ახალი ამბები
აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ახალი ინიციატივით დაიწყო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით დაიწყო და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობით დაასრულა. თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი სიახლე საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივის გამოცხადება იყო, რომელსაც ლოიდ ოსტინის შეფასებით, ცენტრალური ადგილი ექნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის სამხედრო თანამშრომლობაში. თავდაცვის მდივანმა ახალ ინიციატივას ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა უწოდა. ეს ახალი ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას შეცვლის, რომელიც წლის ბოლოს სრულდება. ინფორმაციითვის: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა. პროგრამის მიხედვით, დაკომპლექტდება, აღიჭურვება და გაიწვრთნა შეიარაღებული ძალების 9 სამანევრო ბატალიონი. პროგრამის განხორციელებისთვის აშენდა NATO-ს სტანდარტების საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ვაზიანის ბაზაზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და საჭირო ნაბიჯებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა, როდესაც განაცხადა, რომ ინიციატივა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლას შეუწყობს ხელს. „როგორც ნახეთ საქართველო, აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმირების სფეროში. შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ხელმძღვანელებთან დღეს. გვქონდა საშუალება, მათთან განგვეხილა ის საკითხები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. დღეს გაფორმებული მემორანდუმით აშშ ხაზს უსვამს თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, თუმცა ლოიდ ოსტინმა აქვე დაამატა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისათვის. „ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, დაგვეხმარება, რომ წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებაში დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში, შეიარაღებული ძალების წვრთნაში, რომ საქართველოს უკეთ შეეძლოს თავდაცვა და აგრესიის შეკავება. ეს მემორანდუმი აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით: აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მტკიცეა. აშშ მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის განვითარების გზაზე დამოუკიდებლობის დღიდან და ველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება. აშშ-ის საელჩომ აღნიშნა გარკვეული პრობლემები უკანასკნელ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე გამოვხატეთ რწმენა საქართველოს უნარისადმი, გააუმჯობესოს ეს მიმართულება. საქართველომ მართლაც რომ დიდი მსხვერპლი გაიღო - 32 დაღუპული, 293 დაჭრილი ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ მსხვერპლს. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. ლოიდ ოსტინმა 3+3 ფორმატზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას. შეგახსენებთ, ამერიკელი თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერლის ლოიდ ჯეიმს ოსტინის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დაეშვა. ისტორიაში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს აქამდე ორჯერ სტუმრობდა. პირველად დონალდ რამსფელდი, 41- პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის დროს და მეორედ - ჩაკ ჰეგელი, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან. დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის 2001 წლის დეკემბერშიც, რომლის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო.
ლოიდ ოსტინი: ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ამას ყურადღებით ვადევნოთ თვალი
„ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ყურადღებით ვადევნოთ თვალი“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას. ჩინეთმა გამოსცადა რაკეტა, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღის გადაზიდვის უნარი. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით? - ამ შეკითხვით მიმართა აშშ-ის თავდაცვის მდივანს უცხოური მედიის წარმომადგენელმა. „დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ ამ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ კომენტარს. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩინეთში. მოწინავე შესაძლებლობების განვითარებას, იმ სისტემებს, რომლებიც მხოლოდ ზრდის დაძაბულობას რეგიონში. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ყურადღებით ვადევნოთ თვალი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ცნობისთვის, ჩინეთი ბირთვული შესაძლებლობების რაკეტის გამოცდას უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Financial Times-ის მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.
BSEC-ის გენერალურ მდივანმა საქართველოში ვიზიტისას შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში უსაფრთხოების გარემო განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივან ლაზარ კომანესკუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და BSEC-ის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ორგანიზაციის როლზე შავი ზღვის რეგიონში. განიხილეს შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ BSEC-ი სასარგებლო პლატფორმაა შავი ზღვის ქვეყნებისათვის ეკონომიკური პარტნიორობისა და შიდა რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. განიხილეს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლი, ასევე რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო BSEC-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ხელმძღვანელობს სამ ძირითად მიმართულებას - Covid-19-ის შედეგად დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინების, ინოვაციური რესურსებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობის სფეროებს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პანდემიით შექმნილ გლობალურ გამოწვევებს და პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეფექტური რეაგირება პანდემიის უარყოფით შედეგებზე.
NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ხვალ ეწვევა
19 - 20 ოქტომბერს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ეწვევა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 19 ოქტომბერს, ხავიერ კოლომინა საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამავე თემაზე ხავიერ კოლომინა: ვიმედოვნებთ, განვსაზღვრავთ გზებს და საშუალებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ NATO-ს ჩართულობა კავკასიაში
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა თბილისში შეხვედრები გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ყველა სფეროში. საუბარი შეეხო სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთის მხარდაჭერას, კონკრეტული პროექტებისა და მიზნობრივი დახმარების პროგრამების საშუალებით. ყურადღება დაეთმო პანდემიით შექმნილ გამოწვევებს და მათი გადალახვის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა COVID19-ის პანდემიის და მისი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სლოვაკეთის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული პროცესს და აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ასოცირებული ტრიოს ერთგულება საერთო ევროპული მისწრაფებების მიმართ. ხაზი გაესვა ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის გაძლიერებული ჩართულობისა და ინტეგრაციისა და ამ პროცესში სლოვაკეთის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთის ჩართულობას NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ივან კორჩოკმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და აღინიშნა, რომ იქ არსებულ ვითარებას ივან კორჩოკი დღეს პირადად გაეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სლოვაკი მონიტორების ჩართულობისთვის. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ივან კორჩოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. პრემიერი წერს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან. ჩვენს ქვეყნებს საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ. ვაფასებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალს ბოლომდე ავითვისებთ”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. გარდა ამისა, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებებით ურთიერთობების განვითარებას, რაშიც, მინისტრების შეფასებით, დიდ როლს შეიტანს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა აღნიშნეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და მაღალი დონის შეხვედრების ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელობა. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ასევე, გატაცებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. აღინიშნა, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. „ძალზე ფასეულია, რომ სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სლოვაკეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ივან კორჩოკის განცხადებით, სლოვაკეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და მზად არის, ამ გზაზე ჩვენს ქვეყანას საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს. პარლამენტის თავმჯდომარემ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნო. ამ კონტექსტში, აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რეფორმები, მათ შორის, სასამართლო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.
თამარ გაბუნია: საქართველოში ე.წ. მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება განიხილება
"ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვიტოს, ვაქცინას გაიკეთებს თუ არა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, როდესაც მიდის სამუშაო და ბიზნესგარემოში თუ სოციალურ ღონისძიებაზე, ეპიდემიური რისკებისგან იყოს დაცული", - ამის შესახებ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. სხომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „მწვანე საშვის" მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობები განიხილა. „არჩევანის საფუძველზე: ვაქცინაცია ან PCR-ტესტირება, დაბალანსებულია უფლებრივი კუთხით. მზად ვართ, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიმსჯელოთ მექანიზმზე, თუ როგორი იქნება უფრო ეფექტური „მწვანე საშვის" მექანიზმის ამოქმედება როგორც უფლებრივ, ასევე აღსრულების ნაწილში. სხვაგვარად მოსახლეობის მოცვა და იმუნური ფენის ჩამოყალიბება გაჭირდება. ვაქცინაციით მოსახლეობის 80% მაინც უნდა იყოს დაფარული იმისთვის, რომ სტაბილურად გავაგრძელოთ ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობა, შეზღუდვების გარეშე. ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ აქტიური იყო ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, ამჟამად კი მიწოდება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა", - აღნიშნავს თამარ გაბუნია. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 17 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 2 260 ადამიანი. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.
ლოიდ ოსტინი: კოლინ პაუელის ჩანაცვლება შეუძლებელია, მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი დაკარგა, ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩემი მენტორი
„კოლინ პაუელის ჩანაცვლება შეუძლებელია, მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი დაკარგა, ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩემი მენტორი“, - ეს სიტყვები აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ჯეიმს ოსტინს ეკუთვნის, რომლებიც მან კოლიმ პაუელს მიუძღვნა. მისი წერილი საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა. „ცოტა ხნის წინ შემატყობინეს კოლინ პაუელის გარდაცვალების ამბავი და მსურს, მივუსამძიმრო ალმას, მის მეუღლეს, მის შვილ მაიკლსა და პაუელების ოჯახს. მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი დაკარგა, რომელსაც ოდესმე მოვსწრებივართ. ალმამ დაკარგა დიდებული მეუღლე და ოჯახმა დაკარგა საოცარი მამა და მე დავკარგე საოცარი ახლო მეგობარი და მენტორი. ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩემი მენტორი. ყოველთვის მითმობდა დროს და ყოველთვის შემეძლო რთულ საკითხებზე მისთვის მიმემართა, მას ყოველთვის შესანიშნავი რჩევები ჰქონდა. ნამდვილად ძალიან მოგვენატრება. გული განმიგმირა ამ ამბის გაგებამ. გაერთიანებული შტაბის პირველი აფრო-ამერიკელი მეთაური, პირველი აფრო-ამერიკელი სახელმფიწო მდივანი, ადამიანი, რომელსაც მთელ მსოფლიოში პატივს სცემდნენ და გულწრფელად რომ გითხრათ, კოლინ პაუელის ჩანაცვლება შეუძლებელია. ჩვენ ის მოგვენატრება. ჩემი ფიქრებითა და ლოცვით მის ოჯახთან ვარ. ძალიან, ძალიან დამამწუხრა ამის გაგებამ“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა, ამერიკის თავდაცვის მდივანმა, რომელმაც დღეს ევროპული ტურნე საქართველოში ვიზიტით დაიწყო. ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის სანქცია გამკაცრდება, ცვლილება იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის დადგენილი სანქციის გამკაცრება ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სანქცია იმატებს დასახელებული ნივთიერებების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო გასაღებისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი გაიზრდება შვიდიდან თოთხმეტი წლით თავისუფლებით აღკვეთიდან თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი განსაზღვრულია თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ გაიმიჯნება ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებებთან მიმართებაში შეძენა/შენახვის შემადგენლობა და გასაღების მიმართულება. შესაბამისად: • ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე; • ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე; • აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებების ძირითად მიზანს წარმოადგენს ნარკოგამსაღებლებთან აქტიური ბრძოლა და მათ წინააღმდეგ საკანონმდებლო მიდგომების გამკაცრება.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი ჯარისკაცებთან შეხვედრით დაასრულა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქართულ-ამერიკულ „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების“ (JCET) მიმდინარეობას გაეცნო. აშშ-ის არმიის ოპერატიულმა ქვედანაყოფმა, „ალფა“ ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთ ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი სამედიცინო ევაკუაციის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. საჩვენებელი წვრთნები ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისისა“ და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ მხარდაჭერით ჩატარდა. მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა სპეციალური ოპერაციების ბაზაზე სტუმრობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ლოიდ ოსტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობამდე მთავრობის ადმინისტრაციასა და თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური შეხვედრები გამართა. „დღეს საქართველოში ჩემი ბოლო გაჩერების დროს, მე მქონდა პატივი შევხვედროდი ჩვენს ზოგიერთ ჯარისკაცს. არასოდეს არის ადვილი სახლიდან შორს ყოფნა, მაგრამ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მათ იცოდნენ, რამდენად მადლობელი ვარ მათი სამსახურისთვის და მათი მსხვერპლისთვის“, - წერს ლოიდ ოსტინი Twitter-ზე. „ჯარისკაცებთან შეხვედრა წარმატებული ვიზიტის შესაფერისი დასასრული იყო, ამით კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები და საქართველო ერთად უფრო ძლიერები არიან“, - ეს ტექსტი კი შეხვედრას ამერიკის საელჩომ მიუძღვნა. „ქართველმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერთობლივი წვრთნებითა და ბრძოლით ჩამოაყალიბეს ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის საფუძველი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს სიმტკიცეს, როგორც მთელი საზოგადოების ძალისხმევას. ჯარისკაცებთან შეხვედრა წარმატებული ვიზიტის შესაფერისი დასასრული იყო, ამით კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები და საქართველო ერთად უფრო ძლიერები არიან. დღესვე, აშშ-ის თავდაცვის მდივანი შეხვდა საზღვაო ქვეითების რაზმს, რომელიც თბილისში აშშ-ის წარმომადგენლობას იცავს. „შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები ჩვენი საზღვარგარეთის მისიების განუყოფელი ნაწილი არიან. პირველად ისინი გვხვდებიან და თავდაცვის ბოლო ხაზსაც ისინი წარმოადგენენ. დღევანდელი ვიზიტისას თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი შეხვდა საზღვაო ქვეითების რაზმს, რომელიც თბილისში აშშ-ის წარმომადგენლობას იცავს“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ტექსტში.
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე ესაუბრა
„თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ვიზიტი აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის ურთიერთობების კიდევ ერთ ნათელ მაგალითად შეაფასა და „ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების უწყვეტ ინტერესსა და ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში“. ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. განცხადებები მედიასთან არ გაკეთებულა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით რეგიონში ერთგული მოკავშირე ჰყავს. „ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი აშშ-ის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი კი უმნიშვნელოვანესია, რადგან რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განაგრძოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მთავრობის მეთაური აშშ-ის თავდაცვის მდივანს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო NATO-ს მომავალ სამიტს, რომელიც საქართველოს წინსვლის აღიარებისთვის კარგი შესაძლებლობაა და აღინიშნა მოკავშირეებს შორის კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით აშშ-ის ჩართულობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში, რაც, აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერისა და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. შეხვედრას Twitter-ზეც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით აგრძელებენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შევხვდი მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას. განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები”,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც მოგვიანებით განიხილა როგორ აზერბაიჯანულ, ისე სომხურ მხარესთან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო და აშშ სინქრონულად ურთიერთთანამშრომლობენ, ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და ურთიერთობაში სიურპრიზები არ გვაქვს
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, შავი ზღვისა და რეგიონული უსაფრთხოება, აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს თავდაცვის ძალებში, მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში მხარდამხარ მსახური და აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს. კოლეგების შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საპატიო ყარაულის მონაწილეობითა და სამხედრო ორკესტრის მიერ აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ შედგა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩამოსვლა ისტორიულად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ვიზიტი ქართველი ხალხისთვის მკაფიო გზავნილია, რომ აშშ საქართველოს გვერდითაა, ხოლო რეგიონისთვის ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს ძლიერი ინტერესი გააჩნია მთელი რეგიონის მიმართ და ვერავინ შეაჩერებს ქართველი ხალხის მისწრაფებას, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებაში აშშ-ის მთავრობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციას და 10-წლიანი განვითარების გეგმას, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის და მდგრადი საბრძოლო მზადყოფნის შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. განხილვის თემები იყო ასევე, NATO-საქართველოს თანამშრომლობა, აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებები და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული იმპლემენტაციის პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. საქართველოს და აშშ-ის ურთიერთთანამშრომლობა არის სინქრონულ რეჟიმში. ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს ურთიერთობაში სიურპრიზები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვის საპასუხოდ. უცხოელი ჟურალისტის შეკითხვას, იღებს თუ არა საქართველო აშშ-ისგან ყველაფერს, რაც ქვეყანას სჭირდება, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ „დიახ“. „რაც შეეხება კითხვას, ვხედავთ თუ არა ზეწოლის ზრდას რუსეთის მხრიდან, ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრის ფორმატში, რომ ოკუპაცია არის ყოველდღიური. ჩვენ შეიძლება ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ ოკუპაციის სხვა მეთოდი, მომდევნო კვირას, შესაძლოა, ვიხილოთ კიბერთავდასხმა. სხვადასხვა მეთოდია გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ აშშ-სთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავების და NATO-სთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას. აღნიშნულ კონტექსტში საფუძვლიანად მიმოვიხილეთ შეიარაღების მოდერნიზაციის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ საბრძოლო მზადყოფნისა და მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი საშუალებების თანმიმდევრულად და ეფექტურად განვითარების მიზნით გადავედით თავდაცვის გრძელვადიან დაგეგმვაზე“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ლოიდ ოსტინი: აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის დადასტურებაა. „პირველად ვიმყოფები საქართველოში და ძალიან მადლობელი ვარ ასეთი თბილი მიღებისთვის. აქამდე რაც ვნახე, ნამდვილად შესანიშნავია და ჩემი აქ ყოფნით ვადასტურებ აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას. ეს ურთიერთობა ჩვენს საერთო ფასეულობებს ეფუძნება. წლების განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო მისიებით, მათ შორის ავღანეთში დავამტკიცეთ, რომ საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად. ძალიან მადლობელი ვარ მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთი საკითხი მინდა ნათლად და გარკვევით დავაფიქსირო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ხედვის პრაქტიკული განხორციელებისთვის- ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საზოგადოების არსებობისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შეერთებული შტატები ერთგულია სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების იდეისადმი. მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერთან შეხვედრას Twitter-ზე პოსტითაც გამოეხმაურა. „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია, მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, კვლავ დავუდასტურო საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, კოლინ პაუელი, დღეს, დილით, Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით 84 წლის გარდაიცვალა. განცხადება პაუელის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა Facebook-ზე გაავრცელა. "გენერალი კოლინ პაუელი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, დღეს დილით Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ის სრულად იყო აცრილი. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ უოლტერ რიდის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გუნდს ზრუნვისთვის. ჩვენ დავკარგეთ გამორჩეული და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი". – წერს პაუელის ოჯახი კოლინ პაუელი იყო აფრიკული წარმოშობის პირველი ამერიკელი სახელმწიფო მდივანი (2001-2005) წლებში. ის იყო პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში (1987-1989) და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი (1989-1993)
თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ დირექტორად დაინიშნა
თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) დირექტორად დაინიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ახალი თანამდებობის შესახებ ინფორმაცია IFES-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 13 ოქტომბერს განთავსდა. ტექსტში მითითებულია, რომ თამარ ჟვანიას 21-წლიანი გამოცდილება აქვს. 15 ოქტომბერს IFES-ის დელეგაცია, მათ შორის, თამარ ჟვანია და ევროპისა და ევრაზიის პროგრამის უფროსი მენეჯერი ენტონი ბოიერი უზბეკეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული საარჩევნო რეფორმები განიხილეს. „არ ვაკვირდებით არჩევნებს, რათა შევაფასოთ არჩევნები და წარმოვადგინოთ კონკრეტული ანგარიში. ვმუშაობთ საარჩევნო კომისიასთან და სხვა აქტორებთან ერთად, მათ შორის, მედიასთან, შშმ პირთა ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და ახალგაზრდული ორგანიზაციებთან. თანამშრომლობა დაიწყება ამ არჩევნების შემდეგ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად, რომელიც დარწმუნებული ვარ, წვლილს შეიტანს არჩევნების გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობაში, პროცესებში ამომრჩეველთა აქტიურ მონაწილეობასა და ქვეყნის განვითარებაში”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. ცნობისთვის, უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართება. შეგახსენებთ, თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს. ამავე თემაზე თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა
რუსეთი NATO-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებით, რუსეთი NATO-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს. ლავროვის თქმით, მოსკოვში მუშაობას წყვეტს NATO-ს საინფორმაციო ბიუროც. "NATO-სთან რუსეთის წარმომადგენლობა სავარაუდოდ პირველი ნოემბრიდან შეაჩერებს მუშაობას. NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია ბელგიის სამეფოში რუსეთის საელჩოს მეშვეობით განხორციელდება", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მოსკოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შმდეგ მიიღო რაც NATO-მ რუსეთის დელეგაციის რვა თანამშრომლი გააძევა. NATO-მ ბრიუსელში რუსეთის მისიის რვა წევრს აკრედიტაცია გაუუქმა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიზეზად სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი "მტრული საქმიანობა“ დაახელა.როგორც NATO-ში აცხადებენ, აღნიშნული პირები, ფარულად, დაზვერვის ოფიცრებად მუშაობდნენ.
ლოიდ ოსტინი: საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, რომ გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს საჭირო ფუნდამენტური რეფორმები
„აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მტკიცეა“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მხარეებმა დღეს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსაც ცენტრალური ადგილი ექნება აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისთვის, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც წლის ბოლოს სრულდება, ახალი ინიციატივა შეცვლის. „ახლა უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მსახურობდა როგორც ჩვენი ძალისხმევის საფუძველი, რომ ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მზადყოფნის ზრდისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს. დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური ერთი მხრივ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის. ეს აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობას. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით და განვითარებით - ეს ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში ჩვენს პარტნიორობას. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა და დაამატა, რომ ლოიდ თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, რომ გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს საჭირო ფუნდამენტური რეფორმები. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და საჭირო ნაბიჯებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „როგორც ნახეთ საქართველო, აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმირების სფეროში. შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ხელმძღვანელებთან დღეს. გვქონდა საშუალება, მათთან განგვეხილა ის საკითხები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, დაგვეხმარება, რომ წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებაში დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში, შეიარაღებული ძალების წვრთნაში, რომ საქართველოს უკეთ შეეძლოს თავდაცვა და აგრესიის შეკავება. რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭრას, აშშ მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის განვითარების გზაზე დამოუკიდებლობის დღიდან და ველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება. აშშ-ის საელჩომ აღნიშნა გარკვეული პრობლემები უკანასკნელ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე გამოვხატეთ რწმენა საქართველოს უნარისადმი, გააუმჯობესოს ეს მიმართულება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, საქართველო აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „საქართველოში ჩემი ვიზიტი ემსახურება პარტნიორობის დარწმუნებასა და აღიარებას. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონი. ჩვენ გვაქვს ინტერესი, გვაქვს საზიარო ღირებულებები, ვხედავთ მთელ რიგ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაგრძელებლად. აქ ვარ იმისთვის, რომ დავარწმუნო, ვაღიარო ის დიდი ღირებულება, რომელსაც ჩვენს პარტნიორობას ვანიჭებთ. რაც შეეხება ერაყსა და ავღანეთის ოპერაციებში საქართველოს წვლილს, ხაზს გავუსვამ კრიტიკულ როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჩვენს დახმარებაში, ჩვენთან ერთად. ვმსახურობდი ერაყსა და ავღანეთში. შემიძლია, უშუალო გამოცდილებით გითხრათ, რომ შესანიშნავი სამხედროები ჰყავს საქართველოს. საქართველოს აქვს ნამდვილად ყველანაირი უფლება, იამაყოს მისი წვლილით, მისი სამხედროებით, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ორი ომი არ განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს საზიარო ინტერესები, რომლებზეც მუშაობას გავაგრძელებთ, გავაძლიერებთ სამომავლოდ პარტნიორობას. კვლავ მსურს, დავარწმუნო საქართველო და მსოფლიო შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლელით 30 კმ-ში დაფიქსირდა და ბიძგების სიძლიერემ - 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:49 დაფიქსირდა.
ლოიდ ოსტინი 3+3 ფორმატზე: ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას
საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატზე დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონლიფქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ „მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. აშშ-მ და საქართველომ დღეს შეთანხმება გააფორმეს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. შესაბამისი ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ჯეიმს ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს დღეს, გამთენიისას ეწვია.
ლოიდ ოსტინი: დღეს მაქვს პატივი, გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა
აშშ-მ და საქართველომ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. შესაბამისი ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ჯეიმს ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ლოიდ ოსტინის თქმით, ეს მემორანდუმი ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას თავისი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მტკიცეა. „ახლა უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მსახურობდა როგორც ჩვენი ძალისხმევის საფუძველი, რომ ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მზადყოფნის ზრდისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს. დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური ერთი მხრივ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის. ეს აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობას. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით და განვითარებით - ეს ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში ჩვენს პარტნიორობას. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. მისი თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, კვლავ ადასტურებს მათი სამუშაოს მნიშვნელობას. „ეს არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთობლივად ვართ განწყობილი და ერთგული ამ ინიციატივის წარმატებისთვის. ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა და დაამატა, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრაიის გასაძლიერებლად. „ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისათვის“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის ძალებს ავღანეთში აშშ-სა და NATO-ს ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. „ვიდრე დავასრულებ, მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, ქართველ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენენ აშშ-სა და NATO-ს ძალისხმევისადმი ავღანეთში. პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. საქართველომ არაპროპორციული როლი შეასრულა ამ მისიაში. ქართული ჯარები მხარდამხარ მსახურობდნენ ამერიკელ სამხედროებთან და მეგობრებთან ერთად. აგებდნენ კავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რომელიც ცდება კულტურულ და ლინგვისტურ განსხვავებებს. საქართველომ მართლაც რომ დიდი მსხვერპლი გაიღო - 32 დაღუპული, 293 დაჭრილი ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ მსხვერპლს. ჩვენ ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ ქართველი ხალხისადმი, ყველა სამხედროს მიმართ, ვინც იმსახურა, მათი ოჯახების მიმართ. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა ავღანეთში არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი სტრატეგიულ იპარტნიორობის სიძლიერისა, ჩვენი საზიარო ინტერესებისა და ღირებულებებისა. მადლიერი ვარ თქვენი შესანიშნავი ლიდერობისთვის, პირადი ერთგულებისთვის ჩვენი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი და უფრო ფართოდ თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისადმი. უღრმესი მადლობა“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ბოლო 24 საათში, მხოლოდ 2265 აიცრა, აქედან შიდა ქართლში - 1 ადამიანი, მცხეთა-მთიანეთში კი არცერთი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდსაწინააღმდეგო აცრების 18 ოქტომბრის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ბოლო 24 საათში მხოლოდ 2265 ადამიანია აცრილი. მათ შორის თბილისში 1567 აცრა, ინფიცირების - 869 შემთხვევა ქვემო ქართლი - 69 აცრა, ინფიცირების - 128 შემთხვევა კახეთი - 22 აცრა, ინფიცირების - 396 შემთხვევა სამცხე ჯავახეთი - 17 აცრა, ინფიცირების - 40 შემთხვევა აჭარა - 234 აცრა, ინფიცირების - 117 შემთხვევა გურია - 33 აცრა, ინფიცირების - 50 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთი - 97 აცრა, ინფიცირების - 220 შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 6 აცრა, ინფიცირების - 18 შემთხვევა იმერეთი -219 აცრა, ინფიცირების - 474 შემთხვევა შიდა ქართლი -1 აცრა, ინფიცირების - 132 შემთხვევა მცხეთა-მთიანეთი - 0 აცრა, ინფიცირების - 35 შემთხვევა NCDC-ის ცნობით, 18 ოქტომბრის მონაცემებით 1 დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %. სრულად ვაქცინირებულია 902 660 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.6%. 17 ოქტომბერს აიცრა 2 260 ადამიანი. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40422-ია. მათ შორის 1247 მძიმე პაციენტია. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 9510 აღწევს, ბოლო 24 საათში კი დაავადებას 42 ადამიანი ემსხვერპლა. 16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.