უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ, გაეროში 150-ზე მეტი განაცხადი შევიდა

გაეროში 24 თებერვლის შემდეგ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ, 150-ზე მეტი განაცხადი შევიდა. თუმცა ეს მხოლოდ „აისბერგის წვერია“, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პამილა პატენმა განაცხადა.

„24 თებერვლის შემდეგ გაერომ ქალების, ბავშვებისა და კაცების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ეს არის გაუპატიურების შემთხვევები, რომელიც იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით განხორციელდა“,- განაცხადა პატენმა.

მისი შეფასებით, ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფორმაა, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად  ქალებისა და გოგოების მიმართ, ასევე კაცებისა და ბიჭების წინააღმდეგაა ჩადენილი.

„ეს ტოვებს საშინელ ნაკვალევს ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე და მთლიან საზოგადოებაზე, ეს ანგრევს ოჯახებს და მძიმე შედეგები რამდენიმე თაობაზე აისახება“,- განაცხადა პატენმა.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.