პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი NATO-ზე: ფასდაუდებელია ალიანსი, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოსა და წარმატებულს ხდის

ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ NATO-ს როლი ფასდაუდებელია. ,,72 წელია კვლავაც ძლიერია. ფასდაუდებელია ალიანსი, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოსა და წარმატებულს ხდის. ბედნიერ იუბილეს გისურვებთ", - წერს ბლინკენი Tweeter-ზე.

სახალხო დამცველი ,,ნამახვანჰესის" აქციაზე:  მოვუწოდებთ შსს-ს, არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში

სახალხო დამცველი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდებს, რომ არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში . როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ობმუდსმენი მოუწოდებს უწყებას თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე. „გუშინ, 3 აპრილს რიონის ხეობაში კომპანიის წარმომადგნელებმა, მობილიზებული საპოლიციო ძალების თანხლებით, განაახლეს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. პოლიციამ საპროტესტო ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა აქციას სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ. ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ხელს უშლიდა ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დააკავეს აქციის 2 მონაწილე, ხოლო ის პირები, რომლებმაც ვერ მოახერხეს აქციას შეერთებოდნენ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საფუძვლით 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც წინასწარ გაცხადებული იყო მშვიდობიანი შეკრების ჩატარების შესახებ და მისი მონაწილეები არ აჟღერებდნენ ძალადობრივ ზრახვებს. ასევე შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს ამ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოახერხეს სასურველ ტერიტორიაზე შესვლა. აღნიშნული ქმნის ეჭვებს პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელ პრაქტიკას წარმოადგენს. ასევე, სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენება გახდა გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორი და ამ გზით მოხდა ხსენებულ კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გზა კვლავ გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დგას წყლის ჭავლის მანქანა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღესაც დააკვირდება დაანონსებული აქციის მიმდინარეობას. აპარატი აგრძელებს საკითხის შესწავლას. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან. საქართველოს მთავრობას, კონსენსუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება“,- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფები რიონის ხეობაში, გუმათის დასახლებაში არიან მობილიზებული. დღეს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქცია აქვთ დაგეგმილი.

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

დღეს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყანაში დილიდან გაიხსნება 12 000 უბანი, რომელზე ხმის მიცემის უფლებაც 6.7 მილიონ მოქალაქეს აქვს. საპარლამენტო არჩევნებში სულ 6 985 კანდიდატია ჩართული - 22 პოლიტიკური პარტია, 8 კოალიცია და რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი. წინასწარი პროგნოზებით, ხმათა უმრავლესობას მმართველი კოალიცია მიიღებს. გამოკითხვებით, პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და მათი პარტნიორი „დემოკრატიულ ძალთა კავშირი“ ხმების 28%-ს მიიღებენ, ხოლო მათი მთავარი კონკურენტი „სოციალისტები“ – 20%-ს. რეიტინგში მესამე ადგილზეა პარტია „არსებობს ასეთი ხალხი“ და მოძრაობა „უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“, რომელთაც ამომრჩეველთა 13 ემხრობა. როგორც ვარაუდობენ, არჩევნებში ერთი პარტია დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმებს ვერ მიიღებს და აუცილებელი იქნება კოალიციური მთავრობის ფორმირება. საპარლამენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები საღამოს გახდება ცნობილი.

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებთ აქტიური წვლილის შეტანას NATO საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს ეხმაურება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე შვიდ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო აგრძელებს აქტიურ საქმიანობას, რათა დაამტკიცოს, რომ ალიანსის სრულფასოვანი წევრობა მტკიცედ აქვს განსაზღვრული. „1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერით დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო. ნატოს ფუძემდებლური პრინციპი ამბობს, რომ საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარეშე. მათი კოლექტიური უზრუნველყოფა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია. ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა – საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი – ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული. ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თანამშრომლობა, დაფუძნებული პრინციპზე – „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო“-ში, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა. დღეს საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო პარტნიორია. ჩვენს სამხედროებს პროფესიონალიზმითა და თავდადებით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია“, თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ჩვენ მზად ვართ სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. მე უკვე განვაცხადე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, რომ საქართველოს ნატო-ში დაწინაურების დრო დადგა. ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ ნატო-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“,- წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.

მამუკა მდინარაძე: მოლაპარაკების განახლების შემთხვევაში , რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ მზადაა, დოკუმენტს ხელი მოაწეროს

"თუ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი განახლდა, „რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ მზადაა, დოკუმენტს ხელი მოაწეროს“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდნარაძემ გადაცემაში განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციასთან კრისტიან დანილსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებაზე 5 პუნქტიდან ქვეპუნქტებად, 22 პუნქტი იყო გაწერილი, „ქართულ ოცნებას“ შენიშვნები მხოლოდ ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჰქონდა. "ჩვენი ოპონენტებისთვის ხელისუფლების გადაბარება ერთადერთი გზაა, რომ დაასრულონ ეს ხელოვნური კრიზისი. ასეთი პრეცედენტის დაშვება ქვეყნის დანგრევას ნიშნავს. ამიტომ არაფერი წერია ვადამდელ არჩევნებზე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში", - განაცხადა "იმედის" ეთერში მამუკა მდინარაძემ. აკაკი მინაშვილი: ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება და ხელმოწერა ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან არ გამოიყვანდა ჰედერ კონლი: საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი

მომიტინგეები ე.წ კომენდანტის საათს დემონსტრაციულად არღვევენ

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს დემონსტრაციულად არღვევენ. აქციაზე იმყოფებიან ცნობილი ხელოვანებიც, რომლებიც პარლამენტის წინ მუსიკალურ აქცია, პერფორმანს მართავენ. ამ წუთებში პარლამენტის წინ რობი კუხიანიძე მღერის. სამოქალაქო აქტივისტთა და ოპოზიციის ნაწილი მოქალაქეებთან ერთად, რუსთაველზე დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით მივიდა. ისინი ტერიტორიაზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.

თეთრი სახლი:  უკრაინის საზღვარზე, რუსეთის აგრესიის შესახებ, მოსკოვის დეზინფორმაციის გამო შეშფოთებული ვართ

" უკრაინის საზღვარზე რუსეთის აგრესიის შესახებ მოსკოვის დეზინფორმაციის გამო, თეთრი სახლი შეშფოთებულია. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი აღნიშნავს, ანალოგიურ დეზინფორმაციულ კამპანიას არუსეთი წარსულშიც ახორციელებდა ღმოსავლეთ უკრაინაში. „ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, როდესაც რუსეთი ატარებდა წარსულში დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის საზღვარზე თავის აგრესიასთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და რის გამოც შეშფოთებული ვართ. ჩვენ ამაზე კომუნიკაციას გავაგრძელებთ აქ და ასევე ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ბოლო დღეებში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ. პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსულ ოპერაციებს 4 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა აღმოსავლეთ ნაწილში და დაიჭრა ორი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ,,შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია" და ,,დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაადასტუროს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ". ამასთან, რუსეთმა უპასუხა, რომ თავისუფლად შეუძლია შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც თავად აირჩევს. უკრაინაში ნატო-ს ჯარების გაძლიერება დამატებითი ზომების მიღებას მოითხოვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს.

ჰედერ კონლი: საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი

„საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანა“, - ამის შესახებ, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპის პროგრამების დირექტორმა ჰედერ კონლიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კონლის თქმით, დასავლეთი ძალიან საშიშ სიგნალებს ხედავს, რომელიც რუსეთისგან მოდის „ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს ეწვია და დაიწყო ეს პროცესი. კრისტიან დანიელსონი, არაჩვეულებრივი დიპლომატია, რომელსაც ესმის და სურს, რომ შექმნას სიტუაცია, სადაც ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებზე წინ ქვეყანას დააყენებს. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს საქართველოში, რომ ჩვენ დასავლეთი, ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ. ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. ამერიკისა და ევროპის სარდლობა სრულ მზადყოფნაშია. ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა შეხვედრები ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებთან“, - აცხადებს ევროპის პროგრამების დირექტორი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ჯორჯ კენტი: იმისთვის რომ საქართველო NATO-ს და ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი

"იმისთვის რომ საქართველო NATO-ს და ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი", - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტიმ "ამერიკისი ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებია, რომ მათ არ ესმით, რატომ აკეთებენ საქრთველოს ლიდერები იმას, რასაც აკეთებე. იმისთვის რომ საქართველო ამ ინსტიტუტების [ნატო და ევროკავშირი] წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი. საქართველომ ლაპარაკთან ერთად საქმეც უნდა აკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე უნდა იქცეოდეს, თითქოს ის უკვე ევროკავშირის წევრია, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. არ უნდა არსებობდეს ზეწოლა სასამართლოზე, ბიზნესზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თუ ოპოზიციურ მედიაზე. ესაა ის ქმედებები, რომელზეც ევროკავშირი გეტყვით - წადით და მაშინ დაბრუნდით, როცა დასერიოზულდებით", - განაცხადა კორჯ კენტიმ.

ჯორჯ კენტი: საქართველოს ლიდერებმა უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს

"საქართველოს ლიდერებმა უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს", - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტიმ "ამერიკისი ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს. იქნება ეს რეგონული გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის მეორე ომის შემდედ, თუ ეკონომიკური მფგომარეობის გაუმჯობესებაკოვის კრიზისის შემდეგ. ეს ის დიდი საკითხებია, რაზეც საქართველოს ლიდერებმა კონცენტრაცია უნდა გააკეთონ, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მიზნებს მიაღწიონ. მისმა ლიდერებმა უნდა გადადგან ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს და ქვეყანას წინ წაწევს იმის ნაცვლად, რომ კინკლაობაში ყველაფერი გაანადგუროს", - განაცხადა ჯორჯ კენტიმ. მისი თქმით, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. "ვფიქრობ საქართველოს წარმატება არის ბოლო 18 წლის განმავლობაში კონსესუსი ქვეყნის მოქალაქეებსა და ლიდერებს შორის იმაზე, თუ საით სურდათ ქვეყნის წაყვანა. ამაში შედის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. პარტიებს შორის ეს კონსენსუსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეერთებულ შტატებში ასეთი გამონათქვამი გვაქვს "პოლიტიკა წყლის ნაპირთან მთავრდება", საქართველოს წყლის ნაცვლად, შავი ზღვის გარდა სხვა ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრები აქვს. არსი აქ ის არის, რომ ქართველებმა უნდა გააცნობიერონ რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინ წასვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის შერჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს ძირეული საარჩევნო სისტემის რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის", - განაცხადა კენტიმ. მისი თქმით, ქართველებს აქვთ უფლება, მოითხოვონ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს 2018 წელს. "როგორც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ქართველებს ვუთხარი, სომხეთმა, ქვეყანამ რომელსაც სუფთა არჩევნები ბოლო 25 წლის მანძილზე არ ჰქონია, 2018 წელს ჩაატარა არჩევნები, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო იყო. თუ ამის გაკეთება სომხეთს ახლა შეუძლია, საქართველოს ეს უკვე ბოლო 15 წელია შეუძლია. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მოსთხოვონ ხალხს, რომლებიც არჩევნებს უწევენ ადმინისტრირებას, ხალხს, რომლებსაც ისინი ირჩევენ, რატომ არ შეიძლება ჩვენც ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს. და თუ ეს ასე არ არის, ხალხს აქვს უფლება კითხვები გაუჩნდეს იმაზე, იყო თუ არა მთავრობის განზრახვა, არ ჩაეტარებინათ ყველაზე სუფთა და სამართლიანი პროცესი", - განაცხადა კენტიმ.

დაასრულე კომენდანტი! - სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ

დაასრულე კომენდანტი! - სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. პროტესტის მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმებაა. დემონსტრანტები რუსთაველის გამზირისკენ 3 ლოკაციიდან მიემართებიან - წითელი ბაღიდან, თსუ-ის პირველი კორპუსიდან და ვაკის პარკიდან. რუსთაველზე აქცია-კონცერტი გაიმართება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას ეპიდვითარებასთან და კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს და ხელისუფლება მას მხოლოდ პოლიტიკური მოტივით, შერჩევითად იყენებს.

ზურაბ ჯაფარიძე: ოპოზიციის დეპუტატებმა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მოლაპარაკებებსა და ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმებს. მისივე თქმით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს კიდევ ერთხელ უნდა მიმართონ მანდატების შეწყვეტით მოთხოვნით. ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდეს. „ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც აქვს მანდატები, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს მანდატები. მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს სერიოზულად და მგონია, რომ გასაკეთებელია. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა მომავალ გეგმებზე და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები, რა შეიძლება გააკეთონ პარტიებმა, მათ შორის ახლა იწყებენ მსჯელობას 15 მაისის აქციაზე. ჯერ ვერ მოგიყვებით ვერაფერს, შეთანხმება არაფერზე არ ყოფილა, რადგან მე ადრე გამოვედი“, – განაცხადა ჯაფარიძემ. “, – აღნიშნა ჯაფარიძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციამ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოს, თუ რატომ არ უქმდება მათი საპარლამენტო მანდატები. სერგო ჩიხლაძის, თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის აუცილებლობას. „დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ თუ რაიმე სანქციებზე, ან პირობებზეა საუბარი, ქვეყანას არ დაედოს არანაირი სანქცია, კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი. ასევე ვისაუბრეთ 15 მაისის აქციაზე, ლოჯისტიკურ დეტალებზე. იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ რეგიონებში გასვლას“,- აცხადებს ჩიხლაძე.

ოპოზიცია "15 მაისის შტაბს" ქმნის

"რაც შეეხება 15 მაისს, დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „რაც შეეხება 15 მაისს, დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი". ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით", - განაცხადა ბურჯანაძემ.

შსს: უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, გარკვეულ მიმართულებებზე მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან მობილიზებულები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და პოლიციის მოთხოვნებს დაემორჩილონ. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად ნამახვანჰესის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა.

რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი პირბადის არქონის გამო 357 დოლარით დააჯარიმეს

რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი ვლად ვოიკულესკი 357 დოლარით მაშინ დააჯარიმეს, როცა პარლამენტის შენობაში სამედიცინო ნიღბის გარეშე გადაადგილდებოდა. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით Digi24 ავრცელებს. გამოცემის თანახმად, 29 მარტს ჟურნალისტებმა მინისტრს ფოტოსურათი გადაუღეს, როდესაც მან საპარლამენტო ფოიეში სხვა პირთან საუბრის დროს სამედიცინო ნიღაბი მოხსნა. მინისტრმა განმარტა, რომ მან ნიღაბი წყლის დალევის მიზნით მოიხსნა იმ დროს, როცა მის გარშემო არავინ იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით, რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დანაშაული აღიარა.

ვლადიმირ ზელენსკი: ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დარჩება

"აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას დამარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, დონბასში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, განაცხადა. ზელენსკის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, უკრაინაში, ჯო ბაიდენის სამომავლო ვიზიტიც განიხილეს. „ცეცხლის სრულად შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება მინსკისა და ნორმანდიულ ფორმატებში რთული, თუმცა ძალიან აუცილებელი მოლაპარაკებების გაგრძელების საწინდარია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ჩვენს არმიას შეუძლია, ნებისმიერს გაუწიოს წინააღმდეგობა. ეს აძლიერებს ჩვენს პოზიციებს დიპლომატიური გზით ვითარების დასარეგულირებლად, რაც უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციისთვის აირჩია. ამ გზაზე ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების სრული და უცვლელი მხარდაჭერა, კერძოდ ევროპისა და აშშ-ის. ამის ერთ-ერთი დადასტურება საუბარი, რომელიც დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მქონდა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ დონბასში შექმნილი სიტუაცია. პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ბოლო დღეებში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ. პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსულ ოპერაციებს 4 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა აღმოსავლეთ ნაწილში და დაიჭრა ორი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ,,შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია" და ,,დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაადასტუროს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ". ამასთან, რუსეთმა უპასუხა, რომ თავისუფლად შეუძლია შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც თავად აირჩევს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ "სამხედრო მაღალჩინოსნებს ესმით, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის გაჩაღებას, საზიანო იქნება" .

ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებიან. დღევანდელ შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის”, "ევროპული საქართველოს”; "სტრატეგია აღმაშენებელის”, "ლელო საქართველოსთვის”, "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის”, "ერთიანი საქართველოს” და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც ცნობილია, შეხვედრის მიზანი სამოქმედო გეგმის განხილვაა. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, გაფართოებული შეხვედრის ფორმატში უნდა გაიწეროს კონკრეტული მოსამზადებელი გეგმა 15 მაისის მასშტაბური აქციისასთვის. "დღეს ვისაუბრებთ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ 15 მაისი მომზადდეს უფრო კარგად", - განაცხადა კაკო ბობოხიძემ. ,

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს სანქციები მოუხსნა

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა როგორც "არაადეკვატური და არაეფექტური". ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს დაუწესა ფინანსური სანქციები მთავარ პროკურორს ფატუუ ბენსუდას მას შემდეგ, რაც მან დაიწყო გამოძიება ავღანეთში ამერიკული ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ.

ევროპარლამენტარი: ვიზალიბერალიზაციის თემაზე არ გვქონია დისკუსია. არასწორი მიდგომაა, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს

ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტს თუ განვიხილავთ, კრემლს ძალიან გაუხარდება და ისინი იტყვიან, მოდით, უვიზოდ მობრძანდით რუსეთში, რაც არავის უნდა, - ამის შესახებ "TV პირველის" ეთერში ევროპარლამენტარმა, საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა განაცხადა. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ საფრთხე დაემუქროს ვიზალიბერალიზაციას, მიხაელ გალერი პასუხობს, რომ ამ თემაზე დისკუსია არ ყოფილა. "ვიზალიბერალიზაციის თემაზე არ გვქონია დისკუსია. პირადად მე ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვარ. არასწორი მიდგომაა, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს და მწამს, რომ ასე ფიქრობენ ჩემი კოლეგებიც. ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას თუ განვიხილავთ, კრემლს ძალიან გაუხარდება და ისინი იტყვიან, მოდით, უვიზოდ მობრძანდით რუსეთში, რაც არავის უნდა. ამიტომ ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე. ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაონ ძალიან აქტიურად და გადალახონ პოლიტიკური კრიზისი, რათა საქართველო დარჩეს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ახალ პროგრამას განახორციელებს

ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ახალ პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასს შეხვდა. "შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის ახალი, მასშტაბური პროგრამის დეტალები განიხილეს. პროგრამა, რომელიც 2022-2027 წლებში განხორციელდება, გარემოს დაცვის მიმართულებით 20 მლნ ევრომდე ოდენობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამა დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ნარჩენების მართვა, ინდუსტრიული ემისიების შემცირება, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონმდებლობის და კლიმატის ცვლილების კუთხის ეროვნული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობების მხარდაჭერა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყება 2,5 მლნ ევრომდე ღირებულების ტექნიკური დახმარების ორი პროექტიც. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.