პოლიტიკა

გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის მოწოდებას პასუხობს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მზად არის, თვითმართველობის არჩევნებამდე ნარკოტესტი ჩააბაროს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მას ნარკოტესტი რამდენჯერმე ჩაუბარებია და ამის პრობლემა არ აქვს. "ნარკოტესტთან დაკავშირებით, მე საერთოდ არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამოდენიმეჯერ ჩამიბარებია. რა თქმა უნდა, როგორც კი თავისუფალი დრო მექნება მე ამას გავაკეთებ... რა მნიშვნელობა აქვს როდის ჩავაბარებ, ვინმემ უნდა განმისაზღვროს მე ხვალ უნდა გავაკეთო ეს, თუ ზეგ?! როცა დრო მექნება, არჩევნებამდე გავაკეთებ. კახამ ხომ ჩააბარა კოკაინზე ტესტი, ახლა ძალიან მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ამავე თემაზე: კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს კახა კალაძემ ნარკოტესტის ჩააბარა

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები შეხვედრებზე სხვა საკითხებთან ერთად, თავისუფალი ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ. ამავე თემაზე მათ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზეც იმსჯელეს. „საუბრისას შევეხეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს. ეს სრულად გვაქვს გაცნობიერებული და აქ საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად ვართ“, - აღნიშნა კონგრესმენმა ალექს მუნმა შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობები. „აღინიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. „შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს და მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალკიანმა. მანამდე, კონგრესმენმა კეროლ მილერმა საქართველოში ჩამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტი ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას, ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათ შორის ვაჭრობის სფეროზე იქნება საუბარი. ,,ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ. მნიშვნელოვანია დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის სფეროში“, - განაცხადა კეროლ მილერმა. თავის მხრივ, კონგრესმენ ბრაიან სტილის განცხადებით, საქართველოში დაგეგმილი შეხვედრებისას სავაჭრო და ეკონომიკურ მიმართულებებს განიხილავენ. „ძალიან მიხარია, რომ აქ, საქართველოში ვიმყოფები. საქართველოსა და აშშ-ს მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ. შეხვედრებისას განვიხილავთ სავაჭრო და ეკონომიკის საკითხებს“, - აღნიშნა ბრაიან სტილმა. მისმა კოლეგამ რობ პორტმანმა საქართველოში მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის წახალისების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, როდესაც სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად სტუმრობდა საქართველოს და Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. „ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. Europetime-მა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერიც ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ასევე ივნისში ეწვია რეგიონული ტურნეს ფარგლებში. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენების დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს.

გერმანიის საგარეო უწყება რუსეთს გერმანიის პარლამენტზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია განახლებულ კიბერშეტევაზე, რომელიც გერმანიის პარლამენტზე მიიტანეს. "გერმანიის მთავრობას სანდო ინფორმაცია აქვს, რომლის მიხედვითაც, Ghostwriter-ის საქმიანობა შეიძლება მიეკუთვნებოდეს რუსეთის სახელმწიფოს კიბერაქტორებს ან რუსეთის სამხედრო დაზვერვას", - განაცხადა პრესსპიკერმა. მისი თქმით, ასეთი საქციელი საფრთხეს წარმოადგენს და მიუღებელია გერმანიისთვის. "ფედერალური მთავრობა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს საქმიანობა", - განაცხადა სპიკერმა.

დავით ზალკალიანი: კონგრესმენთა ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას

კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კონგრესმენთა დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს. „შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უაღრესად წარმომადგენლობით დელეგაციასთან. ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. ვიზიტის დროც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორდ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. აღინიშნა, რომ საქართველო არის აშშ-ის ყველზე სანდო პარტნიორი რეგიონში და აუცილებელია თანამშრომლობის განვითარება ყველა იმ ძირითადი მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, პოლიტიკური სფერო თუ ვაჭრობა და ეკონომიკა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს და მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში. ჩვენი მდგრადობის განვითარებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმ აგრესიისა და ოკუპაციის ფონზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ჩვენ რა თქმა უნდა, მივიღეთ რწმუნება, რომ აშშ მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ს ჰქონდა ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში და ის წვლილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა შეიტანა ამ პროცესში. ვისაუბრეთ ასევე რეგიონული გამოწვევების შესახებ და იმ მედიაციის პროცესზე, რომელიც განვითარდა რეგიონში ბოლო პერიოდში, ესკალაციის შემდეგ და იმ მედიაციის როლზე, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში პრემიერის მასპინძლობით იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და კონგრესმენთა საქართველოში ვიზიტი ქვეყნებს შორის მზარდი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. "საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორები არიან, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ მიზნით, მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში და მზად არის, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მიიღოს. შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორად რეგიონში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის, უწყვეტი პროვოკაციების და „ბორდერიზაციის“ კონტექსტში კონგრესმენების ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სამშვიდობო ოპერაციებში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესის განხორციელებაში. განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობები. აღინიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების მიზნით. კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).კონგრესმენები კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს წარმოადგენენ. ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული სან-დიეგოში მელორ წიფურია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია დაესწრნენ", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. ამავე თემაზე: ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები ალექს მუნი: ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და საქართველოს აშშ-თან მეგობრობისთვის

კონგრესმენი ალექს მუნი: გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს

ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს, - ამის შესახებ კონგრესმენმა ალექს ქსავიერ მუნმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრად საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად იმყოფება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო ინფორმაცია გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის, მშვიდობისა და მეზობლების დახმარების კონტექსტში. ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკური რეფორმების შესახებ. საუბრისას შევეხეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს. ეს სრულად გვაქვს გაცნობიერებული და აქ საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად ვართ. გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს“, - აღნიშნა კონგრესმენმა. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები ალექს მუნი: ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და საქართველოს აშშ-თან მეგობრობისთვის

რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ფუნქციონირების დაწყებას აანონსებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ფუნქციონირებას მალე დაიწყებს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მედიაში გავრცელებული ბოლო ცნონებით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ გაზპრომმა უნდა გაყიდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაზსადენი ევროპის კონკურენციის სტანდარტების შესაბამისად. Frankfurter Allgemeine Zeitung-ი ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია: ევროკომისია მიიჩნევს, რომ გაზპრომმა უნდა გაყიდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ შეგახსენებთ, რუსულ „გაზპრომს“ გერმანიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სიმძლავრის 100%-ის გამოყენებაზე უარი უთხრა, რის გამოც რუსულმა გაზპრომმა შეიძლება ვერ გამოიყენოს გაზსადენის სიმძლავრის ნახევარზე მეტი. ამის შესახებ გერმანიის სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. დიუსელდორფის უმაღლესმა რაიონულმა სასამართლომ უარყო Nord Stream AG- ის საჩივარი გერმანული მარეგულირებლის წინააღმდეგ და უარი თქვა ევროკავშირის დებულებიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2-თან დაკავშირებული რეგულაციის ამოღებაზე. რუსული გიგანტის Gazprom- ის შვილობილი კომპანია, შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream AG-ი ცდილობდა, გაეპროტესტებინა გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რათა ევროკავშირის ე.წ. საგაზო დირექტივის მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებულიყო. Nord Stream 2 AG-ი ახლა დამოუკიდებელ ოპერატორად რეგისტრაციას ითოვს. „თუმცა ევროკომისია, რომელიც დაჟინებით მოითხოვს ენერგეტიკული კანონმდებლობის უშუალო დაცვას, მიიჩნევს, რომ გაზპრომს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა მილსადენის გაყიდვისა“, - აცხადებენ გერმანული მედიის წყაროები. დამოუკიდებელ კომპანიად რეგისტრირება გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობას მოითხოვს, რომელმაც უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა პროექტი საფრთხეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. პრობლემები შეიძლება დაიწყოს, თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, ეკონომიკური და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს პორტფელს „მწვანები“ ჩიბარებენ, რომლებიც მტკიცედ ეწინააღმდეგებიან რუსულ მილსადენს. Forsa-ს უახლესი გამოკითხვის თანახმად, მწვანეებს აქვთ 19%-იანი მხარდაჭერა, ხოლო კანცლერ ანგელა მერკელის მმართველ CDU/CSU ბლოკს - 22%, ის ჩამორჩება გერმანიის სოციალ - დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც 23% პირველად აქვს 15 წლის განმავლობაში. აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს ცნობისთვის, სპეციალური საგაზო დირექტივები, რომელიც ევროკავშირმა 2009 წელს მიიღო, გაზსადენის მფლობელ კომპანიას ავალდებულებს, განაცალკევოს გაზის მომწოდებელი კომპანია და ტრანსპორტირების ოპერატორი, ასევე გაზსადენის სიმძლავრეებზე უზრუნველყოს მესამე მხარის წვდომა და ტრანსპარენტული და დისკრიმინაციული მიდგომისგან თავისუფალი ტარიფები. ამ დირექტივების შესასრულებლად გაზპრომმა გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ 50% უნდა გამოიყენოს, დანარჩენი სიმძლავრეები მესამე მხარეს უნდა გადასცეს. ახლა კი გაზის მიმწოდებელ Nord Stream AG-ს მოუწევს, იყოს გაზსადენის დამოუკიდებელი გამტარი. შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული „გაზპრომის“, გერმანული Uniper-ისა და Wintershall Dea-ს, ასევე ანგლო-ჰოლანდიური Shell-ის, ავსტრიული OMV- ისა და საფრანგეთში მდებარე Engie-ის ერთობლივი პროექტია.

ადგილობრივ არჩევნებს NDI-ის და IRI-ის საერთაშორისო მისიები შეაფასებენ

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შეფასების გრძელვადიანი, საერთაშორისო, მცირე ზომის მისიის დაწყება დააანონსა. შეფასების მისიას წინ უძღოდა NDI-ის მაღალი დონის შეხვედრების სერია, რომლის მიზანიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. ამასთან, NDI-ის ცნობით, შეხვედრების დროს ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა მხარე დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პრინციპებს დაიცავს. NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი სამი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი ქართველი თანაშემწეებისგან შედგება. გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები, აგრეთვე, COVID19-ის გავლენა არჩევნებზე. მომავალი თვეების განმავლობაში, NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა. გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 4 და 5 სექტემბერს ჩამოვიდნენ და საქართველოში კენჭისყრის დღის ჩათვლით დარჩებიან. საქართველოში ყოფნის პერიოდში ისინი სოციალურ დისტანციასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ყველა სხვა ზომას დაიცავენ. „NDI-ის საერთაშორისო მცირე ზომის მისია საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების საერთაშორისო მისიას იწყებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტუტიც (IRI). მისიის ფარგლებში, 6 კვირის განმავლობაში, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებთან პარტნიორობით, მოწვეული ექსპერტ/ანალიტიკოსები შეაფასებენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს. ცნობისთვის, ეუთომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა. ამავე თემაზე: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის

"დროას" წევრები, შადრევნის შეღებვის გამო, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

პოლიტიკური პარტია "დროას" წევრები, ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე, მთავრობის ადმინისტრაციასთან შადრევნის წითლად შეღებვის გამო, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ავრცელებს. "უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა, ხო გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ მერიავ" - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ "დროას" წევრებმა შადრევანი წითელი საღებავით "TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, პროტესტის ნიშნად შეღებეს.

ალექს მუნი: ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და საქართველოს აშშ-სთან მეგობრობისთვის

,,ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და მადლობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებთან მეგობრობისთვის", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს კონგრესის დელეგაცის წევრმა ალექს მუნმა წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის მონახულებისას განაცხადა. ,,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მხარადამჭერ აქტს, რაც კონგრესის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას წარმოადგენს და ამით მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და თავისუფლებას და რა თქმა უნდა ვგმობთ რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მადლობა გადავუხადოთ ქართველ სამხედროებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ჩვენ ერთად ვებრძვით ტერორიზმს. მადლობა ქართველ მებრძოლებს და მადლობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებთან მეგობრობისთვის", - განაცხადა სენატორმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრები წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. როგორც ცნობილია, დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და მის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს გაეცნენ. ცნობისთის, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამავე თემაზე: საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ

ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარები ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა (ევროპის სახალდო პარტიის ჯგუფი, ქრისტიან დემოკრატები) განაცხადა, რომ ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა იგეგმება. მას მოლოდინი აქვს, რომ ეს არჩევნები გამჭვირვალედ ჩაივლის. „ჩვენ ველით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ეს იყო კიდეც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ეს შეთანხმება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. მმართველმა პარტიამ გასცა დაპირება, რომ თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღებდა 43%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ეს დაპირება. ამგვარად, ადგილობრივი არჩევნები გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ხდება არამხოლოდ როგორც მუნიციპალური არჩევნები, არამედ, როგორც შესაძლო ნაბიჯი გამოსავლისკენ. აქვე აღვნიშნავ, რომ იგეგმება ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა, თუმცა ეს პანდემიაზე დამოკიდებული. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები ჩამოვლენ“, - განუცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროპარლამენტარ, საგარეო კომიტეტის წევრ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი კი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას. ასევე წაიკითხეთ: ეუთომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა „ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები) ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ასევე წაიკითხეთ: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ

კვლევა: კრემლის ,,ტროლების“ სამიზნე 16 ქვეყანაში 32 მედიასაშუალება გახდა

კარდიფის უნივერსიტეტის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია გამოააშკარავეს, რომლის უკან სავარაუდოდ კრემლი დგას. როგორც ცნობილია, სპეციალისტები ამბობენ, რომ „კრემლის ტროლების“ სამიზნე 16 ქვეყანაში 32 მედიასაშუალება გახდა. როგორც ბრიტანული გამოცემა „ივნინგ სტანდარტი“ იუწყება, დასავლური მედიასაშუალებები სისტემატურად ხდებოდნენ მანიპულაციების მსხვერპლი, რომლის მიზანიც კრემლისთვის სასურველი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება იყო. ექსპერტების თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების ვებგვერდზე კომენტარების ველი „კრემლის ტროლების მიერ იყო ოკუპირებული, რომელთა ამოცანაც მანიპულაციების გზით საზოგადოების განწყობის შეცვლა“ იყო. როგორც ცნობილი ხდება, დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეებს შორის მოხვდნენ გერმანული Spiegel-ი, ბრიტანული Times-ი, ამერიკული Fox news-ი და Washington Post-ი, ფრანგული Le monde და იტალიური La Stampa. სპეციალისტების ცნობით, ეს დეზინფორმაციული კამპანია გამწვავდა 2018 წელს, ხოლო ბოლო ხანებში კრემლის ტროლები ყველაზე ხშირად ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროები გაყვანის შესახებ წერდნენ. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ კარდიფის უნივერსიტეტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაცია დიდი ბრიტანეთის დემოკრატიას ემუქრება.

სენატორი ლინდსი გრემი: აშშ დაბრუნდება ავღანეთში

აშშ დაბრუნდება ავღანეთში, როგორც ეს ერაყის და სირიის შემთხვევაში მოხდა, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა BBC–სთან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელი სენატორის თქმით, ავღანეთში ჯარისკაცების დაბრუნების საფუძველი ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე იქნება. ლინდსი გრემის თქმით, ერაყში ამჟამად ხუთი ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ ძლიერდება და თავს ესხმის ამერიკის, საფრანგეთის და ბრიტანეთის მოქალაქეებს. ამერიკელის სენატორი ინტერვიუში ამბობს, რომ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფო“ გაძლიერდება და შიდა ბრძოლის შედეგად მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანა დაიშლება, რაც დასავლურ ინტერესებზე თავდასხმისთვის კარგ საფუძველს შექმნის. შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქაბული აშშ-ს საევაკუაციო მისიის ბოლო თვითმფრინავმა დატოვა, ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი მისია დასრულდა.

ჩინეთში გერმანიის ახლად დანიშნული ელჩი გარდაცვლილი იპოვეს

Reuters-ის ინფორმაციით, პეკინში გერმანიის ელჩი 54 წლის იან ჰეკერი გარდაიცვალა. ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, თუმცა გარდაცვალების მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს. იან ჰეკერი ჩინეთში ელჩის მოვალეობის შესრულებას ორი კვირის წინ შეუდგა. დიპლომატი ოჯახთან ერთად პეკინში აგვისტოში ჩავიდა და კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებული კარანტინიც გაიარა. საინფორმაციო სააგენტოებს გერმანიის საელჩოში უარი უთხრეს ელჩის გარდაცვალების შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებაზე. იან ჰეკერი ჩინეთში ელჩად დანიშვნამდე იკავებდა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩევლის თანამდებობას და როგორც გერმანული სააგენტო dpa წერს, ანგელა მერკელის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.

საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია, კონგრესმენებმა პირველი კომენტარები მედიასთან აეროპორტში გააკეთეს. ალექს ქსავიერ მუნის განცხადებით, კონგრესმენები შეშფოთებულნი არიან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით. „ორი წლის წინაც ვიმყოფებოდი საქართველოში, ჩემს კოლეგებთან საუბარში აღვნიშნავდი, რომ მოხარული ვარ ჩემი ვიზიტით გამოვხატავდე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსადმი. საქართველო არის აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან“, - განაცხადა კონგრესმენმა. თავის მხრივ, კეროლ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტი ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას, ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათ შორის ვაჭრობის სფეროზე იქნება საუბარი. ,,ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ. მნიშვნელოვანია დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის სფეროში“, - განაცხადა კეროლ მილერმა. თავის მხრივ, რონალდ ესტესის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა. „იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ამ ნაწილში განსაკუთრებით ბევრი მოვლენა ვითარდება, მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის პარტნიორობა, როგორიც საქართველოა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. უნდა აღინიშნოს რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებიც, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოზე“, - განაცხადა კონგრესმენმა. კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა კი განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ,,შესანიშნავი შესაძლებლობაა", გაეცნოს საქართველოს მთავრობის მუშაობას. საქართველომ, ბოლო 20 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების კუთხით. „ძალიან მაინტერესებს ამ მიმართულებით როგორ მუშაობს მთავრობა და მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები“, - განაცხადა კონგრესმენმა. ბრაიან სტილის განცხადებით კი, საქართველოში დაგეგმილი შეხვედრებისას ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებს განიხილავენ. „ძალიან მიხარია, რომ აქ, საქართველოში ვიმყოფები. საქართველოსა და აშშ-ს მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ. შეხვედრებისას განვიხილავთ ვაჭრობის და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა საკითხებს“, - აღნიშნა ბრაიან სტილმა. ცნობისთვის, კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პარლამენტი დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს აღნიშნულ ინიციატივაზე პირველი მოსმენით იმსჯელებს. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. შესაბამისად, პროექტის მიღებას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც სჭირდება. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება, ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესიც.

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ

საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია. კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები, ასევე, მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს. საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან. ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული სან- დიეგოში მელორ წიფურია.

აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ხვალ საქართველოს ეწვევა

6-9 სექტემბერს საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები, ასევე, მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს. საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან. ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული სან- დიეგოში მელორ წიფურია.

სალვადორში, ზედიზედ ორი ვადით, პრეზიდენტად არჩევა დასაშვები გახდა

სალვადორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს შეუძლია, მეორე ვადითაც იყაროს კენჭი. ეს გზას გაუხსნის ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ნაიიბ ბუკელეს, 2024 წელს, კიდევ ერთხელ ჩაერთოს საპრეზიდენტო მარათონში, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოსამართლეები, რომელთაც გადაწყვეტილება მიიღეს, მაისში, უმეტესწილად, პრეზიდენტის პარტიის წევრებით დაკომპლექტებულმა ეროვნულმა ასამბლეამ დანიშნა. იქამდე, ასამბლეამ წინამორბედი მოსამართლეები გაათავისუფლა. ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ბუკელეს ავტორიტარულ ტენდენციებში სდებს ბრალს. 40 წლის ბუკელე ქვეყანას 2019 წლიდან, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მართავს. ის ხელისუფლებაში ძალადობისა და პოლიტიკური კორუფციის დაძლევის დაპირებით მოვიდა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ცენტრალური ამერიკის ღარიბ ქვეყანაში.

ანტონიო გუტერეში: ახლა, ისე, როგორც არასდროს, ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში საერთაშორისო საზოგადოებას ავღანელი ხალხის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „ახლა, ისე, როგორც არასდროს, ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობა. ავღანეთისთვის, გავმართავ მაღალი დონის ჰუმანიტარულ კონფერენციას, რათა მხარი დავუჭიროთ დაფინანსების სწრაფ გაფართოებასა და მასზე სრულფასოვან, შეუწღუდავ წვდომას მათთვის, ვისაც ის სჭირდებათ“, - წერს გაეროს გენერალური მდივანი Twitter-ზე. ცნობისთვის, ანტონიო გუტერეშის ინიციატივით, ავღანეთის დასახმარებლად, ჟენევაში, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია 13 სექტემბერს ჩატარდება. ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ავსტრია და სერბეთი, ავღანელი მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობენ. ამავე თემაზე: ანტონიო გუტერეში ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას მოიწვევს