გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ გააფრთხილა უკრაინელები, რომ ზამთრის თვეები ძალიან მკაცრი იქნება ომით დაზარალებული მილიონობით მოქალაქისთვის. კიევის რეგიონში, ირპენსა და ბუჩაში სტუმრობისას ფილიპო გრანდიმ აღნიშნა, რომ ზამთარი უკრაინაში იქნება „ძალიან მკაცრი და უკიდურესად ცივი“.
„უკრაინა ახლა იბრძვის, მაგრამ ზამთარი კიდევ უფრო უარესი იქნება. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზამთრის სიცივე არ იქცეს შემდეგ გამოწვევად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ისედაც უდიდეს ტანჯვას განიცდიან“, - ამბობს ფილიპო გრანდი.
ამავდროულად, უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ომის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრისას და საუბრის შემდეგ დაინახა „უამრავი ძალა, გამძლეობა და მონდომება, უკრაინამ აღადგინოს დაზიანებული და დანგრეული შენობები.
უკრაინაში გაეროს ჰუმანიტარული საკოორდინაციო ოფისის, OCHA-ს მონაცემებით, ომის შედეგად, უკრაინაში 15,7 მილიონი ადამიანი დაზარალდა. დნიპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, პოლტავას რეგიონები და ქალაქი კიევი კვლავ იღებს დევნილთა უმეტესობას.
24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინაში 11,5 მილიონზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია, დაახლოებით 6,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.