მაკრონის შემდეგ, შოლცმა განმარტა, რატომ განაგრძობს პუტინთან საუბარს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარი „აბსოლუტურად აუცილებელია“. შოლცის თქმით, მაკრონის მსგავსად, თავადაც განაგრძობს პუტინთან საუბარს.

„საჭიროა რამდენიმე ქვეყანა და რამდენიმე ლიდერი, რომლებიც მასთან ისაუბრებენ. აუცილებელია, რომ ისინი მკაფიონი იყვნენ, რადგან როცა პუტინს ვესაუბრები, ვამბობ, მაგალითად, იგივეს, რაც გითხარით: გთხოვთ, გაიგოთ, რომ არ იქნება მშვიდობა... და თუ მართლა გჯერა, რომ მიწას გაძარცვავ და მერე იმედი გქონდეს, რომ დრო შეიცვლება და ყველაფერი ისევ ნორმალური გახდება, ეს შეცდომაა. თქვენ უნდა გაიყვანოთ თქვენი ჯარები და უნდა იპოვოთ შეთანხმების გზა უკრაინასთან, რომელიც მისაღები და სწორია უკრაინელი ხალხისთვის“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

აღსანიშნავია, რომ მაკრონმა კიევში ვიზიტისას განმარტა, რა საკითხზე ინარჩუნებს დიალოგის არხს რუსეთთან. პრესკონფერენციაზე, რომელშიც იტალიის პრემიერი და გერმანიის კანცლერიც მონაწილეობდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია უკრაინისგან რაიმე დათმობას რუსეთთან მოლაპარაკებებში არ მოითხოვენ. 

მოლაპარაკებებში „წითელ ხაზებზე“ საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს, რასაც მოწმობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები.

„ჩვენ არ წავედით ომში რუს ხალხთან, ანუ კოლექტიურად არ ვაწარმოებთ მსგავს ომს. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ყოველ ჯერზე ვატყობინებდით პრეზიდენტ ზელენსკის, ვაგრძელებდით მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან [ ...] კერძოდ, აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც წარმოიქმნება - ახლა ეს არის სასურსათო უსაფრთხოების საკითხი და სწორედ ამ კონტექსტში ვინარჩუნებთ დიალოგის არხს [რუსეთთან]“, - დაამატა ემანულა მაკრონმა. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების ვადებს და ფორმატს უკრაინა განსაზღვრავს.

„არც გერმანია და არც საფრანგეთი არასოდეს იქნებიან უკრაინის ზურგს უკან მომლაპარაკებლები. ისინი არასოდეს მოითხოვენ რაიმეს დათმობას უკრაინისგან - ეს ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება. ჩვენ, მომთხოვნი შუამავალი აქ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, რათა მეტი სიცხადე შემოვიტანოთ და დავაყენოთ გარკვეული მოთხოვნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავიდეთ რაიმე დათმობაზე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პირობებს დააყენებს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებსაც უკრაინელი ხალხი დაეთანხმება. 

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ევროპელი ლიდერები ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს.

მანამდე, მაკრონის მოწოდებას, რომ პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს, უკრაინაში, მათ შორის პრეზდენტ ზელენსკის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.