ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
ამერიკელებმა პრეზიდენტის დღე აღნიშნეს
ამერიკელებმა "პრეზიდენტის დღე" აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Voanews-ი ავრცელებს. ამერიკელები ამ დღეს თებერვლის ყოველ მესამე ორშაბათს აღნიშნავენ. თებერვალში, ამერიკის ორი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტის - პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის და მე-16-ე პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის - დაბადების დღეა. "პრეზიდენტის დღე", ზოგიერთი დასაქმებულისთვის, მაგალითად, ფედერალური საამსახურის თანამშრომლებისა და ბანკის თანამშრომლებისთვის დასვენების დღეა. მაგრამ, ბევრისთვის ეს დღესასწაული დასვენების დღეს არ ნიშავს. გამომდინარე იქიდა, რომ დღესასწაული ზამთარში აღნიშინება, ის არ ასოცირდება ხალხმრავალ შეკრებებთან, პიკნიკებთან და ა.შ. ხშირად, ამ დღესასწაულზე კომპანიები მომხმარებლებს საგანგებო ფასდაკლებებს სთავაზობენ. წელს, ბოსტონში არსებული აუქციონის სახლი RR-auction-ი მსურველებს განსაკუთღებულ ლოტები შესთავაზა. ონლაინ აქუციონზე, აშშ-ის პრეზიდენტებთან დაკავშირებული 300-მდე არტეფაქტი იყო წარმოდგენილი. მათ შორის, პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის ჰარვარდის ჟოლოსფერი სვიტერი, ჯორჯ ვაშინგტონის თმის სამაგრები და აბრაამ ლინკოლნის მიერ ხელმოწერილი ფოტოსურათი. ცნობისთვის, "პრეზიდენტის დღე" სათავეს, პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღის აღნიშვნიდან იღებს. ის 22 თებერვალს დაიბადა. კონგრესმა, პრეზიდენტის დღე ფედერალურ დღესასწაულად 1968 წელს გამოაცხადა. ამავე წელს, მისი აღნიშვნის თარიღად, თებერვლის მესამე ორშაბათი დადგინდა. მაშინ, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ დღესასწაული პრეზიდენტ ლინკოლნის დაბადების დღეზე უნდა ეზეიმათ, რომელიც 12 თებერვალსაა. შესაბამისად, დღესასწაულისთვის, ვაშინგტონის დაბადების დღის ნაცვლად, პრეზიდენტის დღე უნდა ეწოდათ. კონონმდებლებმა იდეა უარყვეს და ოფიციალურად, დღემდე ამ დღესასწაულს ვაშინგტონის დაბადების დღე ჰქვია. ნებისმიერ შემთხვევაში, დღესასწაული მაინც პრეზიდენტის დღედაა ცნობილი და აშშ-ის ყველა პრეზიდენტის დღედ მიიჩნევა.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი: დამწუხრებული ვარ. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო
"დამწუხრებული ვარ. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო", - ასე ეხმიანება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენეს. ის განცხადებას Twitter-ის გვერდზე აკეთებს. "დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ვარ ღრმად შეშფოთებული", ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დამწუხრებული ვარ, ვღელავ, ნაწილობრივ კი ზიზღს იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციაზე, დაცვაზე, გაძლიერებაზე, დახმარებაზე 23 წელი დავხარჯე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო. არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ხალხი და ქვეყანაა ევროპასა და დასავლეთში, რომლებიც მოხარულნი იქნებიან თქვენი ჩამოწერით; ერთით ნაკლები „ყოფილი საბჭოთა კავშირის“ ქვეყანა, რომელზეც უნდა იდარდო, რომლებიც ასაზრდოებენ ყველა თვითწარმოქმნილ ნარატივს იმის შესახებ, რომ თქვენ არ ხართ რეფორმირებადი, და ამრიგად მხარდაჭერად არ ღირხართ“, - წერს ყოფილი პრეზიტენდი.
გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენაზე
საქართველოს ექს-პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახლა ისეთი ვითარებაა, პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. მარგველაშვილი ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და ჟურნალისტის კითხვაზე რას ურჩევდა სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს, აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს "ამის მეოთხედიც არ მოხდებოდა. "ჩემი პრეზიდენტობის დროს მსგავსი რამ არ მოხდებოდა იმიტომ, რომ იცოდნენ როგორი მძაფრი რეაქცია მექნებოდა და როგორ ვიმოქმედებდი. ახლა ისეთი ვითარებაა პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის ადგილას მე კარგად დავფიქრდებოდა რომ წარმედგინა, არა პარტიის, არამედ საზოგადოების განმუხტვის კანდიდატი", - განაცხადა "პალიტრის" ეთერში მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, პრემიერის მინისტრობის ახალ კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
პრეზიდენტი: ვიმედოვნებ, პრემიერობის კანდიდატი შეძლებს არ დაუშვას, ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს
"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს", - აღნიშნული განცხადება პრეზიდეტმა დღეს გააკეთა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დასძენს, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი. "ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას. სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას. ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს. დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია. მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება. ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: მოვუწოდებ მხარეებს პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ
„როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს", - NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კონოლი მოუწოდებს საქართველოში მხარეებს პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ. „როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და დაუყოვნებლივ აიღონ ამ კრიზისისა და მის საფუძვლად არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ვალდებულება. მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოში ჯანსაღი დემოკრატია ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის გახსნის ერთადერთი გზაა სამწუხაროდ, ბოლო პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებისთვის სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას. სულ რაღაც ათი დღის წინ მე ხელახლა წარვადგინე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს კანონპროექტი აჩვენებს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის წინაშე. თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში. კონგრესმენის თქმით, გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა დ ნდობისთვის პირობების შექმნის გზით. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ მისწრაფებაში. საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან ავტოკრატიების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ALDE-ს პრეზიდენტი: მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოპოზიციასთან ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თარიღის დასადგენად ითანამშრომლოს
"მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეხვდეს ოპოზიციას და ითანამშრომლონ ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად",- ასე გამოეხმაურა "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის" (ALDE) პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების ფაქტს და ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. განცხადება Aldeparty-ზე გამოქვეყნდა. "ღრმად ვარ შეშფოთებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, ძალისმიერი დაკავების გამო. ამ ძალიან მგრძნობიარე პერიოდში, როცა სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რასაც თან ერთვის პანდემია, ძალის გამოყენება, პოლიტიკური დაძაბულობის მეტად გაღვივება და განსხვავებული ხმების ჩახშობა არ არის ის გამოსავალი, რომელსაც საქართველო იმსახურებს. დაუყონებლივ მოვუწოდებ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. პოლიტიკური განსხვავებები უნდა გადაიჭრას პარლამენტში და არა ოპოზიის ლიდერების ძალისმიერი და თვითნებური დაპატიმრების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, "ქართული ოცნებას" შეხვდეს ოპოზიციას და ითანამშრომლონ ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად და ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც ამ კვირის ბოლოს შეიკრიბებიან, გაგზავნონ იგივე ძლიერი შეტყობინება..." - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტი: პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განვიხილე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. როგორც პრეზდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე პრეზიდენტმა პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მზად არის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს. ამ წუთებში ევროკავშირის საქართველოს ოფისში, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან. "დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამი ქვეყნის ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს; საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასსა და გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამინისტრაციის ცნობით პრეზიდენტმა ელჩებთან საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა განიხილა. "პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები", - აღნიშნულია განცხადებაში, სადაც კონკრეტული ინფორმაცია მითითებული არ არის. დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდა. სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა. მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.
IRI-ის პრეზიდენტი: ქართველმა ხალხმა მთავრობა არა გაუთავებელი კინკლაობისთვის, არამედ ქვეყნის სამართავად აირჩია
"ქართველმა ხალხმა მთავრობა არა გაუთავებელი კინკლაობისთვის, არამედ ქვეყნის სამართავად აირჩია", - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. ტვაინინგის თქმით,მიმდინარე მოვლენებში პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს და არა მხოლოდ მთავრობას და ოპოზიციას, არამედ ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს კონსტრუქციული და ყველამ წესების მიხედვით უნდა ითამაშოს, თუმცა ტვაინინგი მთავრობის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება, რადგან ის ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა წარმოადგენდეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს. „ვფიქრობ, ყველა მხარეა პასუხისმგებელი. ეს არ არის მხოლოდ მთავრობა და მხოლოდ ოპოზიცია. ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს კონსტრუქციული და ყველამ წესების მიხედვით უნდა ითამაშოს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს წესები გვაქვს იმისთვის, თუ როგორ წავიდეთ წინ. ეს ჩანს ჩვენს ქვეყანაში, ბევრ სხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. დემოკრატია ყველგან ზეწოლის ქვეშაა. საქართველოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, არჩევნების შეფასების მხრივ. ჩვენ ცოტა ხანში რეკომენდაციებით ანგარიშს გამოვაქვეყნებთ. თუმცა, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მთავრობა აკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს, მთავრობა მართავს ქვეყანას. ამის გამო, მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება ზრუნვით და სიდინჯით, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვით იმოქმედოს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს,”- აცხადებს ტვაინინგი. ტვაინინგი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე ერთ ნაბიჯს უკან გადადგამს და შეიმუშავებს წინ წასვლის სწორ გზას. მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყება მნიშვნელოვანია. "იმედი მაქვს, ორივე მხარე, ყველა მხარე ერთ ნაბიჯს უკან გადადგამს და შეიმუშავებს წინ წასვლის სწორ გზას. იყო მოწოდებები ორივე მხრიდან, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ეს მოწოდებები პირნათლად უნდა შესრულდეს. არ უნდა იყოს ისე, რომ გაჟღერდეს მოლაპარაკებების მოწოდება და ამავე დროს რაღაც სხვა აკეთო, რასაც ღირებული შედეგი არ მოაქვს. აქ რამდენიმე რამაა შემაშფოთებელი. ერთი ისაა, რომ ეს ყველაფერი ფოკუსში აქცევს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზას და ამ ეტაპზე ეს კარგად არ გამოიყურება იმ თვალსაზრისით რომ საქართველო შემდგარი და წარმატებული დემოკრატიაა. ვფიქრობ, ნატოში და დასავლეთში იმედი გვაქვს, რომ სიმშვიდე, სტაბილურობა, წესრიგი და დემოკრატია გაიმარჯვებს. ასევე, ეს პოლარიზება, დაპირისპირება და დაძაბულობა საუკეთესო ვექტორია მტრულად განწყობილი მოთამაშეებისთვის, როგორიცაა რუსეთი, ან ქვეყნის შიგნით არსებული ექსტრემისტული ძალებისთვის იმის გასაკეთებლად, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. პოლარიზაციასთან ყველას გვაქვს შეხება და ეს არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში. ყველას გვყავს მტრული ძალები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებული განსხვავებების გამოყენებას ცდილობენ. გვინდა, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ ასეთი გავლენები საქართველოსთვის სარგებლის მომტანი არ არის... საქართველოში არავინაა დაინტერესებული იმით, რომ საქართველო კრიზისული ქვეყნების სიას, იმ სიას დაემატოს, რომელიც ჩამონგრევის რაღაც ეტაპზეა. საქართველოს წარმატება ყველას ინტერესებშია. ამერიკას საქართველოს სახით ძლიერი და წარმატებული მოკავშირე სჭირდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობა მართავს ქვეყანას. მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი უკავშირდება არა იმას, თუ ჩვენ რა გვსურს, არამედ იმას, თუ რა სურს ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს სურს ჰყავდეს მთავრობა, რომელიც მათთვის მუშაობს და მისი მოქალაქეების წინსვლისთვის ქვეყნის გაერთიანებას ცდილობს,“ - აცხადებს ტვაინინგი.
პრეზიდენტი ოკუპაციასთან მებრძოლთა მემორიალური კომპლექსის დაარსების ინიციატივით გამოდის
"100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან, იმ დღიდან, როცა რუსეთის მე-11 არმიამ მდუმარე თბილისში რუსთაველის გამზირზე ჩამოიარა და დაიწყო 70 წლიანი მონობის ბნელი პერიოდი', - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა. ორბელიანების სასახლის ეზოში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე, გამარჯვება არა მხოლოდ მტერზე, არამედ დროსა და ისტორიაზე, ტრაგედიასა და უსამართლობაზე! "ეს დღე სახელმწიფოს მიერ გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენს მეხსიერებაში ისევ ცოცხლობს თითოეული გმირი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას სამფეროვანი დროშის ქვეშ. საქართველო მარცხს არ შეჰპუებია. ის არ შეეგუა ოკუპაციას. შეუპოვრობა ჩვენი ერის უკვდავებისა და გამძლეობის გენეტიკური ნიშანია. იმთავითვე, ოკუპაციის შემდგომ წლებში - 1922, 23, 24 წლებში, საქართველოს ყველა კუთხეში ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობდა მანამდე, სანამ სასტიკმა ტოტალიტარულმა მანქანამ ერის ხმა არ ჩაახშო, თუმცა დროებით. 1956, 1978, 1989 წლები ეროვნული ენერგიის გაღვიძების თარიღებია. საქართველო ოკუპაციას არ შეეგუა და საკუთარი იდენტობა და მეობა კულტურის დაცვასა და განვითარებაში გადაიტანა. ამ წლების თავისუფალი სული ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძისა თუ ქეთევან მაღალაშვილის ტილოებშია, ევგენი მიქელაძის მუსიკაში, პეტრე ოცხელის შემოქმედებაში, გალაკტიონისა თუ პაოლოს პოეზიაში, სწორედ ისინი არიან დამოუკიდებლობის სულის გამგრძელებლები და ეროვნული სულისკვეთების გადამრჩენელები. საქართველო ოკუპაციას არ შეეგუა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არასოდეს შეუწყვეტია სამართლებრივი არსებობა, არ უღიარებია საბჭოთა ძალაუფლება. მან საზღვარგარეთ გააგრძელა ბრძოლა: ემიგრაციაში გაიტანა სამფეროვანი დროშა, სუვერენობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სამართლებრივ დონეზე გააგრძელა - ამერიკის კონგრესის მოსმენებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში და ევროპული ქვეყნების მთავრობებთან, რათა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა არ გამქრალიყო და არც გამქრალა. როგორც პარიზის წმინდა ნინოს ეკლესია დაარსებიდან ქართული ეკლესიის ტრადიციას, თავისუფალ სულს ატარებდა და ატარებს. საქართველო მარცხს არ შეეგუა! და პირიქით, მან მარცხი საკუთარ გამარჯვებად აქცია: აღდგა ეროვნული მოძრაობა და 1991 წლის 9 აპრილს აღდგა დამოუკიდებელი საქართველო, როგორც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე! ეს არის გამარჯვება არა მხოლოდ მტერზე, არამედ დროსა და ისტორიაზე, ტრაგედიასა და უსამართლობაზე! გამარჯვება, რომლის გარდაუვალობის გვჯეროდა ქვეყნის გარეთ - ემიგრაციაში - და რომლისაც სჯეროდათ ქვეყნის შიგნით, შიდა ემიგრაციაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ხვედრი იყო. ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი დღევანდელი ტრაგედიაა, თუმცა ქვეყანა დამოუკიდებელია, სუვერენულია და მყარად დგას განვითარების გზაზე! ეს არის ჩვენი გამარჯვება! გამარჯვებაა ისიც, რომ კონფლიქტებისა და ომის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროპისკენ, გზას დემოკრატიის მშენებლობისკენ! მოდის დრო, როცა მეხსიერება ისტორიად უნდა იქცეს, ანუ მარადისობაში გადავიდეს. ასე იწერებოდა და დაიწერება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორია. გლოვასაც თავისი დრო აქვს. ალბათ მოვიდა დრო, რომ გლოვა დავასრულოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული დარჩა ამ 70 წლის ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ კი გვჯერა, რომ მივაღწევთ ჩვენს მიზანს - ქვეყნის გამთლიანებას და გაერთიანებას. 25 თებერვალი უნდა იქცეს იმ დღედ, როცა გავიხსენებთ, როგორ იმარჯვებს სიმართლე და ღირსება, როგორ შეიძლება პატარა ერი გამარჯვებული გამოვიდეს დიდ იმპერიასთან ჭიდილიდან, როგორ შეუძლია ქვეყანას თავის ტრადიციებსა და იდენტობაზე დაყრდნობით დაისახოს მომავალი და მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც თუნდაც 30 წლის წინ წარმოუდგენელი იყო - ევროპის ასოცირებულ წევრობას და ნატო-ს პარტნიორობას. მინდა ამ დღეს დავუკავშირო ჩემი ერთი მოსაზრება და თქვენ წარმოგიდგინოთ. მემორიალური კომპლექსის დაარსებით მივაგოთ პატივი მათ, ვინც ამ 100 წლის განმავლობაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. შევქმნათ მემორიალი, რომელიც ასახავს ამ უწყვეტი ბრძოლის ისტორიას, მის ფურცლებს, მისი გმირების ღვაწლს - ყველასი: 1921 წლის მებრძოლების, აჯანყებების მონაწილეების, რეპრესირებული ადამიანების, რომლებიც სასტიკად იდევნებოდნენ, მეორე მსოფლიო ომის მეომრების, 1956 წლის სტუდენტების, 9 აპრილის მსხვერპლთა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში და 2008 წლის ომში დაღუპულების, - ყველასი, ვინც იბრძოდა ერთიანი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსთვის. ასეთი მემორიალი, დაყოფილი ჩვენი ისტორიის ამდენივე ფურცლად, ამავე დროს, ახალგაზრდა თაობებს ჩვენი ისტორიის გაცნობისა და გაცნობიერების საშუალებას მისცემს, უცხოელ სტუმრებს კი გააგებინებს, რა შეუპოვრად იბრძოდა საქართველო თავისუფლებისთვის. სამშობლოს სიყვარულისათვის გაერთიანებული და დაღუპული გმირები შეიძლება კიდევაც გამოგვადგეს შერიგების მაგალითად!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ფაშინიანის და ალიევის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას თურქეთის პრეზიდენტიც ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას. „თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეგობარ საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 100 წლისთავი საქართველოსთან, რომელიც იყო პირველი ქვეყანა, ვინც ანკარაში საელჩო გახსნა. დარწმუნებული ვარ, თქვენი აღმატებულების მხარდაჭერით ყველა სფეროში გაგრძელდება და განვითარდება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა“, - ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მილოცვაში. თურქეთის პრეზიდენტის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და უკრაინის პრემიერმა მიულოცეს.
პრეზიდენტი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს გმობს და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა. ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
პრეზიდენტი მიესალმება მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის ვადის გახანგრძლივებას
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო. აღნიშნულ ეტაპზე კი, საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მიღება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ეწვევა
28 თებერვალს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებში - მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში - ტურნეს იწყებს და ის 3 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირის პრეზიდენტი 28 თებერვალს ეწვევა კიშინიოვს, სადაც მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება. მოლდოვის შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება. შარლ მიშელი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს და საოკუპაციო ხაზთან, ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვევა. საქართველოდან მიშელი გაემგზავრება უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მოინახულებს და კიევში შეხვდება კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობებისა და COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლის გარდა, დღის წესრიგში იქნება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი.
ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობით, ევროკავშირში COVID-პასპორტს გამოშვებას სამი თვე დასჭირდება
ევროკავშირს კორონავირუსის ვაქცინის სერთიფიკატის შემუშავება სურს, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია ტურისტული სეზონისთვის, მაგრამ სისტემის შედგენას მინიმუმ სამი თვე დასჭირდება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. როგორც ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა ვიდეოკონფერენციის შემდეგ, ტექნიკური სამუშაოების გარდა, COVID-პასპორტთან დაკავშირებით, რამდენიმე ღია პოლიტიკური კითხვაც არსებობს. ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კოვიდ-პასპორტის შემოღებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ და მათი აზრი ორად იყოფა. ინიციატივის მხარდაჭერას არ ჩქარობს გერმანია და საფრანგეთი. პარიზსა და ბერლინში მიიჩნევენ, რომ ასეთი პასპორტების ან სერტიფიკატების შემუშავება ნაადრევია, ვინაიდან მონაცემები ვაქცინების ეფექტურობასთან და ვირუსის შემდგომ გადაცემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასრულია. აღნიშნულ ქვეყნებს ასევე მიაჩნიათ, რომ მხოლოდ აცრილი პირებისთვის მოგზაურობაზე ნების დართვა იმ დროს, როდესაც ვაქცინაციის პირველ ფაზებში ახალგაზრდები ნაკლებად პრიორიტეტულ სეგმენტად მოიაზრებიან, დისკრიმინაციული იქნება. გერმანია და საფრანგეთი თავშეკავების კიდევ ერთ მიზეზად ვირუსის სწრაფად გავრცელებას, ახალ შტამებსა და შემდგომ მუტაციას ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს აცრილი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აღდგენას, მათ შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროკავშირს „მწვანე პასპორტის“ დაუყოვნებლივი დანერგვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თუ „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრია თანამოაზრეების მოძებნას, როგორც მეზობელ, ასევე არამეზობელ ქვეყნებთან შეეცდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს. ამავე თემაზე: შარლ მიშელი საქართველოშია.
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის
"დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში 2 თვის წინ თავისი ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიშელთან მაშინაც დადებითი საუბარი ჰქონდა. „დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა არის, რომ ის რაც იყო და არის საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტ-კრიზისულ გეგმაზე ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია. "დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთაnხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე და ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა
"ყველაფერს გავაკეთებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაცია ამ მომენტში არის მთავარი გამოწვევა. "Covid19-ის პანდემიის პერიოდში ევროპამ აჩვენა და ისევ დაანახებს საქართველოს თავის სოლიდარობას. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მლნ ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა, ამ მომენტში ვაქციანაცია არის მთავარი გამოწვევა. ევროკავშირი COVAX პროგრამის მთავარი დონატორია. ამის წყალობით, იმედია, ვაქცინები საქართველოშიც იქნება. ყველაფერს გავაკეთებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა. ევროკავშირის დახმარება უფრო დიდი და ფართოა, ვიდრე კოვიდი. 800 მლნ ევროს მობილიზება მოხდა მთლიანად ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის ბანკის მხრიდან, რომლის წარმომადგენელი მე ასევე მახლავს, იმისათვის, რომ დახმარებები განვიხილოთ. 2007 წლიდან დახლოებით, 1,8 მლრდ ევროა ჩადებული“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზები ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის
"ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზები ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის, 2008 წლის ომის შემდეგ. ეს უნდა შეიცვალოს", - აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ, Twitter-ზე გააკეთა. "მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზები ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის, 2008 წლის ომის შემდეგ. ეს უნდა შეიცვალოს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს შარლ მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა
„მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირი არის ყველაზე დიდი მონაწილე, რომ საქართველოს ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეს. "ევროკავშირი მხარს უჭერს საქარველოს 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტში, იმისთვის რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.