ძებნის რეზულტატი:
აშშ-მ საიმიგრაციო ვიზების მისაღები გასაუბრებების დანიშვნა მსოფლიოს მასშტაბით დროებით შეაჩერა
26 აგვისტოს, აშშ-მ უკვე მსოფლიო მასშტაბით საიმიგრაციო ვიზის მისაღები გასაუბრებები დროებით შეაჩერა. მიზეზად საკონსულო თანამშრომლების გლობალური ტრენინგი და აპლიკანტების შემოწმების გაუმჯობესება სახელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის ყველა საელჩოსა და საკონსულოში გლობალური სასწავლო ინიციატივა წამოიწყო, რის გამოც, სავიზო მომსახურებისთვის დანიშნული გასაუბრებების განრიგი სასწავლო პროგრამის შესაბამისად შეიცვლება. სახელმწიფო დეპარტამენტში სასწავლო პროგრამის ვადები არ დააკონკრეტეს, თუმცა აღნიშნეს, რომ პროგრამის მიზანი საკონსულო ოფიცრების დახმარებაა, რათა გამოარჩიონ ის განმცხადებლები, რომლებიც შესაძლოა, ვიზების მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულები გახდნენ. იმ განმცხადებლებმა, რომლებსაც აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გასაუბრებები უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, ელექტრონული ფოსტით შეტყობინებები მიიღეს, რომ გასაუბრებები გადაიდო და ახალი თარიღის შესახებ მოგვიანებით აცნობებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ უწყება ვიზების გაუქმებას გეგმავს უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აშშ-ში ტურისტული ან ბიზნეს ვიზებით შევიდნენ, ხოლო შემდეგ თავშესაფრის მისაღებად განაცხადი შეიტანეს. შესაძლოა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 200 000-მდე ადამიანის ვიზა გააუქმოს. „თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით ვიზის მიღება თაღლითობას წარმოადგენს, რაც ვიზის გაუქმების საფუძველს ქმნის,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ტომი პიგოტმა. დონალ ტრამპი 2024 წელს საარჩევნო კამპანიას არალეგალური იმიგრაციის შეჩერების ლოზუნგით აწარმოებდა, მისმა ადმინისტრაციამ ასევე გაართულა ლეგალური იმიგრაცია — მაგალითად, გარკვეული სამუშაო ვიზების განმცხადებლებისთვის ახალი და მაღალი გადასახადები დაწესდა.
რა მისიით ჩავიდა CIA-ის დირექტორი მოსკოვში
CBS-ის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი მოსკოვში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა. არც ვაშინგტონმა და არც მოსკოვმა არ დაადასტურეს ჯონ რეტკლიფის ვიზიტის ხასიათი ან ის თუ, ვისთან შეხვედრას აპირებდა ამერიკელი მაღალჩინოსანი. მონაცემები ადასტურებს, რომ სამშაბათს აშშ-დან რუსეთში ლატვიის გავლით დიდი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი გაემგზავრა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტს. ვიზიტის მიზანი საჯაროდ არ არის ცნობილი. CIA-სა და კრემლს შეხვედრის კონკრეტული დეტალები არ დაუდასტურებიათ. FlightRadar24-ის მონაცემებით, ის რიგის აეროპორტიდან GMT-ის 05:50 საათზე გაემგზავრა და, როგორც ჩანს, რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით GMT-ის 07:04 საათზე დაეშვა. უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მ უკრაინას აცნობა, რომ მოსკოვში მაღალი რანგის დელეგაცია გაემგზავრებოდა და კიევს სთხოვა, შეტევები შეეჩერებინა მათ წასვლამდე. „ამერიკელები, როგორც წესი, ასეთ მაღალი რანგის თანამდებობის პირს მოსკოვში მოულოდნელად და მოკლე ვადაში არ აგზავნიან, თუ რამე არ მოხდა,“ - განაცხადა ჯონ ფორმანმა, რომელიც 2019-დან 2022 წლამდე მოსკოვში ბრიტანეთის სამხედრო ატაშედ მუშაობდა. ფორმანის თქმით, ვიზიტი შესაძლოა, ასევე ეხებოდეს რუსეთში ამჟამად დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას. განახლება: CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი ნახევრად რუტინულია, შესაძლოა რამე გამოვიდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. “ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება,” - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, აშშ “დაუღალავად მუშაობს” უკრაინაში ომის დასასრულებლად დარომ რეტკლიფის მოსკოვში მოგზაურობიდან “შესაძლოა, რამე გამოვიდეს”. ცნობისთვის, რეტკლიფმა მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ამერიკის მოქალაქე ქსენია კარელინას გათავისუფლების მოლაპარაკებებში, რომელიც რუსეთში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში უკრაინის მხარდაჭერის ბრალდებით. CIA ასევე მონაწილეობდა რუსეთთან 2024 წელს პატიმრების გაცვლის შეთანხმებაში, რომლის ფარგლებშიც გაათავისუფლეს Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ასევე ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი და რუსეთ-ამერიკის მოქალაქე, ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის
რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა, ფიქრობს." „მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა. პრინციპში, პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევrს, თითოეულ ლიდერს ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს — არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ, ქართველების, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს შესახებ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა ამ გადაწყვეტილების, რითაც ამ საერთო, დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით. მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო, ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ ათი წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის რაღაც შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი. და არ არის მარტივი ამბავი და მინდა, დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ეს ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან,“ - განაცხადა მდინარაძემ. კითხვას, თუ რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, მდინარაძემ უპასუხა, რომ მას ურჩევნია, „გაიწიოს.“ ის ამბობს, რომ გუშინ, 26 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, ხოლო დღეს, 27 აგვისტოს დილით — ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს. „ამ ეტაპზე, მე არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, თუმცა თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები. აქედანვე გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ გვერდებიდან შემოჩოჩებას რომ ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში, ეს ჩემგან არ იქნება. ჩემი სტილი რომ არაა, ალბათ, ბევრი ამაში დარწმუნებული ბრძანდებით. რომ მეფიქრა, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ასეთი ჩემ გარდა არავინაა ამ გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. წუხელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ სამ ადამიანს შორის შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია, გავიწიო, შესაბამისი ასაკის შვილები მყავს, რაც შეიძლება გარეთ დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს. ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა, ნამდვილად იყო ჩემი ინიცირებული. ასევე, შემიძლია გითხრათ, ბატონი ირაკლისა და ბატონი ბიძინასგან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ის ამბობს, რომ შეიძლება, ძალები კერძო სექტორში „მოსინჯოს.“
ყაზახეთი და სინგაპური შუა დერეფნის განვითარების მიზნით თანამშრომლობას გააფართოებენ
ყაზახეთი და სინგაპური მულტიმოდალური ტრანსპორტის, ვაჭრობისა და დიგიტალიზაციის სფეროში თანამშრომლობას გააფართოებენ — ძირითადი აქცენტი შუა დერეფანზე გაკეთდება. მემორანდუმს ხელი მოეწერა Middle Corridor Multimodal Ltd-სა და Singapore Cooperation Enterprise-ს შორის, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბექტენოვისა და სინგაპურის სახელმწიფო მინისტრ ლი სიან ლუნის შეხვედრის შემდეგ. დოკუმენტი ითვალისწინებს ტრანსპორტისა და სავაჭრო ეკოსისტემების განვითარების თანამედროვე მიდგომების დანერგვას, ლოგისტიკური პროცესების დიგიტალიზაციას და მულტიმოდალური ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შუა დერეფნის პოტენციალის გამოვლენას, რომელიც ჩინეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზრებთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით აკავშირებს. შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები. 2026 წლის პირველ ექვს თვეში ყაზახეთსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვამ 777 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5-იანი ზრდაა. 2025 წლისთვის სინგაპურიდან ყაზახეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი შემოდინება დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ სფეროებად ასევე გამოიკვეთა დიგიტალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, აგროსამრეწველო კომპლექსი და ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორი.
სომხეთი „ტრამპის მარშრუტში“ ყაზახეთის მონაწილეობას განიხილავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 27 აგვისტოს დაადასტურა, რომ ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტში ყაზახეთის მონაწილეობას განიხილავს. ფაშინიანის განცხადებით, პროექტში მესამე ქვეყნების მონაწილეობა შესაძლებელია აშშ-სა და სომხეთის თანხმობით. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანა პროექტში მონაწილეობით არის დაინტერესებული და ამ საკითხზე კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები უნდა განიხილონ. მედიის ინფორმაციით, ერევანი ყაზახეთსა და ყირგიზეთს TRIPP-ის განვითარების კომპანიაში სომხეთის კუთვნილი წილიდან თითოეულს 5%-ის გადაცემას სთავაზობს. ამ ეტაპზე სომხეთის წილი კომპანიაში 26% უნდა იყოს, ხოლო აშშ-ის — 74%. ამასთან, ყაზახეთის მიერ აღნიშნული წილის შეძენისა და პროექტში ოფიციალურად შესვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სომხური Yerevan Today 24 აგვისტოს წერდა, რომ ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა, სომხეთის რკინიგზის მართვის უფლება მესამე ქვეყანას გადასცეს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ერევნისთვის, ისე მოსკოვისთვის. გარდაა ამისა, ყირგიზული გამოცემა მიხედვით, რომ ტოყაევმა და ფაშინიანმა განიხილეს ყაზახეთის მიერ სომხეთის რკინიგზის ქსელის მართვის რუსეთის რკინიგზისგან (RZhD) გადაბარების შესაძლებლობა. ეს სტრატეგიული ობიექტი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ახალი საგარეო პოლიტიკის კონცეფციის მნიშვნელოვანი ელემენტია. 24 აგვისტოს სომხეთის პარლამენტში, მთავრობის 2026-31 წლების სამოქმედო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რკინიგზაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები „საერთაშორისო ინვესტორებს“ აფრთხობს და უბიძგებს, უარი თქვან სომხეთის სარკინიგზო ქსელის სატრანზიტო მიზნებისთვის გამოყენებაზე, რადგან რკინიგზა რუსეთის კონტროლქვეშაა. საუბარია სომხეთის რკინიგზის ორ მონაკვეთზე, რომლებიც სომხეთს აზერბაიჯანთან და თურქეთთან აკავშირებს. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული. „იმის გამო, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონტროლქვეშაა, ახლა ვდგავართ იმის რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ სომხეთი საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრირდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ისტორიული შესაძლებლობის დაკარგვა. ვთხოვთ ჩვენს რუს პარტნიორებს, გამოიჩინონ მოქნილობა და მართვის უფლება მიჰყიდონ მესამე ქვეყანას, რომელიც მისაღები იქნება როგორც სომხეთისთვის, ისე რუსეთისთვის,“ - განაცხადა ფაშინიანმა. თუმცა მოსკოვი უარს აცხადებს სომხეთის რკინიგზის დათმობაზე და დასავლეთს „სომხეთიდან რუსეთის გაძევების წახალისებაში“ სდებს ბრალს. 26 აგვისტოს მოსკოვმა კვლავ უარით უპასუხა ერევნის მოწოდებას, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სამართავად დაუბრუნოს ან „მესამე, ნეიტრალურ მხარეს“ გადასცეს „სომხეთის რკინიგზა.“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ „ერევნის არგუმენტებსა და რეალობას შორის სრული შეუსაბამობაა.“ „ამ საკითხზე ყველა განმარტება სხვადასხვა დონეზე უკვე იქნა წარმოდგენილი,“ - განუცხადა სამინისტროს პრესცენტრმა რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიმეორა პოზიცია, რომ ფაშინიანი რკინიგზაზე რუსეთის ადმინისტრირების მოშორებას „დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის გამო ცდილობს“ — ძალების, რომლებიც „სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნით არიან დაინტერესებული.“ სომხეთის სარკინიგზო ქსელს „რუსეთის რკინიგზა“ მართავს. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული — ხელშეკრულება 2008 წელს 30 წლის ვადით დაიდო. აშშ-მ TRIPP-თან დაკავშირებული ფონდის დაფინანსება გააორმაგა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, ევროკავშირმა სომხეთს მხარდაჭერა აღუთქვა ფაშინიანი: CSTO-ს მიმართ ინტერესი ამოწურულია, კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაციიდან გაგვრიცხავენ სომხეთმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განსაზღვრა — რა წერია დოკუმენტში საქართველოსა და ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებზე ფაშინიანის თქმით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს მალე შეიტანს
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V გარდაიცვალა
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. გასულ კვირას ის სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოსლოს სამეფო სასახლის ცნობით, მეფე პარასკევს, ადგილობრივი დროით 06:35 საათზე (04:35 GMT) ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასახლის სახურავზე სამეფო დროშა დაშვებულია. მეფე ჰარალდ V-ს მისი 53 წლის ვაჟი, ჰააკონი შეცვლის.
კარნი ტრამპის გადაწყვეტილებაზე: ონტარიოს ტბას სახელი როგორც კანადის, ისე აშშ-ის სახელმწიფოებად ჩამოყალიბებამდე ერქვა
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით უნდა შეიცვალოს და აცხადებს, რომ ამ ტბას ონტარიოს ტბა უნდა ეწოდოს ახლაც და მომავალშიც. კარნის თქმით, ონტარიოს ტბას ეს სახელი როგორც კანადის, ისე აშშ-ის სახელმწიფოებად ჩამოყალიბებამდე ერქვა. „სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ვიცით, რომ ამერიკა იცვლება. იცვლება მათი სავაჭრო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული ძეგლები, მათი ჰიდრონიმები. კანადელებმაც იციან, რომ რეალობისთვის სახელის დარქმევა ნიშნავს, მას ონტარიოს ტბა ეწოდოს - როგორც მაშინ, ისე ახლა და ყოველთვის,“ - აღნიშნა კანადის პრემიერმა. ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ონტარიოს ტბის სახელწოდება „ამერიკის ტბით“ უნდა შეიცვალოს. „ონტარიოს ტბის სახელს დაუყოვნებლივ შევცვლით და ამერიკის ტბა დაერქმევა. ტბის შეცვლაზე, ამერიკის ტბის შეცვლაზე, დიდი ხანია, ვფიქრობ,“ - აღნიშნა ტრამპმა.
მიხაილო ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა თავდაცვითი ინოვაციების საკითხებში. „გუნდთან ერთად საერთაშორისო მოგზაურობა დავიწყეთ, რომელიც დიჯიტალიზაციისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში ჩვენი ახალი პროექტების განვითარებას ეძღვნება. პირველი შეხვედრა —იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოსთან. მადლობა მინდა, გადავუხადო გვიდოს პირადი მხარდაჭერისთვისა და წინადადებისთვის, გავხდე მისი მრჩეველი თავდაცვით ინოვაციებზე. მადლობელი ვარ ნდობისთვისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის,” — წერს ფედოროვი. ფედოროვის თქმით, ამ როლში ის დაეხმარება იტალიას თანამედროვე ომის ტექნოლოგიების განვითარებაში, თავდაცვის სფეროს დახვეწასა და მსოფლიოში თავდაცვის სფეროში ახალი გამოწვევებისადმი ადაპტირებაში. „უკრაინა და ჩვენი გუნდი ტექნოლოგიური ომის უნიკალურ გამოცდილებას ფლობენ, რომელიც მზად ვართ, პარტნიორებს გავუზიაროთ. ამავდროულად, ჩემი მთავარი პრიორიტეტი უცვლელი რჩება — ვაგრძელებ უკრაინაში პროექტებზე მუშაობას, რომლებიც ჩვენს თავდაცვას აძლიერებენ და საერთაშორისო რესურსების მოზიდვაში გვეხმარებიან,” - წერს ფედოროვი. ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს
რეფერენდუმი: ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია
ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV-ი იუწყება, რომ 225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა მთავრობის წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა, 47.2%-მა კი მოლაპარაკებების განახლებას მხარი დაუჭირა. RUV-ის ინფორმაციით, რეფერენდუმში, რომელიც გუშინ ჩატარდა, აქტივობამ 82.5%-ი შეადგინა. ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება. მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ გაწევრიანება ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხეს შეუქმნის. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სრულად სცემენ პატივს ისლანდიელი ხალხის არჩევანს. ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირმა განაცხადა, რომ ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება. მისი თქმით, ისლანდია გააგრძელებს ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას. „ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც მტკიცედ არის დაფუძნებული ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმებაზე,“ - აღნიშნა ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი პირველად 2009 წელს, მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე წარადგინა. თუმცა მოლაპარაკებები 2013 წელს შეჩერდა, ხოლო 2015 წელს — ოფიციალურად გაიყინა.
სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტით
სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ფაშინიანის თქმითმ, სომხეთი იკვლევს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობებსაც. „ელექტროენერგიის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმი არსებობს. ზოგჯერ ქვეყნებს აქვთ ჭარბი რაოდენობა, ზოგჯერ კი - საჭიროება. ხელოვნური ინტელექტის სფეროში სომხეთის ინვესტიციების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა ელექტროენერგიის იმპორტი სადმე, მათ შორის აზერბაიჯანიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა, ლაჩინში სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის საკითხებს შეეხებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთი ამ საკითხებს განიხილავს საქართველოსთან, თურქეთთან და ირანთან. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზღვართან სპეციალური გარდაქმნის სადგური შენდება, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის პროცესს გაამარტივებს. ცნობისთვის, 25 აგვისტოს ლაჩინში ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია Azerenergy-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგიის მიმოცვლის პერსპექტივები და სახელმწიფო საზღვარზე ენერგოინფრასტრუქტურის მიერთების შესაძლო ვარიანტები განიხილებოდა.
ტვინის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პირველად ჩატარდა
ლონდონის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ეროვნულ ჰოსპიტალში (UCLH) ნეიროქირურგებმა მსოფლიოში პირველად გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალურ დროში ტვინის სიმსივნის ამოსაკვეთად. ქირურგებმა ოპერაცია ახალი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით ჩაატარეს, რომელიც ტვინის პაწაწინა ანატომიის იდენტიფიცირებას მნიშვნელოვანი სტრუქტურების ფერადი კოდირებით უწყობს ხელს, რათა ქირურგებმა უსაფრთხოდ ამოიცნონ ისინი. ამ ოპერაციამ 48 წლის ბრიტანელ პაციენტს მხედველობის სრული დაკარგვა აარიდა. საავადმყოფო ადრე ამ ტექნოლოგიას კვლევის ინსტრუმენტად იყენებდა, მაგრამ ხსენებული ოპერაცია პაციენტზე პირველად ჩატარდა. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ოპერაციამდე გადაღებულ მრტ (MRI) სკანირებას ეყრდნობა, AI-სისტემა პირდაპირ აანალიზებდა ქირურგიული კამერიდან მიღებულ გამოსახულებას. პროგრამა ეკრანზე სხვადასხვა ფერით ნიშნავდა ტვინის უმცირეს ანატომიურ ნაწილებს. ის ექიმებს აჩვენებდა უხილავ სისხლძარღვებსა და ნერვებს, რომელთა დაზიანებაც კი ბრმა ზონაში იყო მოქცეული. 11-მილიმეტრიანი ადენომა ჰიპოფიზის მიდამოში მდებარეობდა. ეს ზონა მჭიდროდ არის გარშემორტყმული მხედველობის ნერვებითა და საძილე არტერიებით, სადაც ერთი მილიმეტრის ცდომილებასაც კი შეუძლია, სიბრმავე ან ინსულტი გამოიწვიოს.
ფაშინიანი: თუ რუსეთი სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ამ პერიოდში რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხი არცერთხელ არ დაგვიყენებია და საქმე ისეც არ არის, რომ მივიჩნევდეთ, თითქოს რუსული 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნა სომხეთის ტერიტორიაზე სასიცოცხლო აუცილებლობაა. თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით, მაგრამ თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ მზად ვართ, ესეც განვიხილოთ. თუმცა ჩვენ ამ პერიოდში ეს საკითხები არასოდეს დაგვიყენებია,“ - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის თემას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმიერ პუტინიც შეეხო. მისი თქმით, თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, მათ შეუძლიათ, ხვალვე წავიდნენ. „მზად არის კი სომხეთი ამისთვის? კი ბატონო, ჩვენ არავის არაფერს მოვახვევთ თავს. ხოლო თუ სომეხ ხალხს სურს, რომ მის გვერდით რუსეთის სამხედრო „ფრთა“ ჰქონდეს, ჩვენ დავრჩებით, ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიში 1995 წელს, სომხეთსა და რუსეთს შორის 16 მარტს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განთავსდა. ბაზა საბჭოთა პერიოდში გიუმრიში (მაშინდელ ლენინაკანში) განლაგებული 127-ე მოტომსროლელი დივიზიის ბაზაზე შეიქმნა. შეთანხმება თავდაპირველად რუსი სამხედროების სომხეთში ყოფნას 25 წლით ითვალისწინებდა. 2010 წელს ბაზის ყოფნის ვადა 2044 წლამდე გახანგრძლივდა.
ლაიენი ლაიფციგის აეროპორტში მომხდარზე: თავდასხმა რუსმა აგენტებმა განახორციელეს
პირველ სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთი ლაიფციგის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობაში მონაწილეობაში. გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში "რუსული სახლისა" და ბონში გერმანიაში არსებული რუსეთის ბოლო გენერალური საკონსულოს დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2026 წლის 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში დრონი აღმოაჩინეს. გერმანელი გამომძიებლების თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად აღმოაჩინეს. მოგვიანებით კიდევ ერთი დრონი და დაახლოებით 50 გრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს. საპასუხოდ, სერგეი ლავროვმა გერმანიის ხელისუფლების დასკვნებს „დაშვება და „ვარაუდი“ უწოდა, რადგან, როგორც მან განაცხადა, ლაიფციგში „რაღაც ჩამოვარდნილი დრონი“ აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს, რომ ის „რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული დრონების მსგავსი“ იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანაში გერმანული გოეთეს ინსტიტუტის სამივე ფილიალი დაიხურება. მან დაამატა, რომ ეს „კულტურული ყოფნა“ ბოლო წლებში შენარჩუნებული იყო „რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში არსებული ყველა უკრაინული პერიპეტიის მიუხედავად.“ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს თავდასხმა რომ წარმატებით განხორციელებულიყო, უზარმაზარ ზიანს და შესაძლოა, მსხვერპლსაც გამოიწვევდა. „ამიტომ, მინდა ძალიან ნათლად განვაცხადო, თუ რა იყო ეს. ეს იყო თავდასხმა სამხედრო დანიშნულების მასალების გამოყენებით, რომელიც რუსმა აგენტებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე განახორციელეს და ჩვენ ამას არ შევეგუებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას. და თუ მიზანი იყო, ორჯერ დავფიქრებულიყავით უკრაინის მხარდაჭერაზე, შემიძლია გითხრათ, რომ ამან მხოლოდ გაამყარა ჩემი სიმტკიცე. დაშინება არ იმუშავებს და სწორედ ამიტომ ვხვდები დღეს ნატოს გენერალურ მდივანს. ჩვენ ერთიანები ვართ. ევროპა და NATO არამხოლოდ გააგრძელებენ ზეწოლას რუსეთზე, არამედ გავზრდით მას და არ გავჩერდებით მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების, მამაკაცებისა და ქალების დაბომბვას და მკვლელობას,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ლაიფციგის თავდასხმა ევროპის ტერიტორიაზე ახალ ესკალაციას აღნიშნავს, რაც პირდაპირ რუსეთს უკავშირდება. ლაიენის თქმით, ევროკავშირმა უნდა დახუროს სანქციების გვერდის ავლის ყველა გზა, რომელსაც რუსეთი იყენებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ დღეს ირლანდიაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ სასანქციო სიებს განიხილავენ.
ნორვეგიამ რუსული გემი დააკავა
ნორვეგიამ უკრაინის მოთხოვნის შემდეგ რუსული გემი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია “ნაფტოგაზი” ავრცელებს. ნორვეგიაში, “ნაფტოგაზის” მოთხოვნით, დააკავეს რუსული გემი “პროფესორ მოლჩანოვი”. გადაწყვეტილება 31 აგვისტოს ნურ-ტრუმსოსა და სენიას საოლქო სასამართლომ გამოიტანა. გემი რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის და კომერციული საექსპედიციო კრუიზებისთვის გამოიყენება. “ნაფტოგაზი”ითხოვს 4,22 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდის აღსრულებას იმ აქტივებისთვის, რომლებიც მოსკოვმა მიითვისა, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა. რუსეთმა განაცხადა, რომ არ ცნობს სასამართლოს იურისდიქციას ამ საქმეში და არ აპირებს თანხის გადახდას. 71 მეტრის სიგრძის „პროფესორ მოლჩანოვზე“, რომელიც ფინეთში 1982 წელს აიგო, ეკიპაჟის 32 წევრია დასაქმებული და მას 52 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. Cruisemapper-ის ვებგვერდის მიხედვით, გემს აქვს ბიბლიოთეკა, საუნა, ბარი და ორი რესტორანი. ის გამოიყენება სამეცნიერო ექსპედიციებისა და კომერციული კრუიზებისთვის. „ნაფტოგაზმა“ განაცხადა, რომ რუსული აქტივების დევნას გააგრძელებს, ვიდრე რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის. მან ჩამოთვალა რამდენიმე იურისდიქცია, მათ შორის აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ასევე ფინეთი, სადაც რუსული აქტივები გაყინულია.
გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია AfD-მ გაიმარჯვა
წინასწარი შედეგებით, გერმანიის აღმოსავლეთში მდებარე საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - ხმების 43.8%-ით გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა. კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიამ ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) ხმების 17.2% მიიღო, მემარცხენე პარტიამ - 8.6%, ალიანსი 90/მწვანეებმა - 8.9% და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) - 9.3%. პარლამენტში ასევე მოხვდა სარა ვაგენკნეხტის კავშირი, ხმების 5.3%-ით. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) და სხვა პარტიებმა კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნებში აქტივობამ 77.8% შეადგინა. საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ - 15-ს, „მემარცხენე პარტია“, „ალიანსი 90/მწვანეები“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDG) - რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ კი - 5-ს. საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ „ღრმად შოკირებულია“ AfD-ის გამარჯვებით. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებამ მისი პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა. „ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ - ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა,“ - განაცხადა მერცმა. მისივე შეფასებით, კენჭისყრამ აჩვენა, რომ საჭიროა სიღრმისეული რეფორმები, მაგრამ მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები კვლავ ძალაშია. „მინდა დავარწმუნო ჩვენს ქვეყანაში ყველა: ჩვენი ინსტიტუტები მდგრადი და სტაბილურია. ჩვენი ძირითადი კანონი ამ წესრიგის გარანტია. ეს გზავნილი ასევე მიმართულია ჩვენი მეგობრებისკენ ევროპასა და მთელ მსოფლიოში,“ - აღნიშნა მერცმა. მედიის ინფორმაციით, მერცმა დღეს პარტიაში შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ, როგორ უპასუხონ საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ფედერალური არჩევნები 2029 წელს არის დანიშნული.
აშშ-მ, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
აშშ-მ, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ორშაბათს ხუთდღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მისი მიზანი სხვადასხვა სფეროში ოპერატიული და ერთობლივი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებაა. მანევრები სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუს აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე საერთაშორისო წყლებში მიმდინარეობს. წვრთნებში სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძირითადი საზღვაო და საჰაერო აქტივები ჩაერთვება, ერთობლივი წვრთნების კონტროლის ჯგუფი კი ოპერაციებს ზედამხედველობას გაუწევს. კორეელი სამხედროების თქმით, ერთობლივი წვრთნების მიზანია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების შეკავებისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვის პარალელურად.
საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას,” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ოსტრიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მსახურობდა.ის საგარეო სამსახურის უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. ვენაში, ავსტრიაში, “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში” (ეუთო) აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და ხანგრძლივი ვადით საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის საზღვარგარეთ მისიებში, კორტნი ოსტრიანი მსახურობდა გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში. ვაშინგტონში კორტნი ოსტრიანი მსახურობდა საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ და სახელმწიფო მდივნის აპარატში. ოსტრიანს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სუორტმორის კოლეჯში, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი – საჯარო და არაკომერციული ორგანიზაციების მართვის მიმართულებით ბოსტონის უნივერსიტეტში და მეცნიერების მაგისტრის ხარისხი – ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართულებით ომის ეროვნულ კოლეჯში.
ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე საბორნე მიმოსვლას განაახლებენ
ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე სამგზავრო საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩმა ალიმ ბაიელმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ყაზახურმა მხარემ აზერბაიჯანს შესთავაზა სამგზავრო საბორნე მიმოსვლის აღდგენა მარშრუტზე: პორტი კურიკი – პორტი ბაქო – პორტი კურიკი. აღნიშნული მიმოსვლა 2020 წლამდე ფუნქციონირებდა, თუმცა ის COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა. ალიმ ბაიელმა აღნიშნა, რომ მიმოსვლის შეჩერებამდე კასპიის ზღვაზე საბორნე მარშრუტით წელიწადში დაახლოებით 1 500 მგზავრი სარგებლობდა. ის იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში ამ მარშრუტით მგზავრობით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება. საბორნე მიმოსვლის აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამგზავრო კავშირების განვითარებას, ტურისტული ნაკადების ზრდას და „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) შესაძლებლობების გაფართოებას. ელჩმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ყაზახეთის წინადადებას მხარი დაუჭირა. ამჟამად ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებები მუშაობას შეუდგნენ, რათა სამგზავრო მიმოსვლა რაც შეიძლება მალე აღდგეს.
ყაზახეთი კასპიის ზღვაზე $1 მილიარდის ღირებულების ახალ პორტს ააშენებს
ყაზახეთი კასპიის ზღვაზე $1 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ პორტს ააშენებს. მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 6-15 მილიონ ტონას შეადგენს. შემდგომ ეტაპებზე დაგეგმილია სიმძლავრის გაზრდა წელიწადში 25 მილიონ ტონამდე. პროექტი მოიცავს შვიდ ნავმისადგომს, დაახლოებით 3-კილომეტრიან ტალღისმჭრელ ნაგებობას, საერთო ჯამში 7,5 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ლიანდაგებს, ასევე, გემთმშენებელ და გემთსარემონტო კომპლექსს.
ნიგერიელი მილიარდერი უდიდესი ნავთობქარხნის აქციებს მოქალაქეებს სთავაზობს
ნიგერიელმა მილიარდერმა თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) დაიწყო, რაც აფრიკაში აქციების გაყიდვის ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა. შეთავაზების მიზანი ქარხნის გაფართოებისთვის 2.1 მილიარდ დოლარამდე მოზიდვაა. აფრიკის უმდიდრესმა ადამიანმა ალიკო დანგოტემ განაცხადა, რომ მიზანი რიგითი ნიგერიელებისთვის ქარხნის წარმატებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემაა. ქარხანამ მის პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნით ისარგებლა, რაც ირანთან დაკავშირებული ომის გამო მიწოდების შეფერხებებმა გამოიწვია. ამან ქარხანას საშუალება მისცა, საავიაციო საწვავი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაეყიდა. ცნობისთვის, აქციების პირველადი განთავსება (ინგლისურად Initial Public Offering (IPO)) არის კომპანიის მიერ აქციების პირველი საჯაროდ გაყიდვა.