უცხოეთი

ამერიკულმა კომპანიებმა აზერბაიჯანთან $8 მილიარდ დოლარზე მეტის კომერციულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი

აშშ-ის დელეგაციამ და აზერბაიჯანმა 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კომერციულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი და ვაშინგტონი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს, განაცხადა სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კალებ ორმა. ბაქოში ვიზიტით მყოფმა ორმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აზერბაიჯანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებში უფრო ფართო როლის შესრულებას ცდილობს. „ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში,“ - განაცხადა ორმა Reuters-ის კითხვის საპასუხოდ. „ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ დავეხმაროთ აზერბაიჯანს, გააძლიეროს თავისი როლი, როგორც შუა დერეფნის ცენტრალურმა ჰაბმა ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების მიმართულებით ენერგეტიკული ტრანზიტისთვის,“ — განაცხადა ორმა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა იზრდება და ფართოვდება. „ჩვენ ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს ვაორმაგებთ. თუმცა ამ საფუძველს ბევრად უფრო მასშტაბურ თანამშრომლობად ვაქცევთ. მხოლოდ ამ კვირაში ვიხილეთ, რომ აშშ-ის კომპანიებმა 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეთანხმებები გააფორმეს,“ — განაცხადა ორმა.  

DFC $2.5 მილიარდის ინვესტიციას ამტკიცებს, რაც TRIPP კომპანიის შექმნასაც მოიცავს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ახალი სტრატეგიული ინვესტიციების სერია, რომლის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია, მათ შორისაა „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) განვითარების კომპანიის შექმნის მხარდაჭერა. TRIPP-ის განვითარების კომპანიის, აშშ-სა და სომხეთს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნა მიზნად ისახავს ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, ამავდროულად, საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ეს საწარმო ეფუძნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ისტორიულ სამშვიდობო დეკლარაციას და „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერას, რათა მხარი დაუჭიროს ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, სარკინიგზო ხაზებს, მილსადენებს, ბოჭკოვან ოპტიკას და სხვა. TRIPP-ის განვითარების კომპანიაში ამერიკულ მხარეს 74%-იანი წილი ექნება, ხოლო სომხურ მხარეს 26%-იანი წილი ერგება.  

აზერბაიჯანი შუა დერეფნის ციფრულ ინტეგრაციაზე ჩინეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან ტვირთების გადაზიდვის სფეროში მონაცემთა პირდაპირი გაცვლის სისტემის შექმნაზე, განაცხადა ციფრული ლოგისტიკური პლატფორმის (DLP) პროექტის ხელმძღვანელმა, ეთირამ გულიევმა, ბაქოში გამართული კასპიის ზღვის მე-2 საერთაშორისო ტრანსპორტის, ტრანზიტისა და ლოგისტიკის ფორუმზე. აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ერთობლივად მოამზადეს და ჩინურ მხარეს წარუდგინეს შესაბამისი გზამკვლევი. პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველო რჩება შუა დერეფნის ერთადერთ მთავარ ქვეყნად, რომელიც ჯერ არ შეერთებია ამ ციფრული ინტეგრაციის პროცესს. თუმცა მისი მონაწილეობა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ეთირამ გულიევის თქმით, სისტემასთან საქართველოს მიერთება ერთიანი ციფრული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის დასრულებას და მთელი მარშრუტის გასწვრივ მონაცემთა შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველყოფას შესაძლებელს გახდის.  

სომხეთმა და აშშ-მ TRIPP-ის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის პროექტის შესახებ, რომლის პარაფირებაც 26 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დოკუმენტს ხელს აწერს.„ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის წინ, თქვენს თვალწინ ხელი მოვაწერე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის შესახებ. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ჩემსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ, მისი სომხეთში ვიზიტის დროს, მოხდა დოკუმენტის პარაფირება. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას, დოკუმენტი სომხეთში გამოიგზავნა და ახლა სომხურმა მხარემაც მიიღო დოკუმენტი. ამით დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულებულია და შეთანხმება რატიფიცირებისთვის მზად არის,“ - განაცხადა არარატ მირზოიანმა.  

უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ 17-თვიან ვეტო მოხსნა — FT

ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ 4 ივნისს, მას შემდეგ განაცხადა, რაც კიევსა და ბუდაპეშტს შორის მთავარი დაბრკოლება მოიხსნა. კერძოდ, უკრაინამ და უნგრეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყნის უნგრულენოვანი უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდეგი ეტაპი ივნისის შუა რიცხვებში გაგრძელდება. როგორც FT წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე 17-თვიანი ვეტო მოუხსნა. „ჩვენ მივაღწიეთ გარღვევას უკრაინასთან ეთნიკური უმცირესობის ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში,“ - განაცხადა მადიარმა პარიზში, ოფიციალური ვიზიტის დროს. პიტერ მადიარის წინამორბედის ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს, უნგრეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბლოკავდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ პროგრესს. „100 000 უნგრელი დაიბრუნებს თავის ფუნდამენტურ უფლებებს,“ - განაცხადა მადიარმა და განმარტა, რომ უკრაინა დათანხმდა ამ შეთანხმების პირობების კანონმდებლობაში და ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სამოქმედო გეგმაში ასახვას და თუ ეს მოხდება, მაშინ უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი თავის გახსნას. თუმცა როგორც Reuters-ი წერს, მადიარის მთავრობა არ უჭერს მხარს უკრაინისთვის გაწევრიანების შესახებ დაჩქარებულ მოლაპარაკებებს. „პრემიერ-მინისტრ მადიარის მიერ უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმების გამოცხადება გზას უხსნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესს,“ - დაწერა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა X-ზე.  

ტრამპი თურქეთში NATO-ს სამიტს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში დაგეგმილ NATO-ს 36-ე სამიტს დაესწრება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება.   

ჩინეთი და ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით, ევროპასთან ტვირთბრუნვის გაზრდას გეგმავენ — უკრაინის დაზვერვა

ჩინეთი და ყაზახეთი აჩქარებენ რუსეთის გვერდის ავლით ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, თუ გეგმები განხორციელდება, მოსკოვმა შესაძლოა, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობიდან მიღებული ტრანზიტული შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარი დაკარგოს. პეკინი მომდევნო წლებში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით [შუა დერეფანი], ევროპაში ტვირთების ნაკადის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. მარშრუტი გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე, ეს მარშრუტი რუსეთს უვლის გვერდს. ანალიტიკოსების შეფასებით, როგორც კი მარშრუტი სრულ დატვირთვას მიაღწევს, რუსეთმა შეიძლება, მრავალმილიარდიანი ზარალი ნახოს. „ამ დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკა უფრო რთულად ითვლება, ვიდრე რუსეთის გავლით ტრანზიტი, რადგან ის სარკინიგზო ტრანსპორტს, პორტის ინფრასტრუქტურას, ბორნების გადასასვლელებს და რამდენიმე ქვეყანას შორის რთულ საბაჟო პროცედურებს აერთიანებს, მაგრამ პეკინი და ასტანა აქტიურად ავითარებენ ამ პროექტს,“ – აცხადებენ დაზვერვის სამსახურში და აღნიშნავენ, რომ გეგმების განსახორციელებლად ყაზახეთის რკინიგზა 2030 წლისთვის დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს რკინიგზის, პორტისა და ტერმინალის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში. „2026 წელს დაგეგმილია 900 კმ ახალი ლიანდაგის აშენება. კერძოდ, დაახლოებით 300 კმ აიაგოზ-ბახტის მონაკვეთზე, რომელიც შექმნის მესამე რკინიგზის გადასასვლელს ჩინეთთან საზღვარზე. ეს გაზრდის მარშრუტის გამტარუნარიანობას 55 მილიონიდან 100 მილიონ ტონამდე წელიწადში 2030 წლისთვის. წყლით გადაადგილების შეფერხებების აღმოსაფხვრელად ყაზახეთის რკინიგზა 100 მილიონ დოლარზე მეტს ჩადებს ექვს ახალ სატვირთო გემში აქტაუს, კურიკისა და ბაქოს პორტებს შორის მომსახურებისთვის,“ – აცხადებს უკრაინის დაზვერვა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების ასოციაციის მონაცემებით, დერეფანში ტრანსპორტირების მოცულობამ 2023 წელს – 2.76 მილიონი ტონა, 2024 წელს – 4.48 მილიონი ტონა და 2025 წელს 4.12 მილიონი ტონა შეადგინა.  

უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში ნავთობტერმინალს დაარტყა

უკრაინის პრეზიდენტმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა დაადასტურეს, რომ 3 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის პორტში მდებარე ნავთობის ტერმინალზე შეტევა განხორციელდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან რუსეთის ნავთობის მრეწველობის ამ ობიექტამდე, რომელიც ომს ემსახურება, მანძილი დაახლოებით 1100 კილომეტრია.“  „დარტყმები განხორციელდა კრონშტადტის ბაზაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზეც. კიდევ ერთი სამიზნე ტამბოვის ოლქში მდებარე საწარმო იყო, რომლის მანძილიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრია,“ - წერს ზელენსკი X-ზე. ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამით უკრაინელ მეომრებს „კარგი შედეგები“ ჰქონდათ რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების შედეგად. მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა „სამხედრო სამიზნეები კრონშტადტის ბაზაზე“ და რუსული იარაღის წარმოებაში ჩართული საწარმო ტამბოვის რეგიონში. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, ბალტიის ზღვაზე მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს ტერმინალს უსაფრთხოების და თავდაცვის ძალებთან ერთად დრონებით დაარტყეს, რამაც მრავალრიცხოვანი, მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. სანქციების ქვეშ მყოფ პეტერბურგის ნავთობტერმინალს აქვს 31 რეზერვუარი, რომელთა საერთო მოცულობა 324 000 კუბური მეტრია და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 12,5 მილიონი ტონაა. რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში 10-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა. 3 ივნისს, სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით შეტევის დღეს ამ ქალაქში გაიხსნა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც. მისი გამოსვლა 5 ივნისსაა დაგეგმილი. დარტყმები უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა, რასაც სულ მცირე 22 ადამიანის, მათ შორის, რამდენიმე ქალი და ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.  

ფაშინიანი: სომხური ვარდების და ბოსტნეულის პირველი პარტიები უკვე გადის ექსპორტზე ახალ ბაზრებზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ სომხურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე დაწესებულ შეზღუდვებს მცდარი უწოდა და განაცხადა, რომ ეს ხალხს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ განაწყობს. აღიარებს თუ არა სომხეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას, განსაკუთრებით ფიტოსანიტარიული კონტროლის სფეროში, ფაშინიანმა ამ შეკითხვის საპაასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები შესაძლოა, ცალკეული კომპანიებისთვის არსებობდეს. მთავრობა დაიწყებს დახმარების პროგრამებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ სომხურ საქონელზე დაწესებული აკრძალვით დაზარალდნენ. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ექსპორტისთვის უსამართლო ბარიერების არსებობის შემთხვევაში, მთავრობა განახორციელებს სუბსიდირებისა და მხარდაჭერის პროგრამებს და დაეხმარება მწარმოებლებს, რომლებმაც ზარალი განიცადეს, ახალი ბაზრების პოვნაში. „მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპორტის უსამართლო ბარიერები არსებობს, ჩვენ განვახორციელებთ დახმარებისა და სუბსიდიების პროგრამებს ამ საქონლისთვის, რათა ჩვენს ეკონომიკაში წაგებული არავინ დარჩეს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. მისი განმარტებით, ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც დაბრკოლებები არ არის დაკავშირებული პროდუქტის ხარისხთან და რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ექსპორტირებული საქონელი არ აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს. ფაშინინიანის თქმით, სომხეთი უკვე მუშაობს ახალი საექსპორტო ბაზრების განვითარებაზე. „დღეს უკვე გვყავს რამდენიმე ბიზნეს დელეგაცია, რომლებიც გაემგზავრნენ. მადლიერნი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სწრაფი რეაგირებისთვის და უკვე გვაქვს კონკრეტული წინადადებები ვარდების, ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხეთის ეკონომიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ მიმართულებაზე. მისივე თქმით, სომხური ვარდების და ბოსტნეულის პირველი პარტიები უკვე გადის ექსპორტზე ახალ ბაზრებზე. კითხვას, ევროკავშირზე საუბრობდა თუ სხვა ბაზრებზე, ფაშინიანმა უპასუხა: „ევროკავშირზეც და სხვებზეც.“ „ჩვენი რამდენიმე ბიზნესდელეგაცია დღეს უკვე მუშაობს და ვარდების და ბოსტნეულის პირველი პარტიები გაიგზავნა იმ ქვეყნებში, რომელთა შესახებაც მოგვიანებით მოგიყვებით. არ დარჩება არანაირი პროდუქტი. ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. რუსეთმა სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა.  კერძოდ, ერევნის ევროკავშირთან დაახლოების შესახებ განცხადებების შემდეგ, რუსეთმა აკრძალვა დააწესა რუსეთში ყვავილების, პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილის, მარწყვის, ალუბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ვაშლატამასა და ყურძნის ექსპორტზე. შეზღუდვები ასევე დაწესდა სომხეთიდან თევზისა და თევზის პროდუქტების, ასევე, ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე. 7 ივნისს სომხეთში  საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.  რუსეთმა სომხეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერევნიდან ელჩი გაიწვია  

ბუდანოვი: უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა, ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, სასურველია — ზამთრამდე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების დავალება გასცა. „ეს არის პრეზიდენტის ბრძანება, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. სასურველია  — ზამთრამდე. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ყველაფერს გავაკეთებ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. ეს აბსოლუტურად სწორი, დროული და კარგად გააზრებულია.“ ბუდანოვი ხაზს უსვამს, რომ უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები აქვს ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთმა შეიძლება, შეთანხმებები დატოვოს. ამავდროულად, მან განმარტა, რომ უკვე არსებობს „საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეალური ნიშნები.“  

რუსეთმა სომხეთიდან თევზის იმპორტი შეზღუდა

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთიდან ცოცხალი თევზის იმპორტი შეზღუდა. „როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ ერევანმა 2 ივნისიდან რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქტების სერტიფიცირება უნდა შეაჩეროს, გარდა იმ ორი კომპანიის პროდუქციისა, რომლებმაც შემოწმება გაიარეს. უწყების ცნობით, შემოწმების შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო. ეს ნიშნავს, რომ თევზისა და თევზის პროდუქტების სომხეთიდან რუსეთში გაგზავნა დროებით შეიზღუდა და მხოლოდ ორი ქარხნის პროდუქცია გავა - ეს ორი ქარხანა არ დასახელებულა. მათ პროდუქციას „რუსეთში შემოიტანენ უსაფრთხოების მაჩვენებლების ლაბორატორიული მონიტორინგის პირობით,“ - განმარტებულია განცხადებაში, რომელიც "ინტერფაქსს“ მოჰყავს. ცნობისთვის, 2026 წლის 30 მაისიდან „როსსელხოზნადზორმა“ აკრძალა ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულისა და მარწყვის შეტანა სომხეთიდან რუსეთში. მანამდე უწყებამ სომხეთიდან რუსეთში ყვავილების შეტანა აკრძალა. კიდევ ერთმა უწყებამ, „როსპოტრებნადზორმა“ შეაჩერა სამი მსხვილი სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და ასევე აკრძალა სომხეთიდან რუსეთში „ჯერმუკის“ მინერალური წყლის შეტანა და გაყიდვა.  

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი — რა საკითხები განიხილა დელეგაციამ

ამერიკი საელჩო 25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებებს ავრცელებს. შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან 25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცეპრემიერებს ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის. აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის: ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს. შეხვედრა საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან აშშ-ის დელეგაციამ სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“-სა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან. დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით. მანამდე, აშშ-ის საელჩომ ასევე გაავრცელა დელეგაციის განცხადება, რომელიც პატრიარქთან შეხვედრას ეძღვნებოდა. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა „იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა.“ „შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო თბილისში, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, შიო III-სთან შეხვედრა. დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ცივილიზაციურ კავშირებს, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს. შეერთებული შტატები ამ მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის: სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღრმა პატივისცემას ღვთივბოძებული უფლებებისადმი, რომელიც ადამიანის ღირსებას უზრუნველყოფს. აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა. დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის გამტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრველა საპატრიარქომაც. დელეგაცია საქართველოს 24 მაისიდან 29 მაისამდე სტუმრობდა. მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამერიკის საელჩოში აცხადებენ, რომ შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა არის საჭირო ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის გზაზე დასაყენებლად.“ დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენდნენ: პიტერ ანდრეოლი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი; ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში.  

აშშ-მ ირანს კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარი ჩამოართვა — ბესენტი

ვაშინგტონმა ირანული კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოახდინა. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკური ზეწოლის კამპანია, რომელსაც „Operation Economic Fury“ ეწოდება, „ირანის რეჟიმს“ სერიოზულ ფინანსურ კრიზისში აქცევს. აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ფარგლებში მიიღეს. მისი განცხადებით, ირანის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. ბესენტის თქმით, ირანელი სამხედროების 40-50% ხელფასს ვერ იღებს, პოლიციის ნაწილი სამსახურში აღარ ცხადდება, ინფლაცია 200%-ზე მეტია, ხელისუფლება მოსახლეობას საკვების ვაუჩერებს ურიგებს. აღსანიშნავია, რომ თეირანი მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის დაწყებამდე, გაყინული ირანული სახსრებიდან 12 მილიარდი დოლარის გათავისუფლებას ითხოვს. New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპს სურს უცხოეთში გაყინული ირანის აქტივების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების გადახედვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამისა და ჰორმუზის სრუტით მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. Axios-ის ცნობით, ტრამპი მაღალგამდიდრებული ურანის საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო ფორმულირებას მოითხოვს. ამერიკულ მხარეს სურს დააკონკრეტოს, თუ როგორ და როდის მიიღებს აშშ ირანის ბირთვულ მასალას. 31 მაისს აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე ირანის წარმომადგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანი არ მიიღებს აშშ-სთან კონფლიქტის დასრულების შესახებ არცერთ შეთანხმებას, თუ არ იქნება დარწმუნებული, რომ ირანელი ხალხის უფლებები დაცულია. გადაუჭრელ საკითხებს შორისაა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნის ვადები და ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება.  

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე დრონების საწინააღმდეგო სისტემები დაამონტაჟა

ესტონეთმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სახმელეთო საზღვრის სამ მონაკვეთზე - ლუჰამაას სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ესტონეთის, ლატვიისა და რუსეთის საზღვრების გადაკვეთის წერტილს შორის - დრონების აღმოჩენისა და მონიტორინგის ფიქსირებული მოწყობილობები დაამონტაჟა. „ეს მხოლოდ დასაწყისია: ჩვენ მივდივართ დრონების ქსელის შექმნისკენ, რომელიც მთელ ესტონეთს მოიცავს. დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტები აჩვენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობების დაგეგმვისას რისკები ძალიან რეალისტურად შევაფასეთ და ფრთხილი გადაწყვეტილებები მივიღეთ,“ - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ ტარომ. მისი ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრის დარჩენილ მონაკვეთებზე დრონების მონიტორინგის მოწყობილობების დამონტაჟება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება. ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის საბჭომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მოქნილი მეთვალყურეობა უზრუნველყოფს ესტონეთის აღმოსავლეთი საზღვრის კარგად დაცვას როგორც დღეს, ასევე — მომავალში.  

ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირმა ჩინეთის საკუთრებაში არსებულ ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Temu-ს 200 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა ისეთი უკანონო პროდუქტების გაყიდვის გამო, როგორიცაა, საშიში საბავშვო სათამაშოები და გაუმართავი დამტენები. ევროკომისიამ განაცხადა, რომ კომპანიამ „ვერ შეძლო პროდუქტების სისტემური რისკების გულმოდგინედ იდენტიფიცირება და იმ ზიანის ანალიზი და შეფასება, რაც მათ შეიძლება, მომხმარებლებს მიაყენონ. Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს იმის გამო, ასრულებდა თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს. ჯარიმის გადახდასთან ერთად, Temu-მ 28 აგვისტომდე უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა დარღვევების აღმოსაფხვრელად. შემდეგ კომისიას ორი თვე აქვს იმის გადასაწყვეტად, გასწია თუ არა კომპანიამ საკმარისი სამუშაო, მოთხოვნების შესასრულებლად. ევროკავშირის ტექნოლოგიების კომისარმა ჰენა ვირკუნენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზანი Temu-სთვის „ძალიან ძლიერი გზავნილის“ გაგზავნა იყო. Temu-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საცალო ვაჭრობის კომპანია პატივს სცემს მკაფიო და თანმიმდევრული წესების საჭიროებას, თუმცა გადაწყვეტილება 2024 წელს მოიცავდა და არ ასახავდა მისი სისტემების ამჟამინდელ მდგომარეობას.  

რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ქალაქ კონსტანცაში რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ბუქარესტი საკონსულოსაც ხურავს. რუმინეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის შეჭრის გამო მიიღეს, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. მისი განმარტებით, დრონი უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული 43 დრონიდან ერთ-ერთი იყო. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ რუმინეთი რუსეთის საკონსულოს დახურავს. რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ბუქარესტი NATO-ელი მოკავშირეების ერთიანი რეაქცია სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირებაა. ნიკუშორ დანმა აღნიშნა,რომ ალიანსი თავისი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ნაწილს რუმინეთში გადაიტანს, ვიდრე რუმინეთი თავის შიდა სისტემებს არ განაახლებს. NATO-მ და ევროკავშირმა რუსეთი გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, ორი ადამიანი დაშავდა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს ახორციელებდა. ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ „რუსეთის უგუნური საქციელი საფრთხეს უქმნის ყველას“, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი „გააგრძელებს ზეწოლის გაზრდას“ მოსკოვზე. რუმინეთი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრია - ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს, დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა რუმინეთში.   

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, „საზღვარგარეთ დაკავებულ მოქალაქეებს არმია დაიცავს“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მეთაურს საზღვარგარეთ დაპატიმრებული მოქალაქეების დასაცავად არმიის გამოყენება შეუძლია. გამოცემა РБК-ს შეკითხვას, გავრცელდება თუ არა კანონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რუსეთის იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ გრუზდევმა უპასუხა, რომ ამ სასამართლოს კომპეტენცია ეფუძნება რომის სტატუტს, რომელსაც რუსეთმა ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიკაცია არ განუხორციელებია. 2016 წელს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რომის სტატუტის მონაწილეობა არ სურს. შესაბამისად, გრუზდევის განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია არ ეფუძნება თავად რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებას. კანონი სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო სასამართლოების მიერ რუსეთის მოქალაქეების დაკავების, სისხლის სამართლებრივი ან სხვა დევნის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გასცეს.  

ფაშინიანი: მალე ავაშენებთ მაგისტრალს — უმოკლეს გზას, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან დააკავშირებს

„ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნით, ჩვენ დავასრულეთ სომხეთის განბლოკვის პირველი ეტაპი და ახლა გვაქვს სარკინიგზო კავშირი აღმოსავლეთთან და დასავლეთთან.“ ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 25 მაისს, ქალაქ გიუმრიში წინასაარჩევნოდ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სომხეთის პრემიერის თქმით, ეს პირველი ეტაპია და წინ დიდი პროექტებია, მათ შორის, TRIPP-ის განხორციელება და მეღრის გავლით რკინიგზის განბლოკვა. „TRIPP ფუნქციონირებას ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპების საფუძველზე დაიწყებს. TRIPP სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და განბლოკვის ყველაზე ძლიერი სიმბოლოა. სიუნიქი მშვიდობის გზაჯვარედინად იქცა,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. „ჩვენ ვემზადებით ახურიკ-აკიაკის რკინიგზის გახსნისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო ინვესტორებმა სომხეთში განაგრძეს ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც შირაქის, ლორის და ტავუშის რეგიონებში გაივლის. რკინიგზის პარალელურად, მალე დავიწყებთ მაგისტრალის მშენებლობას. ეს გახდება უმოკლესი გზა, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან დააკავშირებს. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.  

რუსეთი კიევში, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ დარტყმებით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მისი შეიარაღებული ძალები კიევში, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს“ დაარტყამს. ამავე განცხადების მიხედვით, დარტყმები განხორციელდება უკრაინის საბრძოლო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და სამეთაურო პუნქტებზეც. რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სისტემატურ დარტყმებს იწყებს კიევში მდებარე სამხედრო ობიექტებზე. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 22 მაისის ღამით სტარობელსკზე მიტანილმა იერიშმა "მოთმინების ფიალა აავსო."  დარტყმას ქალაქ სტარობელსკზე, რომელიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის მონაცემებით, 21 ადამიანი ემსხვერპლა. იერიშის შედეგად, დაინგრა პედაგოგიური კოლეჯის კორპუსები. რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სიების მიხედვით, დაღუპულთა უმრავლესობა კოლეჯის სტუდენტია, მათი ასაკი 18-დან 22 წლამდე მერყეობს. დაღუპულთა სიებში არასრულწლოვნები არ არიან, რუსეთის ოფიციალური პირები და მედია აქტიურად საუბრობს, რომ დარტყმა "ბავშვებზე" განხორციელდა. პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ საპასუხო დარტყმების შესახებ წინადადებები უნდა წარმოადგინოს. უკრაინის განმარტებით, სტარობელსკში იერიში რუსეთის ქვედანაყოფის, "რუბიკონის' სამეთაურო პუნქტზე განხორციელდა.  მოსკოვი "უცხოეთის მოქალაქეებს, მათ შორის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს" მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი, უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლებს კი მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ საბრძოლო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს."  „იმის გამო, რომ აღნიშნული ობიექტები მთელ კიევშია მიმოფანტული, ვაფრთხილებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს, რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დატოვონ, ხოლო უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ არ მიუახლოვდნენ ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე 24 მაისის ღამით, რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მიიტანა მასშტაბური იერიში უკრაინის დედაქალაქზე. დაინგრა ან დაზიანდა 30-ზე მეტი შენობა, დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 4 მოქალაქე. ეს მასირებული საჰაერო თავდასხმა ერთ-ერთი უმსხვილესია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა დაახლოებით 30 საცხოვრებელი სახლი. 23-24 მაისს მოსალოდნელი მასირებული თავდასხმისა და ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენების საფრთხის შესახებ უკრაინის დაზვერვა, პრეზიდენტი ზელენსკი და აშშ-ის საელჩო იერიშის წინა დღეს აკეთებდნენ განცხადებებს.  

ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა, რაც მისი თქმით, რეგიონული კავშირისთვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სატრანსპორტო კავშირი მნიშვნელოვნად ფართოვდება, რაც ქვეყანას უფრო მჭიდროდ აკავშირებს მრავალ რეგიონულ ბაზართან. „სიხარულით გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის. სომხეთს ამჟამად აქვს რკინიგზით წვდომა რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ხოლო შემდგომ ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის გავლით. სომხეთს ასევე აქვს წვდომა ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის გავლით გამავალი რკინიგზის საშუალებით. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის,“ - წერს ფაშინიანი. სომხეთი ნახიჩევანის გავლით თურქეთთან და აზერბაიჯანთან სარკინიგზო კავშირის დამყარებას გეგმავს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ახალი სარკინიგზო კავშირების დამყარებაა მოსალოდნელი, მათ შორის, დაგეგმილია სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის მარშრუტების გახსნა, ასევე, სომხეთ-ირანის რკინიგზის ამოქმედება, რომელიც ნახიჩევანზე გადის. ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოვლენები დაკავშირებულია TRIPP პროექტის განხორციელებასთან, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, ასეთი რეგიონული სატრანსპორტო ინიციატივები უახლოეს პერიოდში განხორციელდება.