პოლიტიკა

ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიისგან პოლონეთისთვის მილიარდობით ევროს დახმარების გაყინვას ითხოვენ

ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფებმა ევროკომისიას მიმართეს და პოლონეთისთვის მილიარდობით ევროს დახმარების გაყინვა მოითხოვეს, ვიდრე ვარშავა კანონის უზენაესობასა და ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობას პატივს არ სცემს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 23.9 მილიარდ ევროს გრანტს და 12.1 მილიარდ ევროს ოდენობის იაფ სესხს ევროკავშირის ეკონომიკური აღდგენის ფონდი უზრუნველყოფს, რომლის მიღებაც ვარშავას პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღსადგენად შეუძლია. ფულის მისაღებად მან რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს, მათ შორის კანონის უზენაესობის პატივისცემის კრიტერიუმი. პოლონეთი ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული $1,2 მილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებს ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა BBC: პოლონელები მასობრივი საპროტესტო აქციებით უჭერენ მხარს ევროკავშირს, შიშის ფონზე, რომ ქვეყანას შეუძლია, ბლოკი დატოვოს

გერმანიის მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა

გერმანიის მარეგულირებელმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. სერტიფიცირების პროცესი შეჩერდება, ვიდრე გაზსადენის ოპერატორი კომპანია სრულად არ მოექცევა გერმანიის საკანონმდებლო ჩარჩოში. განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ევროპა, რომელიც თავისი გაზის მესამედს რუსეთიდან იღებს, ებრძვის მზარდ ფასებს, რადგან კონტინენტი ზამთრის სეზონს უახლოვდება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ Nord Stream-ი გაზრდის ევროკავშირის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ბაიდენის მრჩეველი: რუსეთი ბუნებრივი აირის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებასთან ახლოს არის

შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა. „დღევანდელი მოვლენების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული დისკუსიის შედეგად, მხარეებს დაუყოვნებლივ დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებ. რეგიონში გამოწვევების ფონზე, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირი მოწოდებულია, იმუშაოს პარტნიორებთან, დაძაბულობის განსამუხტად, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, - წერს შარლ მიშელი. აზერბაიჯანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის მიმართა

აზერბაიჯანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის მიმართა

აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ განახლებული შეტაკებების ფონზე, სომხეთმა მოსკოვს დახმარება სთხოვა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს სომხური ძალების „მასშტაბიანი პროვოკაცია“ სომხეთის მოსაზღვრე კალბაკარსა და ლაჩინის რაიონებში. უწყების ცნობით, მისი ორი ჯარისკაცი დაშავდა, როდესაც სომხურმა სამხედრო ნაწილებმა საზღვარზე აზერბაიჯანული პოზიციის წინააღმდეგ ნაღმტყორცნები და არტილერია გამოიყენეს. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა აზერბაიჯანელი ჯარისკაცები საზღვართან მის პოზიციებზე საარტილერიო, ჯავშანტექნიკისა და იარაღის გამოყენებაში. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მისი 4 ჯარისკაცი დაშავდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელშიც შედიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფს, ჩაერიონ და მიიღონ ზომები, სომხეთის ტერიტორიიდან „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების „მოსაშორებლად“. „მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიო პასუხი გასცენ აზერბაიჯანული მხარის ქმედებებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან უსაფრთხოებას და გადადგან აქტიური ნაბიჯები სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. გასული წლის, 44-დღიანი ომი დასრულდა, როდესაც რუსეთის შუამავლობით დადებულმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავმა აზერბაიჯანს მიანიჭა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ნაწილებზე, ისევე როგორც მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის კალბაკარისა და ლაჩინის ოლქებზე, რომლებიც ადრე ეთნიკური სომხების ხელში იყო.

სტოლტენბერგი: რიგის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს და უკრაინის მიმართ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებს რიგის მინისტერიალზე საუბრისას განუცხადა. „ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას და ამავე დროს ვაფასებთ, რომ ახლოს, აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კარგია არამხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, არამედ კარგია NATO-ს მოკავშირეებისთვისაც, რადგან შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ, NATO-ს წევრები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, შესაძლებლობების გაძლიერების, წვრთნების გზით უკრაინისა და საქართველოსთვის და როდესაც შევხვდებით მომავალ სამიტზე, ასევე, თვის ბოლოს რიგის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის მიმართ. ჩვენ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთად შევხვდებით, ეს რა თქმა უნდა ალიანსისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც NATO-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და რომლის ქვეყნებთან თანამშრომლობას NATO დიდად აფასებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამავე თემაზე: NATO-მ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია

კახა კალაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ამასთან, ის ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ შიმშილობა. „მე თავს ვიკავებ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თბილისის მერმა. არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული და ვინ არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მისი უფლებები დაცულია, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური. „რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის უფლება არის დაცული. მე არ მინდა ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლა. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს კომენტარი, რაც ვრცლად აჩვენებს, თუ როგორ არის მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული - სამედიცინო აღჭურვილობით, დამატებითი სამედიცინო ბრიგადებითა და ყველა საჭიროებით. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანის მოთხოვნით, აქციებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები ყოველდღე მართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქში ავტოკოლონებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ავტოკოლონებით საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებიან. პროტესტის მონაწილეები სამ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ, რესპუბლიკის მოედანზე, კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. აქციის მონაწილეები ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ასევე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მათივე განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეუწყდათ

საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე, მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს. კენჭისყრამდე, რეგისტრაცია 88-მა დეპუტატმა გაიარა. ზურაბ ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არცერთ კანონმდებელს არ მიუცია. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში კი, თანხმობა, ასევე, 79-მა დეპუტატმა დააფიქსირა და 2 წინააღმდეგი იყო. ამავე თემაზე "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყოს მის მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეგულარული ვიზიტები და ხელი არ შეუშალოს მათ ეფექტიან საქმიანობას, „სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან აკვირდება მისთვის პენიტენციურ სისტემაში მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და დროულობას. აპარატი ასევე ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის დასკვნებითა და რეკომენდაციებით. მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს, რაც შესაძლოა მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ამავდროულად, სამწუხაროდ, პატიმრის N18 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ (მეცხრე დღეა), სამინისტროს მიერ შექმნილ მულტიფუნქციურ კონსილიუმს დაწესებულებაში შესვლისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ეძლევა. სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მონიჭებული უფლებამოსილება და შექმნა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას. თუმცა, აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი ვერ და არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილში. სახალხო დამცველს უკვე არაერთხელ აქვს გამოყენებული საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ექიმ-სპეციალისტთა მოწვევის მანდატი სხვა პატიმრებთან დაკავშირებით. ამჟამად კი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოიწვია კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები: გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გრიგოლი ხურციძე - შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი აიდა გოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი პალიატიური მედიცინის სპეციალისტი მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი თენგო წულაძე - ნევროლოგი ნინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით. სახალხო დამცველის მიერ მოწვეული მულტიპროფილურ ექპერტთა ჯგუფი ისარგებლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სპეციალური რწმუნებებით, რის საფუძველზეც საჭიროებების შემთხვევაში, განახორციელებენ ვიზიტებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან, შეამოწმებენ N18 სამკურნალო დაწესებულებას, შეისწავლიან შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას და დასკვნებს სახალხო დამცველს წარუდგენენ. სწორედ ექსპერტ-სპეციალისტთა დასკვნებით იხელმძღვანელებს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. აქვე კვლავ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - უზრუნველყოს მის მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეგულარული ვიზიტები და ხელი არ შეუშალოს მათ ეფექტიან საქმიანობას, მათ შორის, ბიუროკრატიული დაბრკოლებებით. ასევე, შემჭიდროვებულ ვადებში, შემუშავდეს მულტიფუნქციური კონსილიუმის საქმიანობის პროტოკოლი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: სააკაშვილი გახდა პაციენტი, ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა აუცილებელი დახმარება

"ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა პაციენტი. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. "პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება. მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია, უკვე ის პერიოდია ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები,“- განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ის ორივე კონსილიუმის შემადგენლობას ენდობა. „მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია და რომლის შემადგენლობაშიც ხუთი გამორჩეული ექიმია. ვიცნობ თითოეულ მათგანს და პატივს ვცემ. ისინი არიან და ზოგადად, ექიმები აპოლიტიკური ხალხია, პაციენტი ჩვენთვის პაციენტია. ამ კონსილიუმშიც და მეორე, ალტერნატიულ კონსილიუმშიც ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან. ჩემი წინადადება, სურვილი და მოწოდებაა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ის უკვე პაციენტია და იმ ზღვარზე შეიძლება მივიდეს, როდესაც საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევები და დახმარება. მოგეხსენებათ, რომ შიმშილობის შემდეგაც გამოსვლის და რეაბილიტაციის პერიოდიც საკმაოდ რთულია. დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას. მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება და რა ტიპის რეაბილიტაცია სად უნდა ჩატარდეს. თუ შეიძლება პოლიტიკოსებმა, მედიამ პოლიტიკური საკითხები გვერდით გავწიოთ და ჯანდაცვის საკითხებზე დავკონცენტრირდეთ. ამის გადაწყვეტილება მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს და ამ შემთხვევაში, შექმნილ კონსილიუმს როგორც ერთ, ასევე მეორეს, შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნის დადება. კეთილი ვინებოთ და ეს დასკვნა აღვასრულოთ! თუ ისინი იტყვიან, რომ სჯობს პაციენტს ყველა კვლევა ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, დავუჯეროთ მათ. მე არ ვარ დიდი ხანია ციხის საავადმყოფოში ნამყოფი და თუ იტყვიან, რომ არა ბატონო, შეიძლება აქ ყველაფრის გაკეთება, ვენდოთ ექიმებს და პოლიტიკა ამ საკითხს ჩამოვაშოროთ, იმიტომ, რომ დღეს ის პაციენტია,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს

„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე მზადაა, თავის კოლეგებთან ერთად ეწვიოს გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას და ადგილზე გაეცნოს მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემი სიტყვები, ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების საავადმყოფოს და ადგილზე შევისწავლი სიტუაციას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ადგილზე ყველანაირი პირობაა შექმნილი. თუ დამატებითი საჭიროები გახდება საჭირო, არც ამაზე იქნება უარი. მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს. ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს. ჩემი სიტყვები რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას, ადგილზე შევისწავლით სიტუაციას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ყველანაირი პირობაა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. დიმიტრი ხუნდაძემ „დროას“ მოშიმშილე ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა საყურადღებოა. „ჩემი, როგორც ადამიანური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, და როგორც ექიმისთვის, ყველაზე საყურადღებო ამ პროცესში ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საშუალება, ის კიდევ მოვინახულოთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. შიმშილობის 14-ე დღეს, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოინახულეს.

დავით სერგეენკო: მონიტორინგი და კომუნიკაცია უფრო ინტენსიური უნდა იყოს

პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამკურნალო პროტოკოლი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მიიღოს მკურნალობა ამ შემთხვევაში კონკრეტულმა ადამიანმა და ექიმები ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარადოქსი თუ უცნაურობაა, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში. „ყველასადმი მექნება სათხოვარი, მივცეთ ექიმებს მუშაობის საშუალება. იმ ადამიანებთან, ვინც ახლა შიმშილობს, უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება, რომ გამონახონ ძალა და თავის ჯანმრთელობას საფრთხეს ნუ შეუქმნიან და ვისურვებდი, რომ სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, პოლიტიკურ ინსტიტუციებში, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს. ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ და თავიანთ ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, მათ მაქსიმალური მოვლა ჭირდებათ და შესაბამისი სტანდარტის მონიტორინგი და მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ის პარადოქსი თუ უცნაურობა, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამკურნალო პროტოკოლი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მიიღოს მკურნალობა ამ შემთხვევაში კონკრეტულმა ადამიანმა და ექიმები ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მჭიდრო მონიტორინგი გვქონდა, თუმცა, თავისთავად ცხადია, ეს მონიტორინგი და კომუნიკაცია უფრო ინტენსიური უნდა იყოს იმისათვის, რომ შესრულდეს ამოცანა - სამოქალაქო სექტორის ექიმებმა და სასჯელაღსრულების სისტემის ექიმებმა მონახონ საერთო ენა, რადგან საბედნიეროდ ისინი კოლეგები არიან, საბედნიეროდ, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი და უკლებლივ ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტესტი არის თვლადი და უბრალოდ შეუძლებელია, ორმაგი ინტერპრეტაციის გაკეთება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, ის რომ, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ნებისმიერი საზოგადოებისთვის უმაღლესი ღირებულებაა, ამაზე არავინ დაობს, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ყველა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე თანაბრად მნიშვნელოვანია და ეს მმართველ ძალას ამ წლების განმავლობაში არამხოლოდ დეკლარირებულად აქვს ნათქვამი, არამედ რეალური საქმით აქვს დადასტურებული.

ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური საქართველოშია

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. „ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკულ ნაბიჯს წარმოადგენს და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის ძალებში მიმდინარე და დაგეგმილი მოდერნიზაციის პროცესი და საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები. დღესვე, გენერალ-მაიორი დევიდ ტაბორი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი შესაძლოა იმიტომ არ შეუშვეს, რომ პატიმარს ეძინა

იუსიტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი გუშინ შესაძლოა იმიტომ არ შეუშვეს, რომ პატიმარს ეძინა. ამის შესახებ ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. "გუშინ გვიანობამდე პარლამენტის წევრები ჰყავდათ სტუმრად შესაძლებელია, ამის მერე უბრალოდ პატიმარს ეძინა. მას ჰყავდა სტუმრად დეპუტატები, რომელებიც ძალიან გვიან გამოვიდნენ", - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშაა. ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ შეუშვეს პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან კონსილიუმი. ბრეგაძის განცხადებით, დაკავების მომენტიდან “არ ყოფილა შემთხვევა”, როცა სააკაშვილს რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება დასჭირდა და პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მომსახურების მიწოდება ვერ შეძლო. მისივე თქმით, ამიერიდან ექიმები საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდიან ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ასევე იუსტიციის მინისტრმა უკრაინის სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მათ არ აქვთ პატიმართან უკრაინის სახალხო დამცველის შესვლის ვალდებულება.

რატი ბრეგაძე: თუკი ვინმეს აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ

„სტრასბურგის სასამართლოს პირობადებული მოწოდება არ ჰქონია გაკეთებული, სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და თქვენ როგორ შეკითხვას სვამთ: „თქვენ ხელს აწერთ მის მკვლელობაზე?“, - არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს! რას ნიშნავს მკვლელობაზე აწერ ხელს...“, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა უწყებაში გამართულ პრესკონეფერნციაზე დასმულ შეკითხვას. რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობაზე. „ყოვლად დაუშვებელია მსგავსი შეკითხვის დასმა, ეს თქვენი ნარატივი კი არ არის, ეს არის ის, რასაც ავრცელებენ შეგნებულად, რომ თითქოსდა ჩვენ მიზანმიმართულად ვკლავთ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. თუკი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ და სახელმწიფო. ეს სახელმწიფო ზრუნავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი. ახლა, ვინც თქვენ გეუბნებათ, რომ ეს შეკითხვა დასვათ, სწორედ მას ვეკითხები: რატომ მოუწოდებდით, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა თქვენი პირდაპირი ეთერიდან, იქნებ ამაზე გასცეთ საზოგადოებას პასუხი. ერთხელ მაინც თუ მოუწოდეთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა? ნახეთ, რას მოუწოდებენ, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში. ერთხელ მაინც მოუწოდეთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს? არა! სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს საზოგადოებამ. ჩვენი მიზანი არის აბსოლუტურად კეთილშობილური და ამას ამტკიცებს ფაქტი - ჩვენ მოვუწოდებთ და თხოვნით მივმართავთ ყველა მოშიმშილეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ბუნებრივია, ამას გვავალებს ჩვენ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობა. მსგავსი კითხვის დასმა არის ყოვლად დაუშვებელი, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რისი უფლებაც, ბუნებრივია, თქვენ გაქვთ, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

უკრაინის სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლაზე უარი უთხრეს. დენისოვას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მხრიდან უარის თქმაზე ოფიციალური განმარტება ჯერ არ მიუღია. მისივე თქმით, აპირებს, რომ ციხის ხელმძღვანელობას შეხვდეს. „გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ნახვაზე უარი გვითხრეს. ამზადებენ ოფიციალურ პასუხს და გვეცოდინება უარის მიზეზი. მაინც მოვედით, მინდა შევხვდე ამ დაწესებულების დირექტორს. ვიცი, რომ დირექტორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ ვიღაც ხომ ასრულებს მის მოვალეობას“, - აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, მესამე პრეზიდენტთან არ შეუშვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მას დღეს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცა. როგორც ექიმი აცხადებს, რატომ არ შეუშვეს გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, ამის მიზეზი მისთვის უცნობია. “5 წუთის წინ შემატყობინეს, რომ დღეს ჩემი შესვლა არ მოხდება. მიზეზს არ მეუბნებიან. უკვე შეიძლება ეჭვები გამიჩნდეს. გუშინ ჩემი ვიზიტის შემდეგ, ისევ უნდა შევსულიყავი კონსილიუმთან ერთად, რადგან ბატონი პრეზიდენტი ზუსტად 5 წუთით ვნახე. მას ვუთხარი, რომ გავიდოდი და კონსილიუმთან ერთად შევიდოდი, მაგრამ, როგორც ნახეთ, ეს არ მოხდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებას

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს, ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციას", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთლობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია. „პატიმარ სააკაშვილთან და მის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და მკაფიოდ განვმარტო, რა პირობებში იხდის სასჯელს მსჯავრდებული. პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 46-დღეა შიმშილობს.

მაკრონი პუტინთან სატელეფონო საუბრისას: საფრანგეთი მზადაა, დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კრიზისის დეესკალაციის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მაკრონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადეს. „საფრანგეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს, მზად ვართ, დავეხმაროთ მათ“, - აღნიშნავს მაკრონის წარმომადგენელი. „ამ სატელეფონო ზარის მიზანი იყო ამ კრიზისის დასრულება იყო”, - განუცხადა მაკრონის მრჩეველმა ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გამართული საუბრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. მაკრონმა ასევე განუცხადა პუტინს მისი ძლიერი შეშფოთების შესახებ უკრაინის საზღვრებთან არსებული სიტუაციის გამო, როდესაც NATO ამბობს, რომ რუსული ჯარების დიდი და უჩვეულო კონცენტრაციაა. საფრანგეთის ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ საფრანგეთი მზადაა, დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

რუსეთის საგარეო უწყება: 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი თურქეთთან განვიხილეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ და მისმა თურქმა კოლეგამ სედატ ონალმა სამხრეთ კავკასიაში 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ სომხური მედია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. „ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის კონტექსტში აღინიშნა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების თანმიმდევრული შესრულების მნიშვნელობა და ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში „3+3“ (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო პლუს რუსეთი, თურქეთი, ირანი)“ საკონსულტაციო მექანიზმის უახლოეს მომავალში ამოქმედების საკითხი. მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა ცენტრალურ აზიაში არსებულ ვითარებაზე, ავღანეთში ბოლო მოვლენების გათვალისწინებითაც. დაფიქსირდა რუსეთსა და თურქეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის სტაბილური განვითარება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში. მარია ზახაროვა: დროა, 3+3 ფორმატი პრაქტიკაში განხორციელების ეტაპზე გადავიდეს შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონლიფქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ „მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატზე დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.