ახალი ამბები

მიშელი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი

პრეზიდენტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველისადმი, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს,“ წერს მიშელი. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის, გაგონილი უნდა იყოს. „ცოცხალი დებატები ქვაკუთხედია და გულწრფელი დიალოგია ახლა საჭირო. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი,“ - წერს შარლ მიშელი. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

სადავო კანონპროექტის გარშემო პროტესტის ფონზე, პრეზიდენტი შარლ მიშელს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა სატელეფონო საუბარი, რომელიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე,“ - წერია ინფორმაციაში. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ

პროტესტის მონაწილეები მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით მივიდნენ, სადაც შენობასთან მისასვლელი ქუჩა სამართალდამცველებს ჰქონდათ დაკავებული. ადგილზე მისვლისას, აქციის მონაწილეების ნაწილმა მალევე შეცვალა გეგმა და მოძრაობა დედა ენის ბაღის მიმართულებით გააგრძელეს. მანამდე, მათი ნაწილი აქციას პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე მართავდა , ნაწილი კი, პუშკინის სკვერთან, სასტუმრო "პარაგრაფთან" შეიკრიბა, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებას ესწრებოდნენ. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ბანერები წარწერით, "არა რუსულ კანონს" და ცდილობდნენ ღონისძიების სტუმრებისთვის, მათ შორის, "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ხმა მიეწვდინათ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნების ნაწილია, გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები. „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. „ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას. დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. ასევე, რა არის ცუდი იმაში, რომ დეკლარაცია შეავსონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციებმა. ამიტომ, მთავარი თემა რომ არ დაგვავიწყდეს, ვაქვეყნებთ კანონპროექტის ტექსტს. ყველას მოვუწოდებთ მისი წაკითხვისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ,“ წერს პარტია. განცხადება სრულად პარტიის Facebook გვერდზე გავრცელდა. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

ზელენსკი 7 ქვეყანასთან უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებებს აანონსებს

უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ შვიდ ახალ შეთანხმებას ამზადებს. ერთ-ერთ ამ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოეწერება ხელი. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. „ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების შვიდ ახალ დოკუმენტზე - უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებზე. კერძოდ, შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების შეთანხმებაზე. დღეს გუნდთან ერთად ვიმუშავე ამ დოკუმენტების კონკრეტულ დეტალებზე, მათ შორის, იარაღზე, ფინანსებზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ზოგიერთ მათგანთან უკვე გვაქვს შეთანხმებების წინასწარი ტექსტი,“ - განმარტა პრეზიდენტმა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თითოეული შეთანხმება მხარს უჭერს უკრაინას წელს და მომავალ წლებში. „ეს არის "უსაფრთხოების არქიტექტურა NATO-ს გაწევრიანებამდე. ჩვენ ვავსებთ შეთანხმებების პროექტს უფრო ძლიერი შესაძლებლობებით უკრაინისთვის და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის პარტნიორებთან. ცხადია, განსაკუთრებული პრიორიტეტია ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს მეტ დაცვას რუსული ტერორისგან," - აღნიშნა ზელენსკიმ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკრაინას უკვე აქვს გაფორმებული ცხრა ქვეყანასთან - დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიათან, კანადასთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ფინეთთან და ლატვიასთან. ეს დოკუმენტი გაფორმებულია G7-ის ერთობლივი დეკლარაციის შესაბამისად, უკრაინის მხარდასაჭერად.  

გერმანული კომპანია უკრაინას ახალ სარადარო სისტემებს მიაწვდის

უკრაინა გერმანულ მწარმოებეი „ჰენსოლდტისგან“ დამატებით 6 TRML-4D -ის საჰაერო სათვალთვალო რადარს მიიღებს საჰაერო თავდაცვის საჭიროებებისთვის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რადარების შემსყიდველი უკრაინის თავდაცვის სამინისტროა. თუმცა, მათ საფასურს გერმანიის მთავრობა სამხედრო დახმარების ფარგლებში გადაიხდის. ექვსი TRML-4D რადარის შეძენის ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტია. რადარები უკრაინას ამ წლის ბოლოს გადაეცემა. ახალი სარადარო სისტემები უკრაინას წელს მიეწოდება. TRML-4D რადარები აუცილებელია ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. TRML-4D არის საშუალო დისტანციის C-ზოლიანი რადარი TRML-ის ოჯახიდან, რომელიც 2018 წელს შეიქმნა. რადარს შეუძლია, კლასიფიცირდეს სხვადასხვა ტიპის სადესანტო სამიზნეების, მათ შორის, ფრთოსან რაკეტებზე. TRML-4D-ს შეუძლია 1500-მდე სამიზნის აღმოჩენა 250 კილომეტრის რადიუსში. ადარის ნიშანდობლივი თვისებაა მისი ავტონომიური მოქმედებისა და ამით საჰაერო სამიზნეების აღმოჩენის უნარი. TRML-4D-ს შეუძლია ურთიერთქმედება IRIS-T სარაკეტო თავდაცვის სისტემებთან.  

იტალია უკრაინაში SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაგზავნის - მედია

იტალია გეგმავს ,გამოაცხადოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი - რომელიც მოიცავს SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემას. ამის შესახებ Sky News-ი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას G7-ის სამიტზე, რომელიც პულიაში, იტალიაში, მომავალ თვეში გაიმართება. იტყობინება ახალი ამბების ვებგვერდი La Repubblica. ასევე ვარაუდობენ, რომ პაკეტში შედის Stinger-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები და შორი მანძილის Storm Shadow-ს რაკეტები. ეს იქნება მე-9 სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც იტალიიდან უკრაინას გაეგზავნება.    

სალომე ზურაბიშვილი: პრობლემა არამხოლოდ რუსული კანონი, არამედ, რუსული მთავრობაა

„სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა,“ - შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში გააკეთა. „ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი შინაარსით რუსული კანონია, ვინაიდან ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც აქ მთავრობა ცდილობს. ცდილობს, რომ საქართველოს პარტნიორები როგორ რევოლუციის პარტნიორები წარმოსახოს, როგორც ისინი, ვინც მთავრობის დამხობას ცდილობს, და ძალიან ჩუმად არიან რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს ის დღეს ჩვენი მეგობარია. ასე რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ პრობლემა რუსული მთავრობაა, რომელიც მიდრეკილია რუსეთისადმი დათმობები გააკეთოს და ამ ქვეყნის ორიენტაცია რუსეთისკენ შეატრიალოს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მმართველ პარტიას „რუსული ოცნება“ უწოდა  

პრეზიდენტმა „ოფშორების კანონს“ ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები მესამე მოსმენით (73 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი) დაამტკიცა. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს. პარლამენტმა ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მხარი დაუჭირა  

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინასთან 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა კიევში ვიზიტის დროს, უკრაინასთან 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ დაიწყო მოლაპარაკებები. ამის შესახებ უკრაინაში ბრიტანეთის საელჩო იტყობინება. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ ეს არის სრულიად ახალი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. „მინისტრმა დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინასთან 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ, ახალი შეთანხმება, რომელიც დაამყარებს ძლიერ კავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრულ სპექტრში: ვაჭრობა, უსაფრთხოება და თავდაცვა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და სხვა,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. „ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება მოსაგებად,“ - ციტირებს საელჩო ბრიტანული დიპლომატიის ხელმძღვანელს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიე- მინისტრმა რიში სუნაკმა იანვარში ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აშენებს ახალ პარტნიორობას უკრაინასთან, რომელიც გამიზნულია 100 ან მეტი წლის განმავლობაში. ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მარტინ ჰარისმა EP-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამით ლონდონს სურს, თქვას, როგორი იქნება უკრაინა 100 წლის შემდეგ. როგორც EP იტყობინება, წინა დღით კიევში ვიზიტის დროს, ქემერონი დაჰპირდა უკრაინას, რომ ბრიტანეთი ქვეყანას ყოველწლიურად 3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიაწვდიდა სამხედრო დახმარებისთვის და ეს მოხდება, ვიდრე საჭირო იქნება.“ ქემერონმა ასევე განუცხადა Reuters-ს, რომ უკრაინას უფლება აქვს, გამოიყენოს ლონდონის მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად.  

ლატვიის არმიამ რუსეთთან საზღვარზე ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გათხრა დაიწყო

რუსეთთან და ბელორუსთან ლატვიის საზღვრის გასწვრივ შეიქმნება სიმაგრეების ჯაჭვი - თავდაცვითი სიმაგრეები, სხვადასხვა დაბრკოლება და საბრძოლო მასალის საწყობები. ლატვიის არმიამ უკვე დაიწყო იქ ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გათხრა. ამის შესახებ LSM იუწყება. „პირველი თავდაცვითი ხაზი იქმნება რუსეთთან საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მაშორებით, ლუდენსკის რეგიონში, ტერეხოვოს სასაზღვრო პუნქტთან. ერთ-ერთი ელემენტი არის ტანკსაწინააღმდეგო თხრილი,“ განაცხადა ინჟინერიის ინსპექტორმა, ლეიტენანტმა პოლკოვნიკმა კასპარს ლაზდინმა. „აქ ვჭრით გზას და ვაკეთებთ ტანკსაწინააღმდეგო თხრილს, რომ საჭიროების შემთხვევაში არ იყოს შესაძლებელი ამ გზის გასწვრივ მანქანების გადაადგილება, მათ შორის, ამ თხრილს აქვს მითითებული პარამეტრები, შესაბამისი სიღრმე და ასრულებს თავის მიზანს,“ - განაცხადა ლაზდინმა. სამუშაო ორმხრივი შეთანხმებით მიმდინარეობს: მესაკუთრე ნებას რთავს, რომ აქ თხრილი გაითხაროს, მაგრამ პირი ინარჩუნებს სრული საკუთრების უფლებებს. პირველ რიგში, ჩვენ კონცენტრირდებით თავდაცვის პირველ ხაზზე, რომელიც გადის საზღვარზე ვგეგმავთ ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გათხრას, როგორც ეს ახლა ხდება აქ, შემდეგ კი „დრაკონის კბილებით“ გამაგრებას. საბრძოლო მასალის შესანახი ადგილები კვლავ უნდა განისაზღვროს რეგულაციებისა და სამხედრო აუცილებლობის შესაბამისად. ლატვია-რუსეთის საზღვრის სიგრძე 283,6 კმ-ია. ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყეს მის გასწვრივ ღობის აშენება, მაგრამ 2019 წელს მუშაობა შეწყდა, რადგან კომპანია Igate-ის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა, რომელმაც ეს ობიექტი ააშენა. ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა, რომელიც შარშან აგვისტოში ეწვია საზღვარს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ამოცანა დაწყებული სამუშაოს დასრულებაა. თითქმის ხუთი წლის შემდეგ, გალავნის მშენებლობა ახლა სამხედროებმა განაგრძეს.  

ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთს სავარაუდოდ, დრონების კომპონენტებს აწვდიდნენ, გერმანიაში გაასამართლებენ

ორი გერმანელი ბიზნესმენი, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონოდ აწვდიდნენ რუსეთს დრონებისთვის საჭირო ელექტრო კომპონენტებს, შტუტგარტის უმაღლეს რეგიონალურ სასამართლოში წარსდგებიან. ამის შესახებ N-tv იუწყება. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მათი მომხმარებელი რუსეთში სამხედრო მასალებს და კომპონენტებს ამზადებდა. საუბარია, სავარაუდოდ, უპილოტო თვითმფრინავ Orlan-10-ზე, რომელსაც რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში იყენებენ. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მიწოდებული ელექტრო კომპონენტები ამ ტიპის დრონის საერთო კომპონენტია და ექვემდებარება ევროკავშირის ემბარგოს რუსეთზე. უკანონოდ მიწოდებული კომპონენტები დაახლოებით 875 ათასი ევრო ღირდა. მარტში ჰამბურგის პროკურატურამ ბრალი წაუყენა გერმანული კომპანია Siemens-ის ხუთ თანამშრომელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გაზის ტურბინების ექსპორტისთვის, რაც ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 2017 წელს. დასავლურ კომპანიებს ეკრძალებათ ვაჭრობა ყირიმთან, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. შეგახსენებთ, რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აწარმოებს ომს.  

ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით, საწვავის ექსპორტი 82%-ით გაზარდა

ყაზახეთმა 2024 წლის პირველ კვარტალში, ბათუმის ნავთობტერმინალის (BNT) მეშვეობით, საწვავის ექსპორტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 136,685 ტონიდან 248,887 ტონამდე გაზარდა. „2024 წელს ყაზახური ნავთობის ექსპორტი BNT-ით 600 000 ტონას შეადგენს,“ აღნიშნა Kaztranoil-მა. BNT-ის ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას აძლევს მას წელიწადში, 1,5-2,0 მლნ ტონა საწვავი გადაზიდოს. 2024 წელს BNT-ის მეშვეობით იგეგმება 1,980 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა. BNT Kaztransoil-ს ეკუთვნის და აქვს 12 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში - სამი ნავმისადგომი გემებისთვის 5000-დან 140000 ტონამდე გადაადგილებისთვის. BNT-ს აქვს ხუთი სატანკო მეურნეობა, რომელიც აერთიანებს 134 საწყობს, რომელთა საერთო მოცულობა 590000 კუბურ მეტრზე მეტია.  

ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობამ 500 ათასი ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. პრემიერ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ეს თანხა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა. განკარგულება 30 აპრილით თარიღდება. „საინფორმაციო ცენტრმა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გარანტირებული შესყიდვის საშუალებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში,” - წერია განკარგულებაში. ცნობისთვის, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები იძაბება. სადავო კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს კრიტიკით უპასუხეს. 2 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს. საპასუხოდ, საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი.“  

გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა

2 მაისის საღამოს და 3 სამი მაისის ღამეს, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ცნობილია, რომ 2 მაისს გმირთა მოედანზე დაკავებულთა შორის არიან მუსიკოსები, ჯგუფ "ქვემეხის" წევრი სანდრო ქერაული და ჯგუფ Bedford Falls-ის წევრი მიხო კალანდარიშვილი. ომბუდსმენი გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე: ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს  

აშშ-ის საელჩო თბილისში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს

შეერთებული შტატების საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ რუსთაველის გამზირს. საელჩოს ცნობით, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, შოთა რუსთაველის გამზირზე, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მასშტაბური აქციები, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება. საელჩო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შესაძლებელია სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხება. აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო დემონსტრაციებისას მოხდა დაპირისპირება და ძალადობა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. საელჩოს ვებგვერდზე წერია, რომ „უსაფრთხოების მიზეზების გამო, აშშ-ის საელჩო თბილისში კრძალავს სასტუმროების გამოყენებას ქვემოთ წითლად ასახული ტერიტორიის შიგნით“ ამერიკის მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის, რომლებიც შეიძლება თბილისში იმყოფებოდნენ. „ამასთან, საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არიან, 18:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ეკრძალებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება საელჩოს წინასწარი თანხმობის გარეშე,“ - წერს საელჩო.  

ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანსა და თურქეთს თუ ჩვენი განადგურება სურთ, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ სურვილის კონტროლი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის განადგურების სურვილს მხოლოდ ლეგიტიმაცია გააკონტროლებს და, შესაბამისად, სომხეთმა საერთაშორისო ურთიერთობები სწორედ ლეგიტიმაციაზე უნდა დააფუძნოს. „გარანტიას გაძლევთ, რომ ლეგიტიმაცია ბევრად უკეთესი გარანტიაა, ვიდრე ცუდი გარანტი. მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგების ლეგიტიმურობის ფორმულა ბევრად უკეთესი გარანტია, ვიდრე თუნდაც კარგი გარანტი. თუ გსურთ, გაცვალოთ თქვენი ლეგიტიმაცია სხვის კარგ გარანტიებზე, მაშინ თმობთ თქვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ აქ არის არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ დაუცველ საერთაშორისო სამართალს თუ დაურღვეველ საერთაშორისო სამართალს. გვინდა, გამოვიდეთ ამ ფორმულიდან, სადაც არჩევანი არ არის, ვიყოთ ფორპოსტი თუ არა,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

სენატორმა შაჰინმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტზე ქართულ მხარესთან ისაუბრა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ჯინ შაჰინს და სენატორ პიტ რიკეტსს შეხვდნენ. გავლენიანი სენატორი შაჰინი ერთ-ერთია იმ კანონმდებლებიდან, რომელმაც პრემიერ კობახიძეს კრიტიკული წერილი მისწერა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე. შეხვედრა ასევე იმართება იმ ფონზე, როდესაც თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები იძაბება. როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ვითარებას, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს და წინასაარჩევნო გარემოს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოთხოვნებს და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში აშშ-ის ჩართულობის გაზრდაზე, ასევე, საქართველოს როლზე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე. საუბარი აგრეთვე შეეხო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერება ორივე მხარის ინტერესშია და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს,“ წერს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.  

ქემერონი: რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ბრიტანული იარაღის გამოყენება უკრაინის უფლებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ყოველწლიურად სამი მილიარდი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს პირობა უკრაინელების წინაშე გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა, რომელიც 2 მაისს კიევში იმყოფებოდა. ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუმცა ასევე განმარტა, რომ იარაღის მიწოდების თვალსაზრისით უკვე გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. რაც შეეხება უკრაინის მიერ დიდი ბრიტანეთისგან მიღებული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, ბრიტანელი დიპლომატის თქმით, უკრაინელებს ეს უფლება აქვთ და გადაწყვეტილება მათი მისაღებია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 მაისს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. მანვე გამოაცხადა, რომ კიევი ლონდონისგან მიიღებს იარაღის და საბრძოლო მასალების ახალ პარტიას, მათ შორის, მაღალი სიზუსტის საავიაციო ბომბებს და საზენიტო რაკეტებს.  

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე

ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერის, სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდის ერთობლივ განცხადებით მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. „ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული. უკვე გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. მიღების შემთხვევაში, ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. ევროპარლამენტარების განცხადებით, ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. „მათ არ სურთ რუსეთის ორბიტის ნაწილი იყვნენ. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაამართლონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ავლენს თავის დაუოკებელ მისწრაფებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისადმი და ევროკავშირისკენ საქართველოს გზის მიმართ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

აშშ-ის საელჩო: პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ხაზს უსვამს ამერიკის მთავრობის ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და პატივისცემას უდასტურებს ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომლებიც მამაცურად აშუქებენ სიმართლეს. „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ ხაზს ვუსვამთ აშშ-ის მთავრობის ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს. როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და ღია მიმოქცევას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების ტრადიციული ინდექსი. 2024 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 180 ქვეყანას შორის საქართველო 103-ე ადგილზეა მაშინ, როდესაც 2023 წელს ქვეყანა 77-ე იყო. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს უშლის ხელისუფლების ჩარევა, დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო ისევ არახელსაყრელია, იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევები და არის დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციისა და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის შეზღუდვისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობა.