რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ

სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებებისა და კონვენციური, არარეგულარული (პარტიზანული და ასიმეტრიული), ტერორიზმის, კრიმინალური და კიბერ ბრძოლის მეთოდების ერთობლივი, კოორდინირებული, ღია და ფარული გამოყენება - ეს ჰიბრიდული ომია, რომელსაც რუსეთი რიგი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად იყენებს: შეიტანოს განხეთქილება და დაასუსტოს NATO, ძირი გამოუთხაროს პროდასავლურ მთავრობებს, შექმნას ომის წინაპირობა, მოახდინოს ტერიტორიების ანექსია მისთვის დიდწილად დაკეტილ ევროპის ბაზრებზე - ვკითხულობთ სტრატეგიული კვლევებიც ცენტრის პუბლიკაციაში (Understanding Russian Hybrid Warfare).

აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ მუქარას, ძალის გამოყენებით და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სამინისტრომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაავრცელა.

2008 წლის ომის პარალელურად, რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი კიბერშეტევა, შეიარაღებულ კონფლიქტებში კიბერსივრცის გამოყენების პირველ პრეცედენტად ითვლება.

„უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირებისას კი, რუსული კიბერშეტევები კიდევ უფრო გაძლიერდა: გარდა ტრადიციული შედეგებისა, რუსეთმა გამოიყენა მსხვილი მობილური ოპერატორების შესაძლებლობა აბონენტების ფარული მოსმენებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის, მოპოვებული მონაცემებით ადგილმდებარეობისა და საარტილერიო დარტყმის კოორდინატების განსასაზღვრად.

2015 წელს, რუსეთის მიერ ორგანიზებულმა კიბერშეტევამ გამოიწვია კინეტიკური ეფექტი: თავდასხმისას მაღალტექნოლოგიური მალვეარის გამოყენებამ მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინული ენერგოსისტემის ნაწილი“, - ვკითხულობთ კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებლის ანდრია გოცირიძის სტატიაში, რომელიც რონდელის ფონის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე სტატიაშია მოყვანილია ესტონეთისა და ლიეტუვის მაგალითები. კერძოდ: 2007-2008 წლებში ესტონეთისა და ლიეტუვის წინააღმდეგ განხორციელებული DdoS კიბერშეტევები სადამსჯელო ოპერაციას და ერთგვარ პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენდა, რომლის მიზანიც სამოქალაქო მღელვარებისა და მასობრივი არეულობის გამოწვევა იყო, თუმცა არ უკავშირდებოდა ამა თუ იმ სამხედრო ამოცანის შესრულებას და არც საომარი მოქმედებების ინფორმაციულ უზრუნველყოფას ემსახურებოდა. ლიეტუვის მაგალითზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა ისაუბრა:

„ჩვენ, ესტონელებს იგივე ამოცანები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია.

2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011), მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც ჰიბრიდულ გამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე.

მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე“, - ასე იხსენებდა ევროპარლამენტარი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარინა კალიურანდი Europetime-თან ინტერვიუში 2007-2008 წლის რუსული აგრესიის პერიპეტიებს.

ცნობისათვის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზეა საუბარი NATO-ს 14 ივნისის სამიტის კომუნიკეში. კერძოდ, მასში აღნიშნულია: „მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის თვალსაზრისით, ტრენინგებით და წვრთნებით უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით NATO-საქართველოში მორიგ სწავლებებს 2022 წელს“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

შეგახსენებთ, 19 ივლისს, ბათუმში, პეტრას ციხეზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ დეკლარაციის გაფორმებით, სხვა საერთო მიზნების დასახვის გარდა, პირობა დადეს, რომ ჰიბრიდულ საფრთხეებს, დეზინფორმაციას ერთობლივად დაუპირისპირდებიან, გააძლიერებენ მედეგობას კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ და ეს მიიღწევა ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე (CSDP) თანამშრომლობით.

რას გულისხმობს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობას პრიორიტეტულად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი.

„ასოცირებულ ტრიოს“ ძალიან ბევრი რამ აქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა კი ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროკავშირი პოლიტიკურად აფიქსირებს სამივე ქვეყნების მიმართ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ვიცით, რომ სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა რუსეთთან და რუსეთი ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა სივრცის დემოკრატიზაციას, ევროპეიზაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და სწორედ ამ ქვეყნებს შეუქმნა რუსეთმა პრობლემა, პირველ რიგში ტერიტორიული, ამასთან, აწარმოებს დეზინფორმაციულ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, სხვა სახის ჰიბრიდულ ომს სამივე ქვეყნის წინააღმდეგ, აგენტურულ მოქმედებებსა და ძირგამომთხრელ საქმიანობას.

თავის დროზე, ევროკავშირი არ ფიქრობდა, რომ რუსეთი გაბედავდა ჰიბრიდული ომის წარმოებას მის წინააღმდეგ, მაგრამ ასე მოხდა და 2015 წლიდან ევროკავშირმა უკვე სერიოზული ბრძოლა დაიწყო რუსეთის ჰიბრიდული ომის გამოწვევების წინააღმდეგ ზომების მიღება.

ევროკავშირს აქვს კიდევაც თავის სტრატეგიაში. 2016 წელს მიიღო ეს გლობალური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტნიორების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის მედეგობა ხელშეწყობილი უნდა იყოს. ეს ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების განვითარებას, თავისთავად, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას, გათვალისწინებულია ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობა ერთმანეთთან ამ საფრთხეების წინააღმდეგ, რასაც თავის მხრივ, ევროკავშირიც ალბათ ხელს შეუწყობს“, - აცხადებდა კახა გოგოლაშვილი Europetime-თან ინტერვიუში.

დაეხმარება თუ არა „ასოცირებული ტრიოს“ ერთიანი სტრატეგიული გეგმა ამ ფორმატში შემავალ ქვეყნებს, შეამცირონ რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა და უფრო ქმედითი გახადონ თავიანთი სვლა ევროინტეგრაციისკენ. უფრო ადრე, დეკლარაციაზე ხელმოწერამდე, ამ საკითხზე Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ის სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში თბილისს კოლეგებთან ერთად სტუმრობდა.

„ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლანდსბერგისმა Europetime-ს.

ჯოზეფ ბორელი ჰიბრიდულ საფრთხეებზე

დასავლეთის რეაგირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ტომას პეტრიჩეკმა Europetime-თან ექსკლუზიური ინტერვიუში. ჩეხი პოლიტიკოსი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ივლისში იმყოფებოდა.

„მე ხაზგასმით აღვნიშნავდი დასავლეთის რეაგირებას, რომელიც მიმართულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ, გარე ზეწოლასთან, მათ შორის ახალ საფრთხეებთან (როგორიცაა ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია) გასამკლავებლად. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ტომას პეტრიჩეკმა.

გაანეიტრალებს თუ არა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო ძალისხმევა რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხეებს, მაგალითად დეზინფორმაციას, რუსულ ნარატივებს და საბოლოოდ წინ წასწევს თუ არა ამ ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, ეს შეკითხვა Europetime-მა ანალიტიკოს თეონა ლავრელაშვილს დაუსვა.

ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამის ხელმძღვანელის შეფასებით, ასოცირებული ტრიოს აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც.

„ეს არის კარგი პლატფორმა, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს უკრაინის და მოლდოვის მიერ, რათა უკეთ განსაზღვრონ რუსეთის მავნე ზეგავლენა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაონ და მოახდინონ ერთობლივი რეაგირება.

მივესალმები იმ ფაქტს, რომ დეკლარაციაში ნათლად არის ნახსენები ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერმედეგობა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ ქვეყნის მასშტაბით ქმედებებზე რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ ტრიოს ფორმატში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ექსპერტების რჩევები, რათა ამ პლატფორმის პოტენციალი კონკრეტულ პოლიტიკურ ქმედებებში აისახოს“, - აღნიშნავს თეონა ლავრელაშვილი.

რა გზები არსებობს ჰიბრიდული ომის გამოწვევების გასამკლავებლად, ამ საკითზებზე საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა, გვანცა აბდალაძემ Europetime-თან ისაუბრა.

„როდესაც დეზინფორმაციას საზოგადოება მიჰყავს ამ მდგომარეობამდე, იქ უკვე მარტივდება რეალური პოლიტიკური მიზნების მიღწევა. ანუ დეზინფორმაცია ეფექტურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის მექანიზმად და დადგა სასურველი შედეგი. რა შეიძლება ჩავთვალოთ რეაგირების ეფექტურ მექანიზმად? - სახელმწიფოში ინსტიტუციური მდგრადობა (როდესაც რეალური მიღწევები და წარმატებები აღარ ტოვებს სივრცეს, მოქალაქე დაკავდეს შეთქმულების თეორიებით), მედია-პროფესიონალიზმი, მოქალაქის მომზადება ახალი გამოწვევებისთვის (მედიაწიგნიერების დანერგვა განათლების სისტემაში დაწყებითი განათლების ეტაპიდანვე), დეზინფორმაციასთან და მტრულ პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პრიორიტეტად ქცევა. დეზინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ პროფესიონალები და ჩვენთვისაც პროფესიონალიზმის ზრდა სხვადასხვა სეგმენტში ერთადერთი სწორი გამოსავალია ჰიბრიდული ომის გამოწვევებთან გასამკლავებლად“.

ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: კიბერთავდასხმებს, შესაძლოა, ,,ნამდვილი ომი" მოჰყვეს

ექსკლუზივი: ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია

კელი დეგნანი: ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია არეულობის გამოწვევისკენ