უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის ამოქმედების მნიშვნელობაზე.
„დღეს ძალიან აქტიური დღე იყო საგარეო მიმართულებით მუშაობის კუთხოთ. თითქმის მარათონი გვქონდა სატელეფონო მოლაპარაკებები. ჩვენ ვზრდით უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების მომხრეთა წრეს და ვაძლიერებთ რწმენას, რომ პარასკევს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
ყველა მოლაპარაკებისას, მე მუდმივად ხაზს ვუსვამ: ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი საჭიროა, რაც შეიძლება მალე. რუსეთმა ომს გამო, მუდმივი ზეწოლა უნდა იგრძნოს“, - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება, ვიდრე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონტროლს არ აღადგენს.
„თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, მაშინ შეიძლება, ჩვენ შემდეგ, ჩვენი მეზობლები, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აღმოჩნდნენ რუსეთის ფედერაციის თავდასხმის საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.