პოლიტიკა

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს - კვლევა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 2025 წლის ყოველწლიური კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. კვლევის მიხედვით, დღეს რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, 74% მხარს დაუჭერდა ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 80% მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს. ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე სანდო საერთაშორისო პარტნიორად, მას ენდობა მოქალაქეების 67%. ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ცნობადობა კვლავ მაღალია და 70%-ს აღემატება. ციფრების მიღმა, მოქალაქეები ევროკავშირის წევრობას აღიქვამენ როგორც გზას მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, შვილების უკეთესი მომავლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. „ეს შედეგები ცხადყოფს, რომ ევროკავშირი–საქართველოს პარტნიორობა მხოლოდ პოლიტიკური არაა, ის ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის სურვილსა და მისწრაფებებს,“ - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს. კვლევა: როგორია წევრი ქვეყნების მოსახლეობის განწყობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე  

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი.“ „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. განახლება: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.   ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კალასი: რუსეთის წინააღდეგ სანქციებს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროპის საჰაერო სივრცის სერიოზული დარღვევა უფრო აძლიერებს ბლოკის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას. კალასის შეფასებით, რუსეთის აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას, რეგიონულ სტაბილურობას და საერთაშორისო მშვიდობას. „ევროპის საჰაერო სივრცის ეს სერიოზული დარღვევა მხოლოდ უფრო აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს რუსეთისგან თავის დაცვაში და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში. კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციებს გააძლიერებს. „უმკაცრესად ვგმობთ 10 სექტემბერს რუსული დრონების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევას. ეს აგრესიული და უგუნური ქმედება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციის ნაწილია,“ - აღნიშნულია კალასის განცხადებაში. „კიდევ უფრო გავზრდით მოსკოვის ხარჯებს რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციების მნიშვნელოვნად გაძლიერებით. ასევე ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი. გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას პოლონეთის მიმართ და ვაგრძელებთ იმ მხარდაჭერის შეთავაზებას, რომელიც პოლონეთს სჭირდება აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად. მუდმივ მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონეთის ხელისუფლებასთან,“ - აცხადებს კალასი. პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ვარშავა NATO-ელი პარტნიორებისგან თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიიღებს  

რუმინეთის ელჩის თქმით, შავი ზღვის რეგიონის დიდი პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია

რუმინეთის ელჩმა საქართველოში რაზვან როტუნდუმ, ორმხრივი კავშირების გაფართოების დიდ პოტენციალზე ისაუბრა. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ფოთის პორტსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის მნიშვნელობას, რაც ჯერ კიდევ არასაკმარისად გამოიყენება. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა რუმინეთის მხარდაჭერას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმართ, რომელიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ერთობლივი ინიციატივაა და, მოსალოდნელია, რომ ის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და რეგიონული ენერგეტიკული ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს. „რუმინეთი და საქართველო შავი ზღვის მეზობელი ქვეყნები არიან, ამიტომ, პოტენციალი უზარმაზარია. ვფიქრობ, რომ არსებობს მსგავსება კულტურასა და მენტალიტეტში, რაც ასევე ძალიან გვეხმარება. საჭიროა ბიზნეს სექტორებს შორის მეტი კონტაქტი და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოსი, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია ამ შეხვედრის ორგანიზებაში. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ასე გავაგრძელოთ,“ - განაცხადა როტუნდუმ. სავაჭრო ურთიერთობები ეკონომიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის ვაჭრობა წარმატებულია. 2025 წლის იანვარ-ივლისში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 188.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 134.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ვაჭრობის ძირითადი ნაწილი რუმინეთიდან იმპორტი იყო, რომელმაც 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 166.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნავთობი და ნავთობპროდუქტები დომინირებდა 132.6 მილიონი აშშ დოლარით, რაც რუმინეთს რუსეთის შემდეგ საქართველოში ნავთობის სიდიდით მეორე მიმწოდებლად აქცევს. სხვა იმპორტში შედის თამბაქოს წარმოება (6.1 მილიონი აშშ დოლარი), რეზინის საბურავები (3.6 მილიონი აშშ დოლარი), მედიკამენტები (2.2 მილიონი აშშ დოლარი) და მსუბუქი ავტომობილები (1.9 მილიონი აშშ დოლარი). რუმინეთში ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 21.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ოდნავ ნაკლებია 2024 წლის 24.5 მილიონ აშშ დოლართან შედარებით. სასუქები წამყვანი საექსპორტო კატეგორია იყო - 16.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით. ვაჭრობის წლიური მაჩვენებლები თანმიმდევრულ მოცულობებს აჩვენებს: 246.9 მილიონი აშშ დოლარი 2024 წელს, 244.2 მილიონი აშშ დოლარი 2023 წელს და 314.7 მილიონი აშშ დოლარი 2022 წელს. რუმინეთს სურს, ევროკავშირის შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს  

მიხეილ ყაველაშვილი: მივიღე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. პარტიაში აცხადებენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პატიმრებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.  ყაველაშვილის განცხადებაში ნათქვამია, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება." “გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს,” - აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.  

მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა საკითხის განხილვის გარეშე ჩატარდა. მანამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს.  პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს. სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია, თუმცა მან აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.  

აშშ-მ საქართველოში თავდაცვის სფეროს ახალი გუნდი წარადგინა

„3 სექტემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს წარუდგინა ახლად ჩამოსული თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი - ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“ წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ჯო ჰილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგას კიევის რკინიგზის სადგურზე დახვდა დენის შმიგალის თქმით, შეხვედრისას კოორდინაციას გაუწევენ „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრის ძირითად საკითხებს“, რომელიც ლონდონში გაიმართება. „ვამზადებთ მნიშვნელოვან ორმხრივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების თავდაცვის პოტენციალს,“ - წერს შმიგალი.  

ერდოღანმა თურქეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება დააანონსა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნა. სომხური მხარის ცნობით, თანამოსაუბრეებმა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯები გაამახვილეს ყურადღება. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ასევე, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობას, რათა შეიქმნას ურთიერთნდობის ატმოსფერო და რეგიონული კომუნიკაციები განვითარდეს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში მდგრადი სტაბილურობისა და მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით.  ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესის გამო, ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების მიმართ და განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ამ პროცესში წვლილის შეტანას. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ განიხილება თურქეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯები. ერდოღანი SCO-ს 25-ე სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და რეგიონული სტაბილურობისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.  ალიევთან შეხვედრის დროს განიხილეს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და გლობალური საკითხები. ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ რეგიონული განვითარების ინიციატივების კოორდინირებულად ჩამოყალიბების მნიშვნელობას. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას თანამშრომლობის განვითარებისთვის მრავალ სფეროში, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში.   

მარტა კოსი: არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კოპენჰაგენში ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალი მიმდინარეობს. კოსის თქმით, დღეს განიხილავენ, თუ როგორ შეგვიძლიათ, გააგრძელონ მუშაობა მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. „ორ ქვეყანასთან, რომლებმაც შეასრულეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო.“ ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ხსენებულმა ქვეყნებმა შეასრულეს საშინაო დავალება. ევროკავშირმა, შესაძლოა, უკრაინასთან და მოლდოვასთან ე.წ. სკრინინგის პროცესი წელსვე დაასრულოს. „უკრაინასთან და მოლდოვასთან, შესაძლოა, დავასრულოთ სკრინინგის პროცესი ექვსივე კლასტერისთვის წელსვე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები გაწევრიანების პროცესის ხერხემალია და სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ ძალისხმევას გავწევთ, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები,“ - აღნიშნა მარტა კოსმა.  

საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა. შესაბამისი განკარგულება 7 აგვისტოთი თარიღდება. ახალი ელჩი შერაზ გასრის შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე 2023 წლის დასაწყისიდან მსახურობს. მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა უფლებამოსილების ვადის დასრულების შესახებ. განკარგულების თანახმად, ოლვიე კურტო აქამდე უფროსი ადმინისტრატორის პოზიციას იკავებდა. ოლივიე კურტო საფრანგეთის სამთავრობო უწყებებში დაზვერვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა.  ფრანგული მედიის ცნობით, კურტო მუშაობდა ლისაბონში საფრანგეთის საელჩოს პირველ მდივნად. 2005-2009 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროში ევროპის საკითხებში მრჩეველი, ასევე, საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორის შტაბის უფროსი. ასევე, 2015 წლისთვის, იორდანიაში საფრანგეთის საელჩოში პირველი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.  

სომხეთი და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე შეთანხმდნენ

26 აგვისტოს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუტიმ ერევანში, სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდი გამართეს. სომხურმა მხარემ ბრიტანელ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ, მათ შორის, დემოკრატიის განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გაძლიერების მცდელობების შესახებ. სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, გაერთიანებულმა სამეფომ სომხეთის პროგრესი შეაქო და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ამ რეფორმების გაგრძელების მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდეს. ორივე მხარემ განიხილა თანამშრომლობის გაფართოება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, მათ შორის, სამომავლოდ, მაღალი დონის შეხვედრები და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ურთიერთობების გაუმჯობესების კონტექსტში, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. „მხარეები მოუთმენლად ელიან ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას და ზრდის ხელშეწყობას თანამშრომლობის გზით, მათ შორის, სომხეთის ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების, რეფორმებისა და დივერსიფიკაციის მხარდაჭერის მხარდაჭერის ჩათვლით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობით. მხარეებმა განიხილეს სომხეთ-დიდი ბრიტანეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება (CEPA). სომხეთმა აღიარა გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის დაფინანსების (UKEF) პოტენციალი ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიას. გაერთიანებული სამეფო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ბოლო დროს მიღწეულ შეთანხმებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის გადამწყვეტ ნაბიჯი ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისკენ,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, მხარეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.  ასევე, მხარეებმა განიხილეს „მშვიდობის გზაჯვარედინის“  ინიციატივა  - როგორც რეგიონული კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პლატფორმა.   

მაკრონი პუტინზე: როცა ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამია დგას, ამას გრძნობენ ქართველებიც, უკრაინელებიც და სხვა ხალხებიც

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამართლებულად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტზე თავის სიტყვებს, რომელსაც მან მტაცებელი და კაციჭამია უწოდა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ის “ვულგარულობისთვის” გააკრიტიკა. 29 აგვისტოს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის “ავტოკრატიული გადახრა”, რომელიც “საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს ახდენს.” “საერთაშორისო სამიტებზე ვლადიმირ პუტინის პოზიციებსა და ადგილზე რეალობას შორის სხვაობა აჩვენებს რამდენად არაგულწრფელია ის,” - განაცხადა მაკრონმა. „ამგვარ აღწერას უარვყოფ. მე არასოდეს ვარ უხეში ან ვულგარული. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამიაა, ესაა სურათი, რომელსაც ბევრი იზიარებს - ვფიქრობ, ეს აღწერს რას გრძნობენ მკაფიოდ ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ხალხი. ანუ კაცი, რომელმაც გადაწყვიტა იმოძრაოს ავტორიტარული, ავტოკრატიული მიმართულებით და უხელმძღვანელოს საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს," - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ზელენსკი 29 აგვისტოს გამოვიდა შეხსენებით, რომ ბოლო ვადა, რომელიც ტრამპმა რუსეთს შეთანხმების მიღწევისთვის მისცა, არის ორშაბათი, პირველი სექტემბერი. მაკრონის თქმით, თუ პუტინი პირველ სექტემბრამდე არ დათანხმდება შეხვედრის გამართვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ეს ნიშნავს, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააცურა, რაც, მაკრონის აზრით, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.  

რა საკითხები განიხილა ალან პერსელმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. „აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ - სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით. მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც განვითარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი თქმით, მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის კუთხით. ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელი სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით ახორციელებს და გეგმავს. ასევე აღინიშნა, რომ მზარდია სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, რომელმაც 2025 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მხარემ. კერძოდ, ამერიკის საელჩოს ცნობით, „ოთხშაბათს, [27 აგვისტოს, რედ.] ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა.“  

პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა. კობახიძის თქმით, კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. ამასთან, პრემიერმა ოხანაშვილს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე," - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. ოხანაშვილის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.  

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა პირველ სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ "საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი 2025 წლის პირველ სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება." ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში უპასუხა რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან რეკომენდაციების შესრულებას და უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ მსჯელობას, ასევე, ამ საკითხზე წევრი სახელმწიფოების პოზიციებს შეეხება. 2025 წლის 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს განახლებული ინფორმაცია 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების შესახებ და მიიღოს შესაბამისი ზომები წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად. "კომისია რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს შემდეგი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ შეფასების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე სავარაუდო გადაწყვეტილება მიიღება წინასწარ განსაზღვრული მრავალსაფეხურიანი პროცესის შესაბამისად, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით," - ნათქვამია ევროკავშირის საელჩოდან მიღებულ წერილში.  

ისრაელს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში ისრაელის ახალი ელჩი ვალიდ აბუ ჰაია იქნება.    „დიდი პატივია მივესალმოთ ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ბატონ ვალიდ აბუ ჰაიას. დღეს მან რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ბატონ ზურაბ დარჩიაშვილს.   ელჩი აბუ ჰაია, რომელიც დრუზი ისრაელელია, თავის მისიას იწყებს ურყევი მზადყოფნით, რათა კიდევ უფრო განამტკიცოს მეგობრობა და პარტნიორობა ისრაელსა და საქართველოს შორის,“წერს საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.   2022 წლიდან ამ დრომდე ელჩის პოზიციას ჰადას მეიცადი იკავებდა.  

ტრამპი: ობამას დროს ყირიმი წაიღეს, საქართველოს დიდი ნაწილი კი — ბუშის დროს, ჩემ დროს არაფერი წაუღიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Mark Levin Show-სთან ინტერვიუს დროს საქართველოც ახსენა. მან მსოფლიოში ტერიტორიული საკითხების კონტექსტში წინამორბედების მმართველობა გაიხსენა. „ყირიმი ობამამ დათმო და ამის შესახებ არავინ საუბრობს. ეს მე რომ გამეკეთებინა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. იმაზე საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპს პუტინთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. მე ყირიმი მისთვის არ მიმიცია. ყირიმი უზარმაზარია. ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომის არის. ის ულამაზესია და ობამას გამო დათმეს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. „ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ხოლო საქართველოს დიდი ნაწილი კი — ბუშის დროს. მაგრამ ჩემ დროს არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ ეს [რუსეთ-უკრაინის ომი] მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა. ეს აღარ მოხდება. ამაზე არ ინერვიულოთ. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ მოგვარდება,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

"ლელომ" და პარტიამ - "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

"ლელო-ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად, "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა. დედაქალაქის მერობის კანდიდატი წარდგენის დროს სლოგანად გამოჩნდა - „ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“ და „ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოდლები.“ ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, კახა კალაძე 31 ივლისს დაასახელა. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს იმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სხვა თანამოაზრეები.