ეკონომიკა

საქსტატი: ნოემბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 34.20 ლარით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 34.20 ლარით გაიზარდა და 223.7 ლარი შეადგინა. შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის ოქტომბერთან შედარებით 50 თეთრით არის შემცირებული. ამასთან, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198.1 ლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 30.3 ლარით აღემატება. 2004 წლიდან „საქსტატი“ საარსებო მინიმუმს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას საქსტატი ადგენს საკვების შესაძენ თანხას, რომელიც კალორიების საჭირო რაოდენობას უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხა განისაზღვრება, როგორც საარსებო მინიმუმის 70%, შესაბამისად დარჩენილი არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ს შეადგენს.

იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა. ეროვნული მაუწყებლის NRK-სთვის მიცემულ განცხადებაში, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ თხოვნით მას ნოემბერში დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტრო. 2014 წელს NATO-ს ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებამდე, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ორი ვადით, 2000-01 და 2005-13 წლებში. ის ასევე იყო ფინანსთა მინისტრი და მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი 1990-იან წლებში. იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ამ პოსტზე პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პირველი და მეორე მონაკვეთების მშენებლობა იწყება, კახეთის მაგისტრალური გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 31.5 კმ-იანი გზა აშენდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს, მგზავრობის დრო კახეთის მიმართულებით განახევრდება. პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, გზის პროექტირების სამუშაო, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს. სრულად თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი, ამ მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის. ასევე, იწყება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო 16.6 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობა. ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.

ნათია თურნავა: წელიწადს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ

„გრძელდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომლის ერთ-ერთი ინდიკატორი საგარეო ვაჭრობაა. ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით - ქართული ნაწარმის ექსპორტი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას. 2021 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 42.7%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 429.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა არამხოლოდ გასული წლის, არამედ პანდემიამდელ - 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მონაცემებს და მას 23.6%-ით აღემატება. „ეს მონაცემები არის იმის მაჩვენებელი და საწინდარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წელიწადს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზს ვაკეთებდით - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრი: თუ რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში დღეს მზად არის, ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს რა თქმა უნდა არის საქართველო

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდია აშშ-ს მთავრობის და კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ნათია თურნავა ამერიკელი კონგრესმენების მიმართვას აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისადმი, განმტკიცდეს სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები საქართველოსთან, ძალიან დროულს უწოდებს. „მისასალმებელია, რომ ეს მიმართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ჩვენი მოსახლეობის მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიმართ, იმიტომ, რომ ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მუშაობის შედეგიც, იმიტომ, რომ თუ რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში დღეს არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს რა თქმა უნდა არის საქართველო. ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის, მთლიანმა ხელისუფლებამ. მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომაც ბოლო წლების განმავლობაში იმუშავა ძალიან აქტიურად აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ.

ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ

ამერიკელმა კონგრესმენებმა, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, კეტრინ ტაის წერილით მიმართეს. „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა. საქართველოში, როგორც განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანაში, აუცილებელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გატარება, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერობების გაფართოება კი ამ რეფორმებს კიდევ უფრო დააჩქარებდა“, - ნათქვამია წერილში. წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მას იდეალურ პარტნიორად აქცევს მსოფლიოში არსებული დაძაბულობისა და არასტაბილურობის ფონზე. კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები ისეთ მყარ საფუძველს ემყარება, როგორიცაა ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ჩარჩო შეთანხმება, მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება. საქართველოს როგორც ღირებულ პარტნიორს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, აღიარებს ასევე ევროკავშირიც, რასაც მოწმობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით. ამერიკელი კონგრესმენების განცხადებით, დღეს, როდესაც საქართველოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ეკონომიკის ზრდა-განვითარება წარმოადგენს, აშშ-სთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცება მძლავრ სტიმულს მისცემდა საქართველოში საბაზრო რეფორმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას, ხოლო ამერიკულ საქონელსა და მომსახურებებს გზას გაუხსნიდა სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს პარტნიორ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის არსებობა. წერილში ნათქვამია, რომ დღეს „როდესაც აშშ-ს რეგიონის არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული, საქართველოსთან ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაძლიერება ხელს შეუწყობდა აშშ-სა და საქართველოს შორის უფრო მყარი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას“. ამასთანავე, ეს იქნებოდა „მძლავრი სიგნალი, რომ ამერიკის დემოკრატიული ღირებულებები და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული წესები კვლავ ძალაშია და მოქმედებს იქ, სადაც ჯერ კიდევ მყარადაა ფეხმოკიდებული ავტორიტარული სისტემები“. წერილში ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა; ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი; ასევე, კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების მიმართულებით საქართველოს წამყვანი როლი. წერილს, რომელიც 10 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხელს აწერენ კონგრესმენები: კეროლ მილერი, ადამ კინზინგერი, სტივ უომეკი, ჯონ როუზი, ჯიმი გომესი, ჯერალდ კონოლი, დენ კრენშოუ და ალექს მუნი. მათი ნაწილი საქართველოს სექტემბერში სტუმრობდა და შეხვედრებისას განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ სავაჭრო ურთიერთობები იყო. წერილს აქვეყნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან

ირაკლი კოვზანაძე: ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტზე პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმაც უნდა აიღონ

„ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა და რაც პარლამენტში შემოდის, უნდა იყოს განხილული ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს -საბჭოს მიერ და პასუხიმგებლობა აღნიშნულ დოკუმენტზე უნდა აიღოს როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე საბჭოს წევრებმაც“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა იყვნენ თუ არა ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და იღებენ თუ არა ისინი სათანადო პასუხისმგებლობას. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სამომავლოდ ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ეს მოთხოვნა. დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია დოკუმენტის საპარლამენტოს სესიაზე განხილვა.

უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 10 წლამდე შემცირდება

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს და გადაწყვეტილებას ცენტრალური ბანკი უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებით ხსნის. „2021 წლის აპრილიდან, ეკონომიკის აღდგენისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების ზრდა დაჩქარდა. არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ასეთი სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა არაჰეჯირებულია, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და, პორტფელის ზომიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების დაგროვებას. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, შესაბამისად, სესხებს გაცვლითი კურსის რისკთან ერთად თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით. უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება აღნიშნულ მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლებისთვის სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანების შესაძლებლობით გაზრდის, რაც ეფექტიანად იქნა გამოყენებული მიმდინარე პანდემიის დროსაც. ასევე, ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს და ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას“, - აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

აშშ-სა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკებებს მართავენ

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ორი საათის წინ დაიწყო. BBC წერს, რომ შეხვედრის დასაწყისის ამსახველი ვიდეოდან ჩანს აშშ-სა და რუსეთის ლიდერების მეგობრული მისალმებები. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება და შეხვედრისთვის ფიქსირებული დრო არ არსებობს მედიის ცნობით. მოსალოდნელია, რომ ბაიდენი პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ, ოთხ ევროპელ ლიდერს კვლავ გაესაუბრება. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინთან ვიდეოშეხვედრამდე, ჯო ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.

ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი დააფუძნა

Foreign Policy-ი და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, 8 დეკემბერს ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავენ. ორგანიზაციის ცნობით, ამერიკული Foreign Policy-ი და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, 8 დეკემბერს, 19.30 საათზე, ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“. შეხვედრას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. Foreign Policy-ი ამერიკული გამოცემაა, რომელიც 1970 წელს დაფუძნდა და ფოკუსირებულია გლობალურ საკითხებზე, მიმდინარე მოვლენებზე, შიდა და საერთაშორისო პოლიტიკაზე. „ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას თბილისში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან: მეთ კენედი - Converge დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში; სტუარტ აკერლი - ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი. ქალებ ჩარლზ მაკკარი - ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. ის მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ. დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი; ლევან ავალიშვილი- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი; ირინა ლორთქიფანიძე - აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას მამუკა ხაზარაძე აძლევს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას მამუკა ხაზარაძე აძლევს. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე აბსურდულია და ის პოლიტიკურადაა მოტივირებული. „მიმდინარეობს ეს აბსურდი და სპექტაკლი, რომლის მიზანი იყო ჩვენი დისკრედიტაცია, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ჩვენი რეპუტაციის გაფუჭება. ასევე, მთავარი მიზანი იყო ანაკლიის პორტის გაფუჭება. სამწუხაროდ, მათ ანაკლიის პორტის ნაწილში მიაღწიეს მიზანს, რეპუტაციის გაფუჭების ნაწილში ვერ მიაღწიეს მიზანს, იმიტომ, რომ ბრალდება, რომელსაც ისინი გვიყენებენ, ბუნებაში არ არსებობს. დღეს, მე პირველად მომეცემა საშუალება, სამი წლის განმავლობაში ამ აბსურდის მოსმენის და ყურების მერე, მოვუყვე სასამართლოს რა მოხდა კონკრეტულად, რატომ არის ეს პოლიტიკურად მოტივირებული და გვედავებიან ისეთ რაღაცას, რაც ბუნებაში არ არსებობს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გაემგზავრა

4 დეკემბერს, განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან, საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა. სატვირთო მატარებლის საბოლოო დანიშნულების ადგილია თბილისი, სადაც ტვირთი 10-12 დღეში ჩავა. "მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებს რეგულარული ხასიათი მიეცემა, როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც. საქართველოს მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებლის გამგზავრებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიმ და დამსწრე საზოგადობას სიტყვით მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპრტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას. თავის მხრივ, განსუს პროვინციის ვიცე - გუბერნატორმა აღნიშნა საქართველოს მზარდი როლი სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რასაც ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განხორციელება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, პროვინციის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ უვეის მერი და სხვა საპატიო სტუმრები", - ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური მისიების ინფორმაციაში.

ბერლინში ანგელა მერკელის გაცილების ცერემონია გაიმართა

ჩირაღდნის შუქზე გამართული ცერემონიის დროს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კანცლერ ანგელა მერკელს დაემშვიდობა. ხუთშაბათს საღამოს მოკლე სიტყვაში, მერკელმა მადლობა გადაუხადა გერმანელებს, მოუწოდა ცხოვრებას მსუბუქად მიუდგნენ და ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი თავიანთი ქვეყნის მომავლის მიმართ. „გერმანიის კანცლერობის თექვსმეტი წელი ხშირად ძალიან რთული მოვლენებით იყო სავსე - პოლიტიკურად და ადამიანურად”, - განაცხადა მერკელმა. მისივე თქმით, მრავალრიცხოვანმა კრიზისმა აჩვენა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისას. კანცლერმა დაამატა, რომ „განსაკუთრებით პანდემიის ბოლო ორმა წელმა აჩვენა „რაოდენ მნიშვნელოვანია ნდობა პოლიტიკური ლიდერების, მეცნიერებისა და საჯარო დისკურსის მიმართ“. „მინდა მოგიწოდოთ, რომ სამყაროს სხვა ადამიანების პერსპექტივიდანაც შეხედოთ“, - განაცხადა მერკელმა. ცერემონიისთვის მერკელმა თავდაცვის სამინისტროს (Bendler Block) კომპლექსი აირჩია. ეს არის ადგილი, რომელიც ბევრ ისტორიას ინახავს. ის 1914 წელს აშენდა, როგორც გერმანიის საიმპერიო საზღვაო ფლოტის ოფისი. ცნობისთვის, 8 დეკემბერს, ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას უყრის კენჭს.

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის €50 მილიონს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად €50 მილიონს გამოუყოფს. თანხა მობილიზებულია „ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის მექანიზმის“ (European Peace Facility) ფარგლებში. ევროკავშირის პრესრელიზის თანახმად, ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს სამხედრო და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, შიდა მდგრადობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის, ევროკავშირი ასევე მიზნად ისახავს, გააძლიეროს ადგილობრივი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და თავსებადობა, რათა წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში. ეს ზომები ეხმაურება იმ თხოვნას, რომელი ქვეყნებმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს გაუგზავნეს. ევროკავშირის განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში ეს დახმარება ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობის დახმარების კუთხით. საუბარია არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო მოწყობილობებზე, ასევე სამოქალაქო დანიშნულების საშუალებებზე. საქართველოსთვის განკუთვნილია 12,75 მილიონი ევრო 36 თვის განმავლობაში. რაც შეეხება მოლდოვას, დახმარება მოიცავს 7€ მილიონს 36 თვის განმავლობაში. უკრაინა კი ამავე პერიოდისთვის €31 მილიონს მიიღებს. ცნობისთვის, ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის მექანიზმი 2021 წლის მარტში შეიქმნა. მისი მიზანია, დააფინანსოს ევროკავშირის საგარეო აქტივობები სამხედრო ან თავდაცვითი კუთხით, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. კერძოდ, EPF საშუალებას აძლევს ევროკავშირს, დააფინანსოს ქმედებები, რომლებიც შექმნილია მესამე სახელმწიფოების და რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად სამხედრო და თავდაცვის საკითხებში.

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დელეგატების ხმათა უმრავლესობით, ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა. პირველ დეკემბერს 24-ე სესიაზე, მადრიდში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას კიდევ ოთხი წლით, 2022-2025 წლებში უხელმძღვანელებს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მეორე ვადით 2021 წლის იანვარში წარადგინა. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ესპანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

კახა კალაძე „ინტერ რაოს“ სარჩელზე: ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

„ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. მე ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი ვთქვი კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაოს“ საკითხზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, „საუბარი იმაზე, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რათა კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი“. „რაც შეეხება არსებულ დავას, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაფორმდა, უნდა მოეხსნას თუ არა ე.წ. გრიფით საიდუმლოს სტატუსი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მისი მინისტრობის დროს არანირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. „კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესაც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 23 ნოემბერს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-სთვის 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად განისაზღვრა და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება. ამავე თემაზე: ნათია თურნავა Inter Rao-ზე: უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო

ნათია თურნავა „ინტერ რაოს“ სარჩელზე: უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს" პოზიციები, მაშინაც და დღესაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის" გადასახდელი ტარიფი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან" დაკავშირებულ დავაზე კომენტირებისას განაცხადა. ნათია თურნავას შეფასებით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები. „სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრის თქმით, მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, უსაფუძვლოა. „ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები, რათა ნაკლებად ვიყოთ ნებისმიერი ქვეყნის ნება-სურვილზე დამოკიდებულები“, - აღნიშნა თურნავამ. ცნობისთვის, 23 ნოემბერს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-სთვის 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად განისაზღვრა და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება.

რატომ ვერ ჩაიტანეს ქართული ღვინო გერმანიაში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე

რატომ ვერ ჩაიტანეს ქართული ღვინო გერმანიაში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე, ამასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტო, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განმარტებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ნატურალური ღვინის მწარმოებლების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვიტეს, ჩართულიყვნენ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალის „RAW WINE” რამდენიმე საორგანიზაციო საკითხში, რაც გულისხმობდა მათი მონაწილეობის თანადაფინანსებასა და ღვინის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის 16 ნოემბერს კი, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 11 მცირე მარნის მიერ წარმოებული 144 ბოთლი ღვინო, შესაბამისი დოკუმენტაციით, ჩააბარა გადამზიდ კომპანიას. პანდემიით შექმნილ ვითარებაში, საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, ზემოხსენებული ტვირთის საჰაერო, საერთაშორისო გადაზიდვა განხორციელდა 2021 წლის 21 ნოემბერს, გრაფიკის შესაბამისად, "ქოინის" (Сoyne Airways) ავიახაზებით. სააგანტოს განცხადებითმ გერმანიაში ტვირთი 24 ნოემბერს ჩავიდა. 26 ნოემბერს შემოწმდა ტვირთის ყველა საჭირო სერტიფიკატი და დადასტურდა, რომ დოკუმენტაცია წესების სრული დაცვით იყო მომზადებული, თუმცა, გერმანულმა მხარემ, დამატებით, საჭიროდ ჩათვალა ტვირთის შემოწმება, რადგან აღნიშნული ღვინოები განკუთვნილი იყო ე.წ. ნატურალური ღვინის ღონისძიებისთვის. „ტვირთი დეტალური ინსპექტირებისთვის, გადატანილი იყო წითელ ზონაში. ინსპექტირება შეფერხდა უქმე დღეების გამო. გამოფენის მონაწილე თითოეულ მწარმოებელს მყისიერად მიეწოდა ინფორმაცია შეფერხებული საბაჟო პროცედურების თაობაზე. სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ტვირთი ჯერ კიდევ დაყოვნებულია ფრანკფურტის საბაჟო ტერმინალში. დამატებით განვმარტავთ, რომ გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მსოფლიო მასშტაბით გამკაცრებულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციები. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მსგავსი ტექნიკური შეფერხების ფაქტი პირველად დაფიქსირდა, იმის გათვალისწინებით, რომ, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე 5600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კომენტარები და შეფასებები მიმართულია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად უდევს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვნებათაღელვა“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

თურქეთში, ისტორიაში პირველად, ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა

ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქეთი ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა. ამის შესახებ Anadolu იუწყება. ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 28 ნოემბრის მონაცემებით, 22.6% შეადგინა. მიღებული ელექტროენერგიის დღიური ჯამური მოცულობა კი 791,794 მეგავატ-საათია, საიდანაც 178, 964 მეგავატ-საათი ქარის ელექტროსადგურებზე მოდის.

პირველი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, პირველი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა - მთავარი საექსპორტო ქვეყანა, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციაა, სადაც 2 977 ტონა ვაშლი გავიდა. რუსეთის გარდა, ქართული ვაშლი ექსპორტზე გავიდა მხოლოდ სომხეთში (5 ტონა). 2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებულმა ვაშლის ღირებულებამ 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა თითქმის განახევრებულია წინა წლის ანალოგიური დროის მონაკვეთში ექსპორტირებული ვაშლის მოცულობასთან - 2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა და ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს ვაშლი, რუსეთის ფედრაციისა და სომხეთის გარდა, გადიოდა ასევე ყაზახეთში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში. საქსტატის მონაცმებით, რუსეთში ექსპორტზე, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაკვეთში, მოდის 14,2%.