რისკი ზომიერიდან დაბალ დონემდეა შეფასებული, რუსეთის ფედერაციისთვის მთლიანობაში — დაბალ დონედ, ხოლო ჯანმოს ევროპის რეგიონისთვის — ძალიან დაბალ დონედ.“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეფასება განახლდება დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე. მისი თქმით, რუსი ოფიციალური პირები კვლავ იკვლევდნენ, გამოიწვია თუ არა შიპილოვას სიკვდილი პნევმონიურმა ჭირმა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანმრთელობისთვის საფრთხის დონე შემდეგნაირად შეაფასა: ირკუტსკისთვის — „ზომიერიდან დაბალ დონემდე“, რუსეთის დანარჩენი ნაწილისთვის — „დაბალი“, ხოლო ევროპისთვის — „ძალიან დაბალი.“ ცნობისთვის, 28 წლის დარია შიპილოვა გასულ კვირას, ავად გახდომიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, შესაძლოა, ის სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაინფიცირებულიყო; აღნიშნულ დაწესებულებაში საშიში პათოგენები ინახება და მათი კვლევა მიმდინარეობს. რუსეთის ხელისუფლება მომხდარს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შიპილოვა „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა. ქალაქ ირკუტსკში მდებარე კვლევით ცენტრსა და რამდენიმე მეზობელ საავადმყოფოში კარანტინის მკაცრი ზომები დაწესდა. რუსული მედიის ცნობით, შიპილოვას 60 კოლეგა პარასკევიდან იმ ინსტიტუტის შენობაშია ჩაკეტილი, სადაც ის მუშაობდა; მათ იატაკსა და სკამებზე სძინავთ, ვიდრე ტესტირება მიმდინარეობს. მსგავსი ზომები დაწესდა ხუთ საავადმყოფოშიც, სადაც პაციენტებთან ახლობლების ვიზიტები აიკრძალა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა სამშაბათს მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ ჭორებს და რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის უწყების — „როსპოტრებნადზორის“ — განცხადებებისთვის დაეჯერებინათ. უწყების ცნობით, ირკუტსკში ვითარება სტაბილურია და ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის ინფექციური დაავადების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თავის მხრივ, ვაშინგტონი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოსკოვს მოუწოდა, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მეტი დეტალი გაესაჯაროებინა. „ვფიქრობ, რუსეთის ვალდებულებაა, მსოფლიოს მეტი ინფორმაცია გაუზიაროს,“ — განაცხადა რუბიომ „ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით, საათობრივ რეჟიმში ვაკვირდებით,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. საპასუხოდ, „როსპოტრებნადზორმა“ შეერთებულ შტატებს დახმარება შესთავაზა. უწყების განცხადებაში ნათქვამია: „რუსეთის ფედერაცია მზადაა, დაეხმაროს აშშ-ს ინფექციური დაავადებების აფეთქებებთან ბრძოლაში.“ ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია დახმარების აღმოჩენისთვის მზად იყო. „არ მსიამოვნებს იმის ყურება, რომ მათ ეს პრობლემა აქვთ. ჩვენ დავეხმარებით. ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყოველთვის დავეხმარებით,“ — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში შეკითხვის საპასუხოდ. Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის მხრიდან საპასუხო ქმედებებზე მუშაობენ: დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC), სახელმწიფო დეპარტამენტი და სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების ადმინისტრაცია. ინფორმაციისთვის: პნევმონიური ჭირი ცალკე დაავადება არ არის. ის ჭირის სამი ფორმიდან ერთ-ერთია: ბუბონური, სეპტიცემიური და პნევმონიური. სამივეს ერთი ბაქტერია იწვევს. მათ შორის განსხვავებას განსაზღვრავს ის, სხეულის რომელ ნაწილში ლოკალიზდება ინფექცია, რაც გავლენას ახდენს დაავადების გავრცელების გზასა და მის სიმძიმეზე. ბუბონური ჭირი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და სწორედ მას გულისხმობს ადამიანების უმეტესობა, როდესაც სიტყვა „ჭირს“ ისმენს. ის, როგორც წესი, რწყილის ნაკბენის შედეგად ვითარდება. ბაქტერია უახლოეს ლიმფურ კვანძში ხვდება, რომელიც შუპდება და წარმოიქმნება მტკივნეული გამონაზარდი, რომელსაც ბუბონი ეწოდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ბუბონური ჭირი ადამიანიდან ადამიანზე იშვიათად ვრცელდება. ჯანმოს ცნობით, პნევმონიური ჭირი „შეიძლება, ფატალური იყოს დაავადების დაწყებიდან 18-24 საათის განმავლობაში, თუ არ მოხდება მისი მკურნალობა, მაგრამ ენტერობაქტერიების საწინააღმდეგო გავრცელებული ანტიბიოტიკები ეფექტიანად კურნავს დაავადებას, თუ ისინი ადრეულ ეტაპზე იქნება მიღებული.“