ახალი ამბები
"გვინდა, მომზადებულები დავხვდეთ ანაკლიის პორტის პროექტს“ — Zet Trans Group-მა 100 ახალი ვაგონი შეიძინა
Zet Trans Group-მა „თიბისის“ პარტნიორობით მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა და 100 ერთეული ახალი ვაგონი შეიძინა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს და ის სრულად ბანკმა დააფინანსა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსი ნიკოლაიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, სავაგონო პარკის ოპერირება რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო. გადაწყვეტილების მიზეზი კი, რეგიონში არსებული ვაგონების დეფიციტი გახდა, რაც ბათუმის ტერმინალში ტვირთის მოწოდების შეფერხების რისკებს აჩენდა. „ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ეს არის პრეცედენტი, როდესაც კერძო კომპანიამ შეიძინა სავაგონო პარკი, ამ მოცულობის ინვესტიცია განახორციელა და დღეს თავად ფლობს მას. ფაქტობრივად, რამდენიმე თვეა, რაც ამ პარკის ოპერირება დავიწყეთ. შევიძინეთ 100 ერთეული ხოპერ ვაგონი, რომლებსაც კარბამიდის გადასაზიდად ვიყენებთ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვფლობთ ტერმინალს ბათუმში და ლოგისტიკურ მომსახურებას ვუწევთ თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით მომავალ ტვირთებს. როდესაც შევამჩნიეთ, რომ რეგიონში ვაგონების დეფიციტი იყო რასაც შესაძლოა, ბათუმის ტერმინალში ტვირთის მოწოდების შეფერხება გამოეწვია, გადავწყვიტეთ, საკუთარ სავაგონო პარკზე გვეზრუნა და „თიბისისთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა. დღეს უკვე ვფლობთ 100 ვაგონს, რომლებსაც არსებული ტვირთის ბათუმის ტერმინალში გადმოსაზიდად ვიყენებთ, რაც დღევანდელ მდგომარეობას, ვაგონების დეფიციტის კუთხით საგრძნობლად გვიმსუბუქებს. ჯამში, დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ჩვენი უმთავრესი პარტნიორი, ამ ვაგონებთან დაკავშირებით, არის აზერბაიჯანული კომპანია SOCAR, რომლის ექსკლუზიური გადამზიდავებიც ვართ. შესაბამისად, ვცდილობთ, ეს პარტნიორული ურთიერთობები უფრო გავამყაროთ და მათ სხვადასხვა სერვისს ვთავაზობთ. ამჟამად მათი ტვირთი ჩვენივე ვაგონებით მოგვაქვს, ჩვენსავე ტერმინალში ვასაწყობებთ, შემდგომ კი, უკვე მესამე ქვეყნებისკენ დანიშნულებისამებრ ვტვირთავთ. აქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი ის არის, რომ რეგიონში არსებული მოძველებული ტიპის ვაგონებისგან განსხვავებით, რომლებითაც აქამდე ვმუშაობდით, ეს ახალი ვაგონები დაახლოებით 10 ტონით მეტი ტვირთის გადაზიდვის საშუალებას გვაძლევს," - განაცხადა ალექსი ნიკოლაიშვილმა. Zet Trans Group სამომავლო გეგმებს ანაკლიის პორტის პროექტსა და „შუა დერეფნის“ განვითარებას უკავშირებს. ალექსი ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტი სწორედ რეგიონში მზარდ სატრანზიტო პოტენციალს უკავშირდება. მისი განმარტებით, „შუა დერეფნის“ კორიდორში არსებულმა რეალურმა დეფიციტმა, რასაც შესაძლოა ტვირთების უწყვეტობის შეფერხება გამოეწვია, კომპანიას საკუთარი სავაგონო პარკის შექმნისკენ უბიძგა. „თიბისისთან“ ერთად პროექტზე მუშაობა 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი ვაგონები უკვე საქართველოში შემოვიდა და აპრილიდან ოპერირებაც დაიწყო. ახალი ვაგონები აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე თვეში დაახლოებით 4 ბრუნს ასწრებს, რაც თვის ჭრილში 20 000-დან 30 000 ტონამდე ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს. კომპანიაში გეგმავენ, რომ ეს მოცულობები კიდევ გაზარდონ. „როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ ინტერესი და განხილვები უპრეცედენტოდ არის გაზრდილი. სახელმწიფოს მიდგომაც ნათელია, ჩვენც კარგად ვაცნობიერებთ ამას და გვსურს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ პროცესებს, რადგან გვესმის, თუ რას ნიშნავს ანაკლიის პორტი სტრატეგიულად ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და ზოგადად, ბიზნესისთვის. ამგვარი პროექტებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი ასეთი ფორმა სავაგონო პარკის შექმნა, მისი გაფართოება და რაც მთავარია, მაღალხარისხიანი ვაგონებით უზრუნველყოფაა, რადგან დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სერვისს და მის ხარისხს ენიჭება. ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს უკვე ვიწყებთ. გვინდა, მაქსიმალურად მომზადებულები დავხვდეთ ანაკლიის პროექტს. სწორედ „შუა დერეფნის“ პროექტმა გაგვიჩინა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა შეგვექმნა დამატებითი სავაგონო პარკი საკუთრებაში. ეს გამოწვეული იყო ბაზარზე არსებული რეალური დეფიციტით, რაც მომავალში ხელს შეუშლიდა ტვირთების უწყვეტ გადაზიდვას ჩვენი ტერმინალის მიმართულებით. ამ პროექტზე მუშაობა „თიბისისთან“ ერთად 2025 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ. მოვახერხეთ, რომ გაზაფხულზე ვაგონები უკვე საქართველოში მივიღეთ. ეს ვაგონები თვის ჭრილში აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე დაახლოებით ოთხ ბრუნს ასწრებს, რაც მოცულობებით თვეში 30 000 ტონამდე ტვირთს შეადგენს. ეს ნამდვილად კარგი შედეგია," - ამბობს Zet Trans-ის დამფუძნებელი.
NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით, საზღვაო-სამხედრო სწავლება Sea Breeze 26-2 იმართება
საზღვო წვრთნები „Sea Breeze 26-2“ გაიხსნა. აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, წვრთნები დღეს პორტლენდში, დიდ ბრიტანეთში დაიწყო და 24 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნებში ჩაერთვებიან ბულგარეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, საბერძნეთის, იაპონიის, ლატვიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, NATO-ს მოკავშირეთა საზღვაო სარდლობის (NATOMARCOM), უკრაინის წარმომადგენლები, ასევე, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საზღვაო ძალები. Sea Breeze 26-ის მეორე სწავლება ნაღმების საწინააღმდეგო ღონისძიებებზეა ორიენტირებული. მონაწილე ძალები ნაღმების საწინააღმდეგო გემების, ასაფეთქებელი ნივთიერებების განადგურების ჯგუფების, ჩაყვინთვისა და სამაშველო ოპერაციების, უპილოტო წყალქვეშა მანქანებისა და უპილოტო ზედაპირული გემების გამოყენებით ნაღმების მოძიების ოპერაციებს ჩაატარებენ. Sea Breeze 26-2 NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებს შავი ზღვის რეგიონში თავსებადობისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ეს მოიცავს საშტაბო დაგეგმვაs, ტაქტიკურ შესრულებას, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მრავალფეროვანი სისტემებისა და შესაძლებლობების ინტეგრირებაზე რთულ, მრავალდომენიან გარემოში. წელს, წვრთნები „Sea Breeze 2026“ ორ ეტაპად ტარდება: „Sea Breeze 26-1“ და „26-2“. „Sea Breeze 26-1-ს“ რუმინეთმა ბაბადაგის საწვრთნელ ბაზასა და დუნაის დელტას მიდამოებში, 2026 წლის 3-19 ივნისს უმასპინძლა. ცნობისთვის, ყოველწლიური მრავალეროვნული საზღვაო-სამხედრო სწავლება Sea Breeze აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის (U.S. Navy Sixth Fleet – SIXTHFLT) ხელმძღვანელობით ტარდება. მისი მიზანია მონაწილეთა შორის თავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერება. სწავლების დროს ჩატარებული ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციები (მოიცავს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების მიერ ნაღმების აღმოჩენის ოპერაციებს, ასაფეთქებელი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფას (Explosive Ordnance Disposal – EOD), წყალქვეშა სამუშაოებსა და სამაშველო ოპერაციებს, უეკიპაჟო წყალქვეშა და საზღვაო კატარღების გამოყენებას. Sea Breeze აერთიანებს NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სარდლობისა და კონტროლის, ასევე უსაფრთხოების ოპერაციების ერთობლივად ჩასატარებლად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნაღმსაწინააღმდეგო და წყალქვეშა ოპერაციების მიმართულებებს.
უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ლაზიზ კუდრატოვი, ტრანსპორტის მინისტრი ილხომ მახკამოვი Wondernet-ს ეწვივნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ლაზიზ კუდრატოვი, ტრანსპორტის მინისტრი — ილხომ მახკამოვი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე Wondernet-ს ეწვიენ. სტუმრებმა სასუქების ტერმინალი დაათვალიერეს და მის სამუშაო პროცესს გაეცნენ. ცნობისთვის, 2021 წლის 11 ივნისს, ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ბაზართან აკავშირებს. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია ამერიკული გიგანტი Trammo, რომლის მიერ განხორციელებული პროექტიც აჭარაში პირველ მსხვილ ამერიკულ პირდაპირ ინვესტიციას წარმოადგენს. მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი წარმოადგენს სტრატეგიული ლოგისტიკური კვანძია, რომელიც შუა დერეფნის (Middle Corridor) სატრანზიტო მარშრუტის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ტერმინალი წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი არის უმსხვილესი პროექტი, რომელიც აშშ-ის, უზბეკეთისა და საქართველოს პარტნიორობის სიმბიოზია.
საქართველოსა და არგენტინას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. დოკუმენტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეებს უფლება ექნებათ, დანიშნონ ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების შესასრულებლად, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, განახორციელონ რეისები საქართველოსა და არგენტინის ნებისმიერ პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. „მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიების მიერ ზიარი კოდის (საჰაერო ხაზების ერთობლივი გამოყენების) შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე მხარის ავიაგადამყვანებთან. გრძელ დისტანციებზე ფრენების სპეციფიკიდან გამომდინარე, ზიარი კოდის აღნიშნული მოდელი მხარეთა ავიაკომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირი რეისების გარეშე, პარტნიორი (ტრანზიტული) ავიაგადამყვანების მეშვეობით შესთავაზონ მგზავრებს მოქნილი ფრენები და ერთიანი ავიაბილეთები ორ ქვეყანას შორის. საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი პასუხობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტის გლობალურ ლიბერალიზაციას, ბაზრების გახსნასა და ქვეყნებს შორის გეოგრაფიული დაკავშირებადობის გაზრდას ითვალისწინებს. მსგავსი მემორანდუმების გაფორმება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შექმნას მოქნილი სამართლებრივი ბაზა შორეული რეგიონების ბაზრებზე პოზიციონირებისა და სამომავლო ეკონომიკური თუ ტურისტული კავშირების გაღრმავებისთვის,“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკი: უკრაინამ თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დაიწყო და სწრაფად მივიწევთ წინ
უკრაინამ თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორივე ქვეყანას მადლობა გადაუხადა. „ნამდვილად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მოდით, თუ შეიძლება, დეტალების გარეშე, მაგრამ საკმაოდ სწრაფად მივიწევთ წინ. მადლობას ვუხდი ლიდერებს და მადლობას ვუხდი ქვეყნებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
რა წერია NATO-ს სამიტის დეკლარაციაში
NATO-ს სამიტის დეკლარაციის მიღებით ალიანსი „კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლის მიმართ ურყევ ერთგულებას ადასტურებს.“ „ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური სიძლიერე ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძვლად რჩება,“ - ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც ანკარაში მიიღეს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მოკავშირეები ახალი სამხედრო მარაგების შესაძენად 50 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ და კოლექტიური წარმოების გაფართოების ვალდებულებას იღებენ. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში სავაჭრო ბარიერების აღმოსაფხვრელად. ჩვენ მომავალს ვაშენებთ: უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში — მოდერნიზებულ ალიანსს. ევროპელი მოკავშირეები და კანადა, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, ალიანსის თავდაცვაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებენ,“ - წერია ანკარის სამიტის დეკლარაციაში. „ჩვენ ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ ჩვენი საბრძოლო უპირატესობა. ჩვენ ინვესტიციებს ვახდენთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განლაგების, შესაძლებლობების გაზრდისა და შენარჩუნების, ჩვენი შესაძლებლობების მიზნების მისაღწევად, ყველა სფეროში, მათ შორის ღრმა სიზუსტის დარტყმებში, ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში, უპილოტო სისტემებში, უახლეს ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო შესაძლებლობებში. ჩვენ ვავითარებთ თავსებად ტრანსატლანტიკურ მოდელს და ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის ძლიერ მოდელებს. მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეს. „მოკავშირეები ირანს მოუწოდებენ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებას პატივი სრულად სცეს,“ - აღნიშნულია დეკლარაციაში. უკრაინა ანკარის სამიტზე NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერა. ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მიერ შექმნილი გრძელვადიანი საფრთხის, ასევე, ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად ალიანსის წევრი ქვეყნები ჰააგაში აღებულ თავდაცვის ვალდებულებებს ასრულებენ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინა ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და მოკავშირეები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას. „უკრაინას წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერაში მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. დეკლარაციის თანახმად, ევროპელი მოკავშირეები და კანადა ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების დიდ ნაწილს ორმხრივი და მრავალმხრივი საშუალებებით აფინანსებენ. „მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი უნდა იყოს. 2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნის უზრუნველყოფის პირობას დებენ და ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებებს, რომ 2027 წელსაც შეინარჩუნებენ სულ მცირე იმავე დონის მხარდაჭერას. ამ მიზნით, მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ მეშვეობით, უკრაინისთვის მრავალწლიანი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია დეკლარაციაში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ ანკარაში სამიტმა კონკრეტული შედეგები გამოიღო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების კუთხით, პირველ რიგში ბალისტიკური რაკეტებისგან თავაცვაში. სიბიჰას თქმით, პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტი იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება. „ჩვენი საჰაერო თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად ანტიბალისტიკური შესაძლებლობების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია,“ - განაცხადა სიბიჰამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნებთან, რომლებიც ფლობენ PAC-3 რაკეტებს Patriot-ის სარაკეტო სისტემებისთვის, რათა დააჩქარონ მათი კიევისთვის გადაცემა. გარდა ამისა, განიხილება უკრაინაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შიდა წარმოების შექმნა. სიბიჰას თქმით, უკვე არსებობს გაგება, თუ როგორ დასრულდეს ეს პროექტი მოკავშირეების მხარდაჭერით. დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში განაცხადა, რომ აშშ გეგმავს უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭებას. მისი თქმით, აშშ უკრაინას "აჩვენებს, როგორ აწარმოოს ისინი." თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სამიტის პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად ერთგული რჩება ალიანსის. რუტემ ასევე მოუწოდა რუსეთს და ვლადიმერ პუტინს, ნუ ეთამაშებიან ალიანსს. რუტემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება, იყოს მისი გზავნილი რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ. „ჩემი გზავნილია, რომ ეს ალიანსი, რომელიც შედგება ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები მილიარდი ადამიანისგან, დაიცავს ჩვენი ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. თქვენ ვერ დაამარცხებთ NATO-ს. ჩვენ თავდაცვითი ხასიათის ადამიანები ვართ, ჩვენ არასდროს არავის დავესხმებით თავს. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს დემოკრატიებს, ჩვენს ტერიტორიას დავიცავთ. ასე რომ, ნუ გვეთამაშებით,“ - აღნიშნა რუტემ. შეგახსენებთ, რომ თურქეთმა 7-8 ივლისს NATO-ს სამიტს უმასპინძლა.
აშშ-მ ირანზე იერიში მიიტანა
აშშ აცხადებს, რომ ირანზე დარტყმების მეორე ღამეს 90 სამიზნეს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „აშშ-ის ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ დაახლოებით 90 ირანულ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო სათვალთვალო აქტივებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, საზღვაო შესაძლებლობებსა და სამხედრო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას,“ - წერს CENTCOM-ი X-ზე. მათი განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო „კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობები თავს დაესხას კომერციულ გემებსა და უდანაშაულო მშვიდობიან მეზღვაურებს ჰორმუზის სრუტეში.“ ირანული მედია იუწყება, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ქვეყნის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარე რაიონებში და რომ დარტყმები ირანის მიერ კონტროლირებად სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძულებზე განხორციელდა - ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი ღამის განმავლობაში 14 ადამიანი დაიღუპა. თეირანი აცხადებს, რომ მან კატარში, ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმა განახორციელა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები „გაცილებით გაძლიერდება“, თუ თეირანი გემებზე იერიშებს განაგრძობს. „ჩვენ ძალიან მძიმედ დავარტყით მათ. ვიტყოდი, 20-ჯერ ძლიერად დავარტყით. ეს გუშინდელი ღამის საპასუხო ნაბიჯი იყო. სინამდვილეში, მათ სამ გემს დაარტყეს, არა ორს. როცა ისინი გვარტყამენ, ჩვენ უფრო ძლიერად ვპასუხობთ,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას თეირანიდან დაუკავშირდნენ და შეთანხმების დადება შესთავაზეს. „ცოტა ხნის წინ დამირეკეს, ძალიან სურთ შეთანხმების დადება. უბრალოდ, არ ვიცი, ღირსები არიან თუ არა შეთანხმების. არ ვიცი, პატივს სცემენ თუ არა შეთანხმებას, პრობლემა სწორედ ეს არის,“ – განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპის თქმით, სამხედრო გამარჯვება უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე NATO-ს ქვეყნების დახმარება აღარ სჭირდება. „ბევრი რამ ირანზეა დამოკიდებული. NATO-ს ქვეყნებს ახლა უნდათ დახმარება, მაგრამ ეს ცოტა გვიანია. საბრძოლველი აღარაფერია დარჩენილი. ოდესღაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაგვხმარებოდნენ, მაგრამ არ აირჩიეს ეს გზა. ჩვენ კი ამის დავიწყებას ვცდილობთ. ახლა კი ყველას უნდა დახმარება ირანის საკითხში. დახმარება არ გვჭირდება. წვრილმანებია, თუმცა დახმარება საჭირო არ არის,“ – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზია მიანიჭოს. „პატარა ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ. ვაჩვენებთ, თუ როგორ აწარმოონ,“ - განაცხადა ტრამპმა საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე საუბრისას. როგორია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მისეული ხედვა. ტრამპმა მედიის ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინსაც სურს ომის დასრულება და უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი. როდესაც საუბრობდა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის სურვილი გამოთქვა, ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, წავა თუ არა ის მოსკოვში. „ეს საშიშია, იქ ძალიან ბევრი უკრაინული დრონია“, უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა. ტრამპი დაეთანხმა, რომ მოსკოვში ვიზიტი რთული იქნებოდა. დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. აშშ-ის პრეზიდენტი დაეთანხმა იმ აზრს, რომ უკრაინის სამხედროების მიერ რუსეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ, შორი დისტანციის დარტყმები ომის დასრულებას დააჩქარებს. „ეს ესკალაციაა, მაგრამ ესკალაცია, რომელმაც შეიძლება, ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს,“ - აღნიშნა ტრამპმა. მსგავსი აზრი გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მას სჯერა, სამშვიდობო მოლაპარაკების პირობები შეიძლება, უკრაინისთვის უკეთესობისკენ შეიცვალოს.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ამერიკულ პარტნიორებთან ერთად, „მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის ოფიციალურ სპიკერად შეარჩია
საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ამერიკულ პარტნიორებთან ერთად, „მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი კამპანიის ოფიციალურ სპიკერად შეარჩია. კამპანიის ფარგლებში სწორედ ვლადიმერ კუბლაშვილი წარმოადგენს ქართულ ღვინოს ამერიკულ მედიასთან ინტერვიუებსა და სხვადასხვა საკომუნიკაციო აქტივობაში. როგორც ვლადიმერ კუბლაშვილმა Europetime-თან განაცხადა, ეს მისთვის დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და აღიარებაა იმ მრავალწლიანი შრომის, რომელსაც „მეღვინეობა ხარება“, მისი დამფუძნებლები და მთელი გუნდი 1995 წლიდან სწევენ. „საქართველოში ღვინო მხოლოდ წარსულის დიდებული ისტორია არ არის. ჩვენ ღვინის სამშობლო დღესაც ვართ — ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, უნიკალური მეღვინეობის კულტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით. მეამაყება,რომ უკვე 20 წელია, „მეღვინეობა ხარებაში“ ვმუშაობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ხარებას“ ღვინო ქართული ღვინის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია საერთაშორისო ბაზარზე. ვფიქრობ, როდესაც ვამბობთ — „საქართველო ღვინის სამშობლოა“, „მეღვინეობა ხარება“ ამ ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი და ქართული ღვინის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია,“ – ამბობს ვლადიმერ კუბლაშვილი. ვლადიმერ კუბლაშვილი არის “მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი, ენოლოგი, ღვინის ინდრუსტრიის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, WSET 4 დიპლომის კანდიდატი, საერთაშორისო ღვინის მსაჯი, სპიკერი და ასევე ქართული ღვინისა და “მეღვინეობა ხარებას“ აქტიური ელჩი საერთაშორისო ასპარეზზე.
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს. მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.
ტრამპი: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, კიბო ადრეულ ეტაპზევე უნდა ამოკვეთო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. კითხვას, ღამით აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა თუ არა, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ირანთან საქმის დაჭერა აღარ სურს. „ეს საინტერესო შეკითხვაა. ვფიქრობ, ის დასრულდა. მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს. ჩემი აზრით, მათთან ურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა,“ - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა გუშინ ღამით „ძალიან ძლიერი შეტევა განახორციელეს.“ „მე მათ ვუთხარი, როცა დარტყმას განახორციელებთ, ჩვენ საპასუხოდ დაგარტყამთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ბინძური მოთამაშეები არიან და ყველას თავს ესხმიან. მე ისინი არ მომწონს. ისინი ბოროტი და ავადმყოფი ადამიანები არიან. ისინი კიბო არიან და იცით, რა უნდა გააკეთოთ? კიბო ადრეულ ეტაპზევე უნდა ამოკვეთოთ“, - განაცხადა ტრამპმა.
რუტე: ჩემი გზავნილი პუტინისთვის ასეთია, NATO-ს ვერ დაამარცხებთ, ნუ გვეთამაშებით
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში, სამიტის პლენარული სხდომის გახსნამდე მოუწოდა რუსეთს და ვლადიმერ პუტინს, ნუ ეთამაშებიან ალიანსს. რუტემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება, იყოს მისი გზავნილი რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ. „ჩემი გზავნილია, რომ ეს ალიანსი, რომელიც შედგება ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები მილიარდი ადამიანისგან, დაიცავს ჩვენი ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. თქვენ ვერ დაამარცხებთ NATO-ს. ჩვენ თავდაცვითი ხასიათის ადამიანები ვართ, ჩვენ არასდროს არავის დავესხმებით თავს. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს დემოკრატიებს, ჩვენს ტერიტორიას დავიცავთ. ასე რომ, ნუ გვეთამაშებით,“ - აღნიშნა რუტემ.
თურქეთი NATO-ს სამიტს მასპინძლობს
ანკარაში 2026 წლის NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოს, პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერები ორდღიან მოლაპარაკებებს გამართავენ — განიხილავენ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას. პირველი დღე ალიანსის თავდაცვის წარმოებისა და სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული ინიციატივებით იყო დატვირთული. გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ახალი მრავალეროვნული ინიციატივების სერის შესახებ გამოაცხადა, მათ შორის მოკავშირეები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 40 მილიარდ დოლარზე მეტს ჩადებენ დრონების განვითარებასა და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობებში. ლიდერები ასევე ყურადღებას ამახვილებენ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, სამხედრო წარმოების დაჩქარებაზე, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე და უფრო ფართო უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაზე, ახლო აღმოსავლეთიდან კიბერ საფრთხეებამდე და ხელოვნურ ინტელექტამდე. სამიტის ფარგლებში მიმდინარე თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა, რომ ალიანსი ასევე შეიძენს ხუთამდე Northrop Grumman MQ-4C Triton -ის მაღალი სიმაღლის სათვალთვალო დრონს. შესყიდვის განზრახვასთან დაკავშირებულ წერილს კი ხელს ნორვეგია, ფინეთი, გერმანია და დანია მოაწერენ. ალიანსის ოთხმა ქვეყანამ — გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, ფინეთმა და პოლონეთმა თავის მხრივ, გაავრცელეს ერთობლივი განცხადება „თავდაცვის მრავალმხრივი მექანიზმის“ (MDM) განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაზე. „უსაფრთხოების საერთაშორისო გარემოს დინამიკური ცვლილებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგების ფონზე, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მზად ვიყოთ მომავალი საფრთხეებისთვის. კვლავაც მხარს ვუჭერთ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვასა და რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში,“ - ნათქვამია განცხადებაში. MDM დაფინანსების ინოვაციური მოდელია, რომლის ამოცანაა თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდა, ერთობლივი შესყიდვების წახალისება და თავდაცვის კრიტიკულ საშუალებებზე მოთხოვნის გაზრდა, რისი საბოლოო მიზანიც არის მსგავსი მიდგომების მქონე მოკავშირეების სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილება. 7-8 ივლისს, ანკარაში იმართება NATO-ს სამიტი, რომელზეც მთავარი საკითხები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა და ევროპელი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. ამ მიზნების უმთავრესი კომპონენტი სამხედრო მრეწველობის გაზრდაა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთშია. აეროპორტში მას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დახვდა. დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს. ტრამპმა ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ NATO-ს სამიტს გამოტოვებდა, ის თურქეთში რომ არ ჩატარებულიყო. აშშ-ის პრეზიდენტი დღეს საღამოს დაგეგმილ NATO-ს ლიდერების ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას. მან ერდოღანს ძალიან ძლიერი ლიდერი უწოდა. მანვე აღნიშნა. რომ ვაშინგტონი ანკარისგან მეტ მხარდაჭერას იღებს, ვიდრე ნატოს სხვა პარტნიორებისგან. ამერიკელი ლიდერის თქმით, თურქეთი აშშ-ს უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც ამერიკის ტრადიციულ მოკავშირეებად ითვლებიან. დღესვე თურქეთში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მოსალოდნელია, რომ NATO-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. „ომი ფუნდამენტურად შეიცვალა. დღეს დრონები და დისტანციურად ბრძოლის ტექნოლოგია წარმოადგენს რევოლუციურ ცვლილებას ომის ტექნოლოგიაში. ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 რუს ჯარისკაცს ვანადგურებთ. წარმოიდგინეთ მასშტაბები. მხოლოდ ივნისში, თითქმის 28 000 რუსი ჯარისკაცი განადგურდა და ჩვენ გვაქვს ვიდეო დადასტურება თითოეული მათგანისთვის. აბსოლუტური უმრავლესობის ლიკვიდაცია დრონებით განხორციელდა და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ამით არ ვამაყობთ. განვიხილავთ ამას, რათა ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება თანამედროვე ომი, ომი, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ იძულებულები ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების დასაცავად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინულმა დრონებმა გაარღვიეს რუსეთის თავდაცვა და დაარტყეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ციმბირში. „მე მაქვს თქვენთან კითხვა. მართლა მიგაჩნიათ, რომ სწორი იქნება NATO-ს გარეთ დარჩეს ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ამ დონის თავდაცვითი შესაძლებლობები აქვს? თუ ჩვენ უკვე გვაქვს ეს შესაძლებლობები, თუ უკრაინელებმა უკვე იციან, როგორ იბრძოლონ ასე, მაშინ ლოგიკურია, რომ ეს შესაძლებლობები ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი გახდეს. ეს ყველას გაგვაძლიერებდა. ჩვენ უკვე ვხედავთ ერთმანეთს, როგორც საიმედო პარტნიორებს და ბუნებრივი იქნება, რომ გავხდეთ უსაფრთხოების ერთიანი საზოგადოების ნაწილი. NATO-ში უკრაინა არაჩვეულებრივი თავდაცვითი შესაძლებლობების წყაროა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ტრამპმა 6 ივლისს, თეთრ სახლში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ანკარაში, NATO-ს სამიტზე განიხილავს.
მადიარი: საზოგადოებრივი მედიის პლატფორმებზე პროპაგანდის ეპოქა სამუდამოდ დასრულდა
უნგრეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამშაბათს მაუწყებლობა შეწყვიტა. ეთერში შავ ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: „საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს გიხდით, რომ ამას ვაკეთებდით! საზოგადოებრივი მედია ამჟამად ტრანსფორმაციის პროცესშია, რათა მომავალში ის სანდო დარჩეს. დამოუკიდებელი საინფორმაციო სამსახურების მუშაობა დროებით შეჩერებულია. გთხოვთ, დარჩით ჩვენთან!“ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ახალმა მთავრობამ დროებითი ხელმძღვანელობა დანიშნა და სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებსაც ვიქტორ ორბანის ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკაში ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ამ დღეს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში „საზოგადოებრივი მედიის პლატფორმებზე პროპაგანდის ეპოქა სამუდამოდ დასრულდა.“
Reuters: რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული დრონის დარტყმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული დრონის დარტყმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. კერძოდ, საუბარია ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ღრმად, ციმბირში მდებარეობს — ეს ომის განმავლობაში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე შორი მანძილის თავდასხმაა. გამოცემის ცნობით, ქარხნის მუშაობის შეჩერება, რომელიც რუსეთში ბენზინის ყველაზე დიდი მწარმოებელია, სავარაუდოდ, მთელ ქვეყანაში გაამწვავებს საწვავის დეფიციტს. „ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტები ორშაბათს თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან. ახლა დაზიანებების შეფასება მიმდინარეობს, შესაბამისმა სამსახურებმა აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება მოახდინეს,“ - განაცხადა ციმბირში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ანატოლი სერიშევმა.
უზბეკეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაში ერთობლივი ფლოტის შექმნას გეგმავენ
უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ხურამ ტეშაბაევმა განაცხადა, რომ უზბეკეთი კასპიის ზღვაზე ერთობლივი ფლოტისა და ერთობლივი საწარმოს შექმნას გეგმავს. კერძოდ, საუბარია სს „უზტემირიულკარგო“ და აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვების კომპანია (ASCO) შორის მოსალოდნენ შეთანხმება. „ეს ინიციატივები გააუმჯობესებს მულტიმოდალური ტრანსპორტის ეფექტიანობას, მიწოდების ჯაჭვებს უფრო მდგრადს გახდის და ექსპორტიორებისთვის ლოგისტიკურ ხარჯებს შეამცირებს,“ - აღნიშნა ტეშაბაევმა. მისი თქმით, აზერბაიჯანელ პარტნიორებთან მუშაობა გრძელდება შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. კერძოდ, განიხილება უზბეკი ექსპორტიორებისთვის დამატებითი დახმარების ზომები, მათ შორის ტვირთის გადაზიდვაზე ფასდაკლებები, ყოვლისმომცველი სატარიფო გადაწყვეტილებების დანერგვა, ლოგისტიკური პროცედურების ოპტიმიზაცია და კონტეინერიზებული და საექსპორტო ტვირთებისთვის პრიორიტეტული მომსახურების უზრუნველყოფა. „ბაქოს პორტი უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უზბეკური ექსპორტისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფაში შუა დერეფნის მეშვეობით და რეგიონის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად იქცა სატრანზიტო კავშირის გასაძლიერებლად. ჩვენ დიდად ვაფასებთ მისი ინფრასტრუქტურის ეფექტურობას უზბეკი ექსპორტიორებისთვის. ბოლო წლებში, ამ მარშრუტზე ტვირთების მოცულობა სტაბილურად გაიზარდა, ექსპორტირებული საქონლის ასორტიმენტი გაფართოვდა და ჩვენი ორი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ოპერატორებს შორის თანამშრომლობა კვლავ გაღრმავდა,“ - აღნიშნა ტეშაბაევმა.
ფაშინიანი რუსეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა, რაც მისი პირველი ვიზიტია 7 ივნისს სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში სახელწოდებით „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“, რომელიც ეკატერინბურგში, სამრეწველო გამოფენის ფარგლებში გაიმართება. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ეკატერინბურგში უკვე გამართა შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანთან. „მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის მთავრობამ გააგრძელოს რუსეთიდან ინვესტორების საქმიანობისთვის კომფორტული რეჟიმის შექმნა და უზრუნველყოს მათი უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვა,“ - განაცხადა მიშუსტინმა საუბრისას. თავის მხრივ, ფაშინიანი იმედოვნებს, რომ რუსულ მხარესთან განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებში დაგროვილ პრობლემურ საკითხებს და იპოვის მათი გადაჭრის გზებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, დეტალურად განიხილონ სომხურ-რუსული დღის წესრიგის მთელი სპექტრი. „ბოლო დროს გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ განვიხილავთ და მოვაგვარებთ მათ. როგორც [საპარლამენტო] არჩევნებამდე, ასევე [სომხეთში 7 ივნისს], ჩვენ [ანუ სომხეთი] მტკიცედ ვართ მოწადინებულნი, გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარება რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ ასევე დაინტერესებულნი ვართ სომხეთის შემდგომი მონაწილეობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში [(EAEU)] და იმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს EAEU-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმების ნორმალურ რეჟიმში მუშაობა. მე მჯერა, რომ ეს კავშირის შემდგომი განვითარების ინტერესებშია,“ - განაცხაადა ფაშინიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ინარჩუნებს კონსტრუქციულ დამოკიდებულებას და მზადაა არსებითად განიხილოს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა არსებული საკითხი და ნიუანსი. „ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ შევძლებთ კონკრეტული საკითხების მოგვარებას,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 8 მაისიდან იკავებს. 2018 წლიდან 2026 წლამდე ის რუსეთს 32-ჯერ ეწვია. ფაშინიანი: ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა მკაფიოდ უნდა უპასუხოს შეკითხვას — არსებობს თუ არა ორგანიზაცია
სომხეთში, ბიზნესმენი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს
ბიზნესმენი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი მასშტაბური თაღლითობის ორგანიზებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ეკონომიკური დანაშაულებისა და კონტრაბანდის გამოძიების მთავარი დეპარტამენტის მიერ წარმოებული ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ 2022-დან 2024 წლამდე რამდენიმე პირმა გაგიკ წარუკიანის ორგანიზებით, სავარაუდოდ, მასშტაბური თაღლითობა ჩაიდინა და დიდი რაოდენობით ფული გაათეთრა. გამოძიების თანახმად, წარუკიანის ხელმძღვანელობით ორგანიზებული სავარაუდო კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ირანის მოქალაქეებთან, ირან-სომხეთის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიზნით ერთობლივი კომპანია შექმნეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანსა და სომხეთს შორის ლოგისტიკური და სატვირთო გადაზიდვების კავშირის დამყარების საბაბით, ჯგუფმა ირანელი მეწარმეების საკუთრებაში არსებული კომპანიებიდან თაღლითურად შემოიტანა 52 სატრანსპორტო საშუალება, დანადგარი, საწვავი და სხვადასხვა საქონელი. ასევე, ეჭვმიტანილებმა გააყალბეს დეკლარაციები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, მიითვისეს დაახლოებით 8.127 მილიარდი დრამის (დაახლოებით 21.073 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) ღირებულების ქონება. საგამოძიებო კომიტეტი ასევე ამტკიცებს, რომ წარუკიანი, როგორც სომხეთში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ბენეფიციარი მფლობელი, შეთქმულებაში შევიდა რ.კ.-სთან, რომელიც საწვავის იმპორტსა და რეალიზაციას ეწევა, რათა საწვავის იმპორტის ტრანზაქციასთან დაკავშირებით ირანის მოქალაქისგან, რომელიც ი.ი.-ს სახელით არის იდენტიფიცირებული, თაღლითურად მიეღო 934,465 აშშ დოლარი. გამომძიებლების თქმით, ეს თანხები შემდგომში ინტეგრირდა კომპანიის კანონიერ ბრუნვაში, მათი სავარაუდო კრიმინალური წარმომავლობის დასაფარად.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები „მაშა და დათვის“ ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფმა კულტურის მინისტრს წერილი მისწერა და მოუწოდა, განიხილონ, შეუძლიათ თუ არა „მაშა და დათვის“ ჩვენების შეჩერება, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს რუსული პროპაგანდის ფორმაა. მულტფილმი, რომელიც ძირითადად რუსულ ზეპირსიტყვიერ ზღაპარზეა დაფუძნებული, YouTube-ზე ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა. მისი შვიდწუთიანი ეპიზოდი, „კატასტროფის რეცეპტი“ 4.6 მილიარდზე მეტჯერ ნახეს. თუმცა შოუ უკრაინის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ორგანომ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკეს და მას რუსული „რბილი ძალის“ ნაწილი უწოდეს. მას შემდეგ, რაც Netflix-მა გადაწყვიტა, შეეძინა ანიმაციური სერიალის ორი ახალი სეზონი და გაეფართოებინა მის ჩვენებაზე ლიცენზია 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ბრიტანულ ITV-ს ციფრულ პლატფორმა ITVX-ზეც, ბრიტანელმა კანონმებლებმა რეაგირება მოითხოვეს. წერილს, რომელსაც ხელი მოაწერა პარლამენტის 50 დეპუტატმა ექვსი პარტიიდან, ნათქვამია, რომ მაშას ზოგიერთი გამოსვლა „პროპაგანდისტულია” და „განსაკუთრებული დახვეწილობით არ გამოირჩევა.“ კონკრეტული საჩივრები ეხება ორ ეპიზოდს: ერთში მაშა ტანკისტის ჩაფხუტით ჩანს, ხოლო მეორეში კი - ქუდით, რომელიც „ენკავედეს“ (НКВД - შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ქუდს ჰგავს. კანონმდებლების თქმით, ხსენებული სააგენტო „პასუხისმგებელი იყო ათობით მილიონი ადამიანის მასობრივ დეპორტაციაზე, სიკვდილით დასჯასა და დევნაზე.“ დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ეპიზოდები „აქტიურად უწყობს ხელს საბჭოთა სამხედრო სიმბოლოების ნორმალიზებას მცირეწლოვანი ბავშვების მსოფლიო აუდიტორიისთვის.“ წერილის ავტორები ციტირებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლის უკრაინის ცენტრის კომენტარებს, რომელთა თანახმადაც, „მაშა და დათვი“ „არამხოლოდ ანიმაციური ფილმია, არამედ, რუსული „რბილი ძალის” ინსტრუმენტია“, რომელიც „მაშას საქციელით სხვა ქვეყნების ტრადიციებს დასცინის და საბჭოთა სიმბოლოებისა და მილიტარისტული თემების ნორმალიზებას ახდენს.“ რუსული ანიმაციური სტუდია Animaccord-ი, რომელიც ანიმაციური სერიალის შემქმნელია, ყველა ბრალდებას უარყოფს. მისმა წარმომადგენელმა მელანი ბონვიჩინომ ბრალდებებს „ცრუ და ცილისმწამებლური“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიას არასდროს მიუღია სახელმწიფო დაფინანსება. კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტმა და ITV-მ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. Netflix-ზე ამ რუსულ ანიმაციურ სერიალს უკვე 11 წელია, აჩვენებენ. განცხადება არ გაუვრცელებია არც Netflix-ს.
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე ეკონომიკურ შეღავათებს შესთავაზებს
POLITICO ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია ამზადებს გეგმებს, რათა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური შეღავათები მიენიჭოს ბლოკში გაწევრიანებამდე. გამოცემის წყროების ცნობით, ეს წინადადებები კომისიის „ეტაპობრივი ინტეგრაციისკენ“ სწრაფვის ნაწილია - კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში უფრო ფართო წვდომის მინიჭება, რადგან ისინი რეფორმებს ახორციელებენ - მათი წევრობის განაცხადები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. განხილვის პროცესში მყოფი შეღავათები მოიცავს ევროკავშირის გარკვეულ დაფინანსების პროგრამებზე წვდომას, შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებებს და ერთიან ბაზარზე ნაწილობრივ წვდომას გაწევრიანებამდე, ზუსტი პაკეტი კი, თითოეული კანდიდატი ქვეყნის პროგრესზე იქნება მორგებული. ამ ნაბიჯის მიზანია კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების გზაზე შენარჩუნება, მათთვის პოლიტიკურად რთული რეფორმების განხორციელების სტიმულის მიცემით, მაშინაც კი, თუ სრულ წევრობამდე წლებია დარჩენილი. ევროკომისია შეეცდება ამ ინიციატივისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ლიდერები უფრო ფართო ჩარჩოზე მუშაობის დაწყებას ევროპული ოქტომბრის ან დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცებენ. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, გეგმების თანახმად, შეღავათებზე წვდომა თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურად გაიცემა, იმის მიხედვით, თუ რამდენად შესაბამისობაშია ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირის წესებთან და რამდენი რეფორმა განხორციელდა. POLITICO წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადახვევა იქნება ამჟამინდელი სისტემიდან, რომლის მიხედვითაც შეღავათების უმეტესობა სრულუფლებიანი წევრებისთვისაა განკუთვნილი.