პოლიტიკა
ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის პოსტს აღარ დაიკავებს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში ის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრისას განაცხადა. „მე არავითარ კონსტიტუციას ჩემს თავზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციის პირობებში მე თქვენთან პრეზიდენტის პოსტზე უკვე აღარ ვიმუშავებ, ამიტომ დამშვიდდით“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და პრეზიდენტის უფლებამოსილების კორექტირებას აუცილებლად მიიჩნევს. „ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული კონსტიტუცია. ყაზახეთი, რუსეთი, ჩვენ - ალბათ სამი მოწინავე სახელმწიფო ვართ, რომლებსაც აქვთ ასეთი სერიოზული და მძლავრი კონსტიტუცია, სადაც ყველაფერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, იმის გაცნობიერება, რომ ღმერთმა ნუ ქნას, მოვიდეს ადამიანი და ომი მოისურვოს... დიახ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, ისე, რომ მოგვიანებით ქვეყანა არ დაიშალოს “, - განმარტა ბელარუსის ლიდერმა.
ევროპამ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს - ალექსეი ნავალნი
ევროპამ ვლადიმერ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან ისინი ხელისუფლებაში დროებით მყოფი კრიმინალები არიან, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვა ან მათი აქტივების გაყინვა სერიოზულად არ მიიღება, თუკი ეს სანქციები მდიდარი ოლიგარქების წინააღმდეგაც არ იქნება მიმართული. „მე ნამდვილად არ ვარ პირველი და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი ვიქნები, ვინც მოწამლეს ან მოკლეს,“- განაცხადა ნავალნიმ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპა ასეთ ფაქტებზე არ ჩუმდება. ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტარებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიმართა.
პარლამენტის შეკრების დღეს, საპროტესტო აქცია, შესაძლოა, მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებმა გამართონ
პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, პროტესტი მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების მონაწილეობით გაიმართოს. როგორც ის აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილებას, ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოვებულ სხდომაზე მიიღებენ. „პროტესტი აუცილებლად შედგება და ამაზე თანხმობა არსებობს ოპოზიციურ სპექტრში. რა ფორმას მიიღეს ეს პროტესტი, ამას დრო გვაჩვენებს. განიხილება სხვადასხვა ვერსია, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ის რეგულაციები, რომლებიც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციების ნაწილი სწორედ პოლიტიკური პროცესის ჩასახშობად არის შემოღებული „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ყველა საპროტესტო ღონისძიება იყოს სრულ თანხვედრაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგულაციებთან. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია მიიღებს ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოვებულ სხდომაზე,“- განაცხდა საბა ბუაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების - კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. რეზოლუციას მხარი 631-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის წევრები კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ვაროშასთან თურქეთის უკანონო ქმედებებს გმობენ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ქმედებები ლიბიასა და სირიაში, ასევე აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არ უწყობს ხელს ანკარასა და ბრიუსელის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ თურქეთი თავისი ნაბიჯებით სულ უფრო შორდება ევროპას და გაერთიანებასა და თურქეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა.
ოპოზიციამ, შესაძლოა, მასშტაბური აქციები შეწყვიტოს
“ლელოს”ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აღარ გამართავს. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს დამატებითი ფაქტორები არ უნდა დაუმატონ. “რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ეს ურთულესი მდგომარეობა და ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს კიდევ დამატებითი ფაქტორები არ უნდა დავუმატოთ. ამიტომ აისახება ოპოზიციის გეგმებში, რაც შეეხება მანიფესტაციებს და მიტინგებს, ისინი, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება. მაგრამ სხვა გეგმებში ცვლილებები არ იგულისხმება, თუ ბოიკოტს გულისხმობთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ. ჯაფარიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიქმნას ახალი ანტიკრიზისული საბჭო, სადაც ოპოზიციაც იქნება და აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა “თავი დროული ნაბიჯებით და მართვის უნარით ვერ გამოიჩინა”. “საზოგადოდ, შეზღუდვები, როგორც ჩანს, ამ ვითარებაში არის გარდაუვალი, როდესაც პანდემია უკონტროლო გახდა. სამწუხაროა, რომ აქაც ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა თავი დროული ნაბიჯებით და მართვის უნარით. მივედით ისეთ სავალალო მდგომარეობამდე, სადაც ახლა ვიმყოფებით. თუ ასე განვითარდა სიტუაცია, არაინფიცირებული ადამიანი აღარ დაგვრჩება, თუ უსაფრთხოების ყველა ზომა არ გამოვიყენეთ. მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ ყველა, როგორც ჩანს, ხელისუფლების იმედზე მაინცდამაინც ვერ ვიქნებით. ყველა უსაფრთხოების ზომა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კოვიდის გაგრძელება ამ ტემპით აღარ გაგრძელდეს. ამავდროულად, გუშინაც მოვუწოდეთ ხელისუფლებას, შეიქმნას ახალი, ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც იქნება სხვა შემადგენლობით და იქნება წარმოდგენილი ოპოზიციაც. პარალელურად უნდა დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური შეთანხმებით. ეს ნაბიჯებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ტრამპმა მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი შეიწყალა. „ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ გენერალ მაიკლ ფლინს შეწყალება მიენიჭა. ვულოცავ მას და მის შესანიშნავ ოჯახს. ვიცი, ახლა ნამდვილად ფანტასტიკური მადლიერების დღესასწაული გექნებათ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მაიკლ ფლინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვის წინააღმდეგაც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების თაობაზე აშშ-ში გამოძიება ჩატარდა. 2017 წელს იგი აშშ-ში რუსეთის ყოფილ ელჩთან ურთიერთობების თაობაზე FBI-სთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო დამნაშავედ ცნეს. ფლინმა დანაშაული აღიარა.
ქვეყანა ბრძოლისგან დაიღალა, მაგრამ გახსოვდეთ, ვეომებით ვირუსს და არა ერთმანეთს - ბაიდენი
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, კორონავირუსისგან თავის დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯები გადადგან. „ყოველთვის იმსახურებთ სიმართლის მოსმენას თქვენი პრეზიდენტისგან. უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ ვირუსის ზრდა, რომელმაც მოგვიტანა ტკივილი, მსხვერპლი და იმედგაცრუება. მან დაგვყო, გაგვაბრაზა, ერთმანეთის წინააღმდეგ განგვაწყო. ვიცი, რომ ქვეყანა ბრძოლისგან დაიღალა. უნდა გვახსოვდეს - ჩვენ ვეომებით ვირუსს და არა ერთმანეთს,”- აღნიშნა ბაიდენმა და ამერიკელებს მოუწოდა, უარი თქვან მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებულ დიდ ოჯახურ შეკრებებზე, ატარონ პირბადეები და შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია. ბაიდენის თქმით, შეერთებულ შტატებს ”გრძელი მძიმე ზამთარი” ელოდება, მაგრამ ბოლოდროინდელ პოზიტიურ სიახლეებს ვაქცინებთან დაკავშირებით იმედით უყურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიწყება.
რუსეთმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა
რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა რუსული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტა ყაზახეთში მდებარე სარი-შაგანის სამხედრო პოლიგონზე გამოცადეს. “რუსეთის კოსმოსური ძალების საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ჯარების ოპერატიულმა ეკიპაჟმა რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა ყაზახეთში, სარი-შაგანის პოლიგონზე წარმატებით გამოცადა”, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ცნობისათვის, ახალი ბალისტიკური რაკეტის წინა საცდელი გაშვება ოქტომბრის ბოლოს ამავე პოლიგონზე განხორციელდა.
ჯო ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები წარადგინა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მზად არის, ამერიკას მსოფლიოში ლიდერის როლი დაუბრუნოს, მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდეს და მოკავშირეებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელის პოსტზე ენტონი ბლინკენია წარდგენილი. 58 წლის ბლინკენს ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა. როგორც CNN აღნიშნავს, 2014 წელს ბლინკენი ცენტრალურ როლს ასრულებდა თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქციის კუთხით. ბლინკენი მონაწილეობდა ასევე “ალ-ქაედას” დამფუძნებელ უსამა ბინ-ლადენისა და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციებში. გარდა ამისა, იგი მუშაობდა იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორის ყოფილი მოადგილე ავრილ ჰეინსი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა. დამტკიცების შემთხვევაში, იგი იქნება პირველი ქალი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. ამასთან, დამტკიცების შემთხვევაში, გაეროში აშშ-ის ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი იქნება. იგი ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახლდათ. არჩეულმა პრეზიდენტმა საშინაო უსაფრთხოების მდივნის პოზიციაზე ალეხანდრო მაიორკასი წარადგინა. დამტკიცების შემთხვევაში იგი პირველი ლათინოამერიკელი იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება. მაიორკასი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში საშინაო უსაფრთხოების მდივნის მოადგილე იყო. გარდა ამისა, ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე ჯეიკ სალვინი წარადგინა. იგი 2016 წელს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის – ჰილარი ქლინთონის მრჩევლად მუშაობდა. არჩეულმა პრეზიდენტმა კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაასახელა. ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები სენატმა უნდა დაამტკიცოს. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების ძირითადი დღე 3 ნოემბერი იყო. ბაიდენმა წარმომადგენლების 306 ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კი - 232. ტრამპის იურიდიულმა მრჩევლებმა სასამართლოებში 20-ზე მეტი საჩივარი წარადგინეს და კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვეს, თუმცა საჩივრებიდან თითქის ყველა უარყოფილ იქნა.
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნის დავალება უკვე გაცემულია - ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნის დავალება უკვე გაცემულია. ამის შესახებ განცხადება ილჰამ ალიევმა სატელევიზო მიმართვის დროს გააკეთა, რომელიც ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის შესვლას ეხებოდა. ამ რაიონზე კონტროლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანს გადაეცა. „ჩვენ ისევ აღვადგენთ ყველა რაიონს და ქალაქს. დიდი გეგმები გვაქვს. უკვე დაიწყო ქალაქ შუშაში მიმავალი ახალი გზის მშენებლობა. ეს გზა ფიზულის რაიონიდან დაიწყება და ხოჯევანის რაიონის ნაწილზე გაივლის. მე უკვე გავეცი განკარგულება, რომ ეს გზა უახლოეს ხანში გაიყვანონ. ეს რთული პროცესია, მაგრამ ამას შევძლებთ. ჩვენ აღვადგენთ რკინიგზასაც. მათ შორის, წინასწარ გაცემულია დავალება, რომ დაიწყოს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის აღდგენა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
"სტუმარი ღვთისაა" - "რასაცა გასცემ, შენია - რას არა, დაკარგულია" - ენტონი ბლინკენის განცხადებები
ამერიკის ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, 20 იანვრიდან გამოცდილი დიპლომატი ენტონი ბლინკენი დაიკავებს. ენტონი ბლინკენი გამოცდილი დიპლომატი და მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ მოზომილად მკაცრია. ის რუსეთის მიმართ მუდმივად კრიტიკული პოზიციებით გამოირჩევა. ბლინკენს ეკუთვნის სიტყვები "უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე". მომავალი სახელმწიფო მდივანი საქართველოს მიმართ ახლო და მეგობრული პოზიციებით გამოირჩევა. პირველი, რაც შეიძლება ენტონი ბლინკენის და საქართველოს კონტექსტში გავიხსენოთ, ვაშინგტონში 2015 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადებებია. თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენი გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ჟურნალისტებთან გამოჩნდა, საუბრი კი დაიწყო შემდეგი სიტყვებით "როგორც მე ვიცი, საქართველოში ხშირად ამბობენ, სტუმარი ღვთისაა. დღეს კი მე შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი აქ ყოფნა არის ჩვენთვის საჩუქარი". ბლინკენი ამ პერიოდში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და პრესკონფერენციაზე საქართველო-ამერიკის პარტნიორულ და ახლო ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ ამერიკა რჩებოდა ერთგული ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომელიც ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ამავე განცხადებაში, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. საუბრის შუაში კი მან შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან მოიყვანა ციტატა და თქვა "რასაცა გასცემ, შენია - რას არა, დაკარგულია". ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი 58 წლისაა და მას სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა. ის 2013 - 2015 წლებში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, შემდეგ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მისი პოლიტიკური კარიერა ბილ კლინტონის დროს დაიწყო, როცა ის უსაფრთხოების მრჩეველის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ, მან ჯო ბაიდენი გაიცნო და 2001-2008 წლებში სენატის საგარეო კომიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. მას შემდეგ, მისი და ჯო ბაიდენის თანამშრომლობა არაერთხელ გადაიკვეთა. ბლინკენი ობამას ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან პროცესებში იყო ჩართული, მათ შორის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ომის დროს. საუბრობენ, რომ ბლინკენმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გამოსვლის საქმეშიც. თუმცა, ის წინააღმდეგია სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის. გასულ წელს, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ დაუშვებელი იყო ამერიკას მიეტოვებინა ქურთი მოკავშირეები. მეტიც, მან თქვა, "ეს ქმედება ამერიკას სანდოობას აკარგვინებს". გამოცდილი დიპლომატი ევროპასთან და პარტნიორ/მოკავშირე ქვეყნებთან უფრო მჭირდო თანამშრომლობის მომხრეა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურ როლს მიესალმება. მას მიაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სურათს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერით გამოირჩევა. "ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გვერდით ვდგავართ, გაერთიანებული საქართველოს გვერდით. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად," - განაცხადა ჯო ბაიდენმა წლების წინ საქართველოში ვიზიტის დროს, როცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ბაიდენი თბილისში მაშინ იმყოფებოდა, როცა ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო. მაშინ, ბაიდენმა საქართველოში ყოფნისას თქვა, რომ მიმდინარე პროცესში რუსეთი საქართველოზე ზეწოლას ვერ გააძლიერებდა - "ეს არ ხდება და არ მოხდება".
აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელიც ესწრება. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას ელოდებიან. „ოპოზიციურ პარტიებს ხელი გვაქვს დეკლარაციაზე მოწერილი, რომლის თანახმადაც, არავინ ვაპირებთ ამ გზით შეთითხნილ პარლამენტში შესვლას და ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ. შესაბამისად, ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები. შეთანხმების რესურსი რა თქმა უნდა, არის და ეს გახლავთ ივანიშვილის მილიარდები ჩვენგან მოპარული დაბანდებული ევროპა-ამერიკის ბანკებში, არ დაავიწყდეს, სად ინახება მისი სიმდიდრე. მესამე რაუნდამდეც, მეორე და პირველ რაუნდამდეც იყო ერთი-ერთზე კონსულტაციები იმ ლიდერებთან, ვისთანაც ეს საჭიროდ ჩაითვალა. შესაბამისად, ამის რეგალამენტაცია შეუძლებელი გახლავთ, ვინაიდან ფასილიტატორი ელჩები თავისი პრობლემების წინაშე დგანან, მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური ვითარებიდან, დღეს ასე ჩათვალეს საჭიროდ. არ ვიცი ამას, მესამე რაუნდი დაერქმევა, თუ მეხუთე, მაგრამ ველოდებით ივანიშვილის წარომადგენლებს უკვე წინადადებით, რომ ამა და ამ დროს ინიშნება არჩვენები და არსებული საარჩევნო კომისიების ბუნდღა არ იქნება ქართულ რეალობაში. ინდივიდუალური შეხვედრების შემცვლელი ფორმატი საკაცობრიო დიპლომატიამ ვერ გამონახა. სად ერთი-ერთზე კონტაქტი, სადაც ბევრად იოლადაა შესაძლებელი მეტი არგუმენტები გადმოალაგო შენი არგუმენტების დასაცავად და სად, მრავალფორმატიანი კონსულტაცია, სადაც რეგლამენტიც და დროც შეზღუდულია. ისევ ჩვენ გვიფრთხილდებიან ელჩები, როცა გვაძლევენ საშუალებას, უფრო ფართო და მეტი არგუმენტებით დავუსაბუთოთ ჩვენი პოზიციები“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ
მთიანი ყარაბაღის ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადავიდა. აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.
ამერიკა დაბრუნდა და მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს - ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად იქნება, გლობალურ არენაზე კვლავ წამყვანი როლი შეასრულოს. არჩეულმა პრეზიდენტმა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა. „ეს არის გუნდი, რომელიც გამოხატავს, რომ ამერიკა დაბრუნდა, მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს, არ დაიხიოს უკან, კვლავ დაჯდეს მაგიდის თავში, მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეებს და არ უარყოს ჩვენი მოკავშირეები, მზად არის მტკიცედ დაიცვას ჩვენი ღირებულებები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის ეს მიდგომა განსხვავდება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკისგან, რომლის პრიორიტეტული ლოზუნგი იყო „ამერიკა უპირველეს ყოვლისა".
უკრაინა-საქართველოს ნატოს წევრობა, შესაძლოა, რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით მოხდეს - ვერშბოუ
ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ვერშბოუს მიერ „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ კომენტარს აქვეყნებს. ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე განმარტავს, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა, ახალი სტატუსის შექმნა კარგი იყოს, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის. „ნატო-ში რუსეთის წვერობის საკითხი, სერიოზულად იყო განხილული კლინტონსა და ელცინს შორის. თუმცა, საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატო-სა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის“ - განაცხადა ვერშბოუმ.
შავ ზღვაში ოპერირება, რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია - კელი ჯოუნსი
„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია", - ამის შესახებ ამერიკული ხომლადის "დონალდ კუკის" მეთაური, კელი ჯოუნსი წერს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შავ ზღვაში შემოსვლას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება. "საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შემოსვლას. აშშ-სა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ხომალდი "დონალდ კუკი" საქართველოს საზღვაო სივრცეში ორჯერ იმყოფებოდა,ბოლო ვიზიტი 2019 წელს განხორციელდა. 🇬🇪 welcomes 🇺🇸 Donald Cook in the Black Sea, marking 7th visit of U.S. Navy ship since the beginning of 2020. Increased presence of the U.S. and NATO in the Black Sea strengthens regional peace and security. @USNavyEurope @usingeo — MFA of Georgia (@MFAgovge) November 24, 2020
აშშ-მა სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხელისუფლებამ სამ რუსულ კომპანიას, მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის გვერდის ავლით ირანთან, სირიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გამო, სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები 6 ნოემბრიდან ამოქმედდა კომპანია „ავიანაწილების“, სააქციო საზოგადოება „ელეკონის“ და Nilco Group-ის მიმართ. ვაშინგტონის მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები, ირანს, სერიასა და ჩრდილოეთ კორეას,მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისათვის გამოსადეგ ტექნოლოგიებსა და მასალებს გადასცემდნენ. სანქციები ძალაში იქნება ორი წლის განმვალობაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ კომპანიათა შორის ორი ჩინური კომპანიაცაა. ერთი თვის წინ ევროპის კავშირმა რუსეთის ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო აგვისტოში რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. გადაწყვეტილება და სანქციების სია 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში. სანქციებს მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც. ყველა პირს ევროკავშირში ტურისტული მიზნებით შესვლა ეკრძალება, გაიყინება ევროკავშირში მათი აქტივები, თუკი ისინი არსებობს. გარდა ამისა, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სანქციების სიაში შემავალ პირებთან ფინანსური ურთიერთობები.
პოლონეთში აშშ-ის საარმიო კორპუსის სარდლობა გაიხსნა, რომელიც ევროპაში ერთადერთი ასეთი სტრუქტურაა
პოლონეთში საზეიმოდ გაიხსნა აშშ-ის მე-5 საარმიო კორპუსის მოწინავე სარდლობა, რომელიც პოლონეთში, ამერიკელი სამხედროების დაახლოებით 5500 კაცამდე გაზრდას უზრუნველყოფს. ამის შესახებ Euractiv-ი და „ევროპეისკაია პრავდა“, ადგილობრივ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებიან. „მოწინავე სარდლობის ყოფნა აქ, პოლონეთის მიწაზე, არის გარანტია პოტენციური აგრესორის შეკავებისა. პოზნანიდან მე-5 კორპუსი უხელმძღვანელებს აშშ-ის სახმელეთო ნაწილებს, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მოქმედებს“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიშ ბლაშჩაკმა. 200-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმსახურებს ქალაქ პოზნანაში, ხოლო აშშ-ის მეხუთე საარმიო კორპუსის სარდლობა ერთადერთი ამ დონის სტრუქტურა იქნება ევროპაში. დაწინაურებული სარდლობა, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ საქმიანობას და დაგეგმარებას, აშშ-ის და ნატოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების თანამშრომლობასა და სინქრონულ მოქმედებას გაუწევს კოორდინაციასა და კონტროლს. ორი კვირის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აშშ-სა და პოლონეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას რატიფიკაცია მოახდინა.
ეპისკოპოსი იაკობი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად ეკლესიაში მისვლას სთავაზობს
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად ეკლესიაში მისვლას სთავაზობს. როგორც მან ქადაგების დროს აღნიშნა, სურს დამშვიდებული ერი ნახოს და ეს გაერთიანება ალბათ, ეკლესიაში უნდა მოხდეს. "მე მინდა ერთ რამეს შევეხო. მე მინდა ვნახო ჩვენი ერი დამშვიდებული. ალბათ, ერის დამშვიდება... ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი - აერთიანებს. ალბათ, გაერთიანება ეკლესიაში უნდა მოხდეს. კარგად იცით, ჩატარდა არჩევნები. მე არ შევეხები, იმას არ ვაპირებ, რომ ტყუან-მართალი ვეძებო. არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს... მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ეკლესიაში მისვლის სურვილი არცერთ მხარეს ამ დრომდე არ გამოუთქვამს. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მათთან შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა ეკლესიის როლს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ორი რაუნდი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით უკვე გაიმართა. ერთი მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევლენ, მეორე მხრივ კი, ხელისუფლება მოლაპარაკების დაწყებისთვის არჩევნების შედეგების აღიარებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ახლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. საუბრის თემები უცნობია, რადგან მოლაპარაკების ერთ-ერთი დათქმა ამ საკითხებზე საუბრისგან თავის შეკავებაა", - აღნიშნა მან. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ეს აშშ-ევროკავშირის გლობალური პარტნიორობის ახალი დასაწყისია - ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „შესანიშნავი იყო საუბარი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მე მას გამარჯვება მივულოცე. ეს აშშ-სა და ევროკავშირს შორის გლობალური პარტნიორობისთვის ახალი დასაწყისია. ძლიერი აშშ-სა და ძლიერი ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს გლობალური დღის წესრიგი, რომელიც ემყარება თანამშრომლობას, მულტილატერალიზმს, სოლიდარობასა და საერთო ღირებულებებს,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი „ტვიტერში“. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც გამართა. „ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მომავალ წელს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან სპეციალურ შეხვედრაზე მოვიწვიე. ახლა დროა ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და ისეთ საკითხებზე ვიმუშაოთ, როგორიც არის კორონავირუსის პანდემია, კლიმატი, უსაფრთხოება და მულტილატერალიზმი“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერში“.