ეკონომიკა

რა შეთანხმება გააფორმა ამერიკამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან

აშშ და ცენტრალური აზიის ქვეყნები „ტრამპის მარშრუტთან“ "შუა დერეფნის" დაკავშირებაზე შეთანხმდნენ. აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან - ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან სავაჭრო შეთანხმებებს აფორმებს. 6 ნოემბრის საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის - ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს. დასავლური მედიის ცნობით, C5+1 ფორმატის ბოლო სამიტი ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა: რეგიონის მდიდარ მინერალურ რესურსებზე წვდომას, სადაც ჩინეთი და რუსეთი დიდი ხანია, გავლენისთვის იბრძვიან. თუმცა ახლა შეერთებული შტატები მკაფიო პოლიტიკის ცვლილებას ადასტურებს იმ რეგიონის მიმართ, რომელიც ტრადიციულად პეკინისა და მოსკოვისკენ იყო მიმართული. „ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას, ვაუმჯობესებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში და ვაფართოებთ ჩვენს საერთო კავშირებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ცენტრალური აზიის ლიდერებთან ოფიციალური ვახშმის წინ. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ამ ახალი ორიენტაციის ხაზგასმით მან აღნიშნა: „ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კრიტიკული მინერალებია.“ იშვიათ მიწათა ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია მოწინავე წარმოებისა და სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებისთვის, ამჟამად ჩინეთის უპირატესობით კონტროლდება. პეკინს დაახლოებით 44 მილიონი ტონა მარაგი აქვს, რაც მსოფლიოში ცნობილი მარაგის ნახევარზე მეტია. ეს მაჩვენებელი 50%-ზე მეტით აღემატება შემდეგი ექვსი ქვეყნის კომბინირებულ მარაგს, რაც პეკინს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორში უდაოდ გლობალურ ლიდერად აქცევს. ამ მიზეზით, ვაშინგტონი მარაგის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს და ცენტრალური აზია პერსპექტიულ პარტნიორად წარმოჩინდა. თეთრ სახლში შეხვედრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას ხელი მოეწერა. პრეზიდენტმა ტრამპმა მოგვიანებით სოციალურ მედიაში ისინი „წარმოუდგენელ სავაჭრო და ეკონომიკურ გარიგებად“ შეაფასა. ამ შეთანხმებების ცენტრალურ ნაწილს უზბეკეთი წარმოადგენს, რომელმაც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თითქმის 35 მილიარდი დოლარი და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადოს ამერიკული ეკონომიკის ძირითად სექტორებში, მათ შორის, ავიაციაში, სოფლის მეურნეობასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უდიდესი მწარმოებელია; თურქმენეთი ბუნებრივი აირით მდიდარია; უზბეკეთი ასევე ფლობს ოქროს უზარმაზარ მარაგებს. ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკები აგრძელებენ ძვირფასი მინერალების ახალი საბადოების აღმოჩენას. თეთრ სახლში გამართული სამიტის დროს, ცენტრალური აზიის ლიდერებმა განსაკუთრებით შეაქეს პრეზიდენტი ტრამპი, რაც ასახავდა ნამდვილ სტრატეგიულ გათვლას და არა უბრალო დიპლომატიას. თითოეული ეს ქვეყანა ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძლიერი მეზობლების მზარდი გავლენის ფონზე. მათთვის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება წარმოადგენს არამხოლოდ ეკონომიკურ შესაძლებლობას, არამედ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ „კედელსაც.“  პარალელურად, ყაზახეთმა „აბრაამის შეთანხმებებთან“ შეერთების განზრახვის შესახებ განაცხადა, ესაა დიპლომატიურ ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავებას და აშშ-ის ძალისხმევის მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთში. ყაზახეთის მთავრობამ ეს ნაბიჯი „ბუნებრივ და ლოგიკურად“ შეაფასა, ისრაელთან მისი დიდი ხნის დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით. AFP-მ ეს გადაწყვეტილება რეგიონში აშშ-ის დიპლომატიის მხარდაჭერის სიმბოლურ ჟესტად შეაფასა. C5+1 სამიტები, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას აერთიანებს, 2015 წლიდან იმართება, პირველი შეხვედრა კი, უზბეკეთის დედაქალაქ სამარყანდში გაიმართა. ამ შეხვედრების უმეტესობა ადრე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ტარდებოდა. სახელმწიფო მეთაურების პირველი შეხვედრა 2023 წელს შედგა, როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იგივე ხუთ ლიდერს უმასპინძლა გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ცნობისთვის, ურანის მარაგი განსაკუთრებით კრიტიკულია შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ამჟამად ამ ლითონის დაახლოებით 20%-ს რუსეთიდან იმპორტით იღებს. საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, მოსკოვი ინარჩუნებს ძლიერ გავლენას ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ სექტორში და აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს მთელ რეგიონში. ამასობაში, ჩინეთმა, რომელიც ესაზღვრება ყაზახეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს, გააფართოვა თავისი გავლენა მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გზით.  მხოლოდ წელს, რეგიონს რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ეწვია, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. ცენტრალურ აზიაში გავლენისთვის ბრძოლა სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. პეკინი და ბრიუსელი მხარს უჭერენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის პროექტს, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას კავკასიის გავლით და რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით დააკავშირებს. შეერთებული შტატებისთვის რუსეთი შედარებით მცირე გამოწვევას წარმოადგენს, ვიდრე ჩინეთი, რომელთანაც გლობალური კონკურენცია კვლავ მწვავდება. ამ ფონზე, თეთრ სახლში შეხვედრას ცენტრალური აზიის მონაწილეებისთვის დიდი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ინგლისურ ენაზე წარმოთქმულ სიტყვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის ამჟამინდელი ეპოქა „ახალ ოქროს ხანად“ შეაფასა. მან შეაქო ტრამპის ლიდერობა და განაცხადა, რომ ის შთაგონებულია ძლიერი და დამოუკიდებელი ყაზახეთის ხედვის გატარებისთვის. სამიტის შემდეგ ტრამპი და თოყაევი ერთობლივად მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის 17 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერას. სამიტის მნიშვნელობას ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც სამიტის წინა დღეს, 5 ნოემბერს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. რუბიომ აღიარა, რომ ვაშინგტონმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში უგულებელყო რეგიონი, მაგრამ ახლა გადაწყვეტილი აქვს, შეცვალოს ეს კურსი. მან გამოაცხადა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების გეგმები და დაადასტურა, რომ თეთრმა სახლმა კონგრესს წარუდგინა კანონპროექტი ჯექსონ-ვანიკის შესწორების გაუქმების შესახებ, რომელიც ცივი ომის ეპოქის შეზღუდვა იყო სსრკ-სთან და სხვა სოციალისტურ სახელმწიფოებთან ვაჭრობაზე. „მიუხედავად იმისა, რომ შესწორება რუსეთზე 2012 წელს აღარ ვრცელდებოდა, ტექნიკურად ის კვლავ ძალაში რჩება უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთისთვის. ვაშინგტონში 6 ნოემბრის სამიტი უაღრესად პროდუქტიული აღმოჩნდა როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. მან საფუძველი ჩაუყარა მომავალ თანამშრომლობას მრავალ ფრონტზე: ენერგეტიკა, სამთო მოპოვება, ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა და ინოვაციები. რადგან დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია ცენტრალური აზიის უზარმაზარი რესურსებისა და სტრატეგიული მარშრუტების გამო მწვავდება, თეთრ სახლში გამართული ეს შეხვედრა შეიძლება, კარგად დაამახსოვრდეთ, როგორც გადამწყვეტი მომენტი - რომელმაც რეგიონი გლობალური გეოპოლიტიკის ცენტრში გადაიტანა და აშშ-ცენტრალური აზიის ურთიერთობებში ახალი ფაზის დასაწყისი აღნიშნა,“ წერს Caspian Post-ი. შეგახსენებთ,  აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს. ამის თაობაზე შეერთებული შტატებისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) მთავრობების ერთობლივ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა (მოხსენიებული როგორც “C5+1 ქვეყნები”) შეთანხმდნენ “ტრანსკასპირიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” განვითარებაზე. იგეგმება მარშრუტის დაკავშირება TRIPP-თან (“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”), რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს. “[ვაპირებთ] მიწოდების ჯაჭვის დაკავშირებულობისა და სიმყარის გაძლიერებას ტრანსკასპიური სავაჭრო გზის (იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტი) გაძლიერებითა და მისი “ტრამპის მარშრუტთან საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) დაკავშირებით, რათა უზრუნველვყოთ ტვირთების, ინფორმაციისა და ენერგეტიკის მოძრაობის უსაფრთხოება C5+1 ქვეყნებისა და მსოფლიოს სასარგებლოდ; [ვაპირებთ] ჰარმონიზებული, გამჭვირვალე საბაჟო რეჟიმებისკენ მისწრაფების გაგრძელებას; [ვაპირებთ] C5+1 ქვეყნებს შორის საავიაციო დაკავშირებულობის გაფართოებას, რათა ხელის შევუწყოთ უფრო დიდ კომერციულ და კულტურულ კავშირებს; [ვაპირებთ] კომერციული კავშირების გამყარებას და სამუშაო ძალის პროფესიონალიზაციის მხარდაჭერას საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტექნოლოგიების, მოპოვებისა, და სხვა დიდი ზრდის მქონე სექტორებში წვრთნას,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. დონალდ ტრამპმა დიპლომატიურ და წიაღისეულის სფეროში გარიგებების შესახებ გამოაცხადა. ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიასთან 1,1 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა ვოლფრამის მოპოვების სფეროში. სხვა შეთანხმებებს შორის არის Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვა და 17,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციები. გარიგების ფარგლებში ამერიკული კომპანია Cove Kaz Capital Group აქციების 70%-ს შეიძენს ერთობლივ საწარმოში, რომელშიც მისი პარტნიორი იქნება ყაზახეთის სახელმწიფო სამთო-სამადნო კომპანია. გარიგების ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარია. აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა გამოაქვეყნა დაინტერესების წერილი, რომლის თანახმადაც ის ამ გარიგებას 900 მილიონი დოლარით დააფინანსებს. სამიტის სხვა შედეგებს შორისაა კიდევ ერთი გარიგება, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული და რომელიც შეეხება ამერიკული კომპანია Boeing-ის 37-მდე თვითმფრინავის შეძენას ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ნაციონალური ავიაკომპანიების მიერ. ყაზახეთმა ასევე გამოაცხადა ამერიკულ კომპანიებთან ხელმოწერილი 30-ზე მეტი შეთანხმების შესახებ, რომელთა საერთო ღირებულება 17,2 მილიარდი დოლარია.  

ტრამპის გუნდი ყაზახეთში, ვოლფრამის საბადოზე ამერიკული კომპანიის წვდომას მხარს უჭერს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ყაზახეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს, გამოუყენებელ ვოლფრამის საბადოზე წვდომა უზრუნველყოს -  რაც მიზნად ისახავს კრიტიკული მინერალების სფეროში ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას.  საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი Cove Kaz Capital Group LLC-სა და ყაზახეთის სუვერენულ ფონდ Samruk-Kazyna-ს შორის მოლაპარაკებებს ხელს უწყობს. „ვაშინგტონი გარიგების ფინანსურ მხარდაჭერას განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისა და ექსპორტ-იმპორტის ბანკის მეშვეობით, თუმცა „ადმინისტრაცია არ ცდილობს აქციების შეძენას,“ -  განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. თუ პროექტი დასრულდება, ვოლფრამის პროექტი ყაზახეთს „მსოფლიო ვოლფრამის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ“ აქცევს. ლითონს პენტაგონი საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკისთვის იყენებს, ჩინეთი კი, გლობალური მიწოდების დაახლოებით 80%-ს აწარმოებს.  

მედია: რუსი მილიარდერისთვის ჩამორთმეული იახტა ტრამპის ბიზნესპარტნიორმა შეიძინა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრ სულეიმან კერიმოვის საკუთრებაში არსებული 106-მეტრიანი სუპერიახტა Amadea აშშ-ის ხელისუფლების ბრძანებით, 10 სექტემბერს აუქციონზე გაიყიდა. გემის ახალი მფლობელი დუბაიდან, მილიარდერ ჰუსეინ საჯვანის ოჯახი გახდა. 10 ოქტომბრიდან Amadea-ს მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Beyond Holdings Group-ია, იტყობინება Verstka Equasis მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. მიმდინარე წლის მარტამდე Beyond Holdings Group ცნობილი იყო, როგორც AHS Four Company. ახალი კომპანია, რომელმაც Amadea შეიძინა, რეგისტრირებულია დუბაის ბარშა ჰაითსის რაიონში მდებარე Executive Heights-ის საოფისე კომპლექსში, რომელიც Damac Group-ის საკუთრებაა. აბრევიატურა „AHS“, სავარაუდოდ, აბას ჰუსეინ საჯვანის ნიშნავს. შესაბამის პორტალებზე ჩამონათვალში გვხვდება კომპანია სახელწოდებით „AHS Four Company Yacht“, რომელიც 66-მეტრიან იახტა AHS-თან არის დაკავშირებული. ის აბას ჰუსეინ საჯვანის, დეველოპერული კომპანია Damac Properties-ის საბჭოს წევრს და ჰუსეინ საჯვანის შვილს ეკუთვნოდა. ჰუსეინ საჯვანი DAMAC ჯგუფის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი დეველოპერია და სპარსეთის ყურეში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში უძრავი ქონების განვითარებაშია სპეციალიზირებული. საჯვანი დიდი ხანია ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპის ახლო თანამოაზრე. ის 2017 წელს ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო და ტრამპმა მას „დიდი კაცი“ და „ოჯახის მეგობარი“ უწოდა. ტრამპის მიერ 2017 წელს წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მან Damac-თან ერთობლივი პროექტიდან 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. კომპანიამ დუბაიში Trump International Golf Club გახსნა, ხოლო ტრამპის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბიზნესმენი კვლავ ეწვია ამერიკას. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ Damac-ის გეგმების შესახებ გამოაცხადეს, რაც შეერთებულ შტატებში მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გულისხმობდა. იახტა „ამადეა“ ფიჯიზე 2022 წლის მაისში, შეერთებული შტატების მოთხოვნით, სანქციების გამო ჩამოართვეს კარიმოვს და მოგვიანებით სან დიეგოში გადაიყვანეს. 2025 წლის ივნისში ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ მისი გაყიდვა დაამტკიცა და გემი იმავე შემოდგომაზე აუქციონზე გაიტანეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა იახტის ღირებულება 300 მილიონ დოლარამდე შეაფასა, მაგრამ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მისი ღირებულება 230 მილიონ დოლარამდე შეამცირეს. გაყიდვის საბოლოო ფასი არ გახმაურებულა. გერმანული გემთმშენებელი ქარხნის „ლიურსენის“ მიერ აშენებული სუპერიახტა თავისი ფუფუნებით გამოარჩევენ. ბორტზე ექვსი გემბანია, საცურაო აუზი, ჯაკუზი, ორი სპა, კინოთეატრი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული დარბაზი, ღვინის მარანი და უნიკალური Pleyel-ის როიალი, რომელიც ხელით არის მოხატული და 24-კარატიანი ოქროთი მოჭედილი. იახტის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს რუსი მილიარდერის საყვარელი სპორტული ფეხსაცმლის წყვილის ხელმისაწვდომ ადგილას შენახვა დაევალა. საჯვანი ტრამპის მეორე ბიზნესპარტნიორია, რომელმაც იახტა ყოფილი რუსი მფლობელისგან შეიძინა. ადრე, 74-მეტრიანი იახტა „კაზინო როიალი“, რომელიც ადრე რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უკავშირდებოდა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ სტალუპიმ შეიძინა. სტალუპი ავტომაგნატი და დონალდ ტრამპის ყოფილი თანამოაზრეა. 1988 წელს სტალუპიმ დონალდ ტრამპთან გარიგება დადო, რომლის მიხედვითაც, ლიმუზინების გაქირავების კომპანიისთვის მისი სახელის გამოყენების უფლება მოიპოვა.      

მილიარდერების საერთო ქონება 10%-ით გაიზარდა

მილიარდერთა აღწერის 2025 წლის უახლესი მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მილიარდერების ჯამურმა ქონებამ 2024 წელს რეკორდულ 13.4 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით, 10%-ით მეტია. კვლევითი ფირმა Altrata-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მსოფლიოს ულტრამდიდრებს შორის ქონების ზრდის ზედიზედ მესამე წელია. მილიარდერების საერთო რაოდენობა 3,508-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით მეტია. შეერთებულმა შტატებმა წამყვანი პოზიცია 1,135 მილიარდერით - გლობალური რაოდენობის თითქმის ერთი მესამედით შეინარჩუნა, ხოლო ევროპამ პირველად გადააჭარბა 1,000 მილიარდერის ნიშნულს, რასაც ხელი შეუწყო მსხვილი ეკონომიკების ზრდამ. Altrata-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ალსტერმა განაცხადა, რომ მონაცემები აჩვენებს, რომ მილიარდერთა პოპულაცია დინამიური რჩება, რაც ტექნოლოგიების, ბაზრებისა და გეოპოლიტიკის ცვლილებებით არის განპირობებული.  

ევროკავშირი შუა დერეფნის შესახებ ახალ წინადადებას წარადგენს

Trend-ის ცნობით, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს თავის წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს ახალი თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაში, რათა წინ წავიდნენ „დაკავშირებადობის დღის წესრიგის“ რეალიზების მიზნით. ახალ წინადადებას განსახილველად და შემდგომი მუშაობისთვის ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ინვესტორებისა და კავშირგაბმულობის ფორუმზე ტაშკენტში, 27 ნოემბერს წარადგენენ. განცხადება მოჰყვა 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და კავშირის მინისტერიალის შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის, თურქეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და უზბეკეთის წარმომადგენლები. შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი, გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი და საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში კომისარი იოზეფ სიკელა. განხილვები ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მდგრადობას; ფოკუსირებული იყო ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რეგიონთაშორის კავშირზე. მონაწილეებმა ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე, ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების გაძლიერების გზები განიხილეს. ტრანსპორტის სფეროში, მოლაპარაკებებისას ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებას და დიალოგის დაწყებას ევროკავშირს, შავი ზღვის ქვეყნებს, თურქეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების გაფართოების მიზნით. თანათავმჯდომარეების დასკვნების თანახმად, მომავალი წინადადება არსებულ პლატფორმებს დაეფუძნება და მასში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, კერძო ინვესტორები და პარტნიორები ჩაერთვებიან.  

აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი პორტების, რკინიგზისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განახლებაზე ერთად იმუშავებენ - ასადოვი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის განცხადებით, აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ პორტების, რკინიგზისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განახლებაზე, არსებული შეფერხებების აღმოფხვრაზე, დიგიტალიზაციის გაფართოებასა და დერეფნის საერთო გამტარუნარიანობის გაზრდაზე. „დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონის სრული სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გამოვლენას, სავაჭრო ბრუნვისა და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას,“ - აღნიშნა ასადოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების, არამედ, რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად ადმინისტრაციული და სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებაზე არიან კონცეტრირებულნი. ასადოვის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ერთიანი სატარიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებისა და მულტიმოდალური ტრანსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.  

ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა

აშშ-მ რუსეთის მსხვილ ნავთობმწარმოებელ კომპანიებს Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონმა მოუწოდა მოსკოვს, დაუყონებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. მისი განმარტებით, აშშ-ის სანქციები “რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასარულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია.” აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანიაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, “მისი ომის მანქანისთვის შემოსავლების მოსაპოვებლად და თავისი დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად.” „ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები,” - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა. სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ “როსნეფტი” ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენაში, მოპოვებაში, გადამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. “ლუკოილი” კი, თავის მხრივ, ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე, საერთაშორისოდ.  

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. ამის შესახებ თამარ იოსელიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელური დისკუსიაზე – „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის“ ისაუბრა. „ანაკლია არ არის პორტი, ეს არის პლატფორმა იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულებით მომსახურება განხორციელდეს. ანაკლიის საზღვაო პორტის მახლობლად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა შექმნილი და ყურადღება მიექცევა ინოვაციების დანერგვას იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვს სამუშაო რეჟიმი,“ -  განაცხადა მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანმა განმარტა, რომ აქ საუბარია საკმაოდ მედეგ ინფრასტრუქტურაზე. „ჩვენ უკვე კონკრეტულად ვიცით, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ეს პორტი. საწყის ფაზაში, დაახლოებით, 300 სამუშაო ადგილი უკვე არის შექმნილი და ვფიქრობთ, რომ ამავე, საწყის ეტაპზე სამუშაო ადგილების რაოდენობა ათასს მიაღწევს,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ხსენებულ პროექტში. „ანაკლიის პორტი არ არის ერთადერთი პროექტი, რომლითაც საქართველო ცდილობს, რომ მომავალში გაიხედოს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.  

სომხეთი და თურქეთი გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავენ

სომხეთი და თურქეთი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას გამართავენ, სადაც გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავენ. სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენისა და რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი შეხვედრა მალე გაიმართება,“ - განაცხადა რუბინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დისკუსიები მიმდინარეობს.  15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი, გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის ტექნიკური კვლევების დაწყებაზე შეთანხმდნენ.  

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ზანგეზურის დერეფანი შესაძლოა, 2028 წლის ბოლოსთვის გაიხსნას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა, შესაძლოა, 2028 წლის ბოლოსთვის მოხდეს. ალიევის თქმით, სხვა რეგიონულ პროექტებთან ერთად, ზანგეზურის დერეფნის პროექტს ასევე უზარმაზარი პოტენციალი აქვს. „აზერბაიჯანში გზებისა და რკინიგზის ყველა სამშენებლო სამუშაო მომავალი წლის შუა რიცხვებამდე დასრულდება. სხვა ქვეყნებშიც, ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი ამავე სისწრაფით განხორციელდება და ამ შემთხვევაში ზანგეზურის დერეფნის გახსნა, შესაძლოა, 2028 წლის ბოლოსთვის მოხდეს,“ – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევის თქმით, აგვისტოში ვაშინგტონის სამიტის ერთ-ერთი მიღწევაა TRIPP-ს პროექტი („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“). ალიევის განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ამ პროექტს თავისი სახელი დაარქვა, რაც, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. „ეს შუა დერეფნის კიდევ ერთ მარშრუტს ხსნის. ტრადიციულის გარდა, კიდევ ერთი ჩნდება – ზანგეზურის გავლით, 15 მილიონი ტონა ტვირთბრუნვით, რაც შეესაბამება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს. ამგვარად, აზიიდან ევროპაში და უკან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების გავლით ტვირთების მოცულობას თავისთავად აქვს ზრდის პოტენციალი, მაგრამ ასევე კიდევ უფრო დიდი პოტენციალი ექნება მიღებისა და გაგზავნისთვის,“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.  

შუა დერეფანი OTS-ის სამიტის ფოკუსში - რა ინიციატივები განიხილება მარშრუტის განვითარებისთვის

7 ოქტომბერს, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გამართულ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTS) მე-12 სამიტზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კიდევ ერთხელ ისაუბრა შუა დერეფანზე, როგორც ევრაზიის სატრანსპორტო ქსელის სტრატეგიულ რგოლზე.  ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება და წერს, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე და აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან, უკვე გახდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთბრუნვის ხაზი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. სამიტზე თოყაევმა თურქულენოვანი სახელმწიფოები მიიწვია, რათა აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა შუა დერეფნის გასწვრივ საჰაერო ჰაბების, რკინიგზის სადგურებისა და საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში. მიმდინარეობს მუშაობა, რათა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დახმარებით, ტრანსპორტისა და ტრანზიტის სექტორის დიგიტალიზაცია დაჩქარდეს. პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება OTS-ის [OTS-ის წევრი სახელმწიფოები არიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი, ხოლო უნგრეთი და თურქმენეთი დამკვირვებლების სტატუსით მოქმედებენ] ფარგლებში ციფრული მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც მაღალი დონის ექსპერტებს მოიზიდავს.  ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ტრანზიტის გამჭვირვალობაზე ხაზგასმას, პროცესების გამარტივებას და ხარჯების შემცირებას, რაც მარშრუტს საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველად აქცევს. პარალეულად, თურქეთის საინვესტიციო ფონდი შუა დერეფნის გასწვრივ საინვესტიციო შესაძლებლობების მონიტორინგს გეგმავს. TITR საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ნურგულ ჟაკუპოვამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ 2025 წლის პირველ ექვს თვეში შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების მოცულობამ 926 000 ტონას მიაღწია, რაც 6 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყაზახეთის გავლით ტრანზიტი 65 პროცენტით გაიზარდა და მან 262 000 ტონას მიაღწია, ძირითადად ჩინეთიდან კონტეინერული ტვირთების გამო. 2025 წლის მაისში ყაზახეთის პრეზიდენტმა თოყაევმა გამოაცხადა გეგმები ტრანსკასპიური კონტეინერული გადაზიდვების გაორმაგების შესახებ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, რაც ასახავს შუა დერეფნისადმი, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის საიმედო მარშრუტისადმი მზარდ ინტერესს. 2025 წლის მაისში, თოყაევმა გამოაცხადა გეგმების შესახებ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ტრანსკასპიური კონტეინერების გადაზიდვები გაორმაგდებოდა. ტვირთების ნაკადების ზრდას თან ახლავს ყაზახეთში ინფრასტრუქტურის მასშტაბური მოდერნიზაცია. დოსტიკი-მოინთის რკინიგზის ხაზის გაშვება ხუთჯერ გაზრდის ტრანსყაზახეთის დერეფნის გამტარუნარიანობას, ხოლო კიდევ ორი ​​ძირითადი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.  

სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ენერგეტიკული დერეფანი გახდეს - მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ენერგეტიკული დერეფანი გახდეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოტენციალი. ანგარიშის მიხედვით, განახლებად ენერგიაზე აზერბაიჯანის გადასვლამ შესაძლოა, ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონში ეკონომიკური ზრდა და დასაქმების სტიმულირება გამოიწვიოს. „ხელმისაწვდომი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საფუძველია. ხელმისაწვდომი და საიმედო ენერგია აუცილებელია ევროპისა და ცენტრალური აფრიკის რეგიონში პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობების რეალიზაციისთვის.  ევროპისა და ცენტრალური აზიის გარდამავალი პერიოდი სხვა რეგიონების მსგავსი არ არის, რადგან რეგიონის ქვეყნები განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან. დემოგრაფიული განსხვავება, გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები, პოლიტიკური სიტუაცია და საწყისი პირობები - ყველაფერი ეს მოითხოვს ქვეყნისთვის სპეციფიკურ მიდგომებს.  „სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ენერგეტიკული დერეფანი გახდეს, სადაც საქართველოში, ჰიდროენერგია, აზერბაიჯანის განახლებად ენერგიაზე გადასვლა და სომხეთში, მზის ენერგიის პოტენციალი რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მამოძრავებელი ძალაა. ზოგიერთ ქვეყანაში ბირთვულ ენერგიას შეუძლია სხვა წყაროების შევსება,“ - ნათქვამია ანგარიშში.  

ბაქო-თბილისი-ყარსით ტვირთების გადაზიდვაზე მემორანდუმი გაფორმდა

აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის (AR) ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა Facebook-ზე დაწერა. „ყაზახეთში გამართულ მე-7 საერთაშორისო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ბიზნეს ფორუმზე, თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზით ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ,“ - წერს რუსტამოვი. მისი თქმით, დოკუმენტში გამოკვეთილია ერთობლივი ნაბიჯები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარშრუტის, როგორც უფრო სწრაფი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო კავშირის განვითარებისთვის. „ჩვენი მთავარი მიზნებია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სტაბილური და პროგნოზირებადი ოპერაციული რეჟიმის შექმნა, ტვირთის მფლობელებისთვის პირობების გაუმჯობესება და ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა  

ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ოქროს ფასი 1.4%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული მაჩვენებელი – $3,812.05 – დაფიქსირდა. ეს ნიშნული წინა სამშაბათს მიღწეულ პიკსაც კი აჭარბებს. ოქრო ფასი უკვე ზედიზედ მეექვსე კვირაა, რაც იმატებს. ასევე გაძვირდა ვერცხლი (2.4%-ით), პლატინა და პალადიუმი. ფასების ზრდა გამოწვეულია როგორც მიწოდების დეფიციტით, ასევე იმით, რომ ინვესტორები აქტიურად აბანდებენ თანხას ბირჟაზე, სავაჭრო ფონდებში (ETF-ებში), რომლებიც მიბმულია ძვირფას მეტალებზე. ვერცხლის ფასმა 22 სექტემბერს, 2011 წლის შემდეგ მაქსიმუმზე აიწია, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას უნციაზე 45 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ამ დროისთვის ვერცხლი 1.5%-ით იყო გაძვირებული და 46.7595 დოლარად ივაჭრებოდა ერთ უნციაზე. 1 უნციის ფასი უკვე $46.76-ს აღწევს. პლატინის ფასიც გაიზარდა 2.6%-ით და პირველად 2013 წლის შემდეგ, $1,600-ს გადააჭარბა. პალადიუმი კი, 2.4%-ით გაძვირდა და ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალ ფასს მიაღწია.  

შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, თურქეთი საერთაშორისო დონორებისგან $10 მილიარდამდე ინვესტიციას მოიზიდავს

თურქეთის ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - აღმოსავლეთ თურქეთის შუა დერეფნის რკინიგზის განვითარების პროექტის (ETMIC) და სტამბოლის ჩრდილოეთ რკინიგზის გადასასვლელის პროექტის (INRAIL) განსახორციელებლად, მთავრობა მსოფლიო ბანკიდან (WB) და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან დაახლოებით 9.7 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. მედია მსოფლიო ბანკზე დაყრდნობით წერს, რომ ETMIC პროექტის სავარაუდო ღირებულება 1.615 მილიარდ დოლარს შეადგენს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო INRAIL პროექტის ღირებულება 8.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, დღგ-ს, გაუთვალისწინებელი ხარჯების, მშენებლობის ზედამხედველობისა და პროექტის მართვის ჩათვლით. ETMIC პროექტი გულისხმობს დივრიგი-ყარსი-საქართველოს სასაზღვრო რკინიგზის ხაზის რეაბილიტაციას და ელექტრიფიკაციას, რომელიც შუა დერეფნის (ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, TITR) ნაწილია. პროგრამა 587 კმ სიგრძის რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და ზედნაშენის რეაბილიტაციას მოიცავს, დივრიგიდან საქართველოს საზღვრამდე 667 კმ სიგრძის ხაზის ელექტრიფიკაციას, ხიდების, გვირაბების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლებისა და სადგურების გაფართოების მშენებლობას, რეგულირებადი რკინიგზის გადასასვლელების დანერგვას და სოციალური ობიექტების განვითარებას უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. თანამედროვე მოძრაობის მართვის სისტემა მოიცავს 154 კვ ძაბვის ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, სიგნალიზაციისა და ტელეკომუნიკაციის აღჭურვილობას, ცენტრალიზებულ მოძრაობის კონტროლს (CTC) და 320 კმ სიგრძის განაწილებულ აკუსტიკურ მონიტორინგის სისტემას (DAS). მსოფლიო ბანკის მონაცემებით, განახლებული აღმოსავლეთის დერეფანი თურქეთის ფარგლებში შუა დერეფნის სტრატეგიულ ნაწილად იქცევა, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ქვეყანასა და საქართველოს, კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას შორის. ელექტრიფიცირებული სატვირთო ხაზი გაზრდის ტრანსპორტირების სიჩქარეს, საიმედოობას და გარემოსდაცვით კეთილგანწყობას, ასევე, გააძლიერებს თურქეთის, როგორც ევრაზიის ლოგისტიკაში მთავარი ცენტრის როლს. პარალელურად, თურქეთი ემზადება INRAIL პროექტის განსახორციელებლად - დაახლოებით 125 კმ სიგრძის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის, რომელიც ქვეყნის აზიურ და ევროპულ ნაწილებს სტამბოლის მეტროპოლიტენის გვერდის ავლით დააკავშირებს. ხაზი ჩაიროვას სადგურთან (აზიური მხარე) დაიწყება და დასრულდება ჩათალჯას სადგურთან (ევროპული მხარე), გაივლის იავუზ სულთან სელიმის ხიდს. ახალი ხაზი ელექტრიფიცირებული იქნება და სრულად აღიჭურვება სიგნალიზაციით, რომელიც განკუთვნილია როგორც მგზავრების, ასევე, ტვირთების გადაზიდვისთვის. პროექტის თანახმად, სამგზავრო მატარებლებს შეეძლებათ 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ხოლო სატვირთო მატარებლებს - 80-120 კმ/სთ. ხაზი უზრუნველყოფს სტამბოლის აეროპორტსა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტს შორის პირდაპირ კავშირს, ინტეგრირებას მოახდენს მათ ეროვნულ სარკინიგზო ქსელში და გააძლიერებს მულტიმოდალურ ლოგისტიკას. როგორც მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, INRAIL უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირს საჰაერო და სარკინიგზო კვანძებს შორის, ამავდროულად, გააუმჯობესებს ურბანულ მობილობას მეტროპოლიაში. შემოვლით ხაზს მხოლოდ ორი სადგური ექნება - ორივე აეროპორტი, რაც ეფექტურად მოემსახურება მგზავრთა ნაკადებს და განავითარებს მულტიმოდალურ ტვირთების გადაზიდვას. შეგახსენებთ, რომ 2024 წელს TITR-ის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 62%-ით გაიზარდა და მან 4.5 მილიონ ტონას მიაღწია. 2025 წელს პროგნოზირებულია შემდგომი ზრდა 5.2 მილიონ ტონამდე, საიდანაც 4.2 მილიონი ტონა მონაწილე ქვეყნების მარშრუტებით გაივლის. ამ მოცულობიდან 2.5 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი იქნება (დაახლოებით 96,000 TEU), ხოლო 1.7 მილიონი ტონა - ნავთობი. 2027 წლისთვის მარშრუტის გამტარუნარიანობა შეიძლება, წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.  

ფაშინიანის თქმით, „ტრამპის მარშრუტს“ რეგიონული და გლობალური გავლენა ექნება

„TRIPP-ის მარშრუტის („ზანგეზურის დერეფანი“) ინფრასტრუქტურის პროექტი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმოქმედებს ორმხრივი აშშ-სომხეთის ფორმატში შეთანხმებული ბიზნეს მოდელით, რომელიც ათობით კილომეტრის სიგრძის სხვადასხვა ინფრასტრუქტურისგან შედგება,“ - ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მანვე განაცხადა, რომ TRIPP-ის მარშრუტს ექნება როგორც რეგიონული, ასევე გლობალური მნიშვნელობა და გავლენა. „ამრიგად, ვაშინგტონში 8 აგვისტოს გამოცხადებული დეკლარაციის შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი, ორმხრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის კომუნიკაციები გაიხსნება სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე. ეს მოიცავს აზერბაიჯანის მატერიკულ ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შეუფერხებელ კავშირს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება როგორც საერთაშორისო, ასევე, ქვეყნის შიგნით კავშირების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. აშშ „ტრამპის მარშრუტისთვის“ პირველი დაფინანსების გამოყოფას გეგმავს  

საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს - GR

საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს. შესაბამისი შეთანხმება აზერბაიჯანის რკინიგზასთან (AR), ალმატიში გამართული სატრანსპორტო კვირეულის ფარგლებში გაფორმდა.  საქართველოს რკინიგზის (GR) ინფორმაციით, ახალი ბლოკ-მატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს. აღნიშნული ბლოკ-მატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს. ახალი ხაზი, სავარაუდოდ, ტვირთის მფლობელებისთვის ლოგისტიკას გაამარტივებს, მიწოდების დროს შეამცირებს და ტერმინალებში ტვირთისა და ცარიელი კონტეინერების შენახვის ხარჯებს შეამცირებს. ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან. საქართველოს რკინიგზას ხაზის ამოქმედების კონკრეტული თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია.  

ყაზახეთის პრეზიდენტმა „ისტორიული პროექტი“ გახსნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დოსტიკი-მოინთის რკინიგზის მეორე ხაზი ოფიციალურად გახსნა და მას ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორისთვის ისტორიული პროექტი უწოდა. რკინიგზის სიგრძე 836.1 კილომეტრია.  ეს პროექტი აშენდა „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში და ითვლება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ნაბიჯად.  ახლად ინტეგრირებული სეგმენტი, სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობას, სავარაუდოდ, ხუთჯერ გაზრდის და ოპტიმიზაციას გაუწევს საექსპორტო ტვირთების მიწოდების ვადებს. გააძლიერებს ყაზახეთის სტრატეგიულ სატრანზიტო შესაძლებლობებს. თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა დოსტიკ-ალაშანკოუს დერეფნის ისტორიულ ჩარჩოს ამკვიდრებს, რომელმაც თავდაპირველად, სამნახევარი ათწლეულის წინ დაამყარა კავშირი ყაზახეთსა და ჩინეთს შორის. „ყაზახეთი ისტორიულად, აზიის ეკონომიკურ ძალასა და ევროპულ ბაზარს შორის კავშირის ხელშეწყობის მნიშვნელოვან კავშირს წარმოადგენდა,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ ახალი ხაზი ასტანისა და პეკინის საერთო ხედვას [„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში] ასახავს. ყაზახეთის, როგორც ევრაზიულ სივრცეში მთავარ სატრანზიტო ცენტრზე ხაზგასმით, თოყაევმა აღნიშნა, რომ ქვეყანას უკვე კვეთს ხუთი საერთაშორისო სარკინიგზო დერეფანი, რომლებიც მას მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ბაზრებთან აკავშირებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი ჩაიდო. სამომავლო გეგმები მოიცავს 5000 კილომეტრიანი ახალი რკინიგზის მშენებლობას და 11000 კილომეტრიანი რკინიგზის შეკეთებას, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა, მოინტი-ყიზილჟარის რკინიგზა და კიზილჟარის სადგურის აქტაუს პორტთან დამაკავშირებელი მარშრუტების მოდერნიზაცია. „ეს ძალისხმევა გააძლიერებს ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს [შუა დერეფანი] და ხელს შეუწყობს მას,“ - აღნიშნა თოყაევმა.  ცნობისთვის, დოსტიქი — ყაზახეთის სასაზღვრო პუნქტია ჩინეთთან (სინძიანის რეგიონთან). მოინთი — მდებარეობს ყაზახეთის შიგნით, ცენტრალურ რეგიონში. შეგახსენებთ, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  

ბულგარეთი რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას აანონსებს

ბულგარეთი რუსული გაზის ტრანზიტის კონტრაქტებს 2026 წელს, ხოლო ტრანზიტს 2028 წელს სრულად შეწყვეტს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა განაცხადა. ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაწყების შემდეგ. თუმცა კრემლის ევროპელი მოკავშირეები, უნგრეთი და სლოვაკეთი, რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის მიღებას თურქეთის გავლით მილსადენებით აგრძელებენ და მათ შეჩერების გეგმა არ აქვთ. „რაც შეეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გაკეთებულ მოწოდებას, ჩვენ [ბულგარეთი], როგორც ევროკავშირის ნაწილი, მოკლევადიან პერსპექტივაში, 2026 წელს შევუერთდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს რუსული ბუნებრივი აირის გამოყენების ან ტრანზიტის თაობაზე კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ,“ - განაცხადა ჯელიაზკოვმა.  „2026 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის გამოყენების ან ტრანზიტის კონტრაქტები უნდა შეწყდეს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - 2028 წლისთვის, ის მთლიანად უნდა გამოირიცხოს ბულგარეთის ენერგეტიკული ბაზრიდან,“ განმარტა ჟელიაზკოვმა. „ბულგარეთმა ნაწილობრივ ჩაანაცვლა იმპორტი, აზერბაიჯანის ხარჯზე, მაგრამ რუსული ბუნებრივი აირის მიღებას ირიბად აგრძელებს,“ განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა თებერვალში. ცნობისთვის, ბულგარეთის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის დროს, ბულგარულმა ენერგეტიკულმა ჰოლდინგმა, იშვიათ მიწათა ლითონების კვლევის შესახებ, ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტთან  ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ბულგარეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ბოლო პუნქტი, რომლის მეშვეობითაც, ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს იღებენ მილსადენით - „თურქეთის ნაკადი“. გაზსადენი, რომელიც თურქეთმა და რუსეთმა 2020 წლის იანვარში გახსნეს, რუსეთის კრასნოდარის მხრიდან შავი ზღვის ფსკერზე გადის თურქეთის ევროპულ ნაწილამდე და მოიცავს ორ განშტოებას. ერთი რუსული გაზით ამარაგებს თურქეთს, ხოლო მეორე - სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირის ქვეყნებისკენ რუსული გაზის ტრანზიტზე, „თურქეთის ნაკადი“ ერთადერთი მოქმედი მილსადენია, რომლითაც ევროპა რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს. 2025 წლის ივნისში ბრიუსელმა წარმოადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად აკრძალვას და ამ პროცესის დასრულებას 2027 წლის ბოლოსთვის. უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ბუნებრივი აირის დაახლოებით 70%-ს რუსეთიდან იღებენ, იმპორტის შეწყვეტას იმ მიზეზით ეწინააღმდეგებიან, რომ ეს შიდა ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა რუსულ გაზზე უარი თქვა. ლაიენი: რუსული ენერგორესურებისგან სრულად უნდა გავთავისუფლდეთ მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის დამაკავშირებელი მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტებზე - მინისტრი  

თურქეთი, სირია და იორდანია ჰიჯაზის რკინიგზას აღადგენენ

თურქეთი, სირია და იორდანია ისტორიული ჰიჯაზის რკინიგზის ხაზის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქული მედია მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება და წერს, რომ ეს მოვლენა  რეგიონული კავშირის აღდგენისა და საერთო მემკვიდრეობის შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ისტორიული ჰიჯაზის რკინიგზა აღდგება,“ - განაცხადა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ. მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმებას ამ თვის დასაწყისში, ამანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს. კერძოდ, ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ყოვლისმომცველ თანამშრომლობას განსაზღვრავს. ინიციატივის ფარგლებში, თურქეთი რკინიგზის სირიის სეგმენტზე 30 კილომეტრიანი (18.6 მილი) დაკარგული სტრუქტურის დასრულებაში დაეხმარება. ამასობაში, იორდანია  სირიაში ლოკომოტივების მოვლა-პატრონობის, შეკეთებისა და ექსპლუატაციის მხარდასაჭერად, თავის ტექნიკურ შესაძლებლობებს შეაფასებს. სამი ქვეყანა ასევე გეგმავს ერთობლივი ტექნიკური კვლევების ჩატარებას, რომლებიც მიზნად ისახავს წითელ ზღვაზე თურქეთის წვდომის გაუმჯობესებას, იორდანიის აკაბის პორტის მეშვეობით. გარდა ამისა, სირიის გავლით, თურქეთსა და იორდანიას შორის საავტომობილო ტრანსპორტის აღდგენა იგეგმება.  თავდაპირველად 1900-1908 წლებში, ჰიჯაზის სარკინიგზო ხაზი დაახლოებით, 1750 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და სტამბოლს მექასა და მედინასთან, ასევე, დამასკოსთან და იემენის ნაწილებთან აკავშირებდა.  „რკინიგზა, რომელმაც ხელი შეუწყო რეგიონის განვითარებას, აშენდა რელიგიური, სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის,“ წერს თურქული მედია.