ახალი ამბები
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
14 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.მელიქიშვილის ქუჩიდან, მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რესპუბლიკის მოედანთან მობრუნების შემდეგ შეძლებენ გადაადგილებას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145, N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე. შემდეგ, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე, მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით. ავტობუსები N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „რუსთაველს“, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით. მიკროავტობუსები N2, N31, N72, N120, N133, N137, N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“. შემდგომ, მოძრაობას განაგრძობენ დადგენილი სქემით. ავტობუსების N50, N71, N344 და მიკროავტობუსები N140, N149, N176 მარშრუტები, გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით. ავტობუსები N2, N20, N25, N39, N43, N59, N80 დაასრულებენ მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით. ავტობუსები N4, N10, N90, N103, N106, N112, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან მოძრაობენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობას დაასრულებენ ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). ასევე, მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). ავტობუსი N124 ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ანდრია ჯაღმაიძე: მეუფეების განცხადება საპატრიარქოს პოზიცია არ არის
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტების მიერ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერა არ წარმოადგენს საპატრიარქოს პოზიციას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ მედიასთან განაცხადა. „საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. ციხეში მაღალი იერარქებიც იყვნენ, სხვებიც იყვნენ, ოჯახის წევრებიც იყვნენ, პატრიარქის მდივანიც იყო. ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ „ფორმაულას“ ცნობით. შეკითხვა ეხებოდა რიგი სასულიერო პირების ხელმოწერას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, დაახლოებით ორი კვირაა, შიმშილობს.
ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში მოხდება
„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა. მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში. „ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა პრემიერმა. ამავე თემაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრო: სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები. ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა
ირაკლი ღარიბაშვილი: პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა ერთი მიზნით, მოეხდინა არეულობა, მადლობა ღმერთს, ეს დიდი განსაცდელი ავარიდეთ ქვეყანას
„მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც დღეს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე და თბილისისკენ მიმავალი ავტოკოლონისთვის „ცოცხების კორიდორის“ მოწყობაზე ჰკითხეს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მშვიდობიანად უნდა დასრულდეს არჩევნების მეორე ტური, ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. „მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის დაკავებით დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა“. მისი განცხადებით, „პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია“. „პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც თუ, რა თქმა უნდა, ისე მოხდებოდა როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი. მადლობა ღმერთს ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას. ახლა რაც შეეხებაა ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ზოგადად მოწოდებებს, გვესმის, რომ ყველას სურვილია, ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე ერთ დღეს დაფიქრდნენ და მართლაც გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი სვეტიცხოვლობის მილოცვით დაიწყო. „ამ დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ერთანეთს, რომ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ხალხის მიმართ, ჩვენი ეკლესიის მიმართ. მე მინდა ჩვენს ხალხს ვუსურვო, მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული და მეტი სიმშვიდე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბათუმში, კორპუსი, რომლის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სრულ დემონტაჟს დაექვემდებარება
ექსპერტების დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, 8 ოქტომბერს ჩამონგრეული 7-სართულიანი კორპუსი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად მისი დემონტაჟი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გაიტანეს საკითხი, თანხის მოძიების თაობაზე, რომ დაიწყოს დემონტაჟის სამუშაო. „პროექტის შესყიდვა გადაუდებელი შესყიდვით განხორციელდება, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ დემონტაჟი უნდა განხორციელდეს სპეციალურად ამ შემთხვევისთვის შემუშავებული პროექტის მიხედვით. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამმართველო გამოაცხადებს გადაუდებელ შესყიდვას, როგორც კი ეს თანხა მის ბიუჯეტში აისახება. როგორც კი დასრულდება შესყიდვის პროცედურები, დემონტაჟი დაიწყება. მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან ეს არ იქნება ხანმოკლე პროცესი, თვეები გაგრძელდება, რადგან ირგვლივ ხალხი ცხოვრობს და ეს სამუშაო ფრთხილად უნდა ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ერთი ან ორი თვის პერსპექტივა. ალბათ გახსოვთ, ახვლედიანის ქუჩაზე როდესაც დაინგრა სამსართულიანი სახლი გაზის აფეთქების შემდეგ, დაახლოებით ორთვენახევარი გაგრძელდა დემონტაჟი და სავარაუდოდ, ეს პროცესიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - განუცხადა Europetime-ს ლელა სურმანიძემ. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც 26 მაისის ქუჩაზე, ამ კორპუსში ცხოვრობდნენ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, 8 ოჯახი სასტუმროშია განაწილებული, დანარჩენებმა ამაზე უარი განაცხადეს და ახლობლებთან არიან. „ყველა მათგანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბინის დაქირავების თაობაზე და მერია გადაიხდის ბინების ქირის თანხას, სანამ ეს პროცესი დასრულდება და ბინებით დაკმაყოფილდებიან“, - აღნიშნა ლელა სურმანიძემ Europetime-თან. ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს. მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კოვიდვაქცინაციის მაჩვენებელმა კიდევ იკლო
14 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 895 771 აცრა ჩატარდა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 006 171 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.4 %. სრულად ვაქცინირებულია 889 600 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.1%. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს, მხოლოდ 6 837 ადამიანი აიცრა. ამავე თემაზე რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში
მსახიობი უილიამ შატნერი ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა
მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი უილიამ შატნერი ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. კომერციული ფრენა ჯეფ ბეზოსის Blue Origin ხომალდით, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის ოდრი პაუერსის და ფრანგი ბიზნესმენის გლენ დე ვრისის მონაწილეობით შესრულდა. თავად ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში ივლისში იმოგზაურა. ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, 82 წლის უოლი ფუნკი სწორედ ამ დროს გაფრინდა კოსმოსში.
ნორვეგიელი სამართალდამცველები იძიებენ, იყო თუ არა ტერაქტი მშვილდ-ისრით შეიარაღებულის თავდასხმა
ნორვეგიელი სამართალდამცველები იძიებენ, იყო თუ არა ტერაქტი მშვილდ-ისრით შეიარაღებულის თავდასხმა, რომელიც ქალაქ კონგსბერგში, დედაქალაქ ოსლოს სამხრეთ-დასავლეთით, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (BST 17:30) გვიან ღამით მოხდა. იტყობინება BBC. დაღუპულია 5 ადამიანი. თავდამსხმელი, 37 წლის დანიელი კაცი დაკავებულია. კონგსბერგის მერმა კარი ანა სენდმა განაცხადა, რომ ეს იყო შოკისმომგვრელი თავდასხმა, რომელიც მოხდა იმ ადგილას, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობდა და რომ კრიზისული ჯგუფი ნებისმიერ დაზარალებულს დაეხმარება. პოლიცია მიიჩნევს, რომ თავდასხმის ორგანიზატორი მარტო მოქმედებდა და გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს
საქართველოს ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას თავისუფლების მოედანზე გამართავს. პროტესტის მონაწილეები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან თბილისის მიმართულებით ავტომობილებით თბილისისკენ გაემგზავრნენ. აქციას არ უერთდებიან „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“. „თუმცა ყველას თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს, რომ მივიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენ მთელი ფოკუსი გავაკეთოთ მეორე ტურებზე“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერები აქციაზე მისვლას მაინც გეგმავენ. პარლამენტის წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ აქციაზე იქნება, რადგან იზიარებს მოთხოვნების შინაარსს და თვლის, რომ ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი შეკრება არ არის. „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აქციაზე იქნება, თუმცა პარტიის წევრები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიიღებენ თუ არა კონკრეტულ აქციაში მონაწილეობას. მათ შორის, ვინც აქციას არ უერთდებიან, ასევე არიან პარტია - „საქართველოსთვის", „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“, „ევროპული საქართველო“, „მოქალაქეები“. „სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნა ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაშია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები. ეს მე არასწორ მოლოდინად და არარეალისტურად მიმაჩნია და არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია. არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა. მიზანშედეგობრივი კავშირი პირიქითაა - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა პოლიტიკური დევნის დასრულების გასაღები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების და არა პირიქით", - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა მედიასთან. რაც შეეხება „მოქალაქეებს“, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის ერთი პარტიის აქცია თავისი ლიდერის მხარდასაჭერად და ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავენ მასში მონაწილეობის. „რატომ უნდა შევუერთდეთ მით უფრო, მთელ რიგი საკითხების გამო მიხეილ სააკაშვილს პოლიტიპატიმრად არ მივიჩნევთ. პირიქით, იმ პარტიების გვიკვირს, ვინც ამბობს, რომ ის პოლიტპატიმარია და მის მხარდასაჭერად აქციებზე გასვლა არ უნდათ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, დაახლოებით ორი კვირაა, შიმშილობს. ამავე თემაზე: მიხეილ სააკაშვილი: ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დასტურის შემდეგ მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობას დაიწყებს
ალ კაპონეს პისტოლეტი აუქციონზე 860 000 დოლარად გაიყიდა
ამერიკელი განგსტერის ალ კაპონეს კუთვნილი ნივთები კალიფორნიაში, შაბათ -კვირას გამართულ აუქციონზე 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. აუქციონზე წარმოდგენილი იყო 174 ნივთი, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი და პირადი ფოტოები, ასევე სამკაულები და ავეჯი. ყველაზე პოპულარული ლოტი ალ კაპონეს საყვარელი პისტოლეტი კი 860 000 დოლარად გაიყიდა. ეს ნივთები ალ კაპონეს ოჯახის მფლობელობაში დაახლოებით 75 წლის განმავლობაში რჩებოდა. იტალიური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი 1931 წელს გადასახადების დამალვის ბრალდებით დააკავეს. მას 11 წელი მიუსაჯეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალ კაპონე ციხიდან 1939 წელს გაათავისუფლეს, 1947 წელს კი გულის შეტევით გარდაიცვალა.
დავით ზალკალიანი სლოვენიას ეწვევა
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 14-16 ოქტომბერს, ვიცე-პრემიერი შეხვედრებს აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 2021 წელს სლოვენია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილული საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილება. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბორუტ პაჰორთან, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან იგორ ზორჩიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ანჟე ლოგართან. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და სლოვენიის საგარეო უწყების ხელძღვანელები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს სლოვენიაში, კერძოდ, ქალაქ პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში. საქართველო-სლოვენიის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში საპატიო საკონსულო პირველად იხსნება. დავით ზალკალიანი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომელიც საქართველოს მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია შვეიცარიაში. პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს, ქალაქ ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით იწყებს. გაიმართება შეხვედერები ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან, მიშელ ბაშელესთან და ჯანრმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებში და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, პროფესორ კლაუს შვაბთან. 15 ოქტომბერს კი საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბერნს ეწვევა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. დაგეგმილია შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის გი პარმელინის და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ. დაგეგმილია ასევე, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ბერნში შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ირენ კელინთან.
საქართველოში კორონავირუსი 4 212 ადამიანს დაუდასტურდა, 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსი 4 212 ადამიანს დაუდასტურდა, 1 982 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 8.0%, ბოლო 14 დღის - 7.21%, 7 დღის - 8.57%. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 075 PCR ტესტით. საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 607 563-მდე. ჯამში გარდაცვლილია - 9 370. 4 212 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 899, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 250, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 702, მცხეთა-მთიანეთი - 99, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33. აქტიური შემთხვევა: 32 448. 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 675, აჭარაში - 433, იმერეთში - 1 189. მძიმე პაციენტი: 1 088, მათ შორის, თბილისში - 351, აჭარაში - 80, იმერეთში - 374. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა: 249, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 18, იმერეთში - 27. 889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 451 - თბილისში, 252 - აჭარაში. 26 665 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 24 442 ადამიანი. ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსი 4 837 ადამიანს დაუდასტურდა, 1 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, შეფასდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული „პოლიტიკური პატიმრის“ დეფინიციის კრიტერიუმებით. „იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი მსჯავრისა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებისადმი მიმართულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, მათ სწორ შეფასებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების სათანადო გააზრებისთვის, რაც განსაკუთრებულ ხასიათს იძენს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე. ამიტომ, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, შეფასდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული „პოლიტიკური პატიმრის“ დეფინიციის კრიტერიუმებით“, - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების მიხედვით არაერთხელ შეფასდა ექსპრეზიდენტის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის მიერ ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არის აღქმული. „ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით, ასევე იკვეთება სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, რაც, მათ შორის, მოიცავს გარესამყაროსთან ურთიერთობის ინსტრუმენტებთან წვდომაზე უფლების შეზღუდვას, კერძოდ, საკანში ტელევიზორის უქონლობას, რაც რამდენიმედღიანი მოთხოვნის შემდეგ გადაეცა მას. ადვოკატების მხრიდან, ასევე გავრცელდა ინფორმაცია საკანში ლეიბის არქონის შესახებ, რაც მოგვიანებით ციხის ადმინისტრაციის მიერ უარყოფილ იქნა. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, სააკაშვილის იზოლირებისა და გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესების ანდა შესაბამისი პირობების დროულად არშექმნის ფაქტები შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის პოლიტიკურ სტატუსს. ევროპის საბჭოს „პოლიტიკური პატიმრის” დეფინიციის ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ამ საკითხს ეხება: პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, პირი იმყოფება სხვა დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლებააღკვეთილ პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ამასთან, წაყენებული ბრალდებების სიმრავლე და მისი პატიმრობაში ყოფნის მიმართ არსებული მონდომება, მათ შორის: სისხლის სამართლის საქმეებზე გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, რომლებიც წლებია მიმდინარეობს, ხელისუფლების წარმომადგენლების და პრემიერ-მინისტრის განცხადებები სააკაშვილის მიმართ სასჯელის დამატებაზე, გონივრულობის ფარგლებში შეფასებისას, მიუთითებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებაზე. ასევე, ამას მოწმობს განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში წინა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების არაერთი ფაქტი. ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის თებერვლიდან ახორციელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს, რომელთა შორის არის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებიც. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე არსებობს, რომელთაგან ორზე იგი მსჯავრდებულია, ხოლო ორზე - ბრალდებული. სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა: მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების სამართალწარმოება გაჭიანურებულია და ხელყოფილია ბრალდებულის უფლება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და გონივრულ ვადაში საქმის განხილვის თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში, რომელთა წარმოებაც თითქმის 7 წელია, დაწყებულია, წლების განმავლობაში პრობლემად რჩება სასამართლო სხდომების გაჭიანურება, რაც ზიანს აყენებს სასამართლო სისტემის რეპუტაციას, მართლმსაჯულების ეფექტიანობას, ზოგადად, მის მიმართ საზოგადოების ნდობას და არღვევს გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების მოთხოვნას. გონივრულ დროში გასამართლების უფლება ათავისუფლებს სასამართლო პროცესის მოლოდინში მყოფ პირებს ხანგრძლივი გაურკვევლობისგან. გარდა ამისა, ეს უფლება ბრალდებულის თავისუფლების შემზღუდველი იმ ღონისძიებების მინიმიზაციას უწყობს ხელს, რომლებიც სასამართლო განხილვის მიზნებისთვის გამოიყენება.მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის საქმეთა არსებითი განხილვის შეყოვნებები ხელს უწყობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას და პოტენციურ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს სწრაფი მართლმსაჯულების უფლებაზე. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით, სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, მუდმივად კეთდება სხვადასხვა სახის მადესკრიდიტებელი განცხადება, რითაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმპცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა უელსის მასტერსის მეოთხედფინალში პირველად გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა უელსის მასტერსის მეოთხედფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა მიმდინარე მასტერსის 1/8-ფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა. ბასილაშვილი კარიერაში პირველად გავიდა ამ ტურნირის მეოთხედფინალში.
მოლდოვამ ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
მოლდოვა ენერგეტიკის სექტორში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო და რუსულ „გაზპრომთან“ ახალი ენერგეტიკული გარიგების არარსებობის გამო საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვა ცდილობს, დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან, ვიდრე შეძლებენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მისაღებ ფასზე. „ჩვენ გვსურს, ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას მოლდოვის მოსახლეობისთვის კარგი პირობებით“, - განაცხადა სპინუმ. კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.
დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საპატრიარქოს ცნობით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება და 10:00 საათზე დაიწყება. უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან გავა. წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება. .„ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია”, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს. ცნობისთვის, პატრიარქის მილოცვა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვიან ღამით გაავრცელა.
ნორვეგიაში კაცი რამდენიმე ადამიანს მშვილდ-ისრით დაესხა თავს
ნორვეგიაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მას შემდეგ, რაც კაცი მათ მშვილდ-ისრით დაესხა თავს. პოლიციამ განცხადებით, თავდასხმა ქალაქ კონგსბერგში, დედაქალაქ ოსლოს სამხრეთ-დასავლეთით, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (BST 17:30) მოხდა. იუწყება BBC. ეჭვმიტანილი დაიჭირეს და სავარაუდოდ, ის მარტო მოქმედებდა. პოლიცია აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიცია და ვერტმფრენია მობილიზებული.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები. ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა
ჟენევაში გაიმართა საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯები, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ იმპლემენტაცია, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების დადება, სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიერთებისა და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთის ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მცდელობა. „ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა ნათლად მიუთითებს ანექსიის მიმდინარე პროცესზე. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა: ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევები, აგრეთვე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჯარისკაცების მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის აღმართვა. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. დისკუსიებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის პროცესს, რაც ადგილზე ვითარების ესკალაციის საშიშროებას ქმნის. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებით ისევე, როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში მიმდინარე პროვოკაციებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით, მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაბრკოლებას. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ მოსკოვის დესტრუქციული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც საერთაშორისო სასამართლომაც დაადასტურა. მან ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლებრივად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი და მოსკოვის პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში. საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება და კვლავაც დასვეს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი. ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, რასაც კიდევ უფრო ართულებს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. თანათავმჯდომარეებმა, საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებისა და საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას. მოლაპარაკებების ფარგლებში დაისვა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლისა და მანდატის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერირების აუცილებლობა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ბოლო 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვისა და ახალგორის მოსახლეობის იზოლაციის მძიმე შედეგებზე, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს საკუთარი სახლების დატოვებას აიძულებს და რაიონის დაცარიელებას იწვევს. თანათავმჯდომარეებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს ენგურის ხიდზე მიმოსვლის განახლება და ხაზი გაუსვეს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობო გახსნის აუცილებლობას. დეტალურად იყო განხილული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები, მათ შორის, უცხოელებად დარეგისტრირების იძულება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის რაიონისა და კოდორის ხეობის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საჭიროებას. მოლაპარაკებისას საუბარი შეეხო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევებს, საოკუპაციო ხაზზე სამედიცინო ევაკუაციის გამართულად ფუნქციონირებასა და ჯანდაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას. ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და დასვეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების საკითხი. საქართველოს დელაგაციამ აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურების მნიშვნელობა, კერძოდ, ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის უზრუნველსაყოფად ქალთა ჩართულობის გაზრდისა და გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების საჭიროება. ვრცლად იყო განხილული მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები - ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და პირნათლად ასრულებს კიდეც ამ პირობას მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს ქართული მხარის წინააღდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობას. ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტიაა. რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, ამასთან გაგრძელდა წინა რაუნდზე ჩატარებული საინფორმაციო სესიის თემის განხილვა „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი / ადამიანური განზომილების“ მიმართულებით. საინფორმაციო სესიის ფარგლებში, წარიმართა დისკუსია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების, საჭიროებებისა და უფლებების საკითხებზე, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. დღეს რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ინიციატივით გამოდის, „დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით“. „ამაში მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა„ საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე“. ამავე თემაზე: ლაშა დარსალია: ჟენევის დისკუსიების 54-ე რაუნდზეც, დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობისას, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა
მიხეილ სააკაშვილი: ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა
ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, ყველაფერი არ განვითარდა ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ეს არ იყო ბიზნეს კლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც მედიაში აღწერენ, - ასე იხსენებს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოსვლას. ექსპრეზიდენტის თქმით, ის საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრა. „ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ მხოლოდ, ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. „იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან მარტივი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი, ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი, ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.