შეერთებული შტატები ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადების საკითხს განიხილავს - ბრიჯიტ ბრინკი

უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხს შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს.  ბრინკის შეფასებას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა ამერიკის ელჩმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადების შესახებ რეზოლუცია ივნისში მიიღო.

ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.