საზოგადოება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დღეიდან ისევ ამოქმედდა

"საზოგადოებრივი ზონალურ-პარკირების გადასახადი 10 თებერვლიდან აღდგება", - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა პანდემიის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაც არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, ავტომფლობელებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა. რადგან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა განაახლა მუშაობა, საზოგადოებრივი ზონალურ-პარკირების გადასახადი 10 თებერვლიდან აღდგება“, - განაცხადა კალაძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ იმ არეალებში ამოქმედდება, რომლებიც აქამდე იყო განსაზღვრული. კერძოდ, ორბელიანის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე, აბანოთუბანში, პეკინის გამზირზე, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეულ ნაწილსა და ვაკის რაიონში.

პოლიციამ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე თ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყება აცხადებას, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის ივნისში თ.ჭ., დაზარალებულს დაჰპირდა, რომ თითქოსდა შეეძლო სისხლის სამართლის საქმეებზე სხვადასხვა კომპანიებისა და პირებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული და ვითომდა პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონებების (საცხოვრებელი ბინების) და ავტომანქანის მისთვის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 5 500 აშშ დოლარს. "თ.ჭ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. მათი კონფიდენციალურობა დაცული იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

კახა კალაძე: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის "ურბანული გენოციდის“ მაგალითი

"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის "ურბანული გენოციდის“ მაგალითი, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება", - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. "მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნებართვის გამცემები და მიმღებები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ ტერიტორიაზე. არანაირად არაა განსაზღვრული გზების განვითარება, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ არაა საუბარი. ​ელემენტარულად, ​რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარ გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და არ იცი კონკრეტული ქუჩები. ტყვარჩელის ქუჩის N5-ში, სადაც ბარაკული ტიპის სახლები იყო განთავსებული. განხორციელდა ამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა, ამ დღეებში დაიწყება ბარაკების დემონტაჟი და ამ ფართობზე სკვერის მოწყობა. შესაბამისად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. ბარაკები დაინგრევა და კორპუსის ნაცვლად სკვერი მოეწყობა. ამ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

​3 790 მგზავრს, პირბადის არასწორად ტარების გამო, გაფრთხილება მიეცა

524 მგზავრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას შეეცადა, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა აღკვეთეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქმოქმედებიდან მესამე დღეს, კახა კალაძემ სტატისტიკა წარმოადგინა. „524 მგზავრი შეეცადა პირბადის გარეშე ასვლას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა აღკვეთეს და მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. ​3 790 მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორად ტარების გამო. ძირითადად, ცხვირზე არ ჰქონდათ აფარებული. ჩამოწეული პირბადთ იყვნენ და გაფრთხილება მიეცათ. საპატრულო პოლიციის გამოძახება მხოლოდ ერთხელ დაგვჭირდა, რადგან პირბადეს არ იკეთებდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთ შემთხვევაში არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა“, - განაცხადა კალაძემ.

ამნისტიის შედეგად 189 პატიმარი გათავისუფლდა

ამნისტიის შედეგად საპატიმროები უკვე 189-მა პატიმარმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და 9 თებერვლის მდგომარეობით პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა და 19-მა ბრალდებულმა პირმა. „170 მსჯავრდებულიდან 83 პირი სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან. 53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო. 33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შიმცირების შედეგად გათავისუფლდა. ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. აღსანიშნავია, რომ ერთ უვადო მსჯავრდებულს დაუდგინდა გათავისუფლების თარიღი (2026 წელი). საპატიმროებიდან გათავისუფლებული 170 მსჯავრდებულიდან 10 გათავისუფლებული ქალი მჯავრდებულია. 2-მა ქალმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის შემცირების შედეგად დატოვა. 4 მსჯავრდებულ ქალს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში სულ 4 055 პატიმრის საქმე არის გაგზავნილი მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო

აშშ-ის სენატის თქმით, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი კონსტიტუციურია, რაც სრული პროცედურების დაწყების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, 56 სენატორი, მათ შორის 6 რესპუბლიკელი ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა კონსტიტუციას არ არღვევს, ხოლო 44 რესპუბლიკელი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. იმპიჩმენტის პროცესი 10 თებერვალს გაგრძელდება. მხარეები შესავალი დებატებით გამოვლენ, თითოეულ მათგანს ამისთვის 16 საათამდე დრო ექნება. ტრამპი სენატში გამოსვლას არ გეგმავს, მის პოზიციას ადვოკატები წარადგენენ. ცნობისთვის, თუ სენატის წევრები ტრამპს დამნაშავედ მიიჩნევენ, ის მომავალში სახელმწიფო თანამდებობებს ვერ დაიკავებს. შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მას ბრალად ამბოხის წაქეზება ედება. სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი გუშინ დაიწყო. როგორ გამოიტანს განაჩენს სენატი.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 544 ადამიანს დაუდასტურდა, 469 გამოჯანმრთელდა, 5 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 244 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 263 601 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 255 385, გარდაიცვალა 3 311 პაციენტი. 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.98%-ია. ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%. 544 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 29, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. მძიმე პაციენტები: 471. მათგან თბილისში მკურნალობს 198, აჭარაში - 49, იმერეთში - 116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე:133. მათგან თბილისში - 96, აჭარაში - 6, იმერეთში - 18. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 - თბილისში, 152 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 469 კი ბინაზე მკურნალობს. კარანტინის რეჟიმშია 421, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 094. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 316 მოქალაქე.

შსს: იტალიის გარდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ქართველები საფრანგეთშიც დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით, იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას საქაღთველოს შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2021 წლის 9 თებერვალს, იტალიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს ცენტრალური ოპერატიული სამსახურის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის რეჯიო ემილიას სამხარეო პოლიციისა და ინტერპოლის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე - 23, პოლონეთში - 2, საბერძნეთში - 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში - საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, იტალიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქმე აღძრა იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 624-ე და 648-ე მუხლებით, რაც გულისხმობს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობას, ასევე, ფულის გათეთრებას და მაქსიმალური სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით. ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, ქართველმა სამართალდამცველებმა, 6-თვიანი თანამშრომლობის შედეგად, იტალიურ მხარესთან საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს უშუალო მონაწილეობით, არაერთხელ გაცვალეს ოპერატიული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ. საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ. ოპერაცია „კანონიერი ქურდი“ მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებების, რომლებსაც ქართველი და იტალიელი სამართალდამცველები ერთობლივად ახორციელებენ. ასევე, 2021 წლის 9 თებერვალს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესა და სამინისტროს მიერ საფრანგეთის ეროვნულ პოლიციაში მივლენილი ქართველი მეკავშირე ოფიცრის უშუალო ჩართულობით, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩატარდა. ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ - კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. ფრანგი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ საფრანგეთის რესპუბლიკის სსკ-ის 131-ე, 132-ე, 311-ე, 321-ე, 450-ე მუხლებითა და საბაჟო კოდექსის 414-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები: ორგანიზებული ჯგუფის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ქურდობის არაერთი ეპიზოდი, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაკავებულია სულ 62 ადამიანი, რომელთაგან 55 ქართველია.

თურქეთი მთვარეზე პირველი მისიის შესრულებას 2023 წლისთვის გეგმავს

თურქეთი მთვარეზე მისიის შესრულებას 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „პირველი მისია შესრულდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს გავა“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. გასულ თვეში, ერდოღანი ესაუბრა Tesla-ს და SpaceX- ის უფროსს, ელონ მასკს, თურქულ კომპანიებთან კოსმოსურ ტექნოლოგიებში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

დღეიდან სკოლაში ონლაინ სწავლების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

სკოლაში 15 თებერვლიდან სწავლის ონლაინ ფორმატით გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ყოველ ოთხშაბათს მშობელს საშუალება ექნება დაარეგისტრიროს მოსწავლე განათლების სამინისტროს ვებგვერდის მისამართზე online. emis.ge. ასევე განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება-რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00–23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია საიტზე სარეგისტრაციო ველი. შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს.

ცოფის გამო ქობულეთის სამ სოფელში კარანტინია

ცოფის გამო ქობულეთის სამ სოფელში კარანტინია. შესაბამისმა სამსახურმა ადგილობრივებს შინაური ცხოველის საძოვარზე გაყვანა და რძის ნაწარმის რეალიზაცია აეკრძალათ. ცოფის შემთხვევა პირველად სოფელ ჯიხანჯურში გამოვლინდა, მოგვიანებით კი სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაშიც დაფიქსირდა. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ პრევენციული ზომები უკვე მიღებულია. ე.წ. კარანტინი 60 დღიანია და, ამ პერიოდის განმავლობაში, სამივე სოფელში დაწესებული შეზღუდვების შესრულება ყველა ადგილობრივს მოუწევს.

ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა ვერ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ Covid-19 უხანში 2019 წლის დეკემბრამდე ცირკულირებდა

ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა ვერ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ Covid-19 უხანში 2019 წლის დეკემბრამდე ცირკულირებდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა უხანში გამოძიების შედეგებზე ისაუბრა. ექსპერტებმა ასევე ლაბორატორიაში ვირუსის შექმნის შესახებ გავრცელებულ კონსპირაციებზეც. მათი თქმით, ეს ჰიპოთეზა ნაკლებად სავარაუდოა და ამ მხრივ არ იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება. Covid-19–ის პირველი შემთხვევა უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები უხანში სამეცნიერო გამოძიებას 27 იანვრიდან აწარმოებდნენ. ექსპერტთა ჯგუფს რამდენჯერმე უარი უთხრეს ჩინეთში შესვლაზე.

სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება"ბერლინალეს" ერთ-ერთი სექციის მონაწილე გახდა

სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილე გახდა. აღსანიშნავია, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. 2 თებერვალს კი ფილმი ფესტივალის ფარგლებში ხელმეორედ აჩვენეს. სალომე ჯაშის ნამუშევარზე წერდნენ ისეთი გამოცმები როგორიც არის: cineuropa.org „სქრინ დეილი" flickeringmyth, The film stage’’ , Modern Times Review . "მოთვინიერება" დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხეების გადატანის დოკუმენტურ კადრებს ასახავს და უცხოურ პრესაშიც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. უცხოური მედია ზღვაში მცურავ და გზებზე მოგზაური ხეების უნიკალურ კადრებთან ერთად, ფილმის სიღრმეზე და რეჟისორის ხედვაზე ამახვილებდა ყურადღებას. წელს "ბერლინალე" სხვა ფესტივალების მსგავსად ონლაინ გამართება. წლევანდელი ბერლინის კინოფესტივალი ორ ეტაპად არის გაყოფილი. პირველი ეტაპი ონლაინ რეჟიმში 1-დან 6 მარტის ჩათვლის გაიმართება. მონაწილეთა სრული სია 11 თებერვალს გახდება ცნობილი. მეორე ეტაპი, მოგვიანებით, ივნისში არის დაგეგმილი.

საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევები: ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე

ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ რეფორმების დინამიკის გასაგრძელებლად მთავარი ყურადღება პოლიტიკური კომპრომისის მიღწევას უნდა დაეთმოს. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. ამასთან, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმირების სფეროში და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის. ეს ის ძირითადი დასკვნებია, რომლებიც ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი. ანგარიში გამოქვეყნდა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 16 მარტს გაიმართება და ასახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში. „ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას, რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზა გამონახოს. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მდგრადი აღდგენისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი. „ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ასევე კარგად ვთანამშრომლობთ ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესათანხმებლად, რომ მომავალი წლებისთვის მოვემზადოთ”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კი განაცხადა, რომ ევროკავშირი პანდემიის დასაწყისიდან ქართველ ხალხს გვერდში ედგა. „გასულ წელს საქართველოს დასახმარებლად 183 მილიონი ევროს გრანტების სახით მობილიზება მოვახდინეთ კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად. გარდა ამისა, ევროკავშირმა საქართველოთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოყო. გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, იმისთვის, რომ მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება. კავშირების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ამ კონტექსტში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მნიშვნელოვანია ინვესტიციების გაზრდისათვის”. ძირითადი დასკვნები საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, დროულად, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის განმუხტვა კვლავ პრიორიტეტია. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ვენეციისკომისიის ყველა რეკომენდაციას, გამჭვირვალედ განხორციელდეს და უზრუნველყოს პროცესის ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარმართვა, შემდგომი დანიშვნების დაწყებამდე. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ სავაჭრო ნაკადების ხელშესაწყობად ქვეყანამ კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. სამომავლოდ, უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი დაძლევის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. სტრუქტურული რეფორმები კვლავ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აუმჯობესებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და სავაჭრო პოტენციალს და ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება გარე ფაქტორებთან მიმართებაში. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით“, - აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით აქციას მართავენ

სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან საჯარო შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს შორის არიან ადამაინები, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, მაგრამ საზღვრის დაკეტვის შემდეგ შემოსავლის გარეშე დარჩნენ, კომპენსაცია კი ერთჯერადად მიიღეს. ისინი საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნას მოითხოვენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში ჰესის მშენებლობის დროს კარმიდამო დაუზიანდათ, კომპენსაცია კი არ მიუღიათ. აქციაზე არიან ე.წ ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულები, რომლებიც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გარანტიას ითხოვენ. აჭარის მთავრობის სახლან შეკრებილები 15 თებერვალს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.

შსს-მ "დაუმორჩილებლობის აქციაზე" მყოფი 19 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6-7 თებერვლის "დაუმორჩილებლობის აქციაზე" 51 პირი ამოიცნო და მათ მიმართ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოება დაიწყო. როგორც ცნობილია, იდენტიფიცირებული 51 პირიდან 19-ის წინააღმდეგ გადაადგილების აკრძალვის განმეორებითი დარღვევის გამო, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო; 8 მონაწილე დაჯარიმდა 2 000 ლარით; 24 პირის მიმართ კი მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და, სავარაუდოდ, ისინიც დაჯარიმდებიან 2 000 ლარით. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა „დაუმორჩილებლობის მარში“ გამართეს და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაუმორჩილებლობის მარშში“ პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. ცნობისთვის, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ირანმა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

France 24-ის ცნობით, ირანმა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. 80 მილიონიანი მოსახლეობის იმუნიზაცია ქვეყანამ რუსული Sputnik V-ის ვაქცინით დაიწყო. ირანი რუსული ვაქცინის რამდენიმე პარტიას კიდევ მიიღებს. ქვეყანას ასევე დარეზერვებული აქვს ბრიტანული AstraZeneca-ს ვაქცინაც, რომელსაც Covax-ი მიაწვდის. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის 636 ცენტრი გაიხნსა.

კორონავირუსის ვაქცინაზე შეთანხმებების ნაწილი კონფიდენციალურია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტია "ლელოს" მოთხოვნას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დადგენილი წესი, რომლითაც გასცემს საჯარო ინფორმაციას. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, Covax-თან, ისევე, როგორც სხვა მწარმოებლებთან შეთანხმებების ნაწილი კონფიდენციალურია და მის გასაჯაროებას სამინისტრო არ აპირებს. მისივე თქმით, ყველას შეუძლია, სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია. "ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ Covax-ის ხელშეკრულების ფარგლებში, ისევე, როგორც მწარმოებლებთან შეთანხმებით გვაქვს, არის კონფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. ის, რაც საჯარო ინფორმაციაა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო, ზოგადად, გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, პარტია ლელოს ერთერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, გასააჯაროვოს Covid-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული ყველა საჯარო მიმოწერა. მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება ამ ინფორმაციის დამალვას შეეცდება, პარტია სამართლებრივ გზებს მიმართავს.

მიხეილ სარჯველაძე წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნაზე: თუ ასე მოხდება, ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდება კულტურას საქართველოში

კულტურის სფეროს დიდი პერსპექტივები გაუჩნდება, თუ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად თეა წულუკიანი დაინიშნება, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა მოიაზრება. "იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ნამდვილად ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდება კულტურას საქართველოში, ვინაიდან ვთვლი, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც შეძლებს, რომ ნებისმიერ სფეროში დიდი წარმატება განაპირობოს", — განაცხადა სარჯველაძემ. ამჟამად, თეა წულუკიანი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. როგორც დაგეგმილია, განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და კულტურის სამინისტრო შეიქმნება, რომელშიც სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებიც გაერთიანდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს. თუმცა, არც თვითონ წულუკიანი და არც მთავრობა აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ზაზა გახელაძის დაკავებაზე: უკანონო სასამართლოს უკანონო განაჩენი

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხში, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი, ზაზა გახელაძის დაკავებას აკრიტიკებენ და ე.წ "სასამართლოს" გადაწყვეტილება გმობენ. "ეს უკანონო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაა. მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გახელაძე. ასევე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რუსეთის პასუხისმგებელობა საქართველოს საპარატისტულ რეგიონებში კონტროლზე, რაც ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს დაასკვნა",- ნათქვამია განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.