საზოგადოება

ბოლივიის ქალაქ სუკრეში წყალდიდობას მინიმუმ 4 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლივიის ქალაქ სუკრეში წყალდიდობას მინიმუმ 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ძლიერი სეტყვის შემდეგ, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, ქალაქის ქუჩები წყლით დაიტბორა. ძლიერმა წყალმა თან გაიყოლა მანქანები, ავტობუსები და ბაზრის დახლები. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქის უდიდესი ფერმერების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სადრენაჟო სისტემები ნაგვით იყო სავსე და წყლის გასვლას ხელს უშლიდა. პრეზიდენტმა ლუის არჩემ დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ედუარდო დელ კასტილომ განაცხადა, 6 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, მათ შორის 3 ბავშვია. წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

სამეგრელოს პოლიციამ 10 წლის განმავლობაში ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში დააკავეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი, 1987 წელს დაბადებული გ.მ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი - 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. გ.მ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა. ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან, მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა",- აცხადებენ უწყებაში.

ირანმა  ტრამპის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემის თხოვნით, ინტერპოლს მიმართა

გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, ირანმა დონალდ ტრამპისა და სხვა 47 ამერიკელი ჩინოვნიკის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემის თხოვნით ინტერპოლს მიმართა. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა, ღულიამ-ჰოსეინ ესმაილიმ განაცხადა. ინფორმაციას Independent.co.uk ავრცელებს. „ჩვენ ინტერპოლს მივმართეთ, 48 პირთან დაკავშირებით „წითელი ცირკულარის“ გაცემის თაობაზე. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი და პენტაგონის ოფიციალური პირები არიან“, - განაცხადა ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა. ღულიამ-ჰოსეინ ესმაილის თქმით, ტერაქტის გამოძიების მასალები, რომლის შედეგად ყასემ სულეიმანი დაიღუპა, საერთაშორისო საქმეების სპეციალურ სასამართლოში გადასცეს. 2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარს ებრძვიან. ბალახის საფარსა და ბუჩქებს დაახლოებით 50 ჰექტარზე უკიდია. წყალტუბოს მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სოფლებში: ჩუნეშში, მაღლაკში, ზარათსა და რიონში. ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა ცეცხლის ქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის. მერის თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

არასრულწლოვანი შვილების მშობელ ქალებს, შესაძლოა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალოთ

არასრულწლოვანი შვილების მშობელ ქალებს, შესაძლოა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალოთ, - ამის შესახებ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტის დეტალები რიგგარეშე სესიაზე ინიციატივის ავტორმა, მიხელ სარჯველაძემ განმარტა. „ძირითადი მიმართულებები, რა მიმართულებითაც ცვლილებები იქნა შეტანილი, არის ორი: ერთი, რომ გაფართოვდა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლისთვისაც გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება დაექვემდებაროს ამნისტიას, მეორე მხრივ, საუბარია ზოგიერთ შემთხვევაში მუხლების ნაწილების შედარებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქებაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნაცვლად თავდაპირველ რედაქციაში არსებული მთლიანად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა, ზოგიერთ შემთხვევაში გათვალისწინებულია სასჯელის გარკვეული ნაწილით შემცირება - განახევრება და მეოთხედით თავისუფლების აღკვეთის შემცირება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეული დაშვებით, გარკვეული პირობებით გავრცელდეს ამნისტია, კერძოდ, ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოხდა შინაპატიმრობით მოხდეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება არასრულწლოვანთა მშობელი ქალებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა შინაპატიმრობით, ასევე სტუდენტებისთვის, რომელთაც სტატუსი მოიპოვეს პატიმრობის პერიოდში და ამით საკუთარი განწყობა რესოციალიზაციის მიმართულებით დაადასტურეს და, შესაბამისად, შეიძლება რომ მათზე ეს შეღავათი გავრცელდეს. ამით მეტი და უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ ამ პირებს რესოციალიზაციისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. დღეს საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არც ერთს არ მიუცია. დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის 5 იანვრის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. მორიგი პლენარული სხდომა 11 იანვარს გაიმართება.

საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო შეღავათების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა საგადასახადო შეღავათების თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, წესდება კონკრეტული სახის საგადასახადო შეღავათი ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის. დოკუმენტი შემდეგ საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს: ექვსი თვით - 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, გრძელდება საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათის მოქმედება. კერძოდ, დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება, ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) კოდებით (ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა) გათვალისწინებულ საქმიანობას. ამასთან, შესაძლებელი ხდება, გადასახადის გადამხდელებმა დისტანციურად, დავის განმხილველ ორგანოში მისვლის გარეშე, საჩივრის განხილვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბექა ლილუაშვილის, გოჩა ენუქიძის, მარიამ ქვრივიშვილის ინიციატივაა. ის კანონმდებლებს ბექა ლილუაშვილმა წარუდგინა.

ჯო ბაიდენი კონსტანტინეპოლის პატრიარქს: ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს წერილი მისწერა, რომელშიც იგი ფანარის მეთაურთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს. - ინფორმაციას გამომცემლობა Romfea.gr ავრცელებს. წერილში ჯო ბაიდენი პირობა დადო, რომ გააგრძელებს პატრიარქ ბართლომეოსთან თანამშრომლობას. ბაიდენმა კონსტანტინეპოლის პატრიარქს საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც საკუთარი მადლიერება გამოხატა მისალოცი წერილის მიღების გამო, რომელიც მას მისმა უწმინდესობა ბართლომეოსმა ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევისთანავე გაუგზავნა. ჯო ბაიდენი, მადლობას უხდის უწმინდეს ბართლომეოსს კეთილი სიტყვებისა და საუკეთესო სურვილებისათვის და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ აქამდე არ მიეცა საშუალება ტელეფონით დაკავშირებოდა მას, აგრეთვე აცხადებს, რომ მისთვის „დიდი პატივია“ იყოს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი არჩეული პრეზიდენტი და რომ იგი აცნობიერებს „თუ რამდენი სამუშაო ელით მათ წინ“. „არჩეული ვიცე პრეზიდენტი ჰარისი და მე ამოცანების გადაწყვეტისათვის ვიმუშავებთ სერიოზული გლობალური პრობლემების დროს, კორონავირუსიდან დაწყებული კლიმატის ცვლილებებამდე, რომლებიც აუქმებენ საზღვრებს და საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვენ. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობის შესაძლებლობას ამ რთულ დროს“ - წერს ბაიდენი. მან ასევე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ფანარის მეთაურთან მომავალ დიალოგს, ხოლო პოსტსკრიპტუმში საკუთარი ხელით მინაწერი დაურთო წერილს: „ჯანმრთელად იყავით. ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა“.

შქმერულის ნახევარფაბრიკატი იაპონიაში მოქმედ ქსელებში გაიყიდება

შქმერულის ნახევარფაბრიკატი იაპონიაში მოქმედ ქსელებში გაიყიდება. შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების კერძების უდიდესი მწარმოებელი, კომპანია NISSIN დაინტერესდა. - ამის შესახებ ინფრომაციას ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. როგორც ცნობილია, NISSIN-ისა და Matsuya Foods-ის თანამშრომლობით, შქმერულის ნახევარფაბრიკატი შეიქმნა, რომელიც მთელი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში, საერთო ჯამში, 50 ათასამდე მაღაზიაში გაიყიდება. "იაპონიაში ქართული სამზარეულოს პოპულარობა ზრდას განაგრძობს. ამჯერად ქართული კერძი - შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების კერძების უდიდესი მწარმოებელი, კომპანია NISSIN დაინტერესდა. NISSIN-ისა და Matsuya Foods-ის თანამშრომლობით შქმერულის ნახევარფაბრიკატი შეიქმნა, რომელიც მთელი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში (საერთო ჯამში 50 ათასამდე მაღაზია) გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ მზადების პროცესში მწარმოებლები აქტიურად თანამშრომლობდნენ იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან. შედეგად, გადაწყდა, რომ პროდუქტის შეფუთვაზე მაქსიმალურად იქნება ხაზგასმული შქმერულის ქართული წარმოშობა და დატანილი იქნება ქართული დროშა. ამავე დროს, Matsuya Foods-ის პოსტერზე, კერძის აღწერაში ხაზგასმული იქნება, რომ შქმერულის სამშობლო მდიდარი ბუნებით, ქვევრის ღვინითა და გემრიელი სამზარეულოთი არის ცნობილი.ამგვარი სახის თანამშრომლობა მეტწილად განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ საქართველოს საელჩო ძლიერად არის წარმოდგენილი ციფრულ სივრცეში და აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს ქართული კულტურის პოპულარიზებისათვის.კომპანია NISSIN-ის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ პროდუქტის მეშვეობით შქმერული იაპონელთა ყოველდღიურ რაციონში დაიმკვიდრებს ადგილს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდის იაპონიაში საქართველოს ცნობადობას." - ნათქვამია გაცხადებაში.

ქალთა საპატიმროში კორონავირუსით 23 პატიმარი დაინფიცირდა

ქალთა საპატიმროში კორონავირუსი 23 პატიმარს დაუდასტურდა,– ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური იუწყება და იქვე დასძენს, რომ ისინი ამჟამად თავს კარგად გრძნობენ. „ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო. 31 დეკემბერს N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 22 მსჯავრდებულს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითი იყო. 2021 წლის 3 იანვარს PCR ტესტირება N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა. მათგან 23 პატიმრის ტესტის პასუხი იყო დადებითი, თუმცა არც ერთ მათგანს covid-19-ისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს კარგად გრძნობენ და შესაბამისად, ისინი დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან იზოლირებულად, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ასევე, სხვა პატიმრებისგან (მათ შორის კოვიდინფიცირებულებისგან) იზოლირებულად არიან მოთავსებულები ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი პატიმრები, რომელთა ტესტების პასუხები იყო უარყოფითი. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მათაც არ აღენიშნებათ, თუმცა ისინიც მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანები, ბახილები და ა.შ.) არიან აღჭურვილები. ამასთან, კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით მოწმდებიან. აღსანიშნავია, რომ N5 დაწესებულებაში მყოფი 329 პატიმარი PCR ტესტირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლის PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით შემოწმდებიან იმისთვის, რომ ვირუსის არსებობის შემთხვევაში ადრეულ სტადიაზე მოხდეს მისი დიაგნოსტირება. ამასთან, ყველა პატიმარს მისი საჭიროების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიურ PCR ტესტირებას და უახლოეს პერიოდში ეს პროცესი ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთი ბიზნესს დამატებით $ 6.2 მილიარდს სთავაზობს

ბრიტანეთმა 4,6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (6,2 მილიარდი აშშ დოლარი) მხარდაჭერის პაკეტი შესთავაზა ბიზნესს, რათა შეამსუბუქოს მოსალოდნელი რეცესია, რომელიც გამოწვეულია COVID-19 შემთხვევების ზრდით. პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 4 იანვარს გამოაცხადა კარანტინის შესახებ. ახალი კარანტინის მიხედვით დაიხურება თითქმის ყველა სასწავლებელი, ხოლო სასტუმროებს სრულიად აეკრძალათ მუშაობის განახლება. საცალო ვაჭრობის, სტუმართმოყვარეობისა და დასვენების სექტორის წარმომადგენლებს, ახალი ინიციატივის ფარგლებში, შეეძლებათ მიიღონ ერთჯერადი გრანტი 9000 ფუნტ სტერლინგის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 600 მილიონი სხვა ბიზნესებისთვისა გათვლილი. ბიზნესების ნაწილმა შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტირება და ისწავლა პანდემიის პერიოდში მუშაობა, თუმცა J.P Morgan-ის ეკონომისტების თქმით,2021 წლის პირველი სამი თვის მანძილზე, მაინც არის მოსალოდნელი ეკონომიკის 2,5%-ანი ვარდნა. ფინანსთა სამინისტროს 280 მილირადი გირვანქას ოდენობის დახმარება უკვე მოქმედებს ბიზნესისთვის,რომელიც აპრილამდე შენარჩუნდება, დამატებითი ფინანსები კი განსაზღვრულია, ბიზნესებისა და სამუშაო ადგილებისთვის დამატებითი,ერთჯერადი დახმარებისთვის. დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი დღეიდან ამოქმედდა.

სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას News.am პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელბს. როგორც სომხეთის პრტეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, არმენ სარგსიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. „სომხეთის პრეზიდენტი ახალ წელს ლონდონში, ოჯახის წევრების წრეში შეხვდა. 3 იანვარს მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა პრეზიდენტს ასევე კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. კორონავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. პრეზიდენტი სარგსიანი თვითიზოლაციაში იმყოფება და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობები დაამტკიცა. დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციას ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა უხელმძღვანელებს. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ ირაკლი კობახიძე („ქართული ოცნება“), მარიამ ქვრივიშვილი („ქართული ოცნება“) და გელა მიქაძე (დამოუკიდებელი დეპუტატი). სათადარიგო შემადგენლობაში იქნებიან ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“), გივი მიქანაძე („ქართული ოცნება“) და თამარ ტალიაშვილი („ქართული ოცნება“). ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში კი შევლენ მაკა ბოჭორიშვილი („ქართული ოცნება“) და გელა მიქაძე (დამოუკიდებელი დეპუტატი). სათადარიგო შემადგენლობა: კახაბერ კუჭავა („ქართული ოცნება“), ირაკლი კობახიძე („ქართული ოცნება“). ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი იქნება. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ მარიამ ქვრივიშვილი („ქართული ოცნება“), ლევან ქარუმიძე („ქართული ოცნება“), შალვა პაპუაშვილი („ქართული ოცნება“), ანა ბუჩუკური („ქართული ოცნება“), ეკა სეფაშვილი („ქართული ოცნება“) და დავით ზილფიმიანი (დამოუკიდებელი დეპუტატი). სათადარიგო შემადგენლობა: მიხეილ დაუშვილი („ქართული ოცნება“), გიორგი ამილახვარი („ქართული ოცნება“) და დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება“). ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი ასევე მაკა ბოჭორიშვილი იქნება. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ მარიამ ქვრივიშვილი („ქართული ოცნება“), ლევან ქარუმიძე („ქართული ოცნება“), შალვა პაპუაშვილი („ქართული ოცნება“), მიხეილ სარჯველაძე („ქართული ოცნება“) და გიორგი ხოჯევანიშვილი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: მაია ბითაძე („ქართული ოცნება“), ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“) და კახაბერ კუჭავა („ქართული ოცნება“). ხოლო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება ირაკლი ბერაია. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) და გიორგი ხელაშვილი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: ვლადიმერ ჩაჩიბაია („ქართული ოცნება“), ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) და ფრიდონ ინჯია (დამოუკიდებელი დეპუტატი). საპარლამენტთაშორისო კავშირში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება არჩილ თალაკვაძე. ძირითად შემადგენლობაში შევლენ გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) და ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ლაშხი („ქართული ოცნება“), ხატია წილოსანი („ქართული ოცნება“) და ავთანდილ ენუქიძე (დამოუკიდებელი დეპუტატი). შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება დავით სერგეენკო. ძირითად შემადგენლობაში შევლენ ირაკლი კოვზანაძე („ქართული ოცნება“) და ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“), ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება“) და ბექა ლილუაშვილი („ქართული ოცნება“). დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამის) საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციას გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ კახაბერ კუჭავა („ქართული ოცნება“) და დავით მათიკაშვილი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობაში იქნებიან კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“), ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“) და ირაკლი ზარქუა („ქართული ოცნება“). მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება დიმიტრი ხუნდაძე. სათადარიგო შემადგენლობაში შევლენ ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) და ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“).

ისრაელმა Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

ისრაელმა Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა და მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა - აშშ-სა და კანადის მერე - რომელიც ხალხს სწორედ ამ ვაქცინით აცრის. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche welle ავრცელებს. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა Moderna-ს 6 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა. როგორც ცნობილია, ვაქცინა ისრაელს მალე მიეწოდება. ცნობისთვის, 100 000 მოსახლეზე აცრილთა რაოდენობით ისრაელი მსოფლიოში პირველ ადგილზეა - მას მოსდევს ბაჰრეინი და ბრიტანეთი.

ირანში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

ირანში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, France 24-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და მკურნალობას კერძო კლინიკაში გადის. ასევე ცნობილია, რომ ირანში დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ევროკავშირმა პრორუსული დეზინფორმაციის ოცეული გამოაქვეყნა

ევროკომისიის საინფორმაციო პროექტმა EuvsDisinfo-მ, რომლის მიზანია „ფეიკნიუსების“ გამოაშკარავება, 2020 წლის ყველაზე ცნობილი, პროპაგანდისტული ჩავარდნების ოცეული გამოაქვეყნა. ჩამონათვალის პირველ ადგილს კრემლის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმე იკავებს,რომელსაც ექსპერტები უწოდებენ „რუსეთის სახელმწიფოს დიდ სირცხვილს“. სტატიაში საუბარია არა თავად პოლიტიკოსის მოწამვლის ფაქტზე, არამედ იმ ოპერაციის წარუმატებლობაზე, რასაც თან ახლდა „აშკარა არაპროფესიონალიზმი“ როგორც ნავალნის მოწამვლის შემსრულებელთა, ასევე მათი მხრიდან, ვინც „ალტერნატიულ ვერსიას ავითარებდა“. მეორე ადგილზე არის კრემლის მომხრე ორგანიზაციების "Fake News"-ების კასკადი, რომელიც მიზანმიმართული იყო დასავლეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. „EuvsDisinfo“-მ დაითვალა პანდემიისთან დაკავშირებული არარეალური მტკიცებულებებით სავსე დაახლოებით 700-მდე პუბლიკაცია. მესამე ადგილი ეკუთვნის, რუსეთის ოსკაროსან რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს, რომელმაც საკუთარ საავტორო გადაცემაში აჩვენა ბელაურისს პროტესტის გაყალბებული ფოტოსურათი, რომელიც მისი თქმით, იყო გამოყენებული დასავლეთის მიერ,რათა გაეზვიადებინა დემონსტრაციებზე მისული ხალხის რაოდენობა.

პანდემიის გამო, წელს „ალილოს“ მსვლელობა სახეცვლილად ჩატარდება

პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, „ალილოს“ მსვლელობა სახეცვლილად ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. გავრცელებული იმფორმაციის თანახმად, წელს არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს შობას მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს. „მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულეებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. ამასთან აღნიშნულია, რომ საშობაო მსახურება დაიწყება 6 იანვარს, 23:00 საათზე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II აღასრულებს.

პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით, 59 ქვეყანაში, მინიმუმ 602 ჟურნალისტი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 59 ქვეყანაში 602 ჟურნალისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-ი ავრცელებს. „გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა (303) ლათინური ამერიკის ქვეყნებზე მოდის. შემდეგ მოდის აზია (145), ევროპა (94), ჩრდილოეთ ამერიკა (32) და აფრიკა (28). პროფესიიდან გამომდინარე, სხვადასხვა მოვლენის გასაშუქებლად ჟურნალისტებს, მაგალითად, ფრილანსერებსა და ფოტოგრაფებს „ველზე“ უწევთ მუშაობა და ვირუსის წინაშე ისინი ნაკლებად დაცულები არიან“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი (93) კორონავირუსს პერუში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ბრაზილია (55), მესამეზე კი ინდოეთი (53).

“Wondernet Exspress”-მა აჭარის რეგიონს სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის 2000 ერთეული პერსონალური ბიოლოგიური დაცვის სპეცკომბინიზონი გადასცა

საერთაშორისო კომპანია “Wondernet Exspress”-მა აჭარის რეგიონს სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის 2000 ერთეული პერსონალური ბიოლოგიური დაცვის სპეცკომბინიზონი გადასცა. საერთაშორისო კომპანიის მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება აჭარის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოვიდმიმღებ ბათუმის რესპუბლიკურ საავამდმყოფოს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გადასცა. "მსგავსი დახმარება, კოვიდ მიმღები კლინიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული კატეგორიის სამედიცინო პერსონალისთვის ეკიპირების მიწოდებას, თუმცა მოთხოვნა დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია კერძოს სექტორის ჩართულობა. ჩვენ დიდ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის", - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. კომპანია “Wondernet Exspress”-სმა (აქციონერები - დიმიტრი აბდუშელიშვილი და ალიშერ იკრამოვი), სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე გადასცა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები -“Superstar 1100” , Nanjing Superstar Medical Equipment Co., LTD (10 ცალი) და CPAP აპარატი DS-8 BIPAP ST-30, Ventmed Technology (2 ერთეული). “Wondernet Exspress Investment Group” საერთაშორისო ტრეიდული კომპანიაა,რომელიც არაერთ ქვეყანაში ოპერირებს,ხოლო ბათუმის პორტში ამერიკულ უმსხვილეს კომპანია ,, Trammo” -სთან ერთად პორტის ტერმინალს აშენებს.ტერმინალი ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს პოტენციალს იყოს დამაკავშირებელი ჰაბი ცენტრალურ აზიასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

ვლადიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Kommersant.ru ავრცელებს. „სატელეფონო საუბრის დროს, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, აქცენტი ვაქცინის ერთობლივად წარმოების შესაძლო პერსპექტივებზე გაკეთდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებსა და სხვა შესაბამის სტრუქტურებს შორის კონტაქტი უნდა გაგრძელდეს ", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის კიდევ ერთი თემა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება იყო.

ამერიკელმა ონკოლოგმა პაციენტების დავალიანებები გაანულა

არკანზასელი ონკოლოგის ინიციატივით, მან 200 პაციენტს 650,000 დოლარამდე დავალიანება გაუნულა, მას შემდეგ რაც გააცნობიერა რომ პაციენტებს უჭირდათ დავალიანების გადახდა. ომარ ატიკმა,ონკოლოგმა 40 წლიანი გამოცდილებით,მარტში დახურა თავისი კიბოს კლინიკა პინ-ბლეფში, არკანზასში, თითქმის 30 წლიანი საქმიანობის შემდეგ. კლინიკის დახურვის შემდეგის მუშაობდა დავალიანების შემგროვებელ კომპანიებთან, რათა მიეღო დაგროვილი დავალიანებებიდან თანხა, თუმცა მალევე გადაიფიქრა, როდესაც მიხვდა,რომ მის პაციენტებს უჭირდათ გადასახადის გადახდა. ”დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ გადახდა,” - უთხრა ატიკმა Good Morning America- ს. ”ასე რომ, მეუღლესთან ერთად, როგორც ოჯახი, ვფიქრობდით ამაზე და განვიხილავდი ყველა სესხის პატიებას.”-ამბობს ექიმი ინტერვიუში. საშობაო კვირის პერიოდში, ატიკის 200-მდე ყოფილმა პაციენტმა მიიღო სადღესასწაულო მისალოცი ბარათი, სიტყვებით: ”იმედი მაქვს, რომ ეს წერილი შეგიმსუბუქებთ ყოველდღიურობას. არკანზასის კიბოს კლინიკა ამაყობს, რომ მოგემსახურებათ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამედიცინო დაზღვევა უმეტეს პაციენტებს გადასახადებს უხდის, გამოქვითვები და თანამონაწილეობაც კი შეიძლება მძიმე ტვირთი იყოს. სამწუხაროდ, ამგვარად მუშაობს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. არკანზასის კიბოს კლინიკა იხურება 29 წლიანი თავდაუზოგავი პრაქტიკის შემდეგ.კლინიკამ გადაწყვიტა უარი თქვას ყველა ნაშთზე, რაც პაციენტებს კლინიკისთან აქვთ. გილოცავთ შობას და ახალ წელს.”