ანალიტიკა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირი Europetime-თან: შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია არამხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ, მსოფლიოსთვის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. დევიდ მორგანი Europetime-თან ამბობს, რომ არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონი არამარტო ხსენებული რეგიონებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ, დანარჩენი მსოფლიოსთვის. დევიდ მორგანი ამ თანამდებობაზე 2022 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე ის მუშაობდა (PS, Private secretary) დიდი ბრიტანეთის ბოლოს სამ თავდაცვის მდივანთან, გევინ უილიამსონთან, პენო მორდოსთან და ბენ უოლესთან. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს ის 2007 წლიდან შეუერთდა. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. მან 16 ნოემბერს, თბილისში ისაუბრა რუსეთის მცდელობებზე, ძალის გამოყენებით შეცვალოს ევროპის საზღვრები. ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა გაიხსენა დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია, რომელმაც დაგმო რუსეთის სამხედრო შეჭრა საქართველოში, 2008 წელს, ამავდროულად, მორგანმა გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის მიმდინარე სამხედრო ყოფნის შესახებ, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. დევიდ მორგანის თქმით, გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს ხსენებულ „სეპარატისტულ რეგიონებს“.  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა „რუსეთის მიერ, დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს შავი ზღვის რეგიონში“ და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას როგორც ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის. დევიდ მორგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა, რომელიც კიევისთვის დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, რომელსაც NATO-ს საკითხებზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მადრიდის სამიტზე, საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებაც ახსენა და საქართველოს ალიანსის ერთგული პარტნიორი უწოდა. დევიდ მორგანის განცხადებით, საქართველო NATO-ს უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფოა, რომელმაც ISAF-ის მისიაში წვლილი შეიტანა. ბრიტანელი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების მიუხედავად, საქართველოს ხალხმა აირჩია გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ანაკლიის პორტი ახალი გეოპოლიტიკური ინტერესების ფოკუსშია

იმ ახალ რეალობაში, რომელიც მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შეიქმნა, ანაკლიის პორტს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და ახალი გეოპოლიტიკური ინტერესების ფოკუსშია. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის დასავლური კაპიტალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  თუ მოხდება ევროპული ან ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით, ეს ძალიან კარგი იქნება. ერთი მხრივ, ეს გაზრდის ჩვენს რეგიონულ მნიშვნელობას. მეორე მხრივ, დააახლოებს საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამერიკული კაპიტალი არის ორმაგად საინტერესო, რადგან ის არის გაცილებით სანდო, ვიდრე რუსული კაპიტალი ან აქამდე შემოსული ინვესტიციები. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური კაპიტალი გაჩნდეს, რადგან ეს კაპიტალი მოდის იმ სახელმწიფოებიდან, სადაც ბიზნესეთიკა და კანონის უზენაესობა განსხვავებულ დონეზეა, - ამბობს გობრონიძე.  მისივე თქმით, სახელმწიფომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში, რუსეთთან არსებული კონფორნტაციის ფონზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებზე რუსული კაპიტალის შემოდინება არ მოხდეს. „რუსულ კაპიტალს თან ახლავს რუსული ბიზნესეთიკა, რომელიც კორუფციული სახელმწიფოსა და ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე რუსული კაპიტალი არ უნდა იყოს მიმზიდველი. დასავლური ინვესტიციები მაღალი სტანდარტის გარდა, საქარველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვისაც საინტერესოა“, - ამბობს გობრონიძე. „ევროპული კომპანიები ანაკლიის პორტით არიან დაინტერესებულები“, - ეს განცხადება მედიასთან გასულ კვირას საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.   მანამდე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცახდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა.  „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს როგორც აშშ-დან ისევე ევროკავშირიდან. ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატიკური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობაა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით“, - განუცხადა Europetime-ს ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტი არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში - ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. „ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას ვიღებთ“, - ამბობს დემურ გიორხელიძე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, ხელშეკრულების გაწყვეტიდან, თითქმის ორი წლის შემდეგ, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს სახელმწიფო ააშენებს. რა მოცულობის კაპიტალს დააბანდებს სახელმწიფო ამ პროექტში, არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტში „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის“ 2 მილიონ 850 ათასი ლარია გამოყოფილი. 2021 წლის ფაქტით ამ პროგრამაზე მილიონ 288 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო 2020 წელს-703 ათას ლარზე მეტი. „ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს. „მსოფლიოში არის პრეცედენტები, როცა პორტებს სახელმწიფო ფლობს. მაგალითად, ყაზახეთის აქტაუს პორტი, მაჰაჩყალის პორტი, თურქმენბაშის პორტი და ბაქოს პორტი სახელმწიფო საკუთრებაა“, - ამბობს Europetime-თან ინტერვიუში „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი. მისი თქმით, თუ სახელმწიფოს სურვილი ექნება, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი აღნიშნავს, რომ არის სხვა მოდელებიც, როცა სახელმწიფო, პორტებში მხოლოდ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს ფლობს, ხოლო დანარჩენ ოპერაციებს კერძო სექტორი ასრულებს. „მაგალითისთვის გამოდგება ამსტერდამისა და როტერდამის პორტები, სადაც ჰიდროტექნიკური შენობები, ქალაქის მერიის საკუთრებაა“. „მსხვილი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლი, იქიდან გამომდინარე, რომ  მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კონკურენტული გარემო და ამა თუ იმ სექტორის კონკურენტუნარიანობას ხელი შეეწყოს გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი და  ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისივე თქმით, ესაა მთავრობის მკაფიო ხედვაა, რომელსაც უცხოელი პარტნიორები და  საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იზიარებენ, რადგან „კონკრეტული ფლაგმანი პროექტები ცალკე განხილვის საგანია“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტში 49%-ის მფლობელი კერძო სექტორი იქნება. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობა კაპიტალის მოზიდვის საკითხს ოპტიმისტურად უყურებს. „საარბიტრაჟო დავა რომელიც მიმდინარეობს, არ ეხება პროექტს, ეს არის სახელმწიფოსთან დავა, შესაბამისად, ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეულები არიან. შესაბამისად, ჩვენ არ დაველოდებით გადაწყვეტილებებს და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ“, - აცხადებს დავითაშვილი. ლევან დავითაშვილის თქმით, პორტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. ანაკლიის პორტი - შუა დერეფანი და „ერთი სარტყელი ერთი გზა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ახალ რეალობაში ევროკავშირის ფოკუსშია და გარკვეულწილად, მისი სიმძლავრეების განვითარება, საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის შექმნაზეა დამოკიდებული, (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. ამ დერეფნის გაძლიერებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ანაკლიის პორტს, რადგან გაზრდილი ტვირთნაკადის პირობებში, რომელიც შუა დერეფანში ფორმირდება, ბათუმისა და ფოთის პორტების სიმძლავრე არ ჰყოფნის. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გაძლიერებისთვის, ამ მიმართულების ერთ-ერთი მოთამაშე ყაზახეთი ინვესტორებს ეძებს.  ხოლო თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. პროცესში ჩართულია საქართველოც. „ბაქო-თბლისი-ჯეიჰანის“ მილსადენით, ყაზახური ნავთობის გადაზიდვა უკვე დაიწყო.   ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის ზაფხულში, ჩინეთმა რუსეთში თავისი გლობალური პროექტის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა. მანამდე რუსეთი „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყო. 2021 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ პროექტის ფარგლებში $2 მილიარდის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა. ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის. ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის სახელითაა ცნობილი. „რათა ამ ვითარებაში გადარჩეს „ერთი სარტყელი ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში ჩინეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ახალ რეალობასთან უნდა ადაპტირდეს“, - ამის შესახებ რუმინეთის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა ბრინზამ განაცხადა, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს სწავლობს. შუა დერეფანთან მიმართებით, ინტერსებზე მედიასთან კომენტარი საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმაც გააკეთა. მისი თქმით, შუა დერეფნის კონცეფცია, ჩინეთის მიერ ინიცირებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას სრულად შეესაბამება. „ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ვითანამშრომლოთ შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში“, - ამბობს ჭოუ ციენი.   საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან ამბობს, რომ საქართველოსთვის ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა საინტერესოა და რუსეთთან შედარებით, ანალოგიურ რისკებს არ შეიცავს. „ბუნებრივია, რეგიონული ინტერესებიდან გამომდინარე სახეზეა კონკურენცია. საქართველო ვერ იქნება ვერც რუსული და ვერც სხვა ინტერესების გამტარებელი. როცა ჩვენს რომელიმე სტრატეგიულ პარტნიორს თუ არ სიამოვნებს რეგიონში ჩინეთის ინტერესები, ალტერნატივა უნდა შემოგვთავაზოს“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.  ანაკლიის პორტი - პრეისტორია ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წლის 24 დეკემბერს მაშინდელმა  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნეს. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 2018 წელს დატოვა. 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ, (ამ დროს პრემიერი გიორგი გახარიაა) განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტდა. ცნობილია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა. კონსორციუმის შემადგენლობაში შედიოდა Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას ამ დროისთვისაც აწარმოებენ. 2022 წლის აგვისტოში, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ გამარტივებული შესყიდვის გზით 1 მილიონ ლარს „ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებაში“ დახარჯავს. მანამდე, კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალ ტენდერს გამოაცხადებს. შავი ზღვის აკვატორიაში ღრმაწყლოვანი პორტები აქვს რუმინეთს (კონსტანცას პორტი), ბულგარეთს (ბურგასი), უკრაინას (ოდესის პორტი, ილიჩევსკი და იუჟნი), თურქეთის (ერდერიმი და რიზე), ხოლო რუსეთს (ტუაფე და ნოვორასიისკი) და ტამანის პორტი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პორტი აფხაზეთის საზღვართან მდებარე ანაკლიაში, 400 ჰექტარ ფართობზე უნდა აშენებულიყო. ეს პორტი მოემსახურებოდა ყველაზე დიდ, პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას, ექსპერტები სამ მიმართულებას ასახელებენ - ესაა  ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა. 

პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი იმედოვნებს, რომ დასავლური კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციის განხორციელებას სწრაფად დაიწყებენ. მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს დაეხმარება განვითარებაში. ამ პორტის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ რუსეთის გვერდის ავლით მოქმედი აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელის ძირითადი ნაწილი გახდეს, რაც მხოლოდ მისასალმებელია. იმედი მაქვს, რომ დასავლური კომპანიები პროექტში ინვესტიციებს სწრაფად განახორციელებენ.   ანალიტიკოსის შეფასებით, პროექტი თავის წვლილს შეიტანს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თუმცა ეს ვერ იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუ რატომ, პოლ გობლი ასეთ განმარტებას გვთავაზობს. „სამწუხაროდ, პორტების დაბლოკვა საკმაოდ მარტივად შეიძლება“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი. პოლ გობლი, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში კი ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას. „ანაკლიის პროექტის ჩაშლა, შეიძლება, არ იყო რუსეთის უმაღლესი პრიორიტეტი, მაგრამ აშკარად მისი დღის წესრიგის ნაწილი იყო. კანონის უზენაესობა გადამწყვეტია დასავლური ინვესტიციებისთვის. დასავლეთის წარმომადგენლებს არსად სურთ ინვესტირება, თუ ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ სასამართლო დაიცავს მათ და თავისი საქმიანობის წარმოების საშუალებას მისცემს. ამრიგად, სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პოლ გობლი Europetime-თან. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, სენატორმა რობ პორტმანმა, საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რობ პორტმანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, წახალისდეს უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში. სენატორი იმედოვნებს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ განახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აცხადებდა სენატორი რობ პორტმანი Europetime-თან კომენტარში. ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ცნობისათვის, რობ პორტმანი ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით.  ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - განუცხადა ელჩმა მედიას 28 ნოემბერს. 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.

უილიამ კორტნი: აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში

Europetime-თან ინტერვიუში, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი საუბრობს შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით აშშ-ის სტრატეგიაზე, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომსა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე. უნდა შევხედოთ თუ არა უკრაინის ომს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. იმ ფონზე, როდესაც აშშ ორიენტირებულია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზე ამ ომში, ეს დიდწილად განსაზღვრავს თუ არა იმას, თუ როგორ იფიქრებს აშშ შავი ზღვის სტრატეგიაზე? - ამ საკითხის განხილვისას, ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ შეერთებული შტატების სტრატეგია უნიკალურ გარემოემებზეა დაფუძნებული. უპირველესად, აშშ-ის სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას დაეხმაროს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვებაში, ძირითადად, ქვეყნის გარშემო არსებულ უნიკალურ გარემოებებზეა ორიენტირებული. მაგალითად, მოგეხსენებათ, პირველ რიგში, ეს არის სახმელეთო ომი; საზღვაო ბრძოლები ნაკლებად არის ცენტრალურ ეტაპზე. ამავდროულად, აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში. მაგალითად, რუსეთმა რომ გაიმარჯვოს, ის შეიძლება, უფრო აგრესიული გახდეს სხვაგანაც რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც. უილიამ კორტნის შეფასებით, ბრძოლის ველზე ახლა უკრაინას აქვს იმპულსი. „რთული სათქმელია, სად ჩანს ის ეტაპი, როდესაც რუსეთი უკრაინაზე შეტევას ვეღარ შეძლებს. ამის პროგნოზირება მიჭირს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ აშკარად ჩანს, უკრაინას აქვს ახლა ბრძოლის ველზე იმპულსი. ომი შეიძლება, დასრულდეს ბრძოლის ველზე ან მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. რაც შეეხება საქართველოს საკითხს და შეერთებული შტატების მხარდაჭერას, ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, სამი ათეული წელია, რაც აშშ ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და ამ დროის განმავლობაში უზარმაზარი ნაბიჯები გადაიდგა. უილიამ კორტნის შეფასებით, ვაშინგტონი ხედავს საქართველოს მომავალში ინვესტირების ძლიერ პოზიტიურ შედეგებს. ასევე გაეცანით Europetime-ს ინტერვიუს უილიამ კორტნისთან შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ NATO გაზრდის თავის ყოფნას „შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე“. მისივე განმარტებით, შავი ზღვის რეგიონს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბლინკენმა შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად NATO-სთვის, რეგიონში გვყავს სამი მოკავშირე, რომლებიც, ამავდროულად, NATO-ს წევრი სახელმწიფოები არიან და ასევე, გვყავს ახლო პარტნიორები, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო. რუსულმა მხარემ შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი „საომარ ზონად“ დაჰყო. ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს. გაეროსა და თურქეთის დამსახურებით, შავი ზღვის კორიდორში მიმოსვლა შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, რუმინეთს კრიტიკული როლი ჰქონდა. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს წარმომადგენლობას შავიდან ბალტიის ზღვამდე და ამ ძალისხმევით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია“, - განაცხადა ბლინკენმა და რუმინეთს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი უწოდა.  „უკრაინის კრიზისს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში უნდა შევხედოთ. რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჰიბრიდული ომი რუსეთის კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხია და დემოკრატიულმა სამყარომ უსაფრთხოების გამოწვევის გადასაჭრელად ერთობლივად უნდა იმუშაოს. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯოზეფ ბილბოს თქმით, შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ხედავს. ჯოზეფ ბილბოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. მან ჩამოთვალა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლების საკითხები და ხაზი გაუსვა საეთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, დამატებითი ასპექტია ეკონომიკური განვითარების წინ წასაწევად. მისივე თქმით, ინფორმაციის გაზიარება და ის გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს. „ომმა უკრაინაში მხოლოდ გვაჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. კარენ დონფრიდი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.

რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც 2017 წელს ოფიციალურად გაიხსნა და დღემდე სატესტო რეჟიმშია, დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს  მონაკვეთის გაფართოების მიზნით, დამატებითი ინვესტიციის სახით, აზერბაიჯანი $100 მილიონს გაიღებს. „დღეს მსოფლიოში შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა“, - განაცხადა ალიევმა. მანამდე, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათზე“ გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე“ სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, კი ამ პროექტის პარტნიორები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს სრულად ვერ იყენებენ. რა სატრანზიტო შესაძლებლობები აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, როდის დასრულდება სატესტო რეჟიმი და რა მოლოდინები აქვთ ბაქოს, თბილისსა და ანკარას Europetime-თან საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამართული ფუნქციონირება დღეს, ყველაზე მეტად აზერბაიჯანის ინტერესშია. „ილჰამ ალიევმა ბოლო წლებში, ინფრასტრუქტურაში, თითქმის $3 მილიარდის ინვესტირება მოახდინა. ამ პროექტებიდან მნიშვნელოვანია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა, ყულევის ნავსადგური ... მაგალითად, ყულევი 20%-იანი დატვირთვით მუშაობს, ანალოგიური დატვრთვით ფუნქციონირებს „ბაქო-თბილისი-ყარსი“, - ამბობს ცაგარეიშვილი. მისი თქმით, აზერბაიჯანს ახალ რეალობაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შეიქმნა, შორს მიმავალი მიზნები აქვს და ცდილობს, ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობა უზრუნველყოს. „ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის რკინიგზის კაპიტალური რემონტი ჩაატარა. ამ პროექტზე EBRD-ის თანხა დაიხარჯა. ასევე განახორციელა პორტისა და ლოგისტიკური ცენტრების მოდერნიზება.  ალიევს სურს განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, ფინანსური მოგება მიიღოს. აზერბაიჯანი ცდილობს „ბაქო-თბილსი-ყარსის“ რკინიგზის საქართველოს ნაწილის დასასრულებლად ჩადოს ინვესტიციები, რათა თავისი ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად  გამოიყენოს, რადგან საქართველოს მხარეს თუ „ვიწრო ყელი“ შეიქმნა და ტვირთნაკადი ვერ გაატარა, ამ შემთხვევაში მისი ინფრასტრუქტურის უკუგება დაბალი იქნება“, - ამბობს ცაგარეიშვილი. მისივე თქმით, ალიევის განცხადება, ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე $100 მილიონის ინვესტირების შესახებ, ტვირთნაკადის გაზრდას ემსახურება. „შესაძლოა, ეს $100 მილიონი საჭიროა იმისთვის, რომ ყარსის რკინიგზა ამოუწურავია თავის ხელოვნური ნაგებობებით. ბუნებრივია დამატებით ინვესტირებას მოითხოვს, რადგან თოვლისა და ნამქერის შემთხვევაში 5 თვის განმავლობაში ეს ხაზი გაჩერებულია. ბაქო დაინტერესებულია, რომ ამ მიმართულებით დამატებითი ტვირთები წამოვიდეს“. რაც შეეხება „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მიერ გატარებულ ტვირთნაკადს, აზერბაიჯანის რკინიგზის სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე როვშან რუსტამოვის განცხადებით, სარკინიგზო ხაზით, მიმდინარე წელს დაახლოებით 540 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 26,1%-ით მეტია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 428 ათასი ტონა იყო. „850 კილომეტრიანი გზა უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. მათ შორის ევროპულ სივრცეზე წვდომის ჩათვლით დღეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს დასავლეთის მარშრუტზე“, - განაცხადა როვშან რუსტამოვმა. საქართველოს რკინიგზის დირექტორი დავით ფერაძე BM,ge-სთან აცხადებს, რომ  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წელს 0.8-0.9 მილიონ ტონას, სატესტო რეჟიმიდან გამოსვლის პირველივე წელს 5-6 მილიონ ტონა ტვირთებს გაატარებს. „ბოლო 4-5 წელია რაც სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს ამ მონაკვეთის ექსპლუატაცია. დღესდღეობით ამ ხაზზე ვატარებთ მხოლოდ საკონტეინერო გზავნილებს და მშრალ ტვირთებს. უკვე ავედით დაახლოებით 0.8-0.9 მილიონ ტონაზე და გაშვებისთანავე ველოდებით 5-6 მილიონი ტონის ნაკადს. ამ პროექტს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე და აზერბაიჯანული კომპანია და როგორც გვაქვს ინფორმაცია, წლის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული ეს პროექტი,”- განაცხადა დავით ფერაძემ. Europetime-თან საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ დღეს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის პოტენციალი სრულად არაა ათვისებული და ტვირთნაკადის მოცულობა, შესაძლებლობებთან შედარებით დაბალია. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წელს გაიხსნა და თითქმის 5 წელია სატესტო რეჟიმშია. აქ არის კითხვა - სახელმწიფო ზედამხედველობა რაში გამოიხატება? სატესტო რეჟიმი ნიშნავს, რომ რკინიგზა თავისი გამტარუნარიანობით ვერ ფუნქციონირებს, ვერ ითვისებს ან შეზღუდულად ითვისებს ტვირთების იმ ნაკადს, რომლის გატარებაც მოსალოდნელია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარეს რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა მალე დასრულდეს და ურიკების შემცვლელი სადგური ექსპლუატაციაში შევიდეს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. მისივე თქმით, დღეს „ბაქო-თბილისი-ყარსის“  რკინიგზით ძირითადად ყაზახური საკონტეინერო ტვირთები მოძრაობს, რომელიც თურქეთის მიმართულებით გადაიზიდება. „საკონტეინერო ტვირთი კარგია, ძვირადღირებულია, მაგრამ უმნიშვნელოა გადაზიდვებში. დღეს 10-15% -ით არის დატვირთული ეს რკინიგზა. სატესტო რეჟიმის გაწელვა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. მხოლოდ აზერბაიჯანული და ყაზახური ტვირთები ამ რკინიგზის მომგებიანობას ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ნაყარი, მშრალი და ქიმიური ტვირთების მოზიდვა რაც მოგებას ზრდის. ყაზახეთი კი ძირითადად საკონტეინერო ტვირთებზეა ორიენტირებული“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი. აქტაუს მინისტერიალი და მოლოდინები ყაზახეთში, აქტაუში 25 ნოემბერს მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის  ეკონომიკის მინისტრები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ტრანსკასპიური დერეფნის გამტარუნარიანობა იყო, რომლის ერთ-ერთ ნაწილს „რკინის აბრეშუმის გზა“ „ბაქო-თბილსი-ყარსის“ რკინიგზა შეადგენს. „მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს, კერძოდ, საუბარია დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმაზე 2022 – 2027 წლებისათვის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მხარეებმა, თავის მხრივ, დააფიქსირეს მზადყოფნა, ერთობლივად მიიღონ ზომები შუა დერეფნის ეფექტურობის და მიმზიდველობის გაზრდისათვის“. ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი, ამბობს, რომ აქტაუს მინისტერიალი შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდისა და გააქტიურების მიზნით, საკმაოდ მნიშვნელოვანია. „აქტაუში, ოთხი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაზე სწორი აქცენტები გაკეთდა. მათ განაცხადეს, რომ შუა დერეფნის გასააქტიურებლად იქ უნდა ჩაიდოს თანხა, რა მიმართულებითაც ყველას უჭირს. შემდეგი თემა იქნება სატრანსპორტო დერეფნის მართვის საკითხი. აქ საკვანძოა ინვესტიციები, მართვა  და ტარიფების ერთობლივად დადგენა. ევროპაში ამ საკითხების შეთანხმების საფუძველზე, დერეფნები უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს. აქტაუს შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის შემთხვევაშიც ეს მომენტიც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა. „რკინის აბრეშუმის გზა“ იგივე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, და საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).  

ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს

რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრო საგარუკმა 24 ნოემბრის საღამოს განაცხადა, ელექტროენერგია აღდგენილია ქალაქის მცხოვრებთა დაახლოებით 30%-სთვის. კიევის მერმა 24 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა.  რუსეთის შეტევა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, ომის ახალი ეტაპის ორი ასპექტიდან, ერთ-ერთია, - მიიჩნევს უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი Europetime-თან ამბობს, რომ მეორე ასპექტი უკრაინის მიმდინარე წარმატებაა. „უკრაინას სირთულეები შეექმნება რუსეთის თავდასხმებთან გამკლავების თვალსაზრისით, მაგრამ ახლა კიევი უფრო მეტ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას იღებს დასავლეთისგან, რომ შეძლოს ასეთ შეტევასთან გამკლავება. ეს თავდასხმები ვერ აჩერებს უკრაინის კონტრშეტევას. დასავლეთი სწორი მიმართულებით მუშაობს, როცა მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაგზავნას აპირებს, მაგრამ ის მაინც ძალიან ნელი ტემპით უგზავნის უკრაინას იმ იარაღს, რომელიც მას კონტრშეტევის შედეგების და წარმატების დასაჩქარებლად სჭირდება“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ჯონ ჰერბსტი უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპზე ამახვილებს ყურადღებას და მის უპირატესობაზე საუბრობს. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავს ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ჯონ ჰერბსტის შეფასებით, კიევზე თავდასხმით, პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა. ჯონ ჰერბსტი: აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება შეგახსენებთ, The Wall Street journal-მა სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა აშშ-სა და მოკავშირეებს დამატებით შეიარაღებას სთხოვს რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი კონტრშეტევისთვის. ამერიკული მედიის ცნობით, უკრაინულმა მხარემ ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა იმ შეიარაღების სია, რომელსაც კიევი აშშ-ისგან ითხოვდა. მათ შორის იყო ტაქტიკური სარაკეტო სისტემები ATACMS-ი. გამოცემა მაშინ წერდა, რომ იმ დრომდე, ვაშინგტონმა უარი განაცხადა უკრაინისთვის ხსენებული შეიარაღების მიწოდებაზე და ამის მიზეზად რუსეთის პროვოცირების რისკს ასახელებდა. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. ასევე შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

შენი ბრძოლა

შენი ბრძოლა „სიცოცხლე იმად არა ღირს, რომ მისი გულისთვის სიკვდილის შიშს მონად გაუხდე“ © ჯემალ ქარჩხაძე, „ანტონიო და დავითი“   ვიცი, ვინც ხარ. როგორც უნდა დამალო შენი ნამდვილი სახე, მაინც გიცნობ. არ ვიცი, კონკრეტულად რა გქვია, მაგრამ არც აქვს მნიშვნელობა. არც ასაკს აქვს მნიშვნელობა, არც გვარსა და ეროვნებას. მთავარი ისაა, რომ ხარ, მაგრამ ჯერ არ არსებობ. არსებობა ფუფუნებაა - მარტო ისინი ვარსებობთ, ვისაც საკუთარი საზღვრების მოხაზვა და მათი დაცვა შეგვიძლია. შენც შეგიძლია, მაგრამ ჯერ არ იცი, რომ შეგიძლია. იმისთვის, რომ არსებობა დაიწყო, ჯერ საკუთარი თავი უნდა შვა - უნდა დაიბადო. დაბადებისთვის კი ძალიან, ძალიან, ძალიან მძიმე ბრძოლაა საჭირო. ნუ გგონია, რომ შენი დაბადებისთვის მაინცდამაინც „უცხოტომელების“ დამარცხებაა აუცილებელი. ცდები, თუ ფიქრობ, რომ შენს დაბადებას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სჭირდება. ტერიტორიებიც იმიტომაა ოკუპირებული და სხვა, ჯერჯერობით არაოკუპირებულ მიწებსაც იმიტომ გაჭრიან ლუკმა-ლუკმა, რომ შენ არ არსებობ. რომ დაიბადო და არსებობა დაიწყო, მამაშენი უნდა დაამარცხო. ჰო, არ მოგეჩვენა - მამაშენი უნდა დაამარცხო. მამაშენი, რომელმაც გითხრა, რომ შენი კაცობა და ოჯახის ღირსება შენი ოჯახის წევრი ქალების სექსზე გადის. როცა ურტყამ შვილს, რომელიც ვერ დაიცავი და რომელიც შენგან დახმარებას ელოდება, ამ დროს არ არსებობ - ეს მამაშენი მოქმედებს შენი სხეულით. უნდა დაამარცხო მამაშენი, რომელმაც გითხრა, რომ კაცობას განათლება არ სჭირდება და რომ ქუჩა აკადემიაა. შესაძლოა, მამაშენი არც იყო - დედაც შეიძლება, ყოფილიყო, რომელმაც გითხრა, რომ ქალს არ უხდება სხვა სამსახური, გარდა მასწავლებლობისა. ან შენი ბიძაშვილი, რომელმაც გითხრა, რომ ქალს სიტყვა არ უნდა გაატანინო და თუ ძალიან გეჯიუტება, უნდა სცემო, დაასახიჩრო, მოკლა კიდეც. ან შენი უბნის ბირჟავიკი - ბევრ ფულს რომ შოულობდა რუსეთში, ახლა რომ შენთან ერთად დგას ბირჟაზე და გაუთავებლად ჭორაობს შენი უბნის ქალებზე. ან შენი სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო - წიგნი რომ გოიმობა ეგონა და მარად დაძაბული, მარად შავსათვალიანი, მუხლებში ჩაღუნული ტიპები მოსწონდა. ან შენი მოძღვარი, რომელმაც გითხრა, რომ ქმარი თავია ოჯახისა და ცოლს მორჩილება ევალება. ან პაპაშენი, რომელმაც გითხრა, რომ სტალინი მაგარი კაცი იყო. ან ბიძაშენი, რომელმაც გითხრა, რომ მჟავანაძე მაგარი კაცი იყო. ან შენი მასწავლებელი, რომელმაც გითხრა, რომ ჰიტლერი იყო კარგი, იმიტომ, რომ სტალინს ებრძოდა. ან შენი მეზობელი, რომელიც გეუბნება, რომ ლუკაშენკო მაგარი კაცია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო - ყველა მათგანის დამარცხება მოგიწევს. ყველა მათგანმა, ზომბი-ვირუსის მსგავსად, თავისი იდეოლოგიის ნაწილი ჩათესა შენში, შენი პიროვნება გააქრო და მისი ადგილი თავად დაიკავა. ვიცი, რომ ძალიან პატარა იყავი, მარტო დარჩენის, ყველასგან გარიყვის შეგეშინდა, მათი გულის მოგება გინდოდა, ამიტომ პირდაპირ, გაუაზრებლად გადაყლაპე ყველაფერი, რასაც გეუბნებოდნენ და ამიტომ შეუერთდი უსახურ, ნაცრისფერ მასას. ახლა ეს ყველა ნაგავი, რაც გადაყლაპე, შენი აზრები, ფიქრები, შიშები და სირცხვილები გგონია. ამიტომ არ არსებობ. შვილი ხარ, ქმარი, მეზობელი, ნათესავი, გადასახადების გადამხდელი, ამომრჩეველი და მრევლი. შენ - შენ არ ხარ, ანუ არ არსებობ. თუ გინდა, რომ დაიბადო (და ვიცი, რომ გინდა), უნდა განიწმინდო მაგ ინფორმაციისგან. ვიცი, რომ ისევ გეშინია მარტოობის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი მეგობარი გეყოლება, თუ არ არსებობ? უნდა დაამხო შენში ყველა კერპი და ავტორიტეტი, ვინც შენზე გავლენას ახდენდა და ახდენს. უნდა „მოკლა“ შენში მამაშენი. ზევსი ხო გაგიგია? ბერძნების მთავარი ღმერთი, ელვებს რომ ირტყმევინებოდა. ეგეც მაგის შემდეგ გახდა ღმერთი, რაც მამამისი დაამარცხა. უნდა იცოდე, სად მთავრდება „საზოგადოება“ და სად იწყები შენ. ესაა ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელიც უნდა გადაიხადო, რომ არსებობა დაიწყო. დღეს ეგ ბრძოლაა შენი დიდგორი, შენი შამქორი და შენი ბასიანი ვიცი, რომ გამოგივა.                                                                                                P. S. იცი, საიდან ვიცი შენს შესახებ ამდენი რამე? შენ - ეს მე ვარ, ოღონდ ადრე. ამიტომ მჯერა შენი და ვიცი, რომ შეძლებ. სხვანაირად უბრალოდ გაქრები, თითქოს არც ყოფილხარ, და მორჩა.

EBRD-ი რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტისთვის ალტერნატივას ეძებს. რომელი დერეფნი გახდება ევროპული კაპიტალის სამიზნე

EBRD-ი ალტერნატივას ეძებს „ახალი აბრეშუმის გზის" ჩრდილოეთის მარშრუტისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციაზე გადის. რუსეთის ფედერაციის გავლით ჩრდილოეთის სარკინიგზო მარშრუტის ოპტიმალური ალტერნატივების დადგენის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ცენტრალურ აზიის ქვეყნებსა და ევროპის TEN-T ქსელს (ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი) შორის, საუკეთესო შესაძლო კავშირებს იკვლევს.  EBRD-ის კვლევა ევროკომისიის დაფინანსებით 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. კვლევის შუალედური დასკვნა უკვე გამოქვეყნდა.  Europetime-თან  ინტერვიუში, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროკავშირისთვის, რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება მნიშვნელოვანია. „ომში ჩართულობის მიუხედავად, რუსეთი პოზიციებს არ თმობს და ცდილობს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებას. რუსეთის მიზანია, ამ სივრცეში მთელი ლოგისტიკური სისტემის შეცვლა და ინვესტიციების მოზიდვა. მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია სანქტ-პეტერბურგის პორტი, პირდაპირ დაუკავშირდეს მუმბაის პორტს. რამდენიმე საცდელი გადაზიდვა რუსეთმა უკვე  გააკეთა. თუმცა რამდენიმე ადგილზე არ აქვს მაკავშირებელი რგოლი და ცდილობს მათ შევსებასა და გააქტიურებას“, - ამბობს გოჩავა. მისივე თქმით, ევროპა ხედავს, რომ რუსეთი ამ სივრცეში ყოფნას აძლიერებს. ამიტომ  ცდილობს შეისწავლოს, რომელი განშტოება და მიმართულება იქნება მისთვის ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილი. „აქ მთავარი ღერძია კასპიის ზღვა და მისი დასავლეთის განშტოება - აზერბაიჯანის მარშრუტი. ასევე საინტერესოა კასპიის ზღვით კავშირი მაჰაჩყალის პორტთან და შემდეგ ტვირთების პირდაპირი ტრანზიტი ირანთან. თუმცა, აქ ყველაზე უფრო პერსპექტიულია შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის. 2023 წლის ზაფხულისთვის უნდა მომზადდეს EBRD-ის დასკვნა, რომელიც უპასუხებს კითხვას, თუ რომელი მიმართულებაა ევროკავშირისთვის ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი“, - აღნიშნავს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი. რას გულისხმობს EBRD-ის შუალედური დასკვნა RailFreight-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შუალედურ დასკვნაში EBRD-ი ხაზს უსვამს უზარმაზარ განსხვავებას ე.წ. რუსულ მარშრუტსა და შუა დერეფანს შორის, რომელიც ჯერჯერობით საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნევა კომპანიებისთვის, რომლებიც რუსულ ტრანზიტს თავს არიდებენ. საგულისხმოა, რომ 2021 წელს რუსეთის მარშრუტზე 1,5 მილიონი TEU (კონტეინერი) ტრანსპორტირდა. EBRD-ის მონაცემებით, 2022 წლისთვის შუა დერეფანი მაქსიმუმ 80,000 TEU-ს მიაღწევს, რაც ახლოსაა მის მაქსიმალურ სიმძლავრესთან, რომელიც დაახლოებით 100,000-120,000 TEU. EBRD-ის შეფასებით, ინვესტიციები შუა დერეფანში დაახლოებით 3,5 მილიარდ ევროს უნდა შეადგენდეს და მისი წარმატება ძირითადად მარშრუტის გასწვრივ მყოფი ქვეყნების თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. იმავდროულად, EBRD ევროკავშირის ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად, ყველაზე სიცოცხლისუნარიან მარშრუტად, შუა დერეფნის გავლით ტრანზიტს განიხილავს. ამ მარშრუტს სათანადო განვითარება არ აქვს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უზბეკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი. ის ფაქტი, რომ ეს ქვეყნები უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს აწყდებიან, ართულებს იმის დადგენას, თუ როდის გახდებიან ისინი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი კარიბჭეები. EBRD-ის მიმდინარე კვლევის საინტერესო ასპექტია ისიც, რომ ფოკუსირებულია არა მხოლოდ ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, არამედ პროექტის შესაძლო განვითარებაზე სხვა ქვეყნებში, როგორიცაა თურქმენეთი და ირანი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული სურვილი, ამ ქვეყნებში გამოიკვლიოს და განავითაროს შესაბამისი მარშრუტები, შესაძლოა, რუსეთის ჩარევის დაბალანსების მცდელობად შეფასდეს. სანქციების შემდეგ, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციამ დაამყარა მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან. ამავდროულად, ის დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში (INSTC) და მისი მარშრუტების ვარიანტებში, როგორიცაა ტვირთების გადაზიდვა აზერბაიჯანის, კასპიის ზღვის, ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით ირანში და საბოლოოდ ტრანზიტი ინდოეთში. რუსეთის ფედერაციისთვს რომ მნიშვნელოვანია ეს მარშრუტი, ამას რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ანდრეი ბელოუსოვის კომენტარიც ადასტურებს: „რატომ არის მნიშვნელოვანი დერეფანი „ჩრდილოეთი - სამხრეთი?“ - იმიტომ, რომ ის კვეთს მთელ რიგ სატრანსპორტო დერეფნებს ღერძზე „ჩრდილოეთი - სამხრეთი“, მათ შორის მათ, ვინც გვერდს უვლიან რუსეთს. ამიტომ, ეს დერეფანი პერსპეტივაში, მთელი რიგი ტვირთნაკადების იქითკენ გადართვის საშუალებს იძლევა“, - ამბობს ბელოუსოვი.  შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვის დინამიკა იზრდება 2022 წლის ოქტომბერში საქართველომ, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებას მეორედ უმასპინძლა. თბილისში,  ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ. > ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო შეხვედრაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ხოლო ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. „ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას“, – განაცხადა დავითაშვილმა. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდაზე წერს აზერბაიჯანული მედია.  2022 წლის 8 თვეში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე 1,3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 2,5-ჯერ მეტია. მედია წერს, რომ ამ დროისთვის არსებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე შუა დერეფანს 6 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია. Europetime-თან პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, „შუა დერეფნის“ წარმატება დამოკიდებული იქნება მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, ყაზახეთზე, რომელიც ტვირთების ტრანზიტის დივერსიფიცირების გადაწყვეტილების შემდეგ, ტრანსკასპიური დერეფნის მსხვილი მოთამაშე ხდება. „ყაზახეთმა უნდა მოახდინოს ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა და რეგულარული და საიმედო სატვირთო გადაზიდვების გრაფიკის შემუშავება. თუ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი გადაზიდვების ალტერნატივა, წინასწარგანჭვრეტადი და საიმედო გარემო პროცესებში ჩართული ყველა მხარისთვის ყაზახეთმა უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს გოჩავა. მისივე თქმით, „შუა დერეფნის“ წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ტარიფებისა და გადაზიდვის სისწრაფე და საბაჟო პუნქტების გამართული მუშაობა. უკვე ცნობილია, რომ 25 ნოემბერს, ქალაქ აქტაუში, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე საქართველოს აზერბაიჯანის, თურქეთისა და, ყაზახეთის მონაწილეობით, მინისტერიალი იმართება. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდეს. შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ აფასებს პარტნიორებს, რომლებიც იკვლევენ ყველა გზას უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად

აშშ მადლიერია და კარგად ესმის პარტნიორებისა ევროკავშირში, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად სხვადასხვა ნაბიჯს დგამენ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან გააკეთა. „შეერთებული შტატები აფასებს პარტნიორებს ევროკავშირში, რომლებიც იკვლევენ ყველა გზას უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით მკაფიო რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს მოსკოვის ზრახვებს, უკანონოდ მიითვისოს უკრაინის ტერიტორიები. ნებისმიერი ასეთი ტერიტორია, უკრაინის შემადგენლობაში და მის განუყოფელ ნაწილებად რჩება“, - განაგრძო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული დოკუმენტები. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება უკრაინას, დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. კრემლმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია. შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის მხარდასაჭერად არიან გაერთიანებულნი. მათი პასუხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანია. საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ეს არის გადამწყვეტი მომენტი როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი მომავლისთვის, რადგან თუ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, უკრაინაში მიაღწიოს მიზანს, ის თავისი იმპერიული ზრახვების განხორციელებას სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ეცდება. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.

თორნიკე შარაშენიძე: ფაქტია, რომ ჩინეთი და აშშ უძლიერესი სახელმწიფოები არიან, რუსეთი მხოლოდ მესამეა

მსოფლიოს სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ ორი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი ხვდებოდეს ერთმანეთს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ჩინეთის და აშშ-ის ლიდერების შეხვედრას Europetime-თან აფასებს. ანალიტიკოსი, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, პეკინის უფრო მკვეთრი პოზიციის გამოხატვას იმ შემთხვევაში ელის, თუ დაინახავს, რომ რუსეთი „შეუქცევადად სუსტდება“. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ერთია, რას ამბობს, სი ძინპინი საჯაროდ, აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ და მეორეა, რას ეუბნება რუსებს, არასაჯაროდ, დახურულ კარს მიღმა. ეს მართლაც საინტერესოა. ფაქტია, რომ ეს ორი სახელმწიფო (ჩინეთი და აშშ, რედ.) უძლიერესია მსოფლიოში. რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მესამეა. ეს ცხადია. ჩინეთი მოვლენათა განვითარებას ელოდება უკრაინაში. თუ დაინახა, რომ რუსეთი შეუქცევადად სუსტდება და დამარცხებისკენ მიდის, რა თქმა უნდა, მაშინ გადაიხრება დასავლეთთან უფრო მეტად თანამშრომლობისთვის. ამ მხრივ, სი ძინპინის განცხადებები ინდიკატორია, თუ როგორ უყურებს ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. თუ რუსეთის საქმე გაუარესდა მათი აზრით, რა თქმა უნდა, განცხადებები იქნება უფრო შემრიგებლური დასავლეთთან მიმართებით, თუ არა - შეგვიძლია, ვისმჯელოთ მათი განცხადებების ტონით“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. რით აიხსნება ის, რომ ჩინეთი არ ჩქარობს ომზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩინეთი არ ჩქარობს, რადგან არ სურს ღია კონფრონტაციაში ვინმესთან შესვლა. „ეს არ სჭირდება. თუ აშკარა გახდება, რომ რუსეთი საბოლოოდ წავიდა წაგებისკენ უკრაინაში, ალბათ, უნდა ველოდოთ უფრო ფრთხილ განცხადებებს დასავლეთთან მიმართებით და უფრო მკაცრს - რუსეთთან მიმართებით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩინეთი რუსეთს ფარულად მაინც ეხმარება, რადგან რუსეთის უკიდურესი დასუსტება ნიშნავს, რომ ჩინეთი ერთი-ერთზე აღმოჩნდება დასავლეთთან. ამიტომაც, ალბათ, არ აწყობს რუსეთის დამარცხება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.  სი ძინპინი ბაიდენს: როგორც დიდი ქვეყნების ლიდერებმა, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სწორი კურსი დიდი ოცეულის სამიტზე მისი არჩასვლაც სისუსტედ აღიქმება? ამ შეკითხვის საპასუხოდ, თორკინე შარაშენიძე ამბობს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის არჩასვლა, გასაგებია, რადგან ის ყოველთვის ერიდება გამოჩენას ისეთ ფორუმებზე, როდესაც რუსეთის პოზიციები დასუსტებულია. „ეს შეხვედრა რომ მაისში ყოფილიყო, ჩავიდოდა, რადგან რუსეთს მაშინ რაღაც „წარმატებები“ ჰქონდა უკრაინის ფრონტზე. როდესაც წარუმატებლობის პერიოდი აქვს, ყველგან ლავროვს გზავნის. ასე იყო მაგალითად, სტამბოლში, NATO-ს სამიტზე, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე, ბულგარეთი და რუმინეთი მიიღეს NATO-ში. მაშინაც ლავროვი გაუშვა სამიტზე და თვითონ არ წავიდა“, - განუცახად Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეხვედრა ინდონეზიაში, ბალიზე, 14 ნოემბერს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართეს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის კონკურენცია, კონფლიქტში არ უნდა გადაუზარდოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა მართონ ეს კონკურენცია პასუხისმგებლობით, ამასთან, შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები. ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა იმუშაონ ტრანსნაციონალური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, გლობალური მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჯანდაცვის უსაფრთხოება და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, რასაც მისი თქმით, მოელის საერთაშორისო საზოგადოება. ბაიდენმა გამოთქვა შეშფოთება სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ კონგში ადამიანის უფლებების საკითხის გარშემო. ტაივანთან დაკავშირებით , აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა არ შეცვლილა. ორმა ლიდერმა აზრები გაცვალა მთავარ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა წამოწია ისეთი საკითხი, როგორიცაა, „რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ“. პრეზიდენტებმა გაიმეროეს თავიანთი პოზიცია, რომ ბირთვული ომი მომგებიანი ვერ იქნება. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ჩინეთს, დისკუსიების გაგრძელების მიზნით ეწვევა. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა თავის მხრივ, ჩინური მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ქვეყნები უნდა გაუმკლავდნენ უპრეცედენტო გამოწვევებს და გამოიყენონ უპრეცედენტო შესაძლებლობები. მისივე თქმით, ჩინეთისა და შეერთებული შტატების წარმატებები ერთმანეთისთვის შესაძლებლობებია და არა გამოწვევები. „სამყარო საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ორივე ქვეყანა განვითარდეს და აყვავდეს. ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ერთმანეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიული ზრახვების სწორი აღქმა. ურთიერთქმედება უნდა განისაზღვროს დიალოგით და მომგებიანი თანამშრომლობით და არა დაპირისპირებით“, - განაცხადა სი ძინპინმა.  ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს.

რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დღეს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს“, უმნიშვნელოვანესი უწოდა. პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს. ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს და ალტერნატიულ პარტნიორებს ეძებს.  „შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური იმიტომ, რომ ყელა დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, როლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო,საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები იქნება ეს უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო და  საიმედო პარტნიორი“, - განაცხადა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? Europetime-თან, პროფესორი, ენერგეტიკის აკადემიის საპატიო პრეზიდენტი რევაზ არველაძე ამბობს, რომ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ საქართველოსა და ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია. „ევროკავშირთან ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი კავშირი,  ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს მხოლოდ შავი ზღვითაა შესაძლებელი. ეს იდეა კარგა ხანია, არსებობს. ჩვენ ენერგეტიკის სექტორში, მხოლოდ თურქეთის მეშვეობით ვუკავშირდებით ევროპას. ეს კავშირი საკმაოდ სუსტია და იქ დამატებითი სიმძლავრის დამატება რთული იქნება“. ამასთან, რევაზ არველაძე ამბობს, რომ  „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ სიმძლავრე უნდა გაიზარდოს, რადგან ამ შემთხვევაში, ეს პროექტი  კომერციულად, უფრო მიმზიდველი იქნება. „ეს იქნება საკმაოდ ძვირი პროექტი. აქედან გამომდინარე უნდა არსებობდეს დიდი სიმძლავრეები. 1000 მეგავატის გასატარებლად, ამხელა ხაზის მშენებლობა კომერციულად არ იქნება საინტერესო. აქ უნდა იყოს საუბარი მრავალ ათას მეგავატზე, რომელიც საქართველოს გავლით ევროპამ უნდა მიიღოს. საქართველო, დამოუკიდებლად, ამხელა სიმძლავრის მობილიზებას ვერ შეძლებს, ამ პროექტში, აუცილებლად უნდა ჩაერთოს აზერბაიჯანი“. არველაძის შეფასებით, იმ ჯგუფმა, რომელიც ახლა პროექტს აკეთებს, ეს უნდა გაითვალისწინოს. „მოლოდინი და გათვლები, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურებით შევძლებთ დიდი სიმძლავრეების მიღებას, ეს რეალურია. მაგრამ ეს არასტაბილური წყაროებია, რადგან ქარსა და მზის ენერგიაზე ვართ დამოკიდებული, ევროპას კი სტაბილური მიწოდება სჭირდება. თუმცა გვაქვს შანსი, რომ ექსპორტზე „მწვანე ენერგიაც“ გავიტანოთ“, -  აცხადებს არველაძე. მისივე თქმით, ამ პროექტის მნიშვნელობა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის ძალიან მაღალია. „ასევეა ევროპისთვისაც, იმიტომ რომ ეს იქნება დივერსიფიკაციის კიდევ ერთი გზა და ახალი შესაძლებლობაც“. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ განხორციელების შემთხვევაში, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში,  განახლებად ენერგიის სეგმენტში სოლიდურ ინვესტიციებს პროგნოზირებს. „იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდების ზრდას. ინვესტორების ინტერესი ჰიდრო, მზის და ენერგეტიკის სხვა მიმართულებებზე გაიზრდება. შესაბამისად, საქართველო გახდება სუფთა, „მწვანე ენერგიის“ ექსპორტიორი“, - აცხადებს ვარჰეი. საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მანამდე პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება ჩატარდა და დადგინდა რომ მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს. „კვლევის ფარგლებში, სსე აქტიურად თანამშრომლობს რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთან – Transelectrica. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან პროექტის თაობაზე პერიოდული კონსულტაციები ტარდება რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებთან, სსე-ის მხრიდან – ზემოაღნიშნული ქვეყნების შესატყვის ენერგეტიკულ კომპანიებთან. ტენდერით შეირჩევა კონტრაქტორი კომპანია, რომელიც გამოიკვლევს (Feasibility Study), თუ რა დაჯდება ზღვის დსკერზე საკაბელო სისტემის მშენებლობა, რა იქნება პროექტის სრული ბიუჯეტი, მანვე უნდა ჩაატაროს ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი, მოამზადოს პროექტის იმპლემენტაციისა და შესყიდვების სტრატეგიის გეგმა“, - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციაში. სატენდერო პირობებით, პროექტის კონსულტანტ ორგანიზაციას, მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების ანალიზის, სულ მცირე 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ასევე წყალქვეშა კაბელების პროექტირების გამოცდილებაც. ქართულმა მხარემ ამ პროექტში აზერბაიჯანიც მოიწვია. საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, ნათია თურნავას, აზრით, „პროექტის კომერციულ მიმზიდველობას გაზრდის, თუ მასში ჩაერთვება რეგიონი, მათ შორის, აზერბაიჯანი, რომელიც დღესაც საქართველოს საიმედო პარტნიორია და მონაწილეობს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში მაშინ, როცა საქართველოს ბაზარი დეფიციტურია“. სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ეს პროექტი ელექტროკაბელთან ერთად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობასაც გულისხმობს. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. საკონსულტაციო კომპანიამ კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და მისი დასრულება 18 თვის ვადაშია დაგეგმილი“, - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ:  ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია

ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის

ექსკლუზივი „ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა. „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. კომისიის დასკვნის მიხედვით, საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მისცა. კომისიის მოსაზრების შემდეგ, საბჭო ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები შესრულდება. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ქვეყანა მის ევროპულ გზაზე წინ წავიდეს. სამუშაოს სია მკაფიოა და ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს (როგორც ყოველთვის) ამ პროცესში. წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის სიტუაციის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. 2023 წლიდან, გაფართოების ყოველწლიური პაკეტი სამ ქვეყანას შეეხება, ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს მოიცავს. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

მარცვლეულის ბირჟებზე რყევების შემდეგ, გაძვირდება თუ არა საქართველოში ფქვილი და პური

რუსეთის განცხადებას, მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის განახლების შესახებ, მსოფლიო ბაზარსა და ბირჟებზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბალზე დეკემბრის გარიგების ფასები 6,32%-ით დაეცა და ბუშელზე (მოცულობის საზომი ერთეული - 36,4 ლიტრი) $8,45 შეადგინა. ამასთან, ფასის ზრდა 5,55%-მდე შენელდა და ერთ ბუშელ ხორბალზე ფასმა $8,52 შეადგინა. სიმინდზე დეკემბრის გარიგებების ფასი ბუშელზე 2,4%-ით, $6,8-მდე დაეცა. შემცირდა შვრიის ფასიც 2,61%-ით და ბუშელზე $3,89 შეადგინა. რა გავლენას მოახდენს მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის რყევები და მოსალოდნელია თუ არა ხორბალსა და ფქვილზე ფასის ცვლილება? Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ამბობს, რომ ბოლო დღეებში მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია, რადგან ეს მსოფლო ბაზარზე, მარცვლეულის ფასების დინამიკას განაპირობებს.  „რა თქმა უნდა, ის ტენდენცია, რომ მარცვლეულის დერეფანი ისევ მუშაობს და მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული ხორბლის ექსპორტი განხორციელდება, ძალიან კარგია. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი - მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების შედეგად, უკრაინა დამატებით შემოსავლებს მიიღებს. მეორე -  ხორბლის მსოფლიო ბაზარზე გასვლა მარცვლეულის მიწოდებასა და ამავე დროს, ფასებს დაასტაბილურებს. მოსალოდნელია ხორბალზე ფასების შემცირება. რუსეთის განცხადებას რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს, მსოფლიო ბირჟებზე ხორბალზე ფასის დაახლოებით, 6%-იანი ვარდნა მოჰყვა. ამ მოვლენების შემდეგ, ხორბალზე ფასის ზრდის კუთხით, მკვეთრ დინამიკას არ ველოდებით, რადგან მსოფლიო მარაგები არის და ამასთან, საკმაოდ კარგი მოსავალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, ხორბლისა და ფქვილის მარაგებთან დაკავშირებით, პრობლემა არ შეგვექმნება“, - აცახდებს ხანიშვილი. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის საკმარისი მარაგია. „ეს მარაგები შეიქმნა ადგილობრივი მოსავლით და დაახლოებით, 160-170 ათას ტონას შეადგენს. ამ ბოლო სამ თვეში, ექსპორტის გადასახადისა და ხორბალზე ფასის შემცირების პირობებში, იმპორტიორებმა ქვეყანაში ხორბლის ინტენსიურად შემოტანა დაიწყეს. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, მხოლოდ ფქვილი შემოდიოდა. ბოლო სამი თვეა, საქართველოში, თვეში 25-30 ათასი ტონა ხორბალი შემოდის. მარაგები საკმარისია, თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებასაც, რომ პარალელურად, ხორციელდება ხორბლის ფქვილის იმპორტი, რაც თვეში დაახლოებით, 15 ათასი ტონას შეადგენს. ადგილობრივი მოხმარება 20 ათასი ტონაა. ვფიქრობთ, რომ ხორბლისა და ფქვილის მარაგების თვალსაზრისით, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. რაც შეეხება ფასებს, პურსა და პურ-პრდუქტებზე, ხანიშვილი ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში, მარაგების არსებობის ფონზე, ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. შემდგომში კი, ეს საკითხი მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულს ფასების მიმდინარე ტენდენციაზეა დამოკიდებული.   „ადგილობრივ ბაზარზე პურ-პროდუქტების ფასზე გავლენას, მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენები მყისიერ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან არსებობს მარაგები. ფასის ცვლილება შემდგომ ტენდენციაზეა დამოკიდებული. მთავარია, საქართველოში გვაქვს ხორბლისა და ფქვილის მარაგები. ხორბალზე არის ლოგისტიკური ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნავს ხანიშვილი.  რაც შეეხება, იმას, რომ საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის ერთად-ერთი მომწოდებელი რუსეთია, სოფლის მეურნეობის მინისტრი აქ პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, „თუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში იქნება უფრო მიმზიდველი ფასები, ბიზნესი ამ ბაზარზე გადაერთვება“.  ცნობილია, რომ საქართველოში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 105 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 92 პროცენტია. ამასთან, პურსა და პურ-პროდუქტებს, საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათში, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. საქსტატის მონაცემებით, ამ ქვეჯგუფს მნიშვნელოვანი წილი აქვს ინფლაციის ფორმირებაში. ერთი წლის განმავლობაში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 15.8 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ერთ წელიწადში, პური და პურპროდუქტები 26.1 პროცენტით გაძვირდა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში, 2022 წლის ოქტომბერში 10.6 პროცენტი შეადგინა.  ასევე წაიკითხეთ რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება

რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება

რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. ამის მოტივად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, მიღებული გარანტიები დაასახელა. რუსეთმა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობა 29 ოქტომბერს შეაჩერა. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობდა, რაშიც უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებდა. კიევს თავდასხმაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. რატომ დატოვა რუსეთმა 29 ოქტომბერს მარცვლეულის შეთანხმება და რატომ განაახლა მონაწილეობა 2 ნოემბერს? Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებებს, თავისი მოტივები აქვს და ამ საკითხს ეკონომიკურის გარდა, თან სდევს პოლიტიკური კონტექსტიც. „რუსეთი ცდილობდა და ცდილობს, რომ მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების სანაცვლოდ, მსოფლიო ბაზარზე რუსული ხორბლის გატანაზე დივიდენდები მიიღოს“, - ამბობს სილაგავა. ამასთან, მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოიკვეთა, რომ რუსეთს მარცვლეულის დერეფნის დაბლოკვა არ შეუძლია. „თურქეთმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ რუსეთის გარეშე გამოიტანდა ხორბალს უკრაინიდან. ასეც მოხდა და პირველ ნოემბერს უკრაინის პორტი, მარცვლეულით დატვირთულმა 4-მა გემმა დატოვა ისე, რომ რუსეთს ეს ფაქტი მხოლოდ შეატყობინეს, რაზეც მკვეთრი რეაგირება ვერ მოახდინა. თუ რუსეთი ამ გემებს, სამხედრო წინააღმდეგობას გაუწევდა, ფაქტობრივად, NATO-სთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში შევიდოდა. რუსეთის ქმედება იყო გარკვეულწილად „ნერვების ომი“, ვითარება აჩვენებს, რომ  პუტინმა გარკვეულწილად დათმო“, - აცხადებს სილაგავა. მისივე თქმით, აქ გამოჩნდა, რომ „მარცვლეულის დერეფნის კონტროლისას, სამხედრო თვალსაზრისით თურქეთი უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთი. აქედან გამომდინარე, გუშინვე იყო მინიშნება, რომ რუსეთი დაუბრუნდებოდა მარცვლეულის შეთანხმებას“. რაც შეეხება მარცვლეულის შეთანხმებაში რუსეთის მოტივს „გარანტების მიღებაზე“, სილაგავა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ „დიპლომატიური განცხადება გააკეთა, რადგან მიხვდნენ, რომ ამ ვითარებაში ვერაფერს ცვლიან და მარცვლეულის დერეფანი მაინც იმუშავებს“.  რუსეთის განცხადების შემდეგ, რა პროცესებია მოსალოდნელი მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარსა და მარცვლეულის ბირჟებზე ხორბალსა და მარცვლეულზე ფასების შემცირებაა მოსალოდნელი. 31 ოქტომბერს, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლაზე რუსეთის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელზე თითქმის $9 გაუტოლდა. ამასთან, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით. „თუ ფასების ზრდა შენარჩუნდა, ეს გლობალურ ინფლაციის გაძლიერებასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შიმშილის პრობლემებს გაამწვავებს“, - პროგნოზირებდნენ ანალიტიკოსები. ამასთან ლევან სილაგავა ამბობს, რომ რუსეთი მანიპულირებდა, როცა მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებდა, რადგან იცოდა, რომ მსოფლიო ბაზრებზე ეს საფასო რყევას გამოიწვევდა, რითაც დამატებითი დივიდენდების მიღება სურდა. რუსეთის განცხადებამდე, მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე, ფასები სტაბილური იყო. „ამ გადაწყვეტილებამდე, რუსეთმა ხორბალსა და ფქვილზე მცურავი ბაჟი რამდენჯერმე გაზარდა, თუმცა ამან მსოფლიო ბაზარზე გავლენა ვერ მოახდინა. ვფიქრობ, რუსეთმა ეს რისკების გადასაზღვევად გააკეთა, რადგან მისი ქმედება, წინ უსწრებდა განცხადებას მარცვლეულის შეთანხმების დატოვებაზე“, - აღნიშნა სილაგავამ. მისივე თქმით, მსოფლიო ბირჟებზე ფასების დასტაბილურება, იმის წინაპირობაა, რომ საქართველოსთვის რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი არ გაძვირდება. „თუ ხორბლის დერეფანი გაჩერდებოდა, საქართველოს და იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთისგან ფქვილსა და ხორბალს ყიდულობს, ეს პროდუქტები ავტომატურად გაუძვირდებოდა“, - აცხადებს სილაგავა. ცნობილია, რომ საქართველოში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 105 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 92 პროცენტია. რა სურდა რუსეთს? ხორბლის დერეფანი, სტამბულის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, 2022 წლის 22 ივნისს 120 დღით ამუშავდა და შეთანხმების მოქმედების ვადა 19 ნოემბერს იწურება. შესაბამისად, ყველა მხარე, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა და გაერო მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასა და მარცვლეულის დერეფნის მუშაობაზე თავიდან უნდა შეთანხმდნენ. ლევან სილაგავას განმარტებით, მარცვლეულის შეთანხმებას, თან ახლავს გაეროსა და რუსეთს შორის დადებული მემორანდუმი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე, რუსული ხორბალზე შეუფერხებელ წვდომას განსაზღვრავს. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციას ამ მემორანდუმის გადახედვა სურს, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ არსებული ჩანაწერი ბუნდოვანია. მემორანდუმის თანახმად, მსოფლიო ბაზრებზე რუსულ ხორბალზე წვდომა შეუფერხებლად უნდა განხორციელდეს. სილაგავა განმარტავს, რომ მსოფლიო ბაზრებზე, რუსულ ხორბალზე წვდომა მაინც შეფერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი, როგორც ჰუმანიტარული ტვირთი სანქცირებული არ არის. „რუსულ მხარეს ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეექმნა, რადგან ევროპის პორტებში რუსული გემების შესვლა სანქცირებულია. რუსეთი იძულებულია, ხორბალი ექსპორტზე უცხოური გემებით გაიტანოს. აქ კი შემაფერხებელია ის, რომ ყველა გემთმფლობელი ერიდება რუსული ტვირთის გადატანას, რადგან შესაძლოა, მათ სანქციები დაუწესდეთ“, - ამბობს სილაგავა. მისივე თქმით, სწორედ ამ პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაცია გაეროსთან დადებული მემორანდუმით უკმაყოფილოა, რადგან იქ საუბარია მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე რუსულ ხორბალზე შეუფერხებელ წვდომაზე და არა ტრანსპორტირებაზე. „რუსეთი გაეროს მემორანდუმში, ზუსტ განმარტებას ითხოვს. ეს იყო ქვეტექსტი - თუ ჩვენი ხორბალი არ გაიყიდება, მაშინ დავბლოკავთ მარცვლეულის დერეფანს“, - აცხადებს სილაგავა. რუსეთს რომ ხორბლის ჭარბი მოსავალი აქვს და რეალიზაცია უჭირს, ამაზე ფედერაციის „მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი“ საუბრობს. წერენ რუსული წყაროები.  „რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული სირთულეები აიძულებს ბიზნესს, მოძებნონ მისი ექსპორტის ალტერნატიული გზები“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ამიტომ, რუსეთის „მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი“ აქცენტს, ხორბლის ნაცვლად, ფქვილის ექსპორტზე აკეთებს. კავშირის მონაცემებით, ხორბლის ფქვილის მთლიანმა მიწოდებამ მსოფლიო ბაზარზე 2022 წელს 488,3 ათასი ტონა შეადგინა. წინა სეზონში ექსპორტი მხოლოდ 205,4 ათასი ტონა იყო. „რუსული ფქვილის ტოპ მყიდველებმა რამდენჯერმე გაზარდეს შესყიდვები: საქართველომ - თითქმის 12-ჯერ (136,3 ათას ტონამდე), ავღანეთმა - 22-ჯერ (100,6 ათას ტონამდე), ერაყმა - 12-ჯერ მეტი (63 ათას ტონამდე) ფქვილი შეისყიდა. თურქეთმა, რომელიც ჩვენთან ყოველთვის მხოლოდ მარცვლეულს ყიდულობდა და ფქვილს ადგილზე აწარმოებდა, ამჯერად 42,3 ათასი ტონა (60-ჯერ მეტი გასულ სეზონზე) შეიძინა“, - აცხადებს გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ ზერნინი. მისივე თქმით, რუსეთს ხორბლის ექსპორტისთვის ახალი შესაძლებლობები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა სჭირდება.  

რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით კი, ორნიშნა ინფლაცია 2023 წლის თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება, შემდეგ კი, მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს თანდათან დაუბრუნდება. რა იწვევს მაღალ ინფლაციასა და მზარდ ფასებს, საქართველოს ბაზარზე? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას, ეკონომიკისა და საფინანსო სფეროს სპეციალისტები ნაწილობრივ ეთანხმებიან და ორნიშნა ინლაციის გამომწვევ სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ.  Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა მზარდი ინფლაციის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. „პირველი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი და რადგან იქ არის მაღალი ინფლაცია, ბუნებრივია, საქართველოში განხორციელებულ იმპორტზე აისახება. მეორე ფაქტორია, გაურკვევლობა ადგილობრივ მეწარმეებს შორის, რომლებიც ამ პირობებში ცდილობენ თავისი ფინანსების მომავალი დანაკარგებისაგან დაზღვევას და აძვირებენ სამომხმარებლო პროდუქციას“, - აცხადებს ელიავა. ამასთან, ელიავა, 2022 წელს ინფლაციაში ლარის კურსის ფაქტორს გამორიცხავს. „ლარის მერყევი კურსი, რომელიც ყოველთვის იყო ინფლაციის მამოძრავებელი, ახლა გამოირიცხება. უცხოეთიდან, კერძოდ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ფონზე, ლარი გამყარდა. ამიტომ, ინფლაციაზე გავლენას ძირითადად ის ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაც დავასახელე“. მისივე თქმით, ინფლაცია, დღეს მთელ მსოფლიოში მწვავე საკითხია. „ამ პრობლემას ვერ უმკლავდება ვერც ევროპა და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა იქ ინფლაციას აქვს კონკრეტული მიზეზი - ესაა ენერგორესურსების პრობლემები“. ეკონომიკის დოქტორი აღნიშნავს, რომ ინფლაცია საკმაოდ მძიმე გამოწვევაა საქართველოს მცირე ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობისთვის. „ეს იმ ფონზე, როცა  ფასების ზრდას, არ სდევს შემოსავლების ზრდა“, - ამბობს ელიავა.  Europetime-თან ინტერვიუში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებში ერთ-ერთი მთავარია საწვავზე არსებული მაღალი ფასები, „რასაც ეროვნული ბანკი ფუნდამენტურ მიზეზად არ ასახელებს“. „საწვავი რომ არ იყოს ასე ძვირი, ვფიქრობ ინფლაცია არ იქნებოდა ორნიშნა. გაძვირებული საწვავი ბევრ სხვა ფაქტორზე ახდენს გავლენას“, - აღნიშნავს შენგელია. ამასთან, ეკონომიკის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მზარდი ინფლაცია და სასურსათო პროდუქციის გაძვირება, გარკვეულწილად, ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამაც განაპირობა. „რუსეთიდან და ბელორუსიდან ჭარბი მიგრაციის ფონზე პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენ წარმოება არ გვაქვს და შესაბამისად იმპორტია გაზრდილი. გაძვირებულია ნედლეული და სურსათი, რაც მეტწილად უცხოეთიდან შემოდის. ჩვენს პირველ სავაჭრო პარტნიორ თურქეთში ინფლაცია 83%-ს გადასცდა, ხოლო რუსეთში, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია, ინფლაცია 14-15%-ის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, წნეხს საქართველოში, ინფლაციაზე ესეც აძლიერებს“, - აღნიშნავს შენგელია. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია შენარჩუნდა, „ვითარება დამძიმდება, რადგან, ჩნდება სოციალური აფეთქების საფრთხე“. ეკონომიკის დოქტორი, არსებული ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავალს ადგილობრივი წარმოების ზრდაში ხედავს, „რასაც სესხებზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთი აფერხებს“. „იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის მიზეზი არაა მონეტარული ფაქტორები, ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სულ მცირე 3%-ით მაინც უნდა დასწიოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, - აღნიშნავს შენგელია. როგორ იცვლებოდა ინფლაცია 2022 წელს თვეების მიხედვით, საქსტატის მონაცემები ასეთია: იანვარი - 13,9%; თებერვალი - 13,7%; მარტი - 11,8%; აპრილი - 12,8%; მაისი - 13,3%; ივნისი - 12,8%; ივლისი - 11,5%; აგვისტო - 10,9%; სექტემბერი - 11,5%; საქსტატის მონაცემებით, სექტემბრის ინფლაციაში 17,6%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები პირველია. შემდეგ ყველაზე მეტად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება გაძვირდა - 15,7%. შემდეგ ტრანსპორტი - 14,1%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 12.2%. რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი სანქციების საბოლოო მიზანია კრემლის შესაძლებლობების დაქვეითება, რათა ვეღარ შეძლოს აგრესიული ომების წარმოება ახლა და მომავალში

აშშ-ის სანქციების საბოლოო მიზანი კრემლის შესაძლებლობების დასუსტებაა, რათა რუსეთმა აგრესიული ომების წარმოება ვეღარ შეძლოს. ამისთვის შტატები სანქციების სამიზნეებს დიდი სიფრთხილით საზღვრავს, ისე, რომ მინიმუმანდე შემცირდეს მისი გავლენა შეერთებულ შტატებზე, მის პარტნიორებსა და სხვა ქვეყნებზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რითაც სააგენტოს შეკითხვას უპასუხა უკრაინის მიერ, 20 სექტემბერს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. „ჩვენი სანქციების საბოლოო მიზანი არის კრემლის შესაძლებლობების დაქვეითება, რათა ვეღარ შეძლოს აგრესიული ომების წარმოება ახლა და მომავალში. ჩვენ გულმოდგინედ და ყურადღებით ვმუშაობთ ამ მიზნების წინსვლისთვის და მინიმუმამდე ვამცირებთ მის გავლენას შეერთებულ შტატებზე, ჩვენს პარტნიორებსა და სხვა ქვეყნებზე. უკრაინის მთავრობას მიმართეთ მათი სანქციების შესახებ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 24 ოქტომბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ტრადიციული ბრიფინგის დროს, პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხეს უკრაინის მიერ, 20 ოქტომბერს დაწესებული სანქციების შესახებ. როგორც ცნობილია, სანქცირებულთა სიაში არიან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები. ჟურნალისტი დაინტერესდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა აშშ-ს რაიმე კონსულტაცია უკრაინელებთან.  „ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. მათ მივანდობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც შესაძლოა, დააწესეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რადგან ისინი ახორციელებენ იმ რეფორმებს, რომლისკენაც ევროკავშირმა და ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მისი უფრო ფართო ევროპული მისწრაფების მიმართულებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.  შეგახსენებთ, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები 20 ოქტომბერს დაუწესა.

ჯადოქართა ჩოგანი

ბასილაშვილის საქმეზე ვწერ. საქმეზე, რომლის მსგავსიც ათასობით განიხილება ნორმალურ ქვეყნებში. მსგავსი საქმეები ყოველთვის იწვევს მითქმა-მოთქმას, განსაკუთრებით, თუ ცნობილ ადამიანებს ეხება. მაგრამ ეს საქმეები ყოველთვის რჩება ხოლმე საზოგადოებრივი და მედიის განხილვის დონეზე და არასდროს გადადის პოლიტიკურ ჭრილში. ეს ნორმალურ ქვეყნებში. ახლა ვნახოთ, რა ხდება საქართველოში. Facebook-ის მუდმივად პოლარიზებულმა ქართველმა მომხმარებელმა ამ შემთხვევაშიც შეინარჩუნა სტატუს-კვო და პოლიტიკურ ჭრილში გადაწყვიტა ყველაფერი. „ბაბლი“ ასე დაიყო - ფუნდამენტალისტი „ქოცები“ ერთმანეთს ულოცავდნენ ბასილაშვილის გამართლებას, ხოლო დანარჩენი ნაწილი ზიზღით იფურთხებოდა მოსამართლის (განაჩენის წაკითხვისას მიღებული გამომეტყველების გამო), ზოგადად ქართული სასამართლოს (გაქანებული ფემიციდის დროს ძალადობაში ბრალდებულის გამართლების გამო), ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერების (გამაღიზიანებელი ნიშნისმოგების გამო) და ვლადიმერ პუტინის (ყოველი შემთხვევისთვის) მისამართით. არადა, ეს საქმე ჩვეულებრივ, „სელებრითების სასამართლოდ“ დარჩებოდა, რომ არა ფემიციდის რეალური პრობლემა, ოჯახური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობის არნახული ზრდა და ამ ყველაფერზე მმართველი ძალის მხარდამჭერი, რეალური თუ არარეალური მომხმარებლების დამცინავი დამოკიდებულება. „თუ გინდა, იპოვო დამნაშავე, ეძებე ის, ვისაც ეს დანაშაული სარგებელს მოუტანდა“ (უცნობი ავტორი) ზოგადად, ნებისმიერი თემის პოლიტიკურ სარგებლად ქცევა ქართული პოლიტიკის ექსკლუზივია. მაგრამ, ლოგიკურად რომ გავყვეთ, რატომ უნდა აწყობდეს ან მმართველ და ან ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში ქალთა მკვლელობები და ამისი მორალური მხარდაჭერა სასამართლოს  (ანუ სახელმწიფოს)  მიერ? ხაზს ვუსვამ - ეს განაჩენი სწორედ ასე იქნა აღქმული საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. რეალურად, ბოლო დროს გახშირებული ქალთა მკვლელობები არ არის შემთხვევითი მოვლენა - ეს რამდენიმე ფაქტორის ერთდროული მოქმედების შედეგია. კერძოდ:  1. ყბადაღებული „ქართული მენტალიტეტი“ და „ტრადიციები“, რომელიც, სინამდვილეში, „ქართული საბჭოთა მენტალიტეტი“ და „საბჭოთა ტრადიციებია“ და არაფერი აქვს საერთო რეალურ ქართულ აზროვნებასთან - პირიქით, უფრო ფუნდამენტალურ ისლამს უთანაბრდება ქალთა მიმართ დამოკიდებულებაში და მათზე ძალადობის მხრივ ხშირად აჭარბებს კიდეც.  2. რელიგიური ფაქტორი - რომელიც, უმეტესწილად, ისევ „ტრადიციად“ საღდება და რომელსაც არ ჰყავს პატრონი, რომ ადამიანებს გასაგებად აუხსნას, რას გულისხმობს ესა თუ ის მონაკვეთი საღვთო სჯულსა თუ სხვა წიგნებში.  3. თაობათა შორის არასწორი კავშირი - მოძალადე მშობლები და ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან გარემოში, სადაც ძალადობა და სიყვარული ხშირად გაიგივებულია.  4. განათლების ძირეული პრობლემა - ბავშვთა მოძულე მასწავლებლები, „კარგ მენეჯერებად“ მონათლული, თავის მართლებაში დახელოვნებული დირექტორები, არაპროფესიონალებით სავსე რესურსცენტრები და რეალურ საჭიროებებს აბსოლუტურად აცდენილი სასწავლო პროგრამა.  5. რუსული პროპაგანდა - უამრავი არასამთავრობო, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის, ძირითადად მოძალადე ჯგუფები, რომელთა დაფინანსებაც პირდაპირ, უკვე ღიად და დაუფარავად მიბმულია რუსეთის სპეცსამსახურებზე და რომელთა მეშვეობითაც მუდმივად ვრცელდება ფემიციდის თუ სხვა ტიპის ძალადობის წამახალისებელი მესიჯები. ამ ყველაფრის მოგვარებას ნორმალური საზოგადოება ამდენი წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოახერხებდა. ჩვენც მოვახერხებდით, რომ არა ერთი კონკრეტული, ძალიან დიდი და სერიოზული მიზეზი ამ ყველაფრისა - ქართული სახელმწიფო და მმართველი პარტია, რომელიც საზოგადოების წევრებს მხოლოდ ამომრჩევლებად და სტატისტიკად აღიქვამს. უკუღმა გავყვეთ - ოკუპანტის პროპაგანდის აღმოფხვრა ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლება პრორუსულ ჯგუფებს ხელს არ უშლის და სწორედ ასე ცდილობს, ამომრჩევლის იმ ნაწილის გული მოიგოს, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს „საბჭოთა სიკეთეები“ და არამარტო სსრკ-ში, 90-იანებში დაბრუნებასაც კი ნატრობს. განათლების პრობლემასაც მივხედავდით აქამდე, რომ არა აგიტატორებად ქცეული მასწავლებლები, კოორდინატორებად ქცეული დირექტორები, ოდეერებით სავსე რესურსცენტრები და რადარებიდან გამქრალი განათლების სამინისტრო. თაობათა კავშირსაც მიეხედებოდა აქამდე, რომელიმე თაობას მაინც ნორმალური დასაქმებისა და პოტენციალის რეალიზების პირობები რომ ჰქონოდა - სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური, უმეტესწილად, ბირჟაზე მდგომი, უსაქმური ხალხის საქმეა და ფემიციდის შემთხვევათა უმეტესობაც, სწორედ მსგავსი, კვაზისოციუმების წახალისებით ხდება - რეგიონებში განსაკუთრებით. რელიგიური ფაქტორი ცალკე პოსტის თემაა - ქართული პოლიტიკური ძალები, უკვე ათწლეულებია, საკუთარი დაკარგული ნდობის ჩანაცვლებას ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კეკლუცობით, კოალიციებითა და მათთვის უზარმაზარი ბენეფიტების შეთავაზებით ცდილობენ, ხოლო შედეგად ვიღებთ ამბიონიდან და მიტინგის ტრიბუნიდან ძალადობის ქადაგებას, სადაც ძალადობის ადრესატი, უმეტესად, ხელისუფლებისთვის არასასურველი პერსონები და სოციალური ჯგუფებია (გაიხსენეთ 2021 წლის 5 ივლისი). მენტალიტეტის ცვლილება ყველაზე შრომატევადი და გრძელვადიანი საქმეა, მაგრამ ამასაც მოვერეოდით, რომ არა ამ მენტალიტეტის გადაჯაჭვულობა კრიმინალურ მენტალიტეტთან და ამ მენტალიტეტის მქონეთა აქტივობის გამოყენება მმართველი ძალების მიერ ყველა არჩევნებზე, რაც, ბოლო დროს, ფაქტობრივად, ნორმად იქცა. კი, ჩვენ შევძლებდით, ამ ყველაფრისთვის ეტაპობრივად მოგვევლო და მოგვეგვარებინა, რომ არა ხელისუფლების დაინტერესება, ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის. ქვეყანაში, სადაც, შეიძლება, ითქვას, შუა საუკუნეების მსგავსი „ჯადოქრებზე ნადირობაა“ გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი, ბასილაშვილის საქმე, შესაძლოა, ახალ „ჯადოქართა უროდ“ - ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცეს, რომელიც ყველა მოძალადეს ხელებს გაუხსნის, ხოლო ძალადობის მსხვერპლ უამრავ ქალს იმედს მოუკლავს, რომ სამართლის პოვნა ნორმალური გზით შესაძლებელია. ასე აღიქვამს ამას ყველა, მმართველი ძალის მხარდამჭერების გარდა. ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, კონვეიერული წესით ამრავლებს უბედურ ადამიანებს. ხოლო უბედური ადამიანი იდეალური გადამხდელია  რელიგიური ორგანიზაციებისთვის (ირაციონალურ ტკივილებს ირაციონალური წამალის ძიებამდე მივყავართ) და იდეალური ამომრჩეველია მმართველი ძალისთვის (მაინც არაფერი შეიცვლება და რა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას). ამ ყველაფერს დავუმატოთ აბსოლუტურად ნდობადაკარგული სასამართლო, რომელიც საზოგადოებისთვის „მურუსიძეებთან“ ასოცირდება, და მივიღებთ სიტუაციას. სადაც საზოგადოების მოთმინება და იმედი თანაბარპროპორციულად იწურება. ჩემს მშობლიურ კუთხეში, ქიზიყში, ნებისმიერი მეღვინე გლეხი გეტყვით, რომ ღვინის დუღილის დროს ჭურჭელს თავი არ უნდა დაახურო - გახეთქავს. დროებით.  ლექსო ლეკიაშვილი

უკრაინას NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირისკენ გზის დაჩქარება უნდა შესთავაზონ - პოლ გობლი

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კორექტირებას ახდენს. დასავლეთი „რუსეთის აგრესიის ხასიათის ცვლილების“ ფონზე, შესაბამისად მოქმედების ეტაპზე გადადის. ერთ-ერთი პირველი ასეთი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაკეთდა. მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ახლებურად დგამს ყველა ნაბიჯს და ტრადიციულად, ეს ხდება პარტნიორებთან და მოკავშირეებთან სრული კოორდინაციით. „ჩვენ ახლებურად ვდგამთ ყველა ნაბიჯს, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, რათა დავეხმაროთ უკრაინის იმით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა ბლინკენმა. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიან პასუხში შესაძლო კორექტივების შეტანასა და მასში პარტნიორების განახლებულ როლზე, Europetime-მა სახელმწიფო დეპარტამენტს შეკითხვით 18 ოქტომბერს მიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, მათ შორის გაეროში და ეს თანამშრომლობა მოიცავს ირანის მიერ რუსეთში იარაღის სახიფათო გავრცელების საწინააღმდეგო ქმედებებს. აშშ ასევე აგრძელებს ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. აშშ-ის მკაფიო გზავნილია, რომ კიევზე თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებას და შტატების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას. ამასთან, აშშ მტკიცე მოუწოდებს სხვა ქვეყნებსა და პარტნიორებს, გააგრძელონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება. გარდა ამისა, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებულად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ და ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელორუსში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი გადაიხადონ. უნდა მოდიფიცირდეს თუ არა კოორდინირებული პასუხი ომის ახალ ფაზაზე, ამ თემას Europetime-თან განიხილავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. „დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა კიევმა თავი დაიცვას. ჩემი აზრით, მან (დასავლეთმა) უნდა შესთავაზოს უკრაინას NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. ეს პუტინისთვის იქნებოდა ერთგვარი გზავნილი, რომ დასავლეთი არ აპირებს უკრაინის მიტოვებას და რომ რუსეთი ახლა თავს ესხმის დასავლეთის სრულფასოვან წარმომადგენელს. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი გახდება, თუმცა ჯერ ომი აქვს მოსაგები ეს ისეთივე შემზღუდავი ღონისძიება იქნებოდა, როგორც ვთქვათ, გარკვეული დროის განმავლობაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა“, - მიიჩნევს პოლ გობლი. Europetime-თან პოლ გობლი ომის ახალი ფაზის გათვალისწინებით, ასევე მიმოიხილავს, შეიცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზები საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით და როგორ და სად ხედავს იმ ეტაპს, როდესაც მოსკოვი ვეღარ განახორციელებს მსგავს თავდასხმებს უკრაინაზე. „ჩემი ვარაუდით, კრემლი გააგრძელებს შეტევებს, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, საჰაერო თავდასხმები გახდება ასე ვთქვათ, „დომინანტური“. ამრიგად, უკრაინა თავის მიღწევებს ასე სწრაფად ვეღარ გააგრძელებს, მოსკოვის მარცხიც აღარ დაჩქარდება. ომი 2023 წელსაც გაგრძელდება, თუ პუტინი „სცენიდან არ იქნება ჩამოშორებული“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან.  Europetime-ზე ასევე გაეცანით უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის ჯონ ჰერბსტის ხედვას. შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო წარმატების ფონზე, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მასიურად დაბომბვა განაახლა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის ცნობით, მოსკოვი მიზანმიმართულად აზიანებს კრიტიკულ ინფრასტუქტურას. კიევი იუწყება, რომ ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. ამ პროცესების პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ რეგიონში „საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯონ ჰერბსტი: კიევზე თავდასხმით, პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა

Europetime-თან საუბრისას, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება და სწორედ ამას უკავშირდება ვლადიმერ პუტინის „სასოწარკვეთაც“, რაც კიევზე თავდასხმაში გამოიხატება. ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ რაც უფრო სწრაფად მიაწვდის დასავლეთი უკრაინას საჭირო იარაღს, მით უფრო მალე გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ეს არ მოიცავს მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლიდან, მოსკოვის მიერ მიტაცებულ მიწებს. უკრაინაში ამერიკის ყოფილი ელჩი, მისი სხვა კოლეგების მსგავსად, 2014 წლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას ელის. „აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება, პუტინი ქვეყნის შიგნითაც კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მან  გადაწყვიტა, რომ უკრაინის სამხედრო წარმატებას  მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით უპასუხოს. მაგრამ პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა, რადგან ამ სასტიკი დარტყმების საპასუხოდ, აშშ და მისი მოკავშირეები ახლა გეგმავენ, უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, ისეთი სისტემები, რომლის მიწოდებაზეც მანამდე უარს ამბობდნენ. რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ უკრიანისთვის საჭირო იარაღის გაგზავნის თვალსაზრისით, აშშ და NATO ზედმეტად მოკრძალებულად მოქმედებდნენ რუსეთის შეჭრამდე. მათ შორის ვსაუბრობ შორი მოქმედების არტილერიასა და დრონებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამანადგურებელი თვითმფრინავები, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები.თუ ჩვენ მივაწვდით მსგავს იარაღს, უკრაინა უფრო სწრაფად დაიბრუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც მოსკოვმა დაიპყრო არამხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის, არამედ 2014 წლის შემდეგ“, - განუცხადა ჰერბსტმა Europetime-ს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, თუ უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, კიევი შეძლებს, შეაჩეროს რუსული რაკეტების დიდი უმრავლესობა. „მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ არ გავუგზავნით საკმარის სისტემებს. ისევ და ისევ, ჩვენი ინტერესია, რომ პუტინის ომი უკრაინაში მისი მარცხით დასრულდეს. ჩვენ უნდა გავგზავნოთ ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება, რომ უკრაინის გამარჯვება უფრო დაჩქარდეს“, - აღნიშნავს ჰერბსტი Europetime-თან. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს. საცხოვრებელ კორპუსზე თავდახმას მსხვერპლი მოჰყვა. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს 18 ოქტომბერს, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ცხედრები საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიდან ამოჰყავთ. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. უკრაინის ცნობით, განადგურებულია ელექსტროსადგურების 30%. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

აშშ-ის გზავნილი მკაფიოა - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოა Europetime-თან ექსკლუზიურად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას აფასებს და მკაფიოდ აფიქსირებს, რომ შტატების პოზიცია საქართველოს რეგიონებთან -  აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებით, მტკიცე და ურყევია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მცდელობებსა და მიზნებს, მოახდინოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.  „ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით მკაფიო რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. რუსეთის ყალბი „რეფერენდუმები“ და ანექსიის მცდელობები უკრაინაში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უხეში დარღვევაა. პრინციპების, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვან ღირებულებას და საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ფუნდამენტს წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს და მოსკოვის ზრახვებს, უკანონოდ მიითვისოს უკრაინის ტერიტორიები. ნებისმიერი ასეთი ტერიტორია, უკრაინის შემადგენლობაში და მის განუყოფელ ნაწილებად რჩება“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს, შენგენის ზონაში არ მიიღებენ. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება უკრაინას, დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. კრემლმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია. შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის მხარდასაჭერად არიან გაერთიანებულნი. მათი პასუხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანია. საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ეს არის გადამწყვეტი მომენტი როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი მომავლისთვის, რადგან თუ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, უკრაინაში მიაღწიოს მიზანს, ის თავისი იმპერიული ზრახვების განხორციელებას სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ეცდება. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.