უცხოეთი

პუტინმა რუსეთში ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მომავალი კვირიდან დაწყების განკარგულება გასცა. მისი თქმით, „სპუტნიკ V“-ით პირველ რიგში მასწავლებლები და ექიმები უნდა აიცრან. "მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, მომავალ კვირას ფართომასშტაბიან ვაქცინაციას დაიწყებთ. მოდით, უკვე დავიწყოთ მუშაობა. მესმის, რომ ძალიან ფრთხილ ენას იყენებთ და ჩვენს მიერ სიფრთხილის გამოჩენა აბსოლუტურად გამართლებულია, მაგრამ ვიცი, რომ ინდუსტრია და (ჯანმრთელობის) ქსელი ზოგადად მზად არიან. მოდით, გადავდგათ პირველი ნაბიჯი,” - მიმართა პუტინმა ვიცე პრემიერ ტატიანა გოლიკოვას მინისტრთა კაბინეტთან ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს. მისი თქმით, რუსეთი უახლოეს დღეებში ვაქცინის 2 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს. რუსეთის მთავრობა ირწმუნება, რომ „სპუტნიკ V“-ზე ჩატარებულმა კლინიკური ცდის შუალედურმა შედეგმა პრეპარატის 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება - ბაიდენი

რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება - ამის შესახებ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 2008 წელს საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი აცხადებს, ტექსტი, რომლითაც ბაიდენი საქართველოში სიტყვთ გამოვიდა, მის სახელმწიფო მდივანთან, ტონი ბლინკენთან ერთად დაწერა, რომელსაც ტეფტის თქმით, საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დახმარების პაკეტის მობილიზებაში საკვანძო როლი ჰქონდა. „ტონი ბლინკენის როლი კრიტიკული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა,“ - ამბობს ჯონ ტეფტი. აღსანიშნავია, რომ ბაიდენი თბილისში მაშინ ჩავიდა, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ესტუმრა. „მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც ინსტრუქცია, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ - არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია,“ - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაში.

აშშ-ის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა - რობერტ რედფილდი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო შეერთებულ შტატებს რთული ზამთარი ელოდება. „რეალობა ის არის, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ყველაზე რთული თვეები იქნება ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში,“ - აღნიშნა რობერტ რედფილდმა. რედფილდის თქმით, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, საავადმყოფოების 90% კორონავირუსის ”ცხელ ზონად” არის გამოცხადებული და ვირუსის გავრცელების ტრაექტორია ბევრად უფრო ციცაბოა, ვიდრე ნებისმიერი წინა ტალღის დროს. CNN-სა და New York Times-ის მონაცემების თანახმად, აშშ-ში გუშინ კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. CNN-ის ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში ვირუსს 2 670 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, New York Times-ი კი იუწყება, რომ 2 დეკემბერს კოვიდ 19-სგან 2 760-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. მედიის ცნობით, საფრანგეთის 94 წლის ექსპრეზიდენტი საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში იყო. ჟისკარ დესტენს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ნოემბერში მისი ჰოსპიტალიზაცია რამდენჯერმე გახდა საჭირო. ვალერი ჟისკარ დესტენი საფრანგეთს 1974-1981 წლებში მართავდა. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში ურთიერთთანხმობის საფუძველზე განქორწინების დაშვება, არჩევნებში მონაწილეობის დასაშვები ასაკის 21-დან 18-მდე შემცირება და აბორტის ლეგალიზება. ვალერი ჟისკარ დესტენს ევროპის ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მიიჩნევენ. მას მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ჰელმუტ შმიდტთან და მასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ევროპის საერთო ვალუტას - „ევროს“. საფრანგეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 2 244 635 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით საფრანგეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

იაპონია რუსეთის მიერ კურილიის კუნძულებზე სარაკეტო სისტემის განლაგებას აპროტესტებს

იაპონიამ საყვედური გამოთქვა რუსეთის მიერ კურილიის ერთ-ერთ კუნძულზე საჰაერო, სარაკეტო სისტემების განთავსებაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი S-300V4 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, კუნძულ იტურუპზე საბრძოლო მოვალეობას ასრულებს. იაპონიის მთავრობამ კურილიის კუნძულებზე, რასაც ტოკიო ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებს, რუსული შეიარაღების განთავსება მიუღებლად შეაფასა. "ეს არ შეესაბამება იაპონიის პოზიციას ჩრდილოეთის ტერიტორიებზე და ეს მიუღებელია". – რუსული სამთავრობო მედია იაპონიის მთავრობის განცხადებას ციტირებს. შეერთებული შტატები ელის, რომ ახალი პრემიერმინისტრის, იოშიჰიდე სუგას მთავრობაში მოსვლის შემდეგ რუსეთი გააძლიერებს სამხედრო მოქმედებებს იაპონიასთან ახლოს. ამის შესახებ იაპონიაში აშშ-ს ძალების მეთაურმა, კევინ შნაიდერმა პირველ დეკემბერს განაცხადა. 2019 წელს რუსეთის მთავრობის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, კუნძულის მცხოვრებთა 96% ტერიტორიის იაპონიისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.

კრიმინალური ორგანიზაციები ვაქცინის მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას გეგმავენ - ინტერპოლი

”მაშინ როცა მთავრობები ვაქცინაციების დასაწყებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას გეგმავენ", - ამის შესახებ ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა იურგენ შტოკმა განაცხადა. ორგანიზაციის განმარტებით, მათ 194 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილეს, მოემზადონ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელებთან გასამკლავებლად, რომლების სამიზნეც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გახდება. ”მაშინ როცა მთავრობები ვაქცინაციების დასაწყებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები გეგმავენ მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას. კრიმინალური ქსელები ასევე გეგმავენ ადამიანების ნდობით ისარგებლონ და ფეიკ ვებგვერდებისა და ყალბი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი,“- აცხადებს ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი.

მიხაელ შუმახერის ვაჟი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს

მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს. 21 წლის ავტომრბოლელმა „ჰაასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. წლევანდელ სეზონში უმცროსი-შუმახერი ფორმულა 2-ში გამოდის და საერთო ჩათვლასაც ლიდერობს, „ჰაასში“ კი მისი მეწყვილე, 2021 წელს, რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი იქნება. კონტრაქტის გაფორმების მიკ შუმახერმა აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადაა და შეეცდება „ფორმულა 1“-შიც ისევე დამაჯერებლად გამოვიდეს, როგორც „ფორმულა 2“-ში.

იტალია 2021 წლის დასაწყისიდან კოვიდ 19-ზე მოსახლეობის უფასო ვაქცინაციას იწყებს

იტალია მომავალი წლის დასაწყისიდან საკუთარი მოსახლეობისთვის კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაციის პროგრამას იწყებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციის დროს პრიორიტეტი ჯანდაცვის მუშაკებსა და ხანდაზმულებს მიეცემათ. რობერტო სპერანზამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას სხვადასხვა კომპანიისგან ვაქცინების 202 მილიონი დოზის შეძენის შესაძლებლობა აქვს. იტალიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე ინფიცირების 1 600 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 56 000-ს აჭარბებს.

აშშ-ში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირება იგეგმება

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი თვითიზოლაციის პერიოდი, შესაძლოა, 7 დღეს არ აღემატებოდეს. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ამჟამინდელი რეკომენდაციით, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქეებმა 14-დღიან თვითიზოლაციას უნდა მიმართონ.

გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მომავალი კვირიდან გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „დღეს მთავრობამ მიიღო მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) რეკომენდაცია Pfizer-BioNTech– ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დამტკიცების შესახებ”, - ნათქვამია გაერთიანებულმა სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი მომავალი კვირიდან გახდება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ 19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90%-ზე მეტს იცავს. ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.

დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან მონაწილეობს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო სამეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაში, რომელიც 1 დეკემბერს დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, მინისტერიალი ონლაინ-კონფერენციის ფორმატით ტარდება. დღეს, 2 დეკემბერს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დავით ზალკალიანი ონლაინ-შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან ერთად ჩაერთვება. მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის „არსებითი პაკეტის“ განახლების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა.

კრიზისთან ბრძოლისთვის, მასზე უკეთ არავინაა მომზადებული - ჯო ბაიდენმა სახაზინო მდივანი წარადგინა

კრიზისთან ბრძოლისთვის, მასზე უკეთ არავინაა მომზადებული - ასე წარადგინა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახაზინო მდივანი და ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი. ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი სახაზინო მდივნის პოზიციაზეა შერჩეული. „მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“, - განაცხადა ბაიდენმა. იელენის მოადგილედ კი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, ბარაკ ობამას ფონდის ხელმძღვანელი უოლი ადეიემო წარადგინეს. ბაიდენმა ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტი სესილია როუსი დაასახელა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 64 194 674 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 44 441 249 ადამიანი, 1 486 829 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 18 266 596 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

შოტლანდია მომავალი კვირიდან ვაქცინაციისთვის ემზადება

შოტლანდია მომავალი კვირიდან ვაქცინაციისთვის ემზადება. Edinburg News-ი შოტლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერზე, ჯინ ფრიმანზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემა მზად არის ვაქცინაციის დაწყებისთვის, როგორც კი რომელიმე პრეპარატი ნებართვას მიიღებს. მისივე ცნობით, დიდი ალბათობით პირველი - Pfizer/BioNTech-ს ვაქცინა იქნება, რომელსაც 7 დეკემბერს, მოსახლეობის ასაცრელად დაუშვებენ. შოტლანდიის მთავრობის თანახმად, ეროვნული ჯანდაცვის სერვისის (NHS) თანამშრომლები ვაქცინის მიწოდებაზე ტრენინგს, ამ კვირიდან გაივლიან. შოტლანიდა Pfizer-ის 320 000 დოზას დეკემბერში მიიღებს. პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორის პერსონალი აიცრება. დიდმა ბრიტანეთმა 40 მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა, შვიდი მილიონი Moderna-სა და 100 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა შეიძინა.

ჩინეთი NATO-სთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ჩინეთი მზადაა NATO-სთან დიალოგისთვის და ალიანსს სწორი მსოფლმხედველობისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. "ჩინეთი იმედოვნებს, რომ NATO მათ მიმართ შექმნილ დამოკიდებულებას შეცვლის, ქვეყანა დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს", - განაცხადა ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნიანგმა.

ბიტკოინი ისტორიულ ნიშნულზეა

მსოფლიოს უდიდესმა ციფრულმა ვალუტამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც Bloomberg-ი წერს, ბიტკოინის ღირებულება 19,857 დოლარი გახდა. ორშაბათს ბიტკოინმა 8.7 %-თ მოიმატა, რის შედეგადაც, მსოფლიოს უდიდესი ციფრული აქტივის ღირებულებამ 19,857 დოლარი შეადგინა. კრიპტოსამყაროს ყველაზე ცნობილი ვალუტისთვის ამგვარი მატება ახალი არაა, მაგალითისთვის 2017 წელს მისი ღირებულება 19,511 დოლარი იყო, თუმცა ვალუტამ წლის ბოლოს ღირებულების 70% დაკარგა. ბიტკოინი, მატების მიუხედავად, ძალზე არამდგრადი რჩება. Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ციფრული ვალუტის საშუალო დღიური ფასი 2,7%-თ იცვლება.

პანდემიის გამო, ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა - გაერო

კორონავირუსის პანდემიის გამო, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ, მსოფლიოს მასშტაბით 40 %-ით გაიზარდა, - ამის შესახებ გაეროში აცხადებენ. ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ასეთი ადამიანების დასახმარებლად დაახლოებით 35 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო. „ყველა, ვისაც მომავალ წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება ერთ ქვეყანაში რომ ცხოვრობდეს, ეს მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ქვეყანა იქნებოდა", - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელმა, მარკ ლოუკოკმა. მისივე თქმით, პანდემიამ, განსაკუთრებით ყველაზე არამყარი და დაუცველი ქვეყნები დააზარალა. გაერომ ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2021 წლისთვის 56 ქვეყნაში 160 მილიონამდე ადამიანის დახმარებას ითვალისწინებს. ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ყველაზე დაუცველი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შიმშილის, კონფლიქტების, კლიმატის ცვლილებებისა და კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების წინაშე იდგებიან, მთელს მსოფლიოში, საერთო ჯამში, დაახლოებით 235 მილიონი იქნება, საიდანაც გაერო დაახლოებით 160 მილიონი ადამიანის დახმარებას შეძლებს. „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მივაღწიოთ გაჭირვებულთა დაახლოებით ორ მესამედამდე, რადგან სხვები, მაგალითად, წითელი ჯვარი, შეეცდება დარჩენილი ხარვეზი შეავსოს”, - აღნიშნა ლოუკოკმა. მისივე თქმით, იმ პრობლემებს შორის, რის მოგვარებასაც გაერო ცდილობს, მთავარია შიმშილის აღმოფხვრა იემენში, ავღანეთში, ჩრდილო - აღმოსავლეთ ნიგერიაში, სამხრეთ სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბურკინა ფასოში.

პოლონეთში სამუშაო ვიზას, წლიურად, საქართველოს 10,000-მდე მოქალაქე ითხოვს - ელჩი

საქართველოში პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, საკონსულოში წელიწადში თითქმის 10 000 განაცხადი შედის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პოლონეთში სამუშაო ვიზის მიღების მიზნით. ამის შესახებ დიპლომატმა Forbes Georgia-სა და BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმთ, როგორც სასწავლებლად, ისე სამუშაოდ, ქართველებისთვის პოლონეთი საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. „აქ საუბარი არ არის მხოლოდ რესტორნებში მიმტანებად დასაქმებულებსა და დამლაგებლებზე, ძალიან ბევრი მაღალი დონის პოზიციაა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულები. პოლონეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელსაც სჭირდება ბევრი მუშახელი, ასე რომ, ჩვენ ღია ვართ არა მარტო უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც“, - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში.

Moderna აშშ-სა და ევროპაში ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის ნებართვას ითხოვს

Moderna აშშ-სა და ევროპაში ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის ნებართვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ვაქცინა ხალხს კორონავირუსისგან 94%-ით იცავს. ამავდროულად Pfizer-მა, რომელსაც მსგავსი ინექცია აქვს, აშშ-ში განცხადება უკვე შეიტანა. გაერთიანებული სამეფო, ასევე Pfizer-ის ვაქცინის განხილვის პროცესშია, ამასთან ისინი AstraZeneca-ს პრეპარატსაც მოისაზრებენ. Moderna-ს თქმით, მათ იმედი აქვთ რომ ბრიტანეთში პრეპარატს დაუშვებენ, რადგან მათ, კლინიკური ცდების შედეგები, 30,000-ზე მეტი მოხალისისგან აქვთ, მათ შორის კი რისკჯგუფების წარმომადგენლები, კერძოდ ხანდაზმულებიც არიან. გამოცემა წერს, ვაქცინების მოწინავე კომპანიებს, აქვთ თავისი უპირატესობები და უაყოფითიც. კერძოდ, AstraZeneca უფრო იაფია, ერთი დოზა სამი ფუნტი ჯდება, ხოლო Pfizer-ის 15 ფუნტი, მოდერნა კი საკუთარი პრეპარატის ერთ დოზას 25 ფუნტად აფასებს. ამასთან ერთად, ოქსფორდის AstraZeneca-ს ვაქცინა უფრო მარტივი გადასატანია, რადგან ის კრიტიკულად დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს, თუმცა ბრიტანული კომპანიის ვაქცინის შედეგიანობა სხვებთან შედარებით (62-დან 90%-მდე), უფრო დაბალია. დიდმა ბრიტანეთმა, ვაქცინის დოზები, სამივე კომპანიისგან ნაადრევად შეისყიდა. ქვეყანას, 7 მილიონი Moderna-ს, 40 მილიონი Pfizer-ისა და 100 მილიონი AstraZeneca-ს პრეპარატი აქვს მომარაგებული.

მერკელი შობა–ახალი წლის დღეებში სასტუმროების მუშაობის წინააღმდეგია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შობა-ახალი წლის დღეებში სასტუმროების მიერ მუშაობის განახლების წინააღმდეგია, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. როგორც კანცლერმა განაცხადა, სასტუმროების გახსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს. სასტუმროების მუშაობის განახლების თაობაზე გერმანიის თითოეულმა რაიონმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ შობა-ახალი წლის დღეებში გერმანიამ შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას არაუმეტეს ორი ოჯახის წევრები შეძლებენ. მათი საერთო რაოდენობა 10-ს არ უნდა აჭარბებდეს. კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს. ამასთან, დეკემბრიდან ახალი შეზღუდვა ექნებათ მაღაზიებს და ყოველ 25 კვადრატულ მეტრზე ერთი მყიდველის მიღებას შეძლებენ. გერმანია შეზღუდვების გახანგრძლივებას საშობაო პერიოდის შემდეგაც გეგმავს. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების ერთ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 560 პაციენტი გარდაიცვალა.