ახალი ამბები

რობერტ სტურუა: რუსთაველის თეატრი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში

„რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა. ის ამბობს, რომ რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა. „რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის Facebook გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაიფიცნენ სამეფო უბნის თეატრი და მოძრაობის თეატრი. გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.  

„ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

„ყველაფერი გასაგებია,“ - ასე ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან დაკავშირებით. საელჩომ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის ის სიტყვები, რომლებიც მან 28 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.“ 30 ნოემბერს, როდესაც ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გამოაქვეყნა განცხადება სათაურით - „საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე.“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ დეკემბერს „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „პრინციპული მნიშვნელობა” არ აქვს. მანამდე, აშშ-მ ელჩ დანიგანის განცხადებით, 29 ნოემბერს „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. მოგვიანებით, ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების, ლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება  კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით კი, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. 2 დეკემბერს, პრემიერმა სხვადასხვა საჯარო სამსახურისა და თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილის პროტესტის შესახებ განაცხადა, რომ კარგია, რომ სისტემა თვითწმენდის რეჟიმზეა გადასული, ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. ბალტიის ქვეყნებმა 11 პირს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურს სავიზო სანქცია დაუწესეს. კანადა სანქციებს აანონსებს ფიზიკური პირებისა და ბიზნეს სუბიექტებისადმი, რომლებიც „ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში.“ ქვეყნის მასშტაბით, 2 დეკემბერს პროტესტის მეხუთე დღეა.  

ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზეა დაკავებული. გამოძიების ვერსიით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება ძალადობა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ელისაშვილის დაკავება ალი ბაბაევის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას უკავშირდება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილთან ერთად, თავისუფლების მოედანზე დააკავეს ზურაბ დათუნაშვილიც, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და ჩემპიონი ჭიდაობაში. შსს-ს ამ ინფორმაციაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. დღეს ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ, შსს აცხადებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.  

ირაკლი კობახიძის თქმით, სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა, ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია.“ მისი თქმთ, საქართველოს ხელისუფლება რჩება „უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ,რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი.“ „ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერჯერობით ვარ მიგვიღია. ერთი სიის პრინციპი ეს კიდევ ნაკლებად საინტერესოა. სანქციების დაწესება არის თავისთავად ისეთი მოვლენა, რაც უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის 1-ელ მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი საბაბით: პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა, სხვათა შორის, მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია. მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მოხალისეები, მებრძოლები. ამ ორი საბაბით, თავის დროზე, უკრაინის ხელისუფლებამ 2022 წლის 1-ელ მარტს საქართველოდან ელჩი გაიწვია. აქედან გამოჩნდა რეალურად რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი ფრონტი. რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოჰყვა შემდეგ პირდაპირი მოწოდებები. პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი გამოდიოდა და პირდაპირ მოგიწოდებდა „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ. საუბარია უმაღლესი თანამდებობის პირებზე. მუდმივად გრძელდებოდა ეს პროცესი. შემდეგ გამოაძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან. ის კაცი, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან. გამოაძევეს იმიტომ, რომ „რუსეთი ჩვენი ხელით“ კლავდა სააკაშვილს წამებით საქართველოში. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ ამ ყველაფერზე. დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა. ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია. საინტერესო არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს დამოუკიდებელი არ არის. საბოლოდ, მთავარი არის ის, რომ ვიღაცები ცდილობენ აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონს მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვონ და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება. ეს არის თავიდან ბოლომდე ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი. ჩვენთვის მთავარია, რომ ვრჩებით უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ, ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყნის და ამ ხალხის ერთგული. სოლიდარული ვართ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ. ის ასევე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსებას. ირაკლი კობახიძის შეფასები, „მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს და ბლინკენის განცხადებაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა.“ „რა თქმა უნდა, ზუსტად იგივეა. ერთი რომ სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე, როცა თქვენ ხედავთ როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბით სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ, ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით. რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც არის ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს და ეს განცხადებაც, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გაგრძელებაა,“ - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „უკრაინამ ივანიშვილსა და მის თანამზრახველებს - 19 პირს სანქციები დაუწესა.“ ენტონი ბლინკენის განცხადებით კი, აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, პასუხს აგებენ.  

სპეციალური საგამოძიებო სამსახური: 319 პირის უფლებების დარღვევაზე მივიღეთ შეტყობინება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამსახურმა, ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება. გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული ასეულობით საათის ხანგრძლივობის სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების შესწავლა/ანალიზი. შემთხვევის ადგილებზე განთავსებული კერძო და საჯარო ობიექტებიდან დაწყებულია ვიდეომასალის გამოთხოვის პროცესი. ვიდეომასალის გამოთხოვა, ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან. სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებმაც აქციაზე დაშავებულ პირებს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელთაც 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, საპროტესტო აქციაზე დაშავების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება. სამართალდამცავების გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვება. სამსახური, ყველა პირს, რომელიც უთითებს სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე და მათ დამცველ ადვოკატებს, სისხლის სამართლის საქმეებთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურად ატარებს. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

შსს-ს განცხადებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჯ. რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას, აქციის წევრებთან ერთად, სისტემატურად და უწყვეტად ახორციელებდა ძალადობას სამართალდამცველების მიმართ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას. ა.კ.-მ, მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა." შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციებია რეგიონებშიც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ“ „ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

ფაშინიანი: სომხეთი თავს ОДКБ-ს მიღმა თვლის, დაბრუნების წერტილი გადალახულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) როლისა და მისი პასუხისმგებლობის სფეროს შეფასებაში მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანამ მიაღწია წერტილს, საიდანაც უკვე შეუძლებელია შემობრუნება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებულ პირობებში შეუძლებელი ხდება ერევნის დაბრუნება ОДКБ-ში. ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სომხეთმა გაყინა ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და უარი განაცხადა რაიმე დოკუმენტების განხილვაზე ან დაბლოკვაზე. „ჩვენ თავს უკვე ОДКБ-ს მიღმა მოვიაზრებთ. მათ გადაწყვიტონ, რაც სურთ. ჩვენ არ ვერევით მათ საქმეებში და არ ვაცხადებთ, რომ დე იურე გვაქვს ვეტოს უფლება. და ამას ვამბობ ჩვენი კოლეგების მიმართ სრული პატივისცემით,“ აღნიშნა პრემიერმა პარლამენტში გამოსვლის დროს. ფაშინიანმა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ОДКБ-ს სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხე უწოდა. სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ОДКБ-ს სამიტს არ დაესწრება    

უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „უკრაინამ ივანიშვილსა და მის თანამზრახველებს - 19 პირს სანქციები დაუწესა.“  ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, დეპუტატი თეა წულუკიანი, კახა ბექაური. მისი თქმით, „ისინი არიან ადამიანები, ვინც ყიდიან საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს.“ „მე ახლახან მოვაწერე ხელი განკარგულებას, რომელიც ძალაში შედის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ. ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოს პუტინს თმობს. სწორედ ეს არის ის საკითხი, რომელიც ამჟღავნებს საპროტესტო აქციებს საქართველოში. ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ - იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ამ რეგიონში არავინ უნდა დავკარგოთ - არც საქართველო, არც მოლდოვა და არც უკრაინა. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ მოსკოვისგან თავის დასაცავად.“  

რა ნაბიჯები უნდა გადადგას აშშ-მ საქართველოსთან დაკავშირებით - ამერიკელი დიპლომატების წერილი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი წერილით, რომელსაც ხელს 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი და ექსპერტი აწერს, „საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად გმობენ.“ ყოფილი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, „ქართული ოცნების“ მთავრობა და პარლამენტი არასწორი მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენთვის ასევე ძნელად გასაგებია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელობენ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერონ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, რომელიც გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ვლადიმერ პუტინმა შეაქო, რამაც ათიათასობით ქართველის დემონსტრაცია გამოიწვია“, - ნათქვამია წერილში. „კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც გავლენას ახდენს მთელ სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს. თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის მიერ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მრავალწლიან ისტორიას, როდესაც ისინი დემოკრატიისკენ მიიწევენ, ახლა მოქმედების დროა,“ - აღნიშნავენ ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები. წერილს ხელს აწერენ: აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რობერტ სეკუტა; ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი; გლობალურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგინე, პაულა დობრიანსკი; რუსეთის, უკრაინის, ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, ეველინ ფარკასი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დანიელ ფრიდი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი; ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რიჩარდ კაუზლარიჩი; საქართელოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერი; ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი, ლორა ლინდერმანი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირში, რიჩარდ მორნინგსტარი; საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფრო მკვლევარი, სტივენ სესტანოვიჩი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, უილიამ ტეილორი; მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი; აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-სა და რუსეთში, ალექსანდრ ვერშბოუ; აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში, კურტ ვოლკერი; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში, კენეტ იელოვიცი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სომხეთსა და ყირგიზეთში, მერი იოვანოვიჩი. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ახლა აშშ-მ ყველა პასუხისმგებელი პირის ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დააყენოს. წერილში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ საუბრობენ, რომლებიც წერილის ავტორთა შეფასებით, აშშ-მ უნდა გადადგას. „ესენია: ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარის თქმა და ასევე, ახალი პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის თავიდან დანიშვნის აღიარებაზე უარის თქმა. პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რაც დემოკრატიული განახლების გზას შექმნის. მოუწოდეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაიცვან, ქართული დემოკრატიის საფუძველი და უარი თქვან ამ დოკუმენტისთვის შეუსაბამო ბრძანებებზე, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებზე. პირდაპირი და საჯარო სანქციები დაუწესეთ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომლებიც მსგავს ავტორიტარულ ქცევებში არიან ჩართულები. ასევე, ეს უნდა ეხებოდეს პოლიციასა და სამხედრო ოფიციალურ პირებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში არიან ჩართულები და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში მონაწილეობდნენ,“ - ნათქვამია წერილში. ამერიკელი დიპლომატების განცხადებით, აღნიშნული ზომები უფრო მეტად ეფექტური იქნება თუ მათი განხორციელება ევროკავშირთან ერთად მოხდება.

ევროკავშირი: საგანგაშო ცნობებია [საქართველოდან] მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს: "საქართველო: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული."  

რესპუბლიკელი ჯო უილსონი სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ოფიციალური პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელ ჯო უილსონის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. „თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის გაზრდას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს,“ - აცხადებს უილსონი. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე და დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე. არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.“ „სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

რუსთაველის გამზირზე მეშვიდე დღეა, აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

პროტესტის მეშვიდე დღეს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით კვლავ შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. საკანონმდებლო ორგანოს გვერდით მდებარე ქუჩებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციებია რეგიონებშიც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. დღეს, 4 დეკემბერს შსს აცხადებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ“ „ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი  

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა. მიზეზად ის „ოჯახურ პირობებს“ ასახელებს. მან შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი პატაკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად გამოაქვეყნა. „გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან,“ - წერს პატაკში შაიშმელაშვილი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციებია რეგიონებშიც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. დღეს, 4 დეკემბერს შსს აცხადებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა. „ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

ზელენსკი საქართველოში არსებულ ვითარებაზე: გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კიევი უკვე ამზადებს შესაბამის სასანქციო გადაწყვეტილებებს. ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გარდა, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოხსენებაც მოისმინა. „მომზადდა მოხსენება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. და ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ერთი ერის და მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა. როგორ უბიძგებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ. ნამდვილად სამარცხვინოა, რას ქმედებებს ატარებენ ახლა ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს, ვისთვის მუშაობენ თბილისში და ვისთვის შლიან საპროტესტო აქციებს. საქართველოსთვის ნამდვილად არა. ვამზადებთ ჩვენს სამართლებრივ პასუხს და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე. გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე,“ განაცხადა ზელენსკიმ.  

სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა

სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა. “სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა - გაუმარჯოს თავისუფლებას,“ - ვკითხულობთ თეატრის Facebook-ის გვერდზე. პროტესტის ნიშნად გაფიცვის თაობაზე გამოაცხადეს ცალკეულმა მსახიობებმაც.  

შსს აცხადებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ 4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ოფისებისა, აქტივისტების სახლების ჩხრეკის შემდეგ განაცხადა, რომ ოფისებსა და სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და რეგიონებში დაიწყო. კუპატაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადა, რომ „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა ექვსი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები - ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.“ შსს-ს ცნობით, მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. კუპატაძის განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში. „პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავა: 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ. ჩადენილი დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში. სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი. ჩადენილი დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ - განაცხადა კუპატაძემ. ცნობისთვის, პრეიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიებზე მიუთითებს, მოუწოდებს „პარტნიორებს, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე.“ შეგახსენებთ, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისების ნაწილში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. გაჩხრიკეს Facebook ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინაც. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც. ასევე, „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს. დაკავებულია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი.

სენატორები რიში და შაჰინი: აშშ-ის კონგრესში ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა ქართველი ხალხის მიმართ

ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ. სენატორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ „დროა, აშშ-ის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენონ - ქართველი ხალხი იმის ცოდნას იმსახურებს, რომ აშშ ვითარების გაუარესების ფონზე უქმად არ იჯდება.“ „ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული ვითარებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ. ეს საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებით ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებების უგულებელყოფა მოახდინა. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელსაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს. აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობისა და იმ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის, პასუხისმგებლები არიან,“ - აღნიშნავენ სენატორები. სენატორები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის ამჟამინდელი გამოყენების შესახებ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ და გარკვევით გამოხატვისკენ მოუწოდებენ. „ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს მოვუწოდებთ, რომ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ვალდებულება აიღონ. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, სანქციების ჩათვლით, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ქართველი ხალხი იმის ცოდნას იმსახურებს, რომ აშშ ამ ვითარების გაუარესების ფონზე უქმად არ იჯდება,“ - აცხადებენ სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი.

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა „დემონსტრაციების დროს დაკავებულთა მიმართ მოპყრობა შეისწავლა“

18-29 ნოემბერს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ევროპის საბჭოს პრესასმსახურის ცნობით, „ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეისწავლა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი პირების, მათ შორის, თბილისში მიმდინარე სახალხო დემონსტრაციების დროს დაკავებულთა მიმართ გამოყენებული მოპყრობა და გარანტიები.“ დელეგაცოა ასევე გაეცნო რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების მდგომარეობას. გარდა ამისა, დელეგაციამ მოინახულა სამი ფსიქიატრიული საავადმყოფო, სადაც შეისწავლა პაციენტების მოვლის და საცხოვრებელი პირობები, ასევე განიხილა იძულებითი ჰოსპიტალიზაციის სამართლებრივი გარანტიების გამოყენება. „ამ ვიზიტით შესაძლებელი გახდა, ხელისუფლების მიერ წინა ვიზიტების საფუძველზე CPT-ის ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების განხორციელების პროგრესის შეფასება. ვიზიტის მსვლელობისას დელეგაციამ კონსულტაციები გამართა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ ნიკა ცხვარაშვილთან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ კოკა კაციტაძესთან, აგრეთვე აღნიშნული სამინისტროებისა და უწყებების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან. დელეგაცია ასევე შეხვდა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს და მისი ოფისის ეროვნული პრევენციული მექანიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,“ წერს ევროპის საბჭოს პრესასმსახური. CPT და საქართველო  

ორდღიანი გაუფასირების შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8746 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9894 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0252 ლარს შეადგენდა. ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა  

ზურაბიშვილი: მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს, თუმცა ამბობს, რომ მას ვერ უკავშირდებიან. ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რომ დღევანდელი კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ადასტურებს. „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე. ის კადრები, რასაც ეს დღეებია, ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას,“ - წერს ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე. სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტით კი, სალომე ზურაბიშვილი „სასწრაფოდ მოუწოდებს“ პარტნიორებს, „დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე. „რეპრესიები საქართველოში - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ,“ - წერს პრეზიდენტი. ამავე პლატფორმაზე კიდევ ერთ პოსტში კი, პრეზიდენტის შეფასებით, #საქართველოში პროტესტს უნდა დაერქვას #რეპრესიები საქართველოში. „რეპრესიული ძალების მიერ ნათრევი პოლიტიკური ლიდერები, პარტიის შტაბი ეწინააღმდეგება ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციებს, ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისებს ჩხრეკენ, პრემიერი ამას "პრევენციას“ უწოდებს,“ - წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისების ნაწილში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს Facebook ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც. ასევე, „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს. დაკავებულია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი.