ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
პრეზიდენტი: დღეს ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან კომუნიკაციაში ჩაერთოს, თუკი შოვში მომხდარი ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოში მათი დახმარება გახდება საჭირო. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. „მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანას. მათ დღეს უკვე სოლიდარობა გამოაცხადეს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერისგან მოვისმინე, რომ ჯერ არ ვთვლით საჭიროდ სხვა ქვეყნების, სხვა პარტნიორების დახმარებას. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, მზად ვარ, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში თუ ჩემი როლი საჭირო გახდა, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან რაჭაში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის წინაშე, რაც გუშინ ღამეს და დღეს დატრიალდა. მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები იქნებიან. ეს ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ყოველი მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ტრაგედიის წინაშე გაერთიანება ვიცით. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ყველა შესაძლებლობებით დავეხმაროთ ადამიანებს, რათა მათი ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი გადალახონ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთა, რათა ადამიანები გადაერჩინა. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას. დღეს ერთიანობის დრო არის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ყველაფერში ჩავერთვები, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. მომავალ დღეებში თვითონაც ვნახავთ, რა კუთხით შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს ისინი უსაფრთხოდ არიან. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დაახლოებით 30-მდე ადამიანს ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. გეოლოგი შოვის სტიქიის მასშტაბებს აფასებს
დიდმა ბრიტანეთმა უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილს $25,4 მილიონის ქონება ჩამოართვა
უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილს, გულნარა ქარიმოვას დიდ ბრიტანეთში ქონება ჩამოერთვა. ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, ეს არის ორი ბინა ბელგრავიაში და სასახლე სურეიში. თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო ბიუროს ცნობით, ლონდონის სასამართლომ აღიარა, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით იყო შეძენილი. უწყებამ სარჩელი ქარიმოვას ბრიტანული აქტივების ჩამორთმევის შესახებ, 2018 წლის ოქტომბერში შეიტანა. დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ეს სარჩელი 8 აგვისტოს დააკმაყოფილა. ჩამორთმეული ქონების ღირებულება 20 მილიონ ფუნტზე მეტს (25,4 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. სააგენტოს ცნობით, ქარიმოვამ 2004-2012 წლებში სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან ასობით მილიონი დოლარის ქრთამი მიიღო უზბეკეთის ბაზარზე შესვლის სანაცვლოდ. ტაშკენტის საქალაქო სასამართლომ გულნარა ქარიმოვას 2020 წლის მარტში 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახლა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი სასჯელს კოლონიაში იხდის. ზოგიერთი წყაროს ცნობით, გულნარა ქარიმოვა უზბეკეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლებოდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ამბიციები, მამის მემკვიდრე გამხდარიყო. შვეიცარიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, გულნარა ქარიმოვას ქონება თითქმის 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. „უზბეკეთის მთავრობა ცდილობს მათი ნაწილის დაბრუნებას,“ - იუწყება თავის მხრივ, რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური. გულნარა ქარიმოვა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის უფროსი ქალიშვილია. 2015 წელს, სანამ მამამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ქალს კორუფციის ბრალდებით, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
CNN-ის ცნობით, იუტაში ბაიდენის ვიზიტის წინ, კაცმა პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები გამოაქვეყნა
CNN-ის ინფორმაციით, FBI-ს თანამშრომლებმა იუტაში მცხოვრებ კაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა. მედიის ცნობით, კაცმა სამართალდამცველებს იარაღი დაუმიზნა. მედია სამართალდამცვავ ორგანოში მყოფ წყაროზე დაყრდობით წერს, რომ კრეიგ რობერტსონს სნაიპერული შაშხანა და რამდენიმე სხვა ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, კრეიგ რობერტსონმა ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი პრეზიდენტის იუტაში დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა. რობერტსონი, ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე აქვეყნებდა ონლაინ მუქარებს სხვა დემოკრატი პოლიტიკოსების და იმ პროკურორების მიმართაც, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში FBI-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ FBI სერიოზულად ეკიდება ყველა ინციდენტს, რომელშიც მისი აგენტები მონაწილეობენ. შესაბამისად, სროლის ინციდენტს FBI-ს ინსპექტირების სამმართველო განიხილავს.
შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სიყალბეს უწოდებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „შეწყალებასთან, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას.“ „კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე. როგორც არაერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე. ნათელია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან, არამედ პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან. ეს ყოველივე წარმოადგენს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთ ფორმას. რაც შეეხება მათ, ვინც ელოდება შეწყალებას, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში. „რუსთავი2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული ირაკლი ჭელიძის ძმას შეწყალების თემაზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან. ჭელიძის თქმით, პატიმრის ციხიდან დასახსნელად საქმის შესწავლას ოჯახს სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ანგი ხუციშვილი დაჰპირდა. ის აცხადებს, რომ შეხვედრა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების დროს ძალადობრივი ქმედებებისთვის გასამართლებული პატიმრის ახლობლებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს შორის ათონელის რეზიდენციაში შედგა.
ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი უწოდა
ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის, უილიამ ლაის შეერთებულ შტატებში ჩასვლა დაგმო, მას სეპარატისტი უწოდა და განაცხადა, რომ პეკინი თავისი სუვერენიტეტის დასაცავად, მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ლაი ჯიუტად იცავს ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტულ პოზიციას. „ტაივანი არის ჩინეთის ინტერესების მთავარი ბირთვი. მომხდარმა ისევ აჩვენა, რომ ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის მიზეზი არის ტაივანი, რომელიც ცდილობს „დამოუკიდებლობის საძიებლად აშშ-ს დაეყრდნოს,“ ნათქვამია განცხადებაში. ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
სერბეთის პრეზიდენტი ერდოღანთან შეხვედრაზე: რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თურქეთის კონსტრუქციული ჩართულობის იმედი გვაქვს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი თურქეთთან საუკეთესო ურთიერთობებს შეინარჩუნებს. „ყოველთვის მნიშვნელოვანი ღია საუბარი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მიმდინარე ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თურქეთთან საუკეთესო ურთიერთობების შენარჩუნება,“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ვუჩიჩმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია სერბეთსა და თურქეთს შორის უკვე კარგი თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში. „ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, სადაც ჩვენ მსოფლიოს ამ ნაწილში თურქეთის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო აქტორის კონსტრუქციული ჩართულობის იმედი გვაქვს, - აღნიშნა ვუჩიჩმა. ვუჩიჩი ერდოღანს შეხვდა უნგრეთის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნის ფარგლებში შეხვდა.
უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი ზაკარპატიის ოლქში 22 აგვისტოს დილით ჩავიდა. უნგრეთის პრეზიდენტი ზაკარპატიის ოლქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს. კატალინ ნოვაკი უკრაინაში ყირიმის პლატფორმის მესამე საერთაშორისო სამიტის წინა დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ იყო გამოცხადებული. უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა - მედია საინფორმაციო პორტალ Telex-ი წერდა, რომ ნოვაკი კიევში გამგზავრებამდე ასევე ჩავიდოდა ზაკარპატიის ოლქში, სადაც ადგილობრივ უნგრულ საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავდა წმინდა სტეფანეს დღეს. დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერთი სადავო კომენტარით იყო გამოწვეული. მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა
ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, რათა ხვალ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდეს. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს. „დაბრუნდით კიევში, რათა აღვნიშნოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მოძმე უკრაინელ ერთან ერთად. უკრაინის გამარჯვება ახლოს არის! ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე მას დასჭირდება!" დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე. ლიეტუვის პრეზიდენტი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც უკრაინისთვის დახმარების და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იქნება განხილული. 23 აგვისტოს, უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს. თანამედროვე დროში უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა პირველად, 1990 წლის 14 მარტს ლვოვის ოლქის სტრიის მერიაზე აღიმართა. კიევში ეროვნული დროშა მერის ოფისის თავზე 1990 წლის 24 ივლისს აღმართეს. „რუსული აგრესიის დაწყებისთანავე უკრაინის ლურჯი და ყვითელი დროშა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. წლევანდელი ეროვნული დროშის დღე უკრაინაში მასობრივი შეკრების გარეშე აღინიშნება რუსეთის თავდასხმების მუდმივი საფრთხის გამო,“ - წერს უკრაინული მედია.
პორტუგალიის პრეზიდენტი უკრაინაში პირველად ჩავიდა
უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელუ და სოუზა ჩავიდა. ის ომის შედეგად განადგურებულ ქალაქ ბუჩას ეწვია. ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში ეს პორტუგალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. მარსელო რებელუ და სოუზას თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს წელი უკრაინისთვის განსაკუთრებულია იმიტომ, რომ გრძელდება კონტრშეტევა, რომელიც მისი სუვერენიტეტის დასტურია. პორტუგალიის პრეზიდენტი კიევში რკინიგზით ჩავიდა. მის დელეგაციაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა თანამდებობების პირები შედიან. უკრაინას პარლამენტის წევრები 14 ქვეყნიდან ეწვევიან
საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგება
საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხსა და სამიტის მონაწილეებს მიმართავს. ცნობისთვის, ზურაბიშვილი ხსენებულ სამიტში გასულ წელსაც მონაწილეობდა იგივე ფორმატში. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და უკრაინისთვის მის დაბრუნებას.
ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა
ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა ხმების 52,6%-ით მეორე ვადით აირჩიეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხმის მიცემა ფართოდ გაყალბდა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი განაცხადეს, რომ კენჭისყრა დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება. საარჩევნო კომისიამ (ZEC) განაცხადა, რომ მნანგაგვას მთავარმა კონკურენტმა, მოქალაქეთა კოალიცია ცვლილებისთვის (CCC) კანდიდატმა ნელსონ ჩამისამ ხმების 44% მიიღო. ზიმბაბვეს პარტია საპარლამენტო არჩევნებში ასევე გამარჯვებულად გამოცხადდა, როდესაც 210 ადგილიდან 136 მოიპოვა. CCC-მ - 73. კიდევ 60 ადგილი ქალებისთვის არის განკუთვნილია, სადაც პროპორციული წარმომადგენლობით ინიშნებიან. BBC წერს, რომ ზიმბაბვეელები კვლავ მაღალი ინფლაციისა და სიღარიბის პრობლემის წინაშე დგანან. ზიმბაბვეელების მხოლოდ 25%-ს აქვს ოფიციალური სამუშაო ადგილი. 80 წლის ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი 2017 წელს მოწყობილი გადატრიალების შემდეგ გახდა. წინასაარჩევნო პერიოდში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ყველა, ვინც მის პარტიას მისცემდა ხმას, სამოთხეში მოხვდებოდა. აშშ-სა და ევროკავშირს ზიმბაბვეს წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული. ქვეყანას წლების განმავლობაში ავტოკრატი ლიდერი რეობერტ მუგაბე მართავდა. ის 2019 წელს გარდაიცვალა.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი ეროვნულ კრებას ხვალ გადადაგომის თაობაზე წინადადებით მიმართავს, ამის შესახებ არაიკ არუთუნიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო კვირებში საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ძალებთან და ფართო საზოგადოებასთან ურთიერთკავშირის შემდეგ, ორი დღის წინ მიიღო, საბოლოოა. მთიანი ყარაბაღის ბლოკადის გაძლიერებისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების შემდეგ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა ივლისში „უკიდურეს ზომას“ მიმართა და სტეფანაკერტში მჯდომარე აქციას შეუერთდა. 17 ივლისს არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ „ექსტრემალური ნაბიჯის“ გადადგმა გადაწყვიტა, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ყარაბაღის ჰუმანიტარულ კრიზისს. 2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამჟამად ყარაბაღის მოსახლეობა ელექტროენერგიის, საწვავის, სურსათის, მედიკამენტების მწვავე დეფიციტის პირობებში ცხოვრობს. ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 15 აგვისტოს დაფიქსირდა შიმშილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. კობახიძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. თუმცა მისი თქმით, „იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს.“ „საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინ წინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მმართველი პარტია, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. „უპირველესად შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქმე ძალიან ცხადი და მკაფიოა, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც მიმართულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. დღეს კი, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
რა წერია კონსტიტუციაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესთან დაკავშირებით
პრეზიდენტის იმპიჩმენტის აღსრულებას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. საკითხის აღძვრის უფლება კი, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, უპირველესად საკითხი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. მმართველი გუნდი, რომელმაც დღეს, პირველ სექტემბერს დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურები, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს „საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას.“ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტმა დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია. „იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი სექტემბრის ბრიფიგნზე. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება. ასევე გაეცანით: ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე
საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროპულ ინტეგრაციას ემუქრება. „იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსული ოცნება" აგრძელებს საბოტაჟს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. მათ სურთ, გადაფარონ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც არის მათთვის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი, „ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა, ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს... და ზოგადად, ამ ოპოზიციის სხვა აქტორების აქტივობას უკავშირებენ ამ ხელოვნურ თემებს," - ამბობს ფავლენიშვილი. თავის მხრივ, „ლელო" მოუწოდებს ყველას, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, მმართველ გუნდთან არ შევიდეს არანაირ განხილვაში. „შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი ვერ ახორციელებს რეალურ პოლიტიკურ პროცესებს და ამისთვის ქმნის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს. ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფალი ქართული ოცნების სახით,რომელიც ემსახურება ყოველდღიურად რუსეთის ინტერესებს იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის გავლით. ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება და წარმოუდგენელია რომ მისი ფინალამდე მიყვანა "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს. მოვუწოდებთ მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, არ შევიდეს არანაირ განხილვაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება გამყოფი წითელი ხაზი "ქართული ოცნების" პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ნაბიჯებს შორის," - განაცხადა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ევროპული კურსის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ყველა ხელის მომწერი იქნება საქართველოს ღალატზე რუსეთის სასარგებლოდ. „ევროპაში ვიზიტისა და სტატუსზე მოლაპარაკებების გამართვის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება „ქართული ოცნების“ ლუსტრაციას მოახდენს, რომ ისინი არიან რუსეთის დაკვეთის შემსრულებლები. კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივზე მეტად პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური პროცესია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია ხდება, თუ ვის სამსახურში დგას ხელისუფლება. მათი გაშიშვლება ხდება. ეს ყველაფერი უკვე წყალგამყოფია – ამაზე ხელმოწერა საქართველოს ინტერესების ღალატს ნიშნავს. ჩვენ დავთვლით, რამდენი მოღალატეა საქართველოს პარლამენტში, რომელიც მზად არის, ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტს პასუხი აგებინოს. ეს არანაირი სამართლებრივი საკითხი არ არის. ევროპული კურსის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს. ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ყველა ხელის მომწერი იქნება საქართველოს ღალატზე რუსეთის სასარგებლოდ,“ – განაცხადა მანჯგალაძემ. პარტია „გირჩის“ წევრს, ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, შესაძლოა, პრეზიდენტი დათმობაზე წავიდეს და სააკაშვილი შეიწყალოს. „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ბუა სჭირდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას, რადგან ციხეში პოლიტიკურად ძალიან სუსტად გამოიყურება და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ თავად არ გამოუშვან და ეს პრეზიდენტის ხელით გააკეთონ. იმპიჩმენტს „ნაცმოძრაობის“ ხმების გარეშე ვერ გააკეთებენ, 13 ადამიანს ვერ მოისყიდიან. ასეთ კონფიგურაციაში „ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება – თუ მიშას არ გამოუშვებთ, იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო. ამ სიტუაციაში პრეზიდენტმა შეიძლება, იმპიჩმენტის გამო დათმოს და მიშა შეიწყალოს. მას ბოლომდე „ნაცობა“ „შეეტენება“, „ქართულ ოცნებას“ კი საარჩევნოდ ბუა ეყოლება და მიშას გათავისუფლებაც არ დაჰბრალდება,“ ამბბობს რაქვიაშვილი. შეგახსენებთ, დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება. ასევე გაეცანით: ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
ევროპარლამენტართა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით „შოკირებულია“
ევროპარლამენტარების ნაწილი მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყებას ეხმაურება. „შოკირებული ვარ, რომ მესმის პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის შესახებ. იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს. ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ „ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების,“ - წერს Twitter-ზე მარკეტა გრეგოროვა. „სრულიად აბსურდული ნაბიჯით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციისა და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, - წერს თავის მხრივ, მირიამ ლექსმანი. შეგახსენებთ, დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება. ასევე გაეცანით: ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც „არღვევს კონსტიტუციას.“ „იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა - ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა - „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მასთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას - „იქნებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარი დაგვიჭიროთ“. ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას,“ - განაცხადა მდინარაძემ. გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ვაჭრობა დაიწყოს, მდინარაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამბობს, რომ არ ჰგონია, რეპუტაციულად ისედაც ძლიერ დაზიანებული ადამიანი იმაზე წავიდეს, რომ „საკუთარი პერსონის აბსოლუტური პოლიტიკური ლიკვიდაცია გააკეთოს“. „ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაციონალური მოძრაობის“ შანტაჟს და რაღაც მოქმედება განახორციელა. არ მგონია, ამ გზით თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს პრეზიდენტი წამსვლელი, თუმცა გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ თუ არ ვცდები, დღეს გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ამით ევაჭრება პრეზიდენტს. თუ ეს მართალია და გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, ე.ი. რაღაც წყაროზე დაყრდნობით იყო და როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არსებობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება არ აწყობს, რომ ღიად უთხრას პრეზიდენტს, შეიწყალეთ, თორემ შეიძლება იმპიჩმენტს მხარს დავუჭიროთო, ამიტომ როგორც ჩანს, (თუ გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა), ეს გვერდითა გზებიდან სცადეს. თუმცა არ მგონია, რომელიმე ადამიანი ასეთ ღია შანტაჟს დაექვემდებაროს, რადგან არ მგონია, რომ რეპუტაციულად ისედაც ასე ძლიერ დაზიანებული ადამიანი იმაზე წავიდეს, რომ აბსოლუტური პოლიტიკური ლიკვიდაცია გააკეთოს საკუთარი პერსონის. თუმცა გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი „მესიჯბოქსი“ აქვთ პრეზიდენტს და „ნაცკლასტერს“. საერთო დავალების მიმცემები ჰყავთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
საფრანგეთის ელჩი ევროპული მომავლისკენ წინსვლაში პრეზიდენტის როლს მიესალმა
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრას ეხმაურება. ელჩი პრეზიდენტს ევროპული მომავლისკენ წინსვლაში მისი როლისთვის აქებს. „ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო. ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის," წერს საფრანგეთის ელჩი და ზურაბიშვილისა და მიშელის შეხვედრისადმი მიძღვნილ პრესრელიზს აზიარებს, რომელიც ევროკავშირის ვებგვერდზე გუშინ, პირველ სექტემბერს განთავსდა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, პირველ სექტემბერს გამართა.
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა
EBRD-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი და კლიენტთა მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელი, იურგენ რიგტერინკი, ორშაბათს, 4 სექტემბერს სამხრეთ კავკასიაში ერთკვირიან ვიზიტს იწყებს. ის ვიზიტს სომხეთიდან დაიწყებს, შემდეგ საქართველოს ესტუმრება და ვიზიტს აზერბაიჯანში დაასრულებს. EBRD-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს, ბიზნეს ლიდერებს და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს თითოეულ ქვეყანაში. სომხეთში, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკრედიტო ხაზს ადგილობრივ პარტნიორ ბანკთან, რათა კიდევ უფრო გაზარდოს კერძო სექტორის განვითარება. საქართველოში რიგტერინკი აღნიშნავს ახალი რეგიონული დირექტორის მიერ მისიის დაწყებას. საქართველოში რიგტერინკი გამოაცხადებს პროგრამის დაწყებას EBRD-ის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ვალდებულების ფარგლებში. აზერბაიჯანში ის მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის დაწყებაში ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და სწავლებისთვის, რაც ორგანიზებულია სახელმწიფო პროფესიული განათლების სააგენტოს მიერ და მიზნად ისახავს კვების მრეწველობის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას. ვიზიტიას რიგტერინკმა განაცხადა: „ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა, შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებს და ბიზნეს საზოგადოების წევრებს, რათა განიხილონ პრიორიტეტები რეგიონში, განსაკუთრებით კი, უკრაინასთან რუსეთის ომისა და მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით. კავკასია ბანკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ მუდმივი მხარდაჭერა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ჩვენი ინვესტიციების, საკონსულტაციო სერვისების და პოლიტიკის ჩართულობის გზით.“ ცნობისთვის, EBRD-მა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა რეგიონის 680 პროექტში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. სატრანსპორტო კავშირებზე ევროკავშირისა და EBRD-ის დასკვნა ცნობილია
პრემიერი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს კანონს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა მთავრობის უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. ირაკლი ღარივაშვილის თქმით, ვიზიტებზე უარის არგუმენტი მმართველი გუნდისთვის, პრეზიდენტის განცხადებები გახდა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება „გამართლებული იყო.“ „ქალბატონმა პრეზიდენტმა სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს. დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა, ჩვენი არგუმენტაცია მოვიყვანო. მან რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღოს მმართველმა პარტიამ, იყო გამართლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სწორი, გონივრული პოლიტიკით საქართველომ მოახერხა მეორე ფრონტის თავიდან არიდება.“ „მინდა, ჩვენს საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, თუ გახსენდებათ ვინმეს შეშფოთება, კრიტიკა ან რაიმე პროტესტი. ამიტომ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივად ასახსნელია – ფარისევლობა, ტყუილი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისთვის ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა, ჩვენი სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.