ახალი ამბები

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში მიღების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვადები არ დაუდგენია

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტა, მაგრამ ვადები არ დაუდგენია. ამის შესახებ სტოლტენბერგმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინამ უკვე მოითხოვა გაწევრიანება და ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა მისი რეფორმების მხარდაჭერით, შეიარაღებული ძალების მოდერნიზების კუთხით, რათა NATO-ს სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ალიანსის კარი ღიაა. 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა არ გვითქვამს როდის მოხდება ეს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაერო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ. განცხადებას საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების ჯგუფი საქართველოში სინანულს გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. 2022 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი ცალკეული ინსტიტუტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულებათა სიის არსებითი გაფართოება გამოიწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების - დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელის საქართველოში მისიის დროს (2015 წ.) გაიცა რეკომენდაცია, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რომ არსებობს რისკი ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შესაძლოა, [სახელმწიფო ინსპექტორის] ამოცანა მეტისმეტად გაართულოს [თუკი] ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც არ შედიან წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ძირითად ჯგუფში... [მისი მანდატის ფარგლებში შევა]. გაერო მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე: პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს და გარკვეულ ისტერიკას პასუხი გაეცა

"ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან გარკვეულ ისტერიას პასუხი გაეცა იმით, რომ დისკუსიის მოსმენის შედეგად პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ამ პროცესის განმავლობაში გვესმოდა სხვადასხვა სახის კრიტიკა, მათ შორის, რატომ იყო დაჩქარებული პროცესი. ამასობაში გავიდა ბევრი დრო და იყო საკმაო დრო იმისთვის, რომ თუკი რაიმე კრიტიკული არგუმენტი არსებობდა, გამოთქმულიყო. ყველა არგუმენტი გამოითქვა, ყველა არგუმენტი გავცვალეთ. საბოლოო ჯამში, მშრალი ნაშთი დარჩა ის, რომ ყველა ვთანხმდებით, ინსტიტუციურად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და რაიმე არსებითი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. აქედან არის ნაკარნახევი პრეზიდენტის გადაწყვეტილება. პრეზიდენტმაც მოისმინა რა ყველა ეს მოსაზრება, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა ამ კანონს. აქედან გამომდინარე, მთიანად ამ პროცესს მათ შორის, გარკვეულ ისტერიას ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან, გაეცა პასუხი იმით, რომ პრეზიდენტმა ამ დისკუსიის მოსმენის შედეგად ხელი მოაწერა კანონს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ასევე წაიკითხეთ: ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა

კოვიდინფიცირებულებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, კონკრეტულ პორტალზე დარეგისტრირება შეეძლებათ

COVID19-თ ინფიცირებულ პაციენტებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, კონკრეტულ პორტალზე დარეგისტრირება შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თუ დაგიდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ - https://er.moh.gov.ge მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს. აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა“, - აცხადებენ უწყებაში. ამასთან, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

საფრანგეთმა უკრაინას Airbus ვერტმფრენები გადასცა

ორი ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთმა უკრაინას Airbus ვერტმფრენები გადასცა. საფრანგეთის რესპუბლიკასთან მთავრობათაშორისი შეთანხმების განხორციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინვესტიციო პროექტის განხორციელების ფარგლებში საავიაციო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო დაცვის ერთიანი სისტემის შესაქმნელად, უკრაინამ 55 ახალი მოდელის საფრენი აპარატი უნდა მიიღოს. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური 24 ახალ ვერტმფრენს მიიღებს. კონტრაქტის თანახმად, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს 2020 წლის იანვარში ვერტმფრენების პირველი პარტია გადაეცა.

აშშ-ის საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

აშშ-ის საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. ამის შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს! 2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა. ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია“,- წერს აშშ-ის საელჩო. ცნობისთვის, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სანქციების გამო „უფრო ძლიერი პასუხით“ იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა უფრო ძლიერი და მტკიცე პასუხით იმუქრება მას შემდე, რაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. თუ შეერთებული შტატები განაგრძობს ასეთ კონფრონტაციულ პოზიციებს, ჩრდილოეთ კორეა იძულებული იქნება, უფრო ძლიერი და მკაფიო რეაქცია გამოავლინოს, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი თქმით, ბოლო დროს ჰიპერბგერითი რაკეტების გაშვება თავდაცვითი ხასიათის იყო. 12 იანვარს აშშ-მ სანქციები დააწესა მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია Parsec-ისა და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული შვიდი პირის წინააღმდეგ. ამავე თემაზე: ენტონი ბლინკენი: ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდები სახიფათოა ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 864-მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 864-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 596 549 აცრა გაკეთდა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი უკრაინას ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკრაინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ალიევი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. გასული წლის დეკემბერში, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე, პრეზიდენტი ზელენსკი კიევში სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მისი წინადადების თანახმად, სამიტი თებერვალში აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების მონაწილეობით უნდა გაიმართოს. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში 2022 წლის დასაწყისში ჩავა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები განიხილეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართ, თავდაცვის სფეროში დახმარების გაწევის გზით“, - აღნიშნა კირბიმ. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, თავდაცვის მეთაურებმა გამოხატეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ და მზად არიან, „განაგრძონ მჭიდრო კოორდინაცია“.

უკრაინის სამინისტროებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინის სამინისტროებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდი არ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სამინისტროების ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. „კომპიუტერის ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და უარესის მოლოდინი გქონდეთ. ეს თქვენ თქვენი წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის, მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდებზე განხორციელდა.

ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია, რომ უზენაესმა სასამართლომ მსხვილი კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციაზე გადაწყვეტილება დაბლოკა

„იმედგაცრუებული ვარ, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, დაებლოკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნები მსხვილი კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომელიც ცალსახად ეფუძნებოდა როგორც მეცნიერებას, ასევე კანონს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის თქმით, ეს საგანგებო სტანდარტი დამსაქმებლებს საშუალებას აძლევდა, მოეთხოვათ ვაქცინაცია ან დაეშვათ ვაქცინაციაზე უარის თქმა, თუ თანამშრომლები კვირაში ერთხელ ტესტირებას გაივლიდნენ და სამსახურში პირბადეს გამოიყენებდნენ. ეს ძალიან მოკრძალებული ტვირთია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ახლა სახელმწიფოებმა და ცალკეულმა დამსაქმებლებმა უნდა განსაზღვრონ, გახადონ თუ არა მათი სამუშაო ადგილები მაქსიმალურად უსაფრთხო თანამშრომლებისთვის და იქნება თუ არა მათი ბიზნესი უსაფრთხო მომხმარებლებისთვის ამ პანდემიის დროს, თუ თანამშრომლებს მოსთხოვენ, მიიღონ მარტივი და ეფექტური ნაბიჯი ვაქცინაციის მისაღებად. „სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემს ადმინისტრაციას არ შეუძლია, გამოიყენოს კონგრესის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რომ მოითხოვოს ეს ზომა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, მხარი დავუჭირო დამსაქმებლებს, რომ დაიცვან ამერიკელების ჯანმრთელობა და ეკონომიკა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გააუქმა.

Meta ოფისის თანამშრომლებისგან „ბუსტერ“ დოზით აცრის მტკიცებულებას მოითხოვს

Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta აშშ-ის ოფისებში თანამშრომელთა დაბრუნების პროცესს აჭიანურებს. კომპანია „ბუსტერ“ დოზით აცრის დამადასტურებელ მტკიცებულებას ითხოვს და ამისთვის საჭირო საბოლოო თარიღად 28 მარტი განსაზღვრა. ჯენელ გეილმა, Meta-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ვიცე-თავმჯდომარემ CNN Business-ს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს თანამშრომლებს „მეტი დროს მიეცეთ, რათა აირჩიონ ის, რაც მათთვის საუკეთესოა“. Meta-ს თანამშრომლებმა ახლა 14 მარტამდე უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა - ოფისში, სრულ განაკვეთზე დისტანციურად თუ სახლიდან დროებით - კიდევ 3-5 თვით. ამ გადაწყვეტილებით, Meta ხდება ერთ-ერთი პირველი მსხვილი ამერიკული კორპორაცია, რომელიც მოითხოვს ოფისის თანამშრომლებისგან გამაძლიერებლი დოზის მტკიცებულებას „ომიკრონის„ სწრაფი გავრცელების ფონზე. ის უერთდება მთავრობების, კოლეჯების, უნივერსიტეტების და სხვა დამსაქმებლების მზარდ ჩამონათვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც აცხადებენ, რომ „ბუსტერ“ დოზა აუცილებელია მუშაობისთვის. ტენდენცია მალე შეიძლება უფრო ფართოდ გაგრძელდეს, რადგან ჯანდაცვის ოფიციალური პირები კამათობენ დეფინიციის - „სრულად ვაქცინირებული“ შეცვლაზე ორიდან სამ დოზამდე.

ჯო ბაიდენის მრჩეველი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შესაჭრელად ყალბი მიზეზი შექმნას

"რუსეთს შეუძლია შექმნას ყალბი მიზეზი უკრაინაში შესაჭრელად", – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველ ჯეიკ სალივანის განცხადებაში. „რუსეთი მუშაობს, რათა გააყალბოს საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის. რუსეთმა ამ ქმედებებისთვის „საფუძვლის ჩაყრა“ უკვე დაიწყო. ამისთვის იყენებს საბოტაჟს და საინფორმაციო ოპერაციებს, რომლის ფარგლებში, უკრაინას დასდებს ბრალს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ რუსულ ძალებზე თავდასხმაში“, - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი. შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებულ შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

თურქეთმა პირველი მინი სატელიტი კოსმოსში გაუშვა

თურქეთმა პირველი მინი სატელიტი კოსმოსში გაუშვა. Grizu-263A-მა პირველი სიგნალები წარმატებით გამოგზავნა. „პირველი სიგნალები წარმატებით მივიღეთ. ჩვენი თანამგზავრიდან Grizu-263A. ჩვენი თანამგზავრი ცოცხალია!!!“, - დაწერა Grizu-263-ს გუნდმა Twitter-ზე. Grizu-263 2016 წელს ბიულენთ ეჯევითის უნივერსიტეტის ინჟინერიის სტუდენტების მიერ თურქეთის ჩრდილოეთით დაარსდა და მიზნად ისახავს, იმუშაოს კოსმოსურ და თანამგზავრულ ტექნოლოგიებზე და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონკურსებში. გუნდს სახელი დაერქვა 1992 წელს კოზლუს რაიონში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც 263 მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა. სატელიტი ამერიკული აეროკოსმოსური კომპანიის SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით, კეიპ კანავერალიდან აშშ-ის ფლორიდის შტატიდან გაუშვეს. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს და კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა 18 დეკემბერს ვიდეოზარი გამართეს. მხარეებმა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ციფრულ ეკონომიკასა და თურქეთის ეროვნულ კოსმოსურ პროგრამაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ელექტრომობილებს, კოსმოსურ ტექნოლოგიებს, გრძელვადიან ინვესტიციებს და არსებული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელ ნაბიჯებს. ასევე ისაუბრეს თურქეთის საკომუნიკაციო თანამგზავრის Turksat 5B ორბიტაზე გაშვების პროცესზე. თურქეთმა იანვარში SpaceX-ის მეშვეობით კოსმოსში თანამგზავრი Turksat 5-A გაუშვა.

ენტონი ბლინკენი: ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდები სახიფათოა

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდები სახიფათოა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დაამატა, რომ ფხენიანს არ უპასუხია ვაშინგტონის არცერთ დიპლომატიურ შეთავაზებაზე. ბლინკენმა MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მკაფიოდ აჩვენა, მას არ აქვს მტრული ზრახვები ჩრდილოეთ კორეის მიმართ და მზად არის, მოლაპარაკება აწარმოოს წინაპირობების გარეშე. „რაკეტების გამოცდა დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებაა, საშიშია და ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. ვფიქრობ, ეს არის ჩრდილოეთ კორეა ყურადღების მიქცევას ცდილობს“, - აღნიშნა ბლინკენმა. ცნობისთვის, აშშ-მ ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე ინდივიდუალურ პირს სანქცია დაუწესა, ანალოგიური ზომა შეერთებულმა შტატებმა რუსი ინდივიდუალური პირების მიმართაც აამოქმედა, სარაკეტო გამოცდისადმი მხარდაჭერის გამო. ამავე თემაზე: ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

დანიაში რისკჯგუფებს კოვიდვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებენ

დანია კოვიდვაქცინის მეოთხე დოზას რისკჯგუფებსა და დაუცველ მოქალაქეებს შესთავაზებს. დანიის მოსახლეობის დაახლოებით 55% „ბუსტერ“ დოზით აცრილია. დანიის ჯანდაცვის მინისტრმა მაგნუს ჰეუნიკემ განაცხადა, რომ მეოთხე დოზით ყველაზე დაუცველი ჯგუფები, მათ შორის, იმუნიტეტ დაქვეითებულები აიცრებიან. ჰენიკემ არ დააკონკრეტა, როდის დაიწყებენ მეოთხე დოზის შეთავაზებას 5,8 მილიონიან ქვეყანაში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე ადრე „დელტა“ ვარიანტი, ის არანაკლებ საზიანოა. 16 იანვრის დასაწყისიდან დანია შეამსუბუქებს ზოგიერთ შეზღუდვას, რომელიც დაწესდა კოროვირუსზე, რადგან კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ ხელახლა გახსნიან კინოთეატრებს, გასართობ პარკებს, მუზეუმებსა და თეატრებს. ასევე დაიშვება მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა შიდა და გარე სპორტულ ღონისძიებებზე. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.

საქსტატი: 2021 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

2021 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 223.7 ლარი იყო, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 0.2 თეთრით შემცირდა, ჯამში კი 223.5 ლარი შეადგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. "სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. მისივე თქმით, სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი აქვს სამშობლო და მომავალი. „ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს. სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. იგი განასახიერებს ყველა ჩვენგანის საერთო მისწრაფებას, რომ ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის საფუძველზე ვაშენოთ თანამედროვე, განვითარებული, ძლიერი საქართველო. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს მსახურებას მიუძღვნა. ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ და გავაძლიერებთ იმას, რაც დიდი ბრძოლისა და შრომის ფასად მოვიპოვეთ - ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას“-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის,14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ გაუუქმა

ავსტრალიამ ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩს ზედიზედ მეორედ გააუქმა ვიზა. იმიგრაციის საკითხებში მინისტრის ალექს ჰოუკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩს ახლა დეპორტაცია ემუქრება. თუმცა სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. ჯოკოვიჩს ვიზა პირველად მელბურნში ჩასვლისთანავე გაუუქმდა, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან „ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება“, რომელიც ვაქცინაციისგან გაათავისუფლებდა. ჩოგბურთელმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო ცენტრში, სასტუმროში გაატარა. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მესაზღვრეებმა პროცედურები უგულვებელყვეს. ამავე თემაზე: სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ იზოლაციის წესები დაარღვია