ნორვეგია უკრაინელი მფრინავების წვრთნას მხარს დაუჭერს

ნორვეგია განიხილავს სხვადასხვა გზას, რომ წვლილი შეიტანოს უკრაინელი პერსონალის მომზადებაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე“, ნათქვამია ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისივე თანახმად, ნორვეგია ხსენებულ საკითხს უკვე განიხილავს მოკავშირეებთან.

ნორვეგიის მთავრობა დადებითად უყურებს „გამანადგურებელთა კოალიციის“ შექმნის ინიციატივას.

ამ დროისთვის უკრაინას მიღებული აქვს 14 საბჭოთა პერიოდის MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი პოლონეთიდან და 13 - სლოვაკეთიდან.

თუმცა უკრაინამ ყველაზე დიდი ინტერესი აშშ-ის მიერ წარმოებული F-16-ის მიმართ გამოავლინა.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების უხალისო მიდგომამ უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებელი თვითმფრინავების და შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებაზე, შესაძლოა, რუსეთის აგრესიული ომი გაახანგრძლივოს.


 

უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო.

„სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.


შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ.


დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.

დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.