პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის Twitter გვერდი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ იტყობინება. "უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველ შეხვედრაზე, მე კვლავ დავაფიქსირე შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის ტერიტორიული მთლიანიბისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის ტექსტში. მისივე თქმით, განსახილველ საკითხები მოიცავდა ენერგოუსაფრთხოებას და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს.

ენტონი ბლინკენი: აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს

აშშ-უკრაინის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს - ამ სიტყვებით აღწერს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრას თეთრ სახლში, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის ნათელ და აყვავებულ მომავალს. "მე შევაქე უკრაინა დახმარებისთვის, რომელიც მან გასწია ავღანეთიდან რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დროს", - აღნიშნა ბლინკენმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ბლინკენმა ზელენსკისთან განიხილა რუსულ აგრესიაზე საპასუხო ნაბიჯები, რეფორმების ძალისხმევა და აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრასთან დაკავშირებული გეგმები. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე დაწერა, რომ პრიორიტეტული საკითხია უსაფრთხოება, განსაკუთრებით დონბასსა და ოკუპირებულ ყირიმში, შავი ზღვის რეგიონში და ენერგოუსაფრთხოება უკრაინასა და ევროკავშირში.

ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დაწყების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება. "რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ ასევე მხარს უჭერს უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლია აშშ -ს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, როდესაც ის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის კუთხით წინ მიიწევს", - განაცხადა ბაიდენმა შეხვედრის დაწყებისას. როგორც ცნობილია, შეხვედრამდე აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე.

ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანიმ Twitter-ზე დაწერა. "დღეს ძალაში შევიდა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს არის ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი წარმატებული თავის დასაწყისი და წინგადადგმული ნაბიჯი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ", - წერს ბუიარ ოსმანი. შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“. ამავე თემაზე: საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ჩრდილოეთ მაკედონიაში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტისას ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ქალაქ სკოპიეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა სალომე ზურაბიშვილი: ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით შთამაგონებელი მაგალითია საქართველოსათვის საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

პრემიერი: 2024 წელს საქართველო ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე უარის თქმა, ევროკავშირის წევრობაზე, ინტეგრაციასა და ზოგადად ამ კურსზე უარის თქმას არ ნიშნავს. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2024 წელს საქართველო ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. "კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, სწორედაც რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გახდა შეუქცევადი ევროკავშირთან ინტეგრაცია. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, როცა პირველ ჯერზე ვიყავი პრემიერი, მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ყველაფერი ეს გახდა ხელშესახები ჩვენი მთავრობის დროს. იგივე NATO-სთან მიმართებით ხელშესახები ინტეგრაცია და ყველა ერთხმად აღიარებს და საქართველო და ქართული ჯარი დღეს არის მზად, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა. თუმცა, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია NATO-ს წევრი ქვეყნების საერთო გადაწყვეტილებაზე. ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა და განისაზღვრა საგარეო პოლიტიკის კურსი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვა არ არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ დააბნიონ მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი მეგობრებიც ევროპაში, ამ მანიპულაციებით და ტყუილებით, დამახინჯებული ფაქტებით ცდილობენ მოსახლეობის და ჩვენი მეგობრების შეცდომაში შეყვანას. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ერთი - ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცედ სვლას ევროკავშირისკენ. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ საქართველო ღირსეულად წარდგება და 2024 წელს ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და გავაგრძელებთ სტრატეგიულ მოთმინებასა და მზადყოფნას იმისთვის, რომ ერთ დღეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახისა და ნატოს წევრი", - განაცხადა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ევროკავშირში გასაგზავნად წერილს ამზადებს და მისგან განმარტებას ითხოვს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირის სესხზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, ეს უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება

კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. საკრებულოს წევრობის კანდიდატების სია ასეთია: 1.ლევან ჟორჟოლიანი. 2. ოთარ გრიგოლია, 3 თინათინ ნიბლოშვილია, 4. გიორგი ჩაკვეტაძე, 5.ნიკო კახეთელიძე, 6. ნინო ვარდოსანიძე, 7. აკაკი ალადაშვილი, 8. გიორგი ახვლედიანი, 9. ნინო რუხაძე, 10. ლევან აბაშიძე, 11 გურამ ოქროპირიძე, 12. ანა კაკაბაძე, 13, ვლადიმერ ბოჟაძე, 14 ალექსანდრე ხუჯაძე, 15 მარიამ ზაქარიაშვილი, 16 ლევან დავითაშვილი, 17. შალვა ოგბაიძე, 18. ნათია მოდებაძეა, 19. ლევან არველაძე, 20. არჩილ გორდულაძე, 21. ანა კილაძე, 22. გიგა ბრეგვაძე, 23. თათია ჩახვაშვილი, 24. ვიტალი ონიანი, 25. მარიამ გელაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. ამის შესახებ სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მერობის კანდიდატის თქმით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ. „საქართველოს ევროპული არჩევანი არამხოლოდ ჩვენი თაობის, არამედ საქართველოს ისტორიულად განსაზღვრული არჩევანია! და მეტიც - ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი - ეს ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია! ჩვენ არ მივილტვით ევროპისაკენ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ სიმდიდრეა, განვითარებული ეკონომიკაა, ყველაზე სრულყოფილი განათლება და ჯანდაცვის სისტემაა, არც მხოლოდ იმიტომ მივილტვით, რომ ახალგაზრდებს დასავლეთში ყველაზე მეტი პერსპექტივა აქვთ თავის ნიჭისა და უნარების გამოსავლენად და არც მხოლოდ იმიტომ, რომ ხნიერი ადამიანები ყველაზე უკეთ არიან იქ დაცულები! საქმე იმაშია, რომ ჩვენ თავად ვიყავით და ვართ დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და სვლა ევროპისაკენ ჩვენთვის სახლში დაბრუნებაა! ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი მწერლობა - ევროპული მრავალფეროვნების ერთ-ერთი განუყოფელი და უნიკალური ფერია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკოლოზ სამხარაძის  განცხადებით, "ქართული ოცნება" ევროკავშირში გასაგზავნად წერილს ამზადებს და მისგან განმარტებას ითხოვს

"ქართული ოცნების" წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირში გასაგზავნად დოკუმენტს ამზადებს და ითხოვს პასუხებს, კონკრეტულად რომელი პუნქტი არ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ. ამის შესახებ სამხარაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ბრიუსელში საქართველოს საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში ჩართული. როგორც ნიკოლოზ სამხარეძემ აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ არ დააკონკრეტა, კერძოდ, რა ვერ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმების ოთხი პუნქტიდან. "ბრიუსელში ჩვენი საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში, ჩვენ მომზადებული გვაქვს უკვე დოკუმენტი, რომელიც ნათლად ასახავს თითოეული ამ პუნქტის შესრულების პროცესს და ეს დოკუმენტი დაეგზავნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა საელჩოს და იქნება ამაზე კომუნიკაცია უშუალოდ ბრიუსელში. ამის შემდეგ გვინდა მოვისმინოთ პასუხები, კონკრეტულად რა არ შესრულდა. არ შეიძლება ზედაპირული განცხადებების გაკეთება, ყველაფერში უნდა იყოს კონკრეტიკა, როდესაც საქმე ეხება კრიტერიუმებს, რომელიც უნდა შესრულდეს. ეს არის ძალიან მარტივი, როდესაც არის სამოქმედო გეგმა, იქ რაღაცა ან შესრულდა, ან არ შესრულდა. ჩვენ გვაინტერესებს რომელი პუნქტი არ შევასრულეთ 22 სექტემბრის შეთანხმების ევროკავშირთან", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ამავე თემაზე: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირის სესხზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, ეს უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება

გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა. "მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ. ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს. ისიც კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს სჭირდება ღირსებისა და სამართლიანობის შენარჩუნება. ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისა და ნეპოტიზმისგან დაცლილი და სუფთა გარემო. ამ ქალაქს ამასთან ერთად სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი, ამ ქალაქს სჭირდება მეგა პროექტები. ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენს რეგიონში", - განაცხადა გიორგი გახარიამ . ამასთან, გიორგი გახარიამ თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები წარადგინა: 1. ლევან დოლიძე; 2. ზაზა თავაძე; 3. სალომე კობალაძე; 4. გიორგი შარაშიძე; 5. დავით ფარცვანია 6. თამარ (ტატა) ხვედელიანი; 7. ეკატერინე ვეფხვაძე; 8. მალხაზ მჭედლიშვილი; 9. საბა ჯიქიძე; 10. გიორგი სოსელია; 11. თიკო თვალაძე; 12. გიორგი კიკნაველიძე; 13. ზაურ რეხვიაშვილი; 14. ქეთევან ბაკარაძე; 15. ვატო ფაჩულია. გახარიამ ასევე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში: სამგორი - კახაბერ ქემოკლიძე, დიპლომატი; ისანი - დავით გოგიძე; კრწანისი - ზურაბ რეხვიაშვილი; მთაწმინდა - ვახტანგ (ვატო) გვაზავა, ექიმი; გლდანი - ნათია მეზვრიშვილი, იურისტი; ჩუღურეთი - რუსუდან თევზაძე, განათლების სპეციალისტი; ვაკე - მერაბ მაჭავარიანი, ბიზნესმენი; დიდუბე - გიორგი ქაჯაია, დიდუბელი; საბურთალო - მიხეილ ნაბიჯაშვილი, ეკონომისტი; ნაძალადევი - გალაქტიონ ღუდუშაური.

ბრიტანეთის ელჩი: ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. "ბრიტანეთი ამაყობს, რომ მხარს უჭერს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", “მრავალეროვანი საქართველოსა” და "სამართლიანი არჩევნების" მხრიდან ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგის პროცესს. ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად", - წერს ბრიტანეთის ელჩი Twitter-ზე.

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვის განცხადებაზე: რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს საქართველოსაც, მაგრამ არა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე

,,ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ნორმალიზაციის პროცესი გადის დეოკუპაციაზე", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა და ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. ზალკალიანის თქმით, ურთიერთობების აღდგენა საქართველოსაც სურს, თუმცა არა ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე. მისივე განცხადებით, საქართველო მზადაა წაიყვანოს სიტუაცია დეესკალაციისაკენ, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ,,ჩვენ ძალიან ძალიან ხშირად ვისმენთ განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათ სურვილს, რომ თუნდაც საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, მათ უყვართ საქართველო და ა.შ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მკაფიოდ, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ გვესმის ეს ყველაფერი და ურთიერთობის აღდგენა უნდა საქართველოსაც, მაგრამ არა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე. ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ნორმალიზაციის პროცესი გადის დეოკუპაციაზე. აღიარებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპის დაცვაზე და ფუნდამენტური საერთაშორისო სამართლის ისეთი ნორმის პატივისცემაზე, რაც არის საერთაშორისო საზღვრებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და პატივისცემა. ეს არის ის, რასაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ველით. ურთიერთობის აღდგენის წინააღმდეგი არავინ არ არის, ჩვენ 2012 წლის შემდეგ ძალიან ბევრი პოზიტიური გზავნილი გავაგზავნეთ რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ ჩვენ გვინდა სიტუაციის დეესკალაცია და მათ შორის ხალხთაშორის ურთიერთობის კუთხით, ტურიზმის აღდგენის კუთხით, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის კუთხით, მაგრამ ჩვენ რეალური ნაბიჯები უნდა დავინახოთ მათი მხრიდან, რადგან ოკუპაცია ეს არის შედეგი სწორედ იმ აგრესიული პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და იმ შედეგების, რაც სამწუხაროდ ამ ჩვენი პოზიტიური სიგნალების ფონზე უკან გვიბრუნდება ბორდერიზაციით, უკანონო დაკავებებითა და ა.შ. მზად ვართ, სიტუაცია წავიყვანოთ დეესკალაციისაკენ, მაგრამ არა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების აღიარების საფუძველზე. საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი. ეს არის წითელი ხაზი. ეს არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი, ჩვენი ცივილიზებული არჩევანი და ამ კურსიდან ჩვენ ხელისუფლება არასოდეს გადაუხვევს. ამის საფუძველი არის სწორედ ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, როგორც მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი დამტკიცებულია, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები საგარეო პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით და ეს არის რასაც ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხდის შეუქცევადს", - განაცხადა ზალკალიანმა ,,ქრონიკის" ეთერში. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად.

სერგეი ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად

თუ საქართველოს სურს ნორმალურად იცხოვროს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, მაშინ მოსკოვი მზად არის აღადგინოს ურთიერთობები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს ითამაშოს რუსული კარტი დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად, არამედ სურს ჩვენთან ერთად, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ", - განაცხადა ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომა და მაშინ განვითარებული მოვლენები. "გვქონდა განზრახვა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როცა მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავდაპირველად მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ საქართველოში ჩასვლას. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მზადაც კი ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, მაგრამ მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინაღმდეგ თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომაზე", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. სეგახსენებთ, რომ 2019 წელს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა მართლმადიდებლური ასამბლეის სხდომა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ინციდენტის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის. რუსეთმა საქართელოსთან პირდაპირი ფრენებიც გააუქმა, რომელიც ამ დრომდე არ აღდგენილა.

დავით ზალკალიანი ტრანშზე: ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება

ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავითა ზალკალიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, აბსოლუტურად გასაგები იყო საქართველოს ხელისუფლების განმარტება ამ საკითხზე და ეს არ უნდა წარმოჩინდეს ისე, თითქოს საქართველომ ამით ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს გადაუხვია. „მინდა ძალიან მკაფიოდ გავმიჯნო ამ დახმარებასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კომპონენტი. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ვფიქრობ, ის დასაბუთება, რომელიც წარმოადგინა საქართველოს ხელისუფლებამ და მთავრობამ, ძალიან მკაფიო იყო. ამას მეტყველებს ასევე ევროკავშირის გუშინდელი განცხადება, სადაც ფინანსურ და ეკონომიკურ ნაწილთან შეფასებებში ევროკავშირის პოზიცია გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ეს არის ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გუშინ ევროკავშირმა გაავრცელა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის 150 მილიონიანი მიკროსაფინანსო ტრანში, სესხი, რომელსაც თავიდანვე გარკვეული პირობითობა ჰქონდა ჩადებული და უნდა ძალიან კარგად დავინახოთ პერიოდი, რა პერიოდში იყო ეს სესხი აღებული. ეს იყო 2020 წელი, როდესაც პანდემიის განსაკუთრებით მძიმე პირობებში, საქართველოს სჭირდებოდა კოვიდთან ბრძოლის კუთხით ფინანსური დახმარება ევროკავშირის მხრიდან და მაშინ გაფორმდა ეს შეთანხმება. ამ შეთანხმებაში მაშინ გარკვეული პირობითობა იყო ჩადებული, რაც დაკავშირებული იყო იგივე მართლმსაჯულების სისტემასთან და მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ რეფორმებთან. დღევანდელი მოცემულობა აბსოლუტურად განსხვავებულია. არაერთხელ იყო განმარტება გაკეთებული როგორც პრემიერის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას. მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს და ქვეყნის შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ხარჯზე მოხდა მილიარდზე მეტი ლარის მობილიზაცია. ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიური დინამიკა, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდაა, ამ პირობებში რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა. ვფიქრობ, არგუმენტები გასაგები იყო. მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ იმ განცხადების კითხვა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობად, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურსი, გადაუხვია დასავლურ კურსს და ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს“,- განაცხადა ზალკალიანმა. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე საგარეო უწყება: საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საგარეო უწყება: საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. „ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ, ვმუშაობთ და შესაბამისად ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც გვაახლოებს ამ მიზნებთან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის იმპლემენტაციაც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა . ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს რეგულაციებს, ჩვენი ცხოვრების წესს ვაახლოებთ ევროპული ცხოვრების წესთან. სწორედ ეს არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელ ჩვენს ქმედებებს, იქნება ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა თუ სხვა საერთაშორისო აქტორებთან“- განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში არის ძალიან დადებითი ტენდენციები და ქვეყნაში ხდება გარკვეული დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა, ევროკავშირიდან სესხის აღება არ მოხდეს ამ ეტაპისთვის. „რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას, ეს არის თემა , რომელსაც უკვე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები. ქვეყნის მიზანია შეამციროს საგარეო ვალი და იყოს ნაკლებად დამოკიდებული იმ ფინანსურს რესურსებზე, რომელიც შემოედინება ქვეყნის გარედან. როგორც ვიცით, ეს შეთანხმება გაფორმებული იქნა რამდენიმე წლის წინათ და მოიცავდა როგორც საგრანტო, ასევე სასესხო პირობებს, პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის საგრანტო პირობები იქნა ამოწურული და მხოლოდ სასესხო პირობები იქნა შენარჩუნებული და შესაბამისად სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უარი ითქვა ამ სესხზე, იყო ის, რომ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა დამატებით მიგვეღო გარკვეული ფინანსური რესურსი სესხის სახით", - განაცხადა ჯანჯალიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ის ვალდებულებები, რომლებიც ქვეყანამ აიღო კონკრეტულად შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, აქტიურად ხორციელდება. ჯანჯალიას განმარტებით, განხორციელდა სასამართლო რეფორმის 4 ტალღა და ეს რეფორმები ჯერ არ დასრულებულა და კვლავაც გრძელდება. „2022 წლის გაზაფხულისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე სრულყოფილი სისტემა, რომელზეც მოვილაპარაკეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და რა ვალდებულებებიც ავიღეთ მათ წინაშე, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, იმის თაობაზე, რომ მომავალი კვირიდან მოხდება განხილვა დამატებით იმ საკითხების, რომელიც მოცულია შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებსაც და ამისათვის საჭიროა, რომ მობილიზებული იქნას პოლიტიკური სპექტრი.“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე

„ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა“ - ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „მისი უფროსი არა ევროპარლამენტარი კრამონი, არამედ ქართველი ხალხია“, Twitter-ზე მოკლე ტექსტით ეხმაურება. „ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა. მიყვარს საქართველო“, - წერს ევროპარლამენტარი. პრემიერის ამ განცხადებას წინ უძღოდა ვიოლა ფონ კრამონის შეფასება ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა უარს ვერ იტყოდა იმაზე, რაც არ ეკუთვნოდა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

სახალხო დამცველი: დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურ ზედამხედველობას უწევს წინასაარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში ათობით პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. მათივე თქმით, აღსანიშნავია ის, რომ რამდენიმე მათგანმა, ზეწოლის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თავი შეიკავა და არ გამოთქვა თანხმობა სახალხო დამცველის აპარატს შეესწავლა მისი საქმე. „დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან. მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. სახალხო დამცველმა 2021 წლის 31 აგვისტოს 34 პირთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით მიაწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ვინაიდან მსგავსი ფაქტების შესახებ აპარატში ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის განცხადებები და შეტყობინებები, გათავისუფლებულ პირებთან კომუნიკაციის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად, დამატებით მიაწვდის მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს და მიადევნებს თვალს მათზე განხორციელებულ რეაგირებას, ასევე შეისწავლის ინდივიდუალურ საქმეებს შესაძლო დისკრიმინაციისა და შრომის უფლების დარღვევის კუთხით. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს - პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ გაათავისუფლონ ანდა არ გასცენ მითითებები თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის ცნობით, ანგარიში მოიცავს 2021 წლის 3 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 3 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 15, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი. მათივე განმარტებით, გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. „გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები. მონიტორინგის პერიოდში დაკომპლექტდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. დადებით შეფასებას იმსახურებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარება და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა, თუმცა კანდიდატების ნაწილის გასაუბრების ტრანსლაციაზე უარმა, უთანასწორო პირობები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. მაგალითად, საოლქო კომისიის წევრთა 55% დაბალი კვორუმით აირჩა. საუბნო კომისიის წევრთა შემთხვევაში, აირჩიეს რამდენიმე პირი, რომელთაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში, უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ. საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა. საბჭოს სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც მიწვეული იყო საბჭოს წევრთა შესარჩევ ჯგუფში, დატოვა ის, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის ცვლილებისა და, ასევე, ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და მიკერძოების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის შეეფასებით, მედიაგარემო ქვეყანაში კვლავ პოლარიზებული რჩება. „საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები, არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა და დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო. ასევე, დაფიქსირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გათავისუფლების ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს; ასევე, აღსანიშნავია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „ევროპული საქართველოს“ რეკლამის გაშვებაზე უარი, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მიზეზით, რაც ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩარევის ნიშნებს შეიცავს; საანგარიშო პერიოდში გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს მედიით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია, საარჩევნო პროცესში მომხდარი შესაძლო დარღვევების შესახებ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა ტენდენციად ქცეულ სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებზე სიღრმისეული მოკვლევა ჩაატარონ და საზოგადოებას დასაბუთებული და დამაჯერებელი პასუხი გასცენ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელით საჯარო მოსამსახურეთა აგიტაციის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სათანადოდ არ ფასდება შესაბამისი ორგანოების მიერ“, - აღნიშნულია ანგარიშში. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური, კვლავ მმართველი პარტიაა, ასევე არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებმა, ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს, რომლებიც, მათივე განმარტებით, ძირითადად, პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. „აქტიურობით გამოირჩევა პარტია „საქართველოსთვის“ კამპანიაც. ტენდენციის სახე ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვას. „ქართული ოცნება“, უმეტესად, უარს ამბობდა დამკვირვებელი დაეშვა კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებზე. ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც, ძირითადად, პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. „სამართლიანი არჩევნები” არაერთი გათავისუფლებული პირის უფლებებს სასამართლოში იცავს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიაში ჩართულობისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტებმა. ასევე დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ცალკეული ფაქტები. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიის, კერძოდ „დროას“ ოფისის დაზიანება ზუგდიდში - ოფისის ფასადზე უხამსი წარწერები დატოვეს და პლაკატი დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ ეს „დროას“ ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არაა, ცოტა ხნის წინ ოფისში შევარდა ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პარტია „დროას“ და მის ხელმძღვანელ ელენე ხოშტარიას; „სამართლიანი არჩევნები“ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების თემაზე, რაც, განსაკუთრებით, აქტუალური პრობლემაა წინასაარჩევნო პერიოდში. შეინიშნება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რეგიონებში, სკოლის პერსონალის რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების და მათი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტები“, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარიშში.

ირაკლი ღარიბაშვილი: რეფორმები გრძელდება, რომი ერთ დღეში არ აშენებულა

სასამართლოში ძირეული რეფორმები განვახორციელეთ, ეს პროცესი გრძელდება და დრო სჭირდება, - „რომი ერთ დღეში არ აშენებულა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველომ ვერ შეძლო გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირთან გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები ნორმალურია. „გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც და ნორმალური პროცესია, არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება. როგორც იტყვიან, „რომი ერთ დღეში არ აშენებულა“, ამას სჭირდება დრო. ამ 8 წელში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლოს

პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლოს". "ჩვენ მოსახლოებას რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ, მთავრობამ სესხი აიღო, სესხი - ხაზს ვუსვამ, 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ 150 მილიონი ევროს სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან, მეორე ნახევარი მაშინ როგორც იქნა გადაწყვეტილება მიღებული მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს ყველას კარგად როგორი სასამართლო ჩაიბარა "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა. ამას გარდა, მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევებით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების კვლევების შედეგად", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსი ქართველი ხალხია

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ზედაპირული განცხადებები არ უნდა აკეთონ. „თუ მათ აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ევროპარლამენტანა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა. „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა კრამონმა. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან