გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ზელენსკი ვიდეოჩართვით შეუერთდა

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო და მასში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმის განსახილველად არის მოწვეული, იუწყება უკრაინული მედია. 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შესაბამისი დღის წესრიგით წარმართვა, ქალაქ კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმამ და უკრაინის ქალაქებზე რუსეთის გაძლიერებულმა სარაკეტო თავდასხმებმა გამოიწვია.

27 ივნისს, 15:50 საათზე, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის დროს შენობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 საავადმყოფოში გადაიყვანეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად სავაჭრო ცენტრი თითქმის მთლიანად დაიწვა. ნამსხვრევების გაწმენდა გრძელდება. სამშაბათის დილის მდგომარეობით, დაღუპულთა რიცხვი 18-ს შეადგენს, 36 დაკარგულად ითვლება და ათობით დაშავებულია. უკრაინის ხელისუფლება სავაჭრო ცენტრზე დარტყმას ტერორისტულ თავდასხმას და სამხედრო დანაშაულს უწოდებს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.