კანადის მთავრობამ რუსეთის ნავთობისა და გაზის და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.
- ანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა
- კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა
15 ივლისიდან ნებისმიერ პირს კანადაში ან მის ფარგლებს გარეთ ეკრძალება, რუსეთში ნებისმიერ პირს, რომელიც ლითონის პროდუქციის წარმოებასთანაა კავშირში (გარდა მანქანებისა და აღჭურვილობის წარმოებისა) მომსახურება გაუწიოს.
ასევე, სანქციები ვრცელდება კომპიუტერზე, ელექტრონულ და ოპტიკურ აღჭურვილობაზე, მანქანებზე, მანქანების წარმოებაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების წარმოებაზე, სატრანსპორტო აღჭურვილობაზე, სახმელეთო ტრანსპორტსა და მილსადენებზე.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებით კანადის მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა და Nord Stream 1 გაზსადენისთვის განკუთვნილი ტურბინა გერმანიას გადასცა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.