ეკონომიკა
საქსტატი: 2021 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 6.4 პროცენტით შემცირდა
2021 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 6.4 პროცენტით, 166.4 მლნ. აშშ დოლარამდე შემცირდა. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 74.1 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს სტატსისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ბულგარეთი (26.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (25.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (20.6 მლნ. აშშ დოლარი). საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი 49.7 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზე ფეროშენადნობები 23.3 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები 8.8 მლნ. აშშ დოლარი.
2020 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 20,4 პროცენტამდე გაიზარდა
2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 %-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50% პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5%-ით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3%-ით. 2020 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3%-ს შეადგენდა, რაც 1.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.6%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1.0%-ით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.5 %-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 4.7% -ით.
აშშ COVAX-პლატფორმას 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს
აშშ COVAX-პლატფორმას 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილებაზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა დღევანდელ სამიტზე ისაუბრებს, რომელიც პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდება. როგორც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პანდემიას მარტო ვერ გაუმკლავდება ვერც ერთი ქვეყანა. თეთრი სახლის ინფორმაციით, COVAX-ი ოთხ მილიარდ დოლარს 2021-2022 წლებში მიიღებს.
ნათია თურნავა: Ryanair-ზე ჯერ არ ვიცით, მაგრამ Wizzair აპრილიდან დაიწყებს ფრენებს
აღადგენს თუ არა Ryanair-ი წელს საქართველოში ფრენებს, ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჯერ არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ Wizzair-თან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გარკვეულია. მინისტრის განცხადებით, Wizzair საქართველოში ფრენებს აპრილიდან განაახლებს. „რა თქმა უნდა, გლობალური საავიაციო ინდუსტრია, ბოლო ერთ წელიწადში სერიოზულად დაზარალდა. Ryanair-საც აქვს თავისი სირთულეები, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიას. Ryanair-თან გვაქვს კარგი სამუშაო ურთიერთობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათთვის საინტერესო იქნება საქართველოში ფრენა. თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით, რა სიხშირით აღადგინოს ფრენები. მაგალითად Wizzair-ი მზადაა აპრილიდან დაიწყოს ფრენები. სწორედ ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რემონტიც ბოლო ეტაპზე გვექნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, სამინისტროს მოლაპარაკება აქვს კიდევ ერთ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან, რომლის დასახლეებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, მოლაპარაკებების ინტერესის გათვალისწინებით. საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოიხსნა, მაგრამ მგზავრთა ნაკადის სიმცირის და გამკაცრებული რეგულაციების გამო, საავიაციო მიმოსვლა პასიურად მიმდინარეობს.
ეკონომიკის მინისტრი: დახურული სივრცეები მალე გაიხსნება, თუ ინფიცირების ამ სტატისტიკას შევინარჩუნებთ
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თუ ქვეყანაში კოვიდინფიცირების ასეთი პოზიტიური მაჩვენებელი შენარჩუნდა, მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე, რესტორნების შიდა სივრცეების გახსნის საკთხს განიხილავენ. ამის შესახებ მინისტრმა სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ამ მომენტისთვის რეგულაციების მკაცრად დაცვით, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ მომენტისთვის, როდესაც სარესტორნე ინდუსტრიის შიდა სივრცეების ამოქმედებას შევძლებთ. ამ მომენტს მივუახლოვდით. თუ ეპიდსიტუაცია ისევ კონტროლის ქვეშ იქნება. თუ ასეთივე პოზიტიური ვითარება იქნება, როგორც დღეს, არ გამოვრიცხავთ, მომდევნო საკოორდინაციო საბჭოზე, დახურული სივრცეების გახსნის თემა განვიხილოთ. ამისთვის აუცილებელია დავინახოთ რა პასუხისმგებლობას იღებს ეს სფერო. ამიტომ ჩვენ დღეს გვესწრებოდა შრომის ინსპექციის თავმჯდომარე, გავიარეთ დამატებითი რეგულაციები. ისეთ დეტალებში ჩავედით როგორიცაა კვადრატულობაზე რამდენი სტურმარი უნდა იყოს, სავალდებულო ტესტირება როგორ უნდა იყოს წარმართული. განსაკუთრებული მოთხოვნა არის და სიმკაცრე იქნება გამოჩენილი ე.წ სოციალური ღონისძიებების მიმართ. როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება რესტორანში, რაც აკრძალულია დღესდღეობით", - განაცხადა ნათია თურნავამ. "წისქვილ ჯგუფის" წარმომადგენლის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები შეხვედრას დადებითად აფასებენ და პოზიტიური მოლოდინები აქვთ. მისი თქმით, რესტორნები გამკაცრებული რეგულაციებით შეძლებენ შიდა სივრცეების ფუნქციონირებას. შეგახსნებთ, რომ რესტორენებს და კაფე-ბარებს, ღია სივრცეებში მუშაობის უფლება 15 თებერვლიდან მიეცათ.
თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას ველოდებით, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა - ჰარცელი
თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას ველოდებით, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა, - განუცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელსაც ევროკავშირმა ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო საგნები გადასცა. „ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და წევრ ქვეყნებთან ერთად ძალიან დიდ დახმარებას გასცემს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს. დღეს იყო სამედიცინო აღჭურვილობის მორიგი მიწოდება კლინიკისთვის – რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადავეცით ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო მოხმარების საგნები. ასევე, შევხვდი ამ ჰოსპიტლის თანამშრომლებს და ბედნიერი ვარ იმით, რომ დახმარებას ვუწევთ სწორედ ასეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყოველდღიურად აყენებენ რისკის წინაშე, დახმარებას უწევენ პაციენტებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასევე ვაქცინაციის საკითხებზეც. ევროკავშირი „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდების მთავარი სპონსორია და თებერვლის ბოლოს პირველ პარტიას უკვე ველოდებით. შეიძლება ითქვას, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
რიკოთის პროექტის დასრულების ვადამ ერთი წლით გადაიწია
„სამი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების ვადა დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ბოლო, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთისა-2023 წლისთვის“, - ამის შესახებ რიკოთის მაგისტრალის სამშენებლო ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა, პანდემიამ მაინც იმოქმედა პროექტზე, ვინაიდან მასზე მომუშავე ჩინური კომპანიების პერსონალის ჩამოსვლა იყო ერთ-ერთი პრობლემური საკითხი 2020 წლის დასაწყისშივე, ჩინეთში არსებული ეპიდსიტუაციის გამო. ,,აქედან გამომდინარე მოგვიწია გარკვეული ვადების ცვლილება და ნაცვლად 2021-2022 წლისა თარიღმა გადაიწია 2022-2023 წლებისთვის. თუმცა, ამ გზის მოწყობა და მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ შესაძლებელი იყოს ეტაპობრივად ყველა იმ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელიც მზად იქნება. ასე რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვიმგზავროთ რიკოთის განახლებული გზის მონაკვეთებით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სამხრეთის გაზის დერეფნით, ევროპას გაზი შესაძლოა თურქმენეთმა და ისრაელმაც მიაწოდოს
„სამხრეთის გაზის დერეფანის“ გამოყენებით ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლო გაზი თურქმენეთიდან და ისრაელიდანაც მიიღონ. როგორც აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ელშად ნასიროვმა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ვებინარზე განაცხადა. „სამხრეთის გაზის დერეფანს“ ბუნებრივი აირი სამომავლოდ შესაძლოა, თურქმენეთმა და ისრაელმა მიაწოდოს. ნასიროვის თქმით, „სამხრეთ გაზის დერეფნის“ საბოლოო ბიუჯეტი 33 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც პროექტის საწყის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალია. თავდაპირველად ბიუჯეტი 45 მილიარდი დოლარით იყო განსაზღვრული. 2020 წლის 31 დეკემბერს ევროპაში ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი გაზის მილსადენების მეშვეობით ექსპორტირება შეძლო. აზერბაიჯანული გაზი ევროპას საქართველოსა და თურქეთის გავლით მიეწოდება. სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, რომ შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და დაამატოს ენერგომომარაგების მრავალფეროვანი წყაროები. აზერბაიჯანიდან ევროპაში მარშრუტი შედგება შემდეგნაირად: აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით;ტრანს-ანატოლიური მილსადენის (TANAP) მეშვეობით თურქეთის გავლით;ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის გავლით. გაზსადენის სიგრძე 3500 კილომეტრი უნდა იყოს. მთავარი წყარო იქნება კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის გაზსადენი. .
აშშ-ის ნაცვლად, ჩინეთი ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა
2020 წლის შედეგებით, ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორის პოზიცია აშშ-ს ნაცვლად ჩინეთმა დაიკავა. 2020 წელს ჩინეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ $709 მილიარდი დოლარი შეადგინა, აშშ-ევროკავშირისამ კი – $671. ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირთან ჩინეთის იმპორტი + 5,6%-ით გაიზარდა, ექსპორტის + 2,2%-ით. BBC-ის ცნობით, ჩინეთი ერთადერთი დიდი ეკონომიკაა, რომელმაც 2020 წელს პოზიტიური ზრდა დააფიქსირა. მისი სავაჭრო ბრუნვის ცვლილება კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდულმა მუშაობამ ჩინურ საქონელზე მოთხოვნა გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკაც გაჩერდა, ქვეყანა პანდემიამდელ მდგომარეობას დასავლეთზე სწრაფად დაუბრუნდა. ევროპიდან იმპორტის სახით ქვეყანამ, უმეტეს წილად, ავტომობილები და ძვირადღირებული პროდუქცია შეიძინა, ექსპორტის სახით კი სამედიცინო ინვენტარი და ელექტრონული საქონელი გაიტანა. ჯერჯერობით უცნობია, შეცვლის თუ არა ევროკავშირთან სავაჭრო პოლიტიკას ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. ამასობაში, ევროკავშირი და ჩინეთი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გამარტივებისკენ ილტვიან. IHS Markit-ის მიხედვით, 2020 წელს პანდემიით დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკა 2021 წელს ამოისუნთქებს და 7.6%-ით გაიზრდება. 2020 წელს საერთაშორისო ვაჭრობა $16.4 მილიარდი დოლარით(13.5%) შემცირდა.
22 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობას დამატებით 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება
22 თებერვლიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი. მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და მგზავრებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს - არაკომფორტულია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია. 300 ერთეული შესყიდულია. ამ 300 ერთეულიდან 120 უკვე ხაზზე იყო გაშვებული, მუშაობდა, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი. ორშაბათიდან კი უკვე დამატებით, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, კომპანიამ, რომელიც ამჟამად თბილისში ოპერირებს, მიკროავტობუსების გამოსყიდვის პროცესი დროულად დაასრულოს. „ზოგადად, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლება-განახლება, რომელიც უკვე დაწყებულია და წლის ბოლოს დასრულებული იქნება. ავტობუსები უკვე შესყიდული გვყავს, ველოდებით მათ შემოსვლას და ე.წ. ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან. პარალელურად, მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. როგორც გითხარით, მერიამ ვალდებულებით 300 ერთეული შეიძინა, რომ კომპანიამ, რომელიც დღეს თბილისის მოსახლეობას ემსახურება, მიკროავტობუსები გამოისყიდოს. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, რომ გამოსყიდვის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რათა ჩვენ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველად შავკანიანი ქალი აირჩიეს
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ, პირველად ისტორიაში, ორგანიზაციის ლიდერად პირველი ქალი და პირველი აფრიკული წარმოშობის ადამიანი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ნიგერიელი ეკონომისტი, ნგოზი ოკონჯო-იუეალა, 66 წლისაა. ახალმა დირექტორმა, ორგანიზაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის, როდის შეუდგება მუშაობას და დაიწყებს რეფორმებს ორგანიზაციის წესების შეცვლისა და უფრო მეტი მოდერნიზებისთვის. "მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, არა მხოლოდ როგორც ქალს და აფრიკელს, არამედ ნდობისთვის, რომელიც ჩემს ცოდნას და გამოცდილებას გამოუცხადეთ",- თქვა ნგოზი ოკონჯო-იუეალამ. როგორც ნოზი ოკონჯო-იუეალამ აღნიშნა, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი Covid-19 იქნება. მათ შორის "კოვაქსის" და "აქტის" პლატფორმების უფრო სწრაფად და გამართულად მუშაობა.
იაპონიაში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო
იაპონიაში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. იაპონიაში ვაქცინაციის პროცესი 40 ათასი ექიმისა და 100 საავადმყოფოს ექთნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გაკეთებით დაიწყება. იაპონიამ ჯერჯერობით ეს ორი ვაქცინა დაამტკიცა. ტოკიოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი კაზუჰირო არაკი იყო პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა. "ვაქცინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტიკორონავირუსულ ზომებში. ამიტომ ვფიქრობდი, რომ როგორც ხელმძღვანელს, პირველი დარტყმა მე უნდა მიმეღო", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
საქართველოში პირველი ელექტრომობილის გამოშვების ვადამ 2022 წლამდე გადაიწია
საქართველოში პირველი ელექტრომობილის გამოშვების ვადამ 2022 წლამდე გადაიწია. Agenda.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ინვესტორების შეფერხება გამოიწვია, რის გამოც მათ ვერ დაიწყეს ელექტრომობილების წარმოება. კომპანიას დამატებითი დრო მიეცა ვალდებულებების შესასრულებლად. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვავითაროთ მწვანე ეკონომიკა, ამავე დროს გავაძლიეროთ ქუთაისი, როგორც ინდუსტრიული ცენტრი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ინვესტორს, რომ ეს ამოცანა შეასრულოს“, - განაცხადა თურნავამ. 2019 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა. კომპანია „აიგრუპმა“ გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიის გეგმები გადაიხედა. „ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, იმისათვის, რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები“, - განაცხადეს მაშინ კომპანიაში.
ისტორიაში პირველად, ბიტკოინის ღირებულება 50,000 დოლარს ასცდა
ბიტკოინის ღირებულება პირველად ასცდა $50,000, 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ კი, ღირებულება 73%-ით არის გაზრდილი. კრიპტოვალუტის მიმართ ინვესტორთა ინტერესს ხელს უწყობს Tesla-ს მიერ ერთი კვირის წინ განხორციელებული ინვესტიცია, რაც $1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინში დაბანდებას წარმოადგენდა. მას შემდეგ ბიტკოინის ღირებულება თითქმის 20%-ით გაიზარდა.
რან გიდორი: საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ
ისრაელის ელჩი რან გიდორის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. ელჩის ცნობით, 2020 წელს ხელმოწერილი პროტოკოლის ამოქმედება COVID-19-თან ერთად ორივე მხარეს არსებულმა ბიუროკრატიულმა ბარიერებმა შეაფერხეს, თუმცა ახლა უკვე ამ პროექტის განხორციელება საკმაოდ მალე დაიწყება. "რამდენიმე თვის წინ საქართველომ და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების შესახებ. ამ შეთანხმების შემდგომ განისაზღვრა პროტოკოლი, რომ ლეგალური დასაქმება მოხდება მხოლოდ ერთი კატეგორიის - მომვლელების მიმართულებით, ანუ მათთვის, ვინც ხანდაზმულებს უვლიან როგორც სპეციალურ ინსტიტუციებში, ასევე მათ სახელბში. დღესდღეობით, ეს ერთადერთი სფეროა, სადაც ქართველი აპლიკანტებისთვის დასაქმების შეთავაზება შეგვიძლია. სამწუხაროდ, ამ პროტოკოლის იმპლემენტაცია გადაიდო, რაც როგორც COVID19-ის სირთულეებს, ასევე ორივე მხარეს არსებულ ბიუროკრატიულ სირთულეებს უკავშირდებოდა. თუმცა, ახლა ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ ფაზასთან, როდესაც შეგვიძლია, დავიწყოთ ამ პროექტის იმპლემენტაცია და მოვიწვიოთ შესაბამისი კანდიდატები ისრაელში," - განუცახადა bm.ge-ს რან გიდორმა. ამასთან, ისრაელის ელჩი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მხოლოდ სახელმწიფო უწყებები არიან ჩართული, შესაბამისად, მოქალაქეები არ უნდა ენდონ განცხადებებს კერძო კომპანიების მხრიდან, რომლებიც დასაქმებისთვის შუამავლობის სერვისს სთავაზობენ. რან გიდორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროა. საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ქართველები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას დროებით, კონკრეტული მიმართულებით შეძლებენ. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.
2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში რძის წარმოება 1,9 პროცენტით გაიზარდა
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 99.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით მეტია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2020 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 572.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით აღემატება 2019 წლის შედეგს. "ამავდროულად, 2020 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 22.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლისშესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია. 2020 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 69.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს უტოლდება. 2020 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით ნაკლებია. 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა", - ნათქმვამის საქსტატის ანგარიშში.
გერმანიაში, დროებით დასაქმების შესახებ აპლიკაცია, უკვე 35 121 ადამიანმა შეავსო
გერმანიაში, დროებით დასაქმების აპლიკაცია უკვე საქართველოს 35 121 მოქალაქემ შეავსო. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. რაც შეეხება დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალს, სააგენტოს ცნობით, პორტალზე workabroad.moh.gov.ge უკვე 53 274 ადამიანია დარეგისტრირებული. გერმანიაში, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 - 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. სამუშაო საათებიც და მინიმალური ხელფასიც გერმანიის კანოდნებლობით მკაცრად განსაზღვრულია და შრომითი ექსპლუატაციისგან, ემიგრანტებიც კი დაცულები არიან. შრომის სპეციალისტები, საქართველოდან მიგრაციის ზრდის ტენდენციას, უმუშევრობის ფაქტორის გარდა, დასაქმებულთა დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს უკავშირებენ. Europetime-სთან საუბარში შრომის უფლებების მკვლევარი გიგა ბექაური აღნიშნავს, რომ კვლევების შედეგად გამოვლინდა ფაქტები, როცა საქართველოში ადამიანები მუშაობენ კვირაში 60-70 საათს და იმდენ ანაზღაურებას იღებენ, რაც წესით მხოლოდ 40-50 საათის მუშაობაში უნდა აეღოთ. „კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი შემთხვევები ყველაზე ხშირი იყო მომსახურების სექტორში. ამას მოპარულ ხელფასს ეძახიან. სწორედ ამიტომ, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საჭიროება დგება. რადგან, მიუხედავად სამუშაო საათების აღრიცხვის ახალი ვალდებულებისა, შესაძლოა, დამსაქმებელმა მიმართოს მანიპულაციას. მაგალითად, სრულ განაკვეთზე დასაქმებულს დაბალი ხელფასი ჩაუწერონ და ზეგანაკვეთური სამუშაოს ხელფასით მიიყვანონ იმ ტარიფამდე, რის მიცემასაც აპირებდნენ. ასეთი აფქტები აქამდეც ხშირი იყო და ახლა უფრო გახშირდება", - აღნიშნავს შრომის უფლებების მკვლევარი. როგორც Europetime-ს დამოუკიდებელი პროფკავშირის, "გილდიას" წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა აცნობა, 2019 წელს (პანდემიამდე) საქართველოში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის. გასული წლის მხოლოდ 3 კვარტლის ჯამური მონაცემებით, სამსახური დაკარგა 137 000 ადამიანმა. სახელმწიფო 200-ლარიან კომპენსაცია, პანდემიის პირველი ტალღის დროს სულ 162 000-მა ბენეფიციარმა მიიღო. აქედან კომპენსაციას 6 თვის განმავლობაში სულ 70 130 ადამიანი იღებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში 92 380-ით გაიზარდა სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი. აღნიშნული სტატისტიკა ძირითადად პანდემიის მიზეზით, გამოწვეული უმუშევრობა გახდა, თუმცა შრომის სპეციალისტების ცნობით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვი წინა წლებშიც საგრძნობლად იმატებდა, ბევრი სხვა ფაქტორის გამო. აღსანიშნავია, რომ ბოლო სტატისტიკური მონაცმეებით, 2020 წლის იანვარში საარსებო შემწეობას სულ 432 218 მოქალაქე იღებდა, უკვე დეკემბერში იმავე მაჩვენებელმა 524 598 შეადგინა. მოსახლეობის 14.1%-ს შეადგენს, გამოდის, რომ ქვეყნის ყოველი მეშვიდე მოქალაქე დეკლალირებულად სიღარიბის ზღვარს მიღმაა. 2018 წლის მონაცემებით, ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილია საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა. ბოლო ოთხ წელში, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილების ოდენობამ გადააჭარბა, განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. სტატისტიკის თანახმად ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო ქართველი ემიგრანტები არიან. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ იანვრის თვეში უცხოეთიდან ფულადი გზვანილების ნაკადმა 493 მილიონი ლარი შეადგინა, თითქმის ნახევარდი მილიარდი ლარი.
საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეების მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის სამ ქვეყანას შორის მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. შეთანხმების საფუძველზე, მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ. შეთანხმებას, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ძალაში 1-ელი აპრილიდან შევა.
კარლ ჰარცელი: მჯერა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირის დაფინანსებით COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. მხარეებმა ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი წარმატებით განხორციელდება. „შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. განვიხილეთ ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა. ჩვენ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით, რათა სამედიცინო პერსონალმა უსაფრთხოდ იმუშავოს. მჯერა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ვაქცინის შესყიდვის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს COVAX პლატფორმასთან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „პრიორიტეტული საკითხი კვლავ ვაქცინაციაა. ევროკავშირის ელჩი ყველა იმ საკითხით დაინტერესდა, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში მიმდინარეობს. კარლ ჰარცელმა გამოხატა მზაობა, რომ ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში. ევროკავშირის ელჩს ყველა დეტალთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცი მივაწოდეთ“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ფულადი გზავნილების რაოდენობით, რუსეთმა იტალიის შემდეგ, მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რაც პირველი შემთხვევაა
2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $149.8 მილიონი დოლარი, 493.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19.2%-ით ($24.1 მილიონით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ფულადი გზავილების რაოდნეობით პირველ ადგილზეა იტალია - 27 მილიონი დოლარით. რუსეთმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა 23 მილიონი დოლარით. წლების მანძილზე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა ყველა სხვა ქვეყნის ფულადი გზავნილების ნაკადს აღემატებოდა. აღსანიშნავია რომ ქვეყნების უმრავლესობიდან ჩარიცხული თანხის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენელებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. ფულადი გზავნილების მთავარი წყარო ქართველი ემიგრანტები არიან. თანხის რაოდენობის მიხედვით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც საქართველოში თანხები ირიცხება. იტალია - 27.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.72% რუსეთის ფედერაცია - 23.18 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.44% საბერძნეთი - 18.62 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.25% აშშ -18.07 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 33.24% ისრაელი - 13.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.55% თურქეთი - 7.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.54% უკრაინა - 6.43 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 80.65% გერმანია - 6.06 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 57.15% აზერბაიჯანი - 5.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 213.08% ესპანეთი - 3.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.82% საფრანგეთი - 2.39 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.79% ყაზახეთი - 2.20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.21% პოლონეთი - 1.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.94% კანადა - 1.46 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 53.67% გაერთიანებული სამეფო - 1.37 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.59%