ახალი ამბები

პოლ გობლი: სამწუხაროდ, არიან ძალები, რომელთაც საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობის შეტანა სურთ

ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი იმედოვნებს, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო არ გამწვავდება. ანალიტიკოსი ამ საკითხზე „ევროპათაიმს“ ესაუბრა. „დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გამწვავდება. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომელთაც სურთ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა შეიტანონ და ზოგი სხვა ქვეყნებშიც წაახალისონ იგივეს გასაკეთებლად. ამ ყველაფერში პუტინის როლი დემოკრატიის განადგურებაა“, - განაცხადა პოლ გობლმა. მანამდე, „ევროპათაიმმა“ შეფასებები სხვა ექსპერტებსაც სთხოვა. ლუის ნავაროს განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა. ლინკოლნ მიტჩელი კი მიიჩნევს, რომ შედეგებზე საბოლოოდ აისახა ხალხის ნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემების იგნორირება უნდა მოხდეს. წყლის ჭავლის და მსგავსი ქმედებების გამოყენება კი ვითარებას მხოლოდ გააუარესებს.

პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. არსებული ინფორმაციით დაკავებულია ლექსო მაჭავარიანი და ნოდარ რუხაძე. საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მათი დაკავების მიზეზი პოლიციის შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა გახდა. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სირცხვილია" 22:00სთ-დან დაუმორჩილებლობას აცხადებს და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, პარლამენტთან რჩება.

გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას 14 ნოემბერს გამართავს

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ აქციას, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. “შეუძლებელია, რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ვერავინ უკან ვერ დაახევიანებს. რეჟიმი ყველა ზღვარს გადავიდა - რა ბერკეტებს არ იყენებენ. გული მოგიკვდებოდა "რობოკოპებს" რომ ვუყურებდი, რომელთა დიდ ნაწილს იქ დგომა არ უნდოდა. თუ ვინმე გასათავისუფლებელია ის ხალხია, ვინც ძალოვანებში იმყოფებიან. ისინი ტყვეობაში არიან. სამართალდამცავები პირად დაცვად, სამართალდამრღვევებად გადააქცია“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, პირადად მისთვის პატივია, რომ ივანიშვილი საკუთარ მოწინააღმდეგედ თვლის, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას. “თქვენი ციხის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება. ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას - ისტორია ვწერთ, აქ ახალი საქართველო იწრთობა“, - მიმართა მომიტინგეებს ნიკა მელიამ. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, პარლამენტის შენობასთან პოლიტიკური გამოსვლები სრულდება, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი არ აპირებს 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაემორჩილოს.

გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს ბიბლიოთეკის შენობას სთავაზობს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების მისამართით წერს, რომ მათთვის ბიბლიოთეკის კარი დღეს ღამით ღია იქნება. კეკელიძე აქციის მონაწილეებს კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. "დღეს იმ აქციაზე, მეორე აქციაზე - აი, ღამით რომ იმართება, როგორც გამანდეს, არაერთი ჩემი ყოფილი და ახლანდელი სტუდენტი მიდის. შეიძლება, ზოგჯერ მე მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც კონკრეტული ნაბიჯი, ემთხვეოდეს ან არ მათ ფიქრსა და განწყობას ჩემი ფიქრი ხანდახან, მაგრამ ისინი, ეს ვიღაცისთვის ახირებული ხალხი მე ძალიან მიყვარს. და მიყვარს არამხოლოდ სუბიექტურად - ხვალინდელი საქართველო მათ უნდა ააშენონ. ეს გარდაუვალი ამბავია. შესაბამისად - სულ მათ მხარეს ვარ და ამიტომაც, გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს - ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის - თუ შეგცივდათ ან მოგწყურდათ ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ. და კიდევ, ერთი პროზაული და მობეზრებული, მაგრამ აუცილებელი რამ უნდა გითხრათ - აუცილებლად დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე. კორონა-ვირუსი ვერ არის სახუმარო საქმე - ამ დღეებში მისი სივერაგე არაერთმა ჩემმა ახლობელმა გამოსცადა. არც ყველაზე მამაცი კაცი მგონია თქვენს შორის თავი და მით უმეტეს - არც გმირობაა ჩემი ოცნება. ერთი უბრალო თქვენგანი ვარ, რომლისთვისაც სამყაროს ცენტრში გუშინაც იდგა, დღესაც დგას და ხვალაც იდგება ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი. იმ წიგნებში, ეს ბიბლიოთეკა რომ ინახავს, უფრო სწორედ, იმ წიგნთაგან საუკეთესო წიგნებში, სწორედ ეს წერია", - წერს კეკელიძე. ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი სირცხვილიას დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება. სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით

პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია, ხშირად სწორედ ეროვნული იდენტობის, ფასეულობების, ,,ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების სახელით“ წარმოებს. ეს ყველაფერი სამიზნე ჯგუფებად ქცეულ გულუბრყვილო მოქალაქეების ემოციებსა და პატრიოტულ მოტივებზეა გათვლილი. ასეთი ფსევდო მედიების და დაჯგუფებების ლუსტრაციისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი. ეს ძალები ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტები არიან და რუსეთი სწორედ ამ საინფორმაციო ომს იყენებს და ამით ებრძვის ინვესტიციებს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, პროგრესს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ, Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამოცემა Alt-info-სთან დაკავშირებული ქსელი წაშალა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წაიშალა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამის ანგარიში. Alt-info კი ამ ეტაზე დაბლოკილია ფეისბუქზე. Facebook-ის განცხადებით, ქსელის ნაწილის იდენტიფიცირება ISFED-ის საჯარო ანგარიშების საფუძველზე მოხდა. „ევროპათაიმმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასება რამდენიმე ექსპერტს და მკვლევარს ჰკითხა. ამერიკის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, გივი გიგიტაშვილი: „ფეისბუქმა“ წაშალა გვერდები, მომხმარებლები და ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობდნენ იმისთვის, რომ შეცდომაში შეეყვანათ მომხმარებელი. მაგალითად, იყო გვერდები, რომლებსაც თავის დროზე ჰქონდათ გასართობი სახის სათაურები, რომლის მომხმარებელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი აპოლიტიკური ადამიანი. ეს გვერდები შექმნილია წლების წინ (2013-1015წწ.), მოგვიანებით კი, ისინი სამართავად გადაიბარა ალტ-ინფომ და დაიწყო საკუთარი კონტენტის გავრცელება, რაც თავისთავად არის „ფეისბუქის“ წესების დარღვევა. ამ გვერდების სამართვად გამოყენებული იყო ყალბი ანგარიშები, რაც ასევე „ფეისბუქის“ წესების დარღვევაა და მესამე, გაუქმდა ჯგუფები, სადაც ამ ყალბი ანგარიშების მეშვეობით, ეს გვერდები ვრცელდება. ალტ ინფო აცხადებს, რომ ფეისბუქმა წაშალა ისინი, რადგან ისინი ავრცელებდნენ ანტილიბერალურ კონტენტს, თუმცა, „ფეისბუქი“ არ არის ცენზორი და ისინი წაიშალა „ფეისბუქის“ წესების დარღვევსთვის. რაც შეეხება თავად ალტ-ინფოს, ისინი აცხადებენ, რომ კონსერვატიულ-მემარჯვენე იდეოლოგიის გამტარებლები არიან და მანიპულირებენ ისეთი ინფორმაციებით, რომელიც სრულად სიმართლე არ არის, თუმცა მასში არის რაღაც სიმართლის მარცვალი. ავრცელებენ დეზინფორმაციას, პრორუსულ ნარატივებს შენიღბული ფორმით, რადგან ღიად ამის დაფიქსირება, წამგებიანი პოზიციაა. ყოველივე ეს პირდაპირ ემსახურება კრემლის ინტერესებს. რას ავრცელებდნენ კონკრეტული გვერდები: 1. ეს იყო ანტისაემიგრაციო პოლიტიკა, თუ როგორ იწვევს ევროპა ადამიანების გადაგვარებას. 2. ანტინატოს პოლიტიკის გაღვივება საზოგადოებაში, თუ როგორი უიმედოა ნატოსკენ სწრაფვა. 3. სიძლვილის ენა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების წინააღმდეგ. თუ როგორ პატივს არ სცემენ ამ კატეგორიის ადამიანებს და როგორი მეორეხარისხოვნები არიან ისინი საზოგადოებისთვის. საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, ზვიად აძინბაია: „ალტ-ინფოს“ შემთხვევაში, ძალიან გავრცელებული მეთოდებია გამოყენებული. უმცირესობების თემა, ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების თემების აქტუალიზაცია, რაც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გავრცელებული მეთოდია. ამდენად რამე უნიკალურ გზებს ისინი არ იყენებენ. რაც შეეხება იმას, რამდენად საფრთხის შემცველია, რა თქმა უნდა, საფრთხილოა. ცივილიზებული სახელმწიფოს პირობებში, ეს ხალხი განსაკუთრებული და გაზრდილი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს აყვანილი უსაფრთხოების სამსახურების მიერ. უნდა გაცხადდეს მათი დაფინანსების წყაროები და მათი რეალური მოტივები, მართლა გულრწფელად აკეთებენ თუ არა მსგავს რამეს, რადგან როგორც წესი, ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება, ან თუნდაც მესიჯინგი და გარკვეული აქტიურობა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. რამდენად დებს შედეგს პროპაგანდა, ძალიან ძნელი გასაზომია ხოლმე. თუმცა პროპაგანდის შედეგი აისახება ქცევის ან დამოკიდებულების ცვლილებაში. ჯერჯერობით არ ვიცით, რას გამოიწვევს, მაგრამ გამეორების შემთხვევაში, პროპაგანდას სჩვევია ნეგატიური შედეგი. აჭარაში თუ სხვა ნებისმიერ რეგლიგიურ უმცირესობებში, რელიგიური ან ეთნიკური შუღლის გაღვივება ან მცდელობა, თავისთავად საფრთხის შემცველია. სახელმწიფომ მყისიერად უნდა იმოქმედოს და ხელი შეუშალოს მომავალში მსგავსი წარმონაქმნების საქმიანობას, როგორიც „ალტ-ინფოა“. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი, გვანცა აბდალაძე: პრორუსული ჯგუფები და მედია, (როგორიც იყო Facebook-ის მიერ წაშლილი „ალტ-ინფო“ და მასთან დაკავშირებული ე.წ სააგენტოები) აქტიურია მთელ საქართველოში, თუმცა მათი ძალისხმევა განსაკუთრებით აქტიურია თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი), რაც კიდევ დამატებით პრობლემებს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ, რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ნებით თუ უნებლიეთ საბჭოთა თაობა და ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურა უფრო ხშირად ემსახურებოდა. ბოლო წლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პრორუსული იდეოლოგიის გამავრცელებელ ჯგუფებში ახალგაზრდობის მოზიდვისთვის, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ ამ საფრთხეებისგან თავის დასაცავად? - სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება აქვს, საგარეო საფრთხეების შემცველი საქმიანობა აღკვეთოს ან შეზღუდოს კანონიერი მეთოდებით; სამოქალაქო სექტორმა უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს რუსეთის ბასრი ძალის გამოაშკარავება; რიგითმა მოქალაქემ კი საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: რა არის პატრიოტიზმი? რუსეთის სახელმწიფო ინტერესის მსახურება თუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის? ვისი პატრიოტობა გვაქვს გადაწყვეტილი? „ურწმუნო თომას“ სინდრომით შეპყრობილმა ჯგუფებმა კი უნდა დასვან კიდევ უფრო მარტივი შეკითხვა: მძლავრი მედია კამპანიების წარმოება დიდ ძალისხმევასთან და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვინ იხდის ამდენ ფულს მათ იდეოლოგიურ გაბრუებაში და რატომ? ჩვენ ვცხოვრობთ პარადოქსულ საუკუნეში, სადაც ხშირად Facebook-ი უფრო ეფექტურად ახერხებს, დაეხმაროს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, განათლების სიტემა და სამოქალაქო საზოგადოება.

ესტონეთის შს მინისტრმა, ჯო ბაიდენის კრიტიკის შემდეგ, თანამდებობა დატოვა

ესტონეთის შს მინისტრმა და კონსერვატიული სახალხო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მარტ ჰელმემ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, თანამდებობა დატოვა. 8 ნოემბერს რადიოსადგურ TRE-ს ეთერში საუბრისას ჰელმემ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ვაჟ ჰანტერს “კორუმპირებული პერსონაჟები” უწოდა. ამასთან, შს მინისტრის შვილმა, ფინანსთა მინისტრმა მარტინ ჰელმემ განაცხადა, რომ “არჩევნების შედეგები ფალსიფიცირებულია”, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებია. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა ამ გამონათქვამებს აბსურდული უწოდა და ყველა გააფრთხილა, ესტონეთ-აშშ-ის ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებისგან თავი შეიკავონ. თავის მხრივ, პრეზიდეტმა კერსტი კალიულანდმა განაცხადა, რომ გეგმავს, მინისტრების გამონათქვამები საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან განიხილოს. საპასუხოდ მარტ ჰელმემ აღნიშნა, რომ არაფერი გაუკეთებია ესტონეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შესაქმნელად. "არაფერი მითქვამს ისეთი, რასაც ნებისმიერი თავისუფალი ამერიკული მედიასაშუალება არ იტყოდა", - დასძინა მან. არჩევნების ძირითადი დღე აშშ-ში 3 ნოემბერი იყო. წამყვანმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა ჯო ბაიდენის გამარკვების შესახებ 7 ნოემბერს – ხმების რამდენიმედღიანი დათვლის შემდეგ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შტატებში არჩევნების შედეგები ამ დრომდე არაა შეჯამებული, მედია თვლის, რომ რესპუბლიკელ კანდიდატს – დონალდ ტრამპს აღარ აქვს შანსი, წარმომადგენელთა ხმებში ბაიდენს გადაუსწროს. თავად ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების შედეებს სასამართლოში გააშაცივრებს.

გამოხატეთ პოზიცია აივნებიდან - საზოგადოების ნაწილი აქციას სახლიდან უერთდება

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც 9 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ვერ უერთდება, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს შინიდან დააფიქსირებს. აქტივობა სოციალურ ქსელში დაიგეგმა. “ძალიან ბევრ ჩვენგანს გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება გაყალბებული არჩევნებისადმი – დავიცვათ საკუთარი ხმები. პანდემიისა თუ სხვა მიზეზების გამო აქციაზე მისვლას ყველა ვერ ვახერხებთ, არადა თითოეული ჩვენგანის პოზიცია აუცილებლად და მკაფიოდაა გამოსახატი! შემოუერთდით პროტესტს სახლიდან! დღეს, 22:00-ზე გამოხატეთ თქვენი პოზიცია სახლების აივნებიდან, ფანჯრებიდან, ეზოებიდან. მოიმარჯვეთ ხმაურა ნივთები (ქვაბები და ხის კოვზები, ჯამები, ქვაბის თავსახურები) და იხმაურეთ! გავაგონოთ, რამდენი ვართ!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. შეგახსენებთ, რომ ოპოზიაცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. ამ წუთებში, პარლამენტთან შესაბამისი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდების ნაწილი, აქციის გაგრძელებას, 22:00სთ-ის მერეც გეგმავს, მას შედეგ, რაც ქვეყანაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდება.

ვლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა. „არ არსებობენ მსოფლიოში იღბლიანები, ვისთვისაც "კოვიდ-19" საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ყველა საკარანტინე ღონისძიებებისა, მეც მივიღე დადებითი შედეგი. ტემპერატურა 37.5 მაქვს, ყველას ვუსურვებ 36.6-ს! თავს კარგად ვგრძნობ. პირობას ვდებ, რომ ვიქნები იზოლირებული და განვაგრძობ მუშაობას. უმეტესობამ დაძლია "კოვიდ -19" და მეც გადავიტან. ყველაფერი კარგად იქნება“ , - წერს ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

BBC: წინასწარი კვლევა აჩვენებს, რომ გერმანული და ამერიკული მწარმოებლების მიერ შექმნილი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან 90%-ით იცავს

წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პირველი ვაქცინა ადამიანებს 90%-ით იცავს. ამის შესახებ BBC წერს. ვაქცინა 6 ქვეყანაში, 43 500 ადამიანზე უკვე გამოსცადეს. საქმე ეხება გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე. BioNTech-მა და ამერიკულმა Pfizer-მა განაცხადეს, რომ 9 ნოემბერი მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის უდიდესი დღეა. კომპანიები გეგმავენ, რომ თვის ბოლოსთვის გააკეთონ განაცხადი ვაქცინის დაუყოვნებლივი დამტკიცებისთვის.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3308 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3308 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3308 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3613 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0305 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9892 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0342 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

BBC: პროტესტი საქართველოში - პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

ცესკოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე BBC-იც წერს. პოლიციამ თბილისში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ასეულობით ადამიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბა. ისინი მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნება“ კი ბრალდებებს უარყოფს. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური უფლება დაცული იყო, თუმცა თავად პროცესის ასპექტები გააკრიტიკეს. 8 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებმა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდომა შეამცირცა. თუმცა მათ ისიც განაცხადეს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ფუნდამენტური უფლება კი დაცული იყო. საპროტესტო აქცია საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. 3.7 მილიონიან ქვეყანაში სულ კორონავირუსის 57,000 შემთხვევა აღირიცხა, 475 ადამიანი კი გარდაიცვალა.

არ ენდოთ პირებს, რომლებიც სადარბაზოების დეზინფიცირებას გთავაზობენ - მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, უცნობი პირები თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია. „დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ. გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კრემლი ბაიდენისთვის გამარჯვების მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებს

იმ ფონზე, როცა სულ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი ულოცავს ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, კრემლი აცხადებს, რომ კომენტარს საბოლოო ოფიციალური შედეგის გამოცხადების შემდეგ გააკეთებს. შეკითხვაზე, რატომ მიულოცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2016 წელს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მაშინვე, როგორც კი მან დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 9 ნოემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამჯერად პრეზიდენტი არ ულოცავს, ვინაიდან არის „გარკვეული იურიდიული პროცედურები, რომლებიც გამოაცხადა [აშშ-ის] მოქმედმა პრეზიდენტმა“. პესკოვის თქმით, პუტინმა „არაერთხელ თქვა, რომ პატივს სცემს ამერიკელი ხალხის არჩევანს“ და მზად არის ითანამშრომლოს აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან. აშშ-სთან რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის შემდგომ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ დონეზე დაეცა 2014 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის რეგიონი დაიკავა. საპრეზიდენტო არჩევნებში ორგზის დამარცხების შემდეგ, ჯო ბაიდენი რეკორდული მხარდაჭერით, 74 მილიონი ხმით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. მსოფლიოს ლიდერები კი მასა და ჰარისს გამარჯვებას ულოცავენ

ცესკო, 8 ნოემბრის აქციას, ადმინისტრაციაზე ზეწოლად აფასებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში. Facebook-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, 2020 წლის საარჩევნო პროცესები ჯერ არ დასრულებულა და მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი, კონკრეტული პოლიტიკური მხარეები კი მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს ხელს უშლიან. "გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ და ეს ინსტიტუცია სწორედ ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველ რიგში ემსახურება ხალხს და წლებია ამ ინსტიტუციას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაცაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც რეგიონში გამორჩეულს ხდის ამ ადმინისტრაციას. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, რომ მოემსახუროს ხალხს არჩევნების მეორე ტურში, რათა დასრულდეს 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ყველა პროცესი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას. და ბოლოს, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც. წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენების შემდეგ კი, ლიდერებმა აქციის დასრულება გადაწყვიტეს და მხარდამჭერებს, 9 ნოემბერს, 18:00სთ-ზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

მსოფლიოს ლიდერები ბაიდენსა და ჰარისს გამარჯვებას ულოცავენ

საპრეზიდენტო არჩევნებში ორგზის დამარცხების შემდეგ, ჯო ბაიდენი რეკორდული მხარდაჭერით, 74 მილიონი ხმით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. მსოფლიოს ლიდერები კი მასა და ჰარისს გამარჯვებას ულოცავენ: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ბორის ჯონსონი "ვულოცავ ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას და კამალა ჰარისს მის ისტორიულ მიღწევას". "შეერთებული შტატები ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და სულმოუთქმელად ველოდები ახლო თანამშრომლობას საერთო პრიორიტეტების მიმართულებით - კლიმატური ცვლილებებით დაწყებული, ვაჭრობით და უსაფრთხოებით დამთავრებული". ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ "გილოცავთ ჯო ბაიდენ და კამალა ჰარის. ჯო, ჩვენ 40 წლის მანძილზე ხანგრძლივი და თბილი პირადი ურთიერთობა გვქონდა, გიცნობ როგორც ისრაელის დიდ მეგობარს. სულმოუთქმელად ველი თქვენთან, ორივესთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს შეერთებულ შტატებს და ისრაელს შორის არსებული განსაკუთრებული ალიანსი. "მადლობა დონალდ ტრამპ მეგობრობისთვის, რომელიც შენ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ და პირადად ჩემთან გამოიჩინე, იერუსალიმის და გოლანის [მაღლობების] ცნობისთვის, ირანთან მედგრად დგომისთვის, ისტორიული სამშვიდობო აკორდისთვის და ამერიკა-ისრაელის ალიანსის უპრეცედენტო სიმაღლეებზე აყვანისთვის". გერმანიის კანცლერი - ანგელა მერკელი "სულმოუთქმელად ველოდები სამომავლო თანამშრომლობას პრეზიდენტ ბაიდენთან. ჩვენი ტრანსატლანტიკური მეგობრობა შეუცვლელია, თუ ჩვენი დროის დიდ გამოწვევებთან გამკლავებაში წარმატება გვსურს". იაპონიის პრემიერ-მინისტრი - იოშიჰიდე სუგა "გულთბილი მილოცვა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს. სულმოუთქმელად ველოდები თქვენთან მუშაობას, იაპონია-აშშ-ის ალიანსის კიდევ უფრო დაწინაურების მიზნით და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის და მის მიღმა, მშვიდობის, თავისუფლების და აყვავების უზრუნველსაყოფად". კანადის პრემიერ-მინისტრი - ჯასტინ ტრუდო "კანადის მთავრობის სახელით, ვულოცავ ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. კანადას და შეერთებულ შტატებს არაორდინალური ურთიერთობა აქვთ - მსოფლიო არენაზე სრულიად გამორჩეული". "სულმოუთქმელად ველი მუშაობას არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისთან, მათ ადმინისტრაციასთან, შეერთებული შტატების კონგრესთან, მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ერთობლივად დაძლევის მიზნით". ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი - ურსულა ვონ-დერ ლაიენი "გულთბილად ვულოცავ ბატონ ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეულ ამ გამარჯვებას და სულმოუთქმელად ველი რაც შეიძლება ადრე მასთან შეხვედრის შესაძლებლობას. "ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები მეგობრები და მოკავშირეები არიან, ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთთან ყველაზე ღრმა კავშირები აქვთ. სამყაროში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად და ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების გაჩენის ფონზე, ჩვენი განახლებული პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს". ნატოს გენერალური მდივანი - იენს სტოლტენბერგი "გულთბილად მივესალმები ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად არჩევას. ბატონ ბაიდენს ვიცნობ, როგორც ნატოს და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძლიერ მხარდამჭერს". "შეერთებული შტატების ლიდერობა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, ამ არაპროგნოზირებად სამყაროში და მე სულმოუთქმელად ველი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს კავშირი ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას შორის". საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "ამერიკელებმა საკუთარი პრეზიდენტი აირჩიეს. გილოცავთ ჯო ბაიდენ და კამალა ჰარის! ჩვენ უზარმაზარი სამუშაო გვაქვს გასაწევი დღევანდელი გამოწვევების დასაძლევად. ამაზე ერთობლივად ვიმუშაოთ"! დანარჩენი მსოფლიო ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს გამარჯვებას ასევე ულოცავენ ბევრი სხვა ქვეყნის ლიდერები. მათ შორის არიან: ინდოეთი, უკრაინა, პოლონეთი, პაკისტანი, ირლანდია, ერაყი, ჰოლანდია, ნორვეგია, არგენტინა, ესპანეთი, ჩილე, პერუ, საბერძნეთი, პარაგვაი, ფილიპინები და მრავალი სხვა სახელმწიფო.

მოქალაქეებს, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის დროებითი საშვის მიღება ცხელ ხაზზე დარეკვით შეეძლებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს, 22:00 საათიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვით დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს 18:00 საათიდან“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს 9 ნოემრიდან ძალაში შევიდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

ლუის ნავარო: საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა

ევრაზიის პროგრამის, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლუის ნავარო თბილისში განვითარებულ მოვლენებს „ევროპათაიმთან“ აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს ამომრჩეველთა მიერ გამოცხადებულ ნდობას და თავისი ადგილები დაიკავოს პარლამენტში, რაც იქნება უკეთესი პლატფორმა, საარჩევნო რეფორმასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე მთავრობასთან დისკუსიისთვის. „ამავდროულად, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ყველა ბრალდება გამჭვირვალედ გამოიძიოს და აჩვენოს მაქსიმალური თავშეკავება, რადგან საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა“, - განაცხადა ლუის ნავარომ. სპეცრაზმმა გუშინ ცესკოს შენობასთან აქცია წყლის ჭავლით დაშალა. შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. მმართველი პარტიიდან კი მომხდარს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმთ,„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან. ოპოზიცია აქციას დღეს ისევ გეგმავს. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ 22:00 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს.

აქცია 22:00-05:00 საათამდე – "სირცხვილია" სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს

მოძრაობა სირცხვილია სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს და დღეს, 9 ნოემბერს პარლამენტთან აქციას 22:00-დან 05:00 საათამდე აანონსებს, მაშინ, როცა გადაადგილება შეზღუდულია, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით. "Covid-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით, თქვენივე ჯანმრთელობისთვისო, “ქართულმა ოცნებამ” 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა. ხელისუფლებამ, რომელიც სიტყვით გამოსვლისას ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს ისვრის, როგორი ჰუმანურია, გუშინ ისევ გაიმეორა გამოუსწორებელი შეცდომა და არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლის მიშვერით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და დასახიჩრების ტიპებს 7 ნოემბერს, 26 მაისსა და სხვა თარიღებს შევადარებთ. სანამ ეკრანებთან ჩასაფრებულები დავაკვირდებით, ვინმე ისე ხომ არ იქცევა, მისთვის წყლის ჭავლის მიშვერა რომ ღირდეს. სანამ უსამართლობაზე გაბრაზების ნაცვლად - შიში შეგვიპყრობს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია. საქართველოში რუსულ რეჟიმს არ დაგამყარებინებთ. რამდენი რობოკოპიც არ უნდა გამოიყვანო და შენი კარის ჯამბაზებს - კალაძეს, მდინარაძესა და კობახიძეს რაც არ უნდა ათქმევინო - ჩვენში შიშს ვერ ჩანერგავ. შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ “მუშკეტერებსაც”, კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და “პოლიტიკაში არ ერევიან”, ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ". - წერს მოძრაობა სირცხვილია. სირცხვილიას აქციამდე, პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე გამართავს. მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა. მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია. პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია." რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები. მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

თუ საპროტესტო აქცია 22:00 საათის შემდეგ გაგრძელდება, მას "შესაბამისი რეაგირება" ექნება - კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქციია 22:00 საათის შემდეგ გაგრძელდება, მას "შესაბამისი რეაგირება" ექნება. "მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00-ის შემდეგ კი მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. სხვა შემთხვევაში რეაგირება მოჰყვება ყველაფერს, რაც იქნება ყველაფერს რეაგირება მოჰყვება". - აცხადებს კალაძე. დღეს, 9 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები 18:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ. 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით

მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს - პრემიერი აქციებზე

მთავრობის მეთაური ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი. „ბოლო თვეების განმავლობაში, ყველა, ვინც აქ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვებრძვით ერთდროულად პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონში ომს და ვცდილობთ, პროცესის შემდგომი დემოკრატიზაციის ხარისხი გავზარდოთ. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, როდესაც რეალური რისკი არსებობდა, საქართველოს მოქალაქე ადგა, მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა. თან მივიდა ისე, რომ ეს იყო გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებული არჩევნების დროს აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და 2016 წლის არჩევნების აქტივობაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ რაოდენობის მოქალაქე მივიდა, ხმა მისცა და თქვა, რომ 9 პარტიას ვაძლევ მანდატს იმისთვის, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს. ჩვენ გონიერი ხალხი ვართ და ყველას კარგად გვესმის, რომ ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქემ ჩვენ ყველას, იმ 9 პარტიასაც, დაგვავალა, ქვეყანას მიხედეთ, ქვეყანას მოუარეთ და ეს რომ დაგვავალა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმა, მოუარეთ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ეს ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესი არ გააჩეროთ. ეს იყო დავალება. რა დავინახეთ ჩვენ გუშინ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა - სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას, ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება. „ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია. ჩვენ ვცდილობთ, ამ ყველაფერს ისე მოვერიოთ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც. წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენების შემდეგ კი, ლიდერებმა აქციის დასრულება გადაწყვიტეს და მხარდამჭერებს, 9 ნოემბერს, 18:00სთ-ზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.