პოლიტიკა

ავსტრიის კანცლერი: ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცის განცხადებით, ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ამის შესახებ სებასტიან კურცი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. „დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის. ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროსაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ”,- წერს სებასტიან კურცი. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, დევიდ ჯონ ფრანცისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი სხვდასხვა სფეროში გაღრმავების პერსპექტივებზე. "გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ამ კუთხით აღინიშნა აქტივობების კოორდინაციისა და ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული ინიციატივების ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სექტორში გამოცდილების გაზიარებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზების გაძლიერებას", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

"თალიბანმა" გაეროში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა

"თალიბანმა" გაეროში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა. ავღანეთის ახალმა ხელისუფლებამ გაეროს გენერალურ მდივანს ავღანეთის წარმომადგენლად, სუჰაილ შაჰინის წარდგენაზე ოფიციალურად მიმართა. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კომიტეტი, "თალიბანის" მიმართვას სავარაუდოდ, მომდევნო ორშაბათს განიხილავს, ამიტომ, შესაძლებელია, "თალიბანის" ხელისუფლებამ ნიუ იორკში მიმდინარე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიმართვა ვერ გაავრცელოს. გაეროში აცხადებენ, ავღანეთის ახალი ელჩის დამტკიცებას, 9 წევრისგან შემდგარი რწმუნებათა კომიტეტის თანხმობა სჭირდება.

საქართველოს ელჩი, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირის სათავო ოფისში დაიბარეს

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელიც ამ პოზიციაზე ივნისში დაინიშნა, ევროკავშირის სათაო ოფისში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. ამის შესახებ დღეს ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს თბილისში განუცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების თემაზე ჰკითხეს. „არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ელჩი ბრიუსელში სათაო ოფისში მიიწვიეს შეხვედრაზე“, - აღნიშნა ელჩმა და დაამატა, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირის პოზიცია გააცნეს და შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის თაობაზე განუცხადეს. ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.

ჯანდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე

„აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო არ საუბრობს იძულებით აცრაზე, რადგან იმედი აქვთ, რომ მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან და საფრთხეებს სწორად აფასებენ. "მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან. ზრუნავენ საკუთარ თავსა და ნათესავებზე და იმ საინფორმაციო არხებით, რომელიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, აცრაზე გადაწყვეტილება თავის სასიკეთოდ მიიღო“, - განაცხადა ტიკარაძემ. ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია ნარჩუნდება

კარლ ჰარცელი ჩანაწერებზე: არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენ წინააღმდეგ

ევროკავშირის ელჩმა მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე კომენტარი გააკეთა. კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მან ამასთან დაკავშირებით ბრიუსელის რეაქციები მოისმინა და საკითხს სერიოზულად განიხილავენ. ელჩმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ, ეს აჩენს კითხვებს ვენის კონვენციის კონტექსტში, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს არეგულირებს. „არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ელჩი ბრიუსელში სათაო ოფისში მიიწვიეს შეხვედრაზე“, - აღნიშნა ელჩმა და დაამატა, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირის პოზიცია გააცნეს და შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის თაობაზე განუცხადეს. ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს. ამავე თემაზე: ევროკავშირი ფარული ჩანაწერების შესახებ: ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ რას გულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია და როგორ იცავს ის დიპლომატებს

რა შეკითხვა დაუსვა მერობის კანდიდატებს შორის დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს

„შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს: ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ თუ არა?! - ამ შეკითხვით მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს საქართველოს პირველი არხის ეთერში მიმდინარე დებატებზე. კახა კალაძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია. „ნარკომანობასთან დაკავშირებით მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება გიორგი, შენს საქციელს, პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა შენი ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ახლა, არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. ამიტომ, არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ მანამდე კი, გიორგი გახარიამ კლახა კალაძეს ჰკითა, დაჯდება თუ არა მასთან დებატებში. „არ ვაპირებდი კითხვის დასმას, სხვანაირად იმნდოდა ეს გამომეყენებინა, მაგრამ კახასთან მაქვს ერთი კითხვა, მე თუ დამიჯდება დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად?!“, - მიმართა ყოფილმა პრემიერმა მოქმედ მერს. „პოლიტიკურად, რა თქმა უნდა. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდეთ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გექნებათ შესაძლებლობა. ამ არჩევნებში გექნებათ იმის საშუალება, ნახოთ, თუ რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ პირადად თბილისელების მხრიდან. რა თქმა უნდა, ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში, ხვალ, ზეგ გვექნება იმის შესაძლებლობა“, - უპასუხა კახა კალაძემ. ამავე თემაზე: მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს

ნიუ-იორკში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესის ფარგლებში შედგა. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის ცნობით, ვლადიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვედრისას რუსეთის მიერ არაკანონიერად დაკავებული აქტივისტების, კერძოდ, ყირიმელი თათრების გათავისუფლებაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა. პრეზიდენტებმა ასევე, რიგი ეკონომიკური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების მომზადებისა და ხელმოწერის დასრულების აუცილებლობას. როგორც შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთის დახმარებით თხევადი გაზის მიწოდების საკითხი უკრაინისთვის კვლავ აქტუალურია. გარდა ამისა, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა საზღვაო სფეროში სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა ყირიმში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებული არჩევნები არ აღიარა.

შსს: დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დააკავებულია ერთი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დმანისში ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-სა და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითა და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული "ქართული ოცნების" დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუაშვილის შვილია. დაუშვილის განცხადებით მისი შვილი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. ირაკლი კობახიძე: დმანისში რაც მოხდა, გამართლება არ აქვს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: საქართველო მზადაა, რეგიონში სამშვიდობო ფუნქცია შეასრულოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაიხსენა თურქეთში სახელმწიფო ვიზიტი და პრეზიდენტ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა და ქვეყანა მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგად, სომხეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება კარგი საფუძველია მეზობლებს შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ერდოღანის განსაკუთრებული ძალისხმევა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოების პრიორიტეტულობაზე. გამოითქვა იმედი, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარებისა და საქართველოსა და თურქეთის საიმედო პარტნიორობის კარგი მაგალითია. შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მრავალმხრივ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს - საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი, რომლის ფარგლებშიც მხარეები სხვადასხვა სექტორის მიხედვით საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და მას მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა, ნიუ-იორკში, თურქულ სახლში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „პირველი არხის" პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატები დატოვა. მისი თქმით, პატივს სცემს ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ მოძალადე, კორუმპირებულ ადამიანთან ერთად ყოფნას არ აპირებს. „აქ მოვედი პირველ რიგში იმისათვის, რომ „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს პირადად ვუთხრა, რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით. ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც არის დღეს აქ წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელია. დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს", - განაცხადა ნიკა მელიამ და მან ეთერში აჩვენა დმანისში დაჭრილი ადამიანის ფოტო. მისი თქმით, ამ არჩევნებში კახა კალაძე უნდა დამარცხდეს. ნიკა მელიამ დაამატა: „ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ ძირგამომპალ ადამიანთან რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას". თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატებიდან გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატის ნიკა მელიას პროტესტის ნიშნად წასვლა შეაფასა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ. „გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, ყოველდღიურად, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ისევ ის, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია არჩევნებს წააგებს, გაიქცეს. პირიქით, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზება და ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა ეცხოვრებოდეს საქართველოში ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ეს ქვეყანა ყველასია, ეს ქალაქი ყველასია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბრიტანეთში რუსეთის საელჩო, "ნოვიჩოკის" საქმეზე, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლისთვის ბრალის წარდგენის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ლონდონში, რუსეთის ფედერაციის საელჩო, ე.წ "ნოვიჩოკის" საქმეზე, რუსეთის დაზვერვის აგენტის დადანაშაულების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ბრალდებას სასაცილოს უწოდებს. "განცხადება, რომ რუსეთის მოქალაქე დენის სერგეევი კავშირშია გრუ-ს ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, არ არის ფაქტებით გამაგრებული. საელჩოში აღნიშნეს, რომ „რუსეთის მხარე კვლავაც გახსნილია პროფესიონალური თანამშრომლობისთვის პროფილური უწყებების ხაზით, თუკი დიდი ბრიტანეთი უარს იტყვის დამნაშავეთა პოლიტიკურად მოტივირებულ ‘დანიშვნებზე", - ნათქვამია დიდ ბრიტანეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს განცხადებაში. BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 2018 წელს სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს გუნდის კიდევ ერთ წევრს წარუდგინეს. ამ საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს. მედიის ინფორმაციით, გენერალ-მაიორი დენის სერგეევი „ნოვიჩოკით“ თავდასხმის საქმის სავარაუდო ხელმძღვანელია და ის სერგეი ფედოტოვის სახელს იყენებდა. სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით „ბიბისი“ წერს, რომ დენის სერგეევი ადგილზე მოქმედებდა, როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი. დენის სერგეევი და დანარჩენი ორი ეჭვმიტანილიც სავარაუდოდ რუსეთში იმყოფება. ბრიტანეთის მთავრობა ინტერპოლისგან რუსეთის მოქალაქის დაკავებას მოითხოვს. რუსეთის მოქალაქების წინააღდგე წაყენებული ბრალდებებია: მკვლელობის შეთქმულება, მკვლელობის მცდელობა, სხეულის მძიმე დაზიანება და ქიმიური იარაღის გამოყენება, ტარება. 2018 წელს სოლსბერიში ნერვული აგენტი, „ნოვიჩოკი“ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, კიდევ ერთი ქალი, დაუნ სტერჯესი კი მოწამვლის შედეგად რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ასევე, ბუნდესვერის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული. რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლვას სხვა საერთაშორისო ლაბორატორიებიც ადასტურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე შტეფან ზაიბერტზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე.

ცესკო: სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი კოვიდინფიცირებულები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი კოვიდინფიცირებულები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. Covid-19-ით ინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, სპეციალური საარჩევნო უბნები შეიქმნება. როგორც სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საუბარია 73 ოლქში თითო-თითო სპეციალური საარჩევნო უბნის შექმნაზე. „სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზაშეწონილობის შესახებ გასულ სხდომაზე გვქონდა საკმაოდ ფართო განხილვა და დისკუსია. გამოითქვა არაერთი მოსაზრება, თუმცა საკითხი ვერ მივიღეთ, ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ კომისიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ამომრჩევლებს მივცეთ გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ბუნებრივია, შეთავაზებული იყო საკითხი ხელმეორედ განხილულიყო. საუბარია კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობაზე. ამომრჩევლები არ უნდა დავტოვოთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე. ბუნებრივია, იმისთვის, რომ სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი, უნდა შეიქმნას საარჩევნო უბნები. შესაბამისად, წარმოდგენილი არის განკარგულების პროექტი, რომელიც ეხება საარჩევნო უბნების შექმნას, 73 ოლქში იქნება თითო-თითო უბანი შესაბამისი ნუმერაციით“, – განაცხადა საკითხის წარდგენისას ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, კომისიის წევრებმა იმსჯელეს ამ უბნებზე სპეციალური ჯგუფების შექმნის, უფლებამოსილი პარტიების მიერ სპეციალური ჯგუფების დანიშვნის, შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის პროექტთან დაკავშირებითაც. კომისიის გადაწყვეტილებით, ამ უბნებზე კომისიის წევრთა შესარჩევად კონკურსისთვის შესაბამისი განაცხადების მიღება 22-23 სექტემბერს მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს კი, არაუგვიანეს 24 სექტემბრამდე ექნებათ ვადა, რათა წარადგინონ ამ უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები. კომისიის წევრთა უმრავლესობამ ასევე მხარი დაუჭირა ამ უბნებზე საარჩევნო კომისიების წევრების სახელფასო საკითხში ცვლილებასაც. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ვინაიდან ეს არის საარჩევნო უბნები, სადაც არსებობს განსაკუთრებული რისკი, მნიშვნელოვანია კომისიის წევრების წახალისება. სწორედ ამიტომ მოხდა ცვლილება სახელფასო საკითხში.

ირაკლი კობახიძე: დმანისში რაც მოხდა, გამართლება არ აქვს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმას, რაც დმანისში მოხდა, არავითარი გამართლება არ აქვს და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. დღეს, დმანისში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით დაშავებულები მათი მხარდამჭერები არიან და დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ირაკლი კობახიძის თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. "რუსთავი აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა, არაფერი საერთო არ აქვს ამას პოლიტიკასთან. რაც შეეხება დმანისს, რაც დმანისში მოხდა, ამას არ აქვს არავითარი გამართლება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას ამაზე აიღებენ ის პირები, რომლებიც არიან დამნაშავეები ამ ყველაფერში. ეს არის პირველი შემთხვევა ამ სამთვიანი კამპანიის პერიოდში, მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო დეგენერატმა ვიღაცა კაცმა დაჭრა ვიღაცა კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე? შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვსაუბრობთ, არის ის, რომ ყველა შტაბმა მაქსიმალურად უნდა გააფრთხილოს აქტივისტები, რათა მშვიდობიანი გარემო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, და სამი თვის განმავლობაში არ ყოფილა არავითარი არსებითი ინციდენტი, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ. აქედან იყო ძალიან მძიმე ამოვარდნა, რაც მოხდა დმანისში. რა თქმა უნდა, ეს იმსახურებს ძალიან მძიმე შეფასებას, საჭიროა კანონის მიხედვით სათანადო ზომების მიღება არა მარტო იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ამ კონკრეტულ ქმედებას, არამედ იმისთვისაც, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ამ ყველაფერს და მომავალში არ განმეორდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც დმანისში, ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატი მოსახლეობას ხვდებოდა. პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. ამავე თემაზე: დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა

ევროპარლამენტარი: საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების ხელშეკრულების გაუქმებამ შესაძლოა, ევროკავშირ-ავსტრალიის სავაჭრო შეთანხმებაზე იმოქმედოს

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელის ბერნდ ლანგეს განცხადებით, "საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების ხელშეკრულების გაუქმებამ შესაძლოა, ევროკავშირ-ავსტრალიის სავაჭრო შეთანხმებაზე იმოქმედოს. როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, ავსტრალიის გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების საკითხი გაართულა, რადგან მხარეებს შორის ნდობის ნაკლებობაა. "ახლა მთავარი საკითხია, რამდენად სერიოზული და რამდენად სანდოა ავსტრალია. ზოგიერთმა წევრმა შეიძლება მოითხოვოს მეტი უსაფრთხოება და მეტი გარანტიები ასეთ შეთანხმებაში, ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს და მოლაპარაკებას მეტი დრო დასჭირდება“,- განაცხადა ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. შეგახსენებთ, თავდაცვის ალიანსის შექმნაზე ავსტრალიის ნაბიჯმა და საფრანგეთთან გარიგების გაუქმებამ აღაშფოთა პარიზი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთს, ნიუ-იორკში შეხვედრისას, სადაც განიხილავდნენ ავსტრალიის მიერ 40 მილიარდი დოლარის წყალქვეშა ნავის შეკვეთის გაუქმებას პარიზთან, აშშ-სა და ბრიტანეთის სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენმა გაეროში, თავის პირველ გამოსვლაში მოკავშირეებთან თანამშრომლობის პირობა დადო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროში, გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე თავის პირველ გამოსვლაში, მოკავშირეებთან თანამშრომლობის პირობა დადო და განაცხადა, რომ ეს ათწლეული გადამწყვეტია მსოფლიოსთვის, რომელიც მომავალს განსაზღვრავს. ბაიდენმა ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ ლიდერის როლს იბრუნებს საერთაშორისო საკითხებში და ასეთად მან კლიმატის ცვლილება, გლობალური ჯანმრთელობა და პანდემიის შედეგების შემსუბუქება დაასახელა. გარდა ამისა, ავღანეთის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. „ავღანეთში 20-წლიანი კონფლიქტი დავასრულეთ და მაშინ, როდესაც დაუნდობელი ომის პერიოდს ვასრულებთ, დაუნდობელი დიპლომატიის ახალ ეპოქას ვიწყებთ. რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები, ხალხის მიერ შექმნილი მთავრობა და ხალხისთვის მთავრობა მაინც საუკეთესო გზაა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. რაც შეეხება მოკავშირეებთან თანამშრომლობის პირობას, BBC წერს, რომ ბაიდენის ეს გარანტიები ისმის მოკავშირეებთან დაძაბულობის ფონზე, ჯერ ავღანეთიდან შეერთებული შტატების გასვლის და შემდეგ, წყალქვეშა ნავების გარიგებასთან დაკავშირებით, საფრანგეთთან დიდი დიპლომატიური დავის გამო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოკრატიისა და დიპლომატიისადმი მხარდაჭერა: „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისე, როგორც არასდროს”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „ვირჩევთ თუ არა ბრძოლას ჩვენი საერთო მომავლისთვის, ეს აისახება მომავალ თაობებში. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვდგავართ ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე“, - დაამატა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს ახალი ცივი ომი. „ჩვენ არ გვსურს ბლოკებად დაყოფილი მსოფლიო. აშშ მზად არის, ნებისმიერ სახელმწიფოსთან იმუშაოს, რომელიც მხარს უჭერს და ცდილობს, მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთო გამოწვევები, თუნდაც სხვა სფეროებში უთანხმოება გვქონდეს“, - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, 20 სექტემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ჩინეთსა და აშშ-ს ახალი ცივი ომის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, თავდაცვის ალიანსის შექმნაზე ავსტრალიის ნაბიჯმა და საფრანგეთთან გარიგების გაუქმებამ აღაშფოთა პარიზი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ასევე წაიკითხეთ: საერთაშორისო გამოხმაურება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტის გარშემო როგორც ცნობილია, 2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა.

საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა და სხვა ლიდერებმა. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა „ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება“. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს. მაღალი დონის კვირეულის გახსნამდე, გაეროს გენერალური მდივნის სახელით, სესიაში მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებისთვის ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

ნიკა მელიას ადვოკატი სასამართლოში, პრემიერ-მინისტრის მოწმის სტატუსით დაბარებას მოითხოვს

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა მოწმის სტატუსით სასამართლოში პრემიერი-მინისტრის დაბარება მოითხოვა, თუმცა მისი შუამგდომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღეს, პროცესზე ბრალდების მოწმეები გამოიკითხნენ. მედიასთან საუბრისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გიორგი გახარია შს მინისტრობის დროს შიანაგან საქმეთა სამინისტროს გადაწვეყილებები გააკრიტიკა. ნიკა მელიას ადვოკატი ღარიბაშვილის დაკითხვას, სწორედ ამ თემაზე მოითხოვდა. "ვითხოვდით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოეწვიათ მოწმედ, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები გააჟღერა როგორც მოგეხსენებათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტობრივად სასამართლოსგან არც გვქონდა სხვა მოლოდინი. როდესაც სასამართლო განმარტავს, რომ არარელევანტურია ის გარემოებები, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და ეს არის პრემიერ-მინისტრის მხოლოდ და მხოლოდ შეფასება, აქ ყველაფერი ნათქვამია უკვე,“ - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა. ადვოკატის განცხადებას გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ამირან გულუაშვილი პასუხობს. "დაცვის მხარის შუამდგომლობა სამართლებრივად არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს. დაცვის მხარე ითხოვდა პირის დაკითხვას, მის მიერ გაჟღერებულ შეფასებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სასამართლო სხდომაზე ვერ მოხდება ადამიანის პროცესზე დაკითხვა იმის გამო, რომ ესა თუ ის მოვლენა უბრალოდ შეაფასა,“ - აცხადებს ამირან გულუაშვილი. მომდევნო სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს დაინიშნა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა

დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაჭრილები. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც დმანისში, ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატი მოსახლეობას ხვდებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მათი ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მომხდართან დაკავშირებით, Europetime შსს-ს დაუკავშირდა, მაგრამ უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ეკონომიკის სამინისტრო: საამიროების რამდენიმე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში აბუ-დაბისა და დუბაიში შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ისეთ წამყვან საინვესტიციო ფონდებთან და კორპორაციებთან, როგორებიცაა „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority), - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადასხვა სექტორში. კერძოდ, ნათია თურნავას განცხადებით, „დუბაი ინვესტმენტ ფონდი“-ს მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოში რამდენიმე სექტორში წარმოების მიმართულებით. „ეს შეეხება ინდუსტრიულ პარკებს, მათ აქვთ დიდი გამოცდილება და სურვილი, საქართველოში გააფართოვონ თავისი წარმოება ფარმაცევტულ, საშენ მასალათა და ელექტრომოწყობილობების მიმართულებით. ასევე ბევრი სხვა მიმართულებაა, რომლებიც უკვე შემდგომ გამოიკვეთება ერთობლივი მუშაობის შედეგად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, მისივე ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ფონდთან მიღწეულია შეთანხმება და დაიგეგმა მათი კონსულტანტების და კომპანიების დელეგაციების საქართველოში ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც ისინი ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს.