ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება არ მოქმედებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განუცხადა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა სურთ - ერთია, ხოლო ქმედებით მეორეს ვუყურებთ“. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ „ამის ნათელი მაგალითი 26 მაისი იყო, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, თუმცა პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო“. „პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ“. მსხილაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" საკუთარი განცხადებით 26 მაისის ფაქტის გადაფარვას ცდილობს. „ქართული ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. თუ პრეზიდენტის კრიტიკა სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს. ჩემთვის პირადად, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილს ვგულისხმობ. უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს - "ქართული ოცნება" "ქართული ოცნების" განცხადებაში ბოლო წინადადება იყო, რომ შუამავლობა შეუძლიათ გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ყოფს, ის ყველას პრეზიდენტია - დიდი მადლობა, როგორმე, ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ საზოგადოებასთან ურთიერთობას. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ?! - „ქართული ოცნება“ ამ განცხადებით ცდილობს, რომ 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახით? - პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის", - განაცხადა მსხილაძემ მედიასთან. შეგახსენებთ, პრეზიდენტი 31 მაისს ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვდა.
სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში. „პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, ,,გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში, ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 13 - წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით 17:00 საათზე იგეგმება. საქართველოს პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.იგეგმება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.
რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს - პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან
რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “როდესაც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გავლენა იქონია ქართული ტოლერანტობის წარმოსახვაზე, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი ცოცხალია. საქართველომ მიიღო და წელიწად-ნახევრის განმავლობაში მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს. მოდით, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს იმ ქვეყნიდან მოქალაქეების მიღება, რომელსაც შენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მართავს ყველაზე სასტიკ ომს შენი მეგობრის, უკრაინის - წინააღმდეგ. ის, რომ ეს რამე სერიოზული ინციდენტების გარეშე მოხდა, საქართველოს ტოლერანტობაზე მეტყველებს. ამაყები შეგვიძლია და უნდა ვიყოთ, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას ფრუსტრაციასა და ესკალაციას”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მინდა, მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ - პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან
მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით მიმართვისას განაცხადა. „მიუხედავად იმისა, მე პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ძალა, სხვა ქვეყნების მსგავსად, პატივცემული უნდა იყოს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ყველა შიდა და გარე წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს. მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია. ჩემთვის კონსტიტუციით მონიჭებული ვეტოს უფლება შემიძლია გამოვიყენო თუ მთავრობის რაიმე გადაწყვეტილება ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების თვალსაზრისით ყველა ნაბიჯს ვახორციელებ ამ მიზნების მხარდასაჭერად. ვცდილობ, მოხდეს დეპოლარიზაცია, ეროვნული შერიგება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ვამაყობ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად 19 აპრილს მოეწერა ხელი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ხელშეკრულება ბოლომდე რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. სამჯერ ოპოზიციის წარმომადგენლების შეწყალებით იმისთვის, რომ შემსუბუქებულიყო პოლიტიკური დაძაბულობა და შეთანხმება, რათა დადებულიყო, ეს გადაწყვეტილება, იყო მაღალი პოლიტიკური ფასის გამომწვევი პოლარიზებულ ატმოსფეროში. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ იმ დროს, როდესაც წარმოვადგენ მცირე ქვეყანას, დისკრეციული უფლებამოსილება პრეზიდენტისა უნდა იყოს თანასწორად პატივმიგებული მცირე თუ დიდი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ და მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ და ჩემი კონსტიტუციური ვეტოს გამოყენებით, იმ კანონმდებლობის თვალსაზრისით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს. შეიძლება, ჩემი ვეტო იყოს დაძლეული უმრავლესობის მხრიდან, მას მხარს დაუჭერს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რადგან ეს ეხება ძირითად პრინციპებს, რომლის ერთგულებიც ვართ ყველა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტის ტრიბუნიდან
ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, შარლ მიშელის შეთანხმება, პოლარიზაცია პრეზიდენტის შეწყალების უფლება - ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტის ტრიბუნა ასევე გამოიყენა იმისთვის, რომ მიემართა საქართველოს მთავრობისთვის; შეეხსენებინა ყველასთვის, რომ რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს თავისი გავლენა: ეს არის თავისუფალი სავიზო რეჟიმის, პირდაპირი ფრენების აღდგენა - ამ ფონზე კი, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, შარლ მიშელის ხელშეკრულება ბოლომდე რომ განხორციელებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მინიჭებული ექნებოდა. ახლა კი, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა. რუსეთის იმპერიალისტურ ბუნებასა და მისი ზრახვებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის ეს ბუნება ახალისებს რუსეთის აგრესიას და არა ევროკავშირის ან NATO-ს გაფართოება. ასეთ დროს კი, ზურაბიშვილს ამორალურად მიაჩნია რუსეთისთვის მადლობის გადახდა ევროკავშირისგან დახმარების ფონზე. საქართველოს პრეზიდენტმა ამავე გამოსვლაში სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და გამოხატა პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხისადმი. "დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, აქ, ამ დარბაზში ჩვენი, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ ვიხილავთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა. რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალების უფლებას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს უფლება აქვს პრეზიდენტს, ყოველგვარი საგარეო თუ საშინაო ზეწოლის გარეშე. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიებიც ახსენა. "მათ გვერდით ვდგავარ, ვინც სოხუმში გამოვიდა ბანერით - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. "როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ, რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო. შესაბამისი ცერემონია პარლამენტში გაიმართა. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მოგვიანებით, საპრეზიდენტო კომპლექსში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელსაც 81 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები, მათ შორის 50 სახელმწიფოს მეთაური, 13 პრემიერ-მინისტრი, ასევე, პარლამენტის და მინისტრების დონეზე წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის NATO-ს წარმომადგენლები დაესწრებიან. თურქეთში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. თურქეთის პრეზიდენტი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას შაბათს გამოაცხადებს. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ერდოღანმა არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ხმების 52,18%-ით, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 47,82% მიიღო.
კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების მიზანი უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლაა - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მიზანია უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, დარია ზარივნა წერს. „რუსების მიერ კახოვკის ჰოდროელექტროსადგურის აფეთქება მაქსიმალური არაადეკვატურობაა. ეს ქმედებები დასახლებული პუნქტებისა და ბიოსფეროს განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. დასახლებული პუნქტების ნაწილი უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია. ასევე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ნიშნავს, რომ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე. ეს ეკოლოგიური ტერორიზმია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი დარია ზარივნა. რუსეთმა გაანადგურა კახოვკას კაშხალი, რამაც გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში - კულება ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას - "ქართული ოცნება"
იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. „თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“. „რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა განცხადება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაზე, რის გამოც თავს ვიკავებთ და მომავალშიც თავს შევიკავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასა და მათი ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, მივიღოთ სათანადო ზომები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ქმედებები სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ქმედებების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კერძოდ, მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კონკრეტული პირების დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს მათი დანიშვნისას მხოლოდ სამართლებრივ დისკრეციას ანიჭებს. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაბამისი კანდიდატები, რაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. მოგვიანებით, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით და ცესკოს შესაბამისი ორი წევრის მონაწილეობით, ცესკოს იმ დროისათვის უკვე ჩატარებული ჰქონდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რამდენიმე შუალედური არჩევნები, რომლებთან დაკავშირებითაც რაიმე მეტ-ნაკლებად არსებითი შენიშვნა ვერავინ გამოთქვა. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია შერჩევის სამართლიანობის პრინციპი და უარი თქვა სამი კანდიდატის წარდგენაზე მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ მხარდაჭერაზე ოპოზიციის ნაწილი ამბობდა უარს. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია. საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა გადაესინჯა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ნაკლოვანი, საბოტაჟის წამახალისებელი წესი, რათა ცესკოს სრულფასოვანი ფორმირება გამხდარიყო შესაძლებელი. აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული წესი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში სწორედ ცესკოს საბოტაჟის წახალისების მიზნით, მიზანმიმართულად ჩაიდო. ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს. მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი განიხილავდა, თუმცა „მისი დამოუკიდებლობა კითხვება აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ხუციშვილის კატეგორიული მოთხოვნით“. პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას - "ქართული ოცნება" „მოგეხსენებათ დღეს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება ეროვნული ბანკის საქმიანობას. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია, წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელია. რაც ეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ, მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო; რაც აზიანებს ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას კი, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარაა“, - განაცხადა მსხილაძემ.
აფრიკის სამშვიდობო მისია შეეცდება, დაასრულოს ომი უკრაინაში - სიერა ლეონეს პრეზიდენტი
სამშვიდობო მისია, რომელიც შედგება ექვსი აფრიკული ქვეყნის ლიდერებისგან, კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს. ამის შესახებ სიერა ლეონეს პრეზიდენტმა ჯულიუს მაადა ბიომ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. ზამბიის, სენეგალის, ეგვიპტის, კონგოს რესპუბლიკის, უგანდისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერები კიევსა და მოსკოვს ამ თვის ბოლოს ეწვევიან და ომის დასრულების შესახებ თავიანთ წინადადებებს წარმოადგენენ. ბიოს თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა ბევრი ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა მის ქვეყანას და აფრიკის სხვა სახელმწიფოებს. Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთი და უკრაინა დასავლეთ აფრიკისთვის ხორბლისა და სასუქის მთავარი მომწოდებლები არიან. ომმა კი, ამ საქონლის იმპორტის ღირებულებ გაზარდა. „საერთაშორისო კრიზისმა დაასუსტა ჩვენი სახელმწიფოები იმ გაგებით, რომ აქ არსებული ეკონომიკური ზეწოლა და კრიზისი მარტივი საბაბია ოპოზიციისთვის“, - აღნიშნა ბიომ. კონკრეტულად გაურკვეველია, რას შესთავაზებს ექვსი აფრიკელი ლიდერი კიევსა და მოსკოვს.
მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეკითხვას, განიხილებოდა, თუ არა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, რასაც შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეაქცია მოჰყვა. მისივე განმარტებით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ფაქტია, რომ პრობლემა არ შექმნილა და ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას და მუშაობას აგრძელებს. ამასთან, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრის თანამდებობაზე კანდიდატურებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს. „რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ კანდიდატების წარდგენას დეკემბრამდე არ აპირებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს კანდიდატურებს. პრეზიდენტმა დეკემბრამდე იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა, რომელიც დეკემბერში იწურება და იგულისხმა ის ვადა, რომელიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელს პრობლემა აღარ ექნება. ასე რომ, უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტი იქნება მას დაუჭერთ თუ არა მხარს“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გადის. უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 15 მომხრე და 26 წინააღმდეგი ხმით დაძლია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა. ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის შეწყალების თაობაზე ზურაბიშვილის განცხადება იმის მაგალითია, რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება სათანადო აღნიშვნის ღირსი და იმის მაგალითია, რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს. კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს განცხადება მორიგი მაგალითია, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. „სალომე ზურაბიშვილთან პოლემიკაში არ შევდივართ. არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ასევე, ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ამას სათანადოდ აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ „წითელ ხაზებს“, რაც მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი მხრიდან სათანადო აღნიშვნას იმსახურებს. ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მისთვის ბევრ ადამიანს მიუმართავს, კობახიძე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიამ“ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნისთვის ლამის ნახევარი მსოფლიო დააორგანიზა. „გლობალურმა ომის პარტიამ ლამის ნახევარი მსოფლიო დააორგანიზა იმისთვის, რომ მიზნისთვის მიეღწია. გლობალურ ომის პარტიას არ აქვს არც ხაბეიშვილის იმედი, არც მელიას, არც ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძის, ხაზარაძის და სხვების იმედი და რაღაცნაირად, იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ვითარებას ააყირავებდნენ. ამიტომ ლამის ნახევარი მსოფლიო ჩართეს, რომ სააკაშვილი გაეთავისუფლებინათ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის შეიარაღებულ დაცვას ვარშავიდან რუსეთში გაფრენის უფლება არ მისცეს
სამხრეთ აფრიკის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელშიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას უსაფრთხოების პერსონალი და პრესის წარმომადგენელთა ჯგუფი იმყოფებოდნენ, ვარშავიდან სანქტ-პეტერბურგში ვერ გაფრინდა. ამის შესახებ BBC წერს. „დელეგაციის წევრები ფლობდნენ იარაღს, რომლის იმპორტზეც ნებართვა არ გააჩნდათ“, - წერს პოლონეთის სასაზღვრო სააგენტო Twitter-ზე. აფრიკის ლიდერების სამშვიდობო მისიით ვიზიტის დროს, კიევი თავდასხმის ქვეშაა - BBC რა სახის იარაღი იგულისხმა პოლონურმა მხარემ, განმარტებული არ არის. სამხრეთ აფრიკული პორტალი, News24-ი წერს, რომ ლაინერი ვარშავაში 15 ივნისს ჩაფრინდა და აეროპორტში ერთ დღეზე მეტხანს იყო დაბლოკილი. ამის შემდეგ კი, პრეტორიაში დაბრუნება მოუხდა. ბორტზე მყოფი ჟურნალისტები კი, ამბობენ, რომ მათ სასტუმროში მისვლა თვითმფრინავის დაკავებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლეს. სირილ რამაფოსა ვარშავაში ცალკე თვითმფრინავით ჩაფრინდა. რამაფოსას მცველებს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჩასვლამდე, კიევსა და პეტერბურგში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ. 16 ივნისს, სირილ რამაფოსა, აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო მისიის ფარგლებში, კიევს სარაკეტო თავდასხმის ფონზე ეწვია. აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამორიცხავს, ვიდრე კრემლი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჯარების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყება, ზელენსკის თქმით, ნიშნავს ომის არა დასრულებას, არამედ, მხოლოდ გაყინვას. 17 ივნისს, სირილ რამაფოსა სანქტ-პეტერბურგში, აფრიკის ქვეყნების - ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინს ხვდება. აფრიკის სამშვიდობო მისია შეეცდება, დაასრულოს ომი უკრაინაში - სიერა ლეონეს პრეზიდენტი
„ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. „ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა-როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა. მეორე, მე ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ასე შემდეგ. კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს წარდგენა. ჩვენ კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს“, - განაცხადა მედიასთან ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა.
გერმანიის პრეზიდენტი ყახაზეთის შემდეგ, ყირგიზეთს ეწვევა
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 21-23 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა, - ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მურატბეკ აზიმბაკიევმა განაცხადა. დაგეგმილია მოლაპარაკებები შტაინმაიერსა და სადირ ჟაპაროვს შორის. „სახელმწიფო მეთაურები განიხილავენ ყირგიზეთ-გერმანიის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს, ასევე განიხილავენ ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით“, - განაცხადა აზიმბაკიევმა. გერმანიის პრეზიდენტი 19-21 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება.
კვლევა: გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის შეცვლა უკრაინელების 25%-ზე ნაკლებს სურს
უკრაინელების ორი მესამედი მხარს უჭერს გამარჯვების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების გარკვეულ დონეზე შეცვლას, მაშინ როცა გამოკითხულთა მხოლოდ 23%-ს სურს ახალი პრეზიდენტის ყოლა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) კვლევაზე დაყრდნობით წერს. „უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა (73%) მხარს უჭერს ცენტრალური ხელისუფლების განახლებას ამა თუ იმ დონეზე. რესპონდენტთა ყველაზე მცირე რაოდენობა (23%) სურს, რომ პრეზიდენტი შეიცვალოს არჩევნების შემდეგ“. კერძოდ, უკრაინის დასავლეთ და სამხრეთ რესპონდენტთა 23%-ს, ცენტრში 21%-ს და აღმოსავლეთში 29%-ს, პრეზიდენტის შეცვლა სურს.
ევროკავშირს უკრაინასთან მიმართებით, გრძელვადიან პერსპექტივაში „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აქვს - ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკავშირს „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აქვს უკრაინასთან მიმართებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 21 ივნისს, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, როდესაც ქვეყნის საინვესტიციო გეგმები გამოაქვეყნა. „ეს ემსახურება უკრაინის დაოყოვნებელ საჭიროებებს. მაგრამ მოდით, მომავალზეც ვილაპარაკოთ. მე მჯერა, რომ ევროპის კავშირს საგანგებო პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა ლაიენმა. „უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როცა თავიანთ მომავალს წარმოიდგენენ, ისინი ხედავენ მათი ქალაქების თავზე მოფრიალე ევროპის დროშას. და ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება ", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი
კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "პირველ ვიცე-პრეზიდენტზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, გვექნება. კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ კანონის შესაბამისად ავირჩიოთპირველი ვიცე-პრეზიდენტი. ამ გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ თუ უახლოეს დღეებში, წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული და, რა თქმა უნდა, საჯაროდ გახდება ცნობილი. საბჭოს ყველა წევრს აქვს უფლება, რომ გახდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. პროცედურა ასეთია - საბჭოს ნებისმიერ ორ წევრს შეუძლია რომელიმე კანდიდატი წარადგინოს, შემდეგ საბჭო იმსჯელებს და ხმების უმრავლესობით გადაწყდება," - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ. კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა. 23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.