ახალი ამბები

2020 წლის ფოტოები Time-ის მიხედვით

Time-მა 2020 წლის ტოპ ფოტოები შეკრიბა. Europetime რამდენიმე მათგანს გთავაზობთ: ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი „დაუნინგ სთრითზე“ ფოტოს გადაღებისას სოციალურ დისტანციას იცავენ ჰიუსტონის კლინიკა, მადლიერების დღე კოვიდგანყოფილებაში ბარსელონა, ჰოსპიტლის მიმდებარედ, 60 წლის ფრანსისკო ესპანა მედპერსონალთან ერთად ლორი სპენსერი ჯანმრთელობის ცენტრში 81 წლის დედას ესაუბრება, რომელსაც კორონავირუსი ამ დილით დაუდასტურდა. ტულსა, ოკლაჰომას შტატი. შეკრების მონაწილე დონალდ ტრამპის ჩასვლას ელოდება

იტალიაში კორონავირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა

იტალიაში Covid-19-ის ახალი სახეობის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. - ამის შესახებ ინფორმაციას wantedinrome ავრცელებს. როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის ახალი სახეობა დაუფიქსირდა, დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა რომში. შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის ახალი შტამის გავრცელება დაიწყო გაერთიანებული სამეფოდან, რადგან კორონავირუსის მუტაციით გამოწვეული ეპიდაფეთქება პირველად დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთის სამხრეთში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი შეარჩია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე შეარჩია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს ელექტრონულად, პარტიის წევრები და მხარდამჭერები აირჩევენ. გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 დეკემბერს დატოვა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი: კორონავირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის

„კორონავირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ინფექციის საწინააღმდეგო სხვადასხვა ზომა ახლა ძალაშია, თუმცა უფრო მეტი გვჭირდება გავრცელების გასაკონტროლებლად“, - აღნიშნა ჰენკოკმა. ჯანდაცვის მდივანის განცხადებით, COVID19-ის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მისი გაკონტროლება ვაქცინის მიღებამდე რთული იქნება. კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთი ზომებს გაამკაცრებს. მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, გამონაკლისი ვრცელდება მათთვის, ვისაც სამუშაოდ ან განათლების მიზნით უწევს მოგზაურობა.

გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

80 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. გოგი ქავთარაძემ 1958 წელს დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1958-1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1967 წელს. ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1963-1969 და 1972-1976 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972- ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974-1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976-1982 - ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 - სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება“. გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები და მსვლელობები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. ინფორმაციას DW ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია დაკავებული. მინსკში, ასევე ბელარუსის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მასობრივი დემონსტრაციები კვირაობით იმართება. ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.

მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დეპარტამენტს ეწვია

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დასახელებული ენტონი ბლინკენი, მის მომავალ უწყებას ეწვია. საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, ეს მისი პირველი ვიზიტი იყო ამერიკის საგარეო უწყებაში, რითაც ძალაუფლების გადაბარების პროცესი სახელმწიფო დეპარტამენტშიც ოფიციალურად დაიწყო. წერს „ამერიკის ხმა“. ვეტერანმა დიპლომატმა, ენტონი ბლინკენმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში კვირის ბოლოს გამართულ სხდომებში, ბრიფინგებსა და შეხვედრებში. ეს გარდამავალი პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა მომავალი სახელმწიფო მდივანი, პოსტის გადაბარებისთვის წინასწარ, რამდენიმე ხნით ადრე ემზადება. მაიკ პომპეო, მოქმედი სახელმწიფო მდივანი, ამჟამად კარანტინშია, მას შემდეგ, რაც მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიისთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმასთან დაკავშირებით, უკვე მოხდა თუ არა ბლინკენის და პომპეოს შეხვედრა ვირტუალურად. გავრცელებული ინფორმაციით, პომპეომ ტესტი მაშინვე აიღო, მაგრამ კორონავირუსი მას არ დაუდასტურდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ოთხშაბათს მხოლოდ ის თქვა, რომ პომპეო კარანტინში გადავა და უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტთა მომდევნო კითხვები იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მას სიმპტომები. ბაიდენის გარდამავალი პერიოდის გუნდის პრესსპიკერი ამბობს, რომ ისინი ყველა ვიზიტის დროს, COVID19-ის პროტოკოლს მკაცრად იცავენ. ტონი ბლინკენთან დაკავშირებით, მან ისიც განაცხადა, რომ მომავალი სახელმწიფო მდივანი პერიოდულად პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს. სახელმწიფო დეპარტამენტს ბლინკენის ვიზიტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს ელექტრონული წერილებით აცნობეს, რომ მათ დეპარტამენტში გარდამავალი პერიოდი დაიწყო. საგარეო უწყებაში შეიქმნა სპეციალური გუნდი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ძალაუფლების გადაბარებაში დაეხმარება. „ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჯერ ამერიკის მომავალმა სენატმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ვეტერან დიპლომატს ამ მიმართულებით პრობლემები არ შეექმნება, თუნდაც სენატის კონტროლი, იანვრის მეორე ტურის შემდეგ, ისევ რესპუბლიკელებს დარჩეთ. ბლინკენის ხანგრძლივი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ის პოსტს სავარაუდოდ, ძალიან მალე დაიკავებს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, ენტონი ბლინკენი იყო პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის ასევე მსახურობდა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილედ და 4 წლის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველიც იყო ეროვნული უსართხოების მიმართულებით. ბლინკენი ბაიდენს საარჩევნო კამპანიის დროსაც ეხმარებოდა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ბაიდენის მთავარი მრჩეველი და სპიკერი გახლდათ“, - წერს ამერიკის ხმა.

ჯო ბაიდენი და მექსიკის პრეზიდენტი მიგრაციის საკითხზე ითანამშრომლობენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი შეთანხმდნენ, რომ მიგრაციის საკითხზე ითანამშრომლებენ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. სატელეფონო საუბრისას ლოპეს ობრადორმა და ჯო ბაიდენმა რეგიონული მიგრაციის საკითხზე ახალ მიდგომასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომელიც მიგრანტებს აშშ-ის მიმართულებით საშიში მოგზაურობის ალტერნატივას შესთავაზებს. ბაიდენის გუნდის განცხადებაში აღნიშნული, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეიქმნება რეგიონული და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია მიგრაციისადმი ორგანიზებული და ჰუმანური მიდგომის ხელშესაწყობად - ასევე, პატივს სცემს თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ნორმებს.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო ნიდერლანდები დიდი ბრიტანეთიდან სამგზავრო ფრენებს აჩერებს

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო ნიდერლანდები დიდი ბრიტანეთიდან სამგზავრო ფრენებს აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ნიდერლანდების მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენები პირველ იანვრამდე შეჩერდება, თუმცა არ გამორიცხავენ ზომები დიდი ბრიტანეთიდან სხვა ტიპის ტრანსპორტით მგზავრების მიღებასთან დაკავშირებითაც ამოქმედდეს. ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამი დეკემბერში ნიდერლანდებშიც გამოვლინდა. ნიდერლანდებში, ფრენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იდენტიფიცირებული კორონავირუსის ახალი შტამი შესაძლოა, 70%-ით უფრო გადამდები იყოს.

ქაბულში აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 20 პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამიზნე ავღანელი პარლამენტარი ხან მოჰამედ ვარდაკი იყო, რომელიც აფეთქებას გადაურჩა. ჯერ აფეთქებაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა. „ბოლო რამდენიმე კვირაა, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ავღანეთში მსგავსი შემთხვევები გახშირდა“, - იტყობინება Reuters-ი.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, სახლში მკურნალობს და ამბობს, რომ კვლავ განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მოვლას და მკურნალობას. „როგორც კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემოვლებს ვაკეთებ, პაციენტებს ვნახულობ. ისინიც ინფიცირებულნი არიან და ჩემგან არანაირი საფრთხე არ არსებობს“, - აცხადებს გია კიკაბიძე. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 481 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 1 913 ადამიანი იმყოფება.

ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში, ავსტრიის პოლიციამ კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავა

ვენაში, ნოემბრის დასაწყისში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებაში, ავსტრიის პოლიციამ კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ Reuters-ი ავსტრიის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება. ვენის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი დაკავებულის დე-ენ-ემის ნიმუში იმ ცეცხლსსროლ იარაღზე აღმოაჩინეს, რომლითაც ჯიჰადისტმა ოთხი ადამიანი მოკლა. მეორე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ნოემბერში მომხდარ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით უკვე დაკავებულია 15 ადამიანი. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

სიდნეიში კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა

ავსტრალიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი სიდნეი, კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო დანარჩენი შტატებისგან იზოლირებულია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სიდნეის მოსახლეობას ნიღბების ტარებისა და ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილებისკენ მოუწოდეს. „ავსტრალია დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შიდა გადაცემის გარეშე ართმევდა თავს ვირუსს და შობის წინ შეამსუბუქა კიდეც შეზღუდვები. თუმცა სიდნეიში ეპიდემიის აფეთქებამ მოქალაქეებს საშობაო მოგზაურობის გეგმები ჩაუშალა“, - წერს ბრიტანული მედია. „14 დეკემბრიდან, მეზობელმა შტატებმა ვიქტორიამ და კუინზლენდმა სიდნეიდან ამ შტატებში შესვლა აკრძალეს. სამხრეთ ავსტრალიის შტატმა სიდნეიდან ჩამსვლელთათვის 14-დღიანი კარანტინი დააწესა და კორონავირუსით დაზარალებული ტერიტორიებიდან მოგზაურების შესვლა აკრძალა. მსგავსი ნაბიჯები გადადგა ტასმანიამაც. დასავლეთ ავსტრალიის შტატმა კი საზღვარზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა“, - წერს Reuters-ი.

ტაილანდში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს

ტაილანდში კოვიდინფექციის ყოველდღიურმა შემთხვევებმა იმატა, რის გამოც ქვეყანა 10 000-ზე მეტი ადამიანის ტესტირებას გეგმავს. ამის შესახებ Apnews-ი იტყობინება. დღეს ტაილანდში 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კვირას, ზღვის პროდუქტების გამყიდველმა ბანგკოკში, ვირუსზე დადებითი შედეგის პასუხი მიიღო, მეორე შემთხვევაში კი, ტაილანდის ცენტრალურ ნაწილში დასაქმებულ ქალს დაუდასტურდა ვირუსი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზღვის პროდუქტების ბაზარზე შემთხვევათა უმეტესობა მიანმარელი მიგრანტი მუშაკია. რამდენიმე პროვინციაში კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო ხელისუფლება ტესტირების გაფართოებას გეგმავს. მედია აღნიშნავს, რომ ტაილანდმა მეტწილად მოახერხა ეპიდემიის კონტროლი. სულ ქვეყანაში 4907 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 60 კოვიდინფიცირებული.

ეთიკის ქარტია საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ორმა ჟურნალისტმა დატოვა

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია ერთ-ერთი სარევიზიო კომისიის წევრმა ნინო კაკულიამ დატოვა. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნიკა გვარამიას მიერ პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი პოსტის განხილვაზე უარი უთხრა. „ქარტია თვლის, რომ Facebook პოსტზე განმარტებას ვერ გააკეთებს და რომ მედიის თვითრეგულირების პრინციპის შეზღუდვის საფრთხესთან გვაქვს საქმე ხელისუფლების მხრიდან. ამ ვითარებაში, მე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია პოსტის დატოვება“, - წერს ნინო კაკულია. ამავე მიზეზით ქარტია ჟურნალისტმა მანუჩარ პირველმაც დატოვა. „ორგანიზაციას, რომელსაც ვერ გაურკვევია განსხვავება აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და - სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას შორის. განსაკუთრებით, ქარტიას ჩემი ხელმოწერის გარეშე, ქარტიის სახელით არ ჰქონდა უფლება, გაეკეთებინა ისეთი ტიპის განცხადება, რომელშიც მოხვდა ისეთი წინადადება, რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნები. რადგან, არ მიმაჩნია რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე“, რადგან მიმაჩნია რომ სიძულვილის ენის „გამოხატვის თავისუფლებით“ ინდულგენციით ქვეყნის ფსიქიური აშლილობა მიდის ქაოსისკენ და ქუჩური არეულობისკენ. დიახ, პარლამენტი უნდა დაჯდეს და ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს „კანონი ძალადობის ენის შესახებ“, - წერს მანუჩარ პირველი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქარტიისგან ითხოვდა, უფლებამოსილების ფარგლებში, რეაგირება მოეხდინა ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ, Faceboojk-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ ციტატასთან დაკავშირებით. ქარტიამ კი, განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედია პროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ტელეკომპანია „მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სტატუსს ვერ შეაფასებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას საკუთარი ჰოლივუდი უნდა ჰქონდეს

„უკრაინას საკუთარი ჰოლივუდი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში. „სამრეწველო და გართობის მეტი ამერიკული ინვესტიციის განხორციელება გვსურს სფეროში. ძალიან კარგი გადასაღები მოედნებია პრაღაში, უნგრეთში. უკრაინაშიც შეიძლება ასეთი მოედნების მოწყობა. ვფიქრობ, უკრაინას საკუთარი დისნეილენდიც უნდა ჰქონდეს. ჩვენი ბავშვები ამას იმსახურებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამერიკული მედია იტყობინება, რომ აშშ რუსეთში საკონსულოების მუშაობას აჩერებს

აშშ ვლადივოსტოკში საკონსულოს დახურავს, ეკატერინბურგში კი საკონსულოს მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. ამ ცვლილებების შემდეგ მოსკოვში აშშ-ის საელჩო განაგრძობს მუშაობას. მედიამ პრესმდივნის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილი მოიპოვა, რომლის თანახმადაც ცვლილებების მიზანი რუსეთში აშშ-ის მისიის მუშაობის ოპტიმიზაციაა. ამ ინფორმაციას წინ უძღოდა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, რომ აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და სხვა ობიექტებზე განხორციელებულ კიბერიერიშზე პასუხისმგებელი რუსეთია.

კოვიდინფიციფრების 1 731 ახალი შემთხვევიდან 774 თბილისში გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 255, ქვემო ქართლი - 140, შიდა ქართლი - 133, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 80, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 481 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 1 913ადამიანი იმყოფება.

BBC: 2020 - წელი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

2020: წელი რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ამ სათაურით სტატია BBC-მ მოამზადა, რომლის თარგმანს Europetime გთავაზობთ: „სიდნეის ფოტოებით მთელი მსოფლიო იყო შეძრული, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ ქალაქში ადგილობრივები ხანძრისგან გამოწვეული დაკვამლიანებისგან თავის დასაცავად ნიღბებს ატარებდნენ. ძალიან მალე, მთელ მსოფლიოს მოუწია ამ „აქსესუარის“ მორგება, მაგრამ ამჯერად ახალი რესპირატორული დაავადებისგან თავის დასაცვად. ახალ წესებთან ერთად, ხალხმა ახალი შეთქმულების თეორიების განხილვა და გაკრიტიკება დაიწყო, როგორც ვირუსის წარმომავლობაზე, ასევე მის „დანიშნულებაზეც “. ხელის ჩამორთმევა აიკრძალა, ისევე როგორც ჩახუტება, იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. წელს, დრო ყველა თავისი ცუდი სიახლითა და მოვლენით, თითქოს იკუმშებოდა, რთული გასარჩევი გახდა, რა დღე იყო, ან რომელი საათი. ოფისები საძინებელ ოთახებად გარდაიქმნა, საძინებლები კი საკლასო ოთახებად. სოციალურმა დისტანციამ თავისი პარადოქსული დატვირთვა მიიღო, სახლში დარჩენის მოწოდებამ გარეთ გასვლის სურვილი უფრო გაგვიღვივა, ხოლო პირბადით დაფარულ სახეებს ახალი სიტყვებიც დაემატა, Zoom-ი და „კლასტერი“ ჩვენი ლექსიკონების განუყოფელი ნაწილი გახდა. სახლში გამოკეტილი ხალხი თითოეულ გამომცხვარ ორცხობილას უღებს ფოტოს და სოციალურ ქსელში ასაჯაროებს, თუმცა რეალობა უფრო სხვა და მეტად მძიმეა. მილიონობით ოჯახს დამატებითი საზრუნავი გაუჩნდა. ახლა, როგორც არასდროს, სახლში პურის მიტანა ბევრისთვის უფრო რთული აღმოჩნდა. სიღარიბე გახდა პანდემიის გამავრცელებელი, პანდემიამ კი სიღარიბის დონე უფრო გაზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა. თითქმის ყველა ქვეყნიდან ისმოდა მწვავე კრიტიკა ჯანმოს მიმართ, რადგან ის თავის დროზე „ჩინეთის წინააღმდეგ საკმარისად მკაცრი არ აღმოჩნდა“, ამან კი მისი მთავარი დონორების სიიდან, ორგანიზაციის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედი, ვაშინგტონი გააქრო. გაჩნდა ძლიერი მტკიცებულებები, რომ ქალი ლიდერების ხელმძღვანელობით ქვეყნებმა უკეთ შეძლეს კრიზისის მოგვარება. გერმანია ანგელა მერკელი, ახალი ზელანდია ჰასინდა არდერნი, ტაივანი ცაი ინგვენი და დანია მეტ ფრედერიქსენი. ამის საპირისპიროდ, ქვეყნები, რომლებსაც პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები მართავენ, პოპულისტურ ტალღაზე მაჩოთი „თაღლითობდნენ“, რაც ხშირად კარგად გამოსდიოდათ. დონალდ ტრამპი, ჟაირ ბოლსონაროსა და ბორის ჯონსონის თაოსნობით. 2020 წელს, სხვადასხვა ქვეყანაზე გავრცელებული სტერეოტიპი გარკვეულწილად „გზამკვლევი“ აღმოჩნდა მათი შედეგების შესაჯამებლად. გერმანიას კარგი შედეგი ჰქონდა. ავსტრალიამ და ახალ ზელანდიამ არამხოლოდ გეოგრაფიული იზოლაციით ისარგებლეს, არამედ შეუფერხებლად მოქმედი ბიუროკრატიითაც. პანდემიამ არც გლობალურ ძალთა თანაფარდობა დაინდო. ხოლო ამერიკის ქმედება, ძირითადად უმოქმედობით უფრო მეტად იყო ცნობილი. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ეპიდაფეთქების მართვა შეიძლება შეფასდეს, როგორც ბოლო 100 წლის განმავლობაში საშინაო პოლიტიკის ყველაზე კატასტროფული მარცხი. ჩინეთმა, სხვებისგან განსხვავებით, „კუნთების თამაში“ დაიწყო ავსტრალიასთან. ჩინეთი ძალებს იკრებს მაშინ, როდესაც ის დაავადების ეპიცენტრია“, - წერს BBC.

კორონავირუსით ინფიცირებული მეუფე იობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის მდგომარეობა მძიმეა. კოვიდინფიცირებული მეუფე საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. „პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაში არ მკურნალობს, ინფექციურ თერაპიაშია“ - აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე.