პოლიტიკა

საქართველომ და უზბეკეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკათ მირზიოევმა მოაწერეს ხელი. ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას. „საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია,“ - განაცხადა თავის მხრივ, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა. საქართველომ და ყაზახეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი  

ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ისთვის საბაჟო გადასახადს აუქმებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავიდა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერევნის „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა. ერევანში ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებები გამართა. შევხედრის შემდეგ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, დაეხმაროს სომხეთს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში, რისთვისაც მომავალ კვირას სომხეთში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი ჩავა. მან უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა ევროკავშირი, დაეხმაროს სომხეთს იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთმა, რომლის გაზზეც ქვეყანა დიდწილად არის დამოკიდებული, შესაძლოა, მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი სომხეთზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს. „ენერგეტიკის თემასთან დაკავშირებით თქვენ გჭირდებათ სტრატეგიული, კომპლექსური და მრავალშრიანი მიდგომა. და როგორც ვეხმარებით სომხეთს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციაში, რაც ქვეყნის მედეგობას განამტკიცებს, ასევე გვსურს, დაგეხმაროთ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხშიც. სწორედ ამიტომ, მომავალ კვირას სომხეთში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა. ჩვენ მსგავს სიტუაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ეს გამოვიარეთ უკრაინაში, ეს გამოვიარეთ მოლდოვაში. თავად ევროკავშირსაც ჰქონია მსგავსი გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ნებისმიერი ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი, ამავდროულად, ახორციელებს ინვესტიციებს რეგიონულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ელექტროენერგეტიკული ურთიერთკავშირების გზით, რადგან პარალელურად საჭიროა ახალი მარშრუტების მშენებლობა და რეგიონული ენერგოქსელების გაძლიერება „ეს მოიცავს 25 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას „კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელი“ პროექტის ფარგლებში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სომხეთის მიერ განახლებადი ენერგიის წარმოების მოცულობების მნიშვნელოვან გაფართოებას. ეს ადგილობრივი წარმოების ენერგეტიკული რესურსია. ეს თქვენი ენერგეტიკული რესურსია, რომელსაც აქ, სომხეთში აწარმოებთ, რაც განიჭებთ დამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აძლიერებს ქვეყნის მედეგობას. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ იმ შესაძლო სიტუაციაში, რომელიც თავად ძალიან კარგად ვიცით,“ - განმარტა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთს სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერევბლად და დივერსიფიკაციისთვის 18 მილიონ ევროს გამოუყოფს. „ვიცი, რომ სომხეთი კვლავ განიცდის რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზეწოლას. სინამდვილეში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენს პარტნიორებზე ზეწოლა როდესაც იზრდება, ევროკავშირი ყოველთვის დგამს საპასუხო ნაბიჯებს. პირველ რიგში, თქვენ მალე მიიღებთ დამატებით 18 მილიონ ევროს, რაც ვაჭრობის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციაში დაგეხმარებათ,“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სომხური საქონელი, რუსეთის ნაცვლად, ევროკავშირის ბაზარზე გავა. ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, სომხეთიდან ექსპორტირებული გარკვეული პროდუქციის მიმართ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებები გაატაროს, რაც ამ საქონლის ნაწილის ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე გატანის შესაძლებლობას შექმნის. „ჩვენ კიდევ უფრო შორს მივდივართ. წარვადგენთ წინადადებას ე.წ. ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის თითქმის 80 პროცენტის ლიბერალიზაციას მოახდენს. შედეგად, ჩვენთან თქვენი ვაჭრობის 80 პროცენტი ტარიფებისგან გათავისუფლდება. ამით ჩვენ შევძლებთ იმ პროდუქტების გადამისამართებას, რომლებიც ამჟამად კვლავ ძლიერ არიან დამოკიდებულნი რუსულ ბაზარზე და მათ გაგზავნას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, რომელიც 450 მილიონ მომხმარებელს მოიცავს. შესაბამისად, ეს ზომები ევროპის კარს გაუხსნის სომხეთის ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების თითქმის 99 პროცენტს, რომელთა ექსპორტიც ადრე რუსეთში ხდებოდა,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ ევროკავშირი უკვე ძალიან დიდია ხანია, ქვეყნის ნომერ პირველი პარტნიორია დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ახლა, არჩევნების შემდეგ, მიმაჩნია, რომ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა გადავტვირთოთ სომხეთის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი. წინა პერიოდში ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებოდით ამ გზას, თუმცა ამ პროცესს მუდმივად თან ახლდა დიდი პრობლემები - კოვიდი, ომი, ომისშემდგომი სიტუაცია. პრაქტიკულად, რეალურად არ მოგვცემია შესაძლებლობა, სრულად ვყოფილიყავით კონცენტრირებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგზე. როგორც არჩევნები, ისე ეს ახალი პერიოდი და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალი დონე და მასშტაბი ჩვენთვის ისტორიულ შანსს ქმნის. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი სტრატეგია. პირველი ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ, არის ევროკავშირის სტანდარტებთან სრული, გულწრფელი და მთლიანი შესაბამისობა. ეს არის პირველი სტრატეგიული ამოცანა, რომლის შესრულების შემდეგ უკვე კონკრეტულ სამოქმედო დღის წესრიგად შეიძლება იქცეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა, რაც უკვე პოლიტიკური საკითხია. მაგრამ, როგორც წარსულშიც მითქვამს, როდესაც ჩვენ სრულად და გულწრფელად შევესაბამებებით ევროკავშირის სტანდარტებს, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. თუმცა, ეს ასევე არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც დამოკიდებულია ყველაზე სხვადასხვა ფაქტორზე. თუ ჩვენ შევძლებთ ევროკავშირის წევრობას, ეს იქნება უდიდესი მიღწევა, თუ რაიმე მიზეზით, ვთქვათ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაფართოვდეს, ამ შემთხვევაშიც ჩვენ მაინც დიდ მოგებაში დავრჩებით, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის კრიტერიუმებს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კეთდება არა ევროკავშირისთვის, არამედ, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, თავად სომხეთისთვის, და სწორედ ეს არის ის სტრატეგიული მიზანი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ისახავს. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც რეგიონული კომუნიკაციების გახსნას უკავშირდება. „საბოლოო ჯამში, წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ მქონია შემთხვევა მეთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა კონფლიქტის ჩიხიდან მშვიდობის გზაჯვარედინად იქცევა. ეს ისტორიული მოვლენაა და ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის, რომელიც ამ ძალისხმევაში თანმიმდევრულად და სრულად უჭერს მხარს სომხეთს და სომეხ ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ. ახლაც კი, როდესაც წარსულს გადავხედავთ, წარმოუდგენელია, რა სისწრაფით განვითარდა ბოლო წლებში სომხეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ურთიერთობები. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ განვითარების ეს ტემპები შენელდება, და მე ამით ძალიან მოხარული ვარ,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. „გამორიცხავს თუ არა 2013 წლის სიტუაციის განმეორებას, როდესაც სომხეთმა, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო, ერთ ღამეში გადაწყვიტა ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეწყვეტა.“ ამავე პრესკონფერენციაზე ფაშინინმა მედიის ამ შეკითხვას უპასუხა. „დიახ, გამოვრიცხავ, ეს შეუძლებელია. მით უმეტეს ახლა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობამ მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, კერძოდ - საგარეო პოლიტიკის ბალანსირებას. ამავდროულად, როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენ არასდროს დაგვისვამს მიზნად, არ გვაქვს და არც დავისახავთ მიზნად სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში კრიზისის შექმნას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, არცერთი საერთაშორისო პარტნიორის ინტერესებს არ უგულებელვყოფთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერცერთი სხვა პარტნიორის ინტერესებს ვერ დავაყენებთ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებზე მაღლა, და ვფიქრობ, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ლოგიკურია,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, პირველ ივლისს, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ევროკომისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მშვიდობის განმტკიცების გზები კავშირების გაფართოებისა და სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებთა მხარდაჭერის გზით და ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და ენერგეტიკული პარტნიორობის საკითხები. ევროკავშირი 200 მილიონ ევროს დახარჯავს სასაზღვრო რაიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება დაახლოებით ორი მილიარდი ევროს კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების მოზიდვა. კიდევ 20 მილიონი ევრო განკუთვნილია აზერბაიჯანის და სომხეთის სასაზღვრო რაიონების თემების მხარდასაჭერად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ტერიტორიების განაღმვა, კვალიფიკაციის ამაღლება და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება. ევროკავშირი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს ნახიჩევანის რკინიგზას. 2026 წელს აზერბაიჯანმა, ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა დაიწყეს პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა პირველ ივლისს გამოაცხადეს, რომ 2026 წლის ბოლომდე ბაქოში ჩატარდება მინისტრთა კონფერენცია, რომელზეც კავშირგაბმულობის სფეროში ინვესტირების საკითხებს განიხილავენ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.  

საქართველომ და ყაზახეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა. ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა მემორანდუმები კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. თოყაევის თქმით, საქართველო „გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია.“ „მსურს, აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი,“ - მიმართა ყაზახეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. „მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას,“ - განაცხადა თავის მხრივ, კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. თოყაევმა „ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად“ კობახიძეს „მეგობრობის” პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.  

უზბეკეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მირზიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ხელი მოეწერება საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ დეკლარაციას და სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებს. ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება. „ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, რათა ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. უზბეკეთი სწრაფად მზარდი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური აზიისთვის, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. რა თქმა უნდა, ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. პარალელურად, ტარდება ბიზნესფორუმი, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის პრაქტიკული კავშირების გაძლიერებას,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი დონის ვიზიტი ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.  

ფაშინიანი: ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა მკაფიოდ უნდა უპასუხოს შეკითხვას — არსებობს თუ არა ორგანიზაცია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთიდან იმპორტზე, ისევე როგორც მისი ტერიტორიის გავლით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ეეკ) სხვა ქვეყნებში სომხური საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, გაერთიანების არაერთ წევრ ქვეყანაში სულ მცირე ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს. „არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამ განცხადებით ფაშინიანი გამოეხმაურა სომხური პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებსა და იმ დაძაბულობას, რომელიც ბოლო პერიოდში სომხეთსა და EAEU-ის სხვა წევრ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ამ ეტაპზე კვლავ აგრძელებს მუშაობას კავშირის ფარგლებში და არ მიიჩნევს, რომ ურთიერთობები შეუქცევადად არის გაუარესებული. „ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებები მოიძებნება, რადგან თუ გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს სულ სხვა რამეს ნიშნავს - პირველ რიგში, თავად ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის. მსურს, შეგახსენოთ, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი რამდენიმე კონცეპტუალურ დებულებას ეფუძნება: მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და ფინანსების თავისუფალი გადაადგილება. თუ ეს არ არის, ნიშნავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიც არ არსებობს. და ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა ამ კითხვას მკაფიოდ უნდა უპასუხოს։ არსებობს იგი თუ არა. ჩვენ ვამბობთ, რომ იგი არსებობს და ჩვენ, როგორც მონაწილე სახელმწიფო, მივიჩნევთ, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ გაუგებრობას. თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი იტყვის: იცით რა, მე აღარ ვარსებობ, დიახ, თუ ისინი არ არსებობენ, ჩვენ რაღა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ვართ და იქ ვმუშაობთ. ახლა ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა უნდა თქვას։ არსებობს თუ არა. თუ პირდაპირ ან მინიშნებით იტყვის, რომ არ არსებობს, აბა ჩვენ რა ვქნათ? ის, რაც ჩვენთან ხდება, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რამდენიმე ქვეყანაში სულ მცირე ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს. ჩვენ მთავრობის სხდომებზე ვსაუბრობთ დივერსიფიკაციის ამ პროცესებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეეკ-ის არაერთ ქვეყანაში ეს პროცესი ოფიციალური განცხადებების გარეშე მიმდინარეობს, რადგან იმას, რაც ხდება, ისინი შეაფასებენ როგორც რისკს, რომელიც მათ წინაშეც დგას“, - განაცხადა ფაშინიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმატში ნამდვილად არის განსახილველი საკითხები და იგი უახლოეს შესაძლებლობას გამოიყენებს ამ დისკუსიის დასაწყებად. 29 მაისს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე, რომელსაც ფაშინიანი არ დაესწრო, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი წევრი სახელმწიფოს - რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის და ყირგიზეთის - პრეზიდენტებმა მიიღეს განცხადება, რომლითაც მოუწოდებენ სომხეთს, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის გაკეთების საკითხზე. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია.  

ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტზე: ოპტიმიზაციის შედეგად, კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით $204 მილიონიდან შემცირდა $151.4 მილიონამდე

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე. „აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაო. აქ იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი. ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, ანუ 52.5 მილიონი დოლარი დავუზოგეთ ქვეყანას კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად. ესეც არის ახალი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად, 52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა  

ზელენსკი: უკრაინას აქვს იმდენად ძლიერი ინსტრუმენტები, რომ მოსკოვისთვის დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “რამშტაინის” ფორმატში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ძლიერი ინსტრუმენტები, რათა მოსკოვი დააყენოს გზაზე, როდესაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება. „ძალიან კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები გვქონდა [“დიდი შვიდეულის” სამიტზე საფრანგეთში] ყველა ლიდერთან, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა რუსეთზე ზეწოლის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დავასრულოთ ეს საშინელი ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ. და ეს ასევე “დიდი შვიდეულის” ყველა ლიდერის პოზიციაა. მადლობელი ვართ ამ ერთიანობისთვის. გვაქვს ინსტრუმენტები და ისინი საკმაოდ ძლიერია, რათა რუსეთი დავაყენოთ გზაზე, როდესაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი ბელგიაში, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე 18 ივნისს ჩავიდა, როდესაც უკრაინის მოკავშირეებმა კიევს დამატებითი სამხედრო დახმარება აღუთქვეს. შეხვედრა მაშინ გაიმართა, როდესაც რუსეთი უკრაინის ქალაქებზე მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს აგრძელებს. თავის მხრივ, კიევი პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის მეტ სისტემასა და რაკეტების ჩამხშობ სისტემებს მოითხოვს. „ყველანი ვხედავთ, რომ პუტინი ახლა ერთ რამეზეა დამოკიდებული, მუდმივ სარაკეტო თავდასხმებზე და მას ბალისტიკური რაკეტები აქვს, ამიტომ ჩვენ ანტიბალისტიკური შესაძლებლობები გვჭირდება.“ „რუსული ბალისტიკური რაკეტები პრობლემად რჩება და ამ პრობლემაზე პასუხი გვჭირდება,“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. კიევმა და ბერლინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავს ანტიბალისტიკური თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას და გერმანიაში Termit-ის სახმელეთო რობოტული სისტემების ერთობლივ წარმოებას. უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეხვედრის მთავარ პრიორიტეტებს შორის იქნება. ზელენსკის განცხადებით, რუსეთისადმი უკრაინის პასუხი სრულიად სამართლიანია. მისი თქმით, „ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ სიზუსტე და ეფექტიანობა ყველა პარტნიორმა აღნიშნა.“ შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა.   

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

16 ივნისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოაცხადა. კერძოდ,  გაერთიანებულმა სამეფომ გააფართოვა რუსული კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები, რომლებიც მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.  ბრიტანეთის სანქციები შეეხო რუსულ საფინანსო კომპანიებს, Яндекс Банк-ს, Еврофинанс Моснарбанк-ს, Вайлдберрис Банк-სა და Вятич-ს, თავდაცვის ინდუსტრიულ კომპანიებს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცრებს, "ჩრდილოვანი ფლოტის" 27 ხომალდს, მათ შორის რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის გადამზიდავებს, ასევე სადაზღვევო კომპანიებს Росгосстрах-სა და Баланс страхование-ს. დღესვე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა. დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველო სამმხრივ სწავლებას — „კავკასიის არწივი 2026“ მასპინძლობს

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საველე ტაქტიკური წვრთნების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში გაიმართა.  სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და გამოცდილების გაზიარება. სწავლება ორიენტირებულია მცირე ზომის ქვედანაყოფების ტაქტიკასა და მისი ამოცანების შესრულებაზე. სწავლებას დააკვირდება შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც სამივე ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება.  

ვუჩიჩი თბილისში: სერბეთი აღიარებს საქართველოს მიღწევებს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. „პირველ კვარტალში 36.4% იყო ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით ზრდა. სერვისები, ტურიზმი - ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, იმიტომ, რომ პირდაპირი ფრენები არსებობს. ეს მაჩვენებელი იზრდება სერბი ტურისტების საფუძველზე. ვისურვებდი, რომ ბევრი ქართველი ტურისტი ჩამოდიოდეს სერბეთში. თბილისში ჩამოსვლა არის დიდი სიამოვნება და ველი, რომ ქართველი ბიზნესმენები ჩამოვლენ სერბეთში და ნახავენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს ქვეყანაში. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი მიმართულებით და ხედვაც ძალიან დიდი გვაქვს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში. ამის საფუძველზე მოხდება დაჩქარება ურთიერთობების ზრდის. ეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. დაგვრჩა სულ მცირე, რომ დავასრულოთ ამაზე მოლაპარაკებები და დავიწყოთ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აქტიური ვაჭრობა. ამ შეთანხმებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოდან შემოდის კომერციული არხებით ძალიან ბევრი სერვისი. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იმპორტი საქართველოდან, ამ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ჩვენი წვდომა იქნება შეუზღუდავი. მომხმარებლები სერბეთში დიდად ისარგებლებენ ასეთი მნიშვნელოვანი იმპორტით საქართველოდან. მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის ეს ორმხრივად მნიშვნელოვანი იქნება. მიხარია, რომ ძალიან მალე საქართველოში გაიხსნება სერბეთის საელჩო. იმედია, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს საელჩოს გასახსნელად სერბეთში. ამით მხარს დავუჭერთ ჩვენს ურთიერთობებს, მათ განვითარებას. ასეთი მაღალი კალიბრის ინტეგრაცია იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ამით სერბეთის და საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო მყარად დავუჭერთ მხარს და ძალიან კარგი იქნება ორივე მხარისთვის,“ - განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა. „საქართველოს ჩვენ ვუყურებთ არამხოლოდ როგორც მეგობარ ქვეყანასა და ერს, არამედ, ჩვენ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გაგვაჩნია და ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, პატრიარქ შიო მესამესთან მქონოდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური მართლმადიდებლური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე მესმის, რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა სამომავლოდ. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. გვქონდა შეხვედრები, სხვა ღონისძიებები, სადაც ძალიან თბილად ვურთიერთობთ. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ, 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა. ამას ვსაუბრობ სერბეთის სახელით, სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3 %. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია და ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით. როდესაც პირველი კვარტალი დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ რა მაჩვენებლით გაიზარდა ჩვენთან ეკონომიკა, მაგრამ ვხედავთ საქართველოში, რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთში ვამბობთ, რომ დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ასეთი ტემპი რომ იყოს ეკონომიკური განვითარების, საოცარი იქნებოდა. ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობ თქვენგან. 12 % იყო მშენებლობის დარგში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში, ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდა. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება, ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ,“ - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, მზადაა სერბეთთან პარტნიორობის გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალის სრულად ათვისებას. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა იმედი გამოთქვა, რომ სერბეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. „საქართველოსა და სერბეთს აკავშირებთ საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გვაქვს საერთო გამოწვევებიც, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.­ 15 ივნისს, სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება. "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჰაკან ფიდანი: თურქეთი-ბულგარეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგეტიკული დერეფანი უმნიშვნელოვანესია რეგიონული უსაფრთხოებისთვის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. თურქმა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ენერგეტიკა თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი სფეროა: „ჩვენი ურთიერთობები ყოველწლიურად ფართოვდება, დივერსიფიცირდება და ღრმავდება.“ „გასულ წელს ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით ხელი მოეწერა მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც უდიდესი მნიშვნელობისაა ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, ელექტროენერგიისა და ენერგოეფექტურობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გასულ წელს ხელმოწერილი მემორანდუმი ახალ იმპულსს სძენს ბულგარეთთან ჩვენს ენერგეტიკულ პარტნიორობას,“ - აღნიშნა ფიდანმა. 2025 წლის აპრილში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც დაიწყო აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ენერგეტიკული დერეფნის შექმნის პროექტი. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მომზადება 2026 წელს დაიწყება. ახალი დერეფანი უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებას კასპიის რეგიონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის, კერძოდ, ბულგარეთისთვის, ასევე, რუმინეთისთვის და უნგრეთისთვის. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა წელს დაიწყება  

ფაშინიანი: დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, აშშ-სა და საქართველოს შორის შერიგებით

„როგორ შეიძლება, არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.“ ჟურნალისტების ამ შეკითხვას უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ გაიმარჯვა. „დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

გაეროს გენასამბლეამ კვლავ დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების უფლება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეზოლუციას, რომელიც ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში მიიღო, 107 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი 8 ქვეყანა წავიდა. „რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე. რეზოლუცია, ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. რეზოლუციის თანაავტორთა რაოდენობა წელს 4-ით, 68-მდე გაიზარდა. რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, დომინიკის თანამეგობრობა, ესპანეთი, ესტონეთი, ვანუატუ, გერმანია, გვატემალა, საქართველო, თურქეთი, ტონგა, ტუვალუ, უკრაინა, უნგრეთი, ახალი ზელანდია, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, კაბო-ვერდე, კირიბატი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პაპუა-ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, სიერა-ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, ტრინიდადი და ტობაგო, ფიჯი, ფინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, შვედეთი, ჯიბუტი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. „გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეკორდული 107 ხმით მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სტატუსის შესახებ. მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას“, – დაწერა მაკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.  

ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მოუწოდა, შეწყვიტოს ომი და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ზელენსკი გამოდის წინადადებით შეხვედრა გაიმართოს პიდაპირი ფორმით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით. “უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ. "არ შეგეშინდეთ ომიდან გასვლის გზის არჩევის - ეს არის მთავარი, რაც ახლა თქვენგან საჭიროა."  ყველამ გაიგონა თქვენი წარმომადგენლები ღიმილით როგორ ამბობდნენ, რომ მოსკოვში უნდა ჩავიდე, მაგრამ 26 წლის შემდეგ, თქვენს დედაქალაქში უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება, ისევე, როგორც — რუსეთის ლიდერს კიევში. არიან ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები - ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა. ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს — ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის ჩანიშვნას," - წერს ზელენსკი. ომის დასრულების მოლაპარაკებები  "გავიგეთ, ალასკაში როგორ დადეთ პირობა უკრაინასთან და ევროპასთან დაკავშირებით რაღაც საკითხების მოგვარებაზე. მაგრამ როგორც ხედავთ, უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება. სხვა გარკვეულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენს შორის დაწყებული ორმხრივი მოლაპარაკებებისადმი შეერთება. ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენ თქვენთვის გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურია მათი მოწვევა, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება. გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა საჭიროა — მათი, ვისაც გავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. . ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უნდა იყოს პროცესში, და ამას შეუძლია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების ახალი კონფიგურაციის განსაზღვრა,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში. უკრაინის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი არ მივა იდეამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს არსებობისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს გაცილებით რთული ბრძოლა მოუწევს, არა რუსეთის, არამედ, პერსონალური არსებობისთვის. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ეს მუქარა არ არის, არამედ, ფაქტია რუსეთის ისტორიიდან. „გვჭირდება იმის განსაზღვრა, თუ როგორი მომავალი ექნებათ უკრაინელებსა და რუსების მომავალ თაობებს. თუ თქვენ პერსონალურად თქვენს აზრებში არ მიხვალთ იმ იდეამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს თავისი არსებობისთვის ბრძოლას. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ ასევე მოგიწევთ გაცილებით უფრო რთული ბრძოლა თქვენი არსებობისთვის — არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. და ეს მუქარა არაა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც კარგად იცით: რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში. უკრაინის პრეზიდენტი ომზე პასუხისმგებლობას აკისრებს პირადად პუტინს და აცხადებს, რომ კონფლიქტი იყო მისი შეგნებული არჩევანი. "რასაც უნდა ამბობდეთ NATO-ზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი არის თქვენი პირადი არჩევანი — ომი — რეალური მიზეზის გარეშე," — წერს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოება სულ უფრო მეტად იღლება ომის შედეგებით. მისი თქმით, რუსეთის ხალხს "არ მოსწონს ჩვენი დრონები და რაკეტები", "არ მოსწონს ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა", ასევე, "არ მოსწონს, რომ პუტინის ომს ბოლო არ უჩანს." უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტზე. "გუშინ ჩავიბარე ანგარიში ფრონტზე თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ, უკრაინაში, მაისის თვეში. ის კვლავ აჭარბებს 30 ათას მოკლულ და მძიმედ დაჭრილ რუსს," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამავე წერილში წერს, რომ რუსეთის მიერ ომის 2027-28 წლებამდე გაჭიანურების გეგმების შესახებ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია აქვს. „ჩვენ ასევე ვიცით, რომ იმედოვნებთ, ბალისტიკური იარაღი შეძლებს იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო. გსურთ, ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოთ ომში და ახლა ჩვენც იძულებული ვართ, ამისთვის მოვემზადოთ. ვხედავთ, რომ რაღაც თამაშს თამაშობთ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. თქვენი პროპაგანდისტები ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ყველა მეზობელს ემუქრებიან. მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა? არჩევანი ახლა თქვენზეა. საკმარისია ომი. უკრაინას ამ ომის დასრულების შეთავაზება აქვს. ეს უნდა გავაკეთოთ გულწრფელად, ღირსეულად და უზრუნველვყოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყება.“  

უნგრეთმა სამი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა

უნგრეთის მთავრობამ სომხეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. Reuters-ის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა ვანდა შონდიმ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება უცხოელი მუშახელის დასაქმების რეგულაციების გამკაცრების მცდელობის ნაწილია, იმ შეშფოთების ფონზე, რომ უცხოელი მუშახელის შემოდინებამ შესაძლოა, უნგრელი თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდოს. მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირებისკენ მიმართული უფრო ფართო პოლიტიკის პირველ ნაბიჯად შეაფასა. ამავდროულად, უნგრეთში უკვე მომუშავე უცხოელი მოქალაქეები კვლავ შეძლებენ ნებართვების გახანგრძლივებას, ხოლო ახალი წესების ამოქმედებამდე წარდგენილი განაცხადების დამუშავება არსებული პროცედურებით გაგრძელდება.  

ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ ცეცხლი შეწყდება, თუ „ჰეზბოლა“ თავდასხმებს შეწყვეტს

ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის ვაშინგტონში, 2-3 ივნისს გამართული მოლაპარაკების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის, ლიბანისა და ისრაელის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.  შეთანხმების დაცვის პირობაა „ჰეზბოლას“ მიერ ცეცხლის სრულად შეწყვეტა და მისი შეიარაღებული ჯგუფების გასვლა მდინარე ლიტანიდან სამხრეთში მდებარე სექტორიდან. განცხადების თანახმად, ლიბანი და ისრაელი აშშ-ის შუამავლობით შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში დაიწყება შექმნა საცდელი ზონების, რომლებსაც მხოლოდ ლიბანის არმია გააკონტროლებს არასახელმწიფო ძალების მონაწილეობის გარეშე. აშშ ლიბანის სამთავრობო ძალებს მხარდაჭერას ჰპირდება.  ამ ნაბიჯებმა ხელი უნდა შეუწყოს პროგრესს ლიბანსა და ისრაელს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება 22 ივნისის კვირიდან. ისრაელსა და ლიბანს შორის მომავალი ურთიერთობების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმა სუვერენულმა მთავრობამ და კატეგორიულად უარყოფილია სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო სუბიექტების მცდელობები, მძევლად აიყვანოს ლიბანის მომავალი. ლიბანის, ისრაელის და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას ჰეზბოლა 3 ივნისს არ გამოხმაურებია. ცნობისთვის, „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთა ისრაელს, აშშ-ს და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. ვაშინგტონის შეფასებით, „ჰეზბოლა“ არამხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის, არამედ, ლიბანის მტერიც არის.  ლიბანის შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ კატეგორიულად უარყო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. მკაცრი ფორმულირებით გაკეთებულ განცხადებაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ლიდერმა ნაიმ კასემმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ლიბანისთვის „უშედეგო“ და „დამამცირებელი“ იყო.  

მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას, საქართველოზეც ისაუბრა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც მიუთითებს, რომ მათ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ ვაშინგტონს დიდი ხანია, აქვს შეშფოთებები საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნა, რომ აშშ-მა საქართველოს განუმარტა, რა იქნება საჭირო უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის. „მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ აღვნიშნეთ მათთან, რა იქნება საჭირო, რა მოთხოვნები იქნება. გარკვეული დადებითი პასუხები მივიღეთ. ასე რომ, იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გვესმის, რაც ახლა აღნიშნეთ, ეს ჩვენთვის არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამ საფუძველზე პროგრესს მივაღწევთ და, არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ, მათი ქცევის შეცვლას შევძლებთ,” - განაცხადა რუბიომ. ეს განცხადება მარკო რობუომ, კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

რუსეთმა სომხეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერევნიდან ელჩი გაიწვია

რუსეთის საგარეო უწყებამ სომხეთში ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია. მოსკოვი ამ გადაწყვეტილების მიზეზად სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ „ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯებს“ ასახელებს. „რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინი მოსკოვში დაიბარეს კონსულტაციებისთვის სომხეთის ხელმძღვანელობის ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ზიანს აყენებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობას,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ერთი დღით ადრე, ასტანაში გამართული სამიტის შემდეგ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების - რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა მოუწოდებეს ამ კავშირის კიდევ ერთ წევრს, სომხეთს, ჩაატაროს რეფერენდუმი კითხვით - რა სურს სომხეთს, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რესპუბლიკა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ხოლო თებერვალში ადგილობრივმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი კავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკას უფლება აქვს, აირჩიოს საკუთარი პარტნიორები, მაგრამ ერთდროულად ევროკავშირთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა შეუძლებელია. მან მოუწოდა ერევანს, რაც შეიძლება მალე მიეღო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ტრანსფორმაციას განიცდის. „ტრანსფორმაციის ამ ეტაპს დადებითად მივიჩნევ, რადგან დიახ, ამ ახალი სიტუაციის პირობებში ჩვენ რუსეთთან ახალ ურთიერთობებს ვამყარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში წარმატებას მივაღწევთ, მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები ღია და გულწრფელია; ამ ურთიერთობებში არანაირი ბნელი კუთხე არ დაგვიტოვებია,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.   პირველ ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს მიმდინარე ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „დაბალანსებული პოზიციისთვის, მეგობრული ტონისა და რიგ საკამათო საკითხებზე მხარდაჭერისთვის.“ თავის მხრივ, კრემლის ცნობით, პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყაზახეთში გამართულ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები განიხილა. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს მომავალში, შესაფერის დროს პირადად გააგრძელებენ დისკუსიებს.  როგორც ცნობილია, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებმა სამიტზე განიხილეს ერევნის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები. სამიტის შემდეგ, რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთს მოუწოდეს, რეფერენდუმი ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე ჩაატაროს. მოსკოვზე ეკონომიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ბოლო წლებში, სომხეთი დასავლეთთან კავშირებს აღრმავებს. 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება.  ტრამპმა ფაშინიანს მომავალი არჩევნებისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა მოსკოვმა სომხეთის ელჩი გამოიძახა ზელენსკის მიერ ერევანში გაკეთებული განცხადების შემდეგ რუსეთმა სომხური „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა  

ტრამპმა ფაშინიანს მომავალი არჩევნებისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას სომხეთში მომავალ ეროვნული ასამბლეის არჩევნებში. „სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, აძლიერებს, ამდიდრებს და ავითარებს თავის ქვეყანას! ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ. ჩვენი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახა ეწვია სომხეთს, სადაც მან ხელი შეუწყო რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას ჩვენი ორივე ქვეყნისთვის. მალე, შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის გზას საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, ჰქონდეთ წვდომა ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე. ამ მიზეზების გამო, ნიკოლს აქვს ჩემი სრული და სრული მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისს ხელახალი არჩევისთვის. ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ, ვიდრე ოდესმე. გახადეთ (სომხეთი) ისევ დიდებული — MAGA!“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.