ახალი ამბები

მაიკლ ჯექსონის რანჩო Neverland-ი 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

გარდაცვლილი პოპმუსიკოსი, მაიკლ ჯექსონის რანჩო მილიარდელმა, რონ ბერკლიმ 22 მილიონ დოლარად იყიდა. კალიფორნიაში, ლოს ოილივოსშ,მილიარდელმა ჯექსონის რანჩო,საწყის ფასზე ოთხჯერ იაფად იყიდა. მყიდველების ნაკლებობის გამო, პოპმუსიკოსი რანჩოს ღირებულება საგრძნობლად გაუფასურდა. Thriller– ის მომღერალმა 'ნევერლენდი" მისი პოპულარობის პერიოდში 1987 წელს იყიდა. ჯექსონმა თავდაპირველად $ 19.5 მილიონი გადაიხადა Neverland- ში, რომელსაც მან გამოგონილი კუნძულის სახელი დაარქვა, სადაც ბავშვები არასდროს იზრდებიან ჯ.მ. ბარის, პიტერ პენის სიუჟეტის მიხედვით.

პოლიციამ თბილისში, 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, საკარანტინო წესების დარღვევისთვის 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. " ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე: 1982 წელს დაბადებული ბ.ჯ. და 1985 წელს დაბადებული ა.კ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ბ.ჯ. კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო ა.კ. – 20 დეკემბრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ა.კ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ბ.ჯ.-ს, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ქვეითად გადაადგილებისას დაჯარიმდა.პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის 2000-2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს" - ნათქვამია განცხადებაში

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. მთავრობის უცვლელ შემადგენლობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. მთავრობის შემადგელობას მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" თოტხმეტმა დეპუტატმა. მთავრობის დამტკიცების წინააღმდეგი იყო ოპოზიციური ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ უმაღლეს საბჭოში შესული ერთადერთი დეპუტატი, ირაკლი ჩავლეიშვილი. აჭარის მთავრობის წევრები არიან: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. აჭარის უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებთან კონსულტაციის შედეგად. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსულტაცია 22 დეკემბერს გამართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან და 23 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის წარდგენის შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 14 „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და 7 ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“. ეს ბლოკი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მის შედეგებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური ბლოკიდან არჩეული 7 დეპუტატიდან 6-მა უმაღლეს საბჭოს მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად. საბჭოში საქმიანობა გადაწყვიტა ბლოკის საარჩევნო სიის წევრმა, ყოფილმა რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

25 დეკემბერი ილია მეორის აღსაყდრების დღეა

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. დღეს საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 43 წელი შეუსრულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.მას სახელად ილია მეორე ეწოდა. პანდემიის გამო, დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში. ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიის და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე. ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვებულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს", - ნათქვამია განცხადებაში.

„სამართლიანი არჩევნები“ აღმასრულებელმა დირექტორმა დატოვა

ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ ISFED-ის ბორდის წევრმა თამარ სართანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. „უბრალოდ ის ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ელენე აღარ არის დირექტორი და დანარჩენზე ხვალ ჩანიშნულ ბრიფინგზე ვისაუბრებთ. ელენესთან ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია და ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა ნამდვილად“, - განაცხადა თამარ სართანიამ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ განმარტაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

ბრიტანეთის დედოფალი შობას ოჯახთან ერთად არ შეხვდება

გაერთიანებულ სამეფოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დედოფალი საშობაო საღამოს ოჯახისგან მოშორებით შეხვდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახი ერთად არ შეხვდება შობას, ბრიტანეთის დედოფალი არ უღალატებს ტრადიციას და ჩვეულებისამებრ მოსახლეობას მიმართავს სიტყვით. როგორც ბრიტანული მედია წერს, დედოფალი სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრებს. 94 წლის ელისაბედ II და 99 წლის პრინცი ფილიპი პანდემიის განმავლობაში, უინძორის სასახლეში იმყოფებიან. სამეფო ოჯახი საშობაო მსახურებას ყველა წესის დაცვით დაესწრება.

საქართველოში ქრისტიანების ნაწილმა შობა შეზღუდვების პირობებში აღნიშნა

ქრისტიანებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ, შობის ღამის აღნიშვნა შეზღუდვების პირობებში მოუწიათ. საქართველოს კათოლიკურ ტაძრებში საშობაო მესა „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე, საღამოს 9 საათამდე შესრულდა. კათოლიკე ეკლესიამ არ გაიზიარა მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების ნებართვის მისაღებად წირვაზე დასწრების მსურველთა პირადი მონაცემები გადაეცა შესაბამისი სამსახურებისთვის. „განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა?!“, - განაცხადა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ საშვების მისაღებად მიმართვისკენ მოუწოდა იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ქრისტეშობა ტრადიციული ღამისთევის გარეშე აღნიშნა ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ღამის ღვთისმსახურებაში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

მექსიკა, კოსტა რიკა და ჩილე მასობრივ ვაქცინაციას იწყებენ

მექსიკელი მედდა პირველია, ვინც ლათინურ ამერიკაში კორონავირისის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. წერს BBC. პანდემიამ მექსიკას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, ამის პარალელურად ქვეყანაში, შეძენილი 34 მილიონი დოზიდან სამი ათასი დოზა უკვე ჩავიდა. ჩილეში 600,000-მდე კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული და ქვეყანაში 16 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევა აღირიცხა. ქვეყნის პრეზიდენტი ვაქცინაციის დაწყებას აფასებს, როგორც „იმედის მომცემ და განსაკუთრებულ მომენტს“ და მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს. კოსტა რიკა ასევე მძიმე ეპიდსიტუაციას ებრძვის და ქვეყანა ასევე ემზადება Pfizer/Biotechnic-ის პრეპარატის გამოყენებისთვის. ლათინური ამერიკის სამმა ქვეყანამ ვაქცინაცია 24 დეკემბერს დაიწყო და პრეპარატის დამატებით დოზებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

COVID19: 1 881 ახალი შემთხვევა, 37 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 515, გარდაიცვალა 37. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 747 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 908 PCR ტესტით. საერთო რაოდენობა შეადგენს 218 724-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 196 220-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 313 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 259, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 145, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ამ ეტაპზე 20 165 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 584, იმერეთში - 1 196. ამ ეტაპზე 1 068 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 121, იმერეთში - 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 414, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 64, იმერეთში - 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 668 - აჭარაში, 112 - იმერეთში. 12 654 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 183, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 905 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 708 პირი, აჭარაში - 4 006, იმერეთში - 4 887“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აშშ-ში ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვენ

შეერთებული შტატების მთავრობა მოითხოვს, რომ გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსული ყველა ავიაკომპანიის მგზავრს, 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ COVID-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი ჰქონდეს. - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებაში ნათქვამია, გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსული ავიაკომპანიის ყველა მგზავრმა ტესტზე უარყოფითი პასიხი უნდა მიიღოს, რომ შეერთებულ შტატებში გაფრინდეს. ახალი წესის თანახმად, გაერთიანებული სამეფოდან შეერთებულ შტატებში მიმავალმა მგზავრებმა ავიაკომპანიებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ლაბორატორიული შედეგის შესახებ წერილობითი დოკუმენტაცია ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით უნდა წარუდგინონ, ხოლო თუ მგზავრი ტესტის ჩაბარებაზე უარს განაცხადებს, ავიაკომპანიამ მის გადაყვანაზე უარი უნდა განაცხადოს.

დევიდ კრამერი: ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს

"ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერიმ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. როგორც კრამერიმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეფასებისას აღნიშნა, მას არა აქვს სურვილი საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, თუმცა ეს მაინც მოხდება, თუ ოპოზიციამ ბოიკოტი გააგრძელა. "საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს. საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს დასავლეთში. ვაშინგტონში ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. არ მინდა, რომ საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, მაგრამ ეს გარდაუვალია თუ ოპოზიცია ბოიკოტს გააგრძელებს და "ქართული ოცნება" პარტიებს აკრძალავს. ერთპარტიული პარლამენტია ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბაში, ვიეტნამში, ლაოსში და ძალიან არ მინდა, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალში იყოს საქართველო. იმედი მაქვს, პოლიტიკოსები ორივე მხარეს გააცნობიერებენ, რომ ეს პროცესი დამღუპველია და კრიზისის მოგვარებაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" პარტიას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ცალკე აღებულ სხვა პარტიებთან მიმართებაში, პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. ეს ქართველი ხალხის ინტერესშია. იმედი მაქვს, 2021 წელს საქართველოში ვიხილავთ ისეთ პარლამენტს, რომელიც მოსახლეობის დამოკიდებულებას უკეთ ასახავს,"- განაცხადა დევიდ კრამერიმ.

მსოფლიო პატრიარქი: შობის დღესასწაულისადმი მიმავალი გზა, მწვავე პანდემიის პირობებში, განსხვავებულია

"წელს, სამყაროს მხსნელი მაცხოვრის შობის დღესასწაულისადმი მიმავალი გზა, მწვავე პანდემიის პირობებში, განსხვავებულია". - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს კონსტანტინოპოლელმა თავის საშობა ეპისტოლეში. საშობა ეპისტოლე წელს ქართულ ენაზეც გამოწვეყნდა. მსოფლიო პატრიარქის თქმით, სეკულარულ საზოგადოებაში შობის დღესასწაული თითქოს გაუფერულდა, თითქოს მომხმარებლური, ამქვეყნიური ხასიათი მიიღო და თვალთახედვიდან დაიკარგა ის, რომ ამ წმიდა დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ „უმთავრეს საიდუმლოს“ — ღმრთის განკაცებისას. როგორც ბართლომეოს კონსტანტინეპოლელი აღნიშნავს, აღფრთოვანებულია ექიმების თავგანწირვით. ის ექიმების "თეთრ საამოსს" "თეთრ ანაფორას" ადარებს. " ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ექიმებისა და ექთნების თავგანწირვით, ყველასი, ვინც პანდემიას ებრძვის. ვხარობთ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ პაციენტი აღიქმება, როგორც წმიდა პიროვნება და არ ხდება მისი დაყვანა მხოლოდ რიცხვამდე, ან უპიროვნო ბიოლოგიურ ერთეულამდე. ძალიან მკაფიოდ და ნათლად ითქვა, ექიმების „თეთრი სამოსი“ ეს არის „თეთრი ანაფორა“, რომელიც გამოხატავს მსახურებას „ჩემი მოყვასისადმი“ და სრულ ვალდებულებას ტანჯულისადმი მსახურებისა. ეს „თეთრი სამოსი“ — ისევე, როგორც სასულიერო პირის სამოსი, გამოხატავს მსხვერპლსა და სამსახურს მოყვასისთვის გაღებულს, ის სულის სიმბოლო და შთაგონებაა, რომლის მამოძრავებელი ძალა სიყვარულია, რომელიც ყოველთვის ღმრთივმომადლებული ნიჭია და არასდროს მხოლოდ ჩვენი საკუთარი მიღწევა." - ნათქვამია ეპისტოლეში. მსოფლიო პატრიარქის აზრით, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურას ის, რომ სამყარო ერთ მთლიანობას წარმოადგენს და თითოეული ადამიანის პრობლემა ყველას პრობლემაა. "საშიშმა პანდემიამ ბევრი ძალიან შეაკრთო. ამ ვითარებამ ნათლად გამოავლინა თანამედროვე „ზეკაცის“ შესაძლებლობების საზღვრები და, ამავდროულად, წარმოაჩინა სოლიდარობის ძალა. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი სამყარო წარმოადგენს ერთ მთლიანობას, და რომ ჩვენი პრობლემები საერთოა, და რომ მათი გადაწყვეტა, თანამშრომლობასა და თანხმობას მოითხოვს, აქ რაც შეიძლება საუკეთესო გამოიკვეთოს ესაა პირადი წვლილის მნიშვნელობა, მოწყალე სამარიტელის სიყვარული, რომელიც აღემატება ყოველ ადამიანურ საზომს. სამწუხაროდ, ჯანდაცვის კრიზისმა არ დაგვანება 2020 წლისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება, რომელიც გამოცხადებული იყო „პასტორალური განახლებისა და ახალგაზრდებისთვის ჯეროვანი ზრუნვის“ წლად." - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.

დღეიდან ბელგიის საზღვრის გადასაკვეთად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი იქნება საჭირო

ბელგიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ბელგიის საზღვრის გადასაკვეთად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი იქნება საჭირო. ამ გადაწყვეტილების მიზანი კორონავირუსის მესამე ტალღისგან ქვეყნის დაცვაა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ტესტის გარეშე, ბელგიაში სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვერ შეძლებენ შესვლას და ამ ნაბიჯის გადადგმა პანდემიის გადამწყვეტ ფაზაში ვირუსის შესაჩერებლად გარდაუვალია. ტესტის გარდა, სავალდებულოა სპეციალური ფორმის შევსებაც, სადაც პირადი მონაცემების და ბელგიაში ყოფნის პერიოდი იქნება დაფიქსირებული. „არ იმოგზაუროთ - ეს არ არის თხოვნა. ეს არის მოწოდება. გაითვალისწინეთ, რომ ბევრ ქვეყანაში ბელგიაზე გაცილებით მძიმე კრიზისია. ჩვენ არ გვსურს დავკარგოთ ის, რაც ლოკდაუნმა და კომენდანტის საათმა მოგვიტანა. რამდენიმე კვირა დაგვჭირდა ჯანდაცვის სისტემის გადასარჩენად, სრული კოლაფსის თავიდან ასაცილებლად და ეს შეიძლება, რამდენიმე დღეში დავკარგოთ,”- აღნიშნა ბელგიის მთავრობის მეთაურმა. კრიზისის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სადღესასწაულო პერიოდი ყველაზე კრიზისული პერიოდია და შეზღუდვების მიმართ პასუხისმგებლობის გამოჩენაზე იქნება დამოკიდებული იანვარში ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. „მინდა, ყველა გავაფრთხილო, მითითება მიიღეს ავიაკომპანიებმა და ტესტის გარეშე არც ერთ მგზავრს თვითმფრინავზე არ დაუშვებენ. რეისიდან მოიხსნებიან მგზავრები, რომლებსაც არ ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი. სავალდებულო ტესტის წარდგენა არ ვრცელდება მხოლოდ ბელგიის მოქალაქეებზე და რეზიდენტებზე. მათ მოუწევთ 10-დღიანი კარანტინი და მეშვიდე დღეს ტესტი კოვიდზე. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მათ შეეძლებათ სახლის დატოვება. ვინც 48 საათზე მეტს გაატარებს ბელგიის გარეთ, ყველა მაღალი რისკის შემცველია,”- განაცხადა ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბროუკმა. დღეიდან ბელგიის საზღვრებზე პოლიცია მონიტორინგს ამკაცრებს, რათა მეზობელი ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან მოქალაქეებმა მაღაზიებში სავაჭროდ გადასვლა ვერ შეძლონ. ნიდერლანდებისგან განსხვავებით, ბელგიაში მაღაზიები ღიაა. 18 დეკემბრიდან წითელი ზონიდან ბელგიაში შესულ მგზავრებზე ვრცელდება სავალდებულო 10 დღიანი კარანტინი. „დისტანციური მუშაობა არ არის რეკომენდაცია. ეს სავალდებულოა და ყველამ უნდა დაიცვას წესები. იმ კომპანიების წინაღმდეგ, რომლებიც ამ ახალ ნორმას არ გაითვალისწინებენ უმკაცრეს ზომებს მივიღებთ. ყველა დაჯარიმდება და გამონაკლისის დაშვება არ მოხდება. მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში არის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური საგანგებო მდგომარეობა და ვირუსზე კონტროლის დამყარება ადვილი არ არის,”-განაცხადა ბელგიის პრემიერმა ალექსადრე დე კრომ.

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახენ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. როგორც გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, კორონავირუსის ახალი სახეობა ქალბატონს დაუფიქსირდა, რომელიც ლონდონიდან ფრანკფურტში ჩავიდა. "ქალი, რომელიც ამ კვირაში, ლონდონის ჰითროუდან ჩამოფრინდა ფრანკფურტის აეროპორტში დაუდასტურდა ვირუსი. ნიმუშის შემდგომმა გენეტიკურმა ანალიზმა ბერლინის ლაბორატორიაში გამოავლინა B.1.1.7 შემთხვევა, როგორც არის ცნობილი ვირუსის ახალი შტამი" - ნათქვამია გერმანიის შტატის ბადენ-ვიურტენბერგის ხელისუფლების განცხადებაში. გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალი, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა ნათესავების მოსანახულებლად, აეროპორტიდან აიყვანეს და იზოლაციაში იმყოფება.

პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

მეათე მოწვევის პარლამენტმა გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა. გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება - იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელებად პარლამენტმა შემდეგი კანდიდატები დაამტკიცა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც Brexit-ის შემდეგ ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. Brexit-ის გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს იწურება, ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ ეთიშება. შეთანხმების დეტალები უახლოეს პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, რომელსაც პრემიერი ჯონსონი გამართავს. შეთანხმება შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ სამართლიანი დაშვება საერთო ბაზარზე და თევზჭერის შესახებ პირობების დაბალანსებას, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირმა და ლონდონმა შეთანხმება მიაღწიეს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მხოლოდ ერთი კვრით ადრე. მრავალი თვის განმავლობაში უთანხმოების მთავარი საგანი ევროპული ქვეყნებისათვის ბრიტანულ წყლებში თევზჭერის უფლება იყო. დიდი ბრიტანეთი მოითხოვდა, რომ პირველი იანვრიდან გაეკონტროლებინა თავის წყლებში საერთაშორისო თევზჭერა და თავისთან დაეტოვებინა დაჭერილი თევზის იმაზე უფრო დიდი ნაწილი, ვიდრე კვოტების მოქმედი სისტემით იყო გათვალისწიებული. ევროკავშირს კი სურდა, რომ უფრო დიდი ხნით მოხდარიყო თევზჭერის ახალი სისტემის დანერგვა და შეენარჩუნებინა დიდი ბრიტანეთის წყლებში ფართო დაშვება საფრანგეთის, ესპანეთისა და სხვა წევრი ქვეყნების გემებისათვის. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 2020 წლის იანვარში გავიდა.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება გამოსცა. „საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი გახარია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში. საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა დღეს გამოუცხადა.

სახალხო დამცველი  საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული ცვლილებები

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც არ აითვისებენ მათთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს, არ მიეცემათ საბიუჯეტო დაფინანსება. გარდა ამისა, ასეთ პარტიებს აღარ გამოეყოფათ უფასო საეთერო დრო წინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებიდან ჩანს, სახალხო დამცველს უკვე შეფასებული აქვს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების ჭრილში. "კერძოდ, 2008 წლის I ნახევრის ანგარიშში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა სერიოზულ დარტყმას აყენებდა ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას და კანონში შეტანილ შესაბამის ცვლილებას პარტიების მიმართ გამოყენებულ სანქციად აფასებდა. აღნიშნული შეფასებები დღესაც აქტუალურია." როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასთან ერთად მათ საკუთრების უფლებასაც ზღუდავს. მოქმედი კანონის შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს დაკმაყოფილებული აქვთ მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა - მიღებული აქვთ ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც და წარდგენილი აქვთ წერილობითი თანხმობა, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებადაა საჭირო. ევროსასამართლოს განმარტებით, „საკუთრება“ მოიცავს მოთხოვნებსაც, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს ლეგიტიმურ მოლოდინს მათი შესრულების თაობაზე. ინიცირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს უკვე დამდგარი მოთხოვნის გაუქმებას ოპოზიციური პარტიებისათვის, რაც საკუთრების შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული. იგივე შეეხება პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებასაც." სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის პარტიების დაფინანსებასთან თუ უფასო საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებული რეგულაციები პარტიებს შორის იყოს შეთანხმებული და არ იყოს მხოლოდ ერთი სუბიექტის მიერ ექსკლუზიურად განსაზღვრული. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს წარმოდგენილი ცვლილებები, რადგან ის არღვევს პოლიტიკური პარტიებისათვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებრივ გარანტიებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ. სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითხს მეორე მოსმენით იმ დრომდე არ განიხილავენ, სანამ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები არ დაიდება.

ავსტრალიელი პოეტის ნივთებში 120 წლის შოკოლადი იპოვეს

ავსტრალიელი პოეტის ნივთებში 120 წლის შოკოლადი იპოვეს. ავსტრალიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ცნობილი პოეტის- ბანჯო პიტერსონის პირადი ნივთების შეძენისას 120 წლის შოკოლადის ფილა იპოვეს. მეცნიერების თქმით, ნაპოვნი შოკოლადი არის ყველაზე კარგად შემონახული, შოკოლადებს შორის, რომელიც 1900-იანი წლების შემდგომ აღმოაჩინეს.

მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

24 დეკემბერს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა საზეიმო ფიცი კიშინიოვში, პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ერთობლივ სხდომაზე წარმოთქვა. საინაუგურაციო სიტყვა ახალმა პრეზიდენტმა რამდენიმე ენაზე წარმოთქვა და ეროვნულ უმცირესობებს მიმართა. პრეზიდენტი დაპირმა მოსახლეობას და თითოეული უმცეროსიბს წარმომადგენელს, რომ ის არ დაუშვებდა მათი უფლებების შელახვას. ახალი პროდასავლელი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის პრემიერმინისტრი იონ კიკუ გადადგა.