საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ საქართველოს ახლა გადამწყვეტი როლი აქვს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველო ახლა, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, დასავლეთისთვის შეუცვლელია, რადგან უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელი, მხოლოდ ოდესის პორტი დარჩა.
„საქართველო გადამწყვეტია, რადგან შავ ზღვაზე არის NATO-ს სამი წევრი ქვეყანა - თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ხოლო უკრაინა ომშია და შავ ზღვაზე გასასვლელი მას მხოლოდ ოდესის პორტი დარჩა. ასე რომ, საქართველო ახლა, ამ მხრივ დასავლეთითვის შეუცვლელია.
ჩვენ ვართ შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, რომელიც ომის ამ ეტაპზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინა. შესაბამისად, ჩვენ, დასავლეთს ძალიან ვჭირდებით.“, - განუცხადა Europetime-ს შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 15 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ შავი ზღვა ევროკავშირის გეგმების ცენტრია.
„ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. წინა ჯერზე რომ ჩამოვედი, გამოვაცხადე, რომ 3.9 მილიარდი ევრო მოდის საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ვხედავ და ვამბობ, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაიწყო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ.
რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. შავი ზღვის ელექტროსადენი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური, რადგან ყველანი დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები.
სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო, საიმედო პარტნიორი, მოკავშირე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში.
სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას.
„ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი და ფიქრობს იქ წინსვლაზე. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე.
ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე.
მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.
ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში.
თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები. მოსკოვმა იერიშები მიიტანა კიევზე. გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.
უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
- ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.