ახალი ამბები

საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი კრისტიან ტობირა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ლიონში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. 2012-2014 წლებში ის ჟან-მარკ ეიროს მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი თანამდებობა მანუელ ვალსის მთავრობაშიც შეინარჩუნა (2014-2016). ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ეტაპად, 10 და 24 აპრილს გაიმართება. ამასთან, კანდიდატურის წარდგენა პრეტენდენტებს მარტის დასაწყისამდე შეუძლიათ.

17 იანვრიდან წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ უცვლელად, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით. შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება. ამის შესახებ მიმართვა პოროშენკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, იმისთვის არა, რომ თქვენგან თავი დავიცვა, თქვენ ამად არ ღირხართ, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით“, – აცხადებს პოროშენკო ბრიუსელში ჩაწერილ მიმართვაში", - ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. ამასთან, 2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: პეტრო პოროშენკოს ადვოკატი: სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ნებართვა გასცა

ჟოზეფ ბორელი: „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე

"გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მომავალი დამოკიდებულია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე", – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. „ამ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება ასევე დამოკიდებული იქნება უკრაინაში მოვლენების განვითარებაზე და რუსეთის დამოკიდებულებაზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ ჩვენ ერთი მხრივ, ვფიქრობთ სანქციების დაწესებაზე და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის გახსნაზე. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია უკრაინაში სამხედრო სიტუაციაზე. ეს ცხადია“, – განაცხადა ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აშშ-ის სენატში მხარი არ დაუჭირეს

ინფექციონისტი: ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებთან COVID19 ძალიან მარტივად მიმდინარეობს

"ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებთან COVID19 ძალიან მარტივად მიმდინარეობს", - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა განაცხადა. „ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებთან COVID19 ძალიან მარტივად მიმდინარეობს. რეინფიცირების შემთხვევები, სამწუხაროდ, უკვე ფიქსირდება. ასევე ხშირია, ისეთი პაციენტები, რომლებიც საერთოდ არ არიან ვაქცინირებულები და გადატანილი ჰქონდათ კორონავირუსი. რაც შეეხება მესამე ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებს, მათთან დაავადება ძალიან მარტივად მიმდინარეობს“, - განაცხადა ბულეიშვილი. ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

ვაშინგტონში რუსეთის საელჩო აშშ-ის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

რუსეთის საელჩო უსაფუძვლოს უწოდებს აშშ-ის ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „მოვუწოდებთ აშშ-ის რუსული მხარის მიერ შეთავაზებული შეთანხმებების პროექტების საფუძველზე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად საგნობრივი მუშაობისკენ“, – აღნიშნულია რუსეთის საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა.მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. ასევე წაიკითხეთ: პენტაგონის ხელმძღვანელმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები განიხილეს

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარი და დაბალი ხილვადობა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამ დროისთვის საქართველოში „ომიკრონის“ 1185 შემთხვევაა დადასტურებული

15 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „ომიკრონის“ 89 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 990 183 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 925 137, გარდაიცვალა 14 425 პაციენტი.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი კვლავ მიგრანტების მოთავსების ცენტრში დააბრუნეს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ მელბურნში ჩავიდა, კვლავ მიგრანტების მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა პირველად მელბურნში ჩასვლისთანავე გაუუქმდა, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან „ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება“, რომელიც ვაქცინაციისგან გაათავისუფლებდა. ჩოგბურთელმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო ცენტრში, სასტუმროში გაატარა. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მესაზღვრეებმა პროცედურები უგულვებელყვეს. ასევე წაიკითხეთ: სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ იზოლაციის წესები დაარღვია

რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის გარდაცვალება სავარაუდოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ გამოიწვია. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტოკიოს უნივერსიტეტში დანით შეიარაღებული აბიტურიენტი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს

ტოკიოს უნივერსიტეტში დანით შეიარაღებული აბიტურიენტი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტმა დანა ამოიღო და ადამიანებს დაესხა თავს: დაჭრილები არიან 70 წლის კაცი და ორი აბიტურიენტი. ამ დროისთვის, 17 წლის თავდამსხმელი დაკავებულია.

ივანე ჩხაიძე: იზოლაციისა და კარანტინის ვადების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ ცვლილება ყველა პაციენტს არ უნდა შეეხოს

"შესაძლებელია, რომ მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტებთან კარანტინისა და იზოლაციის ვადა 8 დღემდე შემცირდეს, მაგრამ არა ისე რადიკალურად, როგორც არის აშშ-ში. ეს არ ეხება ყველა პაციენტს", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს მიღებული, ეს ეხება არა მხოლოდ კარანტინს ან იზოლაციას, არამედ იმ ცვლილებებს, რომელიც მოიტანა ახალმა მუტაციამ. შესაძლებელია, რომ ეს პერიოდი ჩვენთან 14 დღიდან შემცირდეს 8 დღემდე, ოღონდ არა ისე რადიკალურად, როგორც არის აშშ-ში. ეს არ ეხება ყველა პაციენტს. ეს არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება ამასთან, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 631 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 631-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 603 603 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 990 183 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 925 137, გარდაიცვალა 14 425 პაციენტი. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1065 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 716 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.62%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 065 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 925 137. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 425 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა - 557, იმერეთი - 539, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 595 საიდანაც: 4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 838, აჭარაში - 603, იმერეთში - 811. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 438, აჭარაში - 134, იმერეთში - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 50, იმერეთში - 24. 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 279 - თბილისში, 557- აჭარაში. 44 149 პაციენტი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.

ნედ პრაისი: აშშ და NATO მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს

"აშშ და NATO მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს და გააგრძელონ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა", - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. „სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რათა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდგომი ნაბიჯები განეხილა. აშშ და NATO მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს და გააგრძელონ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. აშშ და მათი NATO-ელი პარტნიორები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის დეესკალაციის მიზნით“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ცნობისთვის,12 იანვარს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. ამასთან, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

კელი დეგნანი: რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან საუბრის შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონმა რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად დაადასტურა, რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება საქართველოს გარეშე არ შედგება „მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს ამერიკის საელჩოში დღეს საღამოს. მინისტრმა და მე ახლახან დავასრულეთ კონსულტაციები სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ჩვენი რეაგირების ძალისხმევის შესახებ. განვიხილეთ ამ კვირაში გამართული მაღალი დონის დიპლომატიური დიალოგი, ვმუშაობთ რა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ერთიანი პასუხის განსავითარებლად. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეს არის კრემლის მიერ შექმნილი კრიზისი. გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას - შეიძლება, ამით ცდილობს შიდა პრობლემებისგან რუსი ხალხის ყურადღების გადატანას, ან NATO-ს ერთობის შესუსტებას. ერთი რამ კი ცხადია, სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, და სწორედ რუსეთმა მოახდინა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად. რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის და ეს ასეა ბოლო ორი ათწლეულის უმეტესი დროის განმავლობაში. ახლა რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ძალისმიერი მუქარით სამი ათწლეულის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. NATO 70 წლის წინ დაარსდა, როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას ესწრაფვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩის განცხადებით, NATO-მ რუსეთს NATO-რუსეთის საბჭოს მეშვეობით საუბარი შესთავაზა, მაგრამ რუსეთმა მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. „თუ ახლა კრემლი სერიოზულად უყურებს დიალოგს, მან უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც თავად რუსეთმა შექმნა. როგორც გუშინ სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა განაცხადა, თუკი რაიმე გამოწვევა დგას ევროპული უსაფრთხოების წინ, ის რუსეთისგან მოდის და არა NATO-სგან. რუსეთის რიტორიკა ვერ გადაფარავს რომ რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყნებში დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებში და ახლა მისი ჯარები განლაგებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე. რუსეთმა გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კლავდა და კლავს ხალხს მთელ ევროპაში. რუსეთია, რომელიც აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციასა და ტყუილს, ევროპაში დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის. მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, ახლაც და ადრეც, ევროპა კვლავ ერთიანია. შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ და ევროპელმა ლიდერებმა დაადასტურეს ჩვენი ერთობლივი ერთგულება დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ და აღნიშნეს, რომ ჩვენთვის აუცილებელია, რუსეთმა განახორციელოს კონკრეტული ქმედებები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, თუ გვინდა რომ დიპლომატია წარმატებული აღმოჩნდეს. ამ კვირის მაღალი დიპლომატიური დიალოგის ფარგლებში, ჩვენი შემდგომი მოქმედებისას ვიხელმძღვანელებთ ამ უმთავრესი პრინციპებით: გადაწყვეტილებების მიღება NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასა და NATO-ს 30 მოკავშირეზეა დამოკიდებული. ვერავის სხვას ვერ ექნება ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთNATO-ს შესახებ NATO-ს გარეშე, და ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე. ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ძირითადმა პრინციპებმა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოუტანა საერთო მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. „ეს ის პრინციპებია, რომლებსაც რუსეთის ლიდერები არაერთხელ დაეთანხმნენ. ყველა ჩვენგანმა მტკიცედ უნდა უარყოს პრეზიდენტ პუტინის მცდელობა, ჩაანაცვლოს ეს პრინციპები საბჭოთა მსგავსი დომინირებით, ჩაგვრითა და კონტროლით. საქართველო კარგად იცნობს რუსეთს თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიიდან. საქართველო NATO-სა და შეერთებული შტატების ღირებული პარტნიორია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ კრიზისზე პასუხის გასაცემად, ვაგრძელებთ რა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ყაზახეთიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს 8 მოქალაქე

ყაზახეთის ქალაქ ალმატიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდა რეისი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის ანსამბლ „ილორის“ წევრები სამშობლოში დაბრუნდებიან. აღსანიშნავია, რომ ყახაზეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ისევე როგორც საქართველოს საპატიო საკონსულო და ქართული დიასპორის წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩოს დახმარებით, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით. ამ დროისათვის, ყაზახეთიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე. ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამხედროებმა ყაზახეთი დატოვეს

97 წლის პიანისტი ახალ ალბომს გამოუშვებს

ამერიკელი პიანისტი რუთ სლენცინსკა, რომელსაც 15 იანვარს 97 წელი უსრულდება, ალბომს გამოუშვებს მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება ხმის ჩამწერ სტუდია Decca-სთან გააფორმა. წერს BBC. პიანისტმა, რომელმაც თავის პირველ კონცერტზე ოთხი წლის ასაკში დაუკრა, My Life In Music-ი გასულ წელს ჩაწერა, რომელშიც სერგეი რახმანინოვისა და ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებები შედის. მან პროექტს „დაუჯერებელი“ უწოდა. „ვის გაუგია, რომ ჩემი ასაკის პიანისტმა ალბომი შექმნა?", - ამბობს რუთ სლენცინსკა. მისი ალბომი კი 18 მარტს გამოვა. რუთ სლენცინსკა. რახმანინოვის უკანასკნელ ცოცხალ მოსწავლედ ითვლება.

პაატა იმნაძე: არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პაციენტისთვის, „ომიკრონი“ დაემართება თუ „დელტა“

ვერც ერთი ქვეყნის ტესტირების შესაძლებლობა ვერ ეყოფა „ომიკრონს“, განაცხადა NCDC-ის დირექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, ტესტს პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე ნუ გაიკეთებენ. „დღეს 60 000 კოვიდტესტი ჩატარდა ქვეყანაში. არ მგონია, ვერ გაუძლოს... რიგები ყველა ქვეყანაშია და შეიძლება, იყოს მაგრამ ტესტირების პრობლემა არ შეიქმნა, მარაგები არის. ვერც ერთი ქვეყნის ტესტირების შესაძლებლობა ვერ ეყოფა „ომიკრონს“. პირველივე სიმპტომებისას ნუ გავიკეთებთ ტესტს, გადავიდეთ იზოლაციაში და მეორე-მესამე დღეს ჩავიტაროთ ტესტი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პაციენტისთვის, „ომიკრონი“ დაემართება თუ „დელტა“. შეიძლება „დელტა“ დაემართოს და მსბუქად წავიდეს, შეიძლება - „ომიკრონით“ დაინფიცირდეს და მძიმედ დაავადდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ "ტვპირველის" ეთერში. კითხვაზე, შეიძლება პაციენტს აინტერსებს, რადგან მისი სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იცის, რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქია, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში ქვეყანას ვერ დაასახელებს ვერავინ, სადაც პაციენტის ინტერესის დაკმაყოფილებისთვის სეკვენირებას გაუკეთებენ, რომლის პასუხიც 5 დღის მერე იქნება და თითო ანალიზი 200 დოლარი დაჯდება. რაც შეეხება ესპანეთის მაგალითს, სადაც „ომიკრონს“ ჩვეულებრივ გრიპად განიხილავენ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ესპანეთში 85%-ია მოცვა ვაქცინაციის. „საქართველოში რომ 85% იყოს აცრილი, პირველი ვიტყოდი, რომ აღარ გვჭირდება შეზღუდვები. 40%-ია აცრილი, თუ დავამატებთ კოვიდგადატანილებს, სადღაც 70%-მდეა კორონავირუსისადმი იმუნური. ეს იმ ფონზე, როდესაც „ომიკრონი“ ემართება აცრილსაც და კოვიდგადატანილსაც. ორჯერ აცრილებში ის ძალიან მსუბუქად მიდის, სამჯერ აცრილებში 70%-მდე ადის დაცვა, თუ აცრილებს დაემართებათ, დაავადება მსუბუქად წავა. ამიტომ, თუ არ გვინდა, ზვავივით წამოვიდეს „ომიკრონი“, მაქსიმალურად უნდა ავიცრათ, ასევე გავიკეთოთ პირბადე, რომელიც ძალიან ეფექტურად იცავს „დელტასგან“, „ომიკრონისგან“ და გრიპისგანაც. ეს ბიზნესისთვისაც პრობლემა იქნება, ნიუ-იოკრში მეტრო გაჩერდა თანამშრომელთა ინფიცირების გამო. სამედიცინო პერსონალიც ხომ ცუდად გახდება, ექიმების 85% აცრილია, მაგრამ ექთნების 50% სამწუხაროდ არ არის აცრილი, კიდევ უფრო ცოტაა მოცვა დაბალ სამედიცინო პრესონალში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, აცრილები ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა რეანიმაციაში არ მოხვდება.

პაატა იმნაძე: ნაჭრის პირბადეები გადააგდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას ნაჭრის პირბადის გადაგდებას ურჩევს, რადგან ვირუსისგან ნაკლებად იცავს. NCDC-ის დირექტორის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, სამედიცინო პირბადე „სწორად გაიკეთონ“, განსაკუთრებით, „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე. „უნდა გაიკეთოთ სამედიცინო პირბადე როგორც ავადმყოფმა ასევე, ჯანმრთელმა - ორივემ, რადგან არავინ იცის, რომელი ხართ, დაავადებული“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ „ტვპირველის“ ეთერში. მისივე თქმით, აცრილი ადამიანი საავადმყოფოში თითქმის არ ხვდება. ამჟამად, საქართველოში პირბადის მოხმარების დაბალია და ის დაახლოებით 35%-მდეა.