უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ, (ავთენტურობა დადგენილი არ არის) უკრაინელ სამხედროს ტყვეს სასტიკად კლავენ. ზელენსკის შეფასებით, ეს ისეთი რამ არის, რისი იგნორირებაც მსოფლიოს არ შეუძლია.
„რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ვიდეო, თუ როგორ კლავენ უკრაინელ სამხედრო ტყვეს, მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს არის ვიდეო რუსეთზე, როგორიც ის არის, რა სახის ქმნილებები არიან ისინი. არაფრის დავიწყებას არ ვაპირებთ. არც ჩვენ ვაპირებთ მკვლელების პატიებას. ყველაფერზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება. ტერორის დამარცხება აუცილებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„არ არსებობს ხალხი მათთვის, შვილი, ძმა, ქმარი, ვიღაცის შვილი. ეს არის ვიდეო რუსეთზე, რომელიც ცდილობს, ეს ახალი ნორმა გახადოს, სიცოცხლის განადგურების ჩვევად აქციოს. ეს არ არის შემთხვევა, ეს არ არის ერთი ეპიზოდი, მსგავსი შემთხვევა ადრეც იყო, ასეთი შემთხვევა იყო ბუჩაში, ათასჯერ. ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, ყველა ლიდერს. ვერავინ ვერ გაიგებს, თუ ლიდერები არ იმოქმედებენ, მოქმედება საჭიროა ახლა.
და ჩვენ უკრაინაში ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ფრონტის ხაზზე იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია. დაგვეხმარეთ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა განვდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან. მთავარი მიზანი გამარჯვებაა. მთავარი მიზანი უკრაინის გაძლიერებაა გამარჯვებისთვის. ოკუპანტის დამარცხება და მკვლელების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ტრიბუნალი ბოროტი სახელმწიფოსთვის! მუდმივი ხსოვნა ყველა ადამიანის, ვისი სიცოცხლეც რუსულმა ტერორმა იმსხვერპლა! დიდება ყველას, ვინც იბრძვის ამ ბოროტების წინააღმდეგ! დიდება უკრაინას!“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჟენევის კონვენციის თანახმად, რომელზეც სხვათა შორის რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი, სამხედრო ტყვეებს გარანტირებული უნდა ჰქონდეთ სიცოცხლე და პატიმრობის ჰუმანური პირობები. სიკვდილით დასჯა ან ტყვეებისადმი სასტიკი მოპყრობა ომის დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
- ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
- 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
- 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.
11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.
რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.
ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა.
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.
17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.