ახალი ამბები

იენს სტოლტენბერგი: მხოლოდ NATO-ს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის შეუერთდებიან ალიანსს საქართველო და უკრაინა. რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს

„პირველ რიგში, ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი არის ის, რომ თითოეული სუვერენული სახელმწიფო თავად ირჩევს და წყვეტს თვის გზას. სურს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას NATO-ს წევრი გახდეს - ეს საკითხი კონკრეტულმა ქვეყანამ და NATO-ს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლისაბონში, NATO-ს 67-ე საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეკითხვების საპასუხოდ. მისივე თქმით, რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს. რუსეთმა არასდროს უნდა მიიღოს ვეტოს უფლება, ვინაიდან სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, თავისი მომავალი განსაზღვროს. რუსეთი ყოველთვის ამბობს, რომ NATO-ს გაფართოება პროვოკაციაა. როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი NATO-ს შეუერთდნენ, რუსეთი მაშინაც ამბობდა, რომ ეს პროვოკაცია იყო. და როდესაც ნორვეგია NATO-ს შეუერთდა, სტალინი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, მხოლოდ NATO-ს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, საქართველო და უკრაინა, NATO-ს სტანდარტებს და ალიანსს შეუერთდებიან“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ამავე თემაზე: იენს სტოლტენბერგი: საქართველოსთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას განვაგრძობთ, ეს მადრიდის სამიტის მომზადებისას განხილვის თემა იქნება სტოლტენბერგი: თუ ვინმე ამბობს, რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, ეს ნიშნავს, რომ პატარა ქვეყნებს არჩევანი არ უნდა ჰქონდეთ, რაც სუვერენიტეტის ხელყოფაა. საქართველოს გაწევრიანება გარდაუვალია

რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიიდან ამოღების შემდეგ, ვიქტორია ნულანდი მოსკოს ეწვევა

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა სანქცია გააუქმეს, რათა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ამ კვირაში მოსკოვს, რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისთვის ეწვიოს. მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ნულანდი იყო სანქცირებულთა სიაში, რომელიც კრძალავდა მის შესვლას ქვეყანაში, მაგრამ ეს სანქცია მოიხსნა მას შემდეგ, რაც თავის მხრივ, აშშ-მ გააუქმა შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა რუსეთის მოქალაქეების შესვლას აშშ-ის ტერიტორიაზე. ზახაროვამ არ დააკონკრეტა, რუსეთის რომელ მოქალაქეებს შეეხოთ შეზღუდვის მოხსნა. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 11 ოქტომბერს გაემგზავრება მოსკოვში, სადაც შეხვდება მაღალჩინოსნებს და სხვა თანამოსაუბრეებს ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხების განსახილველად. 14 ოქტომბერს კი ბეირუთში გაემგზავრება და სამოქალაქო საზოგადოების ლიბანელ წარმომადგენლებს, ასევე, მთავრობის ლიდერებს შეხვდება. საუბარი შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს და მომავალ არჩევნებს. 15 ოქტომბერს, ნულანდი ლონდონში მთავრობის მაღალჩინოსნებთან შესახვედრად გაემგზავრება და მთელ რიგ გლობალურ საკითხებს განიხილავს. ოფისის დაკავების დღიდნა, პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთი სანქცია დააწესა რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის, ასევე, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. ნულანდი იმ პირთა სიაში იყო, რომელთაც რუსეთში შესვლა ეკრძალებოდათ, მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში, კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა. ამავე თემაზე: რუსული მედიის ცნობით, ვიქტორია ნულანდი შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდეს

კვლევა: ვლადიმერ პუტინის ნდობის რეიტინგმა ბოლო 9 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ნდობის რეიტინგი კლებას განაგრძობს. „ლევადა ცენტრის“ მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტისადმი ნდობის რეიტინგი 53% -მდე დაეცა და ბოლო 9 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 19-26 აგვისტოს, 18 წლის და უფროსი ასაკის 1619 ადამიანს შორის, რუსეთის ფედერაციის 137 ქალაქსა და დაბაში. ეს რეიტინგი 2017 წელს, 69% -დან 61% -მდე შემცირდა. ლევადას ცენტრის მონაცემებით, 55%-ზე ქვემოთ, პუტინის რეიტინგი მხოლოდ 2004-2005, 2011-2012 წლებში დაეცა. „ყირიმის ანექსიამ პუტინის რეიტინგები ისტორიულ ზღვრამდე მიიყვანა, მაგრამ 2018 წლის საპენსიო რეფორმამ რეიტინგი შეამცირა და მას შემდეგ კლების შეჩერება ვერ მოხერხდა“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.

თბილისის ვიცე-მერი: სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას მხარს ვუჭერთ

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შენობებზე უკანონო მიშენება - დაშენება, ასევე თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია. მისი თქმით, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უკვე დარეგულირებულია, მაგრამ მხარს უჭერს პრემიერის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. „მიშენება - დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია. ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი, ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს. ამის საშუალება არის საჩივარი, ცხელ ხაზზე შეტყობინება, აუდიტის სამსახური ახდენს გარკვეულ შემოწმებებს და ასევე, მუნიციპალური ინსპექცია ახდენს მონიტორინგს. ამის შემდეგ ხდება გარკვეული შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება. სამშენებლო რეგულაციების მიმართულებით მუდმივად ხდება გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ჩვენც მოგვიწევს გარკვეული ცვლილების შეტანა. ეს ჯანსაღი პროცესია და რა თქმა უნდა, საკითხს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ხმალაძემ. მისი განმარტებით, სამშენებლო რეგულაციების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა შემოიღეს. „ის, რომ დღეს დარღვევები მივიღეთ და ამას ვეღარ ვასწორებთ, ამას თვალებში შევხედეთ და ვაპატიეთ, მაგრამ იმისთვის, რომ ხვალ იგივე არ გაგრძელდეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოვიღეთ. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ 5 ათასი, 10 ათასი ან ხშირ შემთხვევაში, 50 ათას ლარიანი ჯარიმა ვერ ახდენს დარღვევის პრევენციას. ამიტომაც შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა“, - განაცხადა ხმალაძემ.

Bild-ი გერმანია მიგრანტთა კრიზისში ლუკაშენკოს მონაწილეობის საკითხს იძიებს

გერმანია მიგრანტთა კრიზისში ლუკაშენკოს ჩართვის საკითხს იძიებს. ამის შესახებ გერმანული Bild-ი წერს. მედია წერს, რომ საქმე ეხება არალეგალი მიგრანტების ტრანსპორტირებას გერმანიაში. კერძოდ, გერმანული გამოცემის ცნობით, Bild-ის თანახმად, მიგრანტების არალეგალური გადაყვანა ევროკავშირის ქვეყნებში, „სახელმწიფო დონეზეა“ ორგანიზებული, მინსკის მიზანი კი ისაა, რომ „აიძულოს ევროპა, სანქციები მოხსნას ბელარუსის წინააღმდეგ“. აგვისტოს შემდეგ, დაახლოებით 4,000 მიგრანტი ჩავიდა გერმანიაში ბელარუსიდან, მათ შორის 1100 მხოლოდ ოქტომბრის პირველ კვირაში, წერს გაზეთი გერმანული პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით. „არალეგალი მიგრანტების უმეტესობა ერაყიდან და სირიიდან არიან. ისინი მინსკში მიფრინავდნენ ბაღდადიდან და ერბილიდან (ერაყი), ასევე, დუბაიდან (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ბეირუთიდან, (ლიბანი), ამანიდან (იორდანია), სტამბოლიდან (თურქეთი) და დამასკოდან (სირია), ბელარუსის სტუდენტური ვიზებით. ბელარუსის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ, მესაზღვრეებს და პოლიციელებს ისინი პოლონეთის საზღვრის ყველაზე ნაკლებად დაცულ ადგილებში მიჰყავთ“, - წერს გაზეთი“. მიგრანტთა კრიზისი ევროკავშირის ქვეყნებსა და ბელარუსის საზღვარზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირმა მინსკის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო Ryanair- ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამო ბორტზე. ლუკაშენკომ მაშინ განაცხადა, რომ ბელარუსი დასავლეთის ქვეყნებს, მის საზღვრებში არალეგალური მიგრაციის კონტროლში აღარ დაეხმარება. პოლონეთის ხელისუფლებამ ბელარუსული მხარე მიგრანტთა კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა. პოლონეთმა და ლიეტუვამ ლტოლვილთა მზარდი ნაკადის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ლიეტუვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეწყო კედლის მშენებლობა ბელარუსის საზღვართნ. ლატვიამ ასევე გამოაცხადა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების შესახებ. აგვისტოდან ლიეტუვამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ავსტრიის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ავსტრიის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რომელიც საქართველოს მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია ავსტრიაში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ვენაში ვიზიტს ავსტრიაში მოღვაწე ქართველებთან სამუშაო შეხვედრით დაიწყებს, რომელსაც სახელოვნებო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. 12 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. დაგეგმილია ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის, ალექსანდერ ვან დენ ბელენის და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრებთან ერთად. ასევე პრეზიდენტები პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ვენაში ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ჰელგა მარია შმიდტს შეხვდება და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეუთო-ს გენერალური მდივნის ოფისში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ქალ ელჩებთან ერთად ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას „ქალები მშვიდობისათვის“ დაათვალიერებს. საქართველოს პრეზიდენტი საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმს გახსნის. ფორუმის მონაწილეებს მიმართავს ასევე ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი. გაიმართება ავსტრიული და ქართული კომპანიების პრეზენტაცია. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია სულავა, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში, ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში, ლიანა ჯერვალიძე, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი. პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტის ავსტრიის რესპუბლიკაში 13 ოქტომბერს დაასრულებს.

პრემიერი: სააკაშვილის გადაცემას არავინ ითხოვს, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს

"სააკაშვილის გადაცემას არავინ ითხოვს, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანცხადა. მისი თქით, სააკაშვილს საქართველოს ციხეში ყოფნა მინიმუმ 6 წელი მოუწევს. "რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის, - აცხადებს ღარიბაშვილი. კითხვაზე გადასცემენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ მხარეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამორიცხულია. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ პოზიცია სააკაშვილის დაკავების დღესვე დააფიქსირა. "პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმავე საღამოს, როდესაც დააკავეს სააკაშვილი, განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული და ეს საკითხი არის დახურული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იუსტიციის მინისტრი: ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და განმარტავს, რომ არავის მისცემს უფლებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს. ,,როდესაც ვინმე ცდილობს გაავრცელოს ტყუილი, შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი საზოგადოება, რომ თითქოსდა მას არ ეძლევა რაიმეს შეძენის უფლება, ის შიმშილობს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მას ყურადღებას არ აქცევენ, ბუნებრივია, ამის უფლებას ვერავის მივცემთ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრგაძემ ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის კვალიფიციური სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით. ,,აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კვალიფიციურ თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თითოეულ პატიმარზე და მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. და ის, როგორც მოშიმშილე, იმყოფება მუდმივი სამედიცინო დაკვირვების პროცესში“, - განაცხადა ბრეგაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. წუხელ ღამიღ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაც მოეწყო. ისინი ექსპრეზიდენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდნენ.

იუსტიციის მინისტრი: საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მთავრობის წევრებთან ერთად, ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო. „ინფორმაცია გაავრცელა თავად საჯარო რეესტრმა, იყო მათ შორის ინტერვიუც, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცხადი რომ გავხადოთ, საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ყველა კითხვა საჯარო რეესტრთან დაკავშირებით არის არამართებული“- განაცხადა რატი ბრეგაძემ. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა პროკურორი: 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა კორპუსის მოსახლეობა არ გააფრთხილეს

პრემიერი: სააკაშვილისთვის სასჯელის დამატებასთან დაკავშრებით განცხადება, ეს იყო თეორიული საუბარი

"თუ ნებისმიერი მსჯავრდებული, პატიმარი, მათ შორის სააკაშვილი დამატებით ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ბუნებრივია, მას ახალი სასჯელი დაემატებოდა. ეს იყო თეორიული საუბარი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისი განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. „მე ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ჩემს განცხადებას და არასწორი ინტერპრეტაციები არ უნდ გააკეთონ. მე ჩემს პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი, ეს ერთი, მეორე - ჟურნალისტი მეკითხებოდა, რომ სააკაშვილი კვლავაც მოუწოდებს, წავიკითხე დაუმორჩილებლობისა და გადატრიალების მსგავსი მოწოდება ჰქონდა გაკეთებული პატიმარ სააკაშვილს და მხოლოდ ამაზე საპასუხოდ, ბუნებრივია, ნახევრად ირონიულად ვუპასუხე. ეს ცხადია, ყველამ იცის, დამწყებმა იურისტმაც კი, რომ თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის, საპატიმროში, კანონი ითვალისწინებს ამას და მას ბუნებრივია, სხვა მუხლები და ხვა სასჯელი დაემატება. ე განმარტებისთვის. ამას მე არ ვწყვეტ, როგორც პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილს დააკავებდნენ თუ არ დააკავებდნენ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული. იგი იყო ბრალდებული და არის ბრალდებული სვა საქმეებზეც და მათ შორის მსჯავრდებული იყო ორ საქმეზე - გირგვლიანის საქმე და ახლა მიმდინარეობს იმედის საქმე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო ჩვენს ქვეყანაში. ასევე ის ვალერი გელაშვილის საქმეზე არის გასამართლებული და მსჯავრდებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ვის რა მუხლი დაემატება. მე უბრალოდ, განმარტება გავაკეთე. თუ ნებისმიერი მსჯავრდებული, პატიმარი, მათ შორის სააკაშვილი თუ დამატებით ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ბუნებრივია, მას ახალი სასჯელი დაემატებოდა. ეს იყო თეორიული საუბარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო 24 საათში მხოლოდ 3 442 ადამიანი აიცრა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 10 ოქტომბერს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 3 442 ადამიანი აიცრა. 11 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 874 845 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.2 % სრულად ვაქცინირებულია 874 060 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.6 % 10 ოქტომბერს აიცრა 3 442 ადამიანი ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-საც ვერ აღწევს, მაშინ როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას. ამ ეტაპზე ინფიცირების 23 916 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 874 845 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.2%. სრულად ვაქცინირებულია 874 060 - მოზრდილი მოსახლეობის 30.6%.

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის თანაშემწე სამი ჯასიმი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ განაცხადა. აშშ-ს ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ჯასიმი დაჯგუფების ფინანსებს განაგებდა და ზედამხედველობას უწევდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ნავთობის, ბუნებრივი აირის, სხვადასხვა მინერალების და ანტიკვარიატის გაყიდვებიდან შემოსულ ფინანსებს.. ამერიკის მთავრობას ჯასიმის დაჭერის ან მასზე ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.

აშშ-მ ბირთვული წყალქვეშა ნავის ინჟინერი და მისი მეუღლე მონაცემების გაყიდვის მცდელობისთვის დააკავა

აშშ-ში სამხედრო ინჟინერი და მისი მეუღლე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დაკავებული ჯონათან ტოებე ბირთვულ ინჟინრად მუშაობდა აშშ-ის საზღვაო ძალების ბირთვულ პროგრამაში და უმაღლესი წვდომა ჰქონდა უახლეს ინფორმაციაზე, მათ შორის დიზაინის ელემენტებსა და ბირთვულ წყალქვეშა ნავებში გამოყენებული რეაქტორების მუშაობის პარამეტრებზე. უწყების ცნობით, წყვილი მთელი წლის განმავლობაში აწვდიდა ბირთვული წყალქვეშა ნავის მონაცემებს ფედერალური ბიუროს აგენტს, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლად ასაღებდა თავს. წყვილს შეთქმულებასა და ატომური ენერგიის შესახებ კანონის დარღვევაში წაუყენეს ბრალი. გამოძიების თანახმად, ტოებემ კონტაქტის დამყარებისა და ანაზღაურების სანაცვლოდ სრული ინფორმაციის გადაცემის მიზნით, ერთ-ერთი უცხოური ქვეყნის მთავრობას 2020 წლის პირველ აპრილს გაუგზავნა წერილი, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების ნაწილს შეიცავდა. წერილი ფედერალურ ბიუროს ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც ინჟინერი და მისი მეუღლე ბიუროს დაკვირვების ქვეშ მოექცნენ. წყვილი ფედერალურმა ბიურომ 9 ოქტომბერს დააკავა. იუსტიციის სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის მთავრობისთვის გეგმავდნენ დამნაშავეები საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვას.

უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღო. უწყების ცნობით, უკრაინამ სამხედრო დახმარება პრეზიდენტს ვოლოდომირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მიიღო. ტვირთი კიევის ბორისპოლის აეროპორტში კვირას ჩავიდა. შეთანხმებული 250 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების გარდა, ამერიკელი პარტნიორებისგან უკრაინამ ასევე დამატებით მიიღო 60 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთი, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობა, საბრძოლო მასალები, რადიოლოკაციური სადაზვერვო და სხვა სამხედრო აღჭურვილობა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2014 წლიდან ვაშინგტონმა კიევს ორი მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა.

იტალიაში 12 წელს გადაცილებული მოსახლეობის 80% სრულად ვაქცინირებულია

იტალიამ 12 წელს გადაცილებული მოსახლეობის 80% აცრა. იტყობინება Reuters-ი. 60 მილიონიან იტალიაში 43.2 მლნ ორჯერადად ვაქცინირებულია. როგორც ცნობილია, დელტა "შტამის" შემთხვევაში, რიგმა ქვეყნებმა უკვე 60%-ის ნაცვლად, 80%-ის აცრის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, რადგან ეს ვარიანტი სწრაფად ვრცელდებოდა. იტალია ევროპაში ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.

საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 11 ოქტომბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. როგორც ცნობილია, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ჩინეთში წყალდიდობამ 1,7 მილიონამდე ადამიანი დააზარალა

BBC-ის ცნობით, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ჩინეთის შანსის რეგიონში 1,76 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. გასულ კვირას დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ რეგიონში სახლების ჩამოშლა და 70-ზე მეტ რაიონში მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია. დანგრეულია 17 ათასზე მეტი სახლი. 120 ათასზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში ჩამოწოლილ მეწყერს ოთხი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად გარდაცლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო რთულად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. პოლიციის თანამშრომლები რეგიონში მეგაფონებით გადაადგილდებიან და მოსახლეობას არსებული სიტუაციის შესაბამის ქცევის წესებს აცნობენ.

პროკურორი: 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა კორპუსის მოსახლეობა არ გააფრთხილეს

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმის პროკურორის ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა მათ შენობა ისე დატოვეს, კორპუსის მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ. "გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით," - განაცხადა პროკურორმა. დღეს, სასამართლომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ. ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებულების დაპატიმრება უკანონოა. კორპუსის ნაწილის ნგრევისა და შედეგად მოქალაქეების გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მუშა ბრალდებას უარყოფს. "არაფერი არ გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს..." - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელმაც მცირე კომენტარი მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო შენობის დატოვებისას გააკეთა. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა

ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი და 1 006 მძიმე პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 530 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი, 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 583 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 602 372, გარდაიცვალა 9 269 პაციენტი. საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და კახეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 334, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 50, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 142, კახეთი - 294, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12. 10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.25% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.6%. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 916, საიდანაც: 4 514 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 467, აჭარაში - 423, იმერეთში - 1 108. 1 006 მძიმე პაციენტია, მათ შორის თბილისში - 323, აჭარაში - 85, იმერეთში - 342. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 257 ადამიანი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 25, იმერეთში - 28. 703 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 - თბილისში, 185 - აჭარაში. 18 699 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 233 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 19 717 ადამიანი.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ. პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა მათ შენობა ისე დატოვეს და კორპუსის მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ. "გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით," - განაცხადა პროკურორმა. ბრალდებულთა ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებულების დაპატიმრება უკანონოა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა