საზოგადოება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუში ხანძარია

ქედაში ხანძარს ებრძვიან. სოფელ ბზუბზუში ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ცეცხლის ქრობის სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 115 მეხანძრე-მაშველი. მათ ადგილობრივებიც ეხმარებიან. ბზუბზუში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ღამით ცეცხლის კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო დღეს ახალი კერები გაჩნდა. როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, დასახლებულ პუნქტში, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

სამეგრელოში ხანძრის ორი აქტიური კერაა

ამ დროისთვის სამეგრელოში ხანძრის ორი აქტიური კერაა. ხანძარია წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუსა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამავე დროს, ხანძარია მარტვილშიც სალხინოს ტყეში. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. დამწვარია დაახლოებით 30 ჰექტარი ფართობი. ყველა დარჩენილ კერაზე ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს. ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მუნიციპალიტეტებში, ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები სახელდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო ვალის ზრდა პანდემიამ განაპირობა

"მიზეზი არის მარტივი, ეს არის პანდემია", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დასმულ შეკითხვას, რატომ აქვს სახელმწიფოს ბევრი საგარეო ვალი აღებული. „თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მათ შორის განვითარებული დასავლური ქვეყნების პრაქტიკას, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად გერმანიას, მარტო პანდემიის დროს რამდენი ვალი აქვს აღებული. სამწუხაროა, რომ ასეთ შემთხვევაშიც ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საგარეო ვალზე საუბრისას განმარტა, რომ რეალურად, მომდევნო წელს ვალი არა 5 მილიარდ 279 მილიონით, არამედ დაახლოებით, 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით იზრდება.

მექსიკაში Oxford/Astrazeneca კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს

მექსიკაში Oxford/Astrazeneca კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა France24-ი ავრცელებს. ოქსფორდის მიერ შემუშავებული ვაქცინა, უკვე მეორეა, რომელიც ქვეყნის იმუნიზაციისთვის დაუშვა მექსიკამ, მანამდე მხოლოდ Pfizer-BioNTech-ით მიმდინარეობდა აცრები. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 1.45 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 127 757 პაციენტის მკურნალობის პროცესი ლეტალურად დასრულდა. მექსიკამ მასობრივი იმუნიზაციის პროცესი 25 დეკემბერს დაიწყო.

გალის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის სამსახურის ხელმძღვანელმა ემირ ეზუხბაიას განაცხადებით, გალის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. „ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. მის მასშტაბებსა და ფართობზე ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით უცნობია, რა ტერიტორია დაიწვა. დღეს შეიქმნება კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და ხვალ ან ზეგ ცნობილი გახდება”, - აღნიშნა ეზუხბაიამ. მის თქმით, ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა, თუმცა არავინ დაშავებულა. ეზუხბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 50-მდე მეხანძრე მონაწილეობდა. შეგახსენებთ, ოკუპირებული გალის რაიონში ტყის ხანძარი 4 იანვრის დილას გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ახლომდებარე სახლებსაც მოედო, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

თამარ გაბუნია: შობის დღესასწაულზე მოსალოდნელი ხალხმრავლობა რისკის მატარებელია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ყოველი შობის დღესასწაულზე ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობაა, წელს კი პანდემიის ფონზე, ასეთი ხალხმრავლობა რისკის მატარებელია. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, უკვე რამდენიმე კვირაა, რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი დაიწყო. „კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ. შობის დღესასწაულზე კიდევ ერთი დაანონსებული შეზღუდვა მოიხსნება, გადაადგილება 6 დეკემბრის ღამეს. შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. , უკვე რამდენიმე კვირაა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი. ოდნავ საეჭვო შემთხვევაშიც კი დროული ტესტირება და იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რომ კოვიდინფიცირებულმა საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა არ მიიღოს. ეს არის ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ტარდება და რამდენიმე კვირაა ეს პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის სანქციების ფონზე, ირანმა კორეული ტანკერი საკუთარ წყლებში დააყადაღა

სამხრეთ კორეა უკვე აგზავნის დელეგაციას ირანში, რათა მოითხოვოს სპარსეთის ყურეში ირანული ძალების მიერ გატაცებული ტანკერის გათავისუფლება. აღნიშნულს წინ უსწრებდა აშშ-ის მორიგი სანქციები ირანის მიმართ,რომელმაც ირანის ხელისუფლების თანხები გაყინა სამხრეთ კორეულ ბანკში. Reuters-ის სააგენტოს თქმით, ინფორმაცია სეულის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა, რომელიც ირანის ელჩს დაუკავშირდა და მოუწოდა ტანკერის და მასზე მყოფი მეზღვაურების განთავისუფლება.ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ადრე თეირანის მთავრობის ოფიციალური პირის პოზიციაზე ისაუბრა და თქვა, რომ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩოი იონგ-კუნ უნდა ჩასულიყო ირანში ტანკერის გატაცებამდე, რათა განეხილათ ირანის მოთხოვნა გაყინული თანხების დაბრუნების შესახებ. სეულში აცხადებენ,რომ მოლაპარაკება ასევე შეეხება სხვადასხვა საკითხებს, მათ შორი ორ ქვეყანას შორის არსებულ „მიმდინარე პრობლემებს“, სამინისტროს სპიკერის თქმით- ”უმოკლეს ვადებში, სამუშაო დელეგაცია რეგიონალური დირექტორის ხელმძღვანელობით გაიგზავნება ირანში, რათა ორმხრივი მოლაპარაკებების გზით ამ საკითხის მოგვარება შეეცადოს”, განაცხადა ჩოი იანგ-სამ. ირანის ასევე მედიასივრცეში ვრცელდება სხვა მიზეზები, მომხდარი ფაქტის შესახებ, კერძოდ, ირანი დაყადაღებული ტანკერით, აპირებს ბარტერის პრინციპით გაცვალოს ვაქცინის დოზები, გადამზიდი გემის სანაცვლოდ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

პაატა იმნაძე: 10-14 იანვრისთვის გამოჩნდება ახალი წლის დღეებში დაიცვეს თუ არა მოქალაქეებმა ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მომდევნო დღეებში კოვიდინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოილხინეს საახალწლო სუფრებთან მოქალაქეებმა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ აღნიშნა, ახალი წლის დღეებში, დაიცვა თუ არა მოსახლეობამ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები, ეს 10-14 იანვრისთვის გამოჩნდება, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლით. „თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ ადამიანები არ იცავენ წესებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში თუ მიტინგზე, არ აქვს მნიშვნელობა, შემთხვევები მოიმატებს. თუ წესებს დავიცავთ ყველაფერი კარგად იქნება. დღეს მოგეხსენებათ, 2000-ზე მეტი შემთხვევაა, ეს მოსალოდნელიც იყო. გასაგებია, რომ 1,2,3 იანვარს მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო და ახლა ვნახოთ, შემდეგი დღეები უფრო რეალურ სურათს დაგვანახებს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ისე, ტესტი ბევრი თუ ცოტა ჩატარდება, იქიდან 15%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რაც არ არის ცუდი. ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახთან იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია და თუ ფართო წრეები იყო ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევების მატებას გამოიწვევს 10-14 რიცხვისთვის”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

თამარ გაბუნია: მთელი ქვეყნის მასშტაბით სტაციონარში 2900 საწოლია თავისუფალი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ჯამში 2900 საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, თავისუფალი საწოლების გარკვეული ოდენობა მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების მიწოდებას დაუბრუნდა. "გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით, აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმა სვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში", - განაცხადა გაბუნიამ.

პაატა იმნაძე: კორონავირუსის ახალ და ძველ შტამს შორის კლინიკური მიმდინარეობით განსხვავება  არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, 4 იანვარს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამი კლინიკური ნიშნებით ძველი შტამისგან არ განსხვავდება. ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, როგორც ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, ახალი და ძველი შტამით ინფიცირებისგან დასაცავად მთავარი უსაფრთხოების წესების დაცვაა, ეკლესიაში იქნება ეს მაღაზიებში, თუ სხვაგან. იმნაძე ყველას მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან დაწესებული რეგულაციები ინფიცირების რაოდენობის ზრიდს შესაჩერებლად. „ჯერჯერობით რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მტკიცებულებები, კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება ახალ და ძველ შტამს შორის არ არის. პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ახალი შტამი და დაიდო სამეცნიერო მტკიცებულებები, ჩვენ შევისწავლეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რომლებიც იყო ლაბორატორიაში, რომ გვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. ასეთი არის თუ სამი გენიდან ორი არის კარგი დადებითი და ერთი არ არის დადებითი. ასეთი სულ იყო სამი შემთხვევა იმ რამდენიმე ათასიდან, რაც საქართველოში სულ იყო. ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც საქართველოში იყო დადებითი, იყო სამივე გენზე დადებითი. აღნიშნული პაციენტების კონტაქტებმა იზოლაციის ვადა უკვე გაიარეს და ეს არის 14 დღე. ამ პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ვიდრე ავად გახდებოდა ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია ამ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს სეკვენირება“, – განაცხადა იმნაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის რომ უფრო სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში 105 ხანძრის აქტიური კერიდან, მეხანძრეებმა  100-ის სრულად ლიკვიდაცია შეძლეს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი 105 ხანძრის აქტიური კერიდან, მეხანძრე-მაშველებმა 100 ხანძრის კერის სრული ლიკვიდაცია მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს. ამ დროისთვის სამეგრელოში - 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. რაჭაში - ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. აჭარაში - ერთ კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. იმერეთში - 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია. გურიაში - 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია. კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს, ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს”, - აღნიშნულია განცხადებაში. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 6 620 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას ცნობით 4 012 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 944, აჭარაში - 365, იმერეთში - 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 93, იმერეთში - 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 22, იმერეთში - 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 457 - აჭარაში, 26 - იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. „საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 144, აჭარაში - 46, ხოლო იმერეთში - 64. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 208 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 021 პირი, აჭარაში - 1 970, იმერეთში - 2 473”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

14 511   ტესტის შედეგად, ინფიცირების 2 316 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 14 511 ტესტი ჩატარდა, შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2316 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა , გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი. გარდაცვლილია 18 ადამიანი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 232 079-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 222 787-მდე. ბერდია სიჭინავას ცნობით, „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 14 511 ტესტიდან, 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით ჩატარდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 944, აჭარაში - 365, იმერეთში - 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 93, იმერეთში - 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 22, იმერეთში - 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 457 - აჭარაში, 26 - იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 144, აჭარაში - 46, ხოლო იმერეთში - 64. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 208 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 021 პირი, აჭარაში - 1 970, იმერეთში - 2 473”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

გალში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, სოფლებში გაჩენილი ტყის ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მოედო

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებში, რეპო-ეწერში, სიდასა და ზემო-ბარგებში გაჩენილი ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მოედო. გალი TV-ის ინფორმაციით, ძლიერი ქარიშხლის გამო ხანძრის ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა და ტყის მომიჯნავედ მდებარე სახლებს მოედო. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა. ხანძრის ჩაქრობაში რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მონაწილეობდა. „ყველა შესაბამისი სამსახურის სწრაფი რეაგირებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი სახლებსა და ხის შენობებს მოედო”, - იუწყება ადგილობრივი მედია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების ფართობი და მასშტაბები ზუსტდება.

ძლიერი ქარის გამო რაჭაში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

ონის მერიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ონის მუნიციპალიტეტში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. სოფელ ონჭევში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. “გასულ საღამოს ხანძრის კერების ლოკალიზება მოხდა. ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას ახალი კერები გაჩნდა,სოფელ წოლაში. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ორმოცდახუთი მეხანძრე მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი დაახლოებით ორმოცი ჰექტარია. ადგილზე იმყოფებიან ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სიტუაცია კონტროლდება შესაბამისი უწყების მიერ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. საქართველოს დიპლომატიური მისია ბრიტანეთში მყოფ თანამოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ დაწესებული საყოველთაო კარანტინის წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. „დღეს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო, 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ განგაშის სისტემის მე-5 დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რაც მოიცავს შემდეგს: ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია; საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმში თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის.პრემიერმა ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაცია ბრიტანეთში დამტკიცებული ორი ვაქცინის (კომპანიების Pfizer და AstraZeneca-Oxford) გამოყენებით. წარმატებულ ვაქცინაციაზე და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული თებერვლის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

პაატა იმნაძე: ახალი შტამის ყველა კონტაქტი მოძიებულია, ერთ-ერთი მათგანი დადებითია, შესაძლოა ის იყოს შემომტანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცის კონტაქტები უკვე დადგენილია. მისივე ცნობით, მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში და ტარდება სეკვენირება. „დაინფიცირებულის ერთ-ერთი კონტაქტი, საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოვიდა. მისი მასალაც მოძიებულია და ახლა მიმდინარეობს უკვე იმ მასალის სეკვენირებაც. შესაძლოა, ის ყოფილიყო ინფექციის წყარო, ამ შემთხვევაში. დიდ ბრიტანეთთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია, სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, შემდეგ ისევ წავიდა საქართველოდან, მას შემოსვლის დროს საზღვარზე ჩაუტარდა ტესტირება, იყო უარყოფითი. ქვეყანაში ყოფნის მეშვიდე დღეს, ჩატარებული ტესტირების დროს იმ პირველს დაუდგინდა დადებითი პასუხი, ახლა მოძიებულია ისიც და მისი სეკვენირებაც ჩატარდება. ის ნიმუში, რა თქმა უნდა, შენახულია”, - განმარტავს პაატა იმნაძე. იმნაძის ინფორმაციით, ახალი შტამით ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იზოლაციაში იმყოფება და ფაქტობრივად, უკვე მორჩენილია. „დამთავრდა გადამოწმება, თავიდან სამი საეჭვო შემთხვევა იყო, აქედან ორ შემთხვევაში უკუგდებული იქნა ახალი შტამი, ერთ შემთხვევაში დადასტურდა ე.წ. S გენის მუტაცია, ე.წ ბრიტანული შტამი, დელეცია 69-ე 70-ე პოზიციაზე. პაციენტი არის 50 წელს გადაცილებული, ის თავს კარგად გრძნობს, არის იზოლაციაში, დადგენილია მისი კონტაქტები. ამ პაციენტის (ახალი შტამით ინფიცირებული) მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ყველა, ვინც მასთან იყო კონტაქტში, გადაყვანილია იზოლაციაში“, – განაცხადა იმნაძემ. ამასთან, იმნაძის თქმით, არსებული მტკიცებულებებით, ახალი შტამი სიმძიმის ან ლეტარული გამოსავლების სიხშირის მიხედვით არსებული შტამისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა გამოირჩევა უფრო მაღალი გადამდებლობით, ანუ ინფექციურობით. „აქედან გამომდინარე, ისევ ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, პირბადე, რადგან დაცვის ერთადერთი საშუალება გინდა, ახალი შტამი იყოს და გინდა, ძველი, არის პირბადე და დისტანცია. აბსოლუტურად ისევე გადადის, როგორც ძველი შტამი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.

ზაზა წერეთელი: აღმოჩნდა, რომ ახალი შტამით უფრო მეტად ინფიცირდებიან 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველის თქმით, ბოლო კვლევებით გამოიკვეთა, რომ ვირუსის ახალი ფორმით, უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. ამის შესახებ ზაზა წერეთელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. "ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად ინფიცირდებიან 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რადგანაც ბავშვები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, შესაბამისად, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ოჯახებში დაინფიცირების გაზრდა. ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას და დაინფიცირებულთა რაოდენობა, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები, მაგრამ დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ დაწოლა გაიზრდება ჯანდაცვის სისტემაზე,“ - განაცხადა ზაზა წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც დადასტურდა. მუტივირებული ინფექცია საეჭვო პაციენტებიდან ერთ-ერთს გამოუვლინდა.

თამარ გაბუნია: ახალი შტამის ერთადერთი მახასიათებელი, რომელიც დღეისთვის ცნობილია, ეს არის მისი შედარებით სწრაფი გავრცელება

"ახალი შტამის ერთადერთი მახასიათებელი, რომელიც დღეისთვის ცნობილია, ეს არის მისი შედარებით სწრაფი გავრცელება" - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. გაბუნიას თქმით, ვირუსის ახალ ფორმას შედარებით სწრაფი გავრცელება ახასიათებს, თუმცა უფრო მეტად დამაზარელებელ ზეგავლენაზე მონაცემები ამ დროისთვის არ არის. "ახალი შტამის ერთადერთი მახასიათებელი, რომელიც დღეისთვის ცნობილია, ეს არის მისი შედარებით სწრაფი გავრცელება, თუმცა მის უფრო მეტად დამაზარელებელ ზეგავლენაზე მონაცემები არ არის, ანუ არ დასტურდება მისი მაღალი დამაზიანებელი ზეგავლენა. სისტემური პასუხი ამ შტამთან მიმართებაში იქნება ის, რომ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ პირადი დაცვის საშუალებები. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გავრცელების შეფერხების მიზნით, მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ასევე ყველა იმ წესის დაცვა, რომელსაც აქამდე ვიყენებთ სხვა შტამებისთვისაც,“ - აცხადებს თამარ გაბუნია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა. 50 წლის პირი საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.