„თუ ჩვენ გვექნება F-16-ები, ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებულნი რუსეთის შანტაჟზე,“ - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებით“ შანტაჟთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა ამ ტიპის თვითმფრინავებს, მით უფრო მალე შეძლებს ახალი დერეფნის ამოქმედებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე - შედეგად, 100 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გლობალურ ბაზარზე გავა, რაც ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს.
თეთრი სახლის ცნობით, უკრაინა თვითმფრინავებს ბოლომდე მიიღებს.
მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ.
შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.