ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი პოსტიდან გადადგა. ნოვაკი ვადაზე ადრე დაბრუნდა დოჰაში მიმდინარე ვიზიტიდან და მიმდინარე პროტესტის ფონზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ნოვაკმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. „მე შეცდომა დავუშვი. შეწყალების გადაწყვეტილებას და დაუსაბუთებლობას, შესაძლოა, გამოეწვია ეჭვები. მე არასდროს შევიწყალებდი მას, ვინც სასტიკად ექცევა ბავშვებს. ბავშვთა დაცვა – ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა,” – განაცხადა ნოვაკმა ვიდეომიმართვისას. რაც შეეხება პრემიერ ვიქტორ ორბანს, ის საჯარო განცხადების დროს გამოვიდა მოწოდებით, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეუძლებელს გახდის ბავშვებზე მოძალადეთა შეწყალებას. 46 წლის ნოვაკი პარლამენტმა 2022 წელს აირჩია. ის ერთდროულად იყო უნგრეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ქალი პრეზიდენტი. მანამდე ნოვაკს ოჯახების მინისტრის პოზიცია ეკავა.  

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა. შეხვედრა წმინდა პეტრეს ტაძარში შედგა, მესაზე, როდესაც არგენტინის პირველი ქალი წმინდანად შერაცხეს. „დიდი მადლობა...!!!" მილეიმ რომის პაპთან შეხვედტრის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე ამ წარწერით გამოაქვეყნა. მილეი ორშაბათს, 12 თებერვალს პირადად უნდა შეხვდეს რომის პაპს, მანამდე კი, მოლაპარაკებები ექნება იტალიის ულტრამემარჯვენე პრემიერ ჯორჯია მელონისთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. როგორც Associated Press წერს, ოდესღაც ხავიერ მილეიმ რომის პაპს "იმბეცილი" უწოდა, რადგან მისი შეფასებით, რომის პაპი "სოციალური სამართლიანობის" იდეებს იცავს. მოგვიანებით, მილეიმ ბოდიში მოიხადა იმ შეურაცხყოფისა და კრიტიკისთვის, რომელიც მან ადრე საჯაროდ გამოთქვა რომის პაპის მიმართ.  

ფინეთის ახალი პრეზიდენტი: პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა. ალექსანდრე სტუბი, რომელიც საული ნიინისტოს ჩაანაცვლებს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველ მარტს შეუდგება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი - 48.4%-ი. სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრების უდიდესი პატივია. ფინეთის ახალმა პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საკმაოდ ცხადია, რთულია რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი პუტინთან, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს.“ „ვერ ვხედავ რაიმე სახის კომუნიკაციას პუტინთან ან რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უახლოეს მომავალში. ჩვენ ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ მომენტში ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის,“ - აღნიშნა სტუბმა.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ზურაბიშვილმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. ადმინისტრაციის ეს განმარტება, მთავრობის წევრების მხრიდან, პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას მოჰყვა. ამავე განმარტების თანახმად, ალიევისადმი მისალოცი წერილი 9 თებერვლით არის დათარიღებული. ვიცე-პრემიერები პრეზიდენტს აკრიტიკებენ „ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის“ გამო  

პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness).საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში.  

ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: აფხაზეთში არიან ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, „აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ.“ „თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არამეგობრული ქვეყნები ავლენენ. ამაზე ღიად ვლაპარაკობ. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც აზიანებენ ურთიერთობებს, ჩვენს პრაქტიკულად ერთადერთ მოკავშირესთან,“ - აღნიშნა ბჟანიამ. მისი თქმით, ბოლო წლებში „მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური ხასიათის ძალიან ბევრი მოვლენა ხდება, რომელმაც შესაძლოა, ბევრი სახელმწიფოს კონტურები შეცვალოს.“ „ბევრ ადგილას საბრძოლო მოქმედებებია, აღარ არსებობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლიც 30 წელზე მეტხანს არსებობდა,“ - დაამატა ბჟანიამ. ე.წ. ოპოზიციურ პარტიაში - „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი“ განაცხადეს, რომ ბჟანიას სიტყვები „თითქოს, აფხაზეთში არსებულ ანტირუსულ ძალებზე, სერიოზულად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რუსეთ-აფხაზეთის მეგობრულ ურთიერთობებს, რომელმაც დროის გამოცდას ღირსეულად გაუძლო.“ „ეროვნული ერთობის ფორუმი მსგავს განცხადებებს განიხილავს, როგორც სპეკულაციურ რიტორიკას, რომელიც ხელს არ უწყობს ქვეყანაში ისედაც დაძაბული მდგომარეობის სტაბილიზაციას.“ ბჟანიამ, „პარლამენტში“ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტიც შეიტანა.  

პრეზიდენტი ზელენსკისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს. აღნიშნული ფოტო სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. დამატებითი დეტალები ადმინისტრაციას არ გაუსაჯაროებია.  

პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა. „მადლობა გადავუხადე სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ ტომ ტილისს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშორსა და NATO-ში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. ასევე, განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ,“ წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილნი

„მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილნი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს,“ - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. „მიხარია საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს,” - წერს დომბროვსკისი სოციალურ პლატფორმა X-ზე. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის

რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია - პრეზიდენტი

შორეულ ქვეყნებშიც კი, გერმანიაში, ევროპაში, აღმოჩნდა საზოგადოებაში, კომუნიკაციაში, სოციალურ მედიაში რუსეთის ჩარევის მტკიცებულება. საქართველოში ეს რაში გამოიხატება? ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. „ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში  საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს,“ უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა. „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში. ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა და მასში ისევე როგორც 2022 წელს, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის ხელახლა დაკავებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აპირებს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება ბერლინში, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შეხვედრაზე გააკეთა. ფონ დერ ლაიენის ნომინაციას მარტის დასაწყისში, მისი პოლიტიკური ოჯახის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ყოველწლიურ ყრილობაზე დაადასტურებენ. „ევროპის სახალხო პარტიამ“ შიდა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად 21 თებერვალი დანიშნა. კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროკავშირის ლიდერების შეხედულებისამებრ, ევროპული არჩევნების შედეგების გათვალისწინების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც ლიდერობს, სარგებლობს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის დაუწერელი პრივილეგიით. ხელშეკრულებების თანახმად, კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროპულ საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით. ამის შემდეგ, საბჭოს წინადადება გადადის პარლამენტში, სადაც დასამტკიცებლად აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო. ლაიენი 2019 წლის 16 ივლისს დაინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტად. ის პირველი ქალი პრეზიდენტია ევროკომისიის ისტორიაში.  

ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: ჩვენი სურვილი იქნებოდა, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბაჟანია რუსულ სააგენტო ტასსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სოხუმში დაინტერესებული არიან „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით.“ „მთლიანობაში ჩვენი სურვილი იქნებოდა, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა. ამის თქმა შემიძლია, ჩვენ საქართველოს ხალხთან არავითარი ანტაგონიზმი არ გვაქვს, ჩვენ პრეტენზიები გვქონდა მათთან ვინც ეს ომი გააჩაღა და მათთან, ვინც ამ ომში მონაწილეობდა. ამან შეცვალა ყველაფერი საფუძვლიანად,“ - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა. ბჟანიას თქმით, დღეს „არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, დამოუკიდებლობა, რომელიც მხარდაჭერილია რუსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიერ.“ „ჩვენ განვითარების ჩვენი გზა გვაქვს და მას მივსდევთ. ამასთან დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით, ეს ერთი ამბავია, მეორე ამბავი ისაა, რომ გვესმის, ეს რამდენად არაა მარტივი. მაგალითად ავიარეისები, რომელიც სალონიკიდან (საბერძნეთი) სტამბოლში (თურქეთი) სრულდება, წერენ სალონიკი-კონსტანტინოპოლი, იყო ასეთი ფაქტი, კონსტანტინოპოლი ბერძნული მართლმადიდებლური ქალაქი იყო, მაგრამ ის ახლა ასეთი აღარაა, იყო ასე მაგრამ შეიცვლა, როდესაც ამას გაიგებენ საქართველოს ხელმძღვანელები, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესები სხვა დინამიკას შეიძენს,“ - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა. ბჟანიამ კვლავ ისაუბრა საქართველოს მთავრობის „პრაგმატულ მიდგომაზე.“    

პარლამენტმა პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივსაცემ ცერემონიაზე არ მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის.“ „დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდგეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვიეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის,“ წერს ადმინისტრაცია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „სალომე ზურაბიშვილის მიწვევა გათვალისწინებული არ ყოფილა“. მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, იყო თუ არა ეს დაკავშირებული მანამდე სალომე ზურაბიშვილისთვის მთავრობის უნებართვო ვიზიტების გამო იმპიჩმენტის გამოცხადებასთან, პარლამენტის სპიკერმა უპასუხა: „რაც შეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს მის საქციელთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია, რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, კიდევ ერთხელ ვამბობ შარშან ის მოწვეული იყო, არ გამოცხადდა ამ ღონისძიებაზე და წელს მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა.“ სალომე ზურაბიშვილი, შარშან არ დასწრებია პარლამენტში ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 2022 წელს კი, მონაწილეობდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს, პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. პრეზიდენტი ასევე ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მმართველი პარტიიდან წარდგენილი ტამაშ შუიოკი აირჩია. 67 წლის შუიოკი ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს 8 დღეში დაიკავებს. შუიოკი უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტი 10 თებერვალს გადადგა.  

პრეზიდენტი: შემოედინება დაფინანსება ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში პრორუსული ჯგუფების აქტივობაზე. მან შესაბამის შეკითხვებს უპასუხა და გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს. _ღელავთ თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს ამხელა გავლენა თქვენს ქვეყანაზე? რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ. ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით - კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს... როგორც თქვენ ამბობთ, თქვენი ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია... დიახ, ისინი ახლაც ოკუპირებულია, ამიტომ ასეთი საზოგადოებისათვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენი ყურადღება სხვა ისტორიას მივაპყრო, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ. როგორ იცით, თქვენს ქვეყანაში  1950 წლებიდან 2000-იან წლებამდე 100 000-მდე ჩვილი მოიტაცეს. ჩვენ ფოტოებს ვაჩვენებთ მაყურებელს, სადაც გამოსახულნი არიან 19 წლის ანა და ლიზა - ისინი ტყუპები არიან, რომლებიც დაბადებისას დააშორეს ერთმანეთს და 2005 წელს სხვადასხვა ოჯახს შავ ბაზარზე მიჰყიდეს. მათ დღეს ერთმანეთი იპოვეს. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მაყვლასა და მის შვილის, დავითის შეხვედრას, ისინი პირველად ხედავენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც დედას უთხრეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, როცა სინამდვილეში ის გაყიდეს. ვიცით, რომ მთავრობა ამ საქმეებს იძიებს, მაგრამ რა სახის სამართალი აღსრულდა ამ ოჯახებისათვის, რა სახის კომპენსაცია არსებობს ასეთის შემთხვევაში?  ამ ფაქტების გამოვლენის პროცესი, რომელებიც წლების წინ ხდებოდა და რომელმაც სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეძრა,  აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს, თუმცა, არ ვიცი რაიმე ფორმის კომპენსაცია მიენიჭათ თუ არა მათ [ოჯახებს], ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

პრეზიდენტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც თავად იღებს და შეუძლებელია ამაზე გავლენის მოხდენა საგარეო ან შიდა ზეწოლით. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი ალექსეი ნავალნი არ არის. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. ის დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტი არაა, ის ნავალნი არ არის. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის დროს ბევრი ისეთი რამ ჰქონდა, რასაც არ ვიცი, რა დავარქვა. რასაც ახლა ვხედავთ, რაც სხვადასხვა რეჟიმში გვინახავს, ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია - ეს ყველაფერი გვინახავს და სააკაშვილის მმართველობის დროს ამაში გვიცხოვრია. ასე რომ, ის ციხეში რეალური მიზეზების გამოა. ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და პატივცემული, მე ძალიან ახლოდან ვაკვირდებოდი იმას, თუ რა ემართება მას ციხეში. კითხვა, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს და გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მხრივ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ სადმე სხვაგან ყოფილიყო. ეს მთავრობის მისაღები გადაწყვეტილებაა. ბევრი გზებია, რითაც სხვა ქვეყნებს ეს პრობლემები მოუგვარებიათ - შინა პატიმრობა, ექსტრადიცია, რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ ის მზად არის, ექსტრადიციისთვის, თუმცა არ ვიცი, [მოთხოვნა] ფორმალურად თუ მოხდა. ასე რომ, ეს შესაძლებლობები არსებობს. ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მაქვს, რომელზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მცირე კომენტარს ვაკეთებ ხოლმე ქვეყანაში, ვინაიდან, ბევრი სხვა ადამიანია, რომელიც შეწყალების შესაძლებლობას ელის და ახსნას ან გამართლებას თუ დაიწყებ - ეს ძალიან არასამართლიანია სხვა ადამიანებისთვის. ასე რომ, კომენტარს არ ვაკეთებ. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავი წინაშე ვაგებ, და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გავლენაც შეიძლება, მოახდინო საგარეო ზეწოლით ან შიდა ზეწოლით”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

საქართველოსთვის საუკეთესოა პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია - პრეზიდენტი

„საქართველოს არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა, რადგან საჭიროება დაინახა, რომ ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება.“ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში კითხვებზე პასუხისას განაცხადა. “[საქართველოს] არაფორმალური ძალაც გარკვეულწილად შეიცვალა, ვინაიდან არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინონ. ის [ბიძინა ივანიშვილი] საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც “ქართული ოცნების” პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობას და საჭიროებას - საზოგადოებრივ აზრს, ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება. ასე რომ, არჩევნების დროს ეს მოხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა რიტორიკაზე, გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, იმ გზაზე, რომელიც ქართველ ამომრჩეველს სურს… 30 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ, სხვადასხვა რეჟიმში და ყველა ერთნაირად ასრულებს, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ხდება, როდესაც ძალიან დიდხანს რჩები ხელისუფლებაში ერთი პარტიით. ასე რომ, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება, მოხდეს [საქართველოსთვის] - არის პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან და ეს ნიშნავს ოლიგარქიის დასასრულს… და ეს გარკვეულწილად, პასუხია პოლარიზაციაზეც, რაღაც დონეზე,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

პრეზიდენტი: კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა, ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიისას დასმულ შეკითხვაზე პასუხის დროს განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა. პრეზიდენტის თქმით, მთავრობის "ორაზროვან პოზიციაზე" პასუხი არ აქვს, თუმცა კარგია, რომ რიტორიკა შეიცვალა. „არ ვიცი იმ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არის [საქართველოს] მთავრობა ამ ორაზროვან პოზიციაში. დარწმუნების გარეშე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ სანამ გრძელდება, მინდა აღვნიშნო და მხარი დავუჭირო ამას, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან [მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი] და ეს ამ გადაწყვეტილებების საოცრებაა, მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა. იმის გარდა, რომ საქართველოში, მთელ სპექტრზე, ყველა სრულიად პროევროპული გახდა, ახლა ყველა ამბობს, რომ ის იყო მთავარი ფაქტორი. რაც კარგია. ეს ერთია. ამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერ-მინისტრის ცვლილებიდან, ჩვენ ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ. კვლავ, არ მთხოვოთ ავხსნა, შემიძლია, ის გითხრათ, თუ რას ვხედავ და როგორ ვახდენ ინტერპრეტაციას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორი ახსნა მაქვს,” - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, ახალ პრემიერ-მინისტრს „ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდისტული“ რიტორიკა ჰქონდა, მაგრამ შეიცვალა. „ახალი პრემიერ-მინისტრი გვყავს, ის ადამიანი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტი უარყო, რომელსაც ყველაზე ანტი-დასავლური პროპაგანდისტული რიტორიკა ჰქონდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. და მოულოდნელად, როგორც ახალი პრემიერ-მინისტრი, ის პირველ რიგში ბრიუსელში მიდის და ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელი პირველი ვიზიტის ადგილი იყოს. თითქმის ყოველდღიურად ევროპელ ელჩებს იღებს, რათა თქვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ 9 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. იღებს ამერიკელ ელჩს, რათა თქვას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ. თუ ეს არის ევროპული გადაწყვეტილების შედეგი, ვფიქრობ ამ ცვლილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმავე მიმართულებით გავაგრძელოთ. ასე რომ, ძალიან კარგია, რომ ამ ძალიან ნათელ პოზიციაზე ხარ,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

საქართველოს მომავალი უკრაინაშია, ევროპის მომავალი უკრაინაშია და უკრაინის გამარჯვებაშია - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულობა და ევროპელობის სურვილი საქართველოს დნმ-შია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს ევროპული შესაძლებლობები - ამ დისკუსიის სახელწოდება ყველაფრის მთქმელია და ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რომლის განხორციელებაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სურს. ეს არის ის, რაც იმ ქართველებისათვის მოტივაციის ძალა იყო, რომლებიც საქართველოს მე-20 საუკუნის დამოუკიდებლობას ამზადებდნენ; დამოუკიდებლობის მამები, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ყველა ევროპული ორიენტაციის იყო. ისინი შესაძლოა, განათლებას რუსულ უნივერსიტეტებში იღებდნენ, მაგრამ ევროპისკენ და ევროპული მმართველობის მოდელებისკენ იყურებოდნენ. მან გაიხსენა, რომ ქალებს არჩევნებში არამხოლოდ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, არამედ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ არჩეულნი; ამგვარად, დამფუძნებელი კრების წევრი 5 ქალი გახდა, რომელთაგანაც ერთი მუსლიმი იყო. ეს ყველაფერი 1921 წელს რუსეთმა გააქრო, როდესაც იმპერიის დაცემის შემდეგ, საქართველოში მე-11 წითელი არმიის მეშვეობით შემოვიდა საქართველოში. „სწორედ რამდენიმე დღის წინ იყო 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე, თბილისის დაცემის ტრაგიკული დღე და საბჭოთა 70 წლიანი რეჟიმის დასაწყისი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა, რამაც გვაიძულა დაგვევიწყებინა ჩვენი წარსული, ტრადიციები, ზოგიერთი ჩვენი პრინციპი და რამაც ვალდებული გაგვხადა 1991 წელს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ყველაფერი გარკვეულწილად ხელახლა შეგვექმნა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეცვლილი იყო. სრულიად საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური ელიტა დახვრიტეს. ამიტომ, ქვეყანას ხელახლა შექმნა სჭირდებოდა და თანაც ძალიან რთულ პირობებში, რადგან 1991 წლიდანვე რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა სეპარატისტებისათვის იარაღის მიწოდებით, პირველი ომის გაღვივებითა და მათი მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ეს პირველი ომი ,,გაყინული კონფლიქტით“ დასრულდა და ასე გასტანა 2008 წლამდე, სანამ რუსეთმა ომით არ მოახდინა ამ გაყინული კონფლიქტების ოკუპირებულ ტერიტორიებად ტრანსფორმაცია, სადაც მან სამხედრო ბაზები გახსნა, რომლებიც იქ დღემდე არსებობს. ამიტომ ეს იყო ძალიან რთული და ამავდროულად, საოცრად სწრაფი გზა.“ „ევროპული შესაძლებლობები იმის მსგავსია, რისკენაც საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში მიისწრაფოდა და ეს გზა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ განვიცდით დიდ ცვლილებებს, რომელთა სიმბოლოც კანდიდატის სტატუსია და ეს ხდება მაქსიმალური გამოწვევების პერიოდში. ეს გამოწვევები ჩვენით არ იწყება. დღეს, რომ ერთი მესიჯის გაჟღერების შესაძლებლობა მქონოდა აქ - ვიტყოდი: იმისათვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპული გზა და როგორც სრულფასოვანი წევრი, ნამდვილად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ამ ჰორიზონტისკენ გავლილი გზა, რომ რეალობად იქცეს და ქვეყანა ევროპის ნამდვილ წევრად გარდაიქმნას, არსებობს ერთი კოლოსალური გამოწვევა და ეს გამოწვევა არის რუსეთი და დღეს რუსეთი უკრაინაში. დიახ, ჩვენ ვიცით, გამოგვიცდია და ბევრის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის მეზობელი, იყო რუსეთის სხვადასხვა რეჟიმის მიერ, სხვადასხვა ფორმით დაპყრობილი, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია. არ არსებობს საქართველოს და საქართველოს ამ ევროპული გზის მხარდაჭერა, უკრაინის მხარდაჭერის გარეშე. უკრაინის მხარდაჭერა ევროპელების, ყველა დასავლელი პარტნიორის და მათ შორის, ამერიკელთა უმრავლესობის საერთო მიზანია. ეს ყველასთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა. თუ რუსეთმა არ გაიზიარა რას ნიშნავს იყო ერთ-ერთი მრავალთა შორის, იყო ერი საზოგადოებაში, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, თუ მან განაგრძო ფიქრი იმაზე, რომ შეუძლია გაფართოვდეს როცა სისუსტეს გრძნობს, ანდა სულაც იმიტომ, რომ ეს [გაფართოება] მისი ბუნების ძირეული მახასიათებელია, მაშინ არ იქნება არც სტაბილურობა და არც მშვიდობა. ძალიან რთული იქნება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, როგორიც მოლდოვა და უკრაინაა, განვაგრძოთ ამ გზაზე სიარული, რომელიც ჩვენთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გზაა, პირველ რიგში, კი, მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაა. ასე რომ, თუ რუსეთი არ შეიცვლება... და ერთადერთი გზა, რითაც რუსეთი შეიცვლება არის თუ ვერ მოიგებს უკრაინაში. ეს ისევ და ისევ ერთიანი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებსაც ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ. საქართველო ალბათ, იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც ნაკლების გაკეთება შეუძლიათ სიტუაციიდან გამომდინარე - ოკუპირებული ტერიტორიების გამო, რუსეთთან სიახლოვის გამო, რომელიც ყოველდღიურად იგრძნობდა, იგრძნობა გამყოფ ხაზთან, რომელიც ჩვენს და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორისაა ,,გავლებული“ და რომელიც თითქმის ყოველდღიურად იცვლება და სადაც ადამიანები ტყვედ აჰყავთ და სადაც ამ ხაზის ორივე მხარეს, ადამიანის ცხოვრება უარესდება: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად უკიდურესად რთულია ამ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება და ოკუპირებულ მხარეს იმიტომ, რომ მოსახლეობას ნებისმიერი ელემენტარული უფლების განხორციელებაზე წვდომა არ აქვს. თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდება (რაც COVID პანდემიისას ძალიან თვალსაჩინო იყო), ისინი გამყოფ ხაზს რთულად კვეთენ, რადგან ყოველთვის არ აძლევენ [საოკუპაციო ხაზზე] გადმოსვლის უფლებას, ან არ იციან როდის შეძლებენ გადმოსვლას. განათლების მისაღებადაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაცული არ არის ენა, როგორც კულტურული იდენტობის მატარებელი ნიშანი, არანაირი გზით არ არის დაცულ არც აფხაზური და არც ოსური ენა. ფაქტობრივად, ისინი ამ ენებზე აღარ საუბრობენ, არის მხოლოდ რუსული [ენა] და საქართველოსათვის კარგად ნაცნობი, რუსიფიკაცია. არ არის დაცული კულტურა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მომხდარა ის, რისი მოლოდინიც არსებობდა სეპარატისტული ძალების მხრიდან - იდენტობისა და განსხვავებულობის გაძლიერება. მაგალითისათვის ავიღოთ აფხაზეთი. მათ მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრინციპი, რომ ეს მათი მიწაა და რომ ეს [მიწა] არ გაიყიდებოდა, ან გასხვისდებოდა უცხოელებზე, რუსებმა დაძლიეს, ძლიერი ზეწოლა მოახდინეს და შეძლეს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტისაგან ნებართვის აღება ეყიდათ მიწები, აეროპორტი და შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ოჩამჩირის პორტი. ეს თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, რადგან რუსეთს იქ უკვე არსებული სამხედრო ბაზების გარდა, ახალი სამხედრო ბაზის დამატება სურს. ასე რომ, საქართველოს მომავალი უკრაინაშია, ევროპის მომავალი უკრაინაშია და უკრაინის გამარჯვებაშია. უკრაინა, მრავალი თვალსაზრისით, უკვე გამარჯვებულია, რადგან რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. მიუხედავად, რუსული პროპაგანდის მცდელობებისა, გავლენა მოახდინოს ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე, პრეზიდენტ პუტინის ომის მიზნები საერთოდ არ შესრულებულა. პირველი მიზანი რამდენიმე დღეში უკრაინაზე უპირატესობის მოპოვება იყო, რათა ენახათ როგორ გარბის უკრაინის პრეზიდენტი, მის მთავრობასთან ერთად, უკრაინიდან. მიზანი იყო კიევის აღება და როგორც ისინი ამბობენ, დენაციფიკაცია, (რაც არავინ იცის რას ნიშნავს, რადგან შეიძლება ვიკითხოთ, სად არიან დღეს ნაცისტები?!), ეს ყველაფერი არ მოხდა. შემდეგ ისინი [რუსები] ფიქრობდნენ, რომ მათი სამხედრო ძალა შეძლებდა უკრაინის სამხედრო რესურსების სწრაფად დაძლევას, კვირების, ან თვეების განმავლობაში. ისინი ტანკებითა და ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანით იმუქრებოდნენ. ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიური ომია, რომელიც KGB-ს ძველი აგენტის მიერ იმართება. არ არსებობენ ძველი აგენტები, ისინი აგენტებად რჩებიან. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი პუტინი იძულებული იყო დღეგამოშვებით ეცვალა თავისი სამხედრო მეთაურები, რადგან არაფერი შესრულებულა ისე, როგორც მათ წარმოედგინათ. მართალია, მათ ჯერ არ იციან რას ნიშნავს წმინდა სამხედრო დამარცხება და დიახ, უკრაინას ჯერ არ დაუბრუნებია მისი ტერიტორიები სრულად, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მაგრამ უკრაინას არაფერი დაუკარგავს. უკრაინას არ დაუკარგავს საკუთარი საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ორწლიანი ომი უკიდურესად რთულია და ძალიან დამაზიანებელია საზოგადოების ერთობისთვის. უკრაინამ კი ამ ყველაფერს გაუძლო! მიუხედავად რუსული პროპაგანდისა, რომელიც ძალიან აქტიურია გარკვეული რეაქციების გამოწვევის მცდელობებში, უკრაინა ევროპელი პარტნიორებისგან მხარდაჭერას იღებს; აქაც, ორი წლის შემდეგაც, ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ჩვენი [კოლექტიური] საზოგადოებრივი აზრი, მიუხედავად მცდელობებისა ზეგავლენა მოახდინონ უკრაინის გარშემო თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებზე, ისევ იგივეა, უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისათვის ამ მხარდაჭერას და რჩება იმ განწყობაზე, რომ სოლიდარობამ უნდა გაიმარჯვოს. მიუხედავად ევროპელის (და არა ევროპელების) მცდელობებისა, ევროპელი პარტნიორების ერთობა არ დაიშალა, ჯგუფის წევრებმა შეძლეს სწორი მიმართულების შენარჩუნება. ორი წლის შემდეგ(აც) კი, ევროპამ შეძლო უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტისათვის 50 მილიარდის გამოყოფის საკითხზე ერთიანობის შენარჩუნება. ვერავინ შეძლებდა წინასწარმეტყველებას, რომ ორი წლის შემდეგაც კი, ევროპა ისევ შეძლებდა კონსენსუსის ამ დონეზე შენარჩუნებას და შეძლებდა ასეთი მასშტაბის მხარდაჭერის შენარჩუნებას. არც ევროპელები და ამერიკელები გაიყვნენ. ესეც ის არის, რის მიღწევასაც რუსები ძალიან აქტიურად ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, არ ვიცით რა გველოდება მომავალი თვეების განმავლობაში, რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, მაგრამ თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების მაგალითებს - მთავრობის ცვლილება და ზოგიერთი პოპულისტური ჯგუფების მიერ ძალაუფლების მოპოვება საკმარისი არ არის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებისათვის. ვფიქრობ, დღეს ყველა იაზრებს, რომ ეს ეგზისტენციალური საკითხია. როდესაც საქართველოზე ვსაუბრობდი, ვთქვი, რომ ჩვენთვის ეს საკითხები ეგზისტენციალურია. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და შემდეგ აღადგინა ის, მაგრამ, დღეს ეს [ეგზისტენციალურია] არა მხოლოდ ჩვენთვის, ‘ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ’, ეს ეგზისტენციალურია თითოეულისათვის.ეს არის ის მესიჯი, რომელიც მინდა გავუზიარო საზოგადოებას, რომელიც საქართველოს უყურებს, მაგრამ რომელიც ასევე საკუთარ თავსაც უნდა უყურებდეს და აკვირდებოდეს იმ შედეგებს, რომლის მიღწევასაც საბჭოთა პროპაგანდა ყველანაირი სახის ახალი მეთოდებით სხვადასხვა საზოგადოებებზე ცდილობს: კიბერშეტევებით, ექსტრემისტული და მარგინალური ჯგუფების დაფინანსებით, ამ ჯგუფების მეშვეობით პრორუსული პროპაგანდისტული თემების გაჟღერებითა და ევროპულ საზოგადოებებში ერთიანობის დარღვევით. მაგრამ ეს [მეთოდები] არც თუ ისე კარგად მუშაობს. უნდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით [პროპაგანდასთან დამკლავებით] ჩვენ ევროპულ საზოგადოებებთან შედარებით უფრო წინ ვართ, რადგან ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით. დიახ, ჩვენთან აქტიური საბჭოთა პროპაგანდა მიმდინარეობს, დიახ ჩვენთანაც იგივე მეთოდებია: საქართველოში ისინი აფინანსებენ მარგინალურ ჯგუფებს, ისინი ოქტომბერში ჩვენი მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან და სავარაუდოდ, ჩვენ ვნახავთ ყველანაირი მცდელობების გააქტიურებას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საქართველო ძალიან მედეგია. ჩვენ საბჭოთა პროპაგანდის 70 წლიანი გამოცდილება გვაქვს. იმ დროს, საქართველოში საზოგადოება ძალიან აქტიური და პოლიტიზებული იყო და ამით მან შეძლო საკუთარი საღი აზრისა და სწორი მიმართულების შენარჩუნება. იგივე ხდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ - ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის ფონზე, ყოველდღიური მუდმივი ზეწოლის ფონზე, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე [საოკუპაციო] ხაზს მოაქვს, მე არ გამიგონია ვინმეს ეთქვას, რომ რადგან რუსული ტანკები ასე ახლოსაა დედაქალაქთან, ჩვენ ნაკლებად უნდა ვისაუბრებთ ევროპასა და NATO-ში ინტეგრაციაზე,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა.  

პრეზიდენტი: არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი გავხდე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერობას არ აპირებს. „არ მგონია, ეს მართებული გადაწყვეტილება იყოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთებს სურთ, მან ეს როლი იკისროს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს აღარ უჭერს მმართველ ძალას და, ასევე არც "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება სურთ. "დაახლოებით, მოსახლეობის 50%-ს არცერთი ძალა არ უნდა და ელოდება, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მოქმედებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაერთიანდნენ ერთი სიის ან ერთი პარტიის ქვეშ, ეს არარეალურია და არც იქნება კარგი მომავალში მრავალპარტიულობისთვის. მათ უნდა შეძლონ ერთად მოქმედება იმგვარად, რომ საზოგადოებას გამარჯვების ფორმულა წარუდგინონ. ესაა მათი საქმე. ჩემი საქმეა ვუთხრა მათ, რომ გაერთიანდნენ არა ერთმანეთთან, არამედ, ევროპული პლატფორმის ირგვლივ," - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოსთვის საუკეთესოა პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია - პრეზიდენტი