სამართალი

პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

თბილისში, პოლიციამ 21 წლის კაცი დააკავა. მას ბრალი გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. შსს-ს ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას, ქვეითად მყოფ ტრანსგენდერ ქალს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.-ს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პნევმატური იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნ.ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსულ „გაზპრომს“ გერმანიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სიმძლავრის 100%-ის გამოყენებაზე უარი უთხრა

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream AG-ი საგაზო დირექტივის შესრულებისგან ვერ გათავისუფლდება. ამის შესახებ გერმანიის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. დიუსელდორფის უმაღლესმა რაიონულმა სასამართლომ უარყო Nord Stream AG- ის საჩივარი გერმანული მარეგულირებლის წინააღმდეგ და უარი თქვა ევროკავშირის დებულებიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2-თან დაკავშირებული რეგულაციის ამოღებაზე. დებულება უკრძალავს გაზის მიმწოდებელს (გაზპრომს), იყოს ერთდროულად მილსადენის მფლობელიც. მხოლოდ მისი საბადოები უკავშირდება “ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ და გარდა ამისა, არცერთ რუსულ კომპანიას არ აქვს უფლება, გაატაროს გაზი ამ მილსადენით. სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს არ შეუშლის გაზპრომს, გაზსადენის პროექტის დასრულებაში, მაგრამ არ მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენოს ის სრული სიმძლავრით“, - განაცხადა დიმიტრი მარინჩენკომ, Fitch სააგენტოს ბუნებრივი რესურსებისა და სასაქონლო ჯგუფის დირექტორმა. რუსული გიგანტის Gazprom- ის შვილობილი კომპანია, შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream AG-ი ცდილობდა, გაეპროტესტებინა გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რათა ევროკავშირის ე.წ. გაზის დირექტივის მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებულიყო. გაზპრომი იმედოვნებდა, რომ ევროპულ კანონმდებლობაში არსებულ „ხარვეზს“ გამოიყენებდა. თავდაპირველად, არსებული მოთხოვნები არ ვრცელდებოდა ოფშორულ მილსადენებზე. 2017 წელს ევროკომისიამ შესთავაზა ამ შესაძლებლობის აღმოფხვრა, მაგრამ ცვლილებების მიღება გერმანიამ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაბლოკა. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2018 წელს საფრანგეთის ჩარევის შემდეგ, რომელმაც მიანიშნა „სტრატეგიულ პრობლემებზე“, რასაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დამატებით გამოიწვევდა უკვე დაძაბულ ურთიერთობებში რუსეთსა და ევროკავშირს შორის. 2019 წლის აპრილში ევროპარლამენტმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით (465 მომხრე, 95 წინააღმდეგი და 68 თავი შეიკავა) დაამტკიცა კანონმდებლობაში ცვლილებები და გაავრცელა „გაზის დირექტივა“ მესამე ქვეყნების ოფშორულ მილსადენებზე. 2020 წლის 10 იანვარს Nord Stream AG- მა ამ დირექტივის გაუქმება მოითხოვა, კომპანიამ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ პროექტი დასრულებულად უნდა ჩაითვალოს 2019 წლის მაისში, ანუ ცვლილებების ძალაში შესვლამდე. გაზპრომი ირწმუნებოდა, რომ პროექტში ინვესტიციების განხორციელება უნდა ჩაითვალოს როგორც დასრულება და არა თვითონ პროექტის განხორციელება. მაგრამ გერმანიის ფედერალურმა ქსელურმა სააგენტომ უარყო ეს არგუმენტი. ცნობისთვის, სპეციალური საგაზო დირექტივები, რომელიც ევროკავშირმა 2009 წელს მიიღო, გაზსადენის მფლობელ კომპანიას ავალდებულებს, განაცალკევოს გაზის მომწოდებელი კომპანია და ტრანსპორტირების ოპერატორი, ასევე გაზსადენის სიმძლავრეებზე უზრუნველყოს მესამე მხარის წვდომა და ტრანსპარენტული და დისკრიმინაციული მიდგომისგან თავისუფალი ტარიფები. ამ დირექტივების შესასრულებლად გაზპრომმა გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ 50% უნდა გამოიყენოს, დანარჩენი სიმძლავრეები მესამე მხარეს უნდა გადასცეს. ახლა კი გაზის მიმწოდებელ Nord Stream AG-ს მოუწევს, იყოს გაზსადენის დამოუკიდებელი გამტარი.

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ, კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით პანკისის ხეობაში დაკავებულ 5 პირთან დაკავშირებით ვიდეო-აუდიო მასალის ნაწილს ასაჯაროებს. როგორ ვიდეომასალიდან ირკვევა, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ, კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო აუდიო მასალის ნაწილს, საიდანაც დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას. გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს. გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. ამავე თემაზე: ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, კახეთში 5 პირი დააკავეს სუს-ი: პანკისში დაკავებული 5 მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა

რუსთავში 80 წლამდე კაცის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის გოგო დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში, 80 წლამდე კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 24 წლის გოგო, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს - 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე - რუსთავში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

30 წლის სპენსერ ელდენი, რომლის ფოტოც Nirvana-ს 1991 წლის ალბომის გარეკანზეა აღბეჭდილი, როკ-ჯგუფს უჩივის

30 წლის სპენსერ ელდენი, რომლის ბავშვობის ფოტოც ამერიკული როკ-ჯგუფის, Nirvana-ს 1991 წლის ალბომის გარეკანზეა აღბეჭდილი, სასამართლოში ჩივის, რადგან მიაჩნია, რომ ეს იყო სექსუალური ექსპლუატაცია. ამის შესახებ BBC წერს. გარეკანზე ოთხი თვის ბავშვი საცურაო აუზშია გადაღებული. ელდენი ამბობს, რომ მის მშობლებს ფოტოს გამოყენების ნებართვა არ გაუციათ. აშშ-ის კანონმდებლობით, ჩვილების არასექსუალიზებული ფოტოები ბავშვთა პორნოგრაფიად არ განიხილება, თუმცა დაცვის მხარე საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ისინი ზიანის ასანაზღაურებლად ჯგუფის თითოეული წევრისგან მინიმუმ 150,000 აშშ დოლარს (109,000 ფუნტი სტერლინგი) ითოვენ. Nirvana- ს წარმომადგენლებს ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხიათ.

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ზურაბ ზვიადაურსა და მის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა. ზვიადაურის ადვოკატების ინფორმაციით, ისინი ასაჩივრებდნენ 18 აგვისტოს სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას და ასევე საჩივართან ერთად, ადვოკატების ცნობით, მათ წარადგინეს თავდებობის სია. ადვოკატი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურთან შეხვედრას აპირებს. ისინი ისაუბრებენ, გაასაჩივრებს თუ არა მხარე გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. „სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა საჩივრის განხილვაზე. განიხილა სხვა საკითხები, რომლებიც შემხებლობაში არ იყო ჩვენს დავასთან, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ის მოქმედი კანონმდებლობით აღარ საჩივრდება. შესაძლებელია, მისი გასაჩივრება მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ზურაბთან“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ერთ პირს ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. „ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს, სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს. ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. ამავე თემაზე: ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა სამივე მათგანი პატიმრობიდან თავისუფლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში სამივე ბრალდებული - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე მათგანი დღესვე გათავისუფლდება. ტელეკომპანია ,,ფორმულა"-ს წამყვანი ვახო სანაია სამარცხვინოს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, სრულად გამართლდა. ივლისში შეეძლოთ გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელეს, იმიტომ, რომ 25 -ში 6 თვე შესრულებულიყო. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლემ სპეციალურად აქამდე მიიყვანა ჟურნალისტზე თავდასხმის, ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი, ჩვენი კოლეგის მკვლელობა. მოსამართლემ დღეს რომ გამოუშვა ეს ადამიანები, იქნება იმის მაგალითი და გადამდები სხვებისვის, რაც ამ ქვეყნაში ხდება - დაუსჯელობის სინდრომი“,- განაცხადა ვახო სანაიამ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვანში ავარიას ორსული ემსხვერპლა

ვანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ქალი ემსხვერპლა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს სოფელ ციხესულორთან შეეჯახა, რის შედეგადაც ორსული გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო - infoimereti

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, კახეთში 5 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც Europetime-ს უწყებაში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შრომის ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე პირი კი, დააჯარიმა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, კონტროლის მიუხედავად, დარღვევის ფაქტები კვლავ ფიქსირდება რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი კი, დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კიდევ ერთი საკითხი, რაც ბექა ფერაძემ გამოჰყო ტურიზმის სექტორისთვის - განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის დასაქმებულების ორკვირიანი პერიოდულობით ტესტირების ვალდებულებას ეხება. მისი განცხადებით, ინიციატივას საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს. "შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს COVID19-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. მან უსაფრთხო მასპინძლობისთვის იმუნიზაციის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: შრომის ინსპექციამ „სანსეტ ბათუმი“ დალუქა შრომის ინსპექციამ აჭარაში 10-მდე ობიექტი დალუქა, 30-მდე კი დააჯარიმა შრომის ინსპექციას ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღკვეთის უფლება მიენიჭა გლდანში ერთ-ერთი რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა, 10 000 ლარით დაჯარიმდა შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს

სამართალდამცველებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ო.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა, ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, აღნიშნული ტრასპორტის სალონში დამალული, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს. როგორც პროცესზე ზვიადაურმა აღნიშნა, თავს დამნაშავედ არ ცნობს: "თავს არ ვცნობ დამნაშავედ, მანდ რაც წერია, ასე არ იყო... დანარჩენს ადვოკატები იტყვიან", - თქვა ზვიადაურმა. ამასთან, ზურაბ ზვიადაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონები უდგებიან. ზვიადაურს თავდებში უდგებიან ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ასევე თავდებში უდგება, სასამართლოს შესთავაზა, ბრალდებული ციხის ნაცვლად პატიმრობაში მის სახლში მოათავსონ. ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ამავე თემაზე: კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა

ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, კახაბერ ცნობილაძის თქმით, ზვიადაური სროლის დროს აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა. მისივე ინფორმაციით, ზვიადაური თავდამსხმელებს არ იცნობდა და წინანდლის ტყეში ძმის დასახმარებლად ავიდა. "საერთოდ არ იცნობდა თავდამსხმელებს, მისი მოქმედება იყო დროული და მას რომ არ ემოქმედა, მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო და შეიძლება გარდაცვლილიც ყოფილიყო. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით. ", - ამბობს ადვოკატი კახაბერ ცნობილაძე. ცნობისთვის, წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურმა იმ კაცს ესროლა, რომელმაც მისი ძმის მიმართულებით გაისროლა. კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს

წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია

წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურმა იმ კაცს ესროლა, რომელმაც მისი ძმის მიმართულებით გაისროლა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს", -ნათქვამია უწყების განცხადებაში. კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს

კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს

კახეთში, სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ავტომანქანაში სამი ადამიანი ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა და მისი ორი მეგობარი. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილია კიდევ ორი პირი. ცნობილია, რომ კლინიკაში შეყვანისას სამივე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უკრაინის ქალაქის მერი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინაში, ქალაქ,კრივი რიჰის მერი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. უკრაინული პოლიცია აცხადებს, რომ 48 წლის კონსტანტინ პავლოვი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე იარაღი იპოვეს და მუშაობენ როგორც მკვლელობის ასევე თვითმკვლელობის ვერსიაზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც კრივი რიჰის მკვიდრია, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.

გერმანიიდან საქართველოში დეპორტირებულ ერთ-ერთ ოჯახს საქსონიის სასამართლომ ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა

გერმანული მედიის ინფორმაციით, საქსონიის სასამართლომ საქართველოში დეპორტირებულ ცხრასულიან ოჯახს, რომელთა დეპორტაცია ივნისში მოხდა, გერმანიაში დაბრუნების უფლება მისცა. როგორც მედიასაშუალება წერს,საქსონიის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დეპორტაცია უკანონო იყო და ოჯახის ყველა წევრს აქვს უფლება, დაბრუნდეს გერმანიაში. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მედიის ცნობით,​ ცხრასულიანი ოჯახის წევრები გერმანიაში 2013 წელს ჩავიდნენ. ხუთი ბავშვი გერმანიაში დაიბადა. ივნისში მათი საქართველოში დეპორტაცია ადგილობრივებმა და ასევე, პოლიტიკოსების ნაწილმაც გააკრიტიკეს, რადგან ოჯახი ღამით გააღვიძეს და ბავშვებთან ერთად გადაიყვანეს სადეპორტაციოდ. ოჯახის წევრების მიერ შეტანილი თავშესაფრის მიღების განაცხადი რამდენჯერმე უარყვეს, თუმცა საქსონიის სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დეპორტაცია უკანონო იყო. ამის მიზეზად სასამართლომ ის დაასახელა, რომ ბავშვები უკვე დიდი ხანია, სწავლობენ გერმანულ სკოლაში და ინტეგრირებული არიან საზოგადოებაში. გერმანიის კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში მათ ქვეყენაში დარჩენის უფლება აქვთ. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული მიზეზების გათვალისწინებით, გერმანიაში დარჩენის უფლება ასევე ექნებათ ოჯახის სხვა წევრებსაც.

PCR კვლევის ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა. "გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსმა მილიონერმა და მმართველი პარტიის წევრმა კაცის მკვლელობა აღიარა, თუმცა აცხადებს, რომ დათვის შეშინების მიზნით გაისროლა

რუსმა მილიონერმა და პოლიტიკოსმა კაცის მკვლელობა აღიარა. BBC-ის ცნობით, 55 წლის იგორ რედკინმა განაცხადა, რომ კამჩატკაზე ყოფნის დროს, სოფელში იარაღიდან გასროლით დათვის შეშინება სურდა. მოგვიანებით კი შეიტყო, რომ ადგილობრივი მკვიდრი დაიჭრა ამ ადგილას. 30 წლის კაცი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმე გასულ კვირას აღიძრა. რედკინი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი საჯარო მოხელეა. ის გამოძიებას თავად ჩაბარდა. მილიონერმა მომხდარის შემდეგ რუსეთის მმართველი პარტია დატოვა. მედიის ცნობით, გამოძიების დასრულებამდე რედკინი ორ თვეს შინაპატიმრობაში გაატარებს.

შსს-მ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ბათუმში ორი სარიტუალო დარბაზი დალუქა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი - „ერა“ და „დავითი“ დალუქეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. "ხსენებული სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.