თეგი: ჯანმო
ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს კოვისაწინააღმდეგო აღჭურვილობას გადასცემენ
ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს COVID19-თან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას გამართავენ. ღობისძიება ნიკოლოზ ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართება და მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე დაესწრებიან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ეს დახმარება ნაწილია იმ მხარდაჭერის, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID19-ის პანდემიის პერიოდში უწევს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-თან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 180 ჟანგბადის კონცენტრატორი, 2000 პულსის ოქსიმეტრი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები გადასცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ხელსაწყოებით სოფლის ამბულატორიები აღიჭურვება ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებისთვის ჯანდაცვაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ კონცენტრატორები და ოქსიმეტრები დღეს, სიმბოლურად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცეს. „სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია თითქოს რუტინად იქცა, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები ზოგჯერ სუნთქვისთვის იბრძვიან და არ აქვთ წვდომა ჯანდაცვის სათანადო სერვისებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობასთან, ერთად, რომ COVID19-ის პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვის სერვისები და მათ მხარდაჭერა იგრძნონ. ამ რთულ დროს, ევროპის გუნდთან ერთად, ჩვენ კვლავ საქართველოს გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. „უკვე ორი წელია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის ევროკავშირს უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ აუცილებელი მარაგების მიწოდება, ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევების მიცემა და არასწორი ინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის სფეროში, რათა ყველა ადამიანს შეეძლოს ხარისხიანი მომსახურების მიღება იმისდა მიუხედავად, დიდ ქალაქში ცხოვრობს იგი თუ სოფლად“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება და COVID-19 ზეგავლენის შემცირება. პროგრამის შემდგომ ეტაპზე, სოფლის ამბულატორიები ტელემედიცინისთვის საჭირო დანადგარებს მიიღებენ, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე. ევროკავშირის ცნობით, ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ მხარდაჭერის, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უწევს. ამ თანამშრომლობის შედეგად საქართველოს გადაეცა სამედიცინო აღჭურვილობა და მოხდა ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც გაძლიერდება ტელემედიცინის შესაძლებლობები და თითოეულ პაციენტს თანაბარი წვდომა ექნება ჯანდაცვის სერვისებზე; ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას.
ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსზე გამარჯვების გამოცხადება ნაადრევია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსზე გამარჯვების გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევს. გებრეისუსი შეშფოთებულია გავრცელებული მოსაზრებებით, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადაცემისა და დაბალი სიმძიმის გამო, ვირუსის გადაცემის პრევენცია აღარ არის საჭირო. ჯანმო თვლის, რომ მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს. „ეს ვირუსი განაგრძობს განვითარებას, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, მიმართონ ტესტირებას, მონიტორინგს და სეკვენირებას“, - განაცხადა გებრეისუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ჯანმოს დირექტორი: ეს ჯოჯოხეთია. მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, დაასრულოს ომი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი უკრაინაშია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადგილობრივი ოფისის თანამშრომლებს ხვდება და ომის მსხვერპლთა დახმარების საჭიროებებს აფასებს. „ეს ჯოჯოხეთია. მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, დაასრულოს ომი. ვიცი, როგორ გრძნობენ თავს ამ ომში ჩარჩენილი ბავშვები და მოზარდები. მსურს, შევაფასო, როგორ შეუძლია WHO-ს გაზარდოს ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ. მე ასევე შევხვდები აქ ჩვენს თანამშრომლებს - ისინი უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ უკიდურესად მძიმე პირობებში“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დერეფნები მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, დაფინანსების გაგრძელება კი მათი საჭიროებების დაკმაყოფილების გასაღებია, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით. გებრეისუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ WHO-მ 650 000 ადამიანის მომსახურებისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა უკრაინას. ამასთან, საავადმყოფოების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, ჯანმომ დაწესებულებებს გენერატორებიც მიაწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველომ მხარი დაუჭირა მოსკოვში, ჯანმოს არაგადამდებ დაავადებათა ოფისის დახურვის რეზოლუციას
ჯანმოს ევროპის რეგიონულმა კომიტეტმა მოსკოვში განთავსებული ოფისის დახურვის მოწოდებით 10 მაისს რეზოლუცია მიიღო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ, თურქეთმა, მოლდოვამ და ისრაელმა. წინაღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელორუსმა და ტაჯიკეთმა. თავი შეიკავა სომხეთმა და ყახაზეთმა. „რეგიონული კომიტეტი, ჯანმოს ევროპის რეგიონულურ დირექტორს სთავაზობს, ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციით, შეისწვალოს არაგადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის ევროპული ოფისის ტექნიკური უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ განთავსების შესაძლებლობა“,- ნათქვამია დოკუმენტში. უკრაინაში არსებულ ვითარების თაობაზე ჯანმოს კომიტეტის სპეციალური სესია 43 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, თხოვნით მოიწვიეს. 10 მაისს მიღებული დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას განიხილოს რუსეთში ყველა რეგიონული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების შეჩერების შესაძლებლობა. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯანმო-ს ოფისის მუშაობის შეჩერება პირდაპირ ზიანს აყენებს ყველა ქვეყანას. მანამდე Reuters-ის წყარომ იტყობინებოდა, რომ ჯანმო გაურბის მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მას ეშინია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.
ტედროს გებრეისუსი ჯანმოს ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის პოსტს კვლავ ტედროს გებრეისუსი დაიკავებს, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცედურა ჯანდაცვის მსოფლიო 75-ე ასამბლეაზე გაიმართა. გებრეისუსის ხელახალი არჩევის წინადადება აღმასკომმა გააკეთა. ჯანმოს ხელმძღვანელმა ფიცი უკვე დადო.მისი უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია. გებრეისუსი ჯანმოს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი პირველი ვადის განმავლობაში მსოფლიო კოროვირუსული პანდემიის წინაშე აღმოჩნდა.
ჯანმო: პანდემიის პირველ წელს დეპრესია და შფოთვა ადამიანებში 25%-ზე მეტით გაიზარდა
უახლესი ანგარიში მოუწოდებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებებს და აქტივისტებს, გაზარდონ თავიანთი ვალდებულება და გააძლიერონ ქმედებები, რათა შეცვალონ დამოკიდებულება, ქმედება და მიდგომა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მის განმსაზღვრელ ფაქტორებთან და ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველი ყოვლისმომცველი მიმოხილვა გამოაქვეყნა მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ანგარიშში მოცემულია დეტალური გეგმა მთავრობების, აკადემიური სექტორისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა აქტორებისათვის, თუ როგორ დაუჭირონ მხარი მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის გარდაქმნას. „2019 წელს, თითქმის ერთი მილიარდი ადამიანი - მათ შორის მსოფლიოს მოზარდების 14% - ცხოვრობდა ფსიქიკური დარღვევით. დღესდღეობით, ყოველი 100 სიკვდილიდან 1 სიკვდილი სუიციდია. თვითმკვლელობათა 58% ხდება 50 წლამდე. ფსიქიკური დარღვევები შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების მთავარი მიზეზია, რაც იწვევს ცხოვრების წლების ერთ მეექვსედის შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრებას. ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე ადამიანები, საშუალოდ 10-დან 20 წლით ნაკლებს ცხოვრობენ, რისი მიზეზიც ძირითადად პრევენცირებადი ფიზიკური დაავადებებია. ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა და ბულინგი დეპრესიის ძირითადი მიზეზებია. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციები, ომი და კლიმატის ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალურ, სტრუქტურულ საფრთხეებს შორისაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ პანდემიის პირველ წელს დეპრესია და შფოთვა ადამიანებში 25%-ზე მეტით გაიზარდა. სტიგმა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე ადამიანების მიმართ ფართოდ არის გავრცელებული ბევრ საზოგადოებასა და მათ ჯანდაცვის სისტემებში. მსოფლიოს მასშტაბით, 20 ქვეყანაში თვითმკვლელობის მცდელობა ჯერ კიდევ კრიმინალიზებულია. გლობალურად, საზოგადოების ყველაზე ღარიბი და დაუცველი ნაწილი ფსიქიკური დარღვევის განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის. ამასთანავე, ადამიანების ამ ჯგუფისთვის ადეკვატური მომსახურების მიღება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდოა. COVID-19 პანდემიამდეც ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა წვდომა ეფექტურ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან მომსახურებაზე. მაგალითად, მსოფლიოში ფსიქოზის დროს, ადამიანთა 71% არ აქვს მომსახურებაზე წვდომა. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, შემთხვევათა 70%-ს აქვს წვდომა მკურნალობაზე, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში - მხოლოდ 12%-ს. რაც შეეხება დეპრესიას, მომსახურების მოცვის ხარვეზები ყველა ქვეყანაში არსებობს: მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც კი, დეპრესიის მქონე ადამიანების მხოლოდ მესამედი იღებს ფორმალურ დახმარებას. დეპრესიის მინიმალურად ადეკვატური მკურნალობის არსებობა შეფასებულია 23%-დან (მაღალშემოსავლიან ქვეყნებში) 3%-მდე (დაბალი და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში). უახლესი მტკიცებულებების საფუძველზე, სწორი პრაქტიკის გამოყენებით და ადამიანების ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჯანმოს ანგარიში ცხადყოფს, თუ რატომ და სად არის ცვლილება საჭირო ყველაზე მეტად და რა არის მისი მიღწევის საუკეთესო გზები. ჯანმო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ერთად იმუშაონ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მინიჭებული ღირებულებისა და ვალდებულების გაღრმავების მიზნით, შეცვალონ გარემო, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გააძლიერონ სისტემები, რომლებიც ზრუნავენ მასზე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.
ჯანმო: მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმა 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა
მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმა 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. „33 ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის მძიმე ფორმის 920 შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების ნახევარი ევროპაში, მესამედი კი აშშ-ში დაფიქსირდა“, - აცხადებენ ჯანმოში. ამასთან, მათივე ინფორმაციით, შემთხვევების შედეგად 18 ბავშვი გარდაიცვალა, 45-ს კი ღვიძლის გადანერგვა სჭირდება.
„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო, ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს ჯანმო-მ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ვირუსის შესახებ საგანგებო კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო. საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა BBC-ის ცნობით, ჯანმო-ს გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ამ დროისთვის 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.
ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: საქართველოს "მაიმუნის ყვავილის" დაავადებაზე კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული
"მაიმუნის ყვავილთან" გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით - საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ ჟურნალისტებთან განაცხადა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს "მაიმუნის ყვავილი" არ არის ახალი დაავადება, მაგრამ მისი მიმდინარეობა გამონაკლისია და იშვიათი სიმპტომატიკით და გავრცელებით ხასიათდება. "მაიმუნის ყვავილთან" გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჯერჯერობით. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე“, - განაცხადა დომენტემ. ცნობისთვის, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასევე წაიკითხეთ: ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს
ჯანმოს პრესსპიკერი: ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში
"ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში. უნდა ვიცოდეთ, რომ გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ხდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისიმ განაცხადა, რითაც ბრაზილიაში ცხოველებზე თავდასხმებს გამოეხმაურა. “ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში. რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ გადაცემა ხდება ადამიანებიდან ადამიანებზე. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ დაინფიცირებისა და გავრცელებისგან თავის დასაცავად და არა თავდასხმები განახორციელონ ცხოველებზე“, - აღნიშნა მარგარეტ ჰარისმა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში, სან-პაულოში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 10 მაიმუნი მოწამლეს, საიდანაც 7 მოკვდა. ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
ჯანმო: "მაიმუნის ყვავილის" ამჟამინდელი გლობალური შემთხვევების 34%-ზე მეტი აშშ-ზე მოდის
"მაიმუნის ყვავილის" ამჟამინდელი გლობალური შემთხვევების 34%-ზე მეტი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ბრიფინგისას განაცხადა. "შეერთებულ შტატებში მონაცემები იზრდება, ევროპაში იკლებს. სტატისტიკის კლების შენარჩუნების გზა შესაბამისი ზომების გატარება და სწრაფი ვაქცინაცია უნდა იყოს", - განაცხადა გებრეიესუსმა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
ტედროს ადანომ გებრეიესუსი: კოვიდპანდემიის დასასრული ჩანს
მსოფლიო არასდროს ყოფილა ასეთ უკეთეს მდგომარეობაში COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. Reuters-ი წერს, რომ ეს არის ტედროს ადანომ გებრეიესუსის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი ხანგრძლივი პანდემიის განმავლობაში, რომელმაც მსოლფიოში ექვს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „ჩვენ ჯერ იქ არ ვართ. მაგრამ დასასრული ჩანს", - განუცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟურნალისტებს ვირტუალურ პრესკონფერენციაზე. ეს იყო გაეროს სააგენტოს ყველაზე ოპტიმისტური შეფასება მას შემდეგ, რაც მან პანდემია 2020 წლის მარტში გამოაცხადა. „ვაქცინებისა და თერაპიის გავრცელებამ ხელი შეუწყო სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის შეჩერებას, ხოლო Omicron ვარიანტი, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოჩნდა, იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას. გასულ კვირას, COVID19-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2020 წლის მარტის შემდეგ, იტყობინება გაეროს სააგენტო.
ჯანმო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ პრეპარატს რეკომენდაციას აღარ უწევს
ჯანმო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ პრეპარატს: სოტრო-ვიმაბსა და კაზირი-ვი-მაბს რეკომენდაციას აღარ უწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მას შემდეგ შეიცვალა, რაც კვლევებმა მედიკამენტების შეზღუდული კლინიკური ეფექტურობა აჩვენა COVID19-ის უახლესი შტამების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, ჯანმოს დასკვნა უკვე მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტების გამოყენება.
ჯანმო: 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში და 400 მილიონი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რეაბილიტაციას საჭიროებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უახლესი ანგარიში ცხადჰყოფს, რომ 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში, ხოლო 394 მილიონი ევროპის რეგიონში ცხოვრობს ჯანმრთელობის სულ მცირე ერთი მდგომარეობით, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. მოსახლეობის სწრაფად დაბერება, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და რეაბილიტაციის სარგებლის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა მთავარ მიზეზთა შორისაა. ანგარიშის მიხედვით ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაციას, არ აქვთ წვდომა მასზე. რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობის ძირითადი ბარიერებია ინფორმირებულობის სიმცირე იმის შესახებ, თუ რა არის რეაბილიტაცია, როგორ მუშაობს ის და რა არის მისი სარგებელი, ასევე მცდარი წარმოდგენები მისი ხელმისაწვდომობის შესახებ. რეაბილიტაციის პროფესიონალების დეფიციტი აფერხებს მისი სერვისების ხელმისაწვდომობას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 12-ჯერ ნაკლები ფიზიოთერაპევტი, 141-ჯერ ნაკლები ოკუპაციური თერაპევტი და ექვსჯერ ნაკლები პროთეზირებისა და ორთოტიკის პროფესიონალები არიან, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში. ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობები, რომელიც იწვევს რეაბილიტაციის საჭიროებას არის წელის ტკივილი, მოტეხილობები, სმენისა და მხედველობის დაკარგვა, ასევე ინსულტი და დემენცია. ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე და მათ შრომის უნარზე, ქვეყნებს ემუქრებათ მილიონობით დოლარის ხარჯები ეკონომიკური პროდუქტიულობის ნაკლებობის, მზარდი სიღარიბისა და უმუშევრობის გამო. „რეაბილიტაცია ჯანდაცვის საბაზისო სერვისია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც იგი სჭირდება და ჯანდაცვის ყველა დონეზე“, - ამბობს ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი. „თუ საჭირო ზომები არ იყო მიღებული, ქვეყნები რისკავენ ადამიანთა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პროდუქტიულობის შემცირებას, რადგან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია საზოგადოებაში სრულფასოვანი წვლილი შეიტანოს.“ რეაბილიტაციის მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირის მხარდაჭერა, რათა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს მისი ფუნქციონირება. ფუნქციონირების სირთულეები წარმოიქმნება ისეთი დარღვევების გამო, როგორიცაა ტკივილი ან კუნთების სისუსტე, თავის მოვლისა ან სიარულის სირთულე. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია ხელმისაწვდომი იყოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკულ დაავადებათა უმეტესობა იმართება, ასევე სახლზე და სკოლებში. „ევროპასა და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში, სარეაბილიტაციო სერვისები ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მხოლოდ მეორე და მესამე დონის დაწესებულებებში და ძირითადად ურბანულ ზონებში, სოფლად კი რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობაა. ჯანდაცვის სისტემათა უმეტესობაში რეაბილიტაცია არ არის სრულად და ეფექტურად ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის სფეროში. ეს უნდა შეიცვალოს“, - ამბობს თავის მხრივ, ნატაშა აზოპარდი მუსკატი, ჯანმოს ქვეყნების ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების დირექტორი. განვლილი პროგრესის მიუხედავად, გაცილებით მეტია საჭირო იმისათვის, რათა რეაბილიტაცია გახდეს უფრო ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რეაბილიტაცია ხარჯთეფექტურია და ხელს უწყობს ჯანმრთელობის ინტერვენციების საუკეთესო შედეგების მიღწევას და შენარჩუნებას. რაც მთავარია, რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას. პოსტ-კოვიდურმა მდგომარეობამ გაამახვილა ყურადღება რეაბილიტაციის საჭიროებაზე. ქვეყნები აღიარებენ მდგომარეობის სერიოზულობას და თუ რამდენად დიდი როლი აკისრია რეაბილიტაციას ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერაში. კვლევებმა აჩვენა, რომ რეაბილიტაციას პოტენციალი აქვს თავიდან აიცილოს ძვირადღირებული ჰოსპიტალიზაცია, შეამციროს საავადმყოფოში გატარებული დრო, ხელახალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და ჯანმრთელობის პრობლემების გართულებების რისკი. ფუნქციებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარის გაუმჯობესებით, რეაბილიტაცია ამცირებს მუდმივი მოვლის ხარჯებს და ეხმარება ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ განათლებასა და მუშაობაში. WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი მოუწოდებს ქვეყნებს: გახადონ რეაბილიტაცია პრიორიტეტული და მიიჩნიონ იგი ჯანდაცვის საბაზისო სერვისად, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დროს. მოახდინონ რეაბილიტაციის ინტეგრირება ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე – პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, საავადმყოფოებსა და სპეციალიზებულ ცენტრებში. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა რეაბილიტაციის სერვისებზე. ხელი შეუწყონ ადექვატური და კარგად გაწვრთნილი მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო სამუშაო ძალის ჩამოყალიბებას რეაბილიტაციის სერვისების მიწოდების მიზნით.
იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს დახმარება გადასცეს
ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას ვაქცინების სასაწყობე ცივი ოთახები და ულტრა დაბალი ტემპერატურის მაცივრები, ასევე ლაბორატორიული მოწყობილობები გადასცეს, რაც ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესებას ემსახურება. ჯანმოს საქართველოს ოფისის ცნობით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევენ საქართველოს COVID19-ის პანდემიასთან ბრძოლის და უფრო მდგრადი ჯანდაცვის სისტემის მშენებლობის პროცესში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე. „მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საქართველოს გადავცეთ იმუნიზაციის ცივი ჯაჭვისთვის საჭირო დანადგარები - ცივი ოთახები და მაცივრები, ასევე ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის მოწყობილობები. ეს ტექნიკა და ჩვენი თანამშრომლობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მიმართულია საქართველოში ინფექციური დაავადებების კონტროლისკენ და მოსახლეობის უკეთ დასაცავად. ეს და სამომავლო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობას საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და WHO საქართველოს უწევენ. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და WHO საქართველოს COVID19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. „გადაცემული მოწყობილობა ქვეყნის მასშტაბით ცივი ჯაჭვის გამართვას უწყობს ხელს, რათა შესაბამისად მოხდეს ვაქცინებისა და განსაკუთრებულ პირობებში შესანახი ნიმუშების დასაწყობება, დაცვა, ტრანსპორტირება და გამოყენება. ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობას უკვე გადასცა 300 სამედიცინო მაცივარი, ვაქცინების ტრანსპორტირებისთვის საჭირო სპეც. ავტომობილი, ვაქცინების სატარებელი ყუთები თუ მაღალი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკა. შეძენილი მოწყობილობების ღირებულება მთლიანობაში 500,000 ევროს აღწევს. ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ასევე მომზადდა ვაქცინაციასთან დაკავშირებული აპლიკაციები, იმუნიზაციისა და პაციენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით გადამზადდა სამედიცინო პერსონალი, ხდება ვაქცინების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონიტორინგი და კომუნიკაცია იმუნიზაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით. „გადაცემული მოწყობილობები შეავსებს ყველა იმ საჭიროებას, რომელიც იმუნიზაციის თანამედროვე ცივ ჯაჭვს უნდა გააჩნდეს; იგი გაზრდის იმუნიზაციის შესაძლებლობებს და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახლანდელი და შესაძლო გამოწვევების მიმართ. ამას თან მოჰყვება შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომელსაც ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ. „ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს“, - აცხადებს ჯანმოს საქართველოს ოფისი.
ჯანმო: ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს COVID19-თან დაკავშირებით
ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს COVID19-თან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ჯანმო: კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს გაერო-ს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას. „ჩვენ კვლავ ვთხოვთ ჩინეთს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შესახებ უფრო სწრაფ, რეგულარულ და სანდო მონაცემებს. ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია ჩინეთში სიცოცხლის საფრთხის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას, გამაძლიერებელი დოზების ჩათვლით, ჰოსპიტალიზაციის, მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან დასაცავად“, -აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ჯანმომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 ავტომანქანა გადასცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიურომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 მანქანა გადასცა. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე მითითებით იუწყება. 26 სასწრაფო დახმარების მანქანა ომის დროს ჯანდაცვის სფეროში პაციენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული. „6 მანქანა პაციენტების გადასაყვანად მზადყოფნაშია, ხოლო 20 რეანიმაციული მანქანა, აღჭურვილია ჟანგბადის ავზებით, დეფიბრილატორებით, ვენტილატორებით და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით, რომლებიც მძიმედ დაშავებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან ჯანმო-მ და მისმა პარტნიორებმა უკრაინას სასწრაფო დახმარების 30-ზე მეტი მანქანა გადასცეს. „2023 წლის განმავლობაში მეტის მიწოდება იგეგმება. შემოწირულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჯანმო: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საუკუნის ყველაზე საშინელი ბუნებრივი კატასტროფაა ევროპაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გასულ კვირას მომხდარი ძლიერი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი თურქეთში იყო, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ევროპის რეგიონში, ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება იყო. 6 თებერვალს 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რასაც მოჰყვა დიდი ბიძგები, 35000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია თურქეთსა და სირიაში. „ჩვენ ვხედავთ ყველაზე საშინელ სტიქიას WHO-ს ევროპის რეგიონში საუკუნის განმავლობაში და ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ მის მასშტაბებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ პრესკონფერენციაზე.
სუდანში შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში, არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა. „413 ადამიანი დაიღუპა და 3 551 დაშავდა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე ცხრა ბავშვია, დაშავებული ბავშვების რაოდენობა კი, 50-ს აჭარბებს. სუდანის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.
ჯანმო: COVID19-თან დაკავშირებული, გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა დასრულდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, Covid19-თან დაკავშირებული, გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა დასრულდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ Covid-19 „გლობალური ჯანმრთელობის გადაუდებელ მდგომარეობას" აღარ წარმოადგენს. "ეს პანდემიის დასასრულისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯია მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის გამო, სიფრთხილის უმაღლესი დონე გამოაცხადა", - წერს BBC. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვირუსით გამოწველი სიკვდილიანობის პიკური მაჩვენებელი 2021 წლის იანვარში, კვირაში 100,000-ზე მეტიდან, 24 აპრილს, 3,500-მდე დაეცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად, სულ მცირე შვიდი მილიონი ადამიანი დაიღუპა. ტედროს გებრეიესუსმა ამასთანავე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, უფრო რეალური მაჩვენებელი, 20 მილიონს მიუახლოვდა. გებრეიესუსი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ვირუსი მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება. „გუშინ, საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მე-15-ჯერ შეიკრიბა და რეკომენდაცია გასწია, გამომეცხადებინა ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ. მე დავეთანხმე ამ რჩევას. ამიტომ, COVID19-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეული იყო კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ჯანმოს ევროპის ოფისმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოკოვში სპეციალიზებული ოფისის დახურვა გადაწყვიტა - AFP
მედიის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა, მოსკოვში ჯანმოს სპეციალიზებული ოფისი დახურვა და მისი დანიაში გადატანა გადაწყვიტა. გადაწყვეტილება, რომელიც ორშაბათს გამართულ ვირტუალურ სესიაზე მიიღეს, მოჰყვა წევრების შარშანდელ მოწოდებებს იმის შესახებ, რომ ოფისი დაეხურათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. ჯანმოს ევროპის რეგიონი მოიცავს 53 ქვეყანას, მათ შორის რამდენიმეს ცენტრალურ აზიაში. AFP წერს, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა დათანხმდა გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს ჯანდაცვის ორგანოს "არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ოფისის" დახურვას მოსკოვში, რომლის ფუნქციები გადატანილი იქნება დანიის რეგიონალურ ოფისში "არაუგვიანეს" 2024 წლის პირველი იანვრისა.
ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმებს - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ შუამდგომლობა მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება - სუნაკი "ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. გაეროს უწყების ყოველწლიურ სხდომაზე წარდგენილი შუამდგომლობა ასევე მოითხოვს ჯანდაცვის სექტორზე რუსეთის აგრესიის გავლენის შეფასებას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, რათა დავიცვათ ბავშვები და თავიდან ავიცილოთ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება ელექტრონული სიგარეტების კონტროლისთვის, რათა დავიცვათ ბავშვები და არამწეველები და მინიმუმამდე დავიყვანოთ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მოსახლეობაში. პოპულაციურ დონეზე ელექტრონული სიგარეტი, როგორც სამომხმარებლო პროდუქტი, არ არის ეფექტიანი, თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებებისთვის. სამაგიეროდ, არსებობს საგანგაშო მტკიცებულებები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. ორგანიზაციის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტი დაშვებულია ღია ბაზარზე და მოხდა მისი აგრესიული მარკეტინგი ახალგაზრდებში. 34 ქვეყანა კრძალავს ელექტრონული სიგარეტების გაყიდვას, 88 ქვეყანას არ აქვს დადგენილი მინიმალური ასაკი მის შესაძენად და 74 ქვეყანას კი - არ გააჩნია ამ მავნე პროდუქტის რეგულაციური ჩარჩო. „ბავშვებს ადრეულ ასაკში იზიდავენ და აბამენ მახეში, რათა დაიწყონ ელექტრონული სიგარეტის მოიხმარება, რითაც მათ შესაძლოა, განუვითარდეთ ნიკოტინზე დამოკიდებულება,“ - ამბობს ტედროს ადანომ გებრეიესუსი, ჯანმოს გენერალური დირექტორი. „მოვუწოდებ ქვეყნებს, გაატარონ მკაცრი ზომები, რათა თავიდან აიცილონ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება და დაიცვან თავიანთი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი - მათი შვილები და ახალგაზრდები“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი გავლენის მასშტაბი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, დამტკიცებულია, რომ ის წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილი კანცეროგენია, ზოგიერთი კი ზრდის გულის და ფილტვების დაავადებათა განვითარების რისკს. ელექტრონული სიგარეტის გამოყენებამ ასევე შეიძლება მოახდინოს გავლენა თავის ტვინის განვითარებაზე და გამოიწვიოს სწავლის დარღვევები ახალგაზრდებში. მისმა ზემოქმედებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულ ქალებში ნაყოფის განვითარებაზე. ელექტრონული სიგარეტის ემისიების ზემოქმედება რისკის შემცველია პასიური მწეველებისთვისაც. „სოციალური მედიისა და ინფლუენსერების საშუალებით და არანაკლებ 16 000 არომატით, ელექტრონული სიგარეტი მიზანში იღებს ბავშვებს. ზოგიერთი ელ-სიგარეტი იყენებს მულტფილმის პერსონაჟებს და აქვს დახვეწილი დიზაინი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა თაობაში მისი პოპულარიზაციისკენ. ელ-სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი ბავშვებში და ახალგაზრდებში საგანგაშოდ იზრდება, იგი ბევრ ქვეყანაში ზრდასრულთა მოხმარების მაჩვენებელსაც აღემატება,“ - ამბობს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დირექტორი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეგიონში 13-15 წლის ასაკის უფრო მეტი ბავშვი მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. კანადაში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 16-19 წლის ახალგაზრდებს შორის 2017-2022 წლებში გაორმაგდა, ხოლო ინგლისში (გაერთიანებული სამეფო) ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ჯანმოს განცხადებით, სოციალურ მედიაში ელექტრონული სიგარეტის შესახებ კონტენტის ზეგავლენის ქვეშ ხანმოკლე ყოფნამაც კი შეიძლება, გაზარდოს ამ პროდუქტის მოხმარების სურვილი და მის მიმართ უფრო დადებითი დამოკიდებულება. კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, მოგვიანებით ტრადიციულ სიგარეტის მოხმარების გასამმაგებული რისკის ქვეშ დგანან. აქედან ამომდინარე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება ელექტრონული სიგარეტების მოხმარების დაწყებისა და ნიკოტინზე დამოკიდებულების განვითარების წინააღმდეგ, თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი მიდგომით და ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ: იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული სიგარეტი იკრძალება, აუცილებელია გაძლიერდეს რეგულაციების აღსრულება და გაგრძელდეს მონიტორინგი და ზედამხედველობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციების მხარდასაჭერად და ძლიერი აღსრულების უზრუნველსაყოფად; იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული სიგარეტის, როგორც სამომხმარებლო პროდუქტის მიმოქცევა (რეალიზაცია, იმპორტი, დისტრიბუცია და წარმოება) ნებადართულია, აუცილებელია მკაცრი რეგულაციების მიღება მათი მიმზიდველობისა და მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მათ შორის არომატების აკრძალვით, ნიკოტინის კონცენტრაციისა და ხარისხის შეზღუდვით და დაბეგვრით; „თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს ეფექტურობის საუკეთესო ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს და უნდა ექვემდებარებოდეს მონიტორინგს და შეფასებას. მიმდინარე მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდებული არ არის მთავრობებმა დაუშვან ელექტრონული სიგარეტების, როგორც სამომხმარებლო პროდუქტების გაყიდვა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნით. ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სტრატეგიაში იყენებს ელექტრონული სიგარეტებს, უნდა აკონტროლოს პროდუქტზე ხელმისაწვდომობის პირობები, რათა დაცულ იყოს შესაბამისი კლინიკური პირობები და უნდა არეგულიროს პროდუქტები, მედიკამენტების მსგავსად (მათ შორის, მოითხოვოს მარკეტინგული ავტორიზაცია, როგორც მედიკამენტისა). გადაწყვეტილება თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნის მიღწევის შესახებ, თუნდაც ასეთი კონტროლირებადი ფორმით, უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინების შემდეგ, მოხმარების დაწყების რისკის და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სხვა დადასტურებული სტრატეგიების სრულად ამოწურვის შემდეგ. თამბაქოს ინდუსტრია მდიდრდება ჯანმრთელობის განადგურებით და იყენებს ამ ახალ პროდუქტებს, რათა დაიკავოს ადგილი გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან მთავრობებთან ერთად და მოახდინოს ლობირება ჯანდაცვის პოლიტიკის წინააღმდეგ. თამბაქოს ინდუსტრია აფინანსებს და ხელს უწყობს ცრუ მტკიცებულებების გავრცელებას, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს პროდუქტები ამცირებს ზიანს, ახდენს მათ პოპულარიზაციას ბავშვებსა და არამწეველებში და, ამავდროულად, აგრძელებს მილიარდობით სიგარეტის გაყიდვას. საჭიროა ძლიერი გადამწყვეტი ქმედება, რათა თავიდან იყოს აცილებული ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ბავშვებში და მოზარდებში მისი გამოყენებისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მზარდი მტკიცებულებების საფუძველზე.“
ჯანმოს დირექტორი: განაგრძეთ ნიღბების ტარება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ COVID19, გრიპი, რესპირატორული ვირუსებ ბოლო რამდენიმე კვირების განმავლობაში მატულობს ბევრ ქვეყანაში და, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია ბოლო დღესასწაულების ფონზე გაგრძელდება. „დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება, COVID-19-ზე მკურნალობამ შეიძლება, მძიმე დაავადება და სიკვდილი თავიდან აგვაცილოს. განაგრძეთ ნიღბების ტარება, ვენტილაციისა და დისტანციის წესის გამოყენება და დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ინფორმირებულნი ხართ COVID-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრების შესახებ,“ ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი. მანვე აღნიშნა, რომ მთავრობებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ტესტირება და რესპირატორული დაავადებების მკურნალობა, ვაქცინებზე ვწდომა განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველაზე მეტი რისკის ქვეშ იმყოფება.
მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება - ჯანმო
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს მოხმარების ტენდენციების უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თამბაქოს 1,25 მილიარდი ზრდასრული მომხმარებელი ჰყავს. 2022 წლის ტენდენციები ცხადყოფს, რომ გლობალურად თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები თანდათანობით მცირდება. მსოფლიოში ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანიდან ერთი მოიხმარს თამბაქოს, 2000 წელს ეს მაჩვენებელი 3-დან 1 იყო. ანგარიშის მიხედვით, 150-მა ქვეყანამ წარმატებით შეამცირა თამბაქოს მოხმარება. ბრაზილიასა და ნიდერლანდებში თამბაქოს მოხმარებას შემცირდა მას შემდეგ, რაც მათ განახორციელეს MPOWER თამბაქოს კონტროლის ზომები, ბრაზილიაში თამბაქოს მოხმარება 2010 წელთან შედარებით 35%-ით შემცირდა, ხოლო ნიდერლანდები - 30%-იანი მიზნის მიღწევის ზღვარზეა. „ბოლო წლებში თამბაქოს კონტროლის კუთხით პროგრესი იქნა მიღწეული, მაგრამ ახლა თვითკმაყოფილების დრო არ არის. გაოგნებული ვარ იმ მასშტაბით, რაზეც თამბაქოს ინდუსტრია წავა საკუთარი მოგების გასაზრდელად ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ მომენტში, როდესაც მთავრობა იფიქრებს, რომ მან მოიგო ბრძოლა, თამბაქოს ინდუსტრია ისარგებლებს შესაძლებლობით, მოახდინოს ჯანმრთელობის პოლიტიკის მანიპულირება და სასიკვდილო პროდუქტების გაყიდვა,“ - ამბობს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი. ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, გააგრძელონ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ პოლიტიკაში ჩარევის წინააღმდეგ. ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს აქვს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი - 26,5%, მას ოდნავ ჩამორჩება ევროპის რეგიონი - 25,3%. ანგარიში აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის ევროპის რეგიონში პროგნოზირებულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები - 23%-ზე ოდნავ მეტი. ევროპის რეგიონში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ქალებში ორჯერ მეტია გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და გაცილებით ნელა მცირდება, ვიდრე ყველა სხვა რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები მცირდება, 2025 წლისთვის მსოფლიო თამბაქოს მოხმარების შემცირებას მხოლოდ 25%-ით მიაღწევს, რითაც შეუსრულებელი დარჩება ნებაყოფლობითი გლობალური მიზანი 2010 წელთან შედარებით 30%-იანი შემცირების შესახებ. გლობალურად მხოლოდ 56 ქვეყანა მიაღწევს ამ მიზანს, რაც 4 ქვეყნით ნაკლებია, 2021 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 2010 წლის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება ოდნავ შეიცვალა, მაშინ როცა 6 ქვეყანაში იგი კვლავ იზრდება. ეს ქვეყნებია კონგო, ეგვიპტე, ინდონეზია, იორდანია, ომანი და მოლდოვის რესპუბლიკა. ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა ჩადონ თამბაქოს კონტროლში, რადგან ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. „თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსი 2023“, გამოქვეყნებული STOP-ისა და თამბაქოს კონტროლის კარგი მმართველობის გლობალური ცენტრის მიერ, აჩვენებს, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის დაცვის მცდელობები თამბაქოს ინდუსტრიის გაზრდილი ჩარევისგან მთელ მსოფლიოში გაუარესდა. კვლევები ეროვნულ დონეზე მუდმივად აჩვენებს, რომ უმეტეს ქვეყნებში 13-15 წლის ბავშვები თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს იყენებენ. მომავალი თაობების დასაცავად და თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად ჯანმო წლევანდელ „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“-ს თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევისგან ბავშვების დაცვას მიუძღვნის. მომავალ თვეში ქვეყნები შეიკრიბებიან პანამაში ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მხარეთა კონფერენციის მე-10 სესიაზე, სადაც თამბაქოს ინდუსტრია შეეცდება გავლენა მოახდინოს ჯანდაცვის გლობალურ პოლიტიკაზე ფინანსური და მატერიალური სტიმულების შეთავაზებით და დაარღვიოს ქვეყნების უფლება დაიცვან თავიანთი მოსახლეობის ჯანმრთელობა. FCTC-ის გაძლიერება არის ჯანმრთელობის გლობალური პრიორიტეტი, რომელიც ასახულია მდგრადი განვითარების მიზნებში. ჯანმო მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყნებს თამბაქოს ინდუსტრიისაგან თამბაქოს კონტროლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტური ზომების დაცვაში.
ჯანმომ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში უკვე მეორედ გამოაცხადა. გადაწყვეტილების შესახებ ჯანმოს დორექტორმა გამოაცხადა. "ნათელია, რომ ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირებაა," განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა. 13 აგვისტოს საგანგებო მდგომარეობა აფრიკაში გამოაცხადეს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ დაავადების გავრცელების ტემპი აშფოთებთ. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 517 ადამიანი.