ახალი ამბები

ფილიპინების პრეზიდენტი: ისინი, ვისაც ვაქცინაცია არ სურს, ღამით, ძილის დროს უნდა ავცრათ

ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს განაცხადებით, ისინი, ვისაც ვაქცინაცია არ სურს, ღამით, ძილის დროს უნდა აცრან. „პრობლემა ის ხალხია, ვისაც ვაქცინაცია არ სურს. მოძებნეთ ასეთი ხალხი თქვენს სოფელში, მოდით, წავიდეთ და ძილის დროს ვაქცინა გავუკეთოთ. თუ მათ ვაქცინაცია არ სურთ, მოდით, შევიდეთ მათ სახლებში ღამით. მე ამას გავაკეთებ“, - აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში ვაქცინაციის მონაწინააღდეგებს პატიმრობით ემუქრებოდა. "იმ ადამიანებს, ვინც ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, პატიმრობა ემუქრებათ. არ გამიგოთ არასწორად, მაგრამ ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა, საგანგებო მდგომარეობაა. თუ აცრა არ გსურთ, დაგაკავებთ და აგცრით. მავნებლები ხართ და სიტუაციას ამწვავებთ“, - აცხადებდა როდრიგო დუტერტე.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნას. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. "ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი; მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას; მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებზე განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დეტალურად აკვირდებიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს. „სახალხო დამცველის აპარატმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დეტალურად ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციასთან, ასევე, პატიმრის თანხმობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით – სამედიცინო პერსონალთან. უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პრეზიდენტის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ასევე, ადეკვატური ყურადღება ექცევა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან. ამავდროულად, სახალხო დამცველი ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა (არტერიული წნევა, პულსი, სატურაცია, გლუკოზა) და სხვა პირადი მონაცემების (მის მიერ შეძენილი ნივთების) თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უწყების ვალდებულებაა საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს მხოლოდ გონივრულ ფარგლებში. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მისი დეტალურად გასაჯაროება, პირის ნებართვის გარეშე, ერთის მხრივ ქმნის კანონდარღვევის რისკს, ხოლო მეორე მხრივ – შესაძლოა, ხელი შეუწყოს პატიმრის უნდობლობის გაღვივებას პენიტენციური სისტემის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიმართ. პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელებით, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც. ამიტომ, უარყოფითად ვაფასებთ ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავსტრიაში გამართულ ბიზნესფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა შავი ზღვის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრა

ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს შესახებ ისაუბრა. ღონისძიება ვენაში ავსტრიის ფედერალური სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიამ თავისი კვალი დაატყო. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ მონაცემები არათუ იგივე ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის, მისი საინვესტიციო პოტენციალის, ქვეყანაში არსებული საგადასახადო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პოტენციალის სრული ათვისების მნიშვნელობა, რისთვისაც, მისი შეფასებით, საჭიროა ევროპული ბიზნესის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ინოვაციების ხელშეწყობა და განვითარება. პრეზიდენტმა ისაუბრა შავი ზღვის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ათვისებაზე. პრეზიდენტმა სამთო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ბალნეოლოგიური საკურორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

ევროკავშირი რუსეთისგან დონბასში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას მოითხოვს

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, 2014 წლის ზაფხულში დონბასის თავზე მალაიზიის სამგზავრო „ბოინგის“ ჩამოგდებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა შეასრულოს. ამის შესახებ კიევში გამართულ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ევროკავშირის ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერები მოსკოვს ასევე მოუწოდებენ, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ დაისაჯონ. სამიტის მონაწილეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მოქმედებები დაგმეს და მინსკის შეთანხმებების შესრულება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. დონბასში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებენ. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ მათ პირდაპირ მხარდაჭერაში. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს. შარშან ზაფხულის შემდეგ კონფლიქტის ზონაში ფორმალურად მოქმედებს საზავო შეთანხმება, მაგრამ სროლა კვლავაც გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან, უკრაინის მხარის მონაცემებით, 45 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. არის მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორისაც. „მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგმა“ (რეისი MH-17), რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა რეისს, 2014 წლის 17 ივლისს განიცადა ავარია დონეცკის ოლქში. მასში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ავიაკატასტროფასთან კავშირს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი 22 ოქტომბერს, სოჭში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრის შესახებ ისრაელის პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა. „ლიდერები განიხილავენ პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებს, ასევე მნიშვნელოვან რეგიონულ პრობლემებს, უპირველეს ყოვლისა ირანის ბირთვულ პროგრამას“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ნაფტალი ბენეტის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვდრის შემდეგ კი ირანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რეგიონში ირანი თავის მოქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს. ირანი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო დანაყოფებია განლაგებული. აღნიშნული ბრალდებაც რამდენიმე დღის წინ ღიად წამოაყენა ოფიციალურმა თეირანმა. როგორც Europetime-თან საუბარში ანალიტიკოსმა, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა, მეორე მხრივ, ისრაელი ვარაუდობს, რომ ირანს უკვე მალე ექნება ბირთვული იარაღი და ექსპერტები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე იმ მიზნით, რომ თეირანს მოუსპოს ასეთი იარაღის შექმნის შესაძლებლობა. მისი თქმით, სწორედ ეს მოვლენები შეაფასა ირანმა, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხე და გადაწყვიტა, აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარება აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, რომელშიც 50 000 ირანელი ჯარისკაცი იყო ჩართული.

შსს-მ აშშ-სა და კანადაში უკანონოდ დარჩენისთვის პირობების შექმნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. უწყების გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არალეგალურად გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენის მსურველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საჭირო დოკუმენტებს გადასცემდა, აშშ-სა და კანადაში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა და წინასწარ გამოართვა 4 000 ლარი". – ნათქვამია განცხადებაში. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშაულება მარიხუანა, დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო. საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლის შეცვლის შემდეგ, 13 ოქტომბერს, კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის(GDI) ცნობით, 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდება. GDI-ს ცნობით, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სხდომას, რომელიც 13 ოქტომბერს 14:00 საათზეა ჩანიშნული, მოსამართლე ნინო ნაჭყებია გაუძღვება. 2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს. ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. „მიმდინარე წელს ეს ჩვენი რიგით მეოთხე შეხვედრაა. ასეთი ხშირი შეხვედრები მოწმობს ჩვენი კონტაქტების მაღალ დინამიკას და ჩვენი სტრატეგიული, სამოკავშირეო ურთიერთობების მნიშვნელობას. რასაკვირველია, ახლა რეგიონში დინამიური პროცესები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეები ხვდებოდნენ და განიხილავდნენ საკითხებს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გადაუჭრელია. ნათელია, რომ ჩვენს რეგიონში რუსეთი გადამწყვეტ როლს ასრულებს კონფლიქტის მოგვარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ფაშინიანმა შეხვედრის დასაწყისში. რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება და რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები რეგიონში

ცენტრალური ავტობანიდან დაახლოებით 400 მეტრში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები განაახლეს

სოფელ ხურვალეთი-ორჭოსანისა და ცენტრალური ავტობანის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალები ხნულებს ანახლებენ. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც, თუმცა სუს-ში ამბობენ, რომ ეს არაა ახალი ხნულები, არამედ საოკუპაციო რეჟიმი ადგილზე არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს ანახლებს. მათივე ცნობით, ამგვარ ხნულებს ოკუპანტები ყოველწლიურად ავლებენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, ტერიტორია ავტობანიდან დაახლოებით, 380 მეტრშია.

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების სულ 10 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეინფიცირების, 10 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბაზებზე ბოლო გადატარებით რეინფიციების დაახლოებით ცხრიდან ათი ათასამდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი" გაიგზავნება

"ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმი ცნობილია! ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი". ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ქართველი მოჭიდავის – კახის ისტორია ეხება, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს. მთავარ როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“ მისთვის ბოლო ფილმი აღმოჩნდა. საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: მერაბ ნინიძე, ნანა ჯორჯაძე, ნანა ექვთიმიშვილი, დეა კულუმბეგაშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, გიორგი ოვაშვილი, რატი ონელი, ლევან კიტია, ვლადიმერ კაჭარავა, ალექსანდრე გაბელია, გიგიშა აბაშიძე, ია სუხიტაშვილი, ირაკლი სოლომანაშვილი, მარიამ ჭაჭია და თამთა გაბრიჩიძე. ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე შესარჩევი ფილმების კონკურსში იქნება წარდგენილი."მეოთხე ბრაიტონი" საქართველოს სახელით ასევე გაიგზვანება "ოქროს გლობუსზე" წელს „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ – რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე; „პერსონა #2“ – რეჟისორი – ნინო ბასილია; „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი. „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი და მისი ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.​ თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. ცოტა ხნის წინ, ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა (საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი): საუკეთესო ფილმი; საუკეთესო სცენარი; საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი.

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია, თუმცა დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პირველი მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ, ბიძგები კიდევ ერთხელ განმეორდა. გასულ თვეს კრეტაზე მომხდარ 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი იმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იმართება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია. შეხვედრებს ასევე ესწრებიან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. „მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები განიხილავენ ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. მწვავედ დაისმება რუსეთის მიერ ანექსიის პროცესის გააქტიურების საკითხი, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთის „დელიმიტაცია-დემარკაციისა“ და სოფ. აიბღას ნაწილის მიერთების კუთხით მოსკოვის უკანონო მცდელობები, აგრეთვე “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” იმპლემენტაციის თვალსაზრისით გააქტიურებული ნაბიჯები. საქართველოს დელეგაცია დააყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ირაკლი ბებუასა და საქართველოს სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს, ასევე განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესმება გალის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციის ძალისხმევა მიმართული იქნება მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე, ძალის არგამოყენებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე - საგნობრივი მსჯელობის წარმართვისა და პროგრესის მიღწევისაკენ. ქართული მხარე აქცენტს გააკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. ხაზი გაესმება, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოსკოვში აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრა გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდთან შეხვედრა სასარგებლო იყო, თუმცა მან ურთიერთობების შესაძლო გაუარესების შიში გამოხატა. „ამერიკელები ყურადღებას არ აქცევენ ჩვენს ლოგიკას ან ჩვენს მოთხოვნებს“, - განაცხადა რიაბკოვმა, Ria Novost-ის ცნობით. „ძალიან მცირე პროგრესი შეინიშნება, როდესაც საქმე ეხება არსებულ პრობლემებს”, - აღნიშნა რიაბკოვმა და დაამატა, რომ არსებობს ახალი დაძაბულობის რისკი. შეერთებული შტატების საელჩოს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ვიქტორია ნულანდი აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც უკანასკნელ წლებში მოსკოვს ეწვია. რიაბკოვმა განაცხადა, რომ მან და ნულანდმა ვერ მიაღწიეს პროგრესს დიპლომატიური მისიების დაკომპლექტების საკითხში. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალების მიერ ცენტრალურ აზიაში ბაზების გამოყენების საკითხი, როგორც ავღანეთზე მჭიდროდ დაკვირვების მცდელობების ნაწილი განიხილებოდა. მისი თქმით, რუსეთი წინააღმდეგია ამ იდეის. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა ცენტრალური აზიის ქვეყნებში ნებისმიერი ფორმით მიუღებელია“, - განაცხადა რიაბკოვმა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახლა კიდევ უფრო გაუარესებულია, ვიდრე ცივი ომის დროს. ამავე თემაზე: ვიქტორია ნულანდი მოსკოვს ეწვია რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიიდან ამოღების შემდეგ, ვიქტორია ნულანდი მოსკოს ეწვევა WSJ: აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელმა ცენტრალურ აზიაში რუსეთის ბაზების გამოყენებაზე პუტინის შეთავაზება რუს კოლეგასთან განიხილა

შსს დუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს

უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ერთობლივად ჩაატარეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არალეგალურად გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენის მსურველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საჭირო დოკუმენტებს გადასცემდა, აშშ-სა და კანადაში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა. სამართალდამცველებმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დ. ს.-ის დანაშაულებრივი ქმედების ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება და სატელეფონო მიყურადება განახორციელეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა და წინასწარ გამოართვა 4000 ლარი. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშაულება „მარიხუანა“, დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო. საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღჯვეთას ითვალისწინებს.

UNDP-ის ხელმძღვანელი: საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გასული წლების განმავლობაში, თუმცა საჯარო მმართველობის რეფორმის ყველა სფეროში თანაბრად წარმატებული არ ყოფილა

UNDP-ის ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი აცხადებს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გასული წლების განმავლობაში, თუმცა საჯარო მმართველობის რეფორმის ყველა სფეროში თანაბრად წარმატებული არ ყოფილა. ონლაინ-შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ, „საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გასული წლების განმავლობაში, თუმცა საჯარო მმართველობის რეფორმის ყველა სფეროში თანაბრად წარმატებული არ ყოფილა. რეფორმის ახალ ეტაპზე, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარების პრიორიტეტული სფეროები უცვლელი დარჩება - პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო სამსახურის რეფორმის გატარება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა. საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება. ამავე თემაზე: ბრიტანეთის ელჩი: გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს დემოკრატიულ გარდაქმნებს საქართველოს საჯარო მმართველობაში

ოთხი არასამთვრობო ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ოთხი არასამთვრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება იკვეთება. ხელმომწერი ორგანიზაციები ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატიცა (GDI), მმართველობის მონიტორინგის ცენტრი და ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC) „საზოგადოებას შეახსენებენ, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, მართლმსაჯულების სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდა“. „ძალიან ხშირად, მმართველი პოლიტიკური ძალა სრულად უგულვებელყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას და რეკომენდაციებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკების თაობაზე. არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და ე.წ. რეფორმის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება კვლავ პოლიტიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერიდება პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე. აღნიშნულის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადება, რომლითაც იგი ღიად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის, განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით და კავშირი არ აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დაუშვებელი და მიუღებელია იმისგან დამოუკიდებლად, პირი დამნაშავეა თუ არა. მეტიც, სწორედ ამგვარი მართლმსაჯულების განხორციელება, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს პირის ბრალეულობის საკითხი. ასეთი პროცესი სრულად ფორმალური ხასიათისაა, მიკერძოებულია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საბაზისო მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანაშაულობა-უდანაშაულობის დადგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამასთანავე, იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მმართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე როგორც, აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში, ეჭვქეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება. თავის მხრივ, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და სამართლებრივი მექანიზმებით, ახალისებს მსგავსს პრაქტიკას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საქართველო პრეზიდენტს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება“, - აღნიშნულია განცხადებაში. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

ევროსაბჭოს გენერალური მდივნანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში დაშავებულებს გამოჯანმრთელებისას გამძლეობას და სულის სიმხნევეს უსურვებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ბათუმში შენობის ფატალური ნგრევის ფაქტმა და მისგან გამოწვეულმა ტრაგიკულმა ადამიანურმა მსხვერპლმა დიდი მწუხარება გამოიწვია ჩემში. ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს, ისევე როგორც მთელ ქართველ ხალხს. ასევე მსურს დაშავებულებს გამოჯანმრთელებისას გამძლეობა და სულის სიმხნევე ვუსურვო“, - ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის წერილში. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს. მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცესკო: სახალხო დამცველს და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავეებს მირანდა მესხის მიმართ შეურაცხმყოფელი კამპანიის გამო მივმართეთ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სახალხო დამცველს, ადგილობრივი, საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა. ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებს და „ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა მოჰყავს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, საჯაროდ, აქტიურად ვრცელდებოდა როგორც სხვადასხვა წყაროს მიერ, ისე სოციალურ ქსელებში. „ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს ცესკომ ვიზუალური მასალაც მიაწოდა. აღნიშნული კამპანია კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მხრიდან ჯერ კიდევ არჩევნების ღამეს დაიწყო, როდესაც მან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მირანდა მესხს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევა დააბრალა. ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც საოლქო კომისიაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე, სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიის სახითაც. ოლქის თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაცია, მუქარა და სიძულვილის ენა აქტუალური იყო 7, 8 და 9 ოქტომბერსაც, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი განცხადება და მიმართვა გაავრცელა. ამასთან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა ამ პერიოდშივე მოახდინეს საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პარალიზება და დააზიანეს ინვენტარი. გამოიკვეთა მირანდა მესხის მიმართ გენდერული ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტებიც. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით მივმართეთ სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ხელი შეუწყონ საზოგადოებისთვის საარჩევნო პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ნათია იოსელიანმა. ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რიგ ოლქებში გადათვლის პროცესი ხმაურის და კონკურენტი პარტიების წარმომადგენელთა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ მხრივ, ეპიცენტრი იყო ზუგდიდი და მე-11 მაჟორიტარული ოლქი, სადაც ხელახლა გადათვლამ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არსებული სურათი, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვების გამოვლენამ შეცვალა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, მისი კანდიდატის მანუჩარ ფიფიას ნაცვლად კი, გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა. „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს ადანაშაულებდა ზუგდიდში ხმების გაყალბების პროცესში მონაწილეობაში, რასაც ის უარყოფდა. ამავე თემაზე სად შეიცვალა შედეგები უბნების ხელახალი გადათვლის შემდეგ